გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/6864-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
29 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ივერი აბაშიძე
სხდომის მდივანი - ირინე ობოლაშვილი
მოსარჩელე - სს ,,ლ-------------ი“
წარმომადგენელი - გ-------------–---–-
მოპასუხეები - ე--------------ე, ბ-------------–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ე--------------ესა და ბ-------------–---–ს სს „ლ-------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 7816.21 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა 4839.15 ლარი, პროცენტი - 1364.01 ლარი და პირგასამტეხლო - 1613.05 ლარი;
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2016 წლის 5 აგვისტოს სს „ლ-------------ს“ და ე--------------ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის უზრუნველყოფის მიზნით, იმავე რიცხვში ბანკსა და ბ-------------–---–ს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება. საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხის სახელზე გაიცა კრედიტი - 6000 ლარი, 2020 წლის 31 ივლისამდე, წლიური 17 % საპროცენტო განაკვეთის, ხოლო ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,5% პირგასამტეხლოს დარიცხვის გათვალისწინებით. თავდებობის ხელშეკრულებით ბ-------------–---–ის თავდებობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა 12000 ლარით.
საკრედიტო ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების გამო მოპასუხეთა დავალიანება შეადგენს 7816.21 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა 4839.15 ლარი, პროცენტი - 1364.01 ლარი და პირგასამტეხლო - 1613.05 ლარი. ამავე დროს, პირგასამტეხლოს ოდენობა რეალურად შეადგენდა 2612.96 ლარს, თუმცა ბანკის მხრიდან თავისი ინიციატივით მოხდა მისი შემცირება 1613.05 ლარამდე.
2. მოპასუხის პოზიცია
წერილობით წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზეც მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს მხოლოდ სესხის ძირითადი თანხის 4839.15 ლარის ნაწილში, ხოლო პროცენტისა და პირგასამტეხლოს ნაწილში საერთო არ ცნეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 5 აგვისტოს სს „ლ-------------ს“ და ე--------------ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება. საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხის სახელზე გაიცა კრედიტი - 6000 ლარი, 2020 წლის 31 ივლისამდე, წლიური 17 % საპროცენტო განაკვეთის, ხოლო ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,5% პირგასამტეხლოს დარიცხვის გათვალისწინებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 5.08.2016 წლის საბანკო ხელშეკრულება N---------------;
- სესხის დაფარვის გრაფიკი.
3.1.2. 05.08.2016 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით სს „ლ-------------ს“ და ბ-------------–---–ს შორის იმავე რიცხვში დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, ზღვრული თანხის 12000 ლარის ფარგლებში;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სოლიდარული თავდებობის განაცხადი;
- 5.08.2016 წლის თავდებობის ხელშეკრულება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 05.08.2016 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ე--------------ეს ერიცხება დავალიანება 7816.21 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა 4839.15 ლარი, პროცენტი - 1364.01 ლარი და პირგასამტეხლო - 1613.05 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, გარემოებათა მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს. შესაბამისად, კონკრეტულ გარემოებებზე და მტკიცებულებებზე მითითება მათივე მოვალეობაა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.
საქმის განხილვის მოსამზადებელ ეტაპზე მოპასუხეებმა ცნეს დავალიანება ძირითადი თანხის ნაწილში, ხოლო მოთხოვნა პროცენტისა და პირგასამტეხლოს ნაწილში არ ცნეს, მაგრამ რაიმე მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ბანკის მხრიდან მოთხოვნა არ შეესაბამებოდა რეალურ გადახდებს, ან დარჩენილი ნაწილი მათ მიერ დაფარულია, წარმოდგენილი არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 21.03.2019 წლის ცნობა დავალიანების შესახებ;
- გადახდის გრაფიკი;
- 15.05.2019 წლის სხდომის ოქმი.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო მიიჩნევს, რომ სს „ლ-------------ის“ სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.
5. სამართლებრივი შეფასება
5.1. მოპასუხეებისთვის 05.08.2016 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან დავალიანების ძირითადი თანხის - 4839.15 ლარის, პროცენტის - 1364.01 ლარის, ასევე პირგასამტეხლოს - 1613.05 ლარის სოლიდარულად დაკისრება.
5.1.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
ამავე კოდექსის 868-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
ბანკსა და ე--------------ეს შორის 2016 წლის 5 აგვისტოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულების დადებით მხარეებს შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, ხოლო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მსესხებლის მხრიდან ჯეროვნად არ შესრულებულა.
5.1.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე.
თავდებობის ხელშეკრულებით ბ-------------–---–ის პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 12000 ლარი, ხოლო სოლიდარული თავდების მიმართ ბანკის მოთხოვნა არ აღემატება აღნიშნულ ფარგლებს.
5.1.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
საქმის მოსამზადებელ ეტაპზე მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს სესხის ძირითადი თანხის - 4839.15 ლარის დაკისრების ნაწილში. მოპასუხეების მიერ სარჩელის ცნობა სასამართლოსთვის საკმარისი საფუძველია მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებისთვის. რაც შეეხება პროცენტისა და პირგასამტეხლოს დაკისრებას, მოპასუხეების მიერ საკრედიტო და თავდებობის ხელშეკრულებების პირობებზე შეთანხმება და შემდგომში მათი არაჯეროვნად შესრულება, ბანკს ანიჭებს უფლებას მოითხოვოს პროცენტისა და პირგასამტეხლოს სრულად დაკისრება.
5.1.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლო მიიჩნევს, რომ დავალიანების გაცემის დროისთვის არსებული პირგასამტეხლოს ოდენობა არის გონივრული, იგი ბანკის მხრიდან უკვე არის შემცირებული, შესაბამისად არ არსებობს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გამოყენების საფუძველი და მოპასუხეებს სრულად და სოლიდარულად უნდა დაეკისროთ პირგასამტეხლოს 1613.05 ლარის გადახდა.
6. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში გადახდილია 235 ლარი. ვინაიდან საქმის განხილვის მოსამზადებელ ეტაპზე მოპასუხეებმა სრულად ცნეს მოთხოვნა სესხის ძირითადი თანხის ნაწილში, სს „ლ-------------ს“ უნდა დაუბრუნდეს მოთხოვნის პროპორციული ბაჟის თანხა - 145.17 ლარი. მოსარჩელეს ასევე უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 0.52 ლარი, როგორც ზედმეტად გადახდილი. დარჩენილი თანხის - 89.31 ლარის გადახდა მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სს „ლ-------------ის“ სასარგებლოდ.
7. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს ,,ლ-------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხეებს ე--------------ესა და ბ-------------–---–ს სს ,,ლ-------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 7816,21 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 4839,15 ლარი, პროცენტი - 1364,01 ლარი და ჯარიმა - 1613,05 ლარი (თავდებობის ზღვრული ოდენობა განსაზღვრულია 12000 ლარით).
3. მოპასუხეებს ე--------------ესა და ბ-------------–---–ს სს ,,ლ-------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 89.31 ლარი სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
4. სს ,,ლ-------------ს“ (ს.კ. 2--------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 27.03.2019წ. N---------- საგადასახადო დავალების საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი (235 ლარიდან) 145.17+0.52=145.69 ლარი (ასორმოცდახუთი ლარი და 69 თეთრი), გადამხდელი სს ,,ლ-------------ი“ (ს.კ. 2--------) გადამხდელის ბანკი - სს ,,ლ-------------ი”, ანგარიში/სახაზინო კოდი - 300773150; მიმღები ბანკი - ხაზინა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ივერი აბაშიძე