გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.05.2019
საქმის ნომერი
190210019002854859
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
21.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2-262-19

(საქმე N190210019002854859)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

21 მაისი, 2019 წელი ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მაია შოშიაშვილი

სხდომის მდივანი გიორგი ჩუბინიძე

მოსარჩელე: ნ---- ბ---–---–ი

წარმომადგენელი: ლ-- პ---------ი

მოპასუხე: ზ----- ა------ე

მესამე პირი: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი

წარმომადგენელი: პ----- ც------–--ე

დავის საგანი: მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოპასუხე ზ----- ა------ეს (პ/ნ 3----------) შვილის, ლ---- ა------ის (დაბადებული 2--- წლის 14-------–ს, პ/ნ 3----------- მიმართ შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება და ამავდროულად უფლება მიეცეს ნ---- ბ---–---–ს (პ/ნ 1----------) არასრულწლოვანი შვილის მამის თანხმობის გარეშე, აუღოს პასპორტი და გაიყვანოს საქართველოს ფარგლებს გარეთ.

 

მოსარჩელე ნ---- ბ---–---–ი (პ/ნ 1----------) და მოპასუხე ზ----- ა------ე (პ/ნ 3----------) არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2002 წლიდან. 1--------- წელს მათ შეეძინათ შვილი ლ---- ა------ე (პ/ნ 3-----------. მოპასუხე ზ----- ა------ე 2005 წლამდე ცხოვრობდა მეუღლესა და შვილთან ერთად. 2005 წელს მოსარჩელემ მიატოვა ოჯახი, ბავშვი დარჩა საცხოვრებლად დედასთან. უკვე ცამეტი წელია მოსარჩელე ბავშვს ზრდის დამოუკიდებლად. ბავშვი 15 წლისაა და არც კი იცნობს მამას, მიუხედავად ამ გარემოებისა, მოპასუხეს როგორც მამას სამართლებრივად, ვალდებულებებთან ერთად გააჩნია გარკვეული უფლებებიც, შვილის მიმართ. მოსარჩელე ოჯახური პირობების გამო იძულებული გახდა წასულიყო საზღვარგარეთ, კერძოდ იტალიაში. ის მუშაობს ოჯახში დამხმარედ და ვერ ახერხებს ჩამოსვლას საქართველოში. იმ მიზეზით რომ ლ---- ა------ე არასრულწლოვანია, მამის თანხმობის გარეშე ვერ დატოვებს საზღვარს. ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელეს სურვილი აქვს სკოლიდან არდადეგების პერიოდში თავისთან წაიყვანოს და გარკვეული დრო გაატაროს შვილთან ერთად.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

ვინაიდან მოპასუხეს არ წარმოუდგენია შესაგებელი და არც სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა უცნობია მისი პოზიცია.

 

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია

 

სოციალური სამსახურის შეფასებით, ამ ეტაპზე დედა იმყოფება საზღვარგარეთ კერძოდ იტალიაში, ქალაქ პრატოში, სადაც მუშაობს ოჯახში მოხუცის დამხმარედ. ლ---- დედის საზღვარგარეთ წასვლის შემდეგ ცხოვრობს ბებიასთან - ი----- ბ---–---–თან ერთად, მისამართზე ქ.რუსთავი, ლეონიძის ქ. კორ 1-- ბ-----ში. ბავშვის შესაფასებლად სოციალურმა აგენტმა განახორციელა ვიზიტი სახლში, სადაც საცხოვრებელი პირობები არის დამაკმაყოფილებელი, ოჯახში არის პირველად მოხმარების ყველა ნივთი.

ბებიის მიერ მიწოდებული ინფორმაციით, ლ---- ა------ეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ აქვს, ჩატარებული აქვს ყველა სავალდებულო აცრა.

ლ---- მისდევს ჯანმრთელი ცხოვრების წეს, დაინტერსებულია სპორტით, მას სურს რომ დედა მოინახულოს საზღვარგარეთ, რადგან თვითონ ვერ ახერხებს ჩამოსვლას. როგორც ლ---- აღნიშნავს მას მამა ვიზუალურადაც არ ახსოვს. ბავშვზე ძირითად მოვლა მზრუნველობას დედის მხარე ახორციელებს მის ყოველდიურ ცხოვრებაში ასევე ჩართულია ბიძა დედის ძმა - ჯ------- ბ---–---–ი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ლ----ს უწევს სათანადო დახმარებას.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ლ---- ა------ე მშვიდ და უსაფრთხო გარემოში იზრდება. ბავშვი სიყვარულს გამოხატავს ოჯახის წევრების მიმართ.

სოციალური აგენტის მხრიდან შეფასების დროს ოჯახის წევრების მხრიდან არ გამოკვეთილა ისეთი სახის ზეგავლენა რაც საფრთხეს უქმნის არასრულწლოვნის ჯანმრთელობას, განვითარებას და სიცოცხლეს. ბავშვის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ურთიერთობა ქონდეს დედასთან, რადგან არ დაირღვეს ემოციური კავშირი, რადგან მისი მზრუნველ და მოსიყვარულე გარემოში ყოფნა დადებითად აისახება მის განვითარებაძე. ასევე იქიდან გამომდიანრე, რომ უცნობია მამის ადგილსამყოფელი, ლ----ს ხელი ეშლება გარკვეულ აქტივობებში მონაწილეობის მისაღებად და ქვეყნიდან გასვლის საკითხში, მნიშვნელოვანია განხილული და აღმოფხვრილი იქნაე ეს პრობლემა, რათა ხელი შეეწყოს ლ---- ა------ის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობასა და მისი განვითარების პროცესს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მხრეები იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში 2002 წლიდან.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-გაანმარტება;

 

3.1.2. მოსარჩელესა და მოპასუხეს 14.0-.2--- წელს შეეძინათ საერთო შვილი ლ---- ა------ე;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაბადების მოწმობის ასლი;

 

3.1.3. 2005 წელს მოპასუხე ზ----- ა------ემ მიატოვა ოჯახი და დღემდე არ აქვს ურთიერთობა მოსარჩელესთან და არც შვილთან.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-გაანმარტება;მოწმე ქ------–- ა------ის ჩვენება.

 

3.1.4. 2016 წელს ოჯახური პირობების გაუარესების გამო მოსარჩელე ნ---- ბ---–---–ი იძულებული გახდა წასულიყო იტალიაში სამუშაოდ, რათა უზრუნველყო შვილის რჩენისათვის აუცილებელი სახსრები.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-პასპორტის ასლი, სადაც დაფიქსირებულია საზღვრის კვეთა;

- დისტანციური მინდობილობა, სადაც მითითებულია მოსარჩელის ადგილსამყოფელი;

 

3.1.5. დღეის მდგომარეობით უკანასკნელი 2 წელია მოსარჩელე მხარისათვის შეუძლებელია ბავშვის მონახულება, რადგან მის მიერ ქვეყნის დატოვება შეუქმნის პრობლემებს, დაკარგავს სამსახურს და დარჩება ერთადერთი შემოსავლის გარეშე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

3.1.6. მოპასუხე მხოლოდ საბუთებით წარმოადგენს ბავშვის მამას იგი ცამეტი წლის განმავლობაში არ აკითხავდა საკუთარ შვილს, ბავშვი არ იცნობს მამას. ამას ემატება ის გარემოებაც, რომ დედა იძულებული გახდა გამხდარიყო ემიგრანტი და ყოფილიყო შვილისგან შორს. მოქმედი კანონმდებლობით ბავშვისაარა მხოლოდ უფლება, მისი საუკეთესო ინტერესიცაა იქონიოს სრულფასოვანი კონტაქტი მშობლებთან, როგორც დედასთან ასევე მამასთან. მამასთან ურთიერთობის არ ქონის გამო და იმის გამო რომ კანონმდებლობით მამის თანხმობის გარეშე ქვეყნის დატოვების უფლება არ აქვს, მისთვის დედის მონახულებაც შეუძლებელია, რაც არღვევს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებეს. ასევე მუდმივად შორს ყოფნა იმ მშობელთან, რომელთანაც აღიზარდა და აქვს გარკვეული მიჯაჭვულობა და მუდმივი მონატრება, ცუდად აისახება მის ფსიქოლოგიასა და სულიერ მდგომარეობაზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

 

3.1.7. მოსარჩელე და მისი არასრულწლოვანი შვილი ორ წელზე მეტია არ შეხვედრიან ერთმანეთს, ბავშვი განსაკუთრებულად განიცდის ამ გარემოებას, გამომდინარე აქედან მოსარჩელეს სურს სკოლიდან მისთვის განსაზღვრულ პირველივე არდადეგებზე წაიყვანოს ბავშვი და ეს პერიოდი სრულად და მაქსიმალურად გამოიყენოს შვილთან ურთიერთობისთვის, უახლოესი დასვენების დღეები როდესაც მოსარჩელეს ამის შესაძლებლობა ექნება არის საზაფხულო არდადეგები, გამომდინარე ამ გარემოებიდან და ბავშვის საუკეთესო ინტერესიდან - სრულფასოვანი ურთიერთობა ქონდეს მშობელთან, დედისა და შვილის შეხვედრა დადებითად აისახება თავად ბავშვზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

 

3.1.8. ლ---- ა------ე 15 წლისაა, 20----–-–------------–ს ის თხუთმეტი წლის შესრულდა, მასაც სურს დედის მონახულება, მამასთან კონტაქტის შეუძლებლობის გამო ამის შაშუალება არ ეძლევა.სასამართლოს მხრიდან მოხდა მისი აზრის მოსმენა და თავად ბავშვიც გამოთქვამს დედასთან გამგზავრების და მონახულების სურვილს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

ლ---- ა------ის გამოკითხვა.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

ფაქტობრივი გარემოებები სადავო არ გამხდარა, რადგან მოპასუხეს არც შესაგებელი წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა.

 

სასამართლო იზიარებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ბავშვის სწორი აღზრდა-განვითარებისთვის აუცილებელ-- მას ურთიერთობა ჰქონდეს ორივე მშობელთან. ამასთან, არამართებულად არ უნდა შეიზღუდოს არასრულწლოვანი ბავშვის თავისუფალი გადაადგილების უფლება. სოციალური სამსახურის მითითებით, მიზანშეწონილ-- არასრულწლოვანი ბავშვის გაყვანა მოხდეს კონკრეტულ ქვეყნებში და ზუსტად იქნეს მითითებული ის პერიოდი, რა დროის განმავლობაშიც, მოსარჩელე შესძლებს არასრულწლოვანი ლ---- ა------ის საქართველოს ფარგლებს გარეთ გაყვანას. მოცემული დავის განხილვის მიმდინარეობისას, მოსარჩელე მხარემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა. ნ---- ბ---–---–ი მოითხოვს მოპასუხისათვის არასრულწლოვანი შვილის ლ---- ა------ის მიმართ პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთ (კერძოდ, იტალიაში ) დროებით ( სასკოლო არდადეგების პერიოდში) გაყვანის ნაწილში მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას, თავად ლ---- ა------ის პოზიციას და არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებისა და მისი უფლებების უპირატესად დაცვის თვალსაზრისით, მნიშვნელოვნად მიიჩნევს ბავშვს მიეცეს დედასთან კონტაქტის შესაძლებლობა, თუნდაც არდადეგების პერიოდში, რადგან დედა შრომით მიგრაციაშია და ვერ ახერხებს ბავშვთან სრულფასოვან კონტაქტს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).

_მესამე პირის ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმები).

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

მოსარჩელე მხარემ შეძლო თავისი სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის დადასტურება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა სარჩელი, მოისმინა მხარეთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და ფაქტობრივ გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, მივიდა დასკვნამდე, რომ სასარჩელო მოთხოვნა არასრულწლოვანი შვილის მიმართ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის თაობაზე ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

სასამართლომ გამოიყენა:

- ’’ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ მე-3, მე-12-ე, მე-18-ე და 27-ე მუხლები;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1199-ე, 1202-ე, 1205-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

მოსარჩელე ნ---- ბ---–---–მა მოითხოვა მოპასუხე ზ----- ა------ის არასრულწლოვანი შვილის, ლ---- ა------ის (დაბადებული 2--- წლის 14-------–ს, პირადი N3----------- მიმართ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების ნაწილობრივ შეზღუდვა, კერძოდ, პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთ (კერძოდ, იტალიაში,) დროებით სასკოლო არდადეგების პერიოდში გაყვანის შესახებ თანხმობის გაცემის ნაწილში.

 

სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ამავე კოდექსის 1199-ე მუხლის მიხედვით, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.

 

სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის მიხედვით: 1. მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. 2. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები.

 

სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლის თანახმად, 1. მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. სასამართლოს შეუძლია შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუკიდებლად.

 

კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს უფლებას შეზღუდოს მშობლის ერთ-ერთი უფლება. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა კონკრეტულ სფეროში მოპასუხის მიერ ნებართვის გაცემის ნაწილში. დადგენილია, რომ მხარეები, ნ---- ბ---–---–ი და ზ----- ა------ე ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. მხარეები 2005 წლიდან აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად. მოსარჩელე ნ---- ბ---–---–ი ამჟამად იმყოფება სამუშაოდ იტალიაში, მოპასუხე ზ----- ა------ე 2005 წლიდან წასულია ოჯახიდან და მასთან არანაირი კონტაქტი არა აქვთ, რაც დაადასტურა ამ უკანასკნელის მამამ - ქ------–- ა------ემ.

 

საქმეში წარმოდგენილი მასალებით, სოციალური მუშაკის ვიზიტი განხორციელდა ლ---- ა------ის საცხოვრებელ ადგილზე. დედის საზღვარგარეთ წასვლის შემდეგ იგი ცხოვრობს ბებიასთან - ი----- ბ---–---–თან ერთად, მისამართზე ქ.რუსთავი, ლეონიძის ქ. კორ 1-- ბ-----ში. ბავშვის შესაფასებლად სოციალურმა აგენტმა განახორციელა ვიზიტი სახლში, სადაც საცხოვრებელი პირობები არის დამაკმაყოფილებელი, ოჯახში არის პირველად მოხმარების ყველა ნივთი.

იქიდან გამომდიანრე, რომ უცნობია მამის ადგილსამყოფელი, ლ----ს ხელი ეშლება გარკვეულ აქტივობებში მონაწილეობის მისაღებად და ქვეყნიდან გასვლის საკითხში, მნიშვნელოვანია განხილული და აღმოფხვრილი იქნას ეს პრობლემა, რათა ხელი შეეწყოს ლ---- ა------ის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობასა და მისი განვითარების პროცესს, ლ----ს უნდა მიეცეს დედსათან კონტაქტის შესაძლებლობა.

 

.,,საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, 16 წლამდე ბავშვის, აგრეთვე ქმედუუნარო პირის საქართველოდან დროებითი გასვლა შესაძლებელია მისი ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის ნებართვით და სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის თანხლებით. 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვნის, თუ იგი არ იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში, საქართველოდან დროებითი გასვლისათვის საჭიროა მისი ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა. არასრულწლოვანს, აგრეთვე ქმედუუნარო პირს, რომელსაც საზღვარგარეთ დროებით გამგზავრებისას თან არ ახლავს კანონიერი წარმომადგენლები, ამ უკანასკნელთა შუამდგომლობის საფუძველზე მიეცემა პასპორტი.

 

საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემისათვის ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა საკმარისია, თუ: ა) მეორე კანონიერი წარმომადგენელი იძებნება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით; ბ) მეორე კანონიერი წარმომადგენელი გარდაცვლილი, ქმედუუნარო ან უგზო-უკვლოდ დაკარგულია; გ) მეორე კანონიერი წარმომადგენლის მძიმე ავადმყოფობის გამო შეუძლებელია ნების გამოხატვა, რაც დასტურდება შესაბამისი ცნობით; დ) არასრულწლოვანი 16 წელს მიღწეულია; ე) არასრულწლოვანი მარტოხელა დედის შვილია. არასრულწლოვანი ან ქმედუუნარო პირის საქართველოდან დროებითი გასვლის საკითხზე კანონიერ წარმომადგენელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავა გადაწყდება სასამართლოს წესით.

 

საოჯახო ურთიერთობების განსაკუთრებულობას და სპეციფიკურობას ადასტურებს საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლიც, რომლითაც სახელწიფოს მიერ აღიარებულია ვალდებულება, ხელი შეუწყოს ოჯახის კეთილდღეობას. ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტისას სასამართლომ უტყუარად და სარწმუნოდ უნდა დაადგინოს მიღებული გადაწყვეტილების ბავშვის ინტერესებისათვის ყველაზე უკეთ შესაბამისობა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, 7-დან 18 წლამდე არასრულწლოვანთა, აგრეთვე შეზღუდულ ქმედუნარიანად აღიარებულ მოქალაქეთა უფლებებსა და კანონით დაცულ ინტერესებს სასამართლოში იცავენ მათი მშობლები, მშვილებლები ან მზრუნველები. ამასთანავე, სასამართლო ვალდებულია ასეთ საქმეებში ჩააბას თვით არასრულწლოვნებიც.

 

,,ბავშვის უფლებების კონვენციის“ მე-12 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბების უნარის მქონე ბავშვის უფლებას, თავისუფლად გამოთქვას თავისი შეხედულება ნებისმიერ საკითხზე, რომელიც ეხება მას. ამასთან ბავშვის შეხედულებებს სათანადო ყურადღება ეთმობა მისი ასაკისა და სიმწიფის შესაბამისად. ამ მიზნით ბავშვს, კერძოდ, ეძლევა შესაძლებლობა, მოუსმინონ მას სასამართლო თუ ადმინისტრაციული წესით საქმის განხილვისას, რომელიც ბავშვს ეხება, როგორც უშუალოდ, ასევე წარმომადგენლის ან შესაბამისი ორგანოს მეშვეობით, ეროვნული კანონმდებლობის პროცესუალური ნორმებით დადგენილი წესით. ამავე კონვენციის მე-13 მუხლის მიხედვით, ბავშვს უფლება აქვს თავისუფლად გამოთქვას თავისი აზრი.

 

მოცემულ საქმეზე, არასრულწლოვან ლ---- ა------ესთან სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოხდა გასაუბრება. სასამართლომ ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით მიზანშეწონილად მიიჩნია არასრულწლოვანთან გასაუბრება.

არასრულწლოვანი დამაჯერებლად, ნათლად აფიქსირებს თავის სურვილს, კერძოდ, სურს დედის სანახავად წასვლა და უცხო ქვეყნის დათვალიერება. იგი ასევე აღნიშნავს, რომ საზღვარგარეთ მყოფ დედასთან აქვს მუდმივი კომუნიკაცია ინტერნეტის საშუალებით.

 

არასრულწლოვანი ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით, დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასთან და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას.

 

მშობლებს აქვთ თანაბარი უფლებები შვილის მიმართ, ამასთან ეკისრებათ პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, მათ შორის მის მშვიდ, ჯანსაღ ემოციურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობის უზრუნველყოფაზეც. აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლო იზიარებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიციას მოპასუხისათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით. ბავშვის სწორი აღზრდა-განვითარებისთვის აუცილებელია მას ურთიერთობა ჰქონდეს ორივე მშობელთან. ამასთან, არამართებულად არ უნდა შეიზღუდოს არასრულწლოვანი ბავშვის თავისუფალი გადაადგილების უფლება. სოციალური სამსახურის მითითებით, მიზანშეწონილია არასრულწლოვანი ბავშვის გაყვანა მოხდეს კონკრეტულ ქვეყნებში და ზუსტად იქნეს მითითებული ის პერიოდი, რა დროის განმავლობაშიც, მოსარჩელე შესძლებს არასრულწლოვანის საქართველოს ფარგლებს გარეთ გაყვანას.

 

ამასთან, არსებობს იმის სამართლებრივი გარანტია, მოსარჩელე მხარის ვალდებულება, რომ კონკრეტულ პერიოდში არასრულწლოვანი ბავშვი ჩამოიყვანოს საქართველოს ტერიტორიაზე, სადაც არის ბავშვის მუდმივი საცხოვრებელი. ამასთან, მოსარჩელე საზღვარგარეთ ბავშვის გაყვანას აპირებს იმ დროის შუალედით, რომ ხელი არ შეეშალოს არასრულწლოვან ბავშვს სასწავლო პროცესში. მოცემულ საქმეზე, არ გამოკვეთილა არასრულწლოვანი ლ---- ა------ის პასპორტის აღებისა და საქართველოს საზღვრებს გარეთ კონკრეტულ ქვეყანაში დროებით გაყვანისათვის რაიმე ხელისშემშლელი გარემოება, რაც ბავშვისთვის საზიანო და საფრთხისშემცველი იქნებოდა. ამდენად, არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებისა და მისი უფლებების უპირატესად დაცვის თვალისაზრისით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ნ---- ბ---–---–ის სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან, ვინაიდან არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით, აუცილებელია მისთვის განათლების უწყვეტობის და სწორად აღზრდა-განვითარების პირობების უზრუნველყოფა, ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანის პერიოდი უნდა განისაზღვროს სწავლისაგან თავისუფალ დროს, სასკოლო არდადეგების განმავლობაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და დავის საგანთან მიმართებით მხარეთა განმარტებების, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიციის საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ნ---- ბ---–---–ის სასარჩელო მოთხოვნა მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს. სასამართლო აქვე განმარტავს, რომ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა არ გულისხმობს მშობლისათვის შვილთან ურთიერთობის უფლების ჩამორთმევას ან შვილთან ურთიერთობის უფლების შეზღუდვას. მოპასუხე მხარეს უნარჩუნდება ბავშვთან როგორც პირადი, ისე კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებებით ურთიერთობის უფლება.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

განსახილველ შემთხვევაში, იქიდან გამომდინარე, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-55-ე, 243-244-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ნ---- ბ---–---–ის (პირადი N1----------) სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

ზ----- ა------ეს (პირადი N3----------) შეეზღუდოს მშობლის უფლება არასრულწლოვანი შვილის ლ---- ა------ის (დაბადებული 2--- წლის 14-------–ს, პირადი N3----------- მიმართ პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთ გაყვანის თანხმობის გაცემის ნაწილში, კერძოდ, ნ---- ბ---–---–ს მიეცეს უფლება მამის თანხმობის გარეშე აუღოს შვილს - ლ---- ა------ეს პასპორტი და გაიყვანოს საქართველოს ფარგლებს გარეთ იტალიაში, სასკოლო არდადეგების პერიოდში.

 

2. დაეკისროს ზ----- ა------ეს ნ---- ბ---–---–ის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 100 ლარის ოდენობით;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 14 /თოთხმეტი/ დღის ვადაში.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაია შოშიაშვილი