გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.12.2018
საქმის ნომერი
330210018002613539
კატეგორია
დავის ტიპი
საოჯახო-სამართლებრივი დავები
თარიღი
10.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/25821 - 18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

10 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ირინა ზარქუა

სხდომის მდივანი თამარ მიქავა

 

მოსარჩელე - ე------------------–---–ი

წარმომადგენელი - მ----------–----ე

მოპასუხე - ზ------------ა

მესამე პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრი

წარმომადგენელი - მ-------–-----ე

დავის საგანი - მშობლის წარმომადგენლობითი უფლების ნაწილობრივ შეზღუდვა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოპასუხე ზ------------ას შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება არასრულწლოვანი შვილის, ს-----------ას (დაბადებული 2----–-–----------------ს) მიმართ, პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთ (კერძოდ, თურქეთის რესპუბლიკაში) გაყვანის ნაწილში, მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობების შეუზღუდავად.

 

მოსარჩელე ე------------------–---–ს და ზ------------ას 2----–-–----------------ს შეეძინათ საერთო შვილი, ს-----------ა. 2012 წელს მხარეები განქორწინდნენ. მოსარჩელე ე------------------–---–ი, მატერიალური პრობლემების გამო, გაემგზავრა საზღვარგარეთ, თურქეთის რესპუბლიკაში, სადაც დასაქმებულია და აქვს სტაბილური შემოსავალი. არასრულწლოვანი ს-----------ა ცხოვრობს მამასთან, ზ------------ასთან, რომელიც უმუშევარია და ვერ უზრუნველყოფს შვილს სწავლა-განათლებით. მოსარჩელე ე------------------–---–ს აქვს მოკვლევადიანი ბინადრობის უფლება თურქეთში. მოსარჩელეს მოქალაქეობის მისაღებად საბუთები შეტანილი აქვს თურქეთის შეს---მის ორგანოებში. მას და მის არასრულწლოვან შვილს, ს-----------ას უფლება აქვთ მიიღონ თურქეთის მოქალაქეობა, რის შემდეგაც, ს-----------ა უზრუნველყოფილი იქნება მაღალი დონის განათლების და სპორტული განვითარების მიღებით. მოპასუხე მხარე არ აცხადებს თანხმობას ბავშვის პასპორტის აღებასა საზღვარგარეთ გაყვანასთან დაკავშირებით, რის გამოც არამართლზომიერად იზღუდება არასრულწლოვანის უფლებები.

(მოსარჩელე მხარემ სასარჩელო მოთხოვნა დააზუსტა სასამართლოს 2018 წლის 10 დეკემბრის მოსამზადებელ სხდომაზე).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ზ------------ას შესაგებელი არ წარმოადგინა და სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადებულა. მას არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის.

 

3. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია

 

მესამე პირის - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის წარმომადგენელი - მ-------–-----ე ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხისათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ნაწილობრივ შეზღუდვის თაობაზე. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო თანახმაა, მოპასუხე ზ------------ას შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება ნაწილობრივ და მიეცეს ბავშვის დედას, ე------------------–---–ს უფლება, მოპასუხის თანხმობის გარეშე, აიღოს არასრულწლოვანი შვილის პასპორტი და დროებით გაიყვანოს იგი საზღვარგარეთ, კერძოდ, თურქეთის რესპუბლიკაში, უკან, საქართველოში დაბრუნების ვალდებულებით.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. ე------------------–---–ს და ზ------------ას თანაცხოვრების პერიოდში, 2----–-–----------------ს შეეძინათ შვილი, ს-----------ა;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N------- (ს.ფ. 131).

 

4.1.2. მხარეები რამდენიმე წელია ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. ე------------------–---–ი და ზ------------ა განქორწინდნენ 2012 წლის 30 აპრილს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 10 დეკემბრის სხდომის ოქმი);

- განქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N------------ (ს.ფ. 14).

 

4.1.3. მოსარჩელე ე------------------–---–ი ამ ეტაპზე ცხოვრობს და მუშაობს საზღვარგარეთ, თურქეთის რესპუბლიკაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 10 დეკემბრის სხდომის ოქმი);

 

4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.2.1. თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის სოციალური მუშაკის დასკვნის თანახმად, სოციალურმა მუშაკმა განახორციელა სატელეფონო ზარი მოსარჩელე ე------------------–---–თან. იგი დაახლოებით რვა წელია, ცხოვრობს თურქეთში, სადაც აქვს საკუთარი საცხოვრებელი ბინა, სამსახური და შეუძლია მისი არასრულწლოვანი შვილი უზრუნველყოს განვითარებისათვის საჭირო, უსაფრთხო, მზრუნველი გარემოთი და სათანადო საყოფაცხოვრებო პირობებით. ე------------------–---–ის გადმოცემით, როდესაც იგი თურქეთში წავიდა, მის შვილს უვლიდა დეიდა - მ-----------–---–ი, რომელმაც საქართველო დატოვა ეკონომიკური პრობლემების გამო. ს--- დარჩა მხოლოდ მამის მზრუნველობის ქვეშ, ხოლო მამასთან ცხოვრების პერიოდში, ს--- ხშირად რჩება უმეთვალყურეოდ, ბიოლოგიური მამა ვერ უზრუნველყოფს არასრულწლოვანისათვის ს---ზისო მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. მისივე გადმოცემით, იგი ს---- ყოველთვიურად უგზავნიდა თანხას, თუმცა არაა დარწმუნებული, რომ აღნიშული თანხა ხმარდებოდა ს---- საჭიროებებს. არასრულწლოვან ს-----------ას აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, ხშირად აწუხებს თავის ტკივილი და გონების დაბინდვა, მამა ვერ უზრუნველყოფს მისთვის შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიწოდებას, ხოლო თავად მას აქვს სადაზღვევო მომსახურება, რომლის საშუალებითაც შეუძლია და სურვილი აქვს სრული სტაციონარული გამოკვლევა ჩაუტაროს არასრულწლოვანს, რომლის ხარჯების დაფარვასაც უზრუნველყოფს სახელმწიფო. ამასთანავე, ე------------------–---–ი, მისივე გადმოცემით, უახლოეს მომავალში მიიღებს თურქეთის მოქალაქეობას და სურვილი აქვს მოსარჩელეს, რომ მის შვილს - ს-----------ას, ასევე მიენიჭოს თურქეთის მოქალაქეობა, რათა ს---მ შეძლოს თურქეთში ცხოვრება და შესაბამისი განათლების და განვითარებისათვის საჭირო მომსახურების მიღება. სოციალური მუშაკი ასევე ესაუბრა არასრულწლოვან ს-----------ას, რომელმაც საუბრისას აღნიშნა, რომ მამასთან აქვს ნორმალური ურთიერთობა, თუმცა სურს დედასთან ერთად ცხოვრება. ს---- მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მას აქვს მიღებული არასრული საშუალო განათლება, 8 კლასი, რადგან ბიოლოგიური მამა ვერ უზრუნველყოფდა მის საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასწრებას და აკადემიური მოსწრების ხელშეწყობას;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ისანი-სამგორის სერვის ცენტრის მიერ 2018 წლის 14 სექტემბრის დასკვნა N----- (ს.ფ. 28-29);

 

4.2.2. სოციალურმა მუშაკმა განახორციელა ვიზიტი მოპასუხე ზ------------ას საცხოვრებელ მისამართზე: თბილისი, ა--–-----------------–------------- აღნიშნულ მისამართზე ზ------------ა ცხოვრობს არასრულწლოვან ს-----------ასთან ერთად. საცხოვრებელი არის კერძო ტიპის ორ ოთახიანი ბინა, რომელშიც ოჯახი იმყოფება ქირით. საცხოვრებელში მოწესრიგებულია კომუნალური პირობები, მეტნაკლებად მოწესრიგებულია საცხოვრებელი გარემო და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. ს----თვის საცხოვრებელში ცალკე გამოყოფილია პატარა საძინებელი. ზ------------ას გადმოცემით, იგი არ არის დასაქმებული და არასრულწლოვანს ეკონომიკურად ეხმარებიან ბიოლოგიური დედა და დეიდა. მოპასუხემ თავადაც აღნიშნა, რომ ფინანსური და სხვა პრობლემების გამო ვერ შესძლო ბავშვის საგანმანათლებლო დაწესებულებაში სიარულის უზრუნველყოფა. ს---- მამასთან აქვს კარგი ურთიერთობა, თუმცა გრძნობს, რომ ს---- დედასთან უფრო კარგი ურთიერთობა აქვს და დედასთან უფრო მოსწონს ყოფნა. მოპასუხე არ არის წინააღმდეგი ს---მ იცხოვროს თურქეთში დედასთან ერთად, თუმცა იგი წინააღმდეგია, რომ ბავშვმა მიიღოს თურქეთის მოქალაქეობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ისანი-სამგორის სერვის ცენტრის მიერ 2018 წლის 14 სექტემბრის დასკვნა N----- (ს.ფ. 28-29);

 

4.2.3. სოციალური სამსახურის შეფასებით, ვინაიდან ს-----------ას მამა ვერ უზრუნველყოფს შვილისათვის განათლების მიღების ხელშეწყობას, ასევე, შეს---მისი სამედიცინო მომსახურების მიწოდებას, მისი განვითრებისათვის საჭირო გარემოს შექმნას, ირღვევა არასრულწლოვანის არაერთი უფლება. არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ორივე მშობელმა უნდა იმოქმედოს ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. მეურვეობა-მზრუნველობის ორგანო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ ბავშვის ნორმალური განვითარებისთვის აუცილებელია, მასზე იზრუნოს ორივე მშობელმა. როგორც მოსარჩელემ, ასევე მოპასუხემ შესაძლებლობები უნდა მიმართონ ბავშვის საკეთილდღეოდ, რათა იგი გაიზარდოს სრულფასოვან, სტაბილურ და უსაფრთხო გარემოში, რაც თავისთავად გულისხმობს, რომ არასრულწლოვან ს-----------ას მიეცეს შესაძლებლობა იცხოვროს ბიოლოგიურ დედასთან, შეძლოს პასპორტის აღება და საზღვრის კვეთა თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ისანი-სამგორის სერვის ცენტრის მიერ 2018 წლის 14 სექტემბრის დასკვნა N----- (ს.ფ. 28-29);

- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (2018 წლის 07 დეკემბრის სხდომის ოქმი).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1201-ე, 1202-ე, 1205-ე მუხლები.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

მოსარჩელე მხარემ მოითხოვა მოპასუხე ზ------------ასათვის არასრულწლოვანი შვილის, ს-----------ას მიმართ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების ნაწილობრივ შეზღუდვა, საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთ, კერძოდ, თურქეთის რესპუბლიკაში დროებით გაყვანის ნაწილში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ამავე კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში, მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლის თანახმად, 1.მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. სასამართლოს შეუძლია შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუკიდებლად.

 

დადგენილია, რომ ე------------------–---–ს და ზ------------ას თანაცხოვრების პერიოდში, 2----–-–----------------ს შეეძინათ შვილი, ს-----------ა. მხარეები რამდენიმე წელია ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. ე------------------–---–ი და ზ------------ა განქორწინდნენ 2012 წლის 30 აპრილს.

 

საქმეში არსებული მასალების მიხედვით, სოციალურმა მუშაკმა განახორციელა სატელოფონო ზარი მოსარჩელე ე------------------–---–თან. იგი დაახლოებით რვა წელია ცხოვრობს თურქეთში, სადაც აქვს საკუთარი საცხოვრებელი ბინა, სამსახური და შეუძლია მისი არასრულწლოვანი შვილი უზრუნველყოს განვითარებისათვის საჭირო, უსაფრთხო, მზრუნველი გარემოთი და სათანადო საყოფაცხოვრებო პირობებით. სოციალური სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნის მიხედვით, აღნიშნულ მისამართზე ზ------------ა ცხოვრობს არასრულწლოვან ს-----------ასთან ერთად. საცხოვრებელი არის კერძო ტიპის ორ ოთახიანი ბინა, რომელშიც ოჯახი იმყოფება ქირით. საცხოვრებელში მოწესრიგებულია კომუნალური პირობები, მეტნაკლებად დამაკმაყოფილებელია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. ს----თვის საცხოვრებელში ცალკე გამოყოფილია პატარა საძინებელი. ზ------------ას გადმოცემით, იგი არ არის დასაქმებული და არასრულწლოვანს ეკონომიკურად ეხმარებიან ბიოლოგიური დედა და დეიდა. სოციალური მუშაკი გაესაუბრა არასრულწლოვან ს-----------ას, რომელმაც აღნიშნა, რომ მამასთან აქვს ნორმალური ურთიერთობა, თუმცა სურს დედასთან ერთად ცხოვრება. ს---- მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მას აქვს მიღებული არასრული საშუალო განათლება, 8 კლასი, რადგან ბიოლოგიური მამა ვერ უზრუნველყოფდა მის საგანამანათლებლო დაწესებულებაში დასწრებას და აკადემიური მოსწრების ხელშეწყობას. გარდა ამისა, არასრულწლოვანს აქვს ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები, რაც საჭიროებს შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევების ჩატარებას, რასაც ბავშვის მამა ამ ეტაპზე ვერ უზრუნველყოფს. როგორც სოციალური მუშაკთან საუბრისას მოპასუხე მხარემ განმარტა, იგი არ არის წინააღმდეგი არასრულწლოვანმა იცხოვროს თურქეთში დედასთან ერთად.

 

კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს უფლებას, შეზღუდოს მშობლის ერთ-ერთი უფლება. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა და მოსარჩელისათვის მოპასუხის თანხმობის გარეშე არასრულწლოვანი ს-----------ას პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთ დროებით გაყვანის უფლების მინიჭება. აღნიშნულ სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია მოპასუხე მხარეს და იგი არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა. თუმცა მისი პოზიცია ირკვევა სოციალური მუშაკის მიერ შედგენილი დასკვნიდან. კერძოდ, როგორც აღინიშნა, მოპასუხეს წინააღმდეგობა არ დაუფიქსირებია არასრულწლოვანი ს-----------ას დედასთან გამგზავრების საკითხთან დაკავშირებით.

 

,,საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად: 1. 16 წლამდე ბავშვის, აგრეთვე ქმედუუნარო პირის საქართველოდან დროებითი გასვლა შესაძლებელია მისი ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის ნებართვით და სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის თანხლებით. 2. 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვნის, თუ იგი არ იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში, საქართველოდან დროებითი გასვლისათვის საჭიროა მისი ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა. 3. არასრულწლოვანს, აგრეთვე ქმედუუნარო პირს, რომელსაც საზღვარგარეთ დროებით გამგზავრებისას თან არ ახლავს კანონიერი წარმომადგენლები, ამ უკანასკნელთა შუამდგომლობის საფუძველზე მიეცემა პასპორტი. 31. საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემისათვის ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა საკმარისია, თუ: ა) მეორე კანონიერი წარმომადგენელი იძებნება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით; ბ) მეორე კანონიერი წარმომადგენელი გარდაცვლილი, ქმედუუნარო ან უგზო-უკვლოდ დაკარგულია; გ) მეორე კანონიერი წარმომადგენლის მძიმე ავადმყოფობის გამო შეუძლებელია ნების გამოხატვა, რაც დასტურდება შესაბამისი ცნობით; დ) არასრულწლოვანი 16 წელს მიღწეულია; ე) არასრულწლოვანი მარტოხელა დედის შვილია. 4. არასრულწლოვანი ან ქმედუუნარო პირის საქართველოდან დროებითი გასვლის საკითხზე კანონიერ წარმომადგენელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავა გადაწყდება სასამართლოს წესით.

 

მოცემული სახის დავის გადაწყვეტისას, სასამართლომ თანაბრად უნდა დაიცვას ორივე მშობლის უფლება, მაგრამ უპირატესობა უნდა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს. სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ბავშვის ასაკი, პირადი დამოკიდებულება მშობლისადმი, მისი ცხოვრების წესი, ფსიქოლოგიური მდგომარეობა. სასამართლო იზიარებს სოციალური სამსახურის წარმომადგენლის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ორივე მშობელი ვალდებულია, ზრუნავდეს ბავშვის კეთილდღეობაზე, რათა იგი გაიზარდოს სრულფასოვან და უსაფრთხო გარემოში. არასრულწლოვანს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ იცხოვროს დედასთან, თურქეთის რესპუბლიკაში, სადაც ბავშვის უპირატესი უფლებები და ინტერესები იქნება უკეთ დაცული.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას, ამოსავალი წერტილი არის ბავშვის საუკეთესო ინტერესები, რაც უნდა განისაზღვროს ბავშვის ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. საოჯახო ურთიერთობების განსაკუთრებულობას და სპეციფიკურობას ადასტურებს საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლიც, რომლითაც სახელწიფოს მიერ აღიარებულია ვალდებულება, ხელი შეუწყოს ოჯახის კეთილდღეობას. ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტისას სასამართლომ უტყუარად და სარწმუნოდ უნდა დაადგინოს მიღებული გადაწყვეტილების ბავშვის ინტერესებისათვის ყველაზე უკეთ შესაბამისობა. ამდენად, არასრულწლოვანი ს-----------ას უპირატესი ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, მოპასუხე ზ------------ას შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება ბავშვის მიმართ, პასპორტის აღების და საზღვარგარეთ, კერძოდ, თურქეთის რესპუბლიკაში დროებით გაყვანის ნაწილში, რაც შეესაბამება არასრულწლოვანის ჭეშმარიტ ინტერესებს და კანონით დაცულ უფლებებს. სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების ნაწილობრივ შეზღუდვა არ გულისხმობს მშობლისათვის შვილთან ურთიერთობის უფლების ჩამორთმევას ან შვილთან ურთიერთობის უფლების შეზღუდვას.

 

ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნის, ბავშვის ასაკის გათვალისწინებით, არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია მოპასუხე ზ------------ას შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება საქართველოს პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთ (თურქეთის რესპუბლიკაში) დროებით გაყვანის ნაწილში სხვა უფლებებისა და მოვალეობების შეუზღუდავად.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები – არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ სარჩელებზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, არაქონებრივ დავაზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 100 ლარს. 39-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს. ამავე კოდექსის მე-14 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებს, გარდა შვილად აყვანის, მშობლის უფლების ჩამორთმევის, მამობის დადგენის და განქორწინების საქმეებისა, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა ბავშვის მიკუთვნების თაობაზე.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე ზ------------ას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, მე-14, 38-ე, 39-ე, 46-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591 -ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ე------------------–---–ის სარჩელი, მოპასუხე ზ------------ას მიმართ, მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის თაობაზე, დაკმაყოფილდეს:

 

1.1. მოპასუხე ზ------------ას (პ/ნ 4----------) შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება არასრულწლოვანი შვილის, ს-----------ას (დაბადებული 2----–-–----------------ს, პ/ნ 4----------), მიმართ, საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთ, კერძოდ, თურქეთის რესპუბლიკაში, დროებით გაყვანის ნაწილში, მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობების შეუზღუდავად.

 

2. მოპასუხე ზ------------ას (პ/ნ 4----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 100 (ასი) ლარის გადახდა.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირინა ზარქუა