გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.09.2018
საქმის ნომერი
330210018002487826
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
06.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 2/17202 - 18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

6 სექტემბერი, 2018 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე გი-----ი მაისურაძე

სხდომის მდივანი გრეტა ჩიქოვანი

მოსარჩელე ან-----------ა

წარმომადგენელი ნა-------------–---–ი

მოპასუხე გი-----ი ამ----ი

წარმომადგენელი მა-----------–----ა

მესამე პირი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო)

წარმომადგენელი რუ--------------–---–ი

დავის საგანი ალიმენტის გადახდის დაკისრება, მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე გი-----ი ამ----ისათვის არასრულწლოვანი შვილის, ნი----–--ზ ამ----ის (დაბადებული 2014 წლის 2-------) სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 500 (ხუთასი) ლარის გადახდის დაკისრება სარჩელის აღძვრიდან (2018 წლის 11 ივნისიდან) ბავშვის სრულწლოვანებამდე.

1.2. მოპასუხე გი-----ი ამ----ისათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა არასრულწლოვანი ნი----–--ზ ამ----ის (დაბადებული 2014 წლის 2-------, პირადი N0----------) პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთ გაყვანის ნაწილში, არასასწავლო პერიოდში (ზაფხულის და ზამთრის არდადეგებზე).

 

მოსარჩელე ან-----------ა და მოპასუხე გი-----ი ამ----ი იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. მხარეთა შორის ქორწინება შეწყდა განქორწინებით. მხარეებს ჰყავს საერთო არასრულწლოვანი შვილი, 2014 წლის 2------- დაბადებული ნი----–--ზ ამ----ი. არასრულწლოვანი ბავშვი ცხოვრობს დედასთან, ან-----------ასთან. ბავშვს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, კერძოდ, აქვს სქოლიოზი და ექიმის რეკომენდაციით დადის ცურვაზე, რაც დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული. ცურვის წრის ყოველთვიური გადასახადი შეადგენს 80 ლარს. მოპასუხე მხარე იმყოფება გე-------ში, სადაც იგი დასაქმებულია, აქვს შემოსავალი და აქვს უნარი უზრუნველყოს თავისი საცხოვრებელი პირობები საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდში. მოპასუხე არ იღებს მონაწილეობას არასრულწლოვანი შვილის აღზრდაში.

მოსარჩელე მხარეს, ეკონომიური მდგომარეობის გამო სურვილი აქვს ბავშვის საზაფხულო არდადეგების პერიოდში, გაემგზავროს თურქეთის რესპუბლიკაში ოჯახში დამხმარედ სამუშაოდ. მომწვევი ოჯახი თანახმაა მას თან ჰყავდეს შვილი (რომლის დატოვება საქართველოში არ შეუძლია), თუმცა მოპასუხე მხარე უარს აცხადებს ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანისათვის საჭირო თანხმობის გაცემაზე. ან-----------ას შვილთან ერთად დროებით (სამი თვით) საზღვარგარეთ გამგზავრება, წარმოადგენს ბავშვის საუკეთესო ინტერესს, რის გამოც მიზანშეწონილია მამას, გი-----ი ამ----ს შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანისა და პასპორტის აღების ნაწილში.

(იხ. სარჩელი, სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

2.1. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე არ ეთანხმება არც ერთ სასარჩელო მოთხოვნას. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებობს შეთანხმება, რის საფუძველზეც მოპასუხის მიერ გადასახდელ ალიმენტს 100 ლარს იგი იღებს მოპასუხის დედის - ნა------------ისაგან. მოსარჩელის მოთხოვნით ეს შეთანხმება აისახა ნა------------სა და ან-----------ას შორის გაფორმებულ მორიგების აქტში სხვა სამოქალაქო საქმეზე (N2--------). მიუხედავად აღნიშნულისა, მოსარჩელემ მაინც დააყენა მოთხოვნა მამისაგან ალიმენტის გადახდევინების შესახებ, რაც არამართებულია და აღნიშნული ფაქტობრივად წარმოადგენს წინა სამოქალაქო საქმეზე მიღებული განჩინების გაუქმების საფუძველს. სამოქალაქო კოდექსის 1225 მუხლით გათვალისწინებული ბებიის საალიმენტო ვალდებულება არ არის ავტომატური. ეს უფლება რეალიზებადია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი არასრულწლოვან შვილიშვილს არ შეუძლია სარჩო მიიღოს თავისი მშობლებისაგან. შესაბამისად, სანამ მოსარჩელე იღებს ალიმენტს ბებიისაგან, მას არ აქვს უფლება ალიმენტი მოითხოვოს მამისგანაც. თუკი სასამართლო მოპასუხეს (მამას) დააკისრებს ალიმენტს, ალიმენტის გადახდისთანავე მოსარჩელე ან-----------ა დაკარგავს ნა------------ისაგან (ბებია) ალიმენტის მოთხოვნის უფლებას. მოპასუხე გი-----ი ამ----ი იმყოფება გე-------ში, თუმცა იგი იქ არ არის დასაქმებული და არ გააჩნია შემოსავალი. ამასთან, მოპასუხე არ არის თანახმა არასრულწლოვანი ბავშვმა მიიღოს პასპორტი და გადაკვეთოს საქართველოს საზღვარი, ვინაიდან მოსარჩელე მხარემ იგივე შინაარსის თანხმობა არ განუცხადა მოპასუხეს, როდესაც ამ უკანასკნელს სურდა გე-------ში არასრულწლოვანი ბავშვის წაყვანა მცირე პერიოდით. არასრულწლოვანი ბავშვის ასაკიდან გამომდინარე, არ არის მიზანშეწონილი მისი საზღვარგარეთ ხშირად წაყვანა.

(იხ. შესაგებელი, სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია

 

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ იგი ეთანხმება საქმეში წარმოდგენილ სოციალური სამსახურის მიერ მომზადებულ დასკვნას. ვინაიდან სარჩელში მითითებულია კონკრეტული ვადა - 90 დღე, რა ვადითაც სურს მოსარჩელეს გაიყვანოს არასრულწლოვანი ბავშვი საზღვარგარეთ, სოციალური სამსახური მიიჩნევს, რომ ბავშვის უპირატესი ინტერესების დაცვის თვალსაზრისით, არ უნდა შეეზღუდოს არასრულწლოვან ნი----–--ზ ამ----ს გადაადგილების თავისუფლება. ბავშვის საზღვარგარეთ დასასვენებლად წაყვანა მის აღზრდა-განვითარებაზე დადებითად აისახება. თუკი მხარეთა შორის გართულებული ურთიერთობის გამო, მოპასუხეს ეზღუდება ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანის უფლება, მას შეუძლია მომართოს სასამართლოს ანალოგიური მოთხოვნით ბავშვის დროებით საზღვარგარეთ გაყვანის შესახებ, რამაც ხელი არ უნდა შეუშალოს არასრულწლოვანის სასწავლო პროცესში უწყვეტ ჩართულობას. (არასრულწლოვანი ბავშვის წარმომადგენლის განმარტება (იხ. სხდომის ოქმი)).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე ან-----------ას და მოპასუხე გი-----ი ამ----ს თანაცხოვრების პერიოდში - 2014 წლის 2------- შეეძინათ შვილი ნი----–--ზ ამ----ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N 0---------- (ს.ფ. 17);

 

3.1.2. მხარეები ან-----------ა და გი-----ი ამ----ი არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად. არასრულწლოვანი ნი----–--ზ ამ----ი ცხოვრობს დედასთან, ან-----------ასთან ერთად;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).

 

3.1.3. არასრულწლოვანი ნი----–--ზ ამ----ს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. მას აღენიშნება სქოლიოზი, რის გამოც იგი დადის ცურვის კომპლექსურ სპორტულ ცენტრში, სადაც ყოველთვიური გადასახადი შეადგენს 80 (ოთხმოცი) ლარს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- 01.05.2018 წლის სალაროს შემოსავლის ორდერი (ს.ფ. 20);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).

 

3.1.4. მოსარჩელე ან-----------ა არასრულწლოვან შვილთან, ნი----–--ზ ამ----თან ერთად ცხოვრობს მისამართზე - თბილისი, პ-----------------------–------------, ბინა N1, სამ ოთახიან გარემონტებულ ბინაში, სადაც დაცულია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. ბავშვის კუთხე აღჭურვილია ინდივიდუალური განვითარების ნივთებით და ასაკობრივი განვითარების სათამაშოებით. ბავშვი დადის N-- ბაგა-ბაღში;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრის 2018 წლის 13 ივლისის დასკვნა N1---- (ს.ფ. 61-62);

 

3.1.5. მოპასუხე გი-----ი ამ----ი იმყოფება საზღვარგარეთ, კერძოდ გე-------ში. მას დაახლოებით სამი წელია არ უნახავს ბავშვი და არ აქვს მასთან ურთიერთობა;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრის 2018 წლის 13 ივლისის დასკვნა N1---- (ს.ფ. 61-62);

 

3.1.6. სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაზე დაყრდნობით, ან-----------ას 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 30 ივნისის ჩათვლით მიღებული შემოსავალი არ უფიქსირდება;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2018 წლის 17 ივლისის ცნობა N21-11/92214 (ს.ფ. 63).

 

3.1.7. ან-----------ა არის ინგლისური ენის მცოდნე და პერიოდულად ამზადებს ბავშვებს. მოსწავლეების მომზადება და ამით მიღებული მცირე შემოსავალი არ ატარებს სტაბილურ ხასიათს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრის 2018 წლის 13 ივლისის დასკვნა N1---- (ს.ფ. 61-62);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).

 

3.1.8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 იანვრის განჩინებით მხარეებს, მოსარჩელე ნა------------ს (მოპასუხე შეგებებულ სარჩელში) და მოპასუხე ან-----------ას (მოსარჩელე შეგებებული სარჩელში) დამტკიცდა მორიგება თავდაპირველი სარჩელის დავის საგანზე - შვილიშვილთან ურთიერთობის დღეების განსაზღვრისა და ასევე, შეგებებული სარჩელის მოთხოვნაზე - ალიმენტის დაკისრების თაობაზე. განჩინების 1.4 პუნქტის მიხედვით, მოსარჩელე ნა------------ი თანახმაა, გადაუხადოს ან-----------ას ალიმენტის სახით 100 ლარი ყოველთვიურად ნი----–--ზ ამ----ის რჩენა-აღზრდისათვის;

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცელი გაიცა 2018 წლის 30 იანვარს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

_თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 იანვრის განჩინება მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, საქმე N2-------- (ს.ფ. 106-108);

_თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 იანვარს გაცემული სააღსრულებო ფურცელი, საქმე N2-------- (ს.ფ. 105);

 

3.1.9. ნა------------ი სასამართლოს განჩინებით არასრულწლოვანი შვილიშვილის, ნი----–--ზ ამ----ის რჩენა-აღზრდისათვის დაკისრებულ ალიმენტის თანხას სტაბილურად არ იხდის. მას ალიმენტი გადახდილი აქვს 2018 წლის 30 იანვარს, 2018 წლის 12 მარტს და 2018 წლის 04 მაისს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

_სს ,,თიბისი ბანკის“ ამონაწერი ან-----------ას საბანკო ანგარიშიდან (ს.ფ. 103).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრში არსებული კომპიუტერული მონაცემთა ბაზების მიხედვით, გი-----ი ამ----ის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტები სასაზღვრო გამტარი პუნქტების გავლით 2014 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 3 ივლისამდე დაფიქსირდა ს.ს.კ.გ. ,,თბილისის აეროპორტოს“ და ს.სკ.გ. ,,ქუთაისის აეროპორტის“ გავლით: 18.10.2014 წელს (გასვლა), 27.10.2014 წელს (შემოსვლა), 09.01.2015 წელს (გასვლა), 19.01.2015 წელს (შემოსვლა) და 30.04.2015 (გასვლა);

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

_შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მიერ 2018 წლის 03 ივლისს გაცემული ცნობა N M--------------, დანართი (ს.ფ. 35-37).

 

3.2.2. მოპასუხე გი-----ი ამ----ის დედა, ნა------------ი დასაქმებულია, იგი პროფესიით არის ბუღალტერი. მისი ფიქსირებული შემოსავალი თვეში შეადგენს 350 ლარს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).

 

3.2.3. მოპასუხე მხარის განმარტებით, იგი ეხმარება მატერიალურად არასრულწლოვან შვილს, უგზავნის საზღვარგარეთიდან სამოსს, სათამაშოებს. მამას ფულადი თანხა ბავშვისთვის არ გამოუგზავნია. აღნიშნულს უარყოფს მოსარჩელე ან-----------ა და იგი მხოლოდ მცირედი დახმარების (სამოსის, სათამაშოების გამოგზავნის) ფაქტს ადასტურებს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).

 

3.2.4. მოსარჩელე ან-----------ას არდადეგების პერიოდში აქვს სამუშაო თურქეთის რესუბლიკაში ოჯახის დამხმარედ, რა დროსაც იგი სხვა არასრულწლოვანი ბავშვის მომვლელად მიემგზავრება საზღვარგარეთ კონკრეტული დროით (სამი თვით). ან-----------ას და არასრულწლოვან ნი----–--ზ ამ----ს შორის არსებული მიჯაჭვულობის გამო, მოსარჩელე საქართველოში ვერ ტოვებს არასრულწლოვანს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).

 

3.2.5. სასამართლო იზიარებს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის სოციალური მუშაკის მიერ მომზადებულ დასკვნაში მითითებულ გარემოებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელე ან-----------ას აქვს მშობლის მორალური და ადამიანური სრული პასუხისმგებლობის გრძნობა და ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია საკითხი მოგვარდეს ნი----–--ზ ამ----ის ინტერესებისა და უფლებების სრული დაცვით. მნიშვნელოვანია, არასრულწლოვანს ხელი არ შეეშალოს რომელიმე მშობელთან ურთიერთობის პროცესში და გაუმართლებლად არ შეეზღუდოს თავისუფალი გადაადგილების უფლება. აღნიშნულიდან გამომდინარე, არასრულწლოვანი ნი----–--ზ ამ----ის უპირატესი ინტერესებიდან გათვალისწინებით მიზანშეწონილია მოპასუხე გი-----ი ამ----ს შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება ბავშვის მიმართ პასპორტის აღების და საზღვარგარეთ გაყვანის ნაწილში, ხოლო მოსარჩელე ან-----------ას მიმართ ბავშვის გაყვანა უნდა განხორციელდეს არასასწავლო პერიოდში კონკრეტული ვადით და უკან, საქართველოში დაბრუნების ვალდებულებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრის 2018 წლის 13 ივლისის დასკვნა N1---- (ს.ფ. 61-62);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).

 

3.2.6. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას მოცემულ შემთხვევაში, არასრულწლოვანი ნი----–--ზ ამ----ის მიმართ მამის, გი-----ი ამ----ის საალიმენტო ვალდებულების განსაზღვრის შესახებ იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინებით დადგინდა, მოპასუხის დედის, ნა------------ის საალიმენტო მოვალეობა არასრულწლოვანი შვილიშვილის, ნი----–--ზ ამ----ის რჩენა-აღზრდისათვის. მოსარჩელე მხარის მოთხოვნას არ წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 იანვრის განჩინებით დადგენილი ალიმენტის გაუქმება. სასარჩელო მოთხოვნა დაყენებულია აღნიშნული განჩინებით (რომელიც გაუქმებული არ არის) დაკისრებული საალიმენტო ვალდებულების არსებობის პირობებში, მოპასუხე გი-----ი ამ----ისათვის არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრების თაობაზე. სამოქალაქო კანონმდებლობით, ბებიას იმ შემთხვევაში შესაძლოა დაეკისროს არასრულწლოვანი შვილიშვილის რჩენის ვალდებულება, თუ მას არ შეუძლია სარჩო მიიღოს თავისი მშობლებისაგან. ალიმენტის მოთხოვნის მიღება როგორც მოპასუხის, ასევე მოპასუხის დედისგან, ერთდროულად, გაუმართელებლია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

_თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 იანვრის განჩინება მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, საქმე N2-------- (ს.ფ. 106-108);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ან-----------ას სასარჩელო მოთხოვნა გი-----ი ამ----ისათვის ალიმენტის გადახდის დაკისრების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

4.2. სასამართლომ განიხილა სარჩელი, მოისმინა მხარეთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და ფაქტობრივ გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, მივიდა დასკვნამდე, რომ პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთ გაყვანის ნაწილში გი-----ი ამ----ის მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის თაობაზე ან-----------ას სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, რაც შეესაბამება არასრულწლოვანი ბავშვის კანონით დაცულ უფლებებსა და მის უპირატეს ინტერესებს. ამასთან, მოსარჩელის მიერ ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანა უნდა მოხდეს არასასწავლო პერიოდში (ზაფხულის და ზამთრის არდადეგებზე).

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

სასამართლომ გამოიყენა:

- ’’ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ მე-3, მე-5, მე-18-ე და 27-ე მუხლები;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1199-ე, 1202-ე, 1205-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1225-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ან-----------ამ ასევე მოითხოვა მოპასუხე გი-----ი ამ----ისათვის ალიმენტის დაკისრება იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ არასრულწლოვანი შვილი ნი----–--ზ ამ----ი (დაბადებული 2014 წლის 2-------), რომელიც იზრდება მოსარჩელე მხარესთან და მის რჩენა-აღზრდაში არ იღებს მონაწილეობას მოპასუხე მხარე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით. (სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლი).

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციის მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება ეკისრებათ მის მშობლებს.

 

,,ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციის პრეამბულაში აღნიშნულია, რომ ოჯახი, როგორც საზოგადოების ძირითადი უჯრედი და ბუნებრივი გარემოცვა ყველა მისი წევრისა და განსაკუთრებით ბავშვების აღზრდისა და კეთილდღეობისათვის უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ საჯარო დაცვითა და ხელშეწყობით, რათა შეეძლოთ მთლიანად იკისრონ ვალდებულებანი საზოგადოების ფარგლებში.

 

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 იანვრის განჩინებით მხარეებს, მოსარჩელე ნა------------ს (მოპასუხე შეგებებულ სარჩელში) და მოპასუხე ან-----------ას (მოსარჩელე შეგებებული სარჩელში) შორის დამტკიცდა მორიგება თავდაპირველი სარჩელის დავის საგანზე - შვილიშვილთან ურთიერთობის დღეების განსაზღვრისა და ასევე, შეგებებული სარჩელის მოთხოვნაზე - ალიმენტის დაკისრების თაობაზე. განჩინების 1.4 პუნქტის მიხედვით, მოსარჩელე ნა------------ი თანახმაა, გადაუხადოს ან-----------ას ალიმენტის სახით 100 ლარი ყოველთვიურად ნი----–--ზ ამ----ის რჩენა-აღზრდისათვის. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცელი გაიცა 2018 წლის 30 იანვარს. საქმის მასალების მიხედვით, ნა------------ი სასამართლოს განჩინებით არასრულწლოვანი შვილიშვილის, ნი----–--ზ ამ----ის რჩენა-აღზრდისათვის დაკისრებულ ალიმენტის თანხას სტაბილურად არ იხდის. მას ალიმენტი გადახდილი აქვს 2018 წლის 30 იანვარს, 2018 წლის 12 მარტს და 2018 წლის 04 მაისს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1225-ე მუხლის თანახმად, პაპა და ბებია, რომელთან საკმაო სახსრები აქვთ, მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილიშვილი, რომელიც დახმარებას საჭიროებს, თუ მას არ შეუძლია სარჩო მიიღოს თავისი მშობლებისგან.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ არასრულწლოვანი ნი----–--ზ ამ----ის რჩენა-აღზრდის მიზნით, ბებიას, ნა------------ს (მამის დედას) განჩინებით დაკისრებული აქვს საალიმენტო ვალდებულება, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული. ბებიას შვილიშვილის სასარგებლოდ გადახდილი აქვს ალიმენტი, თუმცა მასსა და ან-----------ათან არსებული დაძაბული ურთიერთობის გამო, დღეის მდგომარეობით, ნა------------ი არ იხდის ალიმენტის თანხას. საქმეში წარმოდგენილი მასალებით, არ არის დადგენილი ნა------------ის გადახდისუუნარობა. იგი დასაქმებულია და აქვს გარკვეული შემოსავალი. მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შესაბამისად, ნა------------ის დედა, გულნაზ მამეიანს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, მისი დიაგნოზია: ,,ფილტვების ქრონიკული, ობსტრუქციული ავადმყოფობა აპენდექტომია“. მისი მკურნალობა დაკავშირებულია გარკვეულ ხარჯებთან, თუმცა აღნიშნული უპირობოდ არ მიუთითებს ნა------------ის, როგორც ალიმენტვალდებული პირის გადახდისუუნარობაზე.

 

საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვების უფლების სათანადო დაცვას. ალიმენტის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვების უფლება მიიღონ ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ბავშვის ინტერესებს უმთავრესი მნიშვნელობა აქვს მასზე მზრუნველობასთან დაკავშირებულ საკითხებში. სამოქალაქო კოდექსის 1225-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, პაპას ალიმენტი არასრულწლოვანი შვილიშვილის სასარგებლოდ შეიძლება დაეკისროს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ორი კუმულატიური პირობა: უსახსროდ დარჩენილ შვილიშვილს სარჩოს მიღება მშობლისაგან არ შეუძლია და ბებიას ან პაპას გააჩნია საკმაო სახსრები არასრულწლოვანი შვილიშვილისათვის სარჩოს უზრუნველსაყოფად. სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნას ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას და მისთვის ძირითადი საარსებობო პირობების შექმნას. ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებიდან იკვეთება, რომ არასრულწლოვანი შვილიშვილის რჩენა-აღზრდის მიზნით ალიმენტის გადახდის ვალდებულება დაიკისრა ბებიას, ნა------------ს. ბებიის საალიმენტო ვალდებულების გაუქმებისა და აღნიშნულისათვის შესაბამისი წინაპირობების არსებობის შესახებ არც ერთი მხარე დავის განხილვის მიმდინარეობისას არ მიუთითებს. მოსარჩელე მხარემ სასამართლო პროცესზე მიუთითა, რომ წინააღმდეგია ბებიის, ნა------------ისათვის დაკისრებული საალიმენტო ვალდებულების გაუქმების. ასევე, მოსარჩელემ სხდომაზე განმარტა, რომ მამის მიმართ იმიტომ არ ითხოვა საალიმენტო ვალდებულების დაკისრება, რომ ეს უკანასკნელი საქართველოში არ იმყოფებოდა და ვერ შეძლებდა მამისგან შვილის სასარგებლოდ თანხის გადახდევინებას. ამასთან, ბებია მუშაობდა და მას შეეძლო თანხა გადაეხადა შვილიშვილისათვის.

 

სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ადგენს საქართველოს გადაწყვეტილების ფარგლებს, რომლის მიხედვითაც, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლი).

სასარჩელო მოთხოვნა არ შეეხება მოპასუხის დედის, ბებიის ნა------------ის საალიმენტო ვალდებულების გაუქმებას. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე განსახილველ საქმეზე მოითხოვს მამის, გი-----ი ამ----ისათვის არასრულწლოვანი ნი----–--ზ ამ----ის რჩენა-აღზრდის მიზნით ალიმენტის დაკისრებას ისე, რომ არ აყენებს საკითხს არასრულწლოვანის სასარგებლოდ უკვე დაკისრებული ბებიის საალიმენტო ვალდებულების გაუქმების თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე კი, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას მოცემულ შემთხვევაში, არასრულწლოვანი ნი----–--ზ ამ----ის მიმართ მამის, გი-----ი ამ----ის საალიმენტო ვალდებულების განსაზღვრის შესახებ. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინებით დადგინდა, მოპასუხის დედის, ნა------------ის საალიმენტო ვალდებულება არასრულწლოვანი შვილიშვილის, ნი----–--ზ ამ----ის რჩენა-აღზრდისათვის. ამასთან, საქმეში არ არის წარმოდგენილი და არც მხარეებს მიუთითებიათ გარემოებაზე და შესაბამის მტკიცებულებაზე, რაც ნა------------ის გადახდისუუნარობას დაადასტურებდა. ამდენად, საქმის მასალებით არ იკვეთება, არასრულწლოვანის მიერ რჩენა-აღზრდის მიზნით, ბებიისგან დაკისრებული ალიმენტის მიღების შეუძლებლობა. ამასთან, მოსარჩელეს შეუძლია დადგენილი ალიმენტი მიიღოს სასამართლო განჩინების იძულებით აღსრულების წესითაც, რისი მცდელობაც, მოსარჩელის მხრიდან, მოცემულ შემთხვევაში არ დადასტურდა. არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, დღეის მდგომარეობით მას აქვს შესაძლებლობა რჩენა-აღზრდის მიზნით ალიმენტის თანხა მიიღოს ბებიისგან, რომელმაც აიღო საალიმენტო ვალდებულება არასრულწლოვანი შვილიშვილის მიმართ. სასამართლო კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ მამის, გი-----ი ამ----ის მიმართ ალიმენტის გადახდის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა დაყენებულია სასამართლოს 2018 წლის 15 იანვრის განჩინებით (რომელიც გაუქმებული არ არის) ბებიისათვის დაკისრებული საალიმენტო ვალდებულების არსებობის პირობებში, რაც გაუმართლებელია. ვინაიდან ერთდროულად ალიმენტის მიღება როგორც მოპასუხის, ასევე მოპასუხის დედისგან, დაუშვებელია.

ამდენად, საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ან-----------ას სარჩელი ალიმენტის დაკისრების თაობაზე მოპასუხე გი-----ი ამ----ის მიმართ არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოსარჩელის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ბებიის მიმართ დაკისრებული საალიმენტო ვალდებულება არასაკმარისია ბავშვისათვის, ამასთან არ ითხოვს ბებიის მიმართ დაკისრებული საალიემნტო ვალდებულების გაუქმდეს და მოპასუხეს (მამას) დაეკისროს ალიმენტი - არამყარი არგუმენტია სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისა.

 

6.2. მოსარჩელე ან-----------ამ მოითხოვა მოპასუხე გი-----ი ამ----ისათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა ნაწილობრივ, კერძოდ, არასრულწლოვანი შვილის - ნი----–--ზ ამ----ის (დაბადებული 2014 წლის 2-------) პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთ გაყვანის ნაწილში.

 

სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ამავე კოდექსის 1199-ე მუხლის მიხედვით, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.

 

სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლიც: 1. მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. 2. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები.

 

სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლის თანახმად, 1. მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. სასამართლოს შეუძლია შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუკიდებლად.

 

კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს უფლებას შეზღუდოს მშობლის ერთ-ერთი უფლება. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა მხოლოდ ბავშვის პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთ გაყვანის ნაწილში და არა ყველა სამართლებრივ ურთიერთობაში წარმომადგენლობის უფლების შეზღუდვა.

 

დადგენილია, რომ 2014 წლის 2------- დაბადებული ნი----–--ზ ამ----ი წარმოადგენს ან-----------ას და გი-----ი ამ----ის საერთო შვილს. მხარეები ან-----------ა და გი-----ი ამ----ი არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად. საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, მოსარჩელე ან-----------ა არასრულწლოვან შვილთან, ნი----–--ზ ამ----თან ერთად ცხოვრობს მისამართზე - თბილისი, პ-----------------------–------------, ბინა N1, სამ ოთახიან გარემონტებულ ბინაში, სადაც დაცულია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. ბავშვის კუთხე აღჭურვილია ინდივიდუალური განვითარების ნივთებით და ასაკობრივი განვითარების სათამაშოებით. ბავშვი დადის N-- ბაგა-ბაღში. შესაბამისად, არასრულწლოვანი ნი----–--ზ ამ----ი იზრდება კეთილსაიმედო, დაცულ და მზრუნველ გარემოში.

 

მოსარჩელე მხარის მითითებით, სასწავლო პერიოდისგან თავისუფალ დროს, ზამთრის ან ზაფხულის არდადეგების პერიოდში, მას აქვს შესაძლებლობა საზღვარგარეთ გაიყვანოს არასრულწლოვანი შვილი, რა დროის განმავლობაშიც, თავად მოსარჩელე მხარე დასაქმებული იქნება ოჯახში დამხმარედ, მიიღებს შემოსავალს, ხოლო არასრულწლოვანი ნი----–--ზ ამ----ი დაისვენებს საქართველოს ფარგლებს გარეთ, რაც შეესაბამება მისი აღზრდა-განვითარების ინტერესებს, ამავდროულად, საზღვარგარეთ გასვლის ვადა არ აღემატება 90 დღეს და ხელს არ შეუშლის არასრულწლოვანი სასწავლო პროცესში უწყვეტად მონაწილეობის მიღებას. მოსარჩელისვე განმარტებით, ანა ხუდოაევას და არასრულწლოვან ნი----–--ზ ამ----ს შორის არსებული მიჯაჭვულობის გამო, მოსარჩელე საქართველოში ვერ ტოვებს არასრულწლოვანს.

 

,,საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, 16 წლამდე ბავშვის, აგრეთვე ქმედუუნარო პირის საქართველოდან დროებითი გასვლა შესაძლებელია მისი ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის ნებართვით და სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის თანხლებით. 2. 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვნის, თუ იგი არ იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში, საქართველოდან დროებითი გასვლისათვის საჭიროა მისი ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა. 3. არასრულწლოვანს, აგრეთვე ქმედუუნარო პირს, რომელსაც საზღვარგარეთ დროებით გამგზავრებისას თან არ ახლავს კანონიერი წარმომადგენლები, ამ უკანასკნელთა შუამდგომლობის საფუძველზე მიეცემა პასპორტი. 31. საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემისათვის ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა საკმარისია, თუ: ა) მეორე კანონიერი წარმომადგენელი იძებნება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით; ბ) მეორე კანონიერი წარმომადგენელი გარდაცვლილი, ქმედუუნარო ან უგზო-უკვლოდ დაკარგულია; გ) მეორე კანონიერი წარმომადგენლის მძიმე ავადმყოფობის გამო შეუძლებელია ნების გამოხატვა, რაც დასტურდება შესაბამისი ცნობით; დ) არასრულწლოვანი 16 წელს მიღწეულია; ე) არასრულწლოვანი მარტოხელა დედის შვილია. 4. არასრულწლოვანი ან ქმედუუნარო პირის საქართველოდან დროებითი გასვლის საკითხზე კანონიერ წარმომადგენელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავა გადაწყდება სასამართლოს წესით.

 

მოცემული სახის დავის გადაწყვეტისას სასამართლომ თანაბრად უნდა დაიცვას ორივე მშობლის უფლება, მაგრამ უპირატესობა უნდა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს. სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ბავშვის ასაკი, პირადი დამოკიდებულება მშობლისადმი, მისი ცხოვრების წესი, ფსიქოლოგიური მდგომარეობა. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხე გი-----ი ამ----ი იმყოფება საზღვარგარეთ, კერძოდ გე-------ში. მას დაახლოებით სამი წელია არ უნახავს ბავშვი და არ აქვს მასთან ურთიერთობა. საქმეში არსებული მასალების მიხედვით, შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრში არსებული კომპიუტერული მონაცემთა ბაზების მიხედვით, გი-----ი ამ----ის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტები სასაზღვრო გამტარი პუნქტების გავლით 2014 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 3 ივლისამდე დაფიქსირდა ს.ს.კ.გ. ,,თბილისის აეროპორტოს“ და ს.სკ.გ. ,,ქუთაისის აეროპორტის“ გავლით: 18.10.2014 წელს (გასვლა), 27.10.2014 წელს (შემოსვლა), 09.01.2015 წელს (გასვლა), 19.01.2015 წელს (შემოსვლა) და 30.04.2015 (გასვლა). მითითებული პერიოდის შემდეგ, მოპასუხე საქართველოში არ დაბრუნებულა და მას პირადი ხასიათის ურთიერთობა არასრულწლოვანთან არ ჰქონია.

 

მოპასუხე არ აცხადებს თანხმობას არასრულწლოვანი ნი----–--ზ ამ----ი მოსარჩელესთან ერთად გავიდეს საზღვარგარეთ თუნდაც კონკრეტული ვადით, ვიანიდან მან ანალოგიურ მოთხოვნაზე მოსარჩელისგან ვერ მიიღო თანხმობა. მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ იგი ეთანხმება საქმეში წარმოდგენილ სოციალური სამსახურის მიერ მომზადებულ დასკვნას. სარჩელში მითითებულია კონკრეტული ვადა - 90 დღე, რა ვადითაც სურს მოსარჩელეს გაიყვანოს არასრულწლოვანი ბავშვი საზღვარგარეთ. ბავშვის უპირატესი ინტერესების დაცვის თვალსაზრისით, არ უნდა შეეზღუდოს არასრულწლოვან ნი----–--ზ ამ----ს გადაადგილების თავისუფლება, რაც მის აღზრდა-განვითარებაზე დადებითად აისახება. თუკი მხარეთა შორის გართულებული ურთიერთობის გამო, მოპასუხეს ეზღუდება ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანის უფლება, მას შეუძლია მომართოს სასამართლოს ანალოგიური მოთხოვნით ბავშვის დროებით საზღვარგარეთ გაყვანის შესახებ, რამაც ხელი არ უნდა შეუშალოს არასრულწლოვანის სასწავლო პროცესში უწყვეტ ჩართულობას.

 

საოჯახო ურთიერთობების განსაკუთრებულობას და სპეციფიკურობას ადასტურებს საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლიც, რომლითაც სახელწიფოს მიერ აღიარებულია ვალდებულება, ხელი შეუწყოს ოჯახის კეთილდღეობას. ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტისას სასამართლომ უტყუარად და სარწმუნოდ უნდა დაადგინოს მიღებული გადაწყვეტილების ბავშვის ინტერესებისათვის ყველაზე უკეთ შესაბამისობა. მშობლებს აქვთ რა თანაბარი უფლებები შვილის მიმართ, ამასთან ეკისრებათ პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, მათ შორის მის მშვიდ, ჯანსაღ ემოციურ-ფსიქოლოგიურ მდგომარეობის უზრუნველყოფაზეც.

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო იზიარებს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის სოციალური მუშაკის მიერ მომზადებულ დასკვნაში მითითებულ გარემოებებს. მოსარჩელე ან-----------ას აქვს მშობლის მორალური და ადამიანური სრული პასუხისმგებლობის გრძნობა და ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია საკითხი მოგვარდეს ნი----–--ზ ამ----ის ინტერესებისა და უფლებების სრული დაცვით. მნიშვნელოვანია, არასრულწლოვანს გაუმართლებლად არ შეეზღუდოს თავისუფალი გადაადგილების უფლება. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის - არასრულწლოვანი ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანის ნაწილში, გასათვალისწინებელია ასევე გარკვეული გარემოებები, რამაც არ უნდა დააზიანოს არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესი და კეთილდღეობა, ამასთან, გარკვეულწილად დაცული უნდა იყოს მშობლის ინტერესი, რომლის მიზნობრიობაც მიმართულია იქითკენ, რათა არ მოხდეს მშობელსა და შვილს შორის არსებული მიჯაჭვულობის რღვევა. ამასთან, არასრულწლოვანი ბავშვის წარმომადგენლის განმარტებით, არასრულწლოვანი ნი----–--ზ ამ----ის საზღვარგარეთ დასასვენებლად გამგზავრება დედასთან ერთად უნდა ემსახურებოდეს არასრულწლოვანის აღზრდა-განვითარების ინტერესს.

 

გამომდინარე აღნიშნულიდან, არასრულწლოვანი ნი----–--ზ ამ----ის უპირატესი ინტერესებიდან გათვალისწინებით მიზანშეწონილია მოპასუხე გი-----ი ამ----ს შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება ბავშვის მიმართ პასპორტის აღების და საზღვარგარეთ გაყვანის ნაწილში, ხოლო მოსარჩელე ან-----------ას მიმართ ბავშვის გაყვანა უნდა განხორციელდეს არასასწავლო პერიოდში (ზაფხულის და ზამთრის არდადეგებზე) კონკრეტული ვადით და უკან, საქართველოში დაბრუნების ვალდებულებით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

მოსარჩელე ან-----------ა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან, შესაბამისად, მოპასუხე გი-----ი ამ----ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 46-ე 49-ე, 53-55-ე, 243-244-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს ან-----------ას (პირადი N0----------) სარჩელი;

1.1. გი-----ი ამ----ს (პირადი N0----------) შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება არასრულწლოვანი შვილის ნი----–--ზ ამ----ის (დაბადებული 2014 წლის 2-------; პირადი N0----------) მიმართ პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთ გაყვანის თანხმობის გაცემის უფლების ნაწილში. არასრულწლოვანი ბავშვის ნი----–--ზ ამ----ის (დაბადებული 2014 წლის 2-------; პირადი N0----------) საზღვარგარეთ გაყვანა ან-----------ას მიერ განხორციელდეს არასასწავლო პერიოდში (ზაფხულის და ზამთრის არდადეგებზე).

 

1.2. არ დაკმაყოფილდეს ან-----------ას (პირადი N0----------) სასარჩელო მოთხოვნა გი-----ი ამ----ის მიმართ ალიმენტის გადახდის დაკისრების ნაწილში;

 

2. დაეკისროს გი-----ი ამ----ს (პირადი N0----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;

 

3. დაეკისროს გი-----ი ამ----ს (პირადი N0----------) ან-----------ას (პირადი N0----------) სასარგებლოდ ამ უკანაკსკნელის მიერ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 100 (ასი) ლარის ოდენობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 14 /თოთხმეტი/ დღის ვადაში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნას და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: გი-----ი მაისურაძე