გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.05.2019
საქმის ნომერი
330210019002870450
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
14.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/3996-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

14 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ქეთევან მამაცაშვილი

სხდომის მდივანი - ანა ბაჩიაშვილი

 

მოსარჩელე - სს ''თ-----------'';

წარმომადგენელი - ქ-------------------ე;

მოპასუხე - ე-----------;

დავის საგანი - საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდის დაკისრება.

 

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ე-----------ს მოსარჩელე სს ''თ-----------ს'' სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 26 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 7986.29 ლარის გადახდა, საიდანაც, დავალიანების ძირითადი თანხაა - 6446.39 ლარი, პრცენტი - 843.54 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 680.90 ლარი.

1.2. მოპასუხე ე-----------ს მოსარჩელე სს ''თ-----------ს'' სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 22 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 9557.37 ლარის გადახდა, საიდანაც, დავალიანების ძირითადი თანხაა - 5998.40 ლარი, პროცენტი - 1096.09 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 2462.88 ლარი.

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნები დავალიანების ძირითადი თანხების დაკისრების ნაწილში. მან მიუთითა, რომ დაკარგა სამუშაო რის გამოც ამ ეტაპზე არ შეუძლია დავალიანების დაფარვა. მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო საპროცენტო სარგებლის დაკისრების ნაწილში. რაც შეეხება პირგასამტეხლოს, მოპასუხემ მიუთითა, რომ პირგასამტეხლოს თანხა არის შეუსაბამოდ მაღალი და მოითხოვა მისი შემცირება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ 2018 წლის 26 იანვარს, სს ''-------------'' დამოპასუხეს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: კრედიტი თანხა შეადგენდა - 7000 ლარს, წლიური საპროცენტო სარგებელი - 24.5%-ს, ხელშეკრულება დაიდო 1462 დღის ვადით. კრედიტის გაცემისათვის გათვალისწინებული იყო საკომისიო 140 ლარი, ანგარიშიდან თანხის გატანის საკომისიო 7.95 ლარი. წინსწრებით დაფარვის საკომისიო იყო 2%. კრედიტის დაფარვა უნდა მომხდარიყო ყოველთვიური მინიმალური შენატანის გადახდის გზით ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე შეადგენდა 20 ლარს, ხოლო პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 0.5%-ს. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა.

 

3.1.2. დადგენილია, რომ 2017 წლის 22 ივნისს სს ''-------------'' და ე-----------ს შორის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება 6000 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადა განისაზღვრა 11953 კალენდარული დღით, თანხის განაღდების ლიმიტი 3000 ლარით, წლიური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 18%-ით კრედიტის სავაჭრო მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 30% კრედიტის სს ''თ-----------ს'' ბ----- ბანკომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში; 0% 55 დღიანი საშეღავათო პერიოდის განმავლობაში; ბარათის მომსახურების საკომისიო პირველი წელი 0.00 ლარი, ყოველი მომდევნო წელი 120 ლარი; კრედიტის დაფარვა უნდა მომხდარიყო ყოველთვიური მინიმალური შენატანის გადახდის გზით; რომელიც დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ს დამატებული ათვისების დღიდან ბილინგის დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებელია; პირგასამტეხლო უნდა დაიფაროს ბილინგის თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს. ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე შეადგენდა - 20 ლარს; პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 0.5%-ს.

 

3.1.3. დადგენილია, რომ 2018 წლის 26 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხის დავალიანება შეადგენს - 7986.29 ლარს, საიდანაც, დავალიანების ძირითადი თანხა არის - 6446.39 ლარი, პროცენტი - 843.54 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 680.90 ლარი.

 

3.1.4. დადგენილია, რომ 2017 წლის 22 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხის დავალიანება შეადგენს - 9557.37 ლარს, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხა არის - 5998.40 ლარი, პროცენტი - 1096.09 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 2462.88 ლარი.

 

3.1.5. დადგენილია, რომ მოპასუხეს ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში დავალიანება არ დაუფარავს და იმყოფება ვადაგადაცილებაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2018 წლის 26 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, გრაფიკი (ს.ფ. 17-23);

- ინფორმაცია სიცოცხლის დაზღვევის შესახებ (ს.ფ. 24);

- კრედიტის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 25);

- 2017 წლის 22 ივნისის ხელშეკრულება (ს.ფ. 26-34);

- ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ. 35-36);

- დავალიანების ცნობა (ს.ფ. 37);

- მხარეთა ახსნა-განმარტება - იხ.სასამართლო სხდომის ოქმები.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ სს ''თ-----------ს'' სარჩელი საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 417-ე-420-ე, 867-ე- 873-ე მუხლები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 131-ე, 208-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ. მოცემულ შემთხვევაში, შესაგებლით, ასევე სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით მოპასუხე მხარემ ცნო სარჩელი ნაწილობრივ, კერძოდ, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნები დავალიანების ძირითადი თანხების დაკისრების ნაწილში რაც დასახელებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

დადგენილია, რომ მხარეებს სს ''-------------ა'' და ე-----------ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საბანკო მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ''თ-----------'' უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, გადაცემული კრედიტის ძირითადი თანხების - 6446.39 ლარის და 5998.40 ლარის დაბრუნება.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს კრედიტის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.

 

განსახილველ შემთხვევაში, არსებული ხელშეკრულების თანახმად, მხარეთა შორის მოხდა შეთანხმება წლიურ საპროცენტო სარგებელზე და არსებული მდგომარეობით საპროცენტო ვალი 2018 წლის 26 იანვრის ხელშეკრულებაზე შეადგენს - 843.54 ლარს, ხოლო 2017 წლის 22 ივნისის ხელშეკრულებაზე - 1096.09 ლარს. სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს პროცენტის თანხების დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილშიც, ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხე მხარეს წარმოდგენილი ხელშეკრულებებით აკისრია კრედიტის პროცენტის გადახდის ვალდებულება, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (საბანკო ანგარიშიდან ამონაწერი) არ დასტურდება, რომ მის მიერ ხელშეკრულებაზე დარიცხული პროცენტის თანხა გადახდილია.

 

6.4. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხე მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სრულდებოდა არაჯეროვნად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418.1 მუხლით კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. ამდენად, პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ. ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. შესაბამისად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის პარალელურად ვალდებულების შესრულების მოთხოვნა დაუშვებელია, თუ, რა თქმა უნდა, დარღვევა ვადაგადაცილებაში არ მდგომარეობს, ხოლო პირგასამტეხლოსთან ერთად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სავსებით შესაძლებელია. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე ''ზეწოლის'' განხორციელების ერთგვარი ბერკეტია, ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მიღების მიზნით, კრედიტორი ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იმთავითვე ადგენს კანონით დადგენილი წესით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაბამისად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების პირობებში პირგასამტეხლოს დაკისრება კანონშესაბამისი და მართლზომიერია, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში ვალდებულება არაჯეროვნადაა შესრულებული, რაც პირგასამტეხლოს მოთხოვნის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს განაკვეთი შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 418-ე მუხლების თანახმად, სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება ამ ვალდებულების შესრულებამდე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ შეუსაბამოდ მაღალია საკრედიტო ხელშეკრულებებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი - დავალიანების 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარის მიერ პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხა შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული. გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს განაკვეთი მაღალია და იგი საქმეში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა გათვალისწინებით უნდა შემცირდეს 0.05%-მდე. შესაბამისად, მოპასუხე ე-----------ს მოსარჩელე სს ''თ-----------ს'' სასარგებლოდ 2018 წლის 26 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს - 68.09 ლარის გადახდა, ხოლო 2017 წლის 22 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 246.28 ლარის გადახდა.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, შესაბამისად, ამ ნაწილის პროპორციულად გადახდილი ბაჟი - 373.34 ლარის ოდენობით უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს. ხოლო, მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ის ნაწილი, რაც გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული. ამდენად, მოპასუხე ე-----------ს მოსარჩელე სს ''თ-----------ს'' სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ასანაზღაურებლად - 67.62 ლარის გადახდა.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მოითხოვს საფოსტო მომსახურების ხარჯის - 3.50 ლარის ოდენობით მოპასუხისთვის დაკისრებას. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მის მიერ გაღებული სასამართლოსგარეშე ხარჯის, კერძოდ, საფოსტო მომსახურების უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს ''თ-----------ს'' სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. მოპასუხე ე-----------ს მოსარჩელე სს ''თ-----------ს'' სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 26 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხის - 6446.39 ლარის, პროცენტის - 843.54 ლარის და პირგასამტეხლოს - 68.09 ლარის გადახდა.

 

3. მოპასუხე ე-----------ს მოსარჩელე სს ''თ-----------ს'' სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 22 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხის - 5998.40 ლარის, პროცენტის - 1096.09 ლარის და პირგასამტეხლოს - 246.28 ლარის გადახდა.

4. მოპასუხე ე-----------ს მოსარჩელე სს ''თ-----------ს'' სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ასანაზღაურებლად - 67.62 ლარის, ასევე სასამართლოსგარეშე ხარჯის სახით - 3.50 ლარის გადახდა.

5. მოსარჩელე სს ''-------------'' დაუბრუნდეს მის მიერ 2019 წლის 25 თებერვალს (საგადასახადო დავალება N5) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 526.31 ლარის ნაწილი - 373.34 ლარი, რომელიც ჩაირიცხა სახელმწიფო ხაზინის შემდეგ ანგარიშზე: სახაზინო კოდი - 300773150.

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ქეთევან მამაცაშვილი