გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/221-2018წ
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
20 ივნისი 2018 წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი
სხდომის მდივანი თამარ კობაიძე
მოსარჩელე მ--- ი-----–---–ი
წარმომადგენელი ანდრონიკ სარიბეკოვი, ეკატერინე მიშველიძე
მოპასუხე ზ------ ლ----ა
არასრულწლოვანი ბავშვის წარმომადგენელი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების ცენტრი
წარმომადგენელი პაატა ცნობილაძე
დავის საგანი მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვა
II აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ზ------ ლ----ასათვის შვილის 2008 წლის 8 თებერვალს დაბადებული მ---- ლ----ას მიმართ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვა მ---- ლ----ას მიერ საქართველოს საზღვრის გადაკვეთის ნებართვის მიცემის უფლების ნაწილში, რათა ბავშვი მ--- ი-----–---–თან ესპანეთში გაემგზავროს ყოველი წლის 1 იანვრიდან 10 იანვრამდე, და ზაფხულის არდადეგებზე ყოველი წლის 15 ივლისიდან 30 აგვისტომდე.
მოსარჩელის განმარტებით, მხარეებს ჰყავთ ჰყავთ ერთი არასრულწლოვანი შვილი, რომელიც დაიბადა 2008 წლის 8 თებერვალს. მოპასუხეს დაეკისრა ალიმენტის თვეში 100 ლარის გადახდა, თუმცა იგი ამ თანხას არ იხდიდა. განქორწინების შემდეგ მარტოს უწევდა შვილის რჩენა და აღზრდა. მოსარჩელე მცირე შემოსავლით სრულყოფილად ვერ ახერხებდა შვილის რჩენას, რის გამო იძულებული გახდა სამუშაოდ წასულიყო საზღვარგარეთ, ხოლო ბავშვი დატოვა მეუღლის სახლში. ცხოვრობს და მუშაობს ესპანეთში, საიდანაც ბავშვს სისტემატიურად უგზავნის თანხას და ზრუნავს მის განვითარებაზე. ბავშვის დიდი სურვილი აქვს და ოცნებობს არდადეგების დრო გაატაროს დედასთან, თუმცა მოპასუხე სანოტარო წესით თანხმობის განცხადების წინააღმდეგია.
საზღვარგარეთ გამგზავრების შემთხვევაში ბავშვი უზრუნველყოფილი იქნება საცხოვრებლით, რადგან მოსარჩელის განმარტებით, მას ნაქირავები აქვს ბინა, სადაც ცხოვრობს და აქვს სტაბილური სამსახური.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ზ------ ლ----ას სარჩელზე წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია. იგი არც სხდომაზე გამოცხადდა.
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელი დაეთანხმა სარჩელს და განმარტა, მ---- ლ----ა რუსთავში ცხოვრობს ბებიასთან, ზ------ ლ----ას დედასთან. ზ------ ლ----ა პერიოდულად სამუშაოდ მიემგზავრება პოლონეთში. ზ------ ლ----ას დედის განმარტებით, მ--- ი-----–---–ი სისტემატიურად უგზვანსის შვილს თანხას ესპანეთიდან, არის ყურადღებიანი და მზრუნველი დედა. წლის განმავლობაში პერიოდულად ჩამოდის საქართველოში. ბებიის განმარტებით, ბავშვს ძალიან უნდა დედასთან ერთად ხანგრძლივი დროით ყოფნა არდადეგებზე. სოციალურ მუშაკს ბავშვმა განუმარტა, რომ მას ძალიან უნდა დედასთან გაემგზავროს და არდადეგებზე დედასთან ერთად დაისვენოს.
(14.06.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი. )
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდაო გარემოებები
3.2. დადგენილი სადაო გარემოებები
3.2.1. მ---- ლ----ა დაბადებულია 2005 წლის 8 თებერვალს. მისი დედაა მოსარჩელე მ--- ი-----–---–ი, ხოლო მამა მოპასუხე ზ------ ლ----ა. მშობლების განქორწინების გამო ბავშვი ცხოვრობს ქალაქ რუსთავში ზ------ ლ----ას ოჯახში ბებიასთან და ბიძასთან ერთად. მოსარჩელე ძირითადად ცხოვრობს და მუშაობს ესპანეთში. ასევე საზღვარგარეთ მუშაობს მოპასუხე ზ------ ლ----ა.
საქმეში წარმოდგენილი დაბადების მოწმობის თანახმად, მ---- ლ----ა დაბადებულია 2005 წლის 8 თებერვალს. მისი მშობლები არიან - დედა მ--- ი-----–---–ი, მამა - ზ------ ლ----ა.
2011 წლიდან ზ------ ლ----ას და მ--- ი-----–---–ს შორის ოჯახური ურთიერთობა შეწყვეტილია. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 25 იანვრის განჩინებით მხარეთა მორიგების გამო შეწყდა საქმის წარმოება მ--- ი-----–---–ის სარჩელზე ზ------ ლ----ას მიმართ ბავშვის საცხოვრებელი ადგილი განსაზღვრისა და ალიმენტის დაკისრების შესახებ, მხარეთა მორიგებით ბავშვის მ---- ლ----ას საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა მ--- ი-----–---–ის საცხოვრებელი ადგილი, ხოლო ზ------ ლ----ას დაეკისრა ალიმენტის, ყოველთვიურად 100 ლარის გადახდა.
მ--- ი-----–---–ი 2013 წლიდან ცხოვრობს და მუშაობს ესპანეთში, ხოლო მხარეთა არასრულწლოვანი შვილის მ---- ლ----ა ამჟამად ცხოვრობს ქალაქ რუსთავში, მამის ზ------ ლ----ას ოჯახში, მამის ნათესავებთან - ბებიასთან ნატო ლ----ასთან და ბიძასთან ზაალ ლ----ასთან ერთად.
სოციალური მუშაკის ივანე ბუბაშვილის 2018 წლის 13 აპრილის დასკვნის თანახმად, არასრულწლოვანი მ---- ლ----ა, მას შემდეგ რაც დედა წავიდა ესპანეთში, 4 წელია ცხოვრობს მამის ოჯახში ბებიასთან ნატო ლ----ასთან და ბიძასთან ზაალ ლ----ასთან ერთად. მ---- ლ----ას მშობლები მ--- ი-----–---–ი და ზ------ ლ----ა 2012 წლიდან განქორწინებულები არიან. ვიდრე მ--- ი-----–---–ი წავიდოდა ესპანეთში, მ---- ცხოვრობდა დედასთან. ბავშვის მამა ზ------ ლ----ა 2 თვეა რაც პოლონეთში წავიდა, შესაბამისად, მამის პოზიცია იმის შესახებ, რომ შვილი გაუშვას დედასთან ესპანეთში არდადეგებზე უცნობია. მ---- ლ----ა არის 13 წლის და მის მოსაზრება დედასთან წასვლის შესახებ მნიშვნელოვანია. მისი პოზიცია კი ის არის, მას ძალიან უნდა დედასთან ესპანეთში წასვლა, რომელიც ძალიან ენატრება. მ----ს ბებიამ და ბიძამ დაადასტურეს, რომ მ--- ი-----–---–ი მზრუნველი დედაა და ყოველთვიურად შვილს უგზავნის ფულად გზავნილებს. მ----ს დედა გასული წლის დეკემბერში ჩამოსული იყო შვილის სანახავად. ბავშვის მამას პოლონეთში ახალი დაწყებული აქვს სამუშაო და ჯერჯერობით შვილს ფულად გზავნილებს ვერ უგზავნის. ბავშვს მშობლებთან სოციალური ქსელით აქვს ურთიერთობა.
მ---- ლ----ა ბებიასთან და ბიძასთან უსაფრთხო საცხოვრებელ გარემოში ცხოვრობს. ოჯახი არის აფხაზეთიდან დევნილი და ბავშვს დევნილობის დახმარება ანაბარზე ერიცხება. ბინა არის ოჯახის საკუთრება. ბავშვს აქვს მოწყობილი საძინებელი ოთახი, საცხოვრებლის სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები მოწესრიგებულია, მ---- სწავლობს რუსთავის პირველ საჯარო სკოლაში მე-7 კლასში. კარგი ყოფაქცევის ბავშვია.
მოსარჩელე მ--- ი-----–---–ი 2012 წლიდან ცხოვრობს და მუშაობს ესპანეთში. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია ესპანეთში, ტარრაგონას მუნიციპალიტეტის სტატისტიკის გენერალური მდივნის მიერ 2017 წლის იანვარში გაცემული რეგისტრაციის მოწმობა, რომლის მიხედვით მუნიციპალიტეტის მოსახლეობის რეესტრში აღრიცხულია საქართველოს მოქალაქე მ--- ი-----–---–ი, რომლის საცხოვრებელი მისამართი ესპანეთში არის CR GASOMETRE N 25 სართული3, ოთახი 4.
2016 წლის 15 სექტემბერს მ--- ი-----–---–სა და რობერტო მესა ხინერს შორის სანოტარო წესით დადებულია საცხოვრებელი ფართის ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით მ--- ი-----–---–ი არის CR GASOMETRE N 25 სართული 3, N5 ოთახის დამქირავებელი. ქირის ფასია თვეში 425 ევრო, წლიურად 5100 ევრო. ხელშეკრულება დადებულია 1 წლის ვადით, რომლის გაგრძელება შესაძლებელია მაქსიმუმ 3 წლის ვადით.
მ--- ი-----–---–სა და ხათუნა ოდიშარიას შორის დადებულია ვადიანი შრომითი ხელშეკრულება ოჯახის მომსახურებაზე, რომლის მიხედვით, მ--- ი-----–---–ის სამუშაო ადგილია ტარრაგონას მუნიციპალიტეტი, BLOQUE LLORER N26 1-2 LA FLORESTA. სამუშაო დროა განსაზღვრული ნახევარ განაკვეთზე. ჩვეულებრივი სამუშაო დღეა 10 საათი კვირაში. სამუშაო დრო განაწილებულია ორშაბათიდან პარასკევამდე. ხელშეკრულების მოქმედების ვადაა 2017 წლის 2 ოქტომბრიდან 2018 წლის 1 ოქტომბრამდე ერთი თვის გამოსაცდელი პერიოდით. შრომის ანაზღაურების ოდენობაა თვეში 210 ევრო. შვებულების ხანგრძლივობაა წელიწადში 30 დღე.
მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია ფულადი გზავნილების გადარიცხვის შესახებ დოკუმენტი, რომლის მიხედვით, 22014-2017 წლებში მ--- ი-----–---–ის მიერ საქართველოში ფულადი გზავნილებით თანხა გადარიცხულია ელენე მურადაშვილის, ელისო გურჩიანის, ეთერ ი-----–---–ის, გიორგი ი-----–---–ის, გიორგი ლატარიას, ლედი გელაშვილის, ნატო ლ----ას, ნანა ლ----ას, ნინო მაისურაძის. თამარ ნიაზაშვილის სახელზე.
ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მ--- ი-----–---–ი 2013 წლიდან ცხოვრობს ესპანეთში. იგი დასაქმებულია შრომის ხელშეკრულების საფუძველზე, აქვს საცხოვრებელი ფართი, რომლითაც სარგებლობის ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე. იგი სისტემატიურად ეხმარება შვილს, უზრუნველყოფის მის საჭიროებების მატერიალური ფულადი დახმარებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- სარჩელი (ს.ფ. 2-6. ტომი 1)
- სოციალური მუშაკის დასკვნა (ს.ფ. 101-102. ტომი 1).
- დაბადების მოწმობის ასლი (ს.ფ. 18. ტომი 1)
- ქირავნობის ხელშეკრულების ასლი ს.ფ 37-47. ტომი 1)
- შრომის ხელშეკრულების ასლი ( ს.ფ48-62. ტომი 1)
- ესპანეთში რეგისტრაციის ცნობის ასლი (ს.ფ. 19-24. ტომი 1)
-ფულადი გზავნილების შესახებ ამონაწერის ასლი (ს.ფ. 25-36. ტომი 1)
III სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე მოპასუხეს უნდა შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება.
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
საქმის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა შემდეგი ნორმები:
- საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლი
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1205-ე, 1199-ე, 1198-ე, 1200-ე, 1202-ე მუხლები
- გაეროს „ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენცია
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, სახელმწიფო ხელს უწყობს ოჯახის კეთილდღეობას. დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით.
საქართველოს კონსტიტუციით აღნიშნული ნორმებით სახელმწიფოს ვალდებულებაა ხელი შეუწყოს ოჯახის კეთილდღეობას, დაიცვას დედათა და ბავშვთა უფლებები. დედათა და ბავშვთა უფლებების დაცვის კონსტიტუციური გარანტია არ ნიშნავს მხოლოდ დედასა და ბავშვს შორის ურთიერთობების დაცვას. კონსტიტუციის ამ ნორმით სახელმწიფო კისრულობს ბავშვთა უფლებების დაცვის ვალდებულებას.
ბავშვთა უფლებს შეეხება გაეროს მიერ 1989 წლის 20 ნოემბერს მიღებული ”ბავშვის უფლებების კონვენცია”. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის გარდა მშობელსა და შვილს შორის ურთიერთობების სამართლებრივ ასპექტებს შეეხება ასევე საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, რომლებთან შესაბამისობაშია საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის შესაბამისად შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ამავე კოდექსის 1198-ე მუხლის შესაბამისად მშობლები უფლებამოსილნი და მოვალენი არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით ამავე ნორმის მე-5 ნაწილის თანახმად მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, განსაზღვრონ თავიანთ შვილებთან მესამე პირთა ურთიერთობის უფლება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლის თანახმად, 1. მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. სასამართლოს შეუძლია შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუკიდებლად. 3. მეურვეობა ან მზრუნველობა დგინდება იმ ბავშვის მიმართ, რომლის ორივე მშობელს შეეზღუდა მშობლის უფლება ან მოვალეობა ამ კოდექსის შესაბამისად. 4. რამდენადაც ეს შესაძლებელია, მშობელს უნარჩუნდება ბავშვის რჩენის ვალდებულება, როცა მშობლის უფლება შეზღუდულია, ამ კოდექსით გათვალისწინებული საალიმენტო მოვალეობების შესაბამისად.
ამ ნორმით გათვალისწინებულია მშობლის უფლებებისა და მოვალეობების შეზღუდვა, რაც მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილებითაა შესაძლებელია. კანონით გათვალისწინებულია მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლებისა და მოვალეობის შეზღუდვა, თუმცა ეს ნორმა არ განსაზღვრავს მშობლის უფლების შეზღუდვის საფუძვლებს. შესაბამისად, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს მშობლებსა და არასრულწლოვან შვილებს შორის ურთიერთობის იმ ზოგადი პრინციპის საფუძველზე, რაც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლით, რომლის თანახმად მშობლის უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგენს ბავშვის ინტერესებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად, 1. მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. 11. დაუშვებელია არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდისას მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ აღზრდის ისეთი მეთოდების გამოყენება, რომლებიც არასრულწლოვნის ფიზიკურ ან/და ფსიქიკურ ტანჯვას იწვევს. 2. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. 3. მშობლებს უფლება აქვთ, განსაზღვრონ, თუ ვისთან და სად უნდა იცხოვროს შვილმა. 4. მშობლებს ევალებათ, დაიცვან თავიანთი არასრულწლოვანი შვილების უფლებები და ინტერესები, რაც მოიცავს შვილების ქონების მართვასა და გამოყენებას. 5. მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, განსაზღვრონ თავიანთ შვილებთან მესამე პირთა ურთიერთობის უფლება. 6. მშობლები არასრულწლოვანი შვილების კანონიერი წარმომადგენლები არიან და განსაკუთრებულ რწმუნებულებათა გარეშე გამოდიან მათი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად მესამე პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის, სასამართლოში.
სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლით განსაზღვრული არ არის მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ფარგლები, თუმცა წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მოიცავს ბავშვის სახელით ან მასთან დაკავშირებული სხვადასხვა იურიდიული მნიშვნელობის მქონე მოქმედებების შესრულებას. მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მოიცავს როგორც ქონებრივი, ისე არაქონებრივი უფლებამოსილებების ერთობლიობას. მშობლის წარმომადგენლობითი უფლებაა განკარგოს არასრულწლოვანი შვილის ქონება, შეიძინოს შვილის სასარგებლოდ ქონება, მიიღოს გადაწყვეტილება შვილის საცხოვრებელი ადგილის შესახებ, განათლების მიღების საკითხზე და მისი აღზრდის სხვა საკითხებზე.
სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლი დასათაურებულია, როგორც: „მშობელთა მოვალეობანი შვილების მიმართ“, ამ ნორმით პუნქტობრივად ცალ-ცალკეა მითითებული მშობლის უფლება-მოვალეობები შვილების მიმართ (პირველი-მე-5 ნაწილები) და მშობლის, როგორც შვილის წარმომადგენლის უფლებამოსილება (მე-6 ნაწილი).
ამდენად, სამოქალაქო კანონმდებლობა მიჯნავს ერთმანეთისაგან მშობლის უფლება-მოვალეობებს, რომელიც გულისხმობს ურთიერთობებს მშობელსა და შვილს შორის და მშობლის, როგორც კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილებას, რომლის ფუნქციაა, უზრუნველყოს არასრულწლოვანი პირის ინტერესები მესამე პირებთან ურთიერთობაში.
სასამართლო განმარტავს, რომ ამის მიუხედავად მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეფასება მშობლის სხვა მოვალეობათა ჯეროვნად შესრულების საკითხისგან განცალკევებულად ვერ მოხდება, თუმცა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვა ავტომატურად არ გულისხმობს მშობლის უფლების ბოროტად გამოყენებას, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვა შეიძლება გამოწვეული იყოს არა მარტო მშობლის მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულებით, არამედ ისეთი ობიექტური გარემოებებით, რომლის გამოც მშობელი მოკლებულია შესაძლებლობა შეასრულოს შვილის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, იყო მისი წარმომადგენელი მესამე პირებთან ურთიერთობაში.
`ბავშვის უფლებათა კონვენციის” პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითრებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი – სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები – უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვთა უფლებების შესახებ” კონვენციის მიხედვით საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას.
”ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის 18-ე მუხლის თანახმად მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
კონვენციის აღნიშნული ნორმის საფუძველზე, მშობლების ძირითადი ვალდებულებაა ბავშვის აღზრდა და რჩენა და მათ ეკისრებათ ბავშვის აღზრდის საკითხებში ძირითადი პასუხისმგებლობა, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის და ბავშვთა უფლებების კონვენციის მიხედვით, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. კანონის ეს ნორმა მშობლებს ავალდებულებს ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან. შესაბამისად, შვილის აღზრდაში მონაწილეობა, მასთან ურთიერთობა არის არა მშობლის უფლება, არამედ მისთვის კანონით დაკისრებული ვალდებულება. მშობლების ძირითადი ვალდებულებაა უზრუნველყოს ბავშვის ამ უფლების რეალიზაცია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამავე კოდექსის 1202-ე მუხლის მიხედვით მშობლებს თანაბრად აქვთ უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობლებს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები.
1984 წლის 22 ნოემბერს მიღებული ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ოქმი №7-ის მე-5 მუხლის თანახმად, მეუღლეებს გააჩნიათ კერძო სამართლებრივი ხასიათის თანაბარი უფლებები და მოვალეობები ერთმანეთთან და თავიანთ ბავშვებთან ურთიერთობებში, ისეთ საკითხებში რომლებიც ეხება ქორწინებაში შესვლას, ქორწინებაში ყოფნას და განქორწინებას. წინამდებარე მუხლი ხელს არ შეუშლის სახელმწიფოებს მიიღონ აუცილებელი ზომები ბავშვების ინტერესების დასაცავად.
ამდენად, ”ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, მშობლებთან შვილების ურთიერთობის საკითხში არსებითი და გადამწყვეტია ბავშვის ინტერესები, რადგან მშობლის უფლებები არ უნდა განხორციელდეს ბავშვის ინტერესების საზიანოდ. მშობლის უფლება უნდა განხორციელდეს ბავშვის ინტერესების შესაბამისად, მის სასიკეთოდ.
სამოქალაქო კოდექსი არასრულწლოვნის სამართლებრივ სტატუსს იურიდიული შინაარსის მიხედვით ორ კატეგორიად განიხილავს. კერძოდ, 0-7 წლამდე (მცირეწლოვანი), რომელსაც ტოტალური ქმედუუნაროს სტატუსი გააჩნია და 7-18 წლამდე - (არასრულწლოვანი), რომელიც სარგებლობს ქმედუნარიანობის შეზღუდული ფარგლებით.
არასრულწლოვანს, მისი ასაკიდან გამომდინარე, არ შესწევს უნარი, კანონიერი წარმომადგენლისაგან დამოუკიდებლად მიიღოს მონაწილეობა სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობებში ან ნებისმიერ სხვა სფეროში და თვითონ გამოავლინოს ნება გარიგების დადების შესახებ, საცხოვრებელი ადგილის დამოუკიდებლად არჩევის, საგანმანათლებლო დაწესებულების შერჩევის და მისი აღზრდის სხვა საკითხებზე.
მესამე პირებთან ურთიერთობაში ბავშვებს წარმოადგენენ მშობლები, რომლებიც შვილების სახელით გამოხატავენ ნებას ამა თუ იმ იურიდიული მოქმედებაზე, წყვეტენ ბავშვის აღზრდის დროს წამოჭრილ საკითხებს.
წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების დროს მშობელი შებოჭილია ვალდებულებით, დაიცვას თავისი არასრულწლოვანი შვილის უფლებები და ინტერესები, რაც მოიცავს არა მარტო შვილების ქონების მართვასა და გამოყენებას, არამედ მისი აღზრდის ყველა ასპექტს. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთისგან სამართლებრივი შინაარსით განსხვავდება მშობლის უფლება შვილის მიმართ და მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მესამე პირების მიმართ, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებისას მშობელი იმავდროულად ატარებს საკუთრივ მშობლის უფლება-მოვალეობებს შვილის მიმართ.
ამ შემთხვევაში დავის საგანია არასრულწლოვანის საზღვარგარეთ წაყვანის შესახებ თანხმობის საკითხში მოპასუხისათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვა, ამდენად, საკითხის გადასაწყვეტად უნდა შეფასდეს, ბავშვის აღზრდის პროცესზე მავნე ზეგავლენას ხომ არ მოახდენს ბავშვის საზღვარგარეთ წაყვანა და ამ საკითხში მოპასუხისათვის მშობლის უფლებამოსილების შეზღუდვა.
მ---- ლ----ას დედა მოსარჩელე მ--- ი-----–---–ი 2013 წლიდან მუშაობს და მისი ძირითადი საცხოვრებელი ადგილია საზღვარგარეთ, იგი ცხოვრობს და მუშაობს ესპანეთში. მიუხედავად საზღვარგარეთ ყოფნისა, მოსარჩელე აქტიურად ზრუნავს შვილის აღზრდაზე და აქტიურად მონაწილებს მის აღზრდაში - უზრუნველყოფს ბავშვის განათლების მიღების უფლების რეალიზაციას, ბავშვს სისტემატიურად ეხმარება მატერიალურად, აგზავნის თანხას ბავშვის რჩენისათვის.
მოსარჩელე არ მოითხოვს ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას ესპანეთში მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, მისი მოთხოვნაა დროებით, არდადეგებზე ბავშვის წაყვანის უფლების მინიჭება.
დავის გადაწყვეტისათვის უნდა შეფასდეს არდადეგებზე უცხოეთში წაყვანა ბავშვისათვის საზიანო ხომ არ იქნება.
1984 წლის 22 ნოემბერს მიღებული ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-7 ოქმის მე-5 მუხლის თანახმად, მეუღლეებს გააჩნიათ კერძო სამართლებრივი ხასიათის თანაბარი უფლებები და მოვალეობები ერთმანეთთან და თავიანთ ბავშვებთან ურთიერთობებში, ისეთ საკითხებში რომლებიც ეხება ქორწინებაში შესვლას, ქორწინებაში ყოფნას და განქორწინებას. წინამდებარე მუხლი ხელს არ შეუშლის სახელმწიფოებს მიიღონ აუცილებელი ზომები ბავშვების ინტერესების დასაცავად.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ბავშვთან დაკავშირებულ დავებში მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესები, ასევე, უფლებები და თავისუფლება და, განსაკუთრებით, ბავშვის საუკეთესო ინტერესები და მისი უფლებები კონვენციის მე–8 მუხლის თანახმად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებაში (საქმე „ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ (განაცხადი N. 71776/12), განმარტებულია, რომ „ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა წარმოადგენდეს უმთავრეს განხილვის საგანს და, მისი ბუნებიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, შეიძლება აჭარბებდეს მშობლების ინტერესებს (იხილეთ, სხვა მრავალთა შორის, ოლსონი (Nო.2), § 90, იგნაკოლო–ზენიდი, § 94; პლაზა პოლონეთის წინააღმდეგ, Nო. 18830/07, § 71). აღნიშნული დავა შეეხებოდა ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას, თუმცა ეს პრინციპი საერთოა ბავშვთან დაკავშირებულ ყველა სადაო სამართალურთიერთობაში, რაც გამომდინარეობს ბავშვთა უფლებების კონვენციიდან და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-7 დამატებითი ოქმიდან.
”ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის” მე-9 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინაღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. ეს შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს და არ ზრუნავენ მასზე, ან მშობლები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და აუცილებელია ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება. მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელს დაცილებული ბავშვის უფლებას, რეგულარული პირადი ურთიერთობები და პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს ორივე მშობელთან, იმ შემთხვევის გარდა, როცა ეს ეწინააღმდეგება ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლის თანახმად, 1. თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. 2. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.
მართალია ამ საქმეში დავის საგანი ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა არ არის, მაგრამ დავა შეეხება საზღვარგარეთ ბავშვის შედარებით ხანგრძლივი ვადით, არდადეგების პერიოდში წაყვანის საკითხს, რის გამოც უნდა შეფასდეს ზემოთდასახელებული ნორმით გათვალისწინებული გარემოებების არსებობა, რაც მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში ბავშვის აღზრდის პროცესს დიდ ზიანს მიაყენებს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლით დადგენილია ბავშვის აღზრდის საკითხზე მშობლებს შორის წამოჭრილი დავის გადაწყვეტის ძირითადი პრინციპი, რომლის მიხედვით მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. ის საკითხი, თუ რა არის ბავშვის ინტერესი, უნდა შეფასდეს ბავშვთა უფლებების კონვენციის დებულებების საფუძველზე, რომლის მიხედვით მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელს დაცილებული ბავშვის უფლებას, რეგულარული პირადი ურთიერთობები და პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს ორივე მშობელთან, იმ შემთხვევის გარდა, როცა ეს ეწინააღმდეგება ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს.
„ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მიხედვით მშობელთან ბავშვის ურთიერთობის შესაძლებლობა არის არა მარტო მშობლის უფლება, არამედ ბავშვის უფლება, რადგან კონვენცია სახელწიფოს აკისრებს ვალდებულებას უზრუნველყოს ბავშვის უფლების განხორციელება, ჰქონდეს მშობლებთან პირადი რეგულარული ურთიერთობები. შესაბამისად, ბავშვის აღზრდისათვის აუცილებელია ორივე მშობელთან პირადი ურთიერთობის შესაძლებლობა.
ბავშვის ამ უფლების რეალიზაცია შესაძლებელია სრულფასოვნად ვერ განხორციელდეს თუ ეს ეწინააღმდეგება ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს. ამდენად, კონვენციითვე არის განსაზღვრული, რა შემთხვევაში ვერ განხორციელდება ბავშვის მშობელთან ურთიერთობის უფლება - თუ ეს ეწინააღმდეგება მის ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ბავშვის აღზრდისათვის ყველაზე ხელსაყრელი და ჰარმონიული გარემოა ოჯახი, რაც აღიარებულია ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციით და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით. თუმცა, სხვადასხვა მიზეზთა გამო ამ ინტერესის რეალიზაცია გარკვეულ შემთხვევებში შეუძლებელია. ერთერთი მიზეზია მშობლების განქორწინება, რის გამოც ბავშვი ერთ მშობელთან ცხოვრობს და ბუნებრივად მეორე მშობელთან პირად ურთიერთობის ნაკლები შესაძლებლობა აქვს.
კონვენციის მიხედვით, სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინაღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. კანონი ბავშვის აღზრდაში პრიორიტეტს ანიჭებს ოჯახურ გარემოს, თუმცა ამავე დროს ითვალისწინებს ბავშვის მშობელთან დაშორების შესაძლებლობას. თუმცა ამ საკითხის გადაწყვეტისათვის უნდა შეფასდეს რა მიზეზით ხდება ეს ვითარება, ბავშვის დაშორება მშობელთან აუცილებელია თუ არა და დააზარალებს თუ არა ეს ბავშვის ინტერესებს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ არდადეგების პერიოდში ბავშვის საზღვარგარეთ წაყვანა ბავშვის ინტერესებისათვის საზიანო არ იქნება, რადგან თავად მოსარჩელის მიერ არის მოთხოვნილი დროებით, მხოლოდ არდადეგების პერიოდში შვილის წაყვანა.
გასათვალისწინებელია, რომ მოსარჩელე რამდენიმე წელია ცხოვრობს და მუშაობს საზღვარგარეთ. პერიოდულად საზღვარგარეთ სამუშაოდ მიემგზავრება მოპასუხეც. შესაბამისად, ბავშვი რუსთავში ფაქტობრივად ცხოვრობს მშობლების გარეშე და მას მშობლებთან ურთიერთობა ძირითადად სოციალური ქსელის მეშვეობით აქვს. ამდენად, ბავშვი მოკლებულია შესაძლებლობას პირადი უშუალო ურთიერთობა ჰქონდეს მშობლებთან. ამჟამად მას არცერთ მშობელთან ასეთი ურთიერთობის შესაძლებლობა არა აქვს, არცერთი მშობელი მასთან არ ცხოვრობს.
მ---- ლ----ა არის 13 წლის ასაკის არასრულწლოვანი, იგი არის მოზარდი და ასაკის შესაბამისი განვითარების მიხედვით, მას გარკვეულწილად შეუძლია გაცნობიერებულად გამოხატოს საკუთარი აზრი, საკუთარი დამოუკიდებელი განსჯის შედეგად მიიღოს გადაწყვეტილება და გამოთქვას საკუთარი აზრი.
ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-8 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას იღებენ პატივი სცენ ბავშვის უფლებას, შეინარჩუნოს თავისი ინდივიდუალობა, მოქალაქეობის, სახელისა და ოჯახური კავშირების ჩათვლით, როგორც ეს გათვალისწინებულია კანონით და არ დაუშვან ამაში კანონსაწინააღმდეგო ჩარევა.
ამ კონვენციის 12-ე მუხლის თანახმად, 1. მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბების უნარის მქონე ბავშვის უფლებას, თავისუფლად გამოთქვას თავისი შეხედულებები ნებისმიერ საკითხზე, რომელიც მას ეხება, ამასთან, ბავშვის შეხედულებებს სათანადო ყურადღება ეთმობა მისი ასაკისა და სიმწიფის შესაბამისად. 2. ამ მიზნით ბავშვს, კერძოდ, ეძლევა შესაძლებლობა, მოუსმინონ მას სასამართლო თუ ადმინისტრაციული წესით ნებისმიერი საქმის განხილვისას, რომელიც ბავშვს ეხება, როგორც უშუალოდ, ასევე წარმომადგენლის ან შესაბამისი ორგანოს მეშვეობით, ეროვნული კანონმდებლობის პროცესუალური ნორმებით გათვალისწინებული წესით.
მ---- ლ----ა არის 13 წლის ასაკის, სადაო საკითხზე მისი მოსაზრებები გამორკვეულია სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკის მონაწილეობით, რომლის დასკვნაში მითითებულია ბავშვის მკვეთრი სურვილის შესახებ დედასთან ერთად არდადეგებზე დასასვენებლად წავიდეს ესპანეთში.
სასამართლო კვლავ აღნიშნავს, რომ ბავშვის აღზრდისათვის უმნიშვნელოვანესი და უმთავრესია ორივე მშობელთან პირადი რეგულარული ურთიერთობები, მაგრამ ამავე დროს კონვენცია ითვალისწინებს მშობელთან დაშორების შესაძლებლობასაც ბავშვის ინტერესების გამო. ბავშვის სურვილი არის დედასთან ერთად დასასვენებლად უცხოეთში წასვლა. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბავშვის ეს სურვილი მისი ასაკის გათვალისწინებით გასაზიარებელია. საზღვარგარეთ გამგზავრებით ბავშვს მიეცემა დედასთან შედარებით ხანგრძლივი დროით პირადი უშუალო ურთიერთობის შესაძლებლობა. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბავშვის აღზრდაში ამჟამად შექმნილი ფაქტობრივი ვითარების გათვალისწინებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვსა და მშობელს შორის ურთიერთობის საკითხის მოწესრიგება, რადგან ფაქტობრივად ბავშვი რუსთავში მშობლების გარეშე ცხოვრობს, რაც მისი აღზრდისათვის მისაღები პირობა არ არის და ბავშვს უნდა მიეცეს მშობელთან პირადი ურთიერთობის შესაძლებლობა.
სადაო საკითხის გადაწყვეტის დროს მნიშვნელოვანია ბავშვის ასაკი, რადგან იგი 13 წლისაა, ამ ასაკის გათვალისწინებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მშობლებთან პირადი ურთიერთობა, მათ შორის უშუალო საუბარი, აზრების გაზიარება. ბავშვსა და მშობლების შორის ურთიერთობის სათანადო ფორმა არ არის სოციალური ქსელით თუნდაც ხშირად და ინტენსიურად ურთიერთობა, რადგან ბავშვის აღზრდისათვის აუცილებელია იგი გრძნობდეს მშობლის პირად და უშუალო მონაწილეობას მასზე ზრუნვაში, აღზრდაში.
"საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ" საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად 16 წლამდე ბავშვის საქართველოდან დროებითი გასვლა შესაძლებელია მისი ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის ნებართვით და სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის თანხლებით. ამდენად, ამ ნორმის საფუძველზე ერთერთი მშობელი უფლებამოსილია საქართველოდან დროებით წაიყვანოს მისი 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი შვილი სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის თანხლებით, თუ არსებობს ბავშვის ერთერთი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პერიოდულობით, ზამთრის და ზაფხულის არდადეგებზე ბავშვის დასასვენებლად წაყვანა არ მიაყენებს ზიანს ბავშვის აღზრდის ინტერესებს, ბავშვს ექნება დედასთან შედარებით ხანგრძლივი ვადით პირადი, უშუალო ურთიერთობის, მასთან ერთად დასვენების შესაძლებლობა, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს. ვინაიდან მოპასუხე მისი არასრულწლოვანი შვილის მოსარჩელესთან საზღვარგარეთ გამგზავრების წინააღმდეგია, ხოლო ბავშვის საუკეთესო ინტერესებში შედის მოსარჩელესთან გამგზავრება, მოპასუხეს უნდა შეეზღუდოს უფლება, რომლის საფუძველზე იგი აცხადებს თანხმობას არასრულწლოვანი შვილის საზღვრის კვეთის საკითხზე.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლის საფუძველზე მოპასუხეს უნდა შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებიდან ის უფლებები, რაც დაკავშირებულია არასრულწლოვანი შვილის საზღვარგარეთ წაყვანასთან - კერძოდ, ზამთრის და ზაფხულის არდადეგებზე ბავშვის ესპანეთში წაყვანაზე თანხმობის განცხადების ნაწილში.
7. პროცესის ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამ ნორმის საფუძველზე მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის ანაზღაურება.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხი.
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
IV სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა
1. დაკმაყოფილდეს მ--- ი-----–---–ის სარჩელი;
1.1. ზ------ ლ----ას (პირადი ნომერი 6----------) შეეზღუდოს შვილის 2005 წლის 8 თებერვალს დაბადებული მ---- ლ----ას პირადი N6----------, მიმართ მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთაზე ნებართვის უფლების შესახებ ბავშვის სრულწლოვანებამდე, ყოველწლიურად ზამთრის არდადეგებზე 1 იანვრიდან 10 იანვრამდე და ზაფხულის არდადეგებზე 15 ივლისიდან 30 აგვისტომდე პერიოდში ესპანეთში დროებით წაყვანაზე თანხმობის უფლების შესახებ, მშობლის სხვა უფლება-მოვალეობების შეუზღუდავად;
2. ზ------ ლ----ას დაეკისროს მ--- ი-----–---–ისათვის 100 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი