1. 16 წლამდე ბავშვის საქართველოდან დროებითი გასვლა შესაძლებელია მისი ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის ნებართვით და სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის თანხლებით.

2. მხარდაჭერის მიმღების საქართველოდან დროებითი გასვლა შესაძლებელია მხარდამჭერის წერილობითი თანხმობით, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

3. 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვნის, თუ იგი არ იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში, საქართველოდან დროებითი გასვლა შესაძლებელია მისი ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით.

4. თუ არასრულწლოვანს საქართველოდან დროებით გასვლისას თან არ ახლავს კანონიერი წარმომადგენლები, მას მათი შუამდგომლობის საფუძველზე მიეცემა პასპორტი.

5. საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემისათვის ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) უფლებამოსილი პირის ან საკონსულო თანამდებობის პირის თანდასწრებით გამოხატული, სანოტარო წესით დამოწმებული წერილობითი თანხმობა ან სააგენტოს უფლებამოსილი პირის წინაშე ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით გამოხატული თანხმობა საკმარისია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:

ა) არასრულწლოვანი 16 წელს მიღწეულია;

ბ) არასრულწლოვანს არ ჰყავს მეორე კანონიერი წარმომადგენელი;

გ) მეორე კანონიერი წარმომადგენელი სასამართლოს მიერ ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად;

დ) მეორე კანონიერი წარმომადგენელი სასამართლოს მიერ აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოცხადებულია გარდაცვლილად;

ე) არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება მეორე კანონიერი წარმომადგენლისთვის მშობლის უფლების ჩამორთმევის, შეჩერების ან შეზღუდვის თაობაზე;

ვ) მეორე კანონიერი წარმომადგენელი იძებნება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით;

ზ) მეორე კანონიერ წარმომადგენელს მძიმე ავადმყოფობის გამო არ შეუძლია ნების გამოხატვა, რაც დასტურდება შესაბამისი ცნობით;

თ) მეორე კანონიერი წარმომადგენლის ადგილსამყოფელი უცნობია და ამოწურულია მისი ადგილსამყოფლის დადგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა;

ი) არასრულწლოვნის საქართველოდან დროებით გასვლა საჭიროა მისი მკურნალობის მიზნით ან აუცილებელია მისი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციისათვის და მეორე კანონიერი წარმომადგენლის ადგილსამყოფელი უცნობია ან იგი არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების საწინააღმდეგოდ არ იძლევა საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემაზე ნებართვას.

6. არასრულწლოვნის საქართველოდან დროებითი გასვლის საკითხზე მისი კანონიერი წარმომადგენლების შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავა სასამართლო წესით გადაწყდება.

7. თუ მხარდამჭერი თანხმობას არ აცხადებს მხარდაჭერის მიმღების საქართველოდან დროებით გასვლაზე, მხარდაჭერის მიმღებს შეუძლია დავის გადასაწყვეტად სასამართლოს მიმართოს.

საქართველოს
2008
წლის
19
დეკემბრის

კანონი
№804-
სსმ
I, №40, 29.12.2008
წ
.,მუხ
.265

საქართველოს
2015
წლის
20
მარტის

კანონი
№3396 –
ვებგვერდი
, 31.03.2015წ.

საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი №3700 - ვებგვერდი, 15.06.2015წ.

საქართველოს 2016 წლის 4
მარტის კანონი
№4844
- ვებგვერდი, 22.03.2016