გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.11.2018
საქმის ნომერი
330210018002610198
კატეგორია
დავის ტიპი
საოჯახო-სამართლებრივი დავები
თარიღი
12.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/25502 - 18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

12 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ირინა ზარქუა

სხდომის მდივანი თამარ მიქავა

 

მოსარჩელე - ნ----------------ე

მოპასუხე - დ---------------ე

წარმომადგენლები - ხ-----------–--–---–ი, გ-----------–--–---–ი

მესამე პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ძველი თბილისის სერვის ცენტრი

წარმომადგენელი - მ-------–-----ე

დავის საგანი - მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე დ---------------ისათვის არასრულწლოვანი შვილის, ე--------------------ის (დაბადებული 2----–-–----------------ს, პირადი N-----------) მიმართ მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვა, საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთ (კერძოდ, ინგლისის და ესპანეთის სახელმწიფოში) სასკოლო არდადეგების პერიოდში (ზამთარში და ზაფხულში) დროებით გაყვანის, ასევე, მის სახელზე საბანკო ანაბრების გახსნისა და თანხის შეტანა-გამოტანაზე თანხმობის გაცემის ნაწილში, მშობლის სხვა უფლების შეუზღუდავად;

 

1.2. მოპასუხე დ---------------ისათვის, არასრულწლოვანი შვილის, ნ-----–--------------ის (დაბადებული 2----–-–------------------ს, პირადი N-----------) მიმართ მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვა საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთ (კერძოდ, ინგლისის და ესპანეთის სახელმწიფოში) სასკოლო არდადეგების პერიოდში (ზამთარში და ზაფხულში) დროებით გაყვანის, ასევე, მის სახელზე საბანკო ანაბრების გახსნისა და თანხის შეტანა-გამოტანაზე თანხმობის გაცემის ნაწილში, მშობლის სხვა უფლების შეუზღუდავად;

 

მოსარჩელე ნ----------------ეს და მოპასუხე დ---------------ეს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2----–-–----------------ს დაბადებული ე--------------------ე და 2----–-–------------------ს დაბადებული ნ-----–--------------ე. მხარეები 2015 წლის 06 მარტს განქორწინდნენ. ვინაიდან, მოპასუხე დ---------------ე მატერიალურად არ ეხმარებოდა მოსარჩელეს შვილების აღზრდაში, ნ----------------ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს ალიმენტის დაკისრების მოთხოვნით. მოპასუხე დ---------------ეს არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ ალიმენტის სახით დაეკისრა 200-200 ლარის გადახდა, თუმცა, მოპასუხე თავს არიდებს საალიმენტო მოვალეობის შესრულებას. მოსარჩელე დასაქმებულია თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურში, თუმცა მისი ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება არ არის საკმარისი ბავშვების ნორმალური აღზრდა-განვითარებისათვის. მოსარჩელეს აქვს შესაძლებლობა, რომ სამუშაოდ გაემგზავროს საზღვარგარეთ, კერძოდ, ესპანეთში ან ინგლისში და სურს დროებით, არასრულწლოვანი ბავშვებიც წაიყვანოს თან, ისე, რომ ხელი არ შეეშალოთ არასრულწლოვან ბავშვებს სწავლის პროცესში. მოპასუხე არ აცხადებს სავალდებულო თანხმობას არასრულწლოვანი შვილების საზღვარგარეთ დროებით გაყვანაზე და მოსარჩელეს არ აძლევს შესაძლებლობას არასრულწლოვანი ბავშვები სასკოლო არდადეგების პერიოდში თან წაიყვანოს. არასრულწლოვანი ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარეს უნდა შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება არასრულწლოვანი ე--------------------ის და ნ-----–--------------ის მიმართ, საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღებისა და დროებით სასკოლო პერიოდში საზღვარგარეთ გაყვანის, ასევე, მათ სახელზე საბანკო ანაბრების გახსნისა და თანხის შეტანა-გამოტანაზე თანხმობის გაცემის ნაწილში, სხვა უფლების შეუზღუდავად.

მოსარჩელე მხარემ სასარჩელო მოთხოვნა დააზუსტა სასამართლოს 2018 წლის 12 ნოემბრის სხდომაზე. (სარჩელი, 2018 წლის 12 ნოემბრის სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე დ---------------ე სასარჩელო მოთხოვნას არ ეთანხმება. სარჩელში მითითებული გარემოებები არ შეესაბამება სინამდვილეს. მოპასუხე ქორწინების პერიოდში და მისი შეწყვეტის შემდეგაც, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად ეხმარებოდა მის მეუღლეს შვილების აღზრდაში. მოპასუხეს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, ამასთან, იგი იმყოფება მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში. სასარჩელო მოთხოვნა დაუსაბუთებელია როგორც სამართლებრივი, ასევე ფაქტობრივი თვალსაზრისით, ვინაიდან, ამ ეტაპზე არ არსებობს ბავშვების საზღვარგარეთ გაყვანის აუცილებლობა (შესაგებელი, 2018 წლის 12 ნოემბრის სხდომის ოქმი).

 

3. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია

 

მესამე პირის - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ძველი თბილისის სერვის ცენტრის წარმომადგენელი ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას არასრულწლოვანი ბავშვების, ე--------------------ის და ნ-----–--------------ის საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღების, დროებით საზღვარგარეთ გაყვანისა და საბანკო ანაბრების გახსნისა და თანხის შეტანა-გამოტანაზე თანხმობის გაცემის ნაწილში მოპასუხისათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის თაობაზე. ამასთან, სოციალური სამსახურის წარმომადგენლის განმარტებით, ბავშვების გაყვანა უნდა მოხდეს სასკოლო არდადეგების პერიოდში, ვინაიდან არ შეეშალოთ ხელი მათ სასწავლო პროცესში. ორივე მშობლის ვალდებულებაა, არასრულწლოვანი შვილები აღზარდონ უსაფრთხო, კეთილსაიმედო და მათთვის მზრუნველ გარემოში იმგვარად, რომ საფრთხე არ შეექმნათ ბავშვების უპირატესად დასაცავ ინტერესებს. თავად არასრულწლოვანი ე--------------------ეც გამოთქვამს თანხმობას, დედასთან ერთად, დროებით, გაემგზავროს საზღვარგარეთ, რაც დადებითად აისახება მისი აღზრდა-განვითარების პროცესზე.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. მოსარჩელე ნ----------------ეს და მოპასუხე დ---------------ეს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2----–-–----------------ს დაბადებული ე--------------------ე და 2-----–-–------------------ს დაბადებული ნ-----–--------------ე;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N------- (ს.ფ. 18);

- დაბადების მოწმობა, აქტის მოწმობა N----------- (ს.ფ. 17).

 

4.1.2. ნ----------------ე და დ---------------ე არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად. მხარეები განქორწინდნენ 2015 წლის 06 მარტს. არასრულწლოვანი ბავშვები ცხოვრობენ დედასთან ნ----------------ესთან;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 12 ნოემბრის სხდომის ოქმი);

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 12 ნოემბრის სხდომის ოქმი).

 

4.1.3. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 22.09.2016 წელს გაცემული N---------- სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვითაც, დ---------------ეს არასრულწლოვანი შვილების - 2----–-–----------------ს დაბადებული ე--------------------ის და 2----–-–------------------ს დაბადებული ნ-----–--------------ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად თითოეულის მიმართ 200-200 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2016 წლის 04 ივლისიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე;

მოვალის დ---------------ის მიერ თანხა არ არის გადახდილი. 2018 წლის აგვისტოს თვის ჩათვლით დავალიანება შეადგენს 10 700 ლარს, საიდანაც 10 000 ლარი წარმოადგენს კრედიტორის კუთვნილ თანხას, ხოლო 700 ლარი - აღსრულების საფასურს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლის და მცხეთა მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2018 წლის 15 აგვისტოს გაცემული ცნობა (ს.ფ. 19).

 

4.1.4. მოსარჩელე ნ----------------ე დასაქმებულია შრომითი ხელშეკრულებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურში და მისი ანაზღაურება შეადგენს თვეში 765 ლარს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის მიერ 06.08.2018 წელს გაცემული ცნობა (ს.ფ. 20);

 

4.1.5. მოსარჩელე ნ----------------ის მამას, თ------------------ეს, აქვს მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა, კერძოდ, მისი დიაგნოზია - პარკისონის დაავადება და მას ესაჭიროება მუდმივი მკურნალობა სამედიცინო მედიკამენტებით;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შპს ,--------–-----–------------–-------ს მიერ 11.05.2016 წელს გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 22).

 

4.1.6. მოპასუხე დ---------------ე დღეის მდგომარეობით იმყოფება საფრანგეთის რესპუბლიკაში;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 12 ნოემბრის სხდომის ოქმი);

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 12 ნოემბრის სხდომის ოქმი).

 

4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.2.1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ძველი თბილისის სერვის ცენტრის მიერ მომზადებული დასკვნის მიხედვით, შეფასდა მოსარჩელე მხარის ოჯახი, რომელიც თავის არასრულწლოვან შვილებთან ერთად ცხოვრობს მისამართზე ქ. თბილისი, გ--------–---------- ამავე საცხოვრებელ სახლში ცხოვრობენ მოსარჩელის მშობლები. საცხოვრებელი ბინა განთავსებულია იტალიური ტიპის ეზოში და შედგება ორი ოთახისგან, ლოჯისა და სარდაფისაგან. საპირფარეშო და სამზარეულო არის ეზოში. საცხოვრებელში დაცულია ჰიგიენური ნორმები. ოთახებში დგას საჭირო ავეჯი, საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკა. საცხოვრებელი არის ოჯახის წევრების საკუთრებაში. ნ----------------ის გადმოცემით, უახლოეს მომავალში მათ მოუწევთ ბინის დატოვება და სხვა მისამართზე გადასვლა ქირით, ვინაიდან აღნიშნული საცხოვრებელი არის სარემონტო და მიმდინარეობს მოლაპარაკება ინვესტორთან. ოჯახის ფინანსური შემოსავალია ნ----------------ის ხელფასი და მისი მშობლების ასაკობრივი პენსია. ასევე, ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, სარეიტინგო ქულაა 94 040. აღნიშნული პროგრამიდან ოჯახის წევრები იღებენ ფულად დახმარებას თვეში 20 ლარის ოდენობით.

მოსარჩელე მხარის ინფორმაციით, მოპასუხე დ---------------ე თავიდანვე არ ზრუნავდა ოჯახზე, შვილებზე, რის გამოც მასთან ჰქონდა უთანხმოება თანაცხოვრების პერიოდშიც. ამჟამად, მოპასუხე გაურკვეველი ვადით იმყოფება სამუშაოდ საზღვარგარეთ, კერძოდ, საფრანგეთში, თუმცა არ ეხმარება არასრულწლოვან შვილებს. მოპასუხე ბავშვებს ეკონტაქტება მხოლოდ სოციალური ქსელის და ტელეფონის მეშვეობით. არასრულწლოვანი ნ-----–--------------ის თქმით, მას უყვარს მამა, ახსოვს, როგორ ასეირნებდა სახლთან ახლომდებარე პარკში, ე----------ს გადმოცემით, ის ესაუბრება მამას, როცა დაურეკავს, მაგრამ არ სურს, რომ მშობლები შერიგდნენ, ვინაიდან ასე უფრო მშვიდად გრძნობს თავს, აღარ არის ოჯახში გამუდმებული კამათი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ძველი თბილისის სერვის ცენტრის 2018 წლის 18 სექტემბრის დასკვნა N----- (ს.ფ. 49);

 

4.2.2. არასრულწლოვანი ბავშვები, ე--------------------ე და ნ-----–--------------ე არიან სსიპ თბილისის N---ე საჯარო სკოლის მოსწავლეები. ბავშვები არიან სუფთად ჩაცმულები, მოწესრიგებულები. სოციალური მუშაკის ვიზიტის დროს, შეიმჩნეოდა ბავშვების მიჯაჭვულობა დედის მიმართ. ოჯახში, სადაც ბავშვები ამჟამად ცხოვრობენ, არის მათი განვითარებისათვის და უსაფრთხოებისათვის საჭირო გარემო-პირობები, უზრუნველყოფილია ბავშვების ძირითადი მოთხოვნილებები (საკვები, პირადი ჰიგიენა, ტანსაცმელი). ნ----------------ის გადმოცემით, იგი ორივე შვილს მუდმივად დადებითად ესაუბრება მამის შესახებ;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ძველი თბილისის სერვის ცენტრის 2018 წლის 18 სექტემბრის დასკვნა N----- (ს.ფ. 49);

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 12 ნოემბრის სხდომის ოქმი);

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 12 ნოემბრის სხდომის ოქმი).

 

4.2.3. სოციალური მუშაკის მიერ ვერ განხორციელდა ბავშვების მამასთან - დ---------------ესთან გასაუბრება და მისი საცხოვრებელი პირობების შეფასება. მოპასუხე ამჟამად სამუშაოდ იმყოფება საფრანგეთში. მოპასუხე მხარის განმარტებით, დ---------------ე შესაძლებლობის ფარგლებში ეხმარება არასრულწლოვან შვილებს, თუმცა აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეზე წარმოდგენილი არ არის, ხოლო მოსარჩელე მხარე უარყოფს მამის მხრიდან ბავშვებისათვის დახმარების გაწევის ფაქტს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 12 ნოემბრის სხდომის ოქმი);

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 12 ნოემბრის სხდომის ოქმი).

 

4.2.4. სასამართლო იზიარებს სოციალური სამსახურის (მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს) წარმომადგენლის პოზიციას, იმასთან დაკავშირებით, რომ არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია, იგი იზრდებოდეს ერთ-ერთ მშობელთან მაინც. თუმცა, ამ ეტაპზე, არ დადგინდა არასრულწლოვანი ბავშვების საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხოვრების მზაობა და აუცილებლობა. მოსარჩელე მხარის განმარტებით, მას აქვს შესაძლებლობა ახლობლების დახმარებით იმუშაოს საზღვარგარეთ, კერძოდ, ინგლისში ან ესპანეთის სახელმწიფოში და მას სურს ოჯახში არსებული მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო, არასრულწლოვანი ბავშვების აღზრდისათვის ნორმალური პირობების შექმნის მიზნით გაემგზავროს საზღვარგარეთ სამუშაოდ, ამასთან, გამოთქვამს სურვილს, ბავშვები სასკოლო არდადეგების (ზაფხულის ან ზამთრის) პერიოდში დროებით გაიყვანოს საქართველოს ფარგლებს გარეთ, იმ ქვეყანაში, სადაც თვითონ იცხოვრებს და ექნება მეტ-ნაკლებად სტაბილური, უსაფრთხო და დამაკმაყოფილებელი საცხოვრებელი გარემო-პირობები. არასრულწლოვანი ბავშვების საზღვარგარეთ დროებით დედასთან ერთად გასვლა სწავლისაგან თავისუფალ დროს შეესაბამება მათ საუკეთესო ინტერესებს და უფრო მეტიც, დადებითად იმოქმედებს მათი აღზრდა-განვითარების პროცესზე. მოსარჩელე მხარის განმარტებით, იგი საზღვარგარეთ დასაქმებისა და მატერიალური შემოსავლის არსებობის შემთხვევაში სათანადოდ, უფრო უკეთ უზრუნველყოფს არასრულწლოვანი ბავშვებს ასაკის შესაბამის საჭიროებებით. გარდა ამისა, მოსარჩელე მხარის მითითებით, იგი საცხოვრებელი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, ინვესტორისგან ელოდება გარკვეული თანხის ჩარიცხვას, რის გამოც ესაჭიროება ბავშვების სახელზე გახსნილ საბანკო ანაბრების ანგარიშზე დამოუკიდებლად შეძლოს თანხების შეტანა-გამოტანა;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 12 ნოემბრის სხდომის ოქმი);

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 12 ნოემბრის სხდომის ოქმი).

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ძველი თბილისის სერვის ცენტრის 2018 წლის 18 სექტემბრის დასკვნა N----- (ს.ფ. 49);

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა სასარჩელო განცხადება, მოისმინა მხარეთა და წარმომადგენელთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, მივიდა დასკვნამდე, რომ ნ----------------ის სარჩელი მოპასუხისათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლების ნაწილობრივ შეზღუდვის თაობაზე, უნდა დაკმაყოფილდეს, რაც შეესაბამება ბავშვების უპირატეს ინტერესებს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1199-ე, 1201-ე, 1202-ე, 1205-ე მუხლები.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

მოსარჩელე ნ----------------ემ მოითხოვა, მოპასუხე დ---------------ეს შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება ნაწილობრივ, კერძოდ, არასრულწლოვანი შვილების - ე--------------------ის და ნ-----–--------------ის პასპორტის აღების, საზღვარგარეთ (ინგლისში და ესპანეთში) დროებით გაყვანის და ასევე, მათ სახელზე საბანკო ანაბრების გახსნისა და თანხის შეტანა-გამოტანაზე თანხმობის გაცემის ნაწილში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. სასამართლოს შეუძლია შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუკიდებლად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.

 

კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს უფლებას, შეზღუდოს მშობლის ერთ-ერთი უფლება. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა მხოლოდ ბავშვების პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთ დროებით გაყვანის, ასევე, საბანკო ანაბრების გახსნისა და თანხის შეტანა-გამოტანაზე თანხმობის გაცემის ნაწილში.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე ნ----------------ეს და მოპასუხე დ---------------ეს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2----–-–------------------ს დაბადებული ნ-----–--------------ე და 2----–-–----------------ს დაბადებული ე--------------------ე. მხარეები არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად. ისინი განქორწინდნენ 2015 წლის 06 მარტს. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ძველი თბილისის სერვის ცენტრის მიერ მომზადებული დასკვნის მიხედვით, შეფასდა მოსარჩელე მხარის ოჯახი. ნ----------------ე არასრულწლოვან შვილებთან და მშობლებთან ერთად ცხოვრობს მისამართზე ქ. თბილისი, გ--------–---------- მოსარჩელის მამას, თ------------------ეს, აქვს მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა, კერძოდ, მისი დიაგნოზია - პარკისონის დაავადება და მას ესაჭიროება მუდმივი მკურნალობა სამედიცინო მედიკამენტებით. საცხოვრებელი ბინა განთავსებულია იტალიური ტიპის ეზოში და შედგება ორი ოთახისგან, ლოჯისა და სარდაფისაგან. საპირფარეშო და სამზარეულო არის ეზოში. საცხოვრებელში დაცულია ჰიგიენური ნორმები. ოთახებში დგას საჭირო ავეჯი, საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკა. საცხოვრებელი არის ოჯახის წევრების საკუთრებაში. ნ----------------ის გადმოცემით, უახლოეს მომავალში მათ მოუწევთ ბინის დატოვება და სხვა მისამართზე გადასვლა ქირით, ვინაიდან, აღნიშნული საცხოვრებელი არის სარემონტო და მიმდინარეობს მოლაპარაკება ინვესტორთან. დადგენილია, რომ არასრულწლოვანი ბავშვები, ე--------------------ე და ნ-----–--------------ე არიან სსიპ თბილისის N---ე საჯარო სკოლის მოსწავლეები. ბავშვები არიან სუფთად ჩაცმულები, მოწესრიგებულები. ბავშვებს დედასთან აქვთ მიჯაჭვულობა. ოჯახში, სადაც ბავშვები ამჟამად ცხოვრობენ, არის მათი განვითარებისათვის და უსაფრთხოებისათვის საჭირო გარემო-პირობები, უზრუნველყოფილია ბავშვების ძირითადი მოთხოვნილებები.

 

საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, ნ----------------ე დასაქმებულია შრომითი ხელშეკრულებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურში და მისი ანაზღაურება შეადგენს თვეში 765 ლარს. მოსარჩელე მხარის ოჯახის ფინანსური შემოსავალია ნ----------------ის ხელფასი და მისი მშობლების ასაკობრივი პენსია. ასევე, ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, სარეიტინგო ქულაა 94 040. აღნიშნული პროგრამიდან ოჯახის წევრები იღებენ ფულად დახმარებას თვეში 20 ლარის ოდენობით. მოსარჩელე მხარის განმარტებით, მას, არსებული მძიმე მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, სურს გაემგზავროს საზღვარგარეთ, სადაც იგი ახლობლების მეშვეობით დასაქმდება, ექნება მატერიალური შემოსავალი და უკეთ უზრუნველყოფს არასრულწლოვან შვილებს ასაკის შესაბამისი საჭიროებებით.

 

ადამიანის უფლებათა შესახებ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ევროპული სასამართლო ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასებისას გასათვალისწინებელ ელემენტებს შორის გამოყოფს ბავშვის შეხედულებებს და განმარტავს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასება უნდა მოიცავდეს ბავშვის უფლების პატივისცემას, თავისუფლად გამოხატოს თავისი მოსაზრება საკითხზე, რომელიც მასზე ზეგავლენას ახდენს და მის მიერ გამოთქმული მოსაზრებისათვის სათანადო მნიშვნელობის მინიჭებას. სასამართლომ მიუთითა, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც არ ითვალისწინებს ბავშვის მოსაზრებებს, ან არ ანიჭებს მის მოსაზრებას სათანადო მნიშვნელობას ბავშვის ასაკისა და სიმწიფის ხარისხის მიხედვით, არ სცემს პატივს ბავშვის ან ბავშვების შესაძლებლობას, ზეგავლენა მოახდინონ თავიანთი საუკეთესო ინტერესების განსაზღვრაზე (ადამიანის უფლებათა შესახებ ევროპული სასამართლოს 2016 წლის 02 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე " ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, 7-დან 18 წლამდე არასრულწლოვანთა, აგრეთვე შეზღუდულ ქმედუნარიანად აღიარებულ მოქალაქეთა უფლებებსა და კანონით დაცულ ინტერესებს სასამართლოში იცავენ მათი მშობლები, მშვილებლები ან მზრუნველები. ამასთანავე, სასამართლო ვალდებულია, ასეთ საქმეებში ჩააბას თვით არასრულწლოვნებიც.

 

სასამართლომ 2018 წლის 12 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე მეურვეობისა მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის მონაწილეობით (თანდასწრებით) მოუსმინა საქმეში ჩაბმულ არასრულწლოვან ე--------------------ეს. არასრულწლოვანმა განმარტა, რომ იგი სწავლობს სკოლაში, ჰყავს მეგობრები. მის და თავის ძმის საჭიროებებზე ზრუნავს დედა, ხოლო მამა ძირითადად არ ზრუნავდა მათზე. არასრულწლოვანი გამოთქვამს სურვილს, დედასთან ერთად, დროებით წავიდეს საზღვარგარეთ დასასვენებლად და დასათვალიერებლად. ე----------ს გადმოცემით, მას და თავის ძმას ძალიან უყვართ დედა და მასთან უფრო დაცულად და უსაფრთხოდ გრძნობენ თავს. გარდა ამისა, სოციალური მუშაკი გაესაუბრა არასრულწლოვან ბავშვებს. არასრულწლოვანი ნ-----–--------------ის თქმით, მას უყვარს მამა, ახსოვს, როგორც ასეირნებდა სახლთან ახლომდებარე პარკში, ე----------ს გადმოცემით, ის ესაუბრება მამას, როცა დაურეკავს, მაგრამ არ სურს, რომ მშობლები შერიგდნენ, ვინაიდან, ასე უფრო მშვიდად გრძნობს თავს, აღარ არის ოჯახში გამუდმებული კამათი.

 

სასამართლო მიუთითებს ,,საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლზე, რომლის მიხედვითაც, 16 წლამდე ბავშვის, აგრეთვე ქმედუუნარო პირის საქართველოდან დროებითი გასვლა შესაძლებელია მისი ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის ნებართვით და სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის თანხლებით. 2. 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვნის, თუ იგი არ იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში, საქართველოდან დროებითი გასვლისათვის საჭიროა მისი ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა. 3. არასრულწლოვანს, აგრეთვე ქმედუუნარო პირს, რომელსაც საზღვარგარეთ დროებით გამგზავრებისას თან არ ახლავს კანონიერი წარმომადგენლები, ამ უკანასკნელთა შუამდგომლობის საფუძველზე მიეცემა პასპორტი. 31. საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემისათვის ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა საკმარისია, თუ : ა) მეორე კანონიერი წარმომადგენელი იძებნება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით; ბ) მეორე კანონიერი წარმომადგენელი გარდაცვლილი, ქმედუუნარო ან უგზო-უკვლოდ დაკარგულია; გ) მეორე კანონიერი წარმომადგენლის მძიმე ავადმყოფობის გამო შეუძლებელია ნების გამოხატვა, რაც დასტურდება შესაბამისი ცნობით; დ) არასრულწლოვანი 16 წელს მიღწეულია; ე) არასრულწლოვანი მარტოხელა დედის შვილია. 4. არასრულწლოვანი ან ქმედუუნარო პირის საქართველოდან დროებითი გასვლის საკითხზე კანონიერ წარმომადგენელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავა გადაწყდება სასამართლოს წესით.

 

მოცემული სახის დავის გადაწყვეტისას სასამართლომ თანაბრად უნდა დაიცვას ორივე მშობლის უფლება, მაგრამ უპირატესობა უნდა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს. სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ბავშვის ასაკი, პირადი დამოკიდებულება მშობლისადმი, მისი ცხოვრების წესი, ფსიქოლოგიური მდგომარეობა. ბავშვის ინტერესის უპირატესობას განამტკიცებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვის უფლებების შესახებ კონვენცია (21.04.1994წ.), რომლის მე-3 მუხლის თანახმად, 1. ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. 2. მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.

 

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის მე-18 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

 

საოჯახო ურთიერთობების განსაკუთრებულობას და სპეციფიკურობას ადასტურებს საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლიც, რომლითაც სახელწიფოს მიერ აღიარებულია ვალდებულება, ხელი შეუწყოს ოჯახის კეთილდღეობას. მშობლებს აქვთ რა თანაბარი უფლებები შვილის მიმართ, ამასთან, ეკისრებათ პასუხისმგებლობა ბავშვების აღზრდასა და განვითარებაზე, მათ შორის მის მშვიდ, ჯანსაღ ემოციურ-ფსიქოლოგიურ მდგომარეობის უზრუნველყოფაზეც. მშობლები უნდა ცდილობდნენ, უზრუნველყონ ბავშვების განვითარებისათვის მშვიდი გარემო. მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ მოპასუხე დ---------------ეს არასრულწლოვან შვილებთან, ე--------------------ესთან და ნ-----–--------------ესთან სტაბილური და პირადი ურთიერთობა არ აქვს და შემოიფარგლება მხოლოდ სატელეფონო საუბრით. ამასთან, მოპასუხე მხარეს დაკისრებული აქვს ალიმენტის გადახდა არასრულწლოვანი შვილების რჩენა-აღზრდის მიზნით, თუმცა იგი არ ასრულებს დაკისრებულ საალიმენტო ვალდებულებას და მას ერიცხება დავალიანება.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო იზიარებს სოციალური სამსახურის (მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს) წარმომადგენლის პოზიციას, იმასთან დაკავშირებით, რომ არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია, იგი იზრდებოდეს ერთ-ერთ მშობელთან მაინც. თუმცა ამ ეტაპზე არ დადგინდა არასრულწლოვანი ბავშვების საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხოვრების მზაობა და აუცილებლობა. მოსარჩელე მხარის განმარტებით, მას აქვს შესაძლებლობა, ახლობლების დახმარებით, იმუშაოს საზღვარგარეთ, კერძოდ, ინგლისში ან ესპანეთის სახელმწიფოში. ამასთან, გამოთქვამს სურვილს, ბავშვები სასკოლო არდადეგების (ზაფხულის ან ზამთრის) პერიოდში დროებით გაიყვანოს საქართველოს ფარგლებს გარეთ იმ ქვეყანაში, სადაც თვითონ იცხოვრებს და ექნება მეტ-ნაკლებად სტაბილური, უსაფრთხო საცხოვრებელი გარემო-პირობები. სოციალური სამსახურის წარმომადგენლის მითითებით, არასრულწლოვანი ბავშვების საზღვარგარეთ დროებით დედასთან ერთად გასვლა, სწავლისაგან თავისუფალ დროს, შეესაბამება მათ საუკეთესო ინტერესებს და დადებითად აისახება სამომავლოდ მათი აღზრდა-განვითარების პროცესზე. იმის გათვალისწინებით, რომ ამ ეტაპზე ბავშვების მამა არ იმყოფება საქართველოში და იგი არ ახორციელებს სათანადო მზრუნველობას ბავშვების მიმართ, ბავშვების ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად უნდა მიეცეს დედას საშუალება, დასაქმდეს თავისი შესაძლებლობის მიხედვით საქართველოს ფარგლებს გარეთ. მისივე განმარტებით, საზღვარგარეთ დასაქმებისა და მატერიალური შემოსავლის არსებობის შემთხვევაში სათანადოდ, უფრო უკეთ უზრუნველყოფს არასრულწლოვანი ბავშვებს ასაკის შესაბამის საჭიროებებით. გარდა ამისა, მოსარჩელე მხარის მითითებით, იგი საცხოვრებელი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, ინვესტორისგან ელოდება გარკვეული თანხას, რის გამოც ესაჭიროება ბავშვების სახელზე გახსნილ საბანკო ანაბრის ანგარიშზე დამოუკიდებლად შეძლოს თანხების შეტანა-გამოტანა.

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან არ გამოიკვეთა რაიმე საფრთხის შემცველი ან ზიანის მომტანი გარემოება მოპასუხის თანხმობის გარეშე ბავშვებისათვის პასპორტის მიღებასთან, საზღვარგარეთ დროებით გაყვანასთან, საბანკო ანაბრების გახსნასა და თანხების შეტანა-გამოტანასთან დაკავშირებით. აღნიშნული გამიზნულია არასრულწლოვანთა უფლებების დაცვისა და მათთვის სამომავლო აღზრდა-განვითარების კეთილდღეობისათვის. ამასთან, ვინაიდან არასრულწლოვანი ბავშვების ინტერესების გათვალისწინებით, აუცილებელია მათთვის განათლების უწყვეტობის და სწორად აღზრდა-განვითარების პირობების უზრუნველყოფა, ბავშვების საზღვარგარეთ გაყვანის პერიოდი უნდა განისაზღვროს სწავლისაგან თავისუფალ დროს, ზამთრის და ზაფხულის არდადეგების განმავლობაში. ამდენად, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მოპასუხე დ---------------ეს შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება არასრულწლოვანი შვილების - ე--------------------ის და ნ-----–--------------ის მიმართ საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღების, საზღვარგარეთ სასკოლო არდადეგების პერიოდში (ზამთარში და ზაფხულში) დროებით გაყვანის, ასევე, ბავშვების სახელზე საბანკო ანაბრების გახსნისა და თანხის შეტანა-გამოტანის შესახებ თანხმობის გაცემის ნაწილში.

 

სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა არ გულისხმობს მშობლისათვის შვილთან ურთიერთობის უფლების ჩამორთმევას ან შვილთან ურთიერთობის უფლების შეზღუდვას. მოპასუხე დ---------------ეს უნარჩუნდება ბავშვებთან როგორც პირადი, ისე კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებებით ურთიერთობის უფლება საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდში. მოსარჩელე მოვალეა, ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე, ხელი შეუწყოს მამას ამ უფლების განხორციელებაში (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1202-ე მუხლები, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვის უფლებების შესახებ კონვენცია).

 

8. საპროცესო ხარჯები

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები – არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ სარჩელებზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, არაქონებრივ დავაზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 100 ლარს. 39-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს. ამავე კოდექსის მე-14 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებს, გარდა შვილად აყვანის, მშობლის უფლების ჩამორთმევის, მამობის დადგენის და განქორწინების საქმეებისა, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა ბავშვის მიკუთვნების თაობაზე.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე დ---------------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, მე-14, 38-ე, 39-ე, 46-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591 -ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნ----------------ის სარჩელი, მოპასუხე დ---------------ის მიმართ, მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის თაობაზე, დაკმაყოფილდეს:

 

1.1. დ---------------ეს (პირადი N-----------) არასრულწლოვანი შვილის, ე--------------------ის (დაბადებული 2----–-–---------------ს, პირადი N-----------) მიმართ, შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთ (კერძოდ, ინგლისის და ესპანეთის სახელმწიფოში) სასკოლო არდადეგების პერიოდში (ზამთარში და ზაფხულში) დროებით გაყვანის, ასევე, ე--------------------ის სახელზე საბანკო ანაბრის გახსნისა და თანხის შეტანა-გამოტანის შესახებ თანხმობის გაცემის ნაწილში, მშობლის სხვა უფლების შეუზღუდავად;

 

1.2. დ---------------ეს (პირადი N-----------) არასრულწლოვანი შვილის, ნ-----–--------------ის (დაბადებული 2----–-–------------------ს, პირადი N-----------) მიმართ, შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთ (კერძოდ, ინგლისის და ესპანეთის სახელმწიფოში) სასკოლო არდადეგების პერიოდში (ზამთარში და ზაფხულში) დროებით გაყვანის, ასევე, ნ-----–--------------ის სახელზე საბანკო ანაბრის გახსნისა და თანხის შეტანა-გამოტანის შესახებ თანხმობის გაცემის ნაწილში, მშობლის სხვა უფლების შეუზღუდავად.

 

2. დაუბრუნდეს მოსარჩელე ნ----------------ეს (პირადი N-----------) მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში (სს „თიბისი ბანკი“, საგადახდო დავალება N0, მიმღების ანგარიში №300773150) 2018 წლის 30 აგვისტოს, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 (ორმოცდაათი) ლარი.

 

3. მოპასუხე დ---------------ეს (პირადი N-----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირინა ზარქუა