გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/24283-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
03 მაისი, 2019 წ. ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე მაია გიგაური
სხდომის მდივანი ნინო კეკელიანი
მოსარჩელე: ა(ა)იპ „ი------------------------–------–--------–--–-ა“
მოსარჩელის წარმომადგენელი: თ----- კ-------–---–ი
მოპასუხეები: სახალხო მოძრაობა „შ-----------------–-ა“, ვ--–------ გ--–-–---–ი
დავის საგანი: პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების უარყოფა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეს, სახალხო მოძრაობა "შ-----------------–-ას“, დაეკისროს არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი და მოსარჩელისთვის ზიანის მიმყენებელი, სახელის გამტეხი და პატივისა და ღირსების შემლახავი განცხადებების უარყოფა, რაც მათ მიერ გავრცელდა მათ ოფიციალურ ვებ-გვერდსა და ფეისბუქ გვერდზე, ვიდეო მიმართვების განთავსებით, კერძოდ, „ამ ორგანიზაციაში არ უნდა იყვნენ გაწევრიანებული ეს პირები, რადგან მათ საშუალება ეძლევათ, რომ აკონტროლონ ტენდერები, ანუ მიიღონ მონაწილეობა ტენდერებში შეთანხმებულად, დაწიონ დაბალი ფასი და სახელმწიფოდან გაიტანონ უფრო მეტი ფული“ და ცილისწამებასთან დაკავშირებით დაევალოთ სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნება სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ მათი ოფიციალურ ვებ-გვერდისა - -------------------- და ფეისბუქ გვერდის - https://f-----------------------------/ მეშვეობით ვიდეო მიმართვის განთავსების გზით, უშუალოდ იმ ფორმის გამოყენებით, რა ფორმითაც განხორციელდა მოსარჩელის მიმართ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელება.
1.2. მოპასუხე ვ--–------ გ--–-–---–ს დაეკისროს არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი და მოსარჩელისთვის ზიანის მიმყენებელი, სახელის გამტეხი და პატივისა და ღირსების შემლახავი განცხადებების უარყოფა, რაც მის მიერ გავრცელდა ფეისბუქ გვერდის მეშვეობით, კერძოდ, „ამ ასოციაციაში გაერთიანებული არიან შპს-ები, რომელიც არიან ხელისუფლებასთან, ძველთანაც და ახალთანაც დაკავშირებული და რომლებიც დიდი რაოდენობით ან ტენდერებს იგებენ ან პირდაპირ უტენდეროდ იღებენ სამუშაოებს“ და ცილისწამებასთან დაკავშირებით დაევალოს სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნება სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ფეისბუქ გვერდის - https://f-----------------------------/ მეშვეობით ვიდეო მიმართვის განთავსების გზით, უშუალოდ იმ ფორმის გამოყენებით, რა ფორმითაც განხორციელდა მოსარჩელის მიმართ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელება.
ააიპ „ი------------------------–-----–--------–--–-ა“ 2015 წელს შეიქმნა. იგი წარმოადგენს გამჭვირვალე, მიუკერძოებელ, აპოლიტიკურ ორგანიზაციას, რომელიც აერთიანებს კომპანიებს, რომელთა 50%-ზე მეტი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თეთრ სიაშია, ხოლო დანარჩენი ნაწილის უმეტესობა არც იღებს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობას. ასოციაციის მიზანია განვითარდეს ადგილობრივი სამშენებლო სექტორი, განხორციელდეს მეტი ადგილობრივი კადრის დასაქმება, წევრთა ინტერესების დაცვა, რაც გამოიხატება შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივების, სტანდარტების დანერგვისა და წევრების უფლებების დაცვაში, კანონმდებლობისა და ბიზნეს ეთიკის დადგენილი ნორმების შესაბამისად. ორგანიზაცია არის მუდმივად მზარდი, ვინაიდან სარგებლობს მაღალი რეპუტაციით, ხოლო მოპასუხეთა მიერ გავრცელებული ცილისმწამებლური და მცდარი ინფორმაციით კი შეილახა როგორც მოსარჩელის, ისე მისი წევრების პატივი და ღირსება და საქმიანი რეპუტაცია.
მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, 2017 წლის 28 სექტემბერს სახალხო მოძრაობა შ-----------------–-ას მიერ მათ ოფიციალურ ვებ გვერდსა (--------------------) და ფეისბუქ გვერდზე (https://f-----------------------------/ ) გამოქვეყნდა ვიდეო მიმართვა, სადაც ისინი ააიპ „ი------------------------–-----–----------–--–იისა“ და მისი წევრების მიმართ ავრცელებდნენ პატივისა და ღირსების შემლახველ ცნობებს, რომლებიც მხოლოდ მათ მოსაზრებებზეა აგებული, ყოველგვარი მტკიცებულებებისა და ფაქტების გარეშე. გაკეთებული განცხადება არის ცილისმწამებლური, ვინაიდან, ასოციაციასა და მის წევრებს აბრალებენ კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობას და სახელმწიფო ტენდერების გადანაწილებას გარკვეული მაქინაციური ქმედებებით, რაც, თავისი არსით, წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებას.
სარჩელში მითითებულია, რომ მოპასუხეები ვიდეო მიმართვაში აცხადებენ შემდეგს: „ასოციაციის წევრი კომპანიები ასოციაციის ფარგლებში შეთანხმებულად აკონტროლებენ ტენდერებს“, რომელსაც მოპასუხე ვერ ადასტურებს და აღნიშნული ბრალდების მიზანია მოსარჩელე ორგანიზაციის დისკრედიტაცია. ვიდეო მიმართვაში ასევე საუბარია ასოციაციის თავმჯდომარის, ზ----- თ----ის შესახებ, რომელმაც თითქოს დააფუძნა ასოციაცია და შემდეგ დაინიშნა შპს „ი----ს“ დირექტორად, რაც არასწორია, რამდენადაც, ზ----- თ----ე ასოციაციის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ასოციაციის საერთო კრებაზე 22.06.2015 წელს, მაშინ როცა, იგი 2014 წლიდან ხელმძღვანელობდა შპს „ი----ს“. ვიდეოში მხარე ასევე საუბრობს შპს „ი----ს“ პროექტზე (ქ-------–--–-----------–----------- (ხიდის ქუჩიდან მტკვრის ქუჩამდე), ფ--------------------–---–-------------–--–-------------–---ის მოედნის არეალში საინჟინრო ქსელების რეკონსტრუქცია), რომელიც თითქოს აღნიშნულ კომპანიას გადაეცა გამარტივებული შესყიდვით და იგი არღვევს კონტრაქტის შესრულების ვადებს, რასაც არ ეთანხმება მოსარჩელე და აღნიშნავს, რომ შპს „ი----“ არის შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ თეთრ სიაში რეგისტრირებული, კეთილსინდისიერი კომპანია. ისევე როგორც, მოსარჩელე არ ეთანხმება ვიდეოში ნახსენებ ფაქტს ხსენებული კომპანიის დირექტორის დაკავების შესახებ.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ „შ-----------------–-ას“ 2017 წლის 28 სექტემბრის ვიდეო მიმართვაში გაკეთებული განცხადებები ა(ა)იპ „ინფრასტუქტურის მშენებელთა ასოციაციისა“ და მისი წევრების მიმართ არის ცილისმწამებლური და მცდარი, რომელიც ეფუძნება მხოლოდ მათ საკუთარ წარმოსახვასა და მოსაზრებებს, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეთა მიერ შესაგებელი არ ყოფილა წარმოდგენილი.
სასამართლო სხდომაზე ვ--–------ გ--–-–---–მა განმარტა, რომ იგი საუბრობდა ასოციაციის წევრი კომპანიების არაკეთილსინდისიერ ქმედებებზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის შესაბამისად, ა(ა)იპ „ი------------------------–------–--------–--–-ა“ დარეგისტრირდა 23/06/2015 წელს, საიდენტიფიკაციო კოდით: 4-------- და მის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი არის აღმასრულებელი დირექტორი ა-- ს----------–---–ი და თავმჯდომარე - შპს „ი----“ (დირექტორი ზ----- თ----ე).
ა(ა)იპ საქართველოს „ი------------------------–------–--------–--–-ის“ წესდების შესაბამისად, ასოციაციის დამფუძნებელი წევრები არიან: შპს „ი----“, სს „ხ----–--ი“, შპს „წ---–-----–-----–--ი“, შპს „ფ----“, შპს „ს-------“, შპს „დ---“, შპს „ზ----“, შპს „თ---–------–-“, შპს „ს--–-----–---------------“, სს „ტ------–---“, შპს „კ--–---“, შპს „კ-----------------------------ი“, შპს „ე-–----------------– ს-------“, შპს „პ--–----“, შპს „F---------” და შპს „ე-–-------------“.
მოსარჩელის განმარტებით, დღეის მდგომარეობით, ასოციაციის წევრი არის 43 კომპანია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- წესდება (ს.ფ. 22-32);
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 43-44);
- მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება
3.1.2. ის ფაქტი, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი განცხადებები ნამდვილად გაავრცელა მოპასუხე მხარემ, უდავოა.
კერძოდ, განცხადება „ამ ორგანიზაციაში არ უნდა იყვნენ გაწევრიანებული ეს პირები, რადგან მათ საშუალება ეძლევათ, რომ აკონტროლონ ტენდერები, ანუ მიიღონ მონაწილეობა ტენდერებში შეთანხმებულად, დაწიონ დაბალი ფასი და სახელმწიფოდან გაიტანონ უფრო მეტი ფული“ - ოფიციალურ ვებ-გვერდსა - -------------------- და ფეისბუქ გვერდზე - https://f-----------------------------/ გაავრცელა „სახალხო მოძრაობა შ-----------------–-ა“-მ, 2017 წლის 28 სექტემბერს.
„ამ ასოციაციაში გაერთიანებული არიან შპს-ები, რომელიც არიან ხელისუფლებასთან, ძველთანაც და ახალთანაც დაკავშირებული და რომლებიც დიდი რაოდენობით ან ტენდერებს იგებენ ან პირდაპირ უტენდეროდ იღებენ სამუშაოებს“ - არის ვ--–------ გ--–-–---–ის სიტყვები, რომელიც 2017 წლის 28 სექტემბერს გაავრცელა ფეისბუქ გვერდზე ვიდეო მიმართვის გზით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი;
- შესაგებელი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- CD დისკი (ს.ფ. 68)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოპასუხეთა მიერ გავრცელებული სადავო განცხადებები - „ამ ორგანიზაციაში არ უნდა იყვნენ გაწევრიანებული ეს პირები, რადგან მათ საშუალება ეძლევათ, რომ აკონტროლონ ტენდერები, ანუ მიიღონ მონაწილეობა ტენდერებში შეთანხმებულად, დაწიონ დაბალი ფასი და სახელმწიფოდან გაიტანონ უფრო მეტი ფული“ და „ამ ასოციაციაში გაერთიანებული არიან შპს-ები, რომელიც არიან ხელისუფლებასთან, ძველთანაც და ახალთანაც დაკავშირებული და რომლებიც დიდი რაოდენობით ან ტენდერებს იგებენ ან პირდაპირ უტენდეროდ იღებენ სამუშაოებს“ - სასამართლოს მხრიდან ფასდება, როგორც ააიპ „სახალხო მოძრაობა შ-----------------–-ის“ და მისი დირექტორის - ვ--–------ გ--–-–---–ის მიერ გაკეთებული შეფასებითი მსჯელობა, „აზრის“, პირადი პოზიციისა და დამოკიდებულების გაჟღერება და არ უნდა იქნეს აღქმული „ფაქტის“ (მცდარი ფაქტის) გავრცელებად, რაც გამოიწვევდა „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას, კერძო პირის ცილისწამებისთვის.
სასამართლო ამ ტიპის დავების გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვნად მიიჩნევს უპირველესად განსაზღვროს, იყო მოპასუხის მიერ გაჟღერებული და სადავოდ გამხდარი განცხადებები კონკრეტული ინფორმაციის შემცველი, თუ მისი ავტორი საუბრობდა მხოლოდ მის აზრსა და შეხედულებებზე.
ევროსასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში, მათ შორის საქმეზე Lingens vs. Austria განმარტა, შემდეგი: ფაქტების არსებობა შეიძლება დამტკიცებულ იქნეს, მაშინ როდესაც შეფასებითი მსჯელობის ნამდვილობა არ ექვემდებარება მტკიცებას...
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
მითითებულ ნორმათა შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.
სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი, აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი ნაწილდება იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია.
სასამართლო, წინამდებარე საქმეში მტკიცების ტვირთის განაწილების განსაკუთრებულ - სპეციალურ წესზე გაამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს შემდეგს:
„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისას მტკიცების ტვირთი ეკისრება შეზღუდვის ინიციატორს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ.
მთავარი სადავო გარემოებაა დადგინდეს, შეელახა თუ არა მოსარჩელეს სადავო გამონათქვამებით პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია. ასევე, რეალურად ჰქონდა თუ არა ადგილი იმ გარემოებებს, რაც განმარტებულია სადავო განცხადებებით, ან იყო თუ არა საამისოდ საკმარისი ფაქტობრივი საფუძვლები.
მოსარჩელის განცხადებით, მოპასუხის მიერ გავრცელდა ცრუ და არასწორი ინფორმაცია, რაც ლახავს მის პატივს, ღირსებას და საქმიან რეპუტაციას. მოპასუხე კი მიუთითებდა, რომ მოსარჩელე ვერ ასაბუთებს, რომ მის მიერ გავრცელდა ფაქტი, თანაც ცრუ ფაქტი, რამაც რაიმე სახის ზიანი მიაყენა მას.
მოსარჩელე სადავოდ ხდის, მოპასუხის მიერ გავრცელებულ ცნობების სინამდვილესთან შესაბამისობას და აფასებს მათ ცილისწამებად. სასამართლომ კი ასეთ შემთხვევაში, როგორც უკვე აღნიშნა, უნდა დაადგინოს, გავრცელებული განცხადებები განეკუთვნებიან „ფაქტს“, თუ წარმოადგენენ ავტორთა „აზრის“, შეფასებითი მსჯელობის ნაწილს.
სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონი ამ ტერმინებს განმარტავს შემდეგნაირად: „აზრი“ არის შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს; ხოლო ცილისწამება არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადებაა;
პირს ეკისრება სამოქალაქო პასუხისმგებლობა კერძო პირის ცილისწამებისთვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ და ამ განცხადებით მას მიადგა ზიანი.
სადავო გამონათქვამების სწორი კვალიფიკაციისთვის, სასამართლოს მოსაზრებით, უნდა შემოწმდეს მათი შინაარსი, გამოთქმის ფორმა და გამოთქმის კონტექსტი, რა ფაქტობრივ კომპონენტებს მოიცავს და ამავდროულად, რა მიზნით იქნა გასაჯაროვებული.
მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალური წესის თანახმად, მითითებული გარემოებების მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელე ა(ა)იპ „ი------------------------–------–--------–--–-ის“ წარმომადგენელს, როგორც შეზღუდვის ინიციატორს.
სასამართლოს პირველ რიგში სურს ყურადღება გაამახვილოს თავად განცხადებების შინაარსსა და მიზანზე. სასამართლო სხდომაზე ვ--–------ გ--–-–---–ი განმარტავდა, რომ იგი საუბრობდა ასოციაციაში შემავალი კომპანიების არაკეთილსინდისიერ ქმედებებზე და იმ ეჭვებზე, რაც გააჩნდა მათ საქმიანობასთან დაკავშირებით. სასამართლო სავსებით იზიარებს მოპასუხის ამ განმარტებას, რადგან, სადავო ფრაზებიდან არ იკვეთება რა კონკრეტულ ფაქტებს ასახელებს მისი ავტორი, რომელთა სიცრუე ან სინამდვილეც უნდა დადასტურდეს შემდგომში, რომ მოხდეს ცილისწამებაზე მსჯელობა. ამ მხრივ მნიშვნელოვანია თავად მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ გაკეთებული განმარტება სარჩელში, სადაც იგი აღნიშნავს, რომ ვიდეო მიმართვა „აგებულია მხოლოდ მათ (მოპასუხეთა) მოსაზრებებზე, მტკიცებულებებისა და ფაქტების გარეშე“. სარჩელშივე მხარე მიუთითებს, რომ 2017 წლის 28 სექტემბრის ვიდეო მიმართვაში გაკეთებული განცხადებები არის „ცილისმწამებლური და მცდარი, რომელიც ეფუძნება მხოლოდ მათ (მოპასუხეთა) საკუთარ წარმოსახვასა და მოსაზრებებს, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე“.
სასამართლოც არ თვლის, რომ რაიმე კონკრეტულ ფაქტებს ავრცელებდეს მოპასუხე მხარე სადავო მიმართვაში, იკვეთება მხოლოდ მოპასუხის სუბიექტური დამოკიდებულება ასოციაციის წევრთა მიმართ. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არც სახალხო მოძრაობის და არც მისი დირექტორის გამოსვლები არ უნდა შეფასდეს იმ ხარისხით, რომ დაეკისროთ პასუხისმგებლობა ცილისწამებისთვის.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო იზიარებს მოპასუხის მიერ სასამართლო სხდომაზე გაკეთებულ შეფასებას და მიუთითებს, რომ სადავო განცხადებები, მათი შინაარსის გათვალისწინებით, უნდა შეფასდეს "აზრის" და არა "ფაქტის“ გადმოცემად, მით უფრო, რომ „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონი სადავო შემთხვევაშიც კი, გამოხატვისათვის სწორედ აზრის მინიჭების პრეზუმფციისაკენ იხრება. „აზრი“ კი, ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით, დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით, რაც ნიშნავს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან პირის სრულ და უპირობო გათავისუფლებას.
3.2.2. სასამართლო გარდა ზემოაღნიშნული გარემოებისა, ასევე ადგენს, რომ „სახალხო მოძრაობა შ-----------------–-ის“ და ვ--–------ გ--–-–---–ის განცხადებების ადრესატი ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიცირებული არ არის.
„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ცილისწამების თაობაზე სასამართლო დავის საგანი არ შეიძლება იყოს ისეთი განცხადება, რომელიც ეხება პირთა განუსაზღვრელ ჯგუფს ან/და რომელშიც მოსარჩელე არ არის ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიცირებული.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე არის ასოციაცია, რომელშიც გაერთიანებულია სხვა 43 მეწარმე სუბიექტი, რომელთაც აერთიანებთ საქმიანობის სფერო. რაც შეეხება ასოციაციის მიზნებს, წესდების მე-2 მუხლი განსაზღვრავს ამ საკითხს და მასში მითითებულია, რომ „ასოციაციის“ ძირითად მიზნებს წარმოადგენს: მშენებელი კომპანიების უფლებებისა და ინტერესების დაცვა, მათი სამართლებრივი გარანტიებისა და საქმიანობის კორდინაციისთვის ხელის შეწყობა; სხვა ქვეყნების გამოცდილების შესწავლა; ურთიერთნდობის, მშენებელი კომპანიების პრესტიჟის მხარდაჭერა, მათი ხელმძღვანელობის და სპეციალისტების კონტაქტების ორგანიზება; სამშენებლო ბიზნესის საქმიანობის გრძელვადიანი განვითარების ხელშეწყობა, რომელიც პოზიტიურად აისახება საქართველოში სამშენებლო ბიზნესის მდგრად განვითარებაზე, საქართველოში ინვესტიციების მოზიდვაზე და კერძო სექტორში სამუშაო ადგილების შექმნაზე; სამშენებლო ბიზნესის გარემოს გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა წინადადების და რეკომენდაციების მომზადება; საქართველოში სამშენებლო ბიზნესის სფეროს გაფართოების მიზნით კადრების მომზადება და გადამზადება, სპეციალიზირებული სასწავლო კურსების, პროფესიული მომზადების და გადამზადების ცენტრების შექმნა და მართვა და ასოციაციის წევრი კომპანიების უზრუნველყოფა სერტიფიცირებული კადრებით; საქართველოში სამშენებლო სფეროში მიმდინარე პროცესების შესახებ ასოციაციის წევრების ინფორმირება და ნებისმიერი სხვა საქმიანობის განხორციელება, რაც კანონმდებლობით არ არის აკრძალული. როგორც ვხედავთ, ასოციაციის წესდება ზუსტად და ამომწურავად ჩამოთვლის მის მიზნებს, რაც მას გააჩნია და შესაბამისად, ფუნქციებიც ამით განისაზღვრება.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სადავო ვიდეო მიმართვაში საუბარი იყო ძირითადად ასოციაციის წევრი კომპანიების საქმიანობაზე, მათ კავშირებსა და ქმედებებზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, მიუხედავად მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებისა, რომ ასოციაცია დამოუკიდებელი სუბიექტია, ცალკე, ა(ა)იპ „ი------------------------–------–--------–--–-ა“, რომ არა მისი დამფუძნებელი მეწარმე სუბიექტები, არ იქნებოდა მოპასუხის სიტყვების ადრესატი
ფრაზები: „ამ ორგანიზაციაში არ უნდა იყვნენ გაწევრიანებული ეს პირები, რადგან მათ საშუალება ეძლევათ, რომ აკონტროლონ ტენდერები, ანუ მიიღონ მონაწილეობა ტენდერებში შეთანხმებულად, დაწიონ დაბალი ფასი და სახელმწიფოდან გაიტანონ უფრო მეტი ფული“ და „ამ ასოციაციაში გაერთიანებული არიან შპს-ები, რომელიც არიან ხელისუფლებასთან, ძველთანაც და ახალთანაც დაკავშირებული და რომლებიც დიდი რაოდენობით ან ტენდერებს იგებენ ან პირდაპირ უტენდეროდ იღებენ სამუშაოებს“ - აშკარად მიმართულია ასოციაციის წევრი მეწარმე სუბიექტებისადმი, თუმცა, კონკრეტულად რომელზეა საუბარი მათ ნაწილშიც არ იკვეთება. შესაბამისად, სასამართლოსთვის გაურკვეველია კონკრეტული ობიექტი, ვისკენაც არის მიმართული ვიდეო მიმართვაში გაჟღერებული სიტყვები. თუმცა, ის ფაქტი, რომ ეს ობიექტი იდენტიფიცირებულად მოსარჩელე არ არის, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია.
გარდა ზემოაღნიშნული საფუძვლებისა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ მოსარჩელე ვერ ასაბუთებს კონკრეტულად მას რა ზიანი მიაყენა მოპასუხეთა მიერ წარმოთქმულმა სიტყვებმა. მხოლოდ იმის ზეპირსიტყვიერი განმარტება, თითქოს წევრობა აღარ არის მზარდი და პირიქით, ზოგიერთმა წევრმა დატოვა კიდეც ასოციაცია, სასამართლოს არ მიაჩნია სათანადო შედავებად, ვინაიდან, რითია გამოწვეული ხსენებული გარემოება, არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით. ამდენად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არის დაუსაბუთებელი და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოტივაციო ნაწილი
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლი
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლი
”სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი, მე-2, მე-4, მე-6, მე-7, მე-13 და მე-17 მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლი უზრუნველყოფს აზრის, ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა და ინტერნეტის თავისუფლების უფლებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტით, უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან.
როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირთა რეპუტაციის დაცვის უფლება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული უფლებაა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ ორივე უფლება - გამოხატვის თავისუფლებაც და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობაც - თანაბარ დაცვას იმსახურებს. თუმცა, იმისათვის, რომ მე-8 მუხლით დაცული უფლების დარღვევა დადგინდეს, თავდასხმამ პირის რეპუტაციაზე სერიოზულობის განსაზღვრულ ხარისხს უნდა მიაღწიოს (Ärztekammer Fur Wien And Dorner v. Austria, no. 8895/10 , § 62, 16 February 2016).
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მე-10 მუხლის მიხედვით, ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებაზე. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩარევის გარეშე და საზღვრების მიუხედავად. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გამოხატვის თავისუფლება განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობისაგან. ამიტომ ის შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებსა და სანქციებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ამ პუნქტში მითითებული კანონიერი მიზნების მისაღწევად, რომელთაგან ერთ-ერთია სხვა პირთა რეპუტაციის დაცვა.
გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის „აუცილებლობის“ ძირითადი პრინციპები ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა მრავალ საქმეში. სასამართლო გამოხატვის თავისუფლებას მიიჩნევს დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ ფუნდამენტურ საფუძვლად, მისი განვითარებისა და პიროვნების თვითრეალიზების მთავარ პირობად. მთელ რიგ გადაწყვეტილებებში (მათ შორის HANDYSIDE VS THE UNITED KINGDOM) ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ გამოხატვის თავისუფლება ვრცელდება არა მხოლოდ იმ „ინფორმაციისა“ და „იდეების“ მიმართ, რომლებიც კეთილგანწყობით მიიღება, არაშეურაცხმყოფელად არის მიჩნეული ან ინდიფერენტული დამოკიდებულების საგანია, არამედ იმათ მიმართაც, რომლებიც შეურაცხმყოფელი, გამაოგნებელი ან შემაშფოთებელია (“offend, shock or disturb”). აღნიშნულით სასამართლომ განმარტა, რომ დაცულია არა მხოლოდ ისეთი გამოხატვა, ანუ ისეთი ინფორმაციებისა და იდეების გავრცელება, რომლებსაც კეთილგანწყობით ხვდებიან, არამედ ისეთიც, რომელიც ყველაზე შეურაცხმყოფელი, გამაოგნებელი და შემაშფოთებელია, ვინაიდან, „ასეთია პლურალიზმის, შემწყნარებლობისა და ტოლერანტობის მოთხოვნა, ურომლისოდაც არ არსებობს დემოკრატიული საზოგადოება“.
ამიტომ, გამოხატვის თავისუფლების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა განსაზღვრული იყოს მკაცრად და მისი გამოყენების საჭიროება სარწმუნოდ უნდა იყოს დადასტურებული. შეზღუდვის გამოყენება უნდა იყოს „აუცილებელი“ დემოკრატიულ საზოგადოებაში სხვა პირთა რეპუტაციის დასაცავად. „აუცილებელი“ კი, სასამართლოს განმარტებით, ნიშნავს „მწვავე საზოგადოებრივ საჭიროებას“.
სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, თითოეულ ადამიანს აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებაზე; ეს უფლება მოიცავს თავისუფლებას, მიუხედავად საზღვრებისა, მოიძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ყველა სახის ინფორმაცია და მოსაზრებები ზეპირად, წერილობით ან პრესის მეშვეობით, ხელოვნების სახით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით საკუთარი არჩევანისამებრ.
საერთაშორისო პაქტის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობა განსაკუთრებულ ვალდებულებებსა და განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გულისხმობს. შესაბამისად, იგი შეიძლება დაექვემდებაროს გარკვეულ შეზღუდვებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია მათ შორის სხვა პირთა უფლებებისა და რეპუტაციის პატივისცემისათვის.
ამრიგად, როგორც საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებით, ისე ეროვნული კანონმდებლობით, აღიარებულია სიტყვისა და აზრის ნებისმიერი საშუალებით გამოხატვის თავისუფლება. განსხვავებით აზრის ქონის უფლებისაგან, რომლის შეზღუდვაც როგორც დაუშვებელი, ისე ობიექტურად შეუძლებელიც არის, გამოხატვის თავისუფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას და ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მათ შორის, სხვათა უფლებებისა და ღირსების დაცვის უზრუნველყოფის აუცილებლობის პირობებში. დაცულ უფლებაში ჩარევა გათვალისწინებულია „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ საქართველოს კანონით, რომელიც ცილისწამების შემთხვევაში სხვათა რეპუტაციის ან უფლებათა დაცვას ადგენს. ხსენებული კანონის მე-2 მუხლი განსაზღვრავს, რომ ამ კანონის ინტერპრეტირება უნდა მოხდეს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებების, მათ შორის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისად.
6.2. სარჩელის განხილვისა და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების მიზნით, უწინარესად სწორად უნდა განისაზღვროს თუ რა მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მოთხოვნა.
წარმოდგენილი სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს მოსარჩელისათვის ზიანის მიმყენებელი, ცილისმწამებლური ინფორმაციის უარყოფა. მოთხოვნისა და მის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნა გამომდინარეობს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლიდან.
„სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს იმ სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის სახეებს, რომელიც შეიძლება დაეკისროს პირს ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში.
კერძოდ, კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად, პირს ეკისრება სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა კერძო პირის ცილისწამებისთვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითაც მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ და ამ განცხადებით მოსარჩელეს მიადგა ზიანი. ამავე კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი კი განსაზღვრავს, რომ ცილისწამებასთან დაკავშირებით მოპასუხეს შეიძლება დაეკისროს სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნება სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ.
ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზი ცხადჰყოფს, რომ სასამართლოს გზით პირის საქმიანი რეპუტაციის, პატივისა და ღირსების დაცვის განსახორციელებლად აუცილებელია კუმულატიურად არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: 1. არსებითად მცდარი ფაქტის (ფაქტების) გავრცელება; 2. გავრცელებული ცნობების სინამდვილესთან შეუსაბამობა; 3. განცხადების გავრცელების შედეგად პირისათვის ზიანის მიყენება.
კანონის პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, განცხადება არის ინფორმაცია, რომელიც განმცხადებელმა საჯაროდ გაავრცელა ან მესამე პირს გაანდო.
„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით. ამავე კანონის პირველი მუხლის „ფ“ ქვეპუნქტის მიხედვით, აბსოლუტური პრივილეგია განმარტებულია, როგორც კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან პირის სრული და უპირობო განთავისუფლება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ დადგინდეს ცილისწამების არსებობა, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია შეფასდეს, სადავო განცხადება და მასში გადმოცემული გამონათქვამები აზრის, შეხედულების გამოხატვაა, თუ დადასტურებადი ან უარყოფადი ფაქტების შემცველი ცნობის გავრცელება, რადგან აზრის გამოხატვა, მისი აბსოლუტური პრივილეგიით დაცულობის გათვალისწინებით, გამორიცხავს პირისათვის რაიმე სახის სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას.
„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, აზრი არის შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს; ხოლო იმავე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით ცილისწამებას წარმოადგენს არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება. ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტით დაწესებული აზრისა და ფაქტის გამიჯვნის მინიმალური სტანდარტი, რომელიც ადგენს, რომ აზრის ან ფაქტის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვისას ყოველგვარი გონივრული ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს განცხადებაში მოყვანილი ცნობებისათვის აზრის სტატუსის მინიჭების სასარგებლოდ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში (#ას-1477-1489-2011) განმარტა შემდეგი: „აზრში“ იგულისხმება ნებისმიერი შეფასებითი გამონათქვამი, რომელიც შედგება განსჯის, დამოკიდებულებისა და შეფასების ელემენტებისაგან, რომლის სისწორე თუ მცდარობა მთლიანად პირად წარმოდგენებზეა დამოკიდებული. ამდენად, აზრი პირის სუბიექტური დამოკიდებულება პიროვნულ შეფასებებს მოვლენისა თუ სიტუაციის შესახებ და იმის მტკიცებას, სიმართლეს შეესაბამება თუ მცდარია, არ ექვემდებარება. აზრის საწინააღმდეგოდ, „ფაქტში“ იგულისხმება ნამდვილი, რეალური ან არსებული გარემოებები და საგნები, რომლებიც ექვემდებარება მტკიცებულებებით დადასტურებას. გასათვალისწინებელია, რომ აზრები ფაქტებთან გარკვეული დამოკიდებულებით გამოითქმება, ანუ აზრი, როგორც წესი, ეყრდნობა ფაქტებს. ასეთ შემთხვევაში, აზრის დაყოფა შეხედულებად და ფაქტის გამოდმოცემად დაუშვებელია, რადგანაც მთლიანად გამონათქვამი აზრის თავისუფლების სფეროში ექცევა. ამავდროულად, აზრის თავისუფლებით აშკარად ცრუ ფაქტების ძირითადი უფლებით უზრუნველყოფილი დაცვა გამორიცხულია. კონსტიტუციით დაცული სფეროს ფარგლებში არ ხვდება ისეთი ფაქტები, რომელთა მცდარობის შესახებ კარგად იცის თავად გამომთქმელმა სუბიექტმა (შეგნებული სიცრუე) ან, რომელთა მცდარობა ცხადია მათი გამოთქმის მომენტში.
ამდენად, ცილისწამების მაკვალიფიცირებელი ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია განმცხადებლის მიერ ისეთი ფაქტების მითითება, რომელიც რეალობასთან ახლოა, უფრო კონკრეტულია და არა ზოგადი ხასიათის, უფრო მეტად ობიექტური შინაარსისაა, ვიდრე სუბიექტური, და, რაც მთავარია, მისი დამტკიცება შესაძლებელია.
განსახილველ დავაში სასამართლომ დაადგინა, რომ სადავოდ გამხდარი სიტყვები შეიცავს ავტორთა შეფასებით მსჯელობას, რომელიც, ვ--–------ გ--–-–---–ის განმარტებით, ეფუძნება რეალობას და სასამართლოსაც მიაჩნია, რომ არ უნდა იქნეს აღქმული კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით ინფორმაციის გაჟღერებად.
სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტი, განსხვავებით აზრისგან, რეალური შედეგის გადმოცემას წარმოადგენს. მასში იგულისხმება რეალური გარემოებები ან/და საგნები, რომელთა მტკიცებულებით დადასტურება შესაძლებელია. საეჭვო ქმედება, რომელსაც არ გააჩნია შესაბამისი მტკიცებულება/ინფორმაციის წყარო, არ ჩაითვლება უტყუარ ფაქტად. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელით სადავო განცხადების შინაარსი არ იძლევა იმ დასკვნის საფუძველს, რომ მოპასუხის მხრიდან გავრცელდა ფაქტი და მით უფრო, მცდარი ფაქტის შემცველი ინფორმაცია, რაც თავის მხრივ, ვერც ზიანის მომტანი იქნება მხარისათვის. სასამართლომ თითოეულ სადავოდ გამხდარ წინადადებასთან დაკავშირებით გააკეთა განმარტება წინამდებარე გადაწყვეტილებაში და მათი გამოკვლევა შინაარსობრივად იძლევა იმის დასკვნის საფუძველს, რომ მივიჩნიოთ მოსაზრების გავრელებად.
კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით, ცილისწამების თაობაზე სასამართლო დავის საგანი არ შეიძლება იყოს ისეთი განცხადება, რომელიც ეხება პირთა განუსაზღვრელ ჯგუფს ან/და რომელშიც მოსარჩელე არ არის ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიცირებული.
სასამართლომ, გარდა იმისა, რომ სადავო განცხადებებთან დაკავშირებით არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება, თითქოს ადგილი ჰქონოდა მცდარი და ზიანის მომტანი ცრუ ინფორმაციის გავრცელებას, ამავდროულად მიუთითა კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომელიც ცილისწამების თაობაზე დავის საგნიდან გამორიცხავს ისეთ მოთხოვნებს, რომლებიც ეხება პირთა განუსაზღვრელ ჯგუფს ან/და რომელშიც მოსარჩელე არ არის ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიცირებული. განსახილველი დავა აღძრა „ასოციაციამ“, რომელიც ჩამოაყალიბეს მეწარმე სუბიექტებმა. მოპასუხის განცხადებები კი მიმართული იყო სწორედ ამ მეწარმე სუბიექტების საქმიანობისადმი. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ განცხადებები მიმართული იყო პირთა განუსაზღვრელი წრისადმი და კონკრეტულად და ერთმნიშვნელოვნად ა(ა)იპ „ი------------------------–------–------------------–--–-ის“ იდენტიფიცირება ვერ ხდებოდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ადგენს, რომ სადავო განცხადებას არ გააჩნია ცილისწამებისათვის მაკვალიფიცირებელი ნიშნები, ამავდროულად ფრაზების ადრესატი არ არის ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიცირებადი, რაც, საერთო ჯამში, დაუსაბუთებელს ხდის სასარჩელო მოთხოვნას.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვლება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. არ დაკმაყოფილდეს ა(ა)იპ „ი------------------------–------–--------–--–-ის“ სარჩელი სახალხო მოძრაობა შ-----------------–-ასა და ვ--–------ გ--–-–---–ის მიმართ პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების უარყოფის მოთხოვნით;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის №7ა), თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მომენტიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაია გიგაური