გადაწყვეტილება

სამოქალაქო 09.07.2019
საქმის ნომერი
190210018002287897
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
09.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2-407-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

09 ივლისი 2019 წელი ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე: ეკატერინე ყანჩელი

სხდომის მდივანი: სალომე არევაძე

მოსარჩელე - ტა---------------ა

მოსარჩელის წარმომადგენელი - მა------–---------–---ი

მოპასუხე - ტე-–------–---ი

მოპასუხის წარმომადგენელი - მა----–----------ა

მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი სოციალური მომსახურების სააგენტოს გარდაბნის სოციალური მომსახურების ცენტრი

მესამე პირის წარმომადგენელი - ლა–-----------–---–ი

დავის საგანი - მშობლის უფლების შეზღუდვა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

მოპასუხე ტე-–------–---ს შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, თავისი არასრულწლოვანი შვილების- 2009 წლის 20 თებერვალს დაბადებული ლე-------–---ას და 2015 წლის 01 ოქტომბერს დაბადებული მე-–------–---ას მიმართ პასპორტის აღების და მათი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაყვანის ნაწილში;

 

სამართლებრივი საფუძვლები:

 

სარჩელში მითითებულია, რომ ტა---------------ა და ტე-–------–---ი 2008 წლიდან 2016 წლის 22 დეკემბრამდე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ ორი შვილი 2009 წლის 20 თებერვალს დაბადებული ლე-------–---ა და 2015 წლის 01 ოქტომბერს დაბადებული მე-–------–---ა.

მოსარჩელის განმარტებით, 2018 წლის 19 იანვრიდან იგი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე აი------------თან, რის გამოც ხშირად უწევს თურქეთის რესპუბლიკაში წასვლა. სარჩელში მითითებულია რომ ტა---------------ას მოპასუხესთან არ აქვს ჯანსაღი ურთიერთობა, რის გამოც ტე-–------–---ი არ აძლევს მას უფლებას, რომ არასრულწლოვანი ბავშვები საზღვარგარეთ გაიყვანოს, ამასთან, მოსარჩელე განმარტავს, რომ იგი რამდენიმე თვეა ქვეყნიდან არ გასულა, ვინაიდან ბავშვების დატოვება უწევს ბებიასთან, რაც შეეხება მამას, იგი მუშაობს საქართველოს ფარგლებს გარეთ, რის გამოც სისტემატიურად უწევს საზღვარგარეთ ყოფნა. სარჩელში აღნიშნულია, რომ ბავშვები განიცდიან მშობლებთან დაშორებას, თუმცა მათ განსაკუთრებული მიჯაჭვულობა გააჩნიათ დედის მიმართ, ვინაიდან ბავშვებს დაბადებიდან დღემდე ტარანა მაამედოვა ზრდის და უზრუნველყოფს, როგორც მატერიალურად ისე მორალურად, ხოლო მოპასუხე არ იღებს მონაწილეობას მათ აღზრდაში.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ტა---------------ა ითხოვს მოპასუხე ტე-–------–---ს შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, თავისი არასრულწლოვანი შვილების- 2009 წლის 20 თებერვალს დაბადებული ლე-------–---ას და 2015 წლის 01 ოქტომბერს დაბადებული მე-–------–---ას მიმართ პასპორტის აღების და მათი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაყვანის ნაწილში;

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ტე-–------–---მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მისი სურვილია შვილებთან ჰქონდეს კარგი და ხანგრძლივი ურთიერთობა, რასაც ადასტურებს გარდაბნის მაგისტრატი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მას განესაზღვრა ბავშვების ნახვის დღეები, ამასთან, მოპასუხის განმარტებით, მშობელს შეიძლება უფლება შეეზღუდოს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში ბავშვების უპირატესი ინტერესის გათვალისწინებით, რისი საფუძველიც მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს. შესაბამისად, ტე-–------–---ი მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ტა---------------ა და ტე-–------–---ი 2008 წლიდან 2016 წლის 22 დეკემბრამდე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში.

 

მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება, განქორწინების მოწმობა.

 

3.1.2. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ ორი შვილი 2009 წლის 20 თებერვალს დაბადებული ლე-------–---ა და 2015 წლის 01 ოქტომბერს დაბადებული მე-–------–---ა.

 

მტკიცებულება: დაბადების მოწმობები

 

3.1.4. 2018 წლის 19 იანვარს ტა---------------ა და აი------------ი დაქორწინდენ.

 

მტკიცებულება: ნოტარიულად ნათარგმნი ქორწინების მოწმობა;

 

3.1.5. გარდაბნის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 03 აპრილის გადაწყვეტილებით, ტე-–------–---ს განესაზღვრა თავისი არასრულწლოვანი შვილების ნახვის დღეები.

 

მტკიცებულება: გარდაბნის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 03 აპრილის გადაწყვეტილება;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები სადავო არ არის.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმის განხილვის შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, მოპასუხე ტე-–------–---ს შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, თავისი არასრულწლოვანი შვილების- 2009 წლის 20 თებერვალს დაბადებული ლე-------–---ას და 2015 წლის 01 ოქტომბერს დაბადებული მე-–------–---ას პასპორტის აღების და მათი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაყვანის ნაწილში;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

“ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3, მე-5 მუხლები

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1199-ე, 1202-ე, 1205-ე, 1275-1279-ე, 1281-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კანონმდებლობა ბავშვთან ურთიერთობის წესების დადგენისათვის თანაბარ უფლებებს განსაზღვრავს ბავშვის მშობლების მიმართ, სწორედ ამიტომ ამ უფლების გასაზღვრისა და გამოყენების წესების დადგენა ხდება სასამართლოს მიერ მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით. “ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

 

ზემოაღნიშნული კონვენციის მე-5 მუხლის თანახმად: მონაწილე სახელმწიფოები პატივს მიაგებენ მშობლებისა და შესაბამის შემთხვევებში ადგილობრივი ადათ-წესების შესატყვისად ფართოდ გაგებული ოჯახის წევრების ან თემის, მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებიც კანონის მიხედვით პასუხისმგებელნი არიან ბავშვზე, იმაზე, რომ სათანადოდ ხელმძღვანელობდნენ ბავშვს წინამდებარე კონვენციით აღიარებულ უფლებათა განხორციელებაში და აკეთებდნენ ამას ბავშვის უნართა განვითარების გათვალისწინებით. კანონი პატივს სცემს რა მშობლის უფლებას ურთიერთობა იქონიონ შვილებთან აღნიშნულის უფლების განხორციელების საკითხის გადაწყვეტისას უპირატესობას ანიჭებს ბავშვის ინტერესებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ამავე კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ტა---------------ა და ტე-–------–---ი 2008 წლიდან 2016 წლის 22 დეკემბრამდე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ ორი შვილი 2009 წლის 20 თებერვალს დაბადებული ლე-------–---ა და 2015 წლის 01 ოქტომბერს დაბადებული მე-–------–---ა. 2018 წლის 19 იანვრიდან ტა---------------ა რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე აი------------თან, რის გამოც ხშირად უწევს თურქეთის რესპუბლიკაში წასვლა. უდავოა, რომ ტა---------------ას მოპასუხესთან არ აქვს ჯანსაღი ურთიერთობა, რის გამოც ტე-–------–---ი არ აძლევს მას ნებართვას, რომ არასრულწლოვანი ბავშვები საზღვარგარეთ გაიყვანოს, ამასთან, მოსარჩელე რამდენიმე თვეა ქვეყნიდან არ გასულა, ვინაიდან ბავშვების დატოვება უწევს ბებიასთან, რაც შეეხება მამას, იგი მუშაობს საქართველოს ფარგლებს გარეთ, რის გამოც სისტემატიურად უწევს საზღვარგარეთ ყოფნა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად, მშობების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.

 

,,საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, 16 წლამდე ბავშვის, აგრეთვე ქმედუუნარო პირის საქართველოდან დროებითი გასვლა შესაძლებელია მისი ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის ნებართვით და სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის თანხლებით.

 

მოცემულ შემთხვევაში, ტა---------------ა განმარტავს, რომ ვინაიდან მას მეუღლე ჰყავს საზღვარგარეთ, საკუთარ შვილებთან ერთად გარკვეული პერიოდულობით სურს თურქეთის რესპუბლიკაში გამგზავრება, თუმცა მოპასუხე მას არ აძლევს აღნიშნულის უფლებას, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს, მოპასუხეს შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება თავისი არასრულწლოვანი შვილების- 2009 წლის 20 თებერვალს დაბადებული ლე-------–---ას და 2015 წლის 01 ოქტომბერს დაბადებული მე-–------–---ას მიმართ პასპორტის აღების და მათი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაყვანის ნაწილში.

 

სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლის თანახმად, 1. მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. სასამართლოს შეუძლია შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუკიდებლად.

 

მხარეთა ახსნა-განმარტებებით დგინდება, რომ 2009 წლის 20 თებერვალს დაბადებული ლე-------–---ა და 2015 წლის 01 ოქტომბერს დაბადებული მე-–------–---ა ცხოვრობენ დედასთან ტა---------------ასთან ერთად საქართველოში. ვინაიდან მოსარჩელე გათხოვდა თურქეთის რესპუბლიკაში, მას პერიოდულად უწევს საქართველოს საზღვრებს გარეთ გასვლა, ამ პერიოდში კი ბავშვებს ბებიასთან ტოვებს, რაც შეეხება ტე-–------–---ს, იგი დასაქმებულია საზღვარგარეთ და საქართველოში იშვიათად ჩამოდის.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მშობლებს აქვთ თანაბარი უფლებები შვილის მიმართ, ამასთან ეკისრებათ პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, მათ შორის მის მშვიდ, ჯანსაღ ემოციურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობის უზრუნველყოფაზეც. აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლო იზიარებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიციას მოპასუხისათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით. საქმეში წარმოდგენილი გარდაბნის რაიონული განყოფილების სოციალური მუშაკის დასკვნის თანახმად, არასრულწლოვნები ავლენენ პოზიტიურ დამოკიდებულებას დედისა და მამის მიმართ, ლეისანთან საუბარში ვლინდება, რომ მას პერიოდულად უწევს მშობლების გარეშე ყოფნა, მისთვის სასურველია ორივე მშობელთან ურთიერთობა, განსაკუთრებით დისკომფორტს უქმნის დედასთან განშორება. ლეისანი აღნიშნავს, რომ ძირითადად ცხოვრობს დედასთან და დებთან ერთად, ხოლო მამასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ აქვს სურვილი მამამ დართოს ნება სხვა ქვეყანაში ცხოვრების.

სასამართლო არნიშნავს, რომ მოცემული კატეგორიის დავის გადაწყვეტისას სასამართლომ თანაბრად უნდა დაიცვას ორივე მშობლის უფლება, მაგრამ უპირატესობა უნდა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს. სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ბავშვის ასაკი, პირადი დამოკიდებულება მშობლისადმი, მისი ცხოვრების წესი, ფსიქოლოგიური მდგომარეობა.

განსახილველ შემთხვევაში, უდაოა, რომ როგორც მოსარჩელე მხარე, ისე მოპასუხე თავიანთი დროის უდიდეს ნაწილს ატარებენ საზღვარგარეთ, კერძოდ, მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტებიდან დასტურდება, რომ იგი მუშაობს საზღვარგარეთ და პერიოდულად ჩამოდის საქართველოში, ხოლო ტა---------------ა გათხოვილია თურქეთში, რის გამოც, ხშირად უწევს საზღვარგარეთ ყოფნა და ბავშვების ბებიასთან დატოვება. სოციალური მუშაკის მიერ წარმოდგენილი დასკვნის თანახმად, ბავშვებს ორივე მშობლის მიმართ თანაბარი სიყვარული გააჩნიათ, თუმცა ურჩევნიათ დროის დიდი ნაწილი დედასთან გაატარონ.

 

არასრულწლოვანი ბავშვის უპირატესი ინტერესის გათვალისწინებით, დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასთან და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას. არასრულწლოვანი ბავშვისთვის ორივე მშობელი არის რესურსი. მათ შორის კეთილგანწყობილი ურთიერთობა განქორწინების შემდეგ განაპირობებს ბავშვის მიერ ორივე მშობლის დადებითი სახის შენარჩუნებას. საკითხისადმი ჯანსაღი მიდგომის შემთხვევაში, პირველ რიგში უნდა იდგეს ბავშვის ინტერესი. არასრულწლოვანის მიმართ მშობლის რომელიმე უფლების შეზღუდვის დროს სასამართლომ უნდა დაიცვას ორივე მშობლის ინტერესი, მაგრამ უპირატესობდა უნდა მიენიჭოს ბავშვის ინტერესებს.

 

არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებისა და მისი უფლებების უპირატესად დაცვის თვალსაზრისით, მოცემულ ეტაპზე არ გამოიკვეთა არასრულწლოვნის საქართველოს საზღვრებს გარეთ გამგზავრების ხელისშემშლელი გარემოება. მხოლოდ ის გარემოება, რომ ტა---------------ა საზღვარგარეთ არის გათხოვილი, არ ქმნის იმის ვარაუდის საფუძველს, რომ მოსარჩელემ შესაძლოა სამუდამოდ დატოვოს ქვეყანა და შვილთან ერთად საზღვარგარეთ გაემგზავროს საცხოვრებლად. აღნიშნულთან დაკავშირებული რაიმე საფუძვლიანი ეჭვის თუ საფრთხის არსებობა, საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება.

სასამართლო განმარტავს, რომ იმ პირობებში როდესაც ორივე მშობელია სახეზე, რომელთაგან დედა მიუხედავად იმისა რომ გათხოვილია თურქეთში, შვილებთან ყოფნის სურვილის გამო ძირითადად საქართველოში იმყოფება და ზრუნავს მათზე, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებიდან და იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ ბავშვებისათვის უსიამოვნოა დედასთან განშორება და სურთ მასთან ერთად ცხოვრება სხვა ქვეყანაში, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ ბავშვები მნიშვნელოვანია ცხოვრობდნენ დედასთან, ვიდრე ბებია-ბაბუასთან, ვინაიდან მცირეწლოვანი ბავშვისა და მშობლის დაშორება, ამ აუცილებლობის შემთხვევაშიც კი, უარყოფით გავლენას ახდენს მშობლის გარემოცვას მოწყვეტილი ბავშვის ფსიქიკაზე.

რაც შეეხება ტე-–------–---ს, იგი დროის უდიდეს ნაწილს საზღვარგარეთ ატარებს, შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ ტა---------------ა საქართველოს ფარგლებს დატოვებს ბავშვების გარეშე, მცირეწლოვნები აღმოჩნდებიან ორივე მშობლის მზრუნველობის გარეშე.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ტა---------------ას სარჩელი დასაბუთებულია და ტე-–------–---ს უნდა შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება, თავისი არასრულწლოვანი შვილების- 2009 წლის 20 თებერვალს დაბადებული ლე-------–---ას და 2015 წლის 01 ოქტომბერს დაბადებული მე-–------–---ას პასპორტის აღების და მათი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაყვანის ნაწილში, ვინაიდან მითითებული გარემოებებისა ბავშვებისათვის მამის თანხმობის არ არსებობა გამოიწვევს ბავშვის ინტერესის ხელყოფას, რაც დაუშვებელია.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით მოპასუხე ტე-–------–---ს ტა---------------ას სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 100 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზრაურების მიზნით.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244, 248-249-ე, 364-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ტა---------------ას სარჩელი მოპასუხე ტე-–------–---ის მიმართ მშობლის უფლების შეზღუდვის მოთხოვნით დაკმაყოფილდეს;

 

2. მოპასუხე ტე-–------–---ს შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, თავისი არასრულწლოვანი შვილების- 2009 წლის 20 თებერვალს დაბადებული ლე-------–---ას და 2015 წლის 01 ოქტომბერს დაბადებული მე-–------–---ას პასპორტის აღების და მათი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაყვანის ნაწილში.

 

3. მოპასუხე ტე-–------–---ს ტა---------------ას სასარგებლოდ დაეკისროს 100 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. #7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. #6) მეშვეობით.

 

5.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ეკატერინე ყანჩელი