გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.01.2019
საქმის ნომერი
080210017001973808
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
18.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/1689-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

19 დეკემბერი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - გოჩა დიდავა

სხდომის მდივანი - გ------- ესაძე

მოსარჩელე - ნ----- გ--------ე;

წარმომადგენელი - ზ----- კ------–--ი;

მოპასუხე - გ------ი ი-–---–ი;

წარმომადგენელი - რ--------- ხ----–--–--ა;

მესამე პირი: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების ცენტრი;

წარმომადგენელი - ნ----- ბ---------ე;

მესამე პირი: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვანის რაიონული განყოფილება;

წარმომადგენელი: ლ--–- მ-------–--ი, მ--- ქ----–--ე;

დავის საგანი: განქორწინება, მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა

1.1. შეწყდეს ნ----- გ--------ეს (პ/ნ 1----------) და გ------ი ი-–---–ს (პ/ნ 6----------) შორის 2011 წლის 17 დეკემბერს, №8---------- სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება.

 

1.2. მოპასუხეს შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება, კერძოდ, ამ უკანასკნელის თანხმობის გარეშე მიეცეს მოსარჩელეს უფლება გაიყვანოს მისი ვაჟიშვილი საზღვარგარეთ საბერძნეთის რესპუბლიკაში 2 თვის ვადით ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ბავშვის სამკურნალოდ, ამასთანავე მიეცეს მოსარჩელეს უფლება მოპასუხის თანხმობის გარეშე სამოქალაქო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში აიღოს თავისი მცირეწლოვანი შვილის - გ-------– ი-–---–ის პასპორტი, საზღვარგარეთ მისი გაყვანის მიზნით.

 

სარჩელის საფუძვლები:

 

2011 წლის 17 დეკემბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მოსარჩელე ნ----- გ--------ე მოპასუხე გ------ი ი-–---–თან. მოსარჩელე უკვე წლები რაც საქართველოში აღარ იმყოფება. მათ შორის ურთიერთობა იმდენად დაძაბულია, რომ შეუძლებელია მისი გამოსწორება, ამიტომ მოცემულ შემთხვევაში მიზანშეუწონელია სასამართლოს მხრიდან რაიმე ვადის დაწესება შერიგების კუთხით, რამეთუ ოჯახის შენარჩუნების პერსპექტივა აღარ არსებობს, ამას ემატება ის გარემოებაც, რომ ნ----- გ--------ე რამდენიმე წელია სამუშაოდ იმყოფება საზღვარგარეთ და მოპასუხესთან ურთიერთობა ფაქტობრივად შეწყვეტილი აქვს. იმის გათვალისწინებით, რომ მშობლები ვერ თანხმდებიან ბავშვის - გ-------– ი-–---–ის (დაბადებული 2011 წლის 24 დეკემბერი, პ/ნ 6----------) საცხოვრებელ ადგილთან და აღზრდასთან დაკავშირებულ საკითხებზე, უპრიანია სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნეს დავა გადაწყვეტილი ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ასევე მამა ბავშვს არ აძლევს თანხმობას დედის მოსანახულებლად წავიდეს საბერძნეთის რესპუბლიკაში.

 

მოსარჩელე დასაქმებულია საბერძნეთში და აქვს ყველა პირობა ორი თვით ბავშვის გაყვანის შემთხვევაში უზრუნველყოს მისი მოვლა-პატრონობა. აღნიშნულით გ------ი ი-–---–ი მშობლის უფლებას იყენებს ბოროტად და ხელს უშლის ბავშვის განვითარებას, საზოგადოების ღირსეულ წევრებად ჩამოყალიბებას. შესაბამისად, არსებობს ამ ნაწილში მოპასუხისათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვისა და განქორწინების საფუძველი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე არ დაეთანხმა სარჩელს და განმარტა, რომ უსაფუძვლოა თითქოსდა მოსარჩელე მხარე არ იშურებს ძალ-ღონეს რათა შეუქმნას ბავშვს ყველანაირი პირობა, ის არ შეესაბამება რეალობას, პირიქით ნ----- გ--------ე არანაირ ყურადღებას არ აქცევს ბავშვს, იგი საქართველოში არ ცხოვრობდა და ბავშვის აღზრდაში არანაირი მონაწილეობა არ მიუღია. ასევე უსაფუძვლოა მითითება, რომ თითქოს მოძალადეების ოჯახში იზრდება ბავშვი. დედა ცდილობს მამას დააცილოს ბავშვი და არ მიეცეს მამასთან ურთიერთობის საშუალება. მოსარჩელე იმყოფება საბერძნეთის რესპუბლიკაში და ამდენი ხნის მანძილზე სურვილი არ გამოუთქვამს ბავშვთან ურთიერთობისათვის, ბავშვი იზრდება მის ოჯახში. შესაბამისად არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია

სასამართლო სხდომაზე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლების მითითებით, ბავშვის გაყვანა საზღვარგარეთ არ მიაჩნიათ მიზანშეწონილად, რადგან არ არის გამოკვეთილი ბავშვის ინტერესი. ბავშვი მოხვდება ისეთ გარემოში, რომელიც მისთვის უცხოა. ამასთან, დედასთან ბავშვს არ აქვს ჩამოყალიბებული ურთიერთობა, რა გარემოში იცხოვრებს ბავშვი, რა საცხოვრებელი პირობები აქვს დედას უცნობია. ბავშვის უპირატესი ინტერესიდან გამომდინარე, მიაჩნიათ, რომ სარჩელი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ნ----- გ--------ე და გ------ი ი-–---–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2011 წლის 17 დეკემბრიდან. თანაცხოვრების პერიოდში მხარეებს შეეძინათ ერთი შვილი, 2011 წლის 24 დეკემბერს დაბადებული გ-------– ი-–---–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 14);

- გ-------– ი-–---–ის დაბადების მოწმობა (ს.ფ.15);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.1.2. არასრულწლოვანი გ-------– ი-–---–ი ცხოვრობს მოპასუხე გ------ი ი-–---–ის ოჯახში, მის მშობლებთან. მოსარჩელე ამჟამად საცხოვრებლად იმყოფება საზღვარგარეთ, კერძოდ, საბერძნეთში, ხოლო მოპასუხე გ------ი ი-–---–ი იმყოფება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

- ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი (ს.ფ. 72-78).

 

3.1.3. 2017 წლის 13 სექტემბრის ვანის რაიონული განყოფილების სოციალური მუშაკის დასკვნით დადგენილია, რომ ვიზიტი განხორციელდა ვანის რაიონის სოფელ შ----------ში, როგორც ვიზიტისას გაირკვა, ოჯახში ამჟამად ცხოვრობს სამი წევრი: არასრულწლოვანი გ-------– ი-–---–ი და მისი ბებია-ბაბუა - ც-–---- რ---–---–ი და შ--–-- ი-–---–ი. ბავშვის მამა - გ------ ი-–---–ი იმყოფება პატიმრობაში, ის სასჯელს იხდის გ------ის კოლონიაში, ხოლო დედა-ნ----- გ--------ე იმყოფება საბერძნეთის რესპუბლიკაში.

 

ც-–---- რ---–---–ის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ბავშვის მამა გ------ ი-–---–ი პატიმრობაში იმყოფება დაახლოებით 4 წელი, ხოლო დედა ნ----- გ--------ე საბერძნეთის რესპუბლიკაში იმყოფება დაახლოებით 3 წელი. არასრულწლოვანი გ-------– ი-–---–ი იზრდება მის ოჯახში, ბავშვს პერიოდულად აქვს ურთიერთობა დედის ნათესავებთან. როგორც ქალბატონი ც-–---- აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს აუკრძალავს ნ----- გ--------ისთვის შვილთან ურთიერთობა, ნ-----ს არ აქვს გ-------–თან ურთიერთობა, არ ურეკავს და არ ესაუბრება ბავშვს ბებია-ბაბუის ოჯახში ყოფნის დროს. რაც შეეხება მამას, თვეში ორჯერ აქვს ოჯახს მისი მონახულების უფლება, ვიზიტის დროს გ-------–იც თითქმის ყოველთვის მიჰყავთ მამის სანახავად, ასევე გ------ი ახერხებს ყოველდღიური სატელეფონო ურთიერთობა ჰქონდეს შვილთან.

 

შეფასებისას მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ოჯახის სტაბილურ შემოსავალს წარმოადგენს ც-–---- რ---–---–ის პენსია (მან დაახლოებით ერთი თვის წინ გაიკეთა ოპერაცია, მარჯვენა ქვედა კიდურის ამპუტირება მუხლის ქვედა დონეზე, გადაადგილდება სავარძელ-ეტლის საშუალებით), ოჯახს აქვს ძლიერი სოფლის მეურნეობა, საიდანაც მიღებული შემოსავალი დაახლოებით 10 000 ლარს შეადგენს. ასევე საჭიროების შემთხვევაში ფინანსურ დახმარებას უწევს შვილი - გ---- ი-–---–ი.

 

ოჯახის საცხოვრებელს წარმოადგენს ორსართულიანი კაპიტალური სახლი, რომელიც შედგება რვა ოთახისაგან. საცხოვრებელში უსაფრთხო საყოფაცხოვრებო პირობებია, ოთახებში დგას აუცილებელი ავეჯი, ტექნიკა და პირველადი მოხმარების ნივთები. ოჯახში გ-------– ი-–---–ის პირველადი მოთხოვნილებები დაკმაყოფილებულია, ბავშვი უზრუნველყოფილია კვებით, სეზონის შესაბამისი ტანსაცმლით, ასაკის შესაბამისი სათამაშოებით და სამედიცინო მომსახურეობით. გ-------–ი დადის სოფ. შ----------ს საბავშვო ბაღში. ქალბატონ ც-–----ს ბავშვის მოვლასა და მისი საჭიროებების დაკმაყოფილებაში დახმარებას უწევს მეუღლე - შ--–-- ი-–---–ი.

 

გ-------–ს აქვს თანდაყოლილი პრობლემა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, კერძოდ, აქვს მგლის ხახა და კურდღლის ტუჩი, მიუხედავად იმისა, რომ გაკეთებული აქვს ორი ოპერაცია, ბავშვს უჭირს მეტყველება. როგორც ქალბატონმა ც-–----მ აღნიშნა, გ-------–ს ოპერაცია კვლავ უნდა ჩაუტარდეს 14 წლის ასაკში. მეტყველების პრობლემის მოსაგვარებლად გ-------–ი დაჰყავდა ლოგოპედთან, რომელიც ავარჯიშებდა მას ბგერების სწორად წარმოთქმაში. ქალბატონი ც-–----ს თქმით უახლოეს მომავალში კვლავ გეგმავს ლოგოპედთან ბავშვის ტარებას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სოციალურ მუშაკს მის მიერ ჩატარებული შეფასების საფუძველზე მიაჩნია, რომ ამჟამინდელი მდგომარეობით, ოჯახში არასრულწლოვანი გ-------– ი-–---–ის აღზრდა-განვითარებისთვის და მისი ძირითადი საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის თბილი და მზრუნველი გარემოა შექმნილი. იმის გამო, რომ გ------ ი-–---–ი ამჟამად იმყოფება სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში და სასჯელს იხდის გ------ის კოლონიაში, სოციალური მუშაკის მიერ შეუძლებელია მისი პოზიციის გარკვევა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. სასურველია მამის პოზიცია მოსმენილ იქნეს სასამართლო პროცესზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 13 სექტემბრის ვანის რაიონული განყოფილების სოციალური მუშაკის დასკვნა (ს.ფ. 46-47).

3.1.4. 2018 წლის 25 იანვრის იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სოციალური მუშაკის დასკვნით დადგენილია, რომ ვიზიტი განხორციელდა მოსარჩელე მხარის საცხოვრებელ მისამართზე: ქუთაისი, ს---–--------- 99/23-ში. საცხოვრებელი შედგება 4 ოთახისაგან, რომელიც გარემონტებული, კეთილმოწყობილი და საცხოვრებლად უსაფრთხოა. ბინა გაზიფიცირებულია, ჩართულია ელექტრო მომარაგების საერთო ქსელში, გათბობა ბუნებრივ აირზეა. სამზარეულო და სველი წერტილი მოწესრიგებულია. სახლში განსაზღვრულია ოთახი ბავშვისთვის, სადაც დგას საწოლი, კარადა, სხვადასხვა სახის სათამაშოები.

 

ამ ეტაპზე ოჯახში ცხოვრობს სამი წევრი: ნ----- გ--------ე, და - სოფიკო გ--------ე, ძმა - გ------- გ--------ე. ნ----- გ--------ე 2014 წლიდან სამუშაოდ იმყოფება საბერძნეთის რესპუბლიკაში, სადაც მისი ანაზღაურებაა 1500 ევროს ოდენობით. იგი, დაახლოებით ერთი თვეა იმყოფება საქართველოში. მისი განმარტებით, მას არ ეძლევა შესაძლებლობა ურთიერთობა დაამყაროს შვილთან, რომელიც ცხოვრობს ვანის რაიონის სოფელ ზ-----------–ი, მამის მშობლებთან ერთად. ბავშვის მამა - გ------ ი-–---–ი იმყოფება სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში.

 

ინტერვიუს ფარგლებში მიღებული ინფორმაციით, ნ----- გ--------ე მოტივირებულია და მზადაა ჩაერთოს შვილის აღზრდის პროცესში, რომელსაც იგი მიიჩნევს მშობლის უპირველეს მოვალეობად. ქ-ნი ნ-----ს ინფორმაციით, იგი უზრუნველყოფს ბავშვის ფიზიკურ, გონებრივ და სოციალურ განვითარებას (კვება, სამედიცინო მომსახურება, განათლება, განვითარება, სოციალიზაცია). ქ-ნი ნ-----ს ინფორმაციით, ბავშვს აქვს ჯანმრთელობის პრობლემა, ტუჩისა და ზედა სასის დეფექტი. აღნიშნულის გამო გ-------–ს ჩატარებული აქვს ქირურგიული ჩარევა. ქ-ნი ნ-----ს განმარტებით ექიმის რეკომენდაციით, განმეორებითი ოპერაცია ჩასატარებელია 5-6 წლის ასაკში. ასევე ბავშვს ესაჭიროება ლოგოპედის მომსახურება. შეფასების პროცესში მიღებული ინფორმაციით, ნ----- გ--------ის ოჯახში შექმნილია ყველა პირობა ბავშვის აღზრდა განვითარებისთვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 25 იანვრის იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სოციალური მუშაკის დასკვნა (ს.ფ. 216-217).

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. 2018 წლის 15 სექტემბრის ფსიქოლოგ ლ--–- ნ---–--ის დასკვნით დადგენილია, რომ ჩატარდა გასაუბრება მცირეწლოვან გ-------– ი-–---–თან, სკოლამდელ დაწესებულებაში, რომელსაც ესწრებოდა პედაგოგი. გასაუბრება შედგა მოპასუხე გ------ ი-–---–ის მშობლებთან, რომლებთანაც ამჟამად ცხოვრობს არასრულწლოვანი.

 

ფსიქოლოგიური კვლევა აღნიშნულ საქმეში შეიძლება დაყოფილ იქნეს ორ ეტაპად. ფსიქოლოგის გასაუბრების პირველი მონაცემები საგრძნობლად განსხვავდება შემდგომი, მისი აქტიური ჩართულობით მიღწეულ მოვლენებთან. კერძოდ:

 

მოსარჩელე ნ----- გ--------ესა და მოპასუხე გ------ ი-–---–ს ქორწინებიდან შეეძინათ შვილი - გ-------– ი-–---–ი. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მათი ოჯახი დასაწყისიდანვე კონფლიქტური იყო. ბ-ნ გ------ს ახასიათებს, როგორც მოძალადე ქმარს, ურთიერთშეუთანხმებლობის მიზეზი მატერიალური პრობლემებიც იყო, რომელიც მეუღლისაგან - გ------ ი-–---–ისაგან მოდიოდა. არაერთი შემთხვევა ყოფილა ქ-ნ ნ-----სგან ოჯახის მიტოვების. ამ სიტუაციიდან გამომდინარე 2014 წლის 22 აგვისტოს გაემგზავრა საბერძნეთში, მეუღლის მშობლების თანხმობით, ნათესავების ჩარევით (ბ-ნი გ------ი ამ დროისათვის პატიმრობაში იმყოფებოდა). ამ ფაქტს ადასტურებს ისიც, რომ პატარა გ-------–ს ბებიას და ბაბუას გარდა უვლიდა ძიძა, რომელსაც აფინანსებდა ქ-ნი ნ----- გ--------ე. 2016 წლის 7 მაისიდან საქართველოში საბერძნეთიდან ჩამოვიდა ქ-ნ ნ-----ს მშობლები. მათ ხშირი კონტაქტი ჰქონდათ შვილიშვილთან (მათთან ცხოვრობდა გ-------–ი 8 თვე), გარკვეული პერიოდი დაჰყავდათ ბაღში. ამ მზრუნველ დამოკიდებულებას ბ-ნი გ------ის მშობლები: ქ-ნი ც-–---- და ბ-ნი შ--–--ც ადასტურებენ. საქართველოში დროებითი ვიზიტის დროს, როგორც ნ----- გ--------ემ განაცხადა, წინააღმდეგობა შეხვდა ბავშვთან კონტაქტის მიღწევაში და საჭიროდ ჩათვალა პოლიცია ჩაერთო. სიტუაციის გამწვავების მიზეზი კი გახლავთ, საბერძნეთში ქ-ნ ნ-----ს არაოფიციალური თანაცხოვრება პაკისტანის მოქალაქესთან, ეს ფაქტი გამაღიზიანებლად მოქმედებს ორივე მხარის დამოკიდებულებაზე. გამოხატულება კი აგრესიულია.

 

ბავშვისთვის ორივე მშობელი არის რესურსი. გაყრის შემდგომ მათ შორის არსებული კეთილგანწყობილი ურთიერთობა განაპირობებს შემდგომში ბავშვის მიერ ორივე მშობლის ხატის შენარჩუნებას. სამწუხაროდ, ეს პრინციპი ამ შემთხვევასთან მიმართებაში უგულვებელყოფილია. გასაუბრების დროს ადგილი ჰქონდა ორივე მხრიდან ურთიერთგამომრიცხავი ბრალდებების დასახელებას.

 

ადამიანები განვითარების პროცესში ასრულებენ დიდების მითითებებს კრიტიკის გარეშე, ეჭვისა და შემოწმების გარეშე. ბავშვი არაა გაცნობილი სამყაროში არსებულ მრავალფეროვნებას, არა აქვს ცოდნა განსხვავებული რეაქციების და იგი ღებულობს პირვანდელ ჭეშმარიტებას, იმას რასაც ხედავს თავის სახლში, ახლობლებთან და თუ ესმის ფრაზები: „დედამ მიგატოვა“, „დაგვიტოვა ბავშვი“, „რა დედაა, არ რეკავს“, „არ გვეხმარება ბავშის მოვლაში“, „რომ წაიყვანოს იქნებ, ნაწილებად გაყიდოს“ და ა,შ. ყველა ეს ფრაზა გამოთქვა ბატონი გ------ის მშობლებმა გ-------–ის თანდასწრებით. ალბათ გასაგებია, ფსიქოლოგის გარეშე რამდენად მძაფრი იქნება მათი გამომხატველობა ამ საკითხთან დაკავშირებით.

 

კონფლიქტური სიტუაციის დროს ადამიანები კარგავენ „სიფრთხილის ზონას“, კონტროლს და ხდებიან უმართავი (შტერნი). ამიტომაც ექმნებათ ამ ზეგავლენით ბავშვებს დისჰარმონია, სტრესული გარემო. იზრდება ბავშვის არასრულფასოვნების განცდა. ნებისმიერი ბავშვი, მითუმეტეს ვაჟი, მგრძნობიარეა მშობელზე შეფასებისადმი, განსაკუთრებით, როცა დედას მოიხსენიებენ უარყოფითად, ესმის მის მიმართ ბრალდებები. მათ უჩნდებათ მიტოვებულობის განცდა, რომელიც შეიძება დიდხანს გაჰყვეთ და იმოქმედოს მათ ჰარმონიულ განვითარებაზე. აქვთ მუდმივი დარდი - „დაუმარხავი მიცვალებულის“, ასაკობრივ განვითარებაში არ ექმნებათ თანმიმდევრული დისციპლინა, სათანადო ყურადღება, რომელიც უშუალოდ აისახება მათ აკადემიურ მოსწრებაზე, სოციალურ ადაპტაციაზე (ე. ჩერეპანოვა).

 

ყველა ზემოთმოყვანილი ფსიქოლოგიური ფაქტორები უშუალოდაა გამოხატული მცირეწლოვანი გ-------– ი-–---–ის ფსიქიკაზე და მისი ცხოვრების ყოველდღიურობაზე. გ-------–ი ფსიქოლოგთან ურთიერთობასა და შემოთავაზებული ტესტების შესრულებაში იყო უშუალო და ლაღი. გონებრივი განვითარება არის ნორმალური. კითხვებს პასუხობდა ასაკის შესატყვისი ბავშვური ლოგიკით. მეტყველებაში არსებული შეფერხება ხასიათდება ფიზიოლოგიური პათოლოგიით. ჩატარებული იქნა ტესტური გამოკითხვა: „დაბადების დღის სუფრა“. საჰაერო კალათით მოგზაურობა“. ყველა ამ ტესტში, გ-------–ი დედისადმი დიდ სიყვარულს გამოხატავდა გაბრწყინებული თვალებით. სადღესასწაულო სუფრასთან პირველი დედა ქ-ნი ნ----- დაასახელა, შემდეგ კი მამა ბ-ნი გ------ი. სიხარულით დაგვთანხმდა ქალბატონ ნ-----სთან ტელეფონით საუბარზე. ღიმილით მოიხსენიებს ბიძას - გ----ს და ნათესავს - კ----ს, რომლებთანაც კარგად ერთობა.

 

მოგვიანებით გასაუბრებას შეუერთდა გ-------–ის ბაბუა ბატონი შ--–-- ი-–---–ი. აქ ნათელი გახდა მისი ზემოქმედება ბავშვზე. გ-------–ი დაიძაბა, ცდილობდა არ გაეცა პასუხი კითხვებზე და მთელი ყურადღება ბაბუასკენ ჰქონდა მიმართული. ბ-ნმა შ--–--მ მიმართა ბავშვს მოეყოლა ყველაფერი, რასაც დედაზე ფიქრობდა. ამის შემდგომ გ-------–ისგან წამოვიდა ფრაზები, „დედა ცუდია, იმიტომ რომ ჩემთან არაა“ (დაჟინებით იმეორებდა ამ სიტყვებს), „გ----ს არ უყვარს დედა“ (ბიძას) და ა.შ. აშკარად იკვეთებოდა, რომ ამ ზეგავლენებით გ-------–ი იმეორებდა უფროსების განწყობებს, ეს ზეწოლა და არახელსაყრელი გარემოა, რომელიც ბავშვში იწვევს დისკომფორტით გამოწვეულ განგაშს და გვაქვს თვითშეფასების დაბალი დონე.

 

ქ-ნი ც-–---- და ბ-ნი შ--–-- ბავშვის თანდასწრებით ადანაშაულებდნენ ქ-ნ ნ-----ს შვილის მიმართ უყურადღებობაში. ჩემი თხოვნის შემდეგ ბავშვი მეზობელ ეზოში გადაიყვანეს. რამდენიმე წუთის შემდეგ ქ-მა ნ-----მ დაურეკა შვილს. გ-------–ი თავჩაქინდრული იჯდა და დედას არ ეპასუხებოდა. ეს განსხვავებული ფაქტორი იყო, რადგან ბაღში იგი სიხარულით დაგვთანხმდა დედასთან გასაუბრებაზე. ქ-მა ნ-----მ შეახსენა ნათქვამი, რომ მასთან დალაპარაკებას უკრძალავენ. ანალოგიური შეკითხვა დავუსვით გ-------–ს, აი მაშინ აღმოვჩნდით მწვავე რეალობის წინაშე. ბ-ნი შ--–-- სწრაფად გამოემართა აივნიდან და გ-------–ის პირისპირ დადგა, გამომწვევად აკვირდებოდა ბავშვს, რათა კონტროლი გაეწია მისი ნათქვამისათვის. ვთხოვე გადაადგილება, მაგრამ ისევ აგრძელებდა კონტროლს. ეს იყო გამოკვეთილი ზეწოლა. ბავშვს კი არ შესწევს ძალა დაუპირისპირდეს არასასურველ მოვლენებს და ძლიერდება მასში შეფარული აგრესია.

 

გამოკვლევის მიხედვით ცნობილია, რომ ოჯახური კონფლიქტის შედეგად გამოწვეული სტრესი განსხვავებული რეაქციებით ხასიათდება სხვადასხვა სქესში. 5-6 წლის ვაჟები ხასიათდებიან გაძლიერებული აგრესიით, გამოირჩევიან სიბრაზით, უყურადღებობით. არ შეუძლიათ თავიანთი გრძნობების ვერბალიზება (JOHN BOWLBY, ATTACHMENT AND LOSS). ეს ზეგავლენებიც უშუალოდ აისახება გ-------–ზეც. ბაღის პედაგოგმა აღნიშნა, რომ თანატოლებთან თამაშის დროს არასრულწლოვანი გამოკვეთილად აგრესიულია, ხდება უმართავი, კონფლიქტის დროს სათამაშოებს დამსხვრევამდე თავში სცემს ბავშვებს. ეს ფაქტი თვითონაც დაადასტურა გ-------–მა. გამომწვევი მიზეზი შესაძლებელია იყოს როგორც საუბრის შეზღუდულობა, ასევე, იმ სოციუმში არსებული ზეგავლენა, სადაც ბავშვს ხშირად ესმის ბრალდებები დედის მიმართ.

 

ყველა ზემოთმოყვანილი ფაქტი უკავშირდება საქმისწარმოების პირველ ეტაპს. რაც შეეხება შემდგომ პერიოდს, ფსიქოლოგის ჩარევით და გ-------–ის ბებია - ქ-ნი ც-–----ს კეთილი ნების საფუძველზე, შესაძლებელი გახდა ბავშვს რამდენიმე დღე გაეტარებინა დედის ქ- ნ-----ს ნათესავებთან. როგორც გამოიკვეთა, ეს არ იქნებოდა ერთჯერადი და მიეცემოდა სტაბილური სახე. აღნიშნული ფაქტი წინგადადგმულ ნაბიჯად შესაძლებელია ჩაითვალოს და ხელს შეუწყობს არასრულწლოვან გ-------– ი-–---–ს ჰარმონიულ ყოფას ორივე ოჯახში (მამისა და დედის მხრიდან). ასევე, მოწესრიგდება აღნიშნულ სოციუმში ურთიერთდაძაბულობა, რომელიც მოგვცემს გაყრის შემდგომ ეტაპზე ცივილურ ურთიერთდამოკიდებულებას. ყოველივე ეს აისახება გ-------–ის ფსიქიკაზე და ხელს შეუწყობს მის ჰარმონიულ განვითარებას, არ შეექმნება ის სულიერი დისკომფორტი რისი მომსწრენიც გახლდით პირველ ეტაპზე.

 

შემდგომში გამოირკვა, რომ სამწუხაროდ, გ-------– ი-–---–ის გაყვანა დედის ნათესავებთან არ განხორციელდა სტაბილურად, რამაც არასრულწლოვანში გამოიწვია მოლოდინების შედეგად შფოთვა და სხვა უარყოფითი ემოციები. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი ისევ განახლდა ურთიერთობა დედის ნათესავებთან, სატელეფონო საუბრები დედასთან, რაც მისასალმებელია.

 

საქმის შესწავლის დროს ყველა გარემოებებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე არასრულწლოვანი გ-------–ის გადაადგილება ქვეყნიდან მიზანშეწონილად არ მიაჩნია: გათვალისწინებული უნდა იყოს ის ფაქტი, რომ ბავშვის ადაპტაცია ახალ გარემოსთან საკმაოდ ხანგრძლივი, მტკივნეული პროცესია და მნიშვნელოვან კვალს აჩენს მის ფსიქიკას. მითუმეტეს მაშინ, როცა დედასთან მცხოვრები ადამიანი (პაკისტანის მოქალაქე), მისთვის აბსოლუტურად უცნობია, არის ენობრივი ბარიერი. ამას შესაძლოა მოჰყვეს ძილის რეჟიმის დარღვევა, ხშირი ცრემლიანობა, შფოთვა და ა.შ. მთავარია, ნ----- გ--------ემ მაქსიმალურად მოიპოვოს ბავშვის ნდობა, ასევე, მოქალაქეობრივი სტატუსი. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი არასრულწლოვანი გ-------–ის გადაადგილება სხვა ქვეყანაში სხვადასხვა დროის განსაზღვრულობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 15 სექტემბრის ფსიქოლოგ ლ--–- ნ---–--ის დასკვნა (ს.ფ. 266-270).

3.2.2. სასამართლო იზიარებს სოციალური სამსახურის წარმომადგენლების და ფსიქოლოგის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბავშვის ამ ეტაპზე საზღვარგარეთ გაყვანა თუნდაც ორი თვით მიზანშეუწონლად მიაჩნიათ.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი ნაწილობრივ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, ქორწინების შეწყვეტის ნაწილში, ხოლო მშობლის უფლების შეზღუდვის ნაწილში მოსარჩელეს ეთქვას უარი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

- საქართველოს კონსტიტუცია.

- „ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენცია.

- გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის #14 (2013 წ.) კომენტარის 61-ე პუნქტი.

-„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის” ევროპული კონვეცია

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა განქორწინების შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში (შემდგომ – სააგენტოს ტერიტორიული სამსახური). მხარეთა ქორწინება რეგისტრირებულია ამ ნორმის მოთხოვნათა შესაბამისად.

 

„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის” ევროპული კონვეციის მე-12 მუხლის მიხედვით, საქორწინო ასაკის მამაკაცსა და ქალს აქვთ ქორწინებისა და ოჯახის შექმნის უფლება, ეროვნული კანონების შესაბამისად, რომლებიც აწესრიგებს ამ უფლების განხორციელებას.

 

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-16 მუხლით აღიარებულია ქორწინების უფლება. ამ მუხლის თანახმად, სრულწლოვანებას მიღწეულ კაცებსა და ქალებს უფლება აქვთ რასის, ეროვნების ან რელიგიის ნიშნის რაიმე შეზღუდვის გარეშე დაქორწინდნენ და ოჯახი დააფუძნონ. ისინი სარგებლობენ თანაბარი უფლებებით დაქორწინებისას, ქორწინებაში ყოფნის დროს და განქორწინებისას. 2. დაქორწინება შესაძლებელია მხოლოდ ორივე მექორწინე მხარის თავისუფალი და სრული თანხმობისას. 3. ოჯახი არის საზოგადოების ბუნებრივი და ძირითადი უჯრედი და მას უფლება აქვს დაცული იყოს საზოგადოებისა და სახელმწიფოს მხრივ.

 

საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ქორწინება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას.

 

ამდენად, საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულია ქორწინების უფლება, ხოლო ხსენებული ნორმის მიზნები და შინაარსი არ შეეხება მხოლოდ დაქორწინებისას დასაქორწინებელ პირთა ნების გამოვლენის ნებაყოფლობითობას. ამ ნორმებით დაცული სფერო მოიცავს საოჯახო ცხოვრებას, ადგენს როგორც დაქორწინების, ისე ოჯახური ცხოვრების და განქორწინებისას მეუღლეთა თანასწორობისა და ნებაყოფლობის პრინციპს.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2008 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე N2/2/425 საქართველოს მოქალაქე სალომე წერეთელი-სტივენსი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის შესახებ განმარტა შემდეგი: „დემოკრატიული საზოგადოება თავისუფალი ინდივიდებისაგან შედგება. ამ საზოგადოებაში კონსტიტუციურსამართლებრივი წესრიგის უპირველესი ამოცანაა პიროვნების თავისუფლების, მისი თავისუფალი განვითარების უზრუნველყოფა. თავისუფალი ინდივიდების საზოგადოება არის დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს ხერხემალი, მისი წარმატებული განვითარების აუცილებელი წინაპირობა და გარანტია. საქართველოს კონსტიტუცია ადამიანის თავისუფლებაზე, მის თავისუფალ განვითარებაზე ყურადღებას ამახვილებს როგორც ზოგადად, ასევე, კონკრეტულად, საზოგადოებრივი ცხოვრების ცალკეულ სფეროებში. სწორედ ამ მიზანს ემსახურება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის შესაბამისადაც „ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას“.

 

ამავე გადაწყვეტილებაში განმარტებულია, რომ ქორწინება და ოჯახი ადამიანის პირადი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ამ სფეროში ინდივიდის თავისუფლების ხარისხი განსაკუთრებით მაღალია. სწორედ, პიროვნული თავისუფლებისა და თავისუფალი განვითარების უფლების გამოხატულება და ნაწილია ქორწინების თავისუფლება. ეჭვგარეშეა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტი, გარდა ინსტიტუციური გარანტიისა, ძირითადი უფლების დამდგენი ნორმაცაა. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის მიზნები და შინაარსი გაცილებით ფართოა, ვიდრე ეს მისი სიტყვასიტყვითი მნიშვნელობიდან გამომდინარეობს. ამ მუხლით დაცული სფერო საკმაოდ ვრცელია და მოიცავს როგორც დაქორწინებას, ასევე, საოჯახო თანაცხოვრებასა და განქორწინებას. პირის თავისუფალი განვითარების უფლება, რომლის ერთ-ერთ გამოხატულებასაც ქორწინების თავისუფლება წარმოადგენს, მოიცავს როგორც პოზიტიური, ასევე, ნეგატიური ქცევის თავისუფლებას. ამდენად, დაცულია ქორწინების როგორც პოზიტიური, ასევე, ნეგატიური თავისუფლება“.

 

სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის მიხედვით სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად, ხოლო განქორწინება მოხდება თუ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციისა და სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად ქორწინება ემყარება ქორწინების მსურველთა ნების გამოვლენის თავისუფლებას, მათ ნებაყოფლობითობას. ისევე როგორც დაქორწინებისას, ქორწინების შეწყვეტის შემთხვევაშიც გადამწყვეტი და არსებითია მეუღლეთა ნება, მათი სურვილი იცხოვრონ ერთ ოჯახად. სასამართლოს მიაჩნია, რომ ქორწინება გულისხმობს მეუღლეთა ერთობლივ სურვილს, მათ ერთობლივ გადაწყვეტილებას ერთმანეთთან ჰქონდეთ ოჯახური ურთიერთობა, ეწეოდნენ საერთო საოჯახო მეურნეობას, საერთო ძალებით განახორციელონ ერთობლივი მიზნები და ინტერესები.

 

სასამართლო ასევე განმარტავს, რომ ოჯახური ურთიერთობა ემყარება ურთიერთპატივისცემასა და ნდობას, შესაბამისად ოჯახის არსებობის საფუძველია მხარეთა ურთიერთპატივისცემა, საერთო ინტერესების და მიზნების განსახორციელებლად ერთობლივი ძალისხმევა. მეუღლეებს შორის ნდობის არარსებობა შეიძლება გახდეს ქორწინების შეწყვეტის საფუძველი. ოჯახი არის მეუღლეთა ნებაყოფლობაზე, ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზე დამყარებული ურთიერთობა, ხოლო მოსარჩელის მხრიდან მოპასუხის მიმართ ასეთი დამოკიდებულება აღარ არსებობს. სასამართლო განმარტავს, რომ გადამწყვეტი არ არის ამგვარი დამოკიდებულების ჩამოყალიბება განპირობებულია თუ არა ობიექტური გარემოებებით, დადასტურებული ფაქტებით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეებს შორის ოჯახური ურთიერთობა ფაქტობრივად შეწყვეტილია, მოსარჩელის დამოკიდებულების გამო მათი ოჯახის აღდგენა შეუძლებელია, რის გამოც განქორწინების მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სამართლებრივი შეფასება მშობლის უფლების შეზღუდვის მოთხოვნის ნაწილში

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ამავე კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში, მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლის თანახმად, 1.მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. სასამართლოს შეუძლია შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუკიდებლად.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე ნ----- გ--------ეს და გ------ი ი-–---–ს 2011 წლის 24 დეკემბერს შეეძინათ შვილი - გ-------– ი-–---–ი. მხარეები დიდი ხანია ერთად აღარ ცხოვრობენ და არასრულწლოვანი გ-------– ი-–---–ი ცხოვრობს მამის ოჯახში (ბებია-ბაბუასთან). მოპასუხის საცხოვრებელ სახლში შექმნილია ბავშვისათვის უსაფრთხო და კეთილსაიმედო გარემო.

 

კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს უფლებას, შეზღუდოს მშობლის ერთ-ერთი უფლება. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეს შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება, კერძოდ, ამ უკანასკნელის თანხმობის გარეშე მიეცეს მოსარჩელეს უფლება გაიყვანოს მისი ვაჟიშვილი საზღვარგარეთ საბერძნეთის რესპუბლიკაში 2 თვის ვადით ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ბავშვის სამკურნალოდ, ამასთანავე მიეცეს მოსარჩელეს უფლება მოპასუხის თანხმობის გარეშე სამოქალაქო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში აიღოს თავისი მცირეწლოვანი შვილის - გ-------– ი-–---–ის პასპორტი, საზღვარგარეთ მისი გაყვანის მიზნით, რასაც არ ეთანხმება მოპასუხე მხარე.

 

,,საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: 16 წლამდე ბავშვის საქართველოდან დროებითი გასვლა შესაძლებელია მისი ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის ნებართვით და სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის თანხლებით. 8.4. მუხლის თანახმად, თუ არასრულწლოვანს საქართველოდან დროებით გასვლისას თან არ ახლავს კანონიერი წარმომადგენლები, მას მათი შუამდგომლობის საფუძველზე მიეცემა პასპორტი. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის „ე„ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემისათვის ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) უფლებამოსილი პირის ან საკონსულო თანამდებობის პირის თანდასწრებით გამოხატული, სანოტარო წესით დამოწმებული წერილობითი თანხმობა ან სააგენტოს უფლებამოსილი პირის წინაშე ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით გამოხატული თანხმობა საკმარისია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება მეორე კანონიერი წარმომადგენლისთვის მშობლის უფლების ჩამორთმევის, შეჩერების ან შეზღუდვის თაობაზე; ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არასრულწლოვნის საქართველოდან დროებითი გასვლის საკითხზე მისი კანონიერი წარმომადგენლების შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავა სასამართლო წესით გადაწყდება.

 

მოცემული სახის დავის გადაწყვეტისას სასამართლომ თანაბრად უნდა დაიცვას ორივე მშობლის უფლება, მაგრამ უპირატესობა უნდა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს. სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ბავშვის ასაკი, პირადი დამოკიდებულება მშობლისადმი, მისი ცხოვრების წესი, ფსიქოლოგიური მდგომარეობა. სასამართლო იზიარებს სოციალური სამსახურის წარმომადგენლის, ასევე ფსიქოლოგ ლ--–- ნ---–--ის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქმის შესწავლის დროს ყველა გარემოებებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე არასრულწლოვანი გ-------–ის გადაადგილება ქვეყნიდან მიზანშეწონილად არ მიაჩნია: გათვალისწინებული უნდა იყოს ის ფაქტი, რომ ბავშვის ადაპტაცია ახალ გარემოსთან საკმაოდ ხანგრძლივი მტკივნეული პროცესია და მნიშვნელოვან კვალს აჩენს მის ფსიქიკას. მითუმეტეს მაშინ, როცა დედასთან მცხოვრები ადამიანი (პაკისტანის მოქალაქე), მისთვის აბსოლუტურად უცნობია, არის ენობრივი ბარიერი. ამას შესაძლოა მოჰყვეს ძილის რეჟიმის დარღვევა, ხშირი ცრემლიანობა, შფოთვა და ა.შ. მთავარია, ნ----- გ--------ემ მაქსიმალურად მოიპოვოს ბავშვის ნდობა, ასევე, მოქალაქეობრივი სტატუსი. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი არასრულწლოვანი გ-------–ის გადაადგილება სხვა ქვეყანაში სხვადასხვა დროის განსაზღვრულობით.

 

ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტისას სასამართლომ უტყუარად და სარწმუნოდ უნდა დაადგინოს მიღებული გადაწყვეტილების ბავშვის ინტერესებისათვის ყველაზე უკეთ შესაბამისობა. ამდენად, არასრულწლოვანი გ-------– ი-–---–ის უპირატესი ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია მოპასუხეს არ შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება ბავშვის მიმართ პასპორტის აღების და საზღვარგარეთ გაყვანის ნაწილში.

 

„ბავშვთა უფლებათა კონვენციის“ მე-18 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

 

სასამართლო აგრეთვე მიუთითებს მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველ პრინციპზე რომლის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანოს ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს.

 

სასამართლო სასარჩელო მოთხოვნის განხილვისას აღნიშნავს, რომ საოჯახო ურთიერთობებში ბავშვთან დაკავშირებულ საკითხებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს და ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტისას სასამართლომ უტყუარად და სარწმუნოდ უნდა დაადგინოს მიღებული გადაწყვეტილების ბავშვის ინტერესებისათვის ყველაზე უკეთ შესაბამისობა.

 

საქმის გარემოებებით დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 19 ივლისის განაჩენით გ------ი ი-–---–ი ცნობილია დამნაშავედ და იხდის სასჯელს შესაბამის სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში და იგი არ არის თანახმა გაემგზავროს ბავშვი საზღვარგარეთ. მოსარჩელე დღეის მდგომარეობით ცხოვრობს და მუშაობს საბერძნეთის სახელმწიფოში და ცხოვრობს სხვა ეროვნების მამაკაცთან ერთად. არსებითი გარემოებაა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება საბერძნეთის სახელმწიფოში ნ----- გ--------ის ყოფნის სამართლებრივი სტატუსი, კერძოდ არის იგი ამ სახელმწიფოს მოქალაქე თუ არა, აქვს თუ არა მოპოვებული საბერძნეთის სახელმწიფოში ცხოვრების და მუშაობის უფლება. ასევე არ ჩანს საქმის მასალებით თუ რა პირობებში და, კონკრეტულად რა მისამართზე შეიძლება ცხოვრობდეს ბავშვი მითითებულ სახელმწიფოში, ასევე არ დასტურდება საქმის მასალებით შეუძლია თუ არა მოსარჩელეს სათანადო პირობებით არასრულწლოვანის უზრუნველყოფა საბერძნეთში.

 

მოცემული სახის დავის გადაწყვეტისას სასამართლომ თანაბრად უნდა დაიცვას ორივე მშობლის უფლება, მაგრამ უპირატესობა უნდა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს. სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ბავშვის ასაკი, პირადი დამოკიდებულება მშობლისადმი, მისი ცხოვრების წესი, ფსიქოლოგიური მდგომარეობა. ბავშვის ინტერესის უპირატესობას განამტკიცებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა უფლებათა კონვენცია (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან), რომლის მე-3 მუხლის თანახმად, 1. ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. 2. მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას. ამავე კონვენციის მე-14 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ბავშვის აზრის თავისუფლებას.

 

ამასთან, ამ ეტაპზე არ იკვეთება არასრულწლოვნის ჯანმრთელობისა თუ ზოგადად კეთილდღეობისათვის საზღვარგარეთ დედასთან გამგზავრების გადაუდებელი აუცილებლობა. მოსარჩელის განმარტებითვე იგი პერიოდულად ჩამოდის საქართველოში. შესაბამისად დედას აქვს საშუალება, ურთიერთობა ჰქონდეს შვილთან და ასევე გასათვალისწინებელია ურთიერთობისათვის თანამედროვე ტექნიკური საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების შესაძლებლობა.

 

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის “ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) მე-18 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

 

ამდენად, ნ----- გ--------ის მოთხოვნა მოპასუხეს შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება, კერძოდ, ამ უკანასკნელის თანხმობის გარეშე მიეცეს მოსარჩელეს უფლება გაიყვანოს მისი ვაჟიშვილი საზღვარგარეთ საბერძნეთის რესპუბლიკაში 2 თვის ვადით ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ბავშვის სამკურნალოდ, ამასთანავე მიეცეს მოსარჩელეს უფლება მოპასუხის თანხმობის გარეშე სამოქალაქო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში აიღოს თავისი მცირეწლოვანი შვილის - გ-------– ი-–---–ის პასპორტი, საზღვარგარეთ მისი გაყვანის მიზნით, არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ვინაიდან სარჩელი მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს არ უნდა გადახდეს მოსარჩელის მიერ გაღებული პროცესის ხარჯი და მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად, ხოლო ვინაიდან მოსარჩელის მოთხოვნა განქორწინების თაობაზე დაკმაყოფილდა, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხე გ------ი ი-–---–ს. ამასთან, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ ზედმეტად გადახდილი ბაჟი - 100 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნ----- გ--------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. შეწყდეს ნ----- გ--------ეს (პ/ნ 1----------) და გ------ი ი-–---–ს (პ/ნ 6----------) შორის 2011 წლის 17 დეკემბერს, №8---------- სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება.

3. ნ----- გ--------ის სარჩელი - მოპასუხეს შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება, კერძოდ, ამ უკანასკნელის თანხმობის გარეშე მიეცეს მოსარჩელეს უფლება გაიყვანოს მისი ვაჟიშვილი საზღვარგარეთ საბერძნეთის რესპუბლიკაში 2 თვის ვადით ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ბავშვის სამკურნალოდ, ამასთანავე მიეცეს მოსარჩელეს უფლება მოპასუხის თანხმობის გარეშე სამოქალაქო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში აიღოს თავისი მცირეწლოვანი შვილის - გ-------– ი-–---–ის პასპორტი, საზღვარგარეთ მისი გაყვანის მიზნით - არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

4. მოპასუხე გ------ი ი-–---–ს მოსარჩელე ნ----- გ--------ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდა.

5. მოსარჩელის მიერ გადახდილი ბაჟიდან - 100 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

6. მოსარჩელე ნ----- გ--------ეს დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელის აღძვრისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 100 (ასი) ლარი, რომელიც ამოირიცხოს შემდეგი ანგარიშებიდან: ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი/სახაზინო კოდი: 3--------, მიმღების ბანკი: ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური, ბანკის კოდი: TRESGE22, (100.00 ლარი, გადახდის თარიღი: 08 იანვარი, 2018 წელი, გადამხდელის ბანკი: სს ,,საქართველოს ბანკი“; საგადახდო დავალება: #5, რეფერენსი: 6---------).

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე გოჩა დიდავა