გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.05.2019
საქმის ნომერი
200210018002497370
კატეგორია
დავის ტიპი
მეუღლეთა განქორწინების თაობაზე, ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ, მშობლის უფლების ჩამორთმევის შესახებ
თარიღი
14.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №200210018002497370

საქმე №2/576-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

14 მაისი, 2019 წელი თელავი

შესავალი ნაწილი

თელავის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი

სხდომის მდივანი თამარ ბერძენაშვილი

მოსარჩელე: მ-------------–---–ი

წარმომადგენელი: ი--------------–---–ი

მოპასუხე: გ--------–-----ძე

მესამე პირი: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სოცილაური მომსახურების სამხარეო ცენტრი

წარმომადგენელი: ლ---------–---–---–ი, გ-----------------

დავის საგანი ალიმენტის გადახდის დაკისრება, ქორწინების შეწყვეტა, მშობლის უფლების შეზღუდვა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მ-------------–---–ს (პ/ნ 2----------) და გ--------–-----ძეს (პ/ნ 1----------) შორის, 2013 წლის 05 აპრილს რეგისტრირებული ქორწინების (ქორწინების მოწმობა №2----------, სააქტო ჩანაწერი №2----------) შეწყვეტა;

 

1.2. მოპასუხე გ--------–-----ძეს (პ/ნ 1----------) არასრულწლოვანი შვილის ჯ----–-–-----ძის (დაბადებული 2----–-–-------------, პ/ნ 2----------) სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრება ყოველთვიურად 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან (2018 წლის 15 ივნისიდან) ბავშვის სრულწლოვანებამდე.

 

1.3. მოპასუხე გ--------–-----ძეს (პ/ნ 1----------) შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება ჯ----–-–-----ძის (დაბადებული 2----–-–-------------, პ/ნ 2----------) მიმართ, საქართველოს საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების ნაწილში, კერძოდ, არასრულწლოვანი ჯ----–-–-----ძე ყოველწლიურად გაყვანილ იქნას ი----–--ში 01 ივლისიდან 01 აგვისტოს ჩათვლით.

(დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა)

 

სარჩელის საფუძვლები:

მოსარჩელე გ--------–-----ძესთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა 2009 წლიდან, ხოლო ქორწინების რეგისტრაცია განხორციელდა 2013 წლის 5 აპრილს. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი 2----–-–------------- დაბადებული ჯ----–--–-----ძე. 2016 წლის მარტის თვიდან ერთად აღარ ცხოვრობენ, ხოლო ბავშვი მოსარჩელემ წაიყვანა საცხოვრებლად. მას შემდეგ რაც ფაქტობრივად ერთად აღარ ცხოვრობენ, იგი აღარ ინტერესდება ბავშვის მდგომარეობით და არ იჩენს ყურადღებას, ამ პერიოდის განმავლობაში მან მხოლოდ რამოდენიმეჯერ წაიყვანა ბავშვი მოსანახულებლად. ვინაიდან ორ წელზე მეტია უკვე აღარ ცხოვრობენ ერთად, არც შერიგების სურვილი აქვს და სურს გაქორწინება.

ამასთან, ვინაიდან იგი არ იჩენს მზრუნველობას ჯ----–-–-----ძის მიმართ, ბავშვის რჩენა-აღზრდისათვის მნიშვნელოვანია, რომ მას ყოველთვიურად დაეკისროს ალიმენტის გადახდა, რათა სრულფასოვნად განვითარების უფლება მიეცეს ბავშვს. ამჟამად არის უმუშევარი და მხოლოდ დედა ეხმარება მატერიალურად. ბავშვის მამას კი შესწევს უნარი და ვალდებულია, ბავშვს გადაუხადოს სარჩო.

ასევე მოსარჩელის დედა ცხოვრობს ი----–--ში, მას ოფიციალურად აქვს მინიჭებული ცხოვრების უფლება და დასაქმებულია ასევე ოფიციალურად. ვინაიდან ბავშვისათვის მნიშვნელოვანია გარემოს გამოცვლა, გადაწყვიტა, რომ დედასთან წასულიყო ი----–--ში დროებით და შემდგომ ბავშვს ისევ საქართველოში გაეგრძელებინა სწავლა. გ--------–-----ძე დაუსაბუთებელ უარს ეუბნება, რომ ბავშვი გაიყვანოს საქართველოდან, ბებიასთან. ბუნებრივია ბებიაც უფლებამოსილია, ურთიერთობა ჰქონდეს მის შვილიშვილთან.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე გ--------–-------- სასამართლო მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო ქორწინების შეწყვეტის და ალიმენტის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში, ხოლო მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მოთხოვნის ნაწილში, კერძოდ, საქართველოს საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების ნაწილში არ ეთანხმება. მოპასუხე მიუთითებს იმ საფრთხეზე, რომ შესაძლებელია მოსარჩელემ წაიყვანოს არასრულწლოვანი ბავშვი და აღარ დაბრუნდეს, რითაც მოპასუხეს აღარ ექნება შვილთან პირადი ურთიერთობები.

 

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია

 

კახეთის სოციალური სამსახურის შეფასებით, მ-------------–---–ის ინფორმაციით, იგი გ--------–-----ძეს ცოლად გაჰყვა 17 წლის ასაკში 2009 წელს. 2----–-–------------- შეეძინათ ვაჟი, ჯ----–-–-----ძე. 2013 წლის 5 აპრილს განხორციელდა მათი ქორწინების რეგისტრაცია. ოჯახი თავიდანვე ცხოვრობდა ზესტაფონის რაიონის სოფელ მ------------–-. შემდეგ ჩამოვიდნენ სოფელ რ--------–ი და დროდადრო იცვლიდნენ საცხოვრებელ ადგილს. გ--------–-----ძე არ მუშაობდა. იგი დამოკიდებული იყო ალკოჰოლზე. ოჯახში ხშირად იყო ჩხუბი და უსიამოვნება. იყო ფიზიკური ძალადობის შემთხვევებიც. ერთხელ გ-------- მუშტი, რომელიც მეუღლისთვის იყო განკუთვნილი, ბავშვს მოხვდა თავში. იმის გამო, რომ გ--------–-----ძე საკუთარ სახლში უფრო მეტად ძალადობდა მეუღლეზე, მ---- ცდილობდა, რომ უფრო მეტად რ--------–ი მამასთან, ზ-------------–---–---- ეცხოვრათ. ოჯახს ი----–------ სისტემატიურად უგზავნიდა ფულს მ-------------–---–ის დედა, ხ---------------–---–ი. 2016 წლის მარტიდან მ-------------–---–ი ბავშვთან ერთად სოფელ რ--------–ი ჩამოვიდა. მან გადაწყვიტა მეუღლესთან დაშორება, რადგან აღარ შეეძლო ძალადობის, ჩხუბის და სიტყვიერი შეურაცხყოფის ატანა, როგორც მისი, ასევე მისი ახლობლების მისამართით. მ-------------–---–ის ინფორმაციით, გ--------–-----ძეს შვილის მიმართ მზრუნველობა არ გამოუჩენია. იგი არ ფიქრობს იმ საჭიროებებზე, რაც ბავშის გაზრდისათვის და აღზრდისათვის არის აუცილებელი. დაშორების შემდეგ გ--------–-----ძე მოდიოდა ხოლმე ბავშვის სანახავად, მ-------------–---–ი სახლში იღებდა ბავშის ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ გ--------–-----ძე აგრძელებდა შეურაცხყოფას და მუქარას ყოფილი მეუღლის მიმართ, არ ერიდებოდა მ----ს მამასაც კი. ორჯერ ზ----------–-– წაიყვანა შვილი და ბავშვის დაბრუნება აღარ უნდოდა. მ-------------–---–ს ერთი წლის წინ გარდაეცვალა მამა, ზ-------------–---–ი. მისი დედა, ხ---------------–---–ი ი----–--ში იმყოფება და იქიდან ეხმარება შვილს და შვილიშვილს, უგზავნის ფულს დაახლოებით 600 ლარს თვეში. აგრეთვე უგზავნის ტანსაცმელს, მშრალ საკვებს, ჰიგიენის ნივთებს და ტკბილეულს. მ-------------–---–ი დედის დახმარებით სრულყოფილად აკმაყოფილებს შვილის საჭიროებებებს. მ-------------–---–ი შვილთან ერთად ცხოვრობს თელავის მუნიციპალიტეტის, სოფელ რ--------–ი, მშობლების კეთილმოწყობილ სახლში. ბავშვისთვის შექმნილია მშვიდი და კეთილსაიმედო გარემო. ჯ----–-–-----ძე რ---------- საჯარო სკოლის მესამე კლასში სწავლობს. ბავშვის როგორც ფიზიკური, ასევე გონებრივი განვითარება ნორმის ფარგლებშია. იგი ასაკის შესაბამისადაა განვითარებული, არის მოძრავი, უყვარს სპორტული თამაშები. იგი განიცდის მშობლების მდგომარეობას. უყვარს დედაც და მამაც. მათ შორის კონფლიქტი ცუდად მოქმედებს ბავშვზე. მ-------------–---–ი შვილს უქმნის უსაფრთხო და კეთილსაიმედო გარემოს. მისი ყველა საჭიროება დაკმაყოფილებულია. ის იზრდება მზრუნველ და მოსიყვარულე გარემოში. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მის უსაფრთხოებას, ჯანმრთელობას და განვითარებას.

სოციალური მუშაკის პოზიცია/დასკვნა/რეკომენდაცია: ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე სასურველია ბავშვი იზრდებოდეს სრულფასოვან ოჯახში, მშობლების გვერდით, მაგრამ რადგანაც ამ შემთხვევაში ეს არ ხერხდება, ბავშვი უნდა გაიზარდოს დედასთან და მამას, გ--------–-----ძეს განესაზღვროს ნახვის დღეები.

ზესტაფონის რაიონული განყოფილების სოციალური მუშაკის შეფასებით, გ--------–-----ძე და მ-------------–---–ი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2009 წლიდან, მათი ქორწინების რეგისტრაცია მოხდა 2013 წელს. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი - ჯ----–-–-----ძე (დაბ: 24.03.2---) გ--------–-----ძის გადმოცემით, მეუღლესთან რაიმე მნიშვნელოვანი კონფლიქტი არ ჰქონია, თუმცა ადასტურებს, რომ ზოგჯერ უთანხმოება მოსდიოდათ, რაც გამოწვეული იყო მატერიალური პრობლემებით. დაახლოებით ორი წლის წინ მ-------------–---–მა შვილთან ერთად დატოვა სახლი და მამასთან, თელავის რაიონის სოფელ რ--------–ი წავიდა, გ--------–-----ძის თხოვნის მიუხედავად მ---- მასთან აღარ დაბრუნებულა. მეუღლესთან დაშორების შემდეგ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში გ--------–-----ძე მუშაობდა თბილისში, მშენებლობაზე. თბილისში ყოფნის დროს რამოდენიმეჯერ ჩააკითხა შვილს კახეთში, 2017 წლის ზაფხულში ჯ----–- ორჯერ ჰყავდა წამოყვანილი სახლში, სადაც ბავშვმა დაახლოებით 10 დღე გაატარა მამასა და ბებიასთან, როგორც გ--------–-------- უთხრა, შვილი ბოლოს აპრილში, დაბადების დღეზე ნახა. მას შემდეგ კი ჯ----–- მხოლოდ ტელეფონით ეკონტაქტება, რადგან მისივე გადმოცემით მ----მ უთხრა, რომ ბავშვის ნახვის ნებას აღარ მისცემდა. თუ რატომ აცხადებს უარს გ--------–-----ძე, რომ მისმა მეუღლემ ბავშვი დროებით წაიყვანოს ი----–--ში, ბებიასთან, შიშობს, რომ მ-------------–---–ი ბავშვს საზღვარგარეთ წაიყვანს, რამდენიმე წელი უკან აღარ დაბრუნდება, რაც თავისთავად ნიშნავს იმას, რომ ის შვილს დიდი ხნით დასცილდება. სწორედ ეს არის მისი უარის მიზეზი. გ--------–-----ძესთან საუბრისას გაირკვა, რომ მას სურს შვილთან ურთიერთობა, შეეძლოს, რომ არდადაგების პერიოდში ბავშვი წამოიყვანოს თავისთან და შეძლებისდაგვარად მიიღოს მონაწილეობა მისი აღზრდის პროცესში. მისივე გადმოცემით, შვილთან თბილი, მამაშვილური ურთიერთობა აკავშირებს და ბავშვს უხაროდა სოფელში მასა და ბებიასთან ყოფნა. რაც შეეხება გ--------–-----ძის საყოფაცხოვრებო პირობებსა და სოციალურ გარემოს, მისი ოჯახი ორი წევრისგან შედგება, დედა - თ---------აძე და თავად გ--------–-----ძე. ოჯახი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მ------------–- ფლობს ორსართულიან სახლს. პირველ სართულზე განთავსებულია შემოსასვლელი, მისაღები და საძინებელი. ოთახები ძველი გარემონტებულია, საყოფაცხოვრებო ავეჯიც მოძველებულია. მეორე სართული ხისაა და გამოუსადეგარია საცხოვრებელი. არ აქვთ სააბაზანო. ოჯახს მიეწოდება ელექტროენერგია. ზამთარში იყენებენ შეშის ღუმელს. გ--------–-----ძეს მიღებული აქვს საშუალო განათლება. გარკვეული პერიოდი მუშაობდა თბილისში მშენებლობაზე, საიდანაც რამდენიმე თვის წინ წამოვიდა. ამჟამად არ აქვს სტაბილური შემოსავალი, პერიოდულად საქმდება მუშად, თუმცა ამას არ აქვს ხშირი ხასიათი. ამ ეტაპზე ოჯახს არ აქვს სტაბილური შემოსავალი. გ--------–-----ძეს და დედამისს მეზობლები ახასიათებენ დადებითად. ბავშვის სრულყოფილი ფსიქო-ემოციური განვითარებისათვის, სასურველია, მცირეწლოვან ჯ----–-–-----ძეს რეგულარული ურთიერთობა ჰქონდეს მამასთან.

 

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ არასრულწლოვანი ბავშვის სრულყოფილი განვითარებისათვის და მისი საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, საზღვარგარეთ გაყვანა შეესაბამება ბავშვის სწორად აღზრდის ინტერესებს. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, მეურვეობისა და მზურნველობის ორგანოს წარმომადგენელი მხარს უჭერს სასარჩელო მოთხოვნას მოსარჩელე მხარის მიერ მითითებულ ქვეყანაში (ი----–--) არასრულწლოვანი ბავშვის დროებით გაყვანის ნაწილში მოპასუხისათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის შესახებ.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. მ-------------–---–ი გ--------–-----ძესთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა 2009 წლიდან, ხოლო ქორწინების რეგისტრაცია განხორციელდა 2013 წლის 5 აპრილს. თანაცხოვრების პერიოდში მხარეებს შეეძინათ შვილი, 2----–-–------------- დაბადებული ჯ----–-–-----ძე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქორწინების მოწმობა №2---------- (ს.ფ. 19);

- ჯ----–-–-----ძის დაბადების მოწმობა (ს.ფ. 20);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, სხდომის ოქმი).

 

3.1.2. მუღლეთა შორის არსებული სისტემატიური უთანხმოების გამო 2016 წლის მარტის თვიდან ერთად აღარ ცხოვრობენ. მოსარჩელე შვილთან ერთად ცხოვრობს მშობლების ბინაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სხდომის ოქმი).

 

3.1.3. მოსარჩელე მ-------------–---–სა და მოპასუხე გ--------–-----ძეს შორის საქორწინო ურთიერთობა შეწყვეტილია ორ წელზე მეტი და ოჯახის აღდგენა შეუძლებელია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1.4. მ-------------–---–ი არის უმუშევარი და მხოლოდ დედა ეხმარება მატერიალურად. ბავშვის მამას კი შესწევს უნარი და ვალდებულია, ბავშვს გადაუხადოს სარჩო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გზავნილის ამონაწერი (ს.ფ. 105);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მ-------------–---–ის დედა ცხოვრობს ი----–--ში, მას ოფიციალურად აქვს მინიჭებული ცხოვრების უფლება და დასაქმებულია ასევე ოფიციალურად. მოსარჩელე მხარის განმარტებით, მისი მიზანია მხოლოდ მცირე დროით დედასთან წასვლა ი----–--ში, თავის შვილთან ერთად ბებიის მოსანახულებლად და ისევ საქართველოში დაბრუნება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- პირადობის მოწმობა ცხოვრების უფლებით (ს.ფ. 106-107);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2.2. სასამართლო იზიარებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ბავშვის სწორი აღზრდა-განვითარებისთვის აუცილებელია მას ურთიერთობა ჰქონდეს ორივე მშობელთან. ამასთან, არამართებულად არ უნდა შეიზღუდოს არასრულწლოვანი ბავშვის თავისუფალი გადაადგილების უფლება. სოციალური სამსახურის მითითებით, მიზანშეწონილია არასრულწლოვანი ბავშვის გაყვანა მოხდეს კონკრეტულ ქვეყანაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას. არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებისა და მისი უფლებების უპირატესად დაცვის თვალსაზრისით, არ გამოკვეთილა არასრულწლოვანი ჯ----–-–-----ძის საქართველოს საზღვრებს გარეთ კონკრეტულ ქვეყანაში დროებით გაყვანისათვის რაიმე ხელისშემშლელი გარემოება, რაც ბავშვისთვის საზიანო და საფრთხისშემცველი იქნებოდა;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმები).

- მესამე პირის ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმები).

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან მოპასუხემ ცნო სარჩელი ქორწინების შეწყვეტის და ალიმენტის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში, სასარჩელო მოთხოვნა აღნიშნულ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.

 

4.2. სასამართლომ განიხილა სარჩელი, მოისმინა მხარეთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და ფაქტობრივ გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, მივიდა დასკვნამდე, რომ სასარჩელო მოთხოვნა არასრულწლოვანი შვილის მიმართ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის თაობაზე ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე, 1123-ე, 1106-ე, 1127-ე, 1197-ე, 1198-ე, 1199-ე, 1202-ე, 1205-ე, 1212-ე, 1213-ე, 1234-ე მუხლები.

,,ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3, მე-18 და 27-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1123-ე მუხლის თანახმად, განქორწინება ხდება სასამართლო წესით, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა, სხვა შემთხვევაში - სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მოსარჩელე მ-------------–---–ი და მოპასუხე გ--------–-----ძე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2013 წლის 5 აპრილიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი. ამავე კოდექსის 1127-ე მუხლის თანახმად: 1. განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით. 2. სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. 3. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.

 

,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმი №1” (პარიზი, 1952 წლის 20 მარტი) მე-5 მუხლის თანახმად, მეუღლეები სარგებლობენ კერძოსამართლებრივი ხასიათის თანაბარი უფლებებითა და მოვალეობებით ერთმანეთს შორის და შვილებთან ურთიერთობაში, დაქორწინების დროს, ქორწინების განმავლობაში და მისი შეწყვეტის შემთხვევაში.

 

საქმის მასალებით დადგენილია და მხარეები სადავოდ არ ხდიან გარემოებას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე მ-------------–---–სა და მოპასუხე გ--------–-----ძეს შორის ფაქტობრივი თანაცხოვრება შეწყვეტილია. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე გ--------–-------- სარჩელი ცნო ქორწინების შეწყვეტის ნაწილში, რაც ზემოაღნიშნული მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს საკმარის საფუძველს სარჩელის დასაკმაყოფილებლად. შესაბამისად, სარჩელი მ-------------–---–სა და მოპასუხე გ--------–-----ძეს შორის ქორწინების შეწყვეტის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. მოსარჩელე მ-------------–---–მა ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ არასრულწლოვანი შვილი ჯ----–-–-----ძე (დაბადებული 2----–-–-------------).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზრდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. ამავე კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციის მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. კონვენციის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. ამავე კონვენციის მე-18 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

 

,,ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის” 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვების ინტერესების დაცვას, მათთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მათ ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე ითვალისწინებს მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე.

 

განსახილველ შეთხვევაში, სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ არასრულწლოვანი ჯ----–-–-----ძე ძირითადად ცხოვრობს დედასთან, მოსარჩელე მ-------------–---–ს შექმნილი აქვს ბავშვების აღზრდისათვის ნორმალური საცხოვრებელი და სოციალური გარემო-პირობები. არასრულწლოვანი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალი წერტილი არის ბავშის საუკეთესო ინტერესები. ალიმენტის ოდენობის დადგენისას არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესები უნდა განისაზღვროს მისი ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ არასრულწლოვანი ბავშვის ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება არასრულწლოვანის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. სასამართლო მიუთითებს, რომ მშობლის ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინება თავისთავად გულისხმობს მისი უმუშევრობისა და სტაბილური შემოსავლის არარსებობის ფაქტის გათვალისწინებას, თუმცა აღსანიშნავია, რომ მშობლის ფინანსური მდგომარეობა ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს, თუმცა თანხის ოდენობა იმგვარად უნდა განისაზღვროს, რომ არც ალიმენტვალდებული პირი აღმოჩნდეს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში. მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური ფიქსირებული შემოსავალი უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილი რჩენა-აღზრდისათვის მინიმალური თანხით მაინც.

 

სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე გ--------–-------- სარჩელი ცნო ალიმენტის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში, რაც ზემოაღნიშნული მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს საკმარის საფუძველს სარჩელის დასაკმაყოფილებლად. შესაბამისად, სარჩელი ალიმენტის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.3. მოსარჩელე მ-------------–---–მა მოითხოვა მოპასუხე გ--------–-----ძისათვის არასრულწლოვანი შვილის, ჯ----–-–-----ძის (დაბადებული 2----–-–-------------) მიმართ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების ნაწილობრივ შეზღუდვა, კერძოდ, საზღვარგარეთ (კერძოდ, ი----–--ში) დროებით გაყვანის შესახებ თანხმობის გაცემის ნაწილში.

 

სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ამავე კოდექსის 1199-ე მუხლის მიხედვით, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.

 

სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლიც: 1. მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. 2. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები.

 

სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლის თანახმად, 1. მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. სასამართლოს შეუძლია შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუკიდებლად.

 

კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს უფლებას შეზღუდოს მშობლის ერთ-ერთი უფლება. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა კონკრეტულ სფეროში მოპასუხის მიერ ნებართვის გაცემის ნაწილში. დადგენილია, რომ მხარეები, მ-------------–---–ი და გ--------–-----ძე ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. მხარეები 2016 წლის მარტის თვიდან აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად. მოსარჩელე მ-------------–---–ი არასრულწლოვან შვილთან, ჯ----–-–-----ძესთან ერთად ცხოვრობს მშობლების საცხოვრებელ ბინაში. მოსარჩელის დედა იმყოფება ი----–--ში. თავად მოსარჩელე ამ ეტაპზე არ არის დასაქმებული. მოსარჩელე მხარეს მატერიალურად ეხმარება დედა, რომლებიც იმყოფება ი----–--ში.

 

საქმეში წარმოდგენილი მასალებით, სოციალური მუშაკის ვიზიტი განხორციელდა მოსარჩელე მ-------------–---–ის საცხოვრებელ მისამართზე თელავის მუნიციპალიტეტის, სოფელ რ--------–ი, მშობლების სახლში. საცხოვრებელი პირობები არის ძალიან კარგი. პირველი სართული გარემონტებულია. აქვთ კეთილმოწყობილი სამზარეულო, სააბაზანო და ოთხი ოთახი. ოჯახს უწყვეტად აქვს ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი, ცივი და ცხელი წყალი. ბავშისათვის შექმნილია მშვიდი და კეთილსაიმედო გარემო. ოთახი, სადაც ბავშვს სძინავს, არის ნათელი და კარგად მოწყობილი. ბავშვს აქვს ამინდის შესაფერისი, კარგად მორგებული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, სასწავლო ნივთები, წიგნები და ასაკის შესაბამისი სათამაშოები. ჯ----–-–-----ძე რ---------- საჯარო სკოლის მესამე კლასში სწავლობს. ბავშვის როგორც ფიზიკური, ასევე გონებრივი განვითარება ნორმის ფარგლებშია. იგი ასაკის შესაბამისადაა განვითარებული, ამდენად, დადგენილია, რომ მოსარჩელეს თავის საცხოვრებელ ადგილას შექმნილი აქვს ბავშვის აღზრდისათვის ნორმალური საცხოვრებელი და სოციალური გარემო-პირობები. არასრულწლოვანი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. იგი იზრდება უსაფრთხო და კეთილსაიმედო გარემოში.

 

სოციალური სამსახურის მიერ ასევე შემოწმდა მოპასუხე გ--------–-----ძის საცხოვრებელი გარემო-პირობები. მოპასუხე გ--------–-----ძის ოჯახი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მ------------–- ფლობს ორსართულიან სახლს. პირველ სართულზე განთავსებულია შემოსასვლელი, მისაღები და საძინებელი. ოთახები ძველი გარემონტებულია, საყოფაცხოვრებო ავეჯიც მოძველებულია. მეორე სართული ხისაა და გამოუსადეგარია საცხოვრებლად. არ აქვთ სააბაზანო. ოჯახს მიეწოდება ელექტროენერგია. ზამთარში იყენებენ შეშის ღუმელს. მოპასუხის გადმოცემით, თანაცხოვრების განმავლობაში მეუღლეებს ჰქონდათ უთანხმოება, რაც გამოწვეული იყო მატერიალური მდგომარეობით. მოპასუხე მხარე არ ეთანხმება მოსარჩელის მოთხოვნას ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანის ნაწილში მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის შესახებ, ვინაიდან მოპასუხეს აქვს ეჭვი იმის თაობაზე, რომ მ-------------–---–ი არასრულწლოვანი შვილს აღარ ჩამოიყვანს, რითაც იგი ხანგრძლივად ჩამოაშორებს ბავშვს ბიოლოგიურ მამას.

 

,,საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, 16 წლამდე ბავშვის, აგრეთვე ქმედუუნარო პირის საქართველოდან დროებითი გასვლა შესაძლებელია მისი ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის ნებართვით და სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის თანხლებით. 2. 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვნის, თუ იგი არ იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში, საქართველოდან დროებითი გასვლისათვის საჭიროა მისი ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა. 3. არასრულწლოვანს, აგრეთვე ქმედუუნარო პირს, რომელსაც საზღვარგარეთ დროებით გამგზავრებისას თან არ ახლავს კანონიერი წარმომადგენლები, ამ უკანასკნელთა შუამდგომლობის საფუძველზე მიეცემა პასპორტი. 31. საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემისათვის ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა საკმარისია, თუ: ა) მეორე კანონიერი წარმომადგენელი იძებნება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით; ბ) მეორე კანონიერი წარმომადგენელი გარდაცვლილი, ქმედუუნარო ან უგზო-უკვლოდ დაკარგულია; გ) მეორე კანონიერი წარმომადგენლის მძიმე ავადმყოფობის გამო შეუძლებელია ნების გამოხატვა, რაც დასტურდება შესაბამისი ცნობით; დ) არასრულწლოვანი 16 წელს მიღწეულია; ე) არასრულწლოვანი მარტოხელა დედის შვილია. 4. არასრულწლოვანი ან ქმედუუნარო პირის საქართველოდან დროებითი გასვლის საკითხზე კანონიერ წარმომადგენელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავა გადაწყდება სასამართლოს წესით.

 

ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტისას სასამართლომ უტყუარად და სარწმუნოდ უნდა დაადგინოს მიღებული გადაწყვეტილების ბავშვის ინტერესებისათვის ყველაზე უკეთ შესაბამისობა.

 

მშობლებს აქვთ თანაბარი უფლებები შვილის მიმართ, ამასთან ეკისრებათ პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, მათ შორის მის მშვიდ, ჯანსაღ ემოციურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობის უზრუნველყოფაზეც. აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლო იზიარებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიციას მოპასუხისათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით. ბავშვის სწორი აღზრდა-განვითარებისთვის აუცილებელია მას ურთიერთობა ჰქონდეს ორივე მშობელთან. ამასთან, არამართებულად არ უნდა შეიზღუდოს არასრულწლოვანი ბავშვის თავისუფალი გადაადგილების უფლება. სოციალური სამსახურის მითითებით, მიზანშეწონილია არასრულწლოვანი ბავშვის გაყვანა მოხდეს კონკრეტულ ქვეყანაში. ამასთან, არსებობს იმის სამართლებრივი გარანტია, მოსარჩელე მხარის ვალდებულება, რომ კონკრეტულ პერიოდში არასრულწლოვანი ბავშვი ჩამოიყვანოს საქართველოს ტერიტორიაზე, სადაც არის ბავშვის მუდმივი საცხოვრებელი. საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რაც მოპასუხე მხარის პოზიციას და ბავშვის საზღვარგარეთ დატოვების ვარაუდის საფუძვლიანობას დაადასტურებდა. თავად მოსარჩელე მხარის მიზანია მხოლოდ მცირე დროით საქართველოს ფარგლებს გარეთ კონკრეტულ ქვეყანაში გამგზავრება, თავისი დედის მონახულება და თავის არასრულწლოვან შვილთან ერთად საქართველოში დაბრუნება. ამასთან, მოსარჩელე საზღვარგარეთ გამგზავრებას აპირებს იმ დროის შუალედით, რომ ხელი არ შეეშალოს არასრულწლოვან ბავშვს სასწავლო პროცესში. მოცემულ საქმეზე, არ გამოკვეთილა არასრულწლოვანი ჯ----–-–-----ძის საქართველოს საზღვრებს გარეთ კონკრეტულ ქვეყანაში დროებით გაყვანისათვის რაიმე ხელისშემშლელი გარემოება, რაც ბავშვისთვის საზიანო და საფრთხისშემცველი იქნებოდა. ამდენად, არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებისა და მისი უფლებების უპირატესად დაცვის თვალისაზრისით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მ-------------–---–ის სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან, ვინაიდან არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით, აუცილებელია მისთვის განათლების უწყვეტობის და სწორად აღზრდა-განვითარების პირობების უზრუნველყოფა, ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანის პერიოდი უნდა განისაზღვროს სწავლისაგან თავისუფალ დროს, ზაფხულის არდადეგების განმავლობაში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და დავის საგანთან მიმართებით მხარეთა განმარტებების, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიციის საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მ-------------–---–ის სასარჩელო მოთხოვნა მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს. სასამართლო აქვე განმარტავს, რომ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა არ გულისხმობს მშობლისათვის შვილთან ურთიერთობის უფლების ჩამორთმევას ან შვილთან ურთიერთობის უფლების შეზღუდვას. მოპასუხე მხარეს უნარჩუნდება ბავშვთან როგორც პირადი, ისე კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებებით ურთიერთობის უფლება.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქმის მასალებით დასტურდება, მოსარჩელე მ-------------–---–ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 150 ლარი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის და ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები – ალიმენტის გადახდევინების და არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ სარჩელებზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მოსარჩელე მ-------------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა.

 

მოპასუხე მხარემ სარჩელი განქორწინების შესახებ და ალიმენტის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში ცნო მოსამზადებელ ეტაპზე, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეები თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან მ-------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის თაობაზე, შესაბამისად არსებობს მოპასუხე გ--------–-----ძისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 100 (ასი) ლარის გადახდის დაკისრების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-4, მე-8, 46-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მ-------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. შეწყდეს მ-------------–---–ს (პ/ნ 2----------) და გ--------–-----ძეს (პ/ნ 1----------) შორის, 2013 წლის 05 აპრილს რეგისტრირებული ქორწინების (ქორწინების მოწმობა №2----------, სააქტო ჩანაწერი №2----------).

 

3. დაეკისროს მოპასუხე გ--------–-----ძეს (პ/ნ 1----------) არასრულწლოვანი შვილის, 2----–-–------------- დაბადებული ჯ----–-–-----ძის სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 150 (ასორმოცდაათი) ლარის გადახდა სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 15 ივნისიდან მის სრულწლოვანების მიღწევამდე;

 

4. მოპასუხე გ--------–-----ძეს (პ/ნ 1----------) შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება ჯ----–-–-----ძის (დაბ: 2----–-–-------------, პ/ნ 2----------) მიმართ, საქართველოს საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების ნაწილში, კერძოდ არასრულწლოვანი ჯ----–-–-----ძე გაყვანილ იქნას ი----–--ში 01 ივლისიდან 01 აგვისტოს ჩათვლით ყოველწლიურად.

 

5. გადაწყვეტილების ასლი მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში გაეგზავნოს სამოქალაქო ატების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით;

 

6. განემარტოთ მხარეებს, რომ ქორწინება შეწყვეტილად ითვლება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან;

 

7. მოსარჩელე მ-------------–---–ს (პ/ნ 2----------) დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარი, რაც 2018 წლის 15 ივნისის №1------- საგადასახადო დავალებით ჩარიცხულია სახელმწიფო ბიუჯეტში, სახაზინო კოდი: 300863150.

 

8. გ--------–-----ძეს (პ/ნ 1----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 100 (ასი) ლარის გადახდა.

 

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი