გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.12.2018
საქმის ნომერი
190210018002442316
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
24.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/1430-2018წ

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

24 დეკემბერი 2018 წელი ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი

სხდომის მდივანი თამარ კობაიძე

მოსარჩელე რუსლან ბაღაკაშვილი

წარმომადგენელი ბელა ბერაძე

მოპასუხე მარგარიტა კაზაკოვა

არასრულწლოვანი ბავშვის წარმომადგენელი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების ცენტრი

წარმომადგენელი პაატა ცნობილაძე

დავის საგანი მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვა

II აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მარგარიტა კაზაკოვა-ბაღაკაშვილს შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, არასრულწლოვანი შვილების - 2006 წლის 27 აპრილს დაბადებული ალექსანდრა ბაღაკაშვილის და 2009 წლის 26 ივლისს დაბადებული დანიელ ბაღაკაშვილის მიმართ შვილების პირადი ხასიათის დოკუმენტაციის - პასპორტისა და პირადობის მოწმობის მიღებისა და ბავშვების საზღვარგარეთ წაყვანაზე თანხმობის განცხადების უფლებაში.

 

სარჩელის გარემოებები

 

მხარეები წლების განმავლობაში იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, მათ შეეძინათ ორი შვილი. 2006 წლის 27 აპრილს დაბადებული ალექსანდრა ბაღაკაშვილი და 2009 წლის 30 ივლისს დაბადებული დანიელ ბაღაკაშვილი. 2014 წლის 07 აპრილს მხარეებს შორის შეწყდა რეგისტრირებული ქორწინება. განქორწინების შემდეგ არასრულწლოვანი ბავშვები ცხოვრობენ მამასთან, რუსლან ბაღაკაშვილთან, ხოლო დედა მარგარიტა კაზაკოვა არ იჩენს არანაირ ყურადღებას შვილების მიმართ. მას სამი წელია კონტაქტი არც ბავშვებთან და არც მოსარჩელესთან არა აქვს. მოსარჩელე მიუთითებს, რომ ბავშვებს გარდა სკოლისა სჭირდებათ სხვადასხვა კუთხით განათლების მიღება (მუსიკა, ცეკვა, ჭადრაკი), მათი თანატოლები რამდენჯერმე გაემგზავრნენ ცეკვიდან საზღვარგარეთ, მოსარჩელის შვილებს კი ეს შესაძლებლობა არ აქვთ, იმის გამო, რომ არ იციან სად არის მათი დედა, რომ მისგან აიღონ ნებართვა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე მარგარიტა კაზაკოვას სარჩელზე წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია. იგი არც სხდომაზე გამოცხადდა.

 

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელი დაეთანხმა სარჩელს და განმარტა, რომ ბავშვები მშობლების დაშორების შემდგე ცხოვრბენ მამასთან ქალაქ რუსთავში. მოპასუხეს ბავშვები არ უნახავს 2015 წლის შემდეგ. ბავშვების ბებია მარგარიტა კაზაკოვას დედა ვალენტინა ბარაჩკოვსკაიას განმარტებით, მის შვილს არც მასთან და არც შვილებთთან სამი წელია არა აქვს ურთიერთობა. ბავშვებს მამის ოჯახის სატნადდო ზრუნავს, ბავშვები დადიან სკოლაში, მამა მათი განათლების საკითხზე ყურადღებას იჩენს. რუსლან ბაღაკაშვილთან ცხოვრობენ მისი დედა, ძმა და დისშვილი, ბინა არის კეთილმოწყობილი, ბავშვებისთვის უსაფრთხო. ბავშვები პერიოდულად, შაბათ კვირას არიან ბებიასთან. ბავშვების მამიდა ცხოვრობს საზღვარგარეთ თურქეთში და აქვს სურვილი სტუმრად წაიყვანოს ბავშვები, რაც დედის თანხმობის გარეშე ვერ ხერხდება. ვინაიდან დედას ბავშვებთან დიდ ხნის მანძილზე ურთიერთობა არა აქვს, იგი არ ასრულებს მშობლის მოვალეობას, მას ბავშვების ინტერესების გამო უნდა შეეზღუდოს მშობლის უფლება შვილების უცხოეთში წასვლაზე თანხმობის ნაწილში.

(24.12.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი. )

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდაო გარემოებები

 

3.2. დადგენილი სადაო გარემოებები

 

3.2.1. რუსლან ბაღაკაშვილს და მარგარიტა კაზაკოვას ჰყავთ ორი არასრულწოლოვანი შვილი. მშობლების განქორწინების გამო ბავშვები ცხოვრობენ ქალაქ რუსთავში მამასთან, სადაც ბავშვებზე სათანადოდ ზრუნავენ. მარგარიტა კაზაკოვას 3 წელზე მეტია ბავშვებთან ურთიერთობა არა აქვს, რის გამოც ბავშვების აღზრდის დროს წამოჭრილ საკითხებზე მისი წერილობითი თანხმობის მიღება შეუძლებელია.

 

საქმეში წარმოდგენილი დაბადების მოწმობების თანახმად, ალექსანდრა ბაღაკაშვილი დაბადებულია 2006 წლის 27 აპრილს, დანიილ ბაღაკაშვილი დაბადებულია 2009 წლის 26 ივლისს. მათი მშობლები არიან - დედა მარგარიტა კაზაკოვა, მამა - რუსლან ბაღაკაშვილი.

 

მარგარიტა კაზაკოვა და რუსლან ბაღაკაშვილი განქორწინდნენ 2014 წლის 7 აპრილს, რის შედეგად ბავშვების დედამ დაიბრუნა ქორწინებამდელი გვარი „კაზაკოვა“.

 

მშობლების განქორწინების შემდეგ ბავშვები ცხოვრობენ ქალაქ რუსთავში, მამის რუსლან ბაღაკაშვილის ოჯახში მისამართზე რუსთავი, მე-19 მ/რ, 16-12.

 

სოციალური მუშაკის მაია ქაჯაიას 2018 წლის 25 ივნისის დასკვნის თანახმად, რუსლან ბაღაკაშვილი და მარგარიტა კაზაკოვა წლების განმავლობაში იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში 2005 წლიდან 2014 წლამდე. მათ ჰყავთ ორი არასრულწლოვანი შვილი. წყვილი შვილებთან ერთად ცხოვრობდა ნაქირავენ ბინაში. განორწინების შემდეგ 2014 წლის აპრილიდან ბავშვები დარჩნენ დედასთან და შაბათ კვირას მიჰყავდა მამას ურთიერთშეთანხმების მიხედვით. 2015 წლსი სექტემბრიდან ბავშვები ცხოვრობენ მამასთან, რუსთავში, 19-ე მ/რ, 16-12-ში რუსლანის მამისეულ სახლში. მარგარიტა კაზაკოვას 2014 წლის ნოემბრის შემდეგ შვილები არ უნახავს. ამ ეტაპზე მის ადგილსმაყოფელი ცნობილი არ არის, ამას ადასტურებს მარგარიტა კაზაკოვას დედა ვალენტინა ბარაჩკოვსკაია, რომლის განმარტებით მარგარიტა სამი წელია არც მასთან და არც შვილებთან არ ურთიერთობს, მან განუცხადა, რომ მხოლოდ საკუთარი თავისთვის უნდა იცხოვროს და გაწყვიტა კავშირი ბიოლოგიურ ნათესავებთან.

 

ბავშვები სწავლობენ რუსთავის 12-ე საჯარო სკოლაში, მათ ჯანმრთელობის პრობლემები არა აქვთ. ალექსანდრა სწავლობს სკოლის ქართულ სექტორში მე-6 კლაში, მისი დამრიგებლის ხათუნა ჩიღუნაძის ინფორმაციით გოგონა სკოლაში სისტემატიურად დადის, კარგად სწვალობს, არ უჭირს ურთიერთობა თანატოლებთან და უფროსებთან. დანიილ ბაღაკაშვილი სწავლობს ამავე სკოლის რუსულ სექტორში მე-3 კლასში, დამრიგებლის ინფორმაციით, მას სწავლა არ უყვარს, თუმცა სკოლას არ აცდენს. მამა ცდილობს აუმაღლოს სწავლის მოტივაცია, ეხმარება გაკვეთილების მომზადებაში. ბავშვები დამატებით დადიან გაკვეთილებზე ინგლისური ენის სპეციალისტთან.

 

რუსლან ბაღაკაშვილთან ერთად ცხოვრობს მისი დედა, ძმა და დისშვილი, ბინა არის კეთილმოწყობილი უსაფრთხო და ბავშვების ინტერესებზე მორგებული, ბავშვებს აქვთ საკუთარი საძინებელი, ცალ-ცალკე საწოლები, სათამაშო ზონა, მრავალი სათამაშო. ბინაში ცხოვრობს ბავშვების თანატოლი რუსლან ბაღაკაშვილის დისშვილი, რომლის დედა საზღვარგარეთ ცხოვრობს. ბავშვები ერთად თამაშობენ, ჰყავთ თუთიყუში და კატა, რომლის მოვლაშიც არიან ჩართულები. ბინაში გამოყოფილია კუთხე სპორტული აქტივობებისთვის.

 

ოჯახის წევრები ბავშვების მიმართ სიყვარულს, სითბოს ამჟღავნებენ, რასაც მამა მათთან ჩახუტებით გამოხატავს. ასევე აქვს სიტყვიერი წახალისებისა და დასჯის მისაღები ფორმები, ოჯახის ფინანსური შემოსავალი მიმართულია ბავშვების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ბავშვების ცხოვრებაში და ზრუნვაში ჩართულია მათი ბებია ვალენტინა ბარაჩკოვსკაია, რომელსაც მამასთან შეთანხმებით შაბათ-კვირას საკუთარ საცხოვრებელში მიჰყავს ისინი. ქ.ნი ვალენტინა ყოფილ სიძეს ახასიათებს როგორც მზრუნველ მამას, რუსლანიც დადებითად არის განწყოფილი ბავშვების ბებიის მიმართ.

 

რუსლან ბაღაკაშვილის განმარტებით, მოპასუხესთან განქორწინების მიზეზი იყო მის ალკოჰოლდამოკიდებულება, ბავშვებიც იხსენებენ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ მძინარე დედას, რომელსაც მათთან ურთიერთობის ნებაც აღარ ჰქონდა. რუსლან ბაღაკაშვილის განმარტებით, მისი და ცხოვრობს თურქეთში და აქვს სურვილი ბავშვები სტუმრად წაიყვანოს, მაგრამ ვინაიდან დედის ადგილსამყოფელი ცნობილი არ არის, მისგან პასპორტის ასაღებად და უცხოეთში წასასვლელად აუცილებელი თანხმობის გაცემა შეუძლებელია.

 

ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მარგარიტა კაზაკოვას 3 წელზე მეტი დროის მანძილზე შვილებთან ურთიერთობა არა აქვს, იგი არ არის ჩართული მათ აღზრდაში, არ ზრუნავს შვილებზე.

 

რუსლან ბაღაკაშვილი მუშაობს შპს „დელტა კომმ-ში“ 2012 წლის 2 ივლისიდან გაგრილება,-კონდიცირების ჯგუფის უფროსის პოზიციაზე და მის ხელფასია თვეში 1237.50 ლარი. შპს დელტა კომმის 2018 წლის 1 მაისის სარეკომენდაციო წერილში მითითებულია, რომ რუსლან ბაღაკაშვილმა თავი გამოიჩინა როგორც პროფესიონალმა, შრომისმოყვარე, პასუხისმგებლობით სავსე ადამიანმა, იგი გამოირჩევა დისციპლინით, არის არაკონფლიქტური და მიზანსწრაფული პიროვნება.

 

სოციალური მუშაკის დასკვნით დასტურდება ის გარემოება, რუსლან ბაღაკაშვილის ოჯახში ბავშვის აღზრდისათვის მზრუნველი და მოსიყვარულე გარემოა. ოჯახის წევრები სიყვარულით ზრუნავენ ბავშვებზე. ოჯახში დაცულია ბავშვების მიერ განათლების მიღების უფლება, დადიან სკოლაში, მამა ჩართულია მათი სწავლების საკითხში, ეხმარება მათ გაკვეთილების მომზადებაში. ოჯახში უზრუნველყოფილია ისეთი გარემო, რაც საზოგადოების ღირსეულ წევრად ბავშვის აღზრდისათვის აუცილებელია, ბავშვები იღებენ განათლებას, აღზრდის პროცესში უყალიბდებათ ცხოველებზე ზრუნვის ჩვევები, მათ ჯანმრთელობაზე სათანადოდ ზრუნავენ. ბავშვებს აქვთ ინტენსიური ურთიერთობა დედის ნათესავებთან, ბებიასთან, დასვენების დღეებს ბებიასთან ატარებენ, რაც მათი სწორად აღზრდისათვის აუცილებელია, რადგან აუცილებელია ბავშვებს ჰქონდეთ ჯანსაღი და უკონფლიქტო ურთიერთობა ნათესავებთან მშობლების დაშორების მიუხედავად.

 

სოციალური მუშაკის დასკვნით ასევე დასტურდება, რომ რუსლან ბაღაკაშვილის და ცხოვრობს უცხოეთში, სადაც სტუმრად ბავშვის წასვლა ამჟამად შეუძლებელია, რადგან დედისგან შესაბამისი თანხმობის მიღება შეუძლებელია. მოპასუხე, მისი დედის ვალენტინა ბარაჩკოვკაიას განმარტებით, საქართველოში არ ცხოვრობს, ჩამოსვლის დროსაც ბავშებთან ურთიერთობა არა აქვს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- სარჩელი (ს.ფ. 2-6. ტომი 1)

- სოციალური მუშაკის დასკვნა (ს.ფ. 83-84. ტომი 1).

- დაბადების მოწმობების ასლები (ს.ფ. 14-15. ტომი 1)

- განქორწინების მოწმობის ასლი ს.ფ. 13. ტომი 1)

- სამუშაო ადგილიდან ცნობის ასლი ( ს.ფ. 16-17. ტომი 1)

 

III სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე მოპასუხეს უნდა შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება.

 

5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

საქმის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა შემდეგი ნორმები:

- საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლი

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1205-ე, 1199-ე, 1198-ე, 1200-ე, 1202-ე მუხლები

- გაეროს „ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენცია

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით.

 

საქართველოს კონსტიტუციით აღნიშნული ნორმის საფუძველზე სახელმწიფოს ვალდებულებაა ხელი შეუწყოს ოჯახის კეთილდღეობას, დაიცვას დედათა და ბავშვთა უფლებები. დედათა და ბავშვთა უფლებების დაცვის კონსტიტუციური გარანტია არ ნიშნავს მხოლოდ დედასა და ბავშვს შორის ურთიერთობების დაცვას. კონსტიტუციის ამ ნორმით სახელმწიფო კისრულობს ბავშვთა უფლებების დაცვის ვალდებულებას.

 

ბავშვთა უფლებს შეეხება გაეროს მიერ 1989 წლის 20 ნოემბერს მიღებული ”ბავშვის უფლებების კონვენცია”. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის გარდა მშობელსა და შვილს შორის ურთიერთობების სამართლებრივ ასპექტებს შეეხება ასევე საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, რომლებთან შესაბამისობაშია საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის შესაბამისად შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ამავე კოდექსის 1198-ე მუხლის შესაბამისად მშობლები უფლებამოსილნი და მოვალენი არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით ამავე ნორმის მე-5 ნაწილის თანახმად მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, განსაზღვრონ თავიანთ შვილებთან მესამე პირთა ურთიერთობის უფლება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლის თანახმად, 1. მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. სასამართლოს შეუძლია შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუკიდებლად. 3. მეურვეობა ან მზრუნველობა დგინდება იმ ბავშვის მიმართ, რომლის ორივე მშობელს შეეზღუდა მშობლის უფლება ან მოვალეობა ამ კოდექსის შესაბამისად. 4. რამდენადაც ეს შესაძლებელია, მშობელს უნარჩუნდება ბავშვის რჩენის ვალდებულება, როცა მშობლის უფლება შეზღუდულია, ამ კოდექსით გათვალისწინებული საალიმენტო მოვალეობების შესაბამისად.

 

ამ ნორმით გათვალისწინებულია მშობლის უფლებებისა და მოვალეობების შეზღუდვა, რაც მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილებითაა შესაძლებელია. კანონით გათვალისწინებულია მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლებისა და მოვალეობის შეზღუდვა, თუმცა ეს ნორმა არ განსაზღვრავს მშობლის უფლების შეზღუდვის საფუძვლებს. შესაბამისად, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს მშობლებსა და არასრულწლოვან შვილებს შორის ურთიერთობის იმ ზოგადი პრინციპის საფუძველზე, რაც არის ბავშვის საუკეთესო ინტერესების პრინციპი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლით, რომლის თანახმად მშობლის უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგენს ბავშვის ინტერესებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად, 1. მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. 11. დაუშვებელია არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდისას მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ აღზრდის ისეთი მეთოდების გამოყენება, რომლებიც არასრულწლოვნის ფიზიკურ ან/და ფსიქიკურ ტანჯვას იწვევს. 2. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. 3. მშობლებს უფლება აქვთ, განსაზღვრონ, თუ ვისთან და სად უნდა იცხოვროს შვილმა. 4. მშობლებს ევალებათ, დაიცვან თავიანთი არასრულწლოვანი შვილების უფლებები და ინტერესები, რაც მოიცავს შვილების ქონების მართვასა და გამოყენებას. 5. მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, განსაზღვრონ თავიანთ შვილებთან მესამე პირთა ურთიერთობის უფლება. 6. მშობლები არასრულწლოვანი შვილების კანონიერი წარმომადგენლები არიან და განსაკუთრებულ რწმუნებულებათა გარეშე გამოდიან მათი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად მესამე პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის, სასამართლოში.

 

სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლით განსაზღვრული არ არის მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ფარგლები, თუმცა წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მოიცავს ბავშვის სახელით ან მასთან დაკავშირებული სხვადასხვა იურიდიული მნიშვნელობის მქონე მოქმედებების შესრულებას. მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მოიცავს როგორც ქონებრივი, ისე არაქონებრივი უფლებამოსილებების ერთობლიობას. მშობლის წარმომადგენლობითი უფლებაა განკარგოს არასრულწლოვანი შვილის ქონება, შეიძინოს შვილის სასარგებლოდ ქონება, მიიღოს გადაწყვეტილება შვილის საცხოვრებელი ადგილის შესახებ, განათლების მიღების საკითხზე და მისი აღზრდის სხვა საკითხებზე.

 

სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის სათაურია „მშობელთა მოვალეობანი შვილების მიმართ“, ამ ნორმით პუნქტობრივად ცალ-ცალკეა მითითებული მშობლის უფლება-მოვალეობები შვილების მიმართ (პირველი-მე-5 ნაწილები) და მშობლის, როგორც შვილის წარმომადგენლის უფლებამოსილება (მე-6 ნაწილი).

 

ამდენად, სამოქალაქო კანონმდებლობა მიჯნავს ერთმანეთისაგან მშობლის უფლება-მოვალეობებს, რომელიც გულისხმობს ურთიერთობებს მშობელსა და შვილს შორის და მშობლის, როგორც კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილებას, რომლის ფუნქციაა, უზრუნველყოს არასრულწლოვანი პირის ინტერესები მესამე პირებთან ურთიერთობაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეფასება მშობლის სხვა მოვალეობათა ჯეროვნად შესრულების საკითხისგან განცალკევებულად ვერ მოხდება, თუმცა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვა ავტომატურად არ გულისხმობს მშობლის უფლების ბოროტად გამოყენებას, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვა შეიძლება გამოწვეული იყოს არა მარტო მშობლის მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულებით, არამედ ისეთი ობიექტური გარემოებებით, რომლის გამოც მშობელი მოკლებულია შესაძლებლობა შეასრულოს შვილის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, იყო მისი წარმომადგენელი მესამე პირებთან ურთიერთობაში.

 

„ბავშვის უფლებათა კონვენციის” პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითრებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი – სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები – უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვთა უფლებების შესახებ” კონვენციის მიხედვით საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას.

 

”ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის 18-ე მუხლის თანახმად მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

 

კონვენციის აღნიშნული ნორმის საფუძველზე, მშობლების ძირითადი ვალდებულებაა ბავშვის აღზრდა და რჩენა და მათ ეკისრებათ ბავშვის აღზრდის საკითხებში ძირითადი პასუხისმგებლობა, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის და ბავშვთა უფლებების კონვენციის მიხედვით, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. კანონის ეს ნორმა მშობლებს ავალდებულებს ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან. შესაბამისად, შვილის აღზრდაში მონაწილეობა, მასთან ურთიერთობა, ბავშვზე ზრუნვა არის არა მშობლის უფლება, არამედ მისთვის კანონით დაკისრებული ვალდებულება. მშობლების ძირითადი ვალდებულებაა უზრუნველყოს ბავშვის ამ უფლების რეალიზაცია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამავე კოდექსის 1202-ე მუხლის მიხედვით მშობლებს თანაბრად აქვთ უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობლებს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები.

 

1984 წლის 22 ნოემბერს მიღებული ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ოქმი №7-ის მე-5 მუხლის თანახმად, მეუღლეებს გააჩნიათ კერძო სამართლებრივი ხასიათის თანაბარი უფლებები და მოვალეობები ერთმანეთთან და თავიანთ ბავშვებთან ურთიერთობებში, ისეთ საკითხებში რომლებიც ეხება ქორწინებაში შესვლას, ქორწინებაში ყოფნას და განქორწინებას. წინამდებარე მუხლი ხელს არ შეუშლის სახელმწიფოებს მიიღონ აუცილებელი ზომები ბავშვების ინტერესების დასაცავად.

 

ამდენად, ”ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, მშობლებთან შვილების ურთიერთობის საკითხში არსებითი და გადამწყვეტია ბავშვის ინტერესები, რადგან მშობლის უფლებები არ უნდა განხორციელდეს ბავშვის ინტერესების საზიანოდ.

 

სამოქალაქო კოდექსი არასრულწლოვნის სამართლებრივ სტატუსს იურიდიული შინაარსის მიხედვით ორ კატეგორიად განიხილავს. კერძოდ, 0-7 წლამდე (მცირეწლოვანი), რომელსაც ტოტალური ქმედუუნაროს სტატუსი გააჩნია და 7-18 წლამდე - (არასრულწლოვანი), რომელიც სარგებლობს ქმედუნარიანობის შეზღუდული ფარგლებით. ამ შემთხვევაში მოსარჩელის შვილები არიან 9 და 12 წლის არასრულწლოვნები, რის გამოც ისინი მათი აღძრის დროს წამოჭრილ საკითებს დამოუკიდებლად ვერ წყვეტენ. არასრულწლოვანს, მისი ასაკიდან გამომდინარე, არ შესწევს უნარი, კანონიერი წარმომადგენლისაგან დამოუკიდებლად მიიღოს მონაწილეობა სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობებში ან ნებისმიერ სხვა სფეროში და თვითონ გამოავლინოს ნება გარიგების დადების შესახებ, საცხოვრებელი ადგილის დამოუკიდებლად არჩევის, საგანმანათლებლო დაწესებულების შერჩევის და მისი აღზრდის სხვა საკითხებზე.

 

მესამე პირებთან ურთიერთობაში ბავშვებს წარმოადგენენ მშობლები, რომლებიც შვილების სახელით გამოხატავენ ნებას ამა თუ იმ იურიდიული მოქმედებაზე, წყვეტენ ბავშვის აღზრდის დროს წამოჭრილ საკითხებს.

 

წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების დროს მშობელი შებოჭილია ვალდებულებით, დაიცვას თავისი არასრულწლოვანი შვილის უფლებები და ინტერესები, რაც მოიცავს არა მარტო შვილების ქონების მართვასა და გამოყენებას, არამედ მისი აღზრდის ყველა ასპექტს. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთისგან სამართლებრივი შინაარსით განსხვავდება მშობლის უფლება შვილის მიმართ და მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მესამე პირების მიმართ, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებისას მშობელი იმავდროულად ატარებს საკუთრივ მშობლის უფლება-მოვალეობებს შვილის მიმართ.

 

ამ შემთხვევაში დავის საგანია არასრულწლოვანის საზღვარგარეთ წაყვანის შესახებ თანხმობის საკითხში მოპასუხისათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვა, ამდენად, საკითხის გადასაწყვეტად უნდა შეფასდეს, ბავშვის აღზრდის პროცესზე მავნე ზეგავლენას ხომ არ მოახდენს ბავშვის საზღვარგარეთ წაყვანა და ამ საკითხში მოპასუხისათვის მშობლის უფლებამოსილების შეზღუდვა.

 

მოსარჩელე არ მოითხოვს ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას უცხოეთში და ამ მიზნით მეორე მშობლისათვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვას, მოსარჩელეს აქვს სტაბილური სამსახური, ბავშვები სკოლაში ქალაქ რუსთავში სწავლობენ, მოსარჩელის მიზანია დროებით, არდადეგებზე ბავშვების წაყვანის უფლების მინიჭება. უცხოეთში მცხოვრებ ნათესავებთან სტუმრად წასვლა.

 

დავის გადაწყვეტისათვის უნდა შეფასდეს არდადეგებზე უცხოეთში წაყვანა ბავშვისათვის საზიანო ხომ არ იქნება.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ბავშვთან დაკავშირებულ დავებში მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესები, ასევე, უფლებები და თავისუფლება და, განსაკუთრებით, ბავშვის საუკეთესო ინტერესები და მისი უფლებები კონვენციის მე–8 მუხლის თანახმად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებაში (საქმე „ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ (განაცხადი N. 71776/12), განმარტებულია, რომ „ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა წარმოადგენდეს უმთავრეს განხილვის საგანს და, მისი ბუნებიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, შეიძლება აჭარბებდეს მშობლების ინტერესებს (იხილეთ, სხვა მრავალთა შორის, ოლსონი (Nო.2), § 90, იგნაკოლო–ზენიდი, § 94; პლაზა პოლონეთის წინააღმდეგ, Nო. 18830/07, § 71). აღნიშნული დავა შეეხებოდა ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას, თუმცა ეს პრინციპი საერთოა ბავშვთან დაკავშირებულ ყველა სადაო სამართალურთიერთობაში, რაც გამომდინარეობს ბავშვთა უფლებების კონვენციიდან და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-7 დამატებითი ოქმიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლის თანახმად, 1. თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. 2. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლით დადგენილია ბავშვის აღზრდის საკითხზე მშობლებს შორის წამოჭრილი დავის გადაწყვეტის ძირითადი პრინციპი, რომლის მიხედვით მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. ის საკითხი, თუ რა არის ბავშვის ინტერესი, უნდა შეფასდეს ბავშვთა უფლებების კონვენციის დებულებების საფუძველზე, რომლის მიხედვით მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელს დაცილებული ბავშვის უფლებას, რეგულარული პირადი ურთიერთობები და პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს ორივე მშობელთან, იმ შემთხვევის გარდა, როცა ეს ეწინააღმდეგება ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს.

 

„ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მიხედვით მშობელთან ბავშვის ურთიერთობის შესაძლებლობა არის არა მარტო მშობლის უფლება, არამედ ბავშვის უფლება, რადგან კონვენცია სახელწიფოს აკისრებს ვალდებულებას უზრუნველყოს ბავშვის უფლების განხორციელება, ჰქონდეს მშობლებთან პირადი რეგულარული ურთიერთობები. შესაბამისად, ბავშვის აღზრდისათვის აუცილებელია ორივე მშობელთან პირადი ურთიერთობის შესაძლებლობა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ბავშვის აღზრდისათვის ყველაზე ხელსაყრელი და ჰარმონიული გარემოა ოჯახი, რაც აღიარებულია ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციით და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით. თუმცა, სხვადასხვა მიზეზთა გამო ამ ინტერესის რეალიზაცია გარკვეულ შემთხვევებში შეუძლებელია. ერთერთი მიზეზია მშობლების განქორწინება, რის გამოც ბავშვი ერთ მშობელთან ცხოვრობს და ბუნებრივად მეორე მშობელთან პირად ურთიერთობის ნაკლები შესაძლებლობა აქვს. კანონი ბავშვის აღზრდაში პრიორიტეტს ანიჭებს ოჯახურ გარემოს, თუმცა ამავე დროს ითვალისწინებს ბავშვის მშობელთან დაშორების შესაძლებლობას. თუმცა ამ საკითხის გადაწყვეტისათვის უნდა შეფასდეს რა მიზეზით ხდება ეს ვითარება, ბავშვის დაშორება მშობელთან აუცილებელია თუ არა და დააზარალებს თუ არა ეს ბავშვის ინტერესებს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბავშვების საზღვარგარეთ წაყვანა ბავშვის ინტერესებისათვის საზიანო არ იქნება, რადგან ბავშვებს მიეცემათ უცხოეთში მცხოვრებ ნათესავთან პირადი ურთიერთობის შესაძლებლობა, საზღვარგარეთ დასვენების შესაძლებლობა. მოპასუხე რამდენიმე წელია არ ზრუნავს შვილებზე, საკუთარი სურვილით უარი განაცხადა მათ აღზრდაში მონაწილეობაზე, მას ბავშვებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობა არა აქვს, რის გამოც ბავშვების უცხოეთში გამგზავრებაზე დედის წერილობითი თანხმობის განცხადება შეუძლებელია.

 

ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-8 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას იღებენ პატივი სცენ ბავშვის უფლებას, შეინარჩუნოს თავისი ინდივიდუალობა, მოქალაქეობის, სახელისა და ოჯახური კავშირების ჩათვლით, როგორც ეს გათვალისწინებულია კანონით და არ დაუშვან ამაში კანონსაწინააღმდეგო ჩარევა.

 

"საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ" საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად 16 წლამდე ბავშვის საქართველოდან დროებითი გასვლა შესაძლებელია მისი ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის ნებართვით და სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის თანხლებით. ამდენად, ამ ნორმის საფუძველზე ერთერთი მშობელი უფლებამოსილია საქართველოდან დროებით წაიყვანოს მისი 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი შვილი სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის თანხლებით, თუ არსებობს ბავშვის ერთერთი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი წესით ბავშვების დროებით, დასასვენებლად უცხოეთში წაყვანა არ მიაყენებს ზიანს მათი აღზრდის ინტერესებს, ბავშვის საუკეთესო ინტერესებში შედის საზღვარგარეთ გამგზავრება, რის გამოც მოპასუხეს უნდა შეეზღუდოს უფლება, რომლის საფუძველზე სავალდებულოა მის თანხმობა არასრულწლოვანი შვილის საზღვრის კვეთის საკითხში.

 

7. პროცესის ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამ ნორმის საფუძველზე მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 101 ლარის (სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის და მისი ბიუჯეტში გადარცხვისათვის ბანკის საკომისიოს 1 ლარი) ანაზღაურება.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხი.

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

IV სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა

 

1. დაკმაყოფილდეს რუსლან ბაღაკაშვილის სარჩელი;

1.1. მარგარიტა კაზაკოვას (პირადი ნომერი 35001084260) შეეზღუდოს შვილების 2006 წლის 27 აპრილს დაბადებული ალექსანდრა ბაღაკაშვილის (პირადი N35901133757) და 2009 წლის 26 ივლისს დაბადებული დანიელ ბაღაკაშვილის (პირადი N359500027632), მიმართ მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთაზე თანხმობის განცხადების უფლებაში მშობლის სხვა უფლება-მოვალეობების შეუზღუდავად;

 

2. მარგარიტა კაზაკოვას დაეკისროს რუსლან ბაღაკაშვილისათვის 101 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი