გადაწყვეტილება

სამოქალაქო 03.05.2019
საქმის ნომერი
330210019002799699
კატეგორია
დავის ტიპი
შრომის სამართლებრივი დავები
თარიღი
03.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/254-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

03 მაისი, 2019 წ. ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მაია გიგაური

სხდომის მდივანი ნინო კეკელიანი

მოსარჩელე - ი-----–- მ--–--ე

მოპასუხე - ა(ა)იპ ა-------–------------------–---------------ი

მოპასუხის წარმომადგენლები - ი-----–- ც--–---–---–ი, თ---------- ხ-----–-ა

დავის საგანი - სახელფასო დავალიანების ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ა(ა)იპ ა-------–------------------–--------------ს მოსარჩელე ი-----–- მ--–--ის სასარგებლოდ დაეკისროს შრომითი ხელშეკრულებიდან გამომდინარე სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, 8 000 ლარის (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე) ოდენობით, რომელიც მოიცავს შემდეგ პერიოდს: 2016 წლის სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი (800 x 4 =3200), 2017 წლის იანვარი, თებერვალი, მაისი, ივნისი, ივლისი (800 x 4 = 4000) და 2018 წლის იანვარი (800 ლარი).

 

სარჩელში მითითებულია, რომ ი-----–- მ--–--ე 2016 წლის 25 ივლისიდან 2018 წლის იანვრის ბოლომდე დასაქმებული იყო ა(ა)იპ ა-------–------------------–--------------ში და მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენდა ხელზე ასაღებ 800 ლარს. მისი განმარტებით, იგი ხელფასს იღებდა ნაღდი ანგარიშსწორებით, უწყისზე ხელმოწერით.

 

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მუდმივად დაგვიანებით იღებდა ხელფასს, რაც გახდა კიდეც მისი სამსახურიდან წამოსვლის მიზეზი. საერთო ჯამში, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაუგროვდა 8 000 ლარის ოდენობით დავალიანება, რაც მოიცავს 2016 წლის სექტემბრის, ოქტობრის, ნოემბრისა და დეკემბრის, 2017 წლის იანვრის, თებერვლის, მაისის, ივნისისა და ივლისის თვეებს და ასევე 2018 წლის იანვარს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ა(ა)იპ ა-------–------------------–--------------ის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო.

 

მოპასუხის წარმომადგენელი წარმოდგენილ შესაგებელში სადავოდ არ ხდის მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების არსებობის, მისი მოქმედების ვადის და ხელფასის ოდენობის ფაქტს. ადასტურებს ასევე იმ გარემოებას, რომ ხელშეკრულება შეწყდა დასაქმებულის ინიციატივით, თუმცა, ამის მიზეზი არ გამხდარა სახელფასო დავალიანების არსებობა.

 

მხარე განმარტავს, რომ დამსაქმებელმა სრულად აუნაზღაურა დასაქმებულს ყველა თვის ხელფასი და არ გააჩნია დავალიანება ი-----–- მ--–--ის მიმართ.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ი-----–- მ--–--ე დასაქმებული იყო ა(ა)იპ ა-------–------------------–--------------ში 2016 წლის 25 ივლისიდან 2018 წლის იანვრის ბოლომდე.

 

ი-----–- მ--–--ის ხელფასი შეადგენდა 800 ლარს (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- ხელფასის გაცემის უწყისები (ს.ფ. 48-64)

 

3.1.2. უდავოა, რომ ი-----–- მ--–--ე ხელფასს იღებდა ნაღდი ანგარიშსწორებით, უწყისზე ხელმოწერით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- ხელფასის გაცემის უწყისები (ს.ფ. 48-64)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოპასუხე ა(ა)იპ ა-------–------------------–--------------ს მოსარჩელე ი-----–- მ--–--ის სასარგებლოდ ეკისრება სახელფასო დავალიანების - 800 ლარის (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე) გადახდის ვალდებულება, რომელიც წარმოადგენს 2016 წლის ოქტომბრის თვის ხელფასს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ წარმოადგინა სარჩელი, რომელშიც განმარტავდა, რომ დამსაქმებელს არ გადაუხდია მისთვის შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხელფასი სრულად და ითხოვდა მის დაკისრებას მოპასუხეზე. კერძოდ, მოსარჩელემ მიუთითა, რომ დავალიანება მოიცავს 2016 წლის სექტემბრის, ოქტობრის, ნოემბრისა და დეკემბრის, 2017 წლის იანვრის, თებერვლის, მაისის, ივნისისა და ივლისის თვეებს და ასევე 2018 წლის იანვარს, საერთო ჯამში ხელზე მისაღებ 8 000 ლარს. იმის დასადასტურებლად, რომ მას ნამუშევრი პერიოდის ანაზღაურება სრულად არ მიუღია, წარმოადგინა მისი შემოსავლის თაობაზე ინფორმაციის შემცველი დოკუმენტი, კერძოდ, შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობა და ინფორმაცია.

 

თავის მხრივ, მოპასუხის წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე საქმეს მტკიცებულების სახით დაერთო ხელფასის გაცემის უწყისები 2016 წლის სექტემბრის თვიდან 2018 წლის მარტის თვის ჩათვლით პერიოდზე. უწყისები წარმოდგენილია სადავო პერიოდზე სრულად, 2016 წლის ოქტომბრის თვის ხელფასის ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტის გამოკლებით. 2016 წლის ოქტომბრის ხელფასთან დაკავშირებით კი განმარტა, რომ როგორც წარმოდგენილი უწყისებით დასტურდება, მოსარჩელეს ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ აქვს ჩარიცხული ერთი თვის ხელფასი ზედმეტად, რომლითაც სწორედ 2016 წლის ოქტომბრის თვის დავალიანება დაბალანსდა. ეს გარემოება არ დაადასტურა მოსარჩელემ და აღნიშნა, რომ ეს იყო მისთვის დამსაქმებლის მიერ გადახდილი კომპენსაცია.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს უმთავრესად იმ გარემოებაზე, რომ თავად მოსარჩელემ მიუთითა სარჩელში და ეს დაადასტურა სასამართლო სხდომაზეც, რომ ხელფასი ეძლეოდა ნაღდი ანგარიშსწორებით, სახელფასო უწყისებზე ხელმოწერით. რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ უწყისებს, მოსარჩელემ განმარტა, რომ ზოგიერთ მათგანზე არ ადასტურებს მისი ხელმოწერის ფაქტს, თუმცა, ამ ეტაპისთვის და მოცემული დავის ფარგლებში, მისი მხრიდან წარმოდგენილი უწყისები სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სადავოდ არ გამხდარა. შესაბამისად, ვინაიდან მოსარჩელე თავად აღიარებს ხელფასის გაცემის წესს, სასამართლოს ადეკვატურ და საკმარის მტკიცებულებად მიაჩნია მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ხელფასის გაცემის უწყისები იმ ფაქტის დასადგენად, რომ ყველა სადავო თვის ხელფასი, გარდა 2016 წლის ოქტომბრისა, მიიჩნიოს დასაქმებულისთვის გადახდილად. რაც შეეხება 2016 წლის ოქტომბრის თვის სახელფასო დავალიანებას, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის განმარტებას, თითქოს ეს შემდგომში აუნაზღაურა დამსაქმებელმა ი-----–- მ--–--ეს, რამდენადაც, თითოეულ უწყისზე მითითებულია დანიშნულება, რომელი თვის ხელფასი გაიცემოდა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ 2016 წლის ოქტომბრის თვის დავალიანების მოპასუხეზე დაკისრების ნაწილში, ხელზე მისაღები 800 ლარის ოდენობით, სარჩელი არის დასაბუთებული და უნდა დაკმაყოფილდეს.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს შრომის კოდექსის მე-2, მე-6, 31-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1 საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.

 

სშკ-ის მე-6 მუხლის პირველი ნაწილით, შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით. ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით კი, შრომითი ხელშეკრულების ერთ-ერთ არსებითი პირობას წარმოადგენს შრომის ანაზღაურების ოდენობა და გადახდის წესი.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული შრომითი ურთიერთობა არის უდავო გარემოება, ისევე როგორც შრომის ყოველთვიური ანაზღაურების ოდენობა - 800 ლარი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე.

 

საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, რომ შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვდა სახელფასო დავალიანების მოპასუხეზე დაკისრებას 8 000 ლარის ოდენობით, რაც წარმოადგენდა 2016 წლის სექტემბრის, ოქტობრის, ნოემბრისა და დეკემბრის, 2017 წლის იანვრის, თებერვლის, მაისის, ივნისისა და ივლისის თვეების და ასევე 2018 წლის იანვრის თვის დავალიანებას. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო დაეყრდნო მოპასუხის მიერ წარმოდგენილ სახელფასო უწყისებს და დაადგინა, რომ მითითებული სადავო პერიოდიდან მხოლოდ 2016 წლის ოქტომბრის თვის ხელფასის გადახდა არ დასტურდება ი-----–- მ--–--ის სასარგებლოდ. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნაც სწორედ ამ ნაწილში უნდა იქნეს დაკმაყოფილებული.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით და ვინაიდან მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯს - 50 ლარის ოდენობით, მოპასუხე გადაიხდის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ი-----–- მ--–--ის სარჩელი ა(ა)იპ ა-------–------------------–--------------ის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. მოპასუხე ა(ა)იპ ა-------–------------------–--------------ს მოსარჩელე ი-----–- მ--–--ის სასარგებლოდ დაეკისროს შრომითი ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2016 წლის ოქტომბრის თვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, 800 ლარის (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე) ოდენობით.

 

3. მოპასუხე ა(ა)იპ ა-------–------------------–--------------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50 ლარის ოდენობით;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: მაია გიგაური