გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.05.2019
საქმის ნომერი
200210017002141770
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო
თარიღი
30.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №200210017002141770

საქმე №2/810-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30 მაისი, 2019 წელი თელავი

შესავალი ნაწილი

თელავის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი

სხდომის მდივანი თამარ ბერძენაშვილი

მოსარჩელე: სს „დ-----------------------------’’

წარმომადგენელი: გ----------------–---–ი

მოპასუხე: დ--------------ძე

დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე დ--------------ძეს სს „დ-----------------------------ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს 3578.59 ლარის გადახდა;

1.2. მოპასუხე დ--------------ძეს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის თანხის ანაზღაურება 103.35 ლარის ოდენობით.

 

მოსარჩელემ თავის მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

2015 წლის 30 ნოემბერს სს ,,დ-----------------------------სა’’ და კ-------------–-----ს (პ/ნ 0----------) შორის გაფორმდა დაზღვევის ხელშეკრულება №0-----, რომლის მიხედვითაც სადაზღვევო კომპანიამ იკისრა ვალდებულება, გაეწია სადაზღვევო მომსახურება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ავტომობილის დაზიანების შემთხვევაში. 2016 წლის 17 იანვარს ქ.თბილისში, მ-----------------------, მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რა დროსაც დაზიანდა სს ,,დ-----------------------------ში’’ დაზღვეული ავტომანქანა B-----------------------------. (დაზღვევის პოლისი №0-----, სადაზღვევო პერიოდი 30.11.2015-დან 30.11.2016-მდე). აღნიშნული ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მოპასუხე დ--------------ძის ბრალეულობით და მას გამოეწერა შესაბამისი ჯარიმა 250 ლარის ოდენობით საპატრულო პოლიციის მიერ, მანევრირების წესების დარღვევის გამო, რასაც მოჰყვა შეჯახება. ასევე მისი ბრალეულობა დასტურდება საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა დაწერილ ახსნა-განმარტებაში. 2016 წლის 18 იანვარს, ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე კ-------------–-----მ სადაზღვევო კომპანიაში შეიტანა განაცხადი ზიანის დადგომის შესახებ, სადაც აღწერა ავტოსაგზაო შემთხვევის გარემოებები და ავტომანქანის დაზიანება (რაც ვიზუალურად ჩანდა), ასევე მანვე წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც ის ითვლებოდა ავტომანქანის უფლებამოსილ მძღოლად. სს ,,დ-----------------------------მ’’ შეასრულა კ-------------–-----სთან 2015 წლის 30 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და უზრუნველყო ავტომანქანის შეკეთების ღირებულების კალკულაციის შედგენა სპეციალიზირებული დაწესებულების მიერ. სს ,,დ-----------------------------მ’’ გამოსცა 2016 წლის 28 იანვარს გამოსცა ზარალის დარეგულირების აქტი №016084, რომელსაც ხელმოწერით დაეთანხმა კ-------------–-----ც. სს ,,დ-----------------------------მ’’ 2016 წლის 01 თებერვალს კ-------------–-----ს საგადასახადო დავალება №567-ით გადაურიცხა ავტომანქანის შეკეთების საფასური 3578.59 ლარი. საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ 2017 წლის 13 ოქტომბერს გაცემული №49/7/1/3-01448837 ცნობით დადგენილია, რომ 2016 წლის 17 იანვარს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ავტომანქანა B------------------------0, 2014 წლის 30 ივნისიდან 2016 წლის 29 თებერვლამდე რეგისტრირებული იყო თელავი, მ–-----------------------–- მცხოვრებ ქ-------------–-–---–ის სახელზე. უფლებრივი შეზღუდვა სატრანსპორტო საშუალებაზე რეგისტრირებული არ არის. სს ,,დ-----------------------------მ’’ მოპასუხე დ--------------ძეს 2016 წლის 21 ივნისს და 2017 წლის 06 ოქტომბერს გაუგზავნა წერილები №491 და №1223 ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. წერილებში მითითებული ვადის გასვლის შემდეგ დ--------------ძის მხრიდან რაიმე სახის რეაგირება არ ყოფილა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე დ--------------ძემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით ნაწილობრივ ცნო სარჩელი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2015 წლის 30 ნოემბერს სს ,,დ-----------------------------სა’’ და კ-------------–-----ს (პ/ნ 0----------) შორის გაფორმებული იქნა დაზღვევის ხელშეკრულება №0-----. 2016 წლის 17 იანვარს, თბილისში, მ-----------------------, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა ა/მანქანა B----------------------------, რომელიც დაზღვეული იყო სს „დ-----------------------------ში’’ (დაზღვევის პოლისი №0-----, სადაზღვევო პერიოდი 30.11.2015-დან 30.11.2016-მდე).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ავტოსატრანსპორტო დაზღვევის პირობები (დაზღვევის ხელშეკრულება №0-----) (ს.ფ 16-24);

- ავტოსატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის პოლისი (ს.ფ 25);

 

3.1.2 ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეულია მოპასუხე დ--------------ძის ბრალეულობით, მანევრირების წესების დარღვევის გამო და მოპასუხე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის საფუძველზე დაჯარიმდა 250 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ელექტრონული საჯარიმო ქვითარი (ს.ფ 26);

- საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილზე შედგენილი სქემა (ს.ფ 27);

- ახსნა-განმარტებები (ს.ფ. 28-29);

 

3.1.3. ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე კ-------------–-----ს მიერ სადაზღვევო კომპანიაში გაკეთებული იქნა განაცხადი ზიანის დადგომის შესახებ, ასევე წარდგენილი იქნა შესაბამისი დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც ითვლებოდა ა/მანქანის უფლებამოსილ მძღოლად. სს ,,დ-----------------------------ს’’ მიერ უზრუნველყოფილი იქნა ავტომანქანის შეკეთების ღირებულების კალკულაციის შედგენა სპეციალიზირებული დაწესებულების მიერ, რომლის თანახმად ავტომანქანის შეკეთების ღირებულებამ შეადგინა 3578.59 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- განაცხადი ზიანის დადგომის შესახებ (ს.ფ. 30-34);

- ავტომანქანის რეგისტრაციის მოწმობა (ს.ფ. 36);

- ავტოსატრანსპორტო საშუალების შეკეთების აღწერა №4455 (ს.ფ 37);

- ზარალის დარეგულირების აქტი №016084 (ს.ფ. 38-40);

3.1.4. სს ,,დ-----------------------------ს’’ მიერ ანაზღაურდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტომობილისთვის მიყენებული ზიანი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საგადახდო დავალება №567 (ს.ფ 41);

 

3.1.5. 2016 წლის 17 იანვარს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ავტომანქანა B------------------------0, 2014 წლის 30 ივნისიდან 2016 წლის 29 თებერვლამდე რეგისტრირებული იყო თელავი, მ–-----------------------–- მცხოვრებ ქ-------------–-–---–ის სახელზე. უფლებრივი შეზღუდვა სატრანსპორტო საშუალებაზე რეგისტრირებული არ არის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ 2017 წლის 13 ოქტომბერს გაცემული ცნობა (ს.ფ 42);

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენაში, კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს, თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა.

 

ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,დ-----------------------------ს’’ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე, 832-ე, 992-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება.

 

უდავო გარემოებაა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაზიანდა სადაზღვევო კომპანია სს ,,დ-----------------------------ში’’ დაზღვეული ა/მანქანა B----------------------------, რომელსაც სადაზღვევო კომპანიამ აუნაზღაურა ზიანი 3578.59 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს.

 

მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, იმისათვის რომ დამზღვევს მესამე პირის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნის უფლება წარმოეშვას, სახეზე უნდა იყოს, შემდეგი წინაპირობები: ა)დამზღვევსა და მზღვეველს შორის ხელშეკრულება ნამდვილია; ბ)დამდგარია სადაზღვევო შემთხვევა; გ)სადაზღვევო შემთხვევის დადგომა მესამე პირის ბრალეულმა ქმედებამ უნდა გამოიწვიოს და დ)დასახელებული ქმედების შედეგად დამდგარი ზიანი დამზღვევის მიერ მზღვეველისათვის ანაზღაურებული უნდა იყოს.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ ავტომანქანის შესაკეთებლად საჭირო თანხა გადახდილი იქნა დამზღვევისათვის, შესაბამისად სადაზღვევო კომპანიას წარმოეშვა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება იმ პირების მიმართ, რომლებსაც ეკისრებოდათ მისი ანაზღაურების ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის დანაწესით პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლიდან გამომდინარე, ნებისმიერმა პირმა უნდა აანაზღაუროს მის მიერ მიყენებული ზიანი. სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემოთმითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას.

 

უპირველეს ყოვლისა, გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. ზიანი შეიძლება გამოიხატოს პირადი ქონების დაზიანებაში ან განადგურებაში, ანდა ისეთ ქმედებაში, როდესაც პირი კარგავს მის კუთვნილ ქონებას.

 

დ--------------ძის ბრალეულობა დადასტურებულია ადმინისტრაციულ- სამართალდარღვევათა ოქმით, დასახელებული ოქმი არ ყოფილა გასაჩივრებული კანონით დადგენილი წესით და იგი იმთავითვე ადასტურებს დელიქტური ვალდებულებისათვის გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო ბრალეულ ქმედებას და მოსარჩელე არ არის ვალდებული დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენით ამტკიცოს, აღნიშნული გარემოება. შესაბამისად, სასამართლო წინამდებარე დავაში დადგენილად მიიჩნევს მოპასუხის ბრალეულობას. დადგენილია, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და შედეგს (ზიანი) შორის.

 

რაც შეეხება ზიანის ოდენობას, სასამართლო განმეორდება და აღნიშნავს, რომ კანონით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი) გათვალისწინებულია თითოეული მხარის ვალდებულება მიუთითოს სასარჩელო მოთხოვნა, ფაქტები და წარმოადგინოს დასახელებული ფაქტის დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები. ასეთი მიდგომა წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო სამართალში დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გამოვლინებას.

 

მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ.

 

შინაგანი რწმენის ჩამოყალიბება მოსამართლის მიერ ხდება არა სუბიექტურად, არამედ ობიექტური მიუკერძოებლობის კონტექსტში შესწავლილი მტკიცებულებების გაანალიზების საფუძველზე.

 

მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით. შესაბამისად, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ ავტომანქანის დაზიანების ხარისხის სიმძიმე და ზიანის ოდენობა არ შეესაბამება რეალურ მდგომარეობას მოპასუხეს ეკისრებოდა, რაც მის მიერ არ განხორციელებულა.

 

ვინაიდან მოსარჩელემ დამზღვევს გადაუხადა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანი კ-------------–-----ს, მოსარჩელის მიმართ წარმოეშვა კანონისმიერი ვალდებულება აანაზღაუროს სადაზღვევო კომპანიის მიერ გადახდილი თანხა. ზემოაღწერილი მსჯელობიდან გამომდინარე სს ,,დ-----------------------------ს’’ სასარჩელო მოთხოვნა დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1 სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს-სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს ეთქვა უარი.

 

სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 103.35 ლარი. ვინაიდან სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხე დ--------------ძეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-365-ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. სს ,,დ-----------------------------ს’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

1.1 დ--------------ძეს სს ,,დ-----------------------------ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს 3578.59 ლარის გადახდა;

 

2. დ--------------ძეს სს ,,დ-----------------------------ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 103.35 ლარის გადახდა;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი