გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/400-2019წ
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
25 დეკემბერი 2019 წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი
სხდომის მდივანი სალომე არევაძე
მოსარჩელე ც---–- ჯ-----–---–ი
წარმომადგენელი დარეჯან ბუცხრიკიძე
მოპასუხე გ------- ტ--------ი
არასრულწლოვანი ბავშვის წარმომადგენელი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების ცენტრი
წარმომადგენელი პაატა ცნობილაძე
დავის საგანი მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვა
II აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. გ------- ტ--------ს შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, არასრულწლოვანი შვილის - 2----–-–-----------ს დაბადებული მარიამ ტ--------ის მიმართ პასპორტისა და პირადობის მოწმობის მიღებისა და ბავშვის საზღვარგარეთ წაყვანაზე თანხმობის განცხადების უფლებაში.
სარჩელის გარემოებები
2----–-–-----------ს დაბადებული მარიამ ტ--------ის დედა არის ც---–- ჯ-----–---–ი, ხოლო მამის გრაფაში მითითებულია მოპასუხე გ------- ტ--------ი. მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე ალიმენტი აქვს დაკისრებული, მაინც არანაირ ეკონომიურ დახმარებას უწევს ბავშვს, რასაც მოსარჩელე არ ითხოვს. მოპასუხე მას მისგან. უბრალოდ ხელს უშლის ბავშვს, მისცეს საზღვარგარეთ გაყვანის კანონით მინიჭებული უფლება. მოსარჩელის განმარტებით, მისი დედა წლებია მუშაობს და ცხოვრობს საზღვარგარეთ და შესაძლებელია არდადეგების პერიოდში წაიყვანოს თავისთან შვილი და შვილიშვილი. მოპასუხე არანაირ კონტაქტზე არ გამოდის და შესაბამისად არ აძლევს თანხმობას დროებით გაიყვანოს ბავშვი. ასევე ბავშვი დადის ცეკვაზე და აქვს წარმატებები, რის გამოც შესაძლებელია საზღვარგარეთ მოუწიოს გასვლა, რაზედაც ერთხელ უკვე მოუწია უარის თქმა აღნიშნული მიზეზის გამო.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე გ------- ტ--------ს სარჩელზე წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სხდომაზე გამოცხადდა. მას სარჩელის შინაარსი და სხდომის თარითი ეცნობა საჯარო შეტყობინებით.
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელი დაეთანხმა სარჩელს და განმარტა, რომ ბავშვი მუდმივად ცხოვრობს მოსარჩელესთან ქალაქ რუსთავში. მოპასუხეს ბავშვთან ნაკლებად აქვს ურთიერთობა. ბავშვზე დედა სათანადოდ ზრუნავს, ბავშვი დადის სკოლაში, სხვადასხვა სახელოვნებო წრეებზე, ბავშვის ბებია ცხოვრობს საზღვარგარეთ თურქეთში და აქვს სურვილი სტუმრად წაიყვანოს ბავშვები, რაც მოპასუხის თანხმობის გარეშე ვერ ხერხდება. ვინაიდან მამას ბავშვთან დიდი ხნის მანძილზე ურთიერთობა არა აქვს, მას ბავშვების ინტერესების გამო უნდა შეეზღუდოს მშობლის უფლება შვილების უცხოეთში წასვლაზე თანხმობის ნაწილში.
(25.12.2019წ სხდომის ოქმი CD დისკი. )
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდაო გარემოებები
3.2. დადგენილი სადაო გარემოებები
3.2.1. გ------- ტ--------ს და ცiალა ჯ-----–---–ს ჰყავთ ერთი არასრულწლოვანი შვილი. მშობლების დაშორების გამო ბავშვი ცხოვრობს ქალაქ რუსთავში დედასთან, სადაც ბავშვზე სათანადოდ ზრუნავენ. მოპასუხეს ბავშვთან იშვიათად აქვს ურთიერთობა, რის გამოც ბავშვების აღზრდის დროს წამოჭრილ საკითხებზე მისი წერილობითი თანხმობის მიღება შეუძლებელია.
საქმეში წარმოდგენილი დაბადების მოწმობის თანახმად, მარიამ ტ--------ი დაბადებულია 2----–-–-----------ს. მისი მშობლები არიან - დედა ც---–- ჯ-----–---–ი, მამა - გ------- ტ--------ი.
ბავშვის მშობლები ერთად არ ცხოვრობენ, ხოლო ბავშვი მოსარჩელესთან ერთად ცხოვრობს ქალაქ რუსთავში.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ც---–- ჯ-----–---–ის სარჩელი და გ------- ტ--------ს მარიამ ტ--------ის სარჩენად დაეკისრა ალიმენტის ყოველთვიურად 120 ლარი, რომლის გადახდა დაიწყო სარჩელის აღძვრის დღიდან 2017 წლის 17 თებერვლიდან.
მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია სსიპ ქალაქ რუსთავის 12-ე საჯარო სკოლის მიერ 2019 წლის 1 თებერვალს გაცემული ცნობა, რომლის მიხედვით, მარიამ ტ--------ი არის ამ სკოლის მე-5 კლასის მოსწავლე.
მოსარჩელემ ასევე წარმოადგინა სახალხო ქორეოგრაფიული ანსამბლის „ხალიბი“ ცნობა, რომლის მიხედვით, მარიამ ტ--------ი არის ხალიბის სტუდიის პირველი კლასის მოსწავლე.
სოციალური მუშაკის ლილი დევაძის 2019 წლის 8 ივლისის დასკვნის თანახმად, მარიამ ტ--------ის მშობლები არარეგისტრირებულ ქორწინებაში იყვნენ. ხანმოკლე თანაცხოვრების შემდეგ ბავშვის მშობლები დაშორდნენ. მოსარჩელის ინფორმაციით მოპასუხე ბავშვის აღზრდაში მას არ ეხმარება.
ბავშვი აღრიცხვაზეა თბილისში, გლდანის პირველ მ/რ დიაგნოსტიკურ ცენტრში „მედიკქალი“. ბავშვს ჩატარებული აქვს ასაკის შესაბამისი აცრები, ბავშვი ფიზიკური და გონებრივი განვითარება მისი ასაკის შესაბამისია. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მარიამ ტ--------მა რუსთავის 12-ე საჯარო სკოლის მე-5 კლასი წარმატებით დაასრულა და გადავიდა მე-6 კლასში. კლასის დამრიგებლის ინფორმაციით მარიამი უზრუნველყოფილია სასწავლო ნივთებით, გაკვეთილების ესწრება სასწავლო განრიგის მიხედვით. გაკვეთილებს არ აცდენს. იგი აქტიური ბავშვია, ჩართულია საკლასო და სასკოლო ღონისძიებებში, ცეკვავს შესანიშნავად, დადის ცეკვის სტუდიაში „ხალიბი“. დედა აქტიურად არის ჩაბმული შვილის ყოველდღიურ ცხოვრებაში.
მარიამ ტ--------ს და მისი ოჯახს მატერიალურად უზრუნველყოფს მარიამ ტ--------ის ბებია, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს და შვილს ყოველთვიურად უგზავნის 150-200 აშშ დოლარს. სოციალური მუშაკის დასკვნით, ბავშვის საჭიროებები დაკმაყოფილებულია, იგი იზრდება თბილ და მზრუნველ გარემოში.
ბავშვის გადმოცემით, მან მამა მოზარდობის ასაკში გაიცნო, საფრანგეთიდან ახალი ჩამოსული იყო, მარიამ დაბადების დღეზე ესტუმრა, საჩუქრის გარეშე.
სოციალური მუშაკის დასკვნის მიხედვით, ბავშვს აქვს შანსი დაისვენოს თურქეთის კურორტზე ოჯახის წევრებთან ერთად, რაშიც პრობლემას ქმნის მამის არ ყოფნა. ბავშვს ესაჭიროება ისეთი კანონიერ წარმომადგენელი, რომელიც იზრუნებს მის ჯანმრთელობაზე და განათლების მიღებაზე, დაიცავს შვილის ინტერესებს და გამოხატავს მხარდაჭერას.
საქმეში ასევე წარმოდგენილია სსიპ სოციალური მომსახურების ხაშურის რაიონული განყოფილების 2019 წლის 15 ივლისი წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ გ------- ტ--------ის მისამართზე ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელი გომში, გ------- ტ--------ი არ ცხოვრობს. მისი დედის მზია ტ--------ის გადმოცემით, მან არ იცის შვილის საკონტაქტო მონაცემები, იგი პერიოულად თვითონ უკავშირდება მშობლებს, მას არა აქვს ინფორმაცია შვილის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით. წერილში მითითებულია, რომ ამ მიზეზების გამო დასკვნის მომზადება ვერ მოხერხდა.
ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მარიამ ტ--------ი ცხოვრობს დედასთან ერთად ქალაქ რუსთავში, მოპასუხე თითქმის არ მონაწილეობს ბავშვის აღძრდაში. მოსარჩელე შვილზე სათანადოდ ზრუნავს, უზრუნველყოფილია ბავშვის მიერ განათლების მიღების უფლება, სკოლაში ბავშვის სასწავლო პროცესი დედის ყურადღების ქვეშაა. უზრუნველყოფილია ასევე ბავშვის თანატოლებთან სოციალური ურთიერთობები, ბავშვი დადის ცეკვის სასწავლო სტუდიაში.
მოპასუხეს იშვიათად აქვს ურთიერთობა შვილთან. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სასამართლოსთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გ------- ტ--------მა 2013-2018 წლებში რამდენჯერმე გადაკვეთა საქართველოს საზღვარი, ხოლო ბოლოს 2018 წლის 25 ოქტომბერს გაემგზავრა თურქეთის მიმართულებით, რის შემდეგ საქართველოში არ დაბრუნებულა. მანამდე გ------- ტ--------ი 2013 წლის 20 სექტემბერს გაემგზავრა პოლონეთში და დაბრუნდა 2017 წლის 7 თებერვალს, 2018 წლის 26 მარტს გამეგზავრა საბერძნეთში და დაბრუნდა 2016 წლის 23 ივნისს.
სსსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით დასტურდება, რომ საქართველოში გ------- ტ--------ის რეგისტრაციის მისამართზე ცხოვრობს მის დედა, რომლის განმარტებით, შვილთან ინტენსიური ურთიერთობა არ აქვს, არ იცის მის საკონტაქტო ინფორმაცია და მისთვის უცნობია შვილის სამომავლო გეგმები.
მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია ბავშვის ბებიის დ------ ჩ-----–--ის პასპორტის ასლი, რომლითაც დასტურდება, რომ მან 2015-2019 წლებში რამდენჯერმე გადაკვეთა საქართველოს საზღვრაი თურქეთის მიმართულებით. პასპორტოს ასლის თანახმად, საზღვრის კვეთა ფიქსირება წელიწადში ერთხელ. შესაბამისად, პასპორტით დასტურდება, რომ დ------ ჩ-----–--ე ხანგრძლივი ვადით სისტემატიურად მიემგზავრება თურქეთში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- სარჩელი (ს.ფ. 2-6. ტომი 1)
- სოციალური მუშაკის დასკვნა (ს.ფ. 69-72. ტომი 1).
- დაბადების მოწმობის ასლი (ს.ფ. 16. ტომი 1)
- ცნობები ( ს.ფ. 18-19. ტომი 1)
- პაპორტის ასლი (ს.ფ. 89-91. ტომი 1)
III სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე მოპასუხეს უნდა შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება.
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
საქმის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა შემდეგი ნორმები:
- საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლი
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1205-ე, 1199-ე, 1198-ე, 1200-ე, 1202-ე მუხლები
- გაეროს „ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენცია
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით.
საქართველოს კონსტიტუციით აღნიშნული ნორმის საფუძველზე სახელმწიფოს ვალდებულებაა ხელი შეუწყოს ოჯახის კეთილდღეობას, დაიცვას დედათა და ბავშვთა უფლებები. დედათა და ბავშვთა უფლებების დაცვის კონსტიტუციური გარანტია არ ნიშნავს მხოლოდ დედასა და ბავშვს შორის ურთიერთობების დაცვას. კონსტიტუციის ამ ნორმით სახელმწიფო კისრულობს ბავშვთა უფლებების დაცვის ვალდებულებას.
ბავშვთა უფლებს შეეხება გაეროს მიერ 1989 წლის 20 ნოემბერს მიღებული ”ბავშვის უფლებების კონვენცია”. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის გარდა მშობელსა და შვილს შორის ურთიერთობების სამართლებრივ ასპექტებს შეეხება ასევე საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, რომლებთან შესაბამისობაშია საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის შესაბამისად შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ამავე კოდექსის 1198-ე მუხლის შესაბამისად მშობლები უფლებამოსილნი და მოვალენი არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით ამავე ნორმის მე-5 ნაწილის თანახმად მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, განსაზღვრონ თავიანთ შვილებთან მესამე პირთა ურთიერთობის უფლება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლის თანახმად, 1. მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. სასამართლოს შეუძლია შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუკიდებლად. 3. მეურვეობა ან მზრუნველობა დგინდება იმ ბავშვის მიმართ, რომლის ორივე მშობელს შეეზღუდა მშობლის უფლება ან მოვალეობა ამ კოდექსის შესაბამისად. 4. რამდენადაც ეს შესაძლებელია, მშობელს უნარჩუნდება ბავშვის რჩენის ვალდებულება, როცა მშობლის უფლება შეზღუდულია, ამ კოდექსით გათვალისწინებული საალიმენტო მოვალეობების შესაბამისად.
ამ ნორმით გათვალისწინებულია მშობლის უფლებებისა და მოვალეობების შეზღუდვა, რაც მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილებითაა შესაძლებელია. კანონით გათვალისწინებულია მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლებისა და მოვალეობის შეზღუდვა, თუმცა ეს ნორმა არ განსაზღვრავს მშობლის უფლების შეზღუდვის საფუძვლებს. შესაბამისად, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს მშობლებსა და არასრულწლოვან შვილებს შორის ურთიერთობის იმ ზოგადი პრინციპის საფუძველზე, რაც არის ბავშვის საუკეთესო ინტერესების პრინციპი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლით, რომლის თანახმად მშობლის უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგენს ბავშვის ინტერესებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად, 1. მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. 11. დაუშვებელია არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდისას მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ აღზრდის ისეთი მეთოდების გამოყენება, რომლებიც არასრულწლოვნის ფიზიკურ ან/და ფსიქიკურ ტანჯვას იწვევს. 2. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. 3. მშობლებს უფლება აქვთ, განსაზღვრონ, თუ ვისთან და სად უნდა იცხოვროს შვილმა. 4. მშობლებს ევალებათ, დაიცვან თავიანთი არასრულწლოვანი შვილების უფლებები და ინტერესები, რაც მოიცავს შვილების ქონების მართვასა და გამოყენებას. 5. მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, განსაზღვრონ თავიანთ შვილებთან მესამე პირთა ურთიერთობის უფლება. 6. მშობლები არასრულწლოვანი შვილების კანონიერი წარმომადგენლები არიან და განსაკუთრებულ რწმუნებულებათა გარეშე გამოდიან მათი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად მესამე პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის, სასამართლოში.
სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლით განსაზღვრული არ არის მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ფარგლები, თუმცა წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მოიცავს ბავშვის სახელით ან მასთან დაკავშირებული სხვადასხვა იურიდიული მნიშვნელობის მქონე მოქმედებების შესრულებას. მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მოიცავს როგორც ქონებრივი, ისე არაქონებრივი უფლებამოსილებების ერთობლიობას. მშობლის წარმომადგენლობითი უფლებაა განკარგოს არასრულწლოვანი შვილის ქონება, შეიძინოს შვილის სასარგებლოდ ქონება, მიიღოს გადაწყვეტილება შვილის საცხოვრებელი ადგილის შესახებ, განათლების მიღების საკითხზე და მისი აღზრდის სხვა საკითხებზე.
სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის სათაურია „მშობელთა მოვალეობანი შვილების მიმართ“, ამ ნორმით პუნქტობრივად ცალ-ცალკეა მითითებული მშობლის უფლება-მოვალეობები შვილების მიმართ (პირველი-მე-5 ნაწილები) და მშობლის, როგორც შვილის წარმომადგენლის უფლებამოსილება (მე-6 ნაწილი).
ამდენად, სამოქალაქო კანონმდებლობა მიჯნავს ერთმანეთისაგან მშობლის უფლება-მოვალეობებს, რომელიც გულისხმობს ურთიერთობებს მშობელსა და შვილს შორის და მშობლის, როგორც კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილებას, რომლის ფუნქციაა, უზრუნველყოს არასრულწლოვანი პირის ინტერესები მესამე პირებთან ურთიერთობაში.
სასამართლო განმარტავს, რომ მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეფასება მშობლის სხვა მოვალეობათა ჯეროვნად შესრულების საკითხისგან განცალკევებულად ვერ მოხდება, თუმცა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვა ავტომატურად არ გულისხმობს მშობლის უფლების ბოროტად გამოყენებას, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვა შეიძლება გამოწვეული იყოს არა მარტო მშობლის მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულებით, არამედ ისეთი ობიექტური გარემოებებით, რომლის გამოც მშობელი მოკლებულია შესაძლებლობას შეასრულოს შვილის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, იყო მისი წარმომადგენელი მესამე პირებთან ურთიერთობაში.
„ბავშვის უფლებათა კონვენციის” პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითრებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი – სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები – უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვთა უფლებების შესახებ” კონვენციის მიხედვით საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. ”ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის 18-ე მუხლის თანახმად მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
კონვენციის აღნიშნული ნორმის საფუძველზე, მშობლების ძირითადი ვალდებულებაა ბავშვის აღზრდა და რჩენა და მათ ეკისრებათ ბავშვის აღზრდის საკითხებში ძირითადი პასუხისმგებლობა, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის და ბავშვთა უფლებების კონვენციის მიხედვით, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. კანონის ეს ნორმა მშობლებს ავალდებულებს ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან. შესაბამისად, შვილის აღზრდაში მონაწილეობა, მასთან ურთიერთობა, ბავშვზე ზრუნვა არის არა მშობლის უფლება, არამედ მისთვის კანონით დაკისრებული ვალდებულება. მშობლების ძირითადი ვალდებულებაა უზრუნველყოს ბავშვის ამ უფლების რეალიზაცია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამავე კოდექსის 1202-ე მუხლის მიხედვით მშობლებს თანაბრად აქვთ უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობლებს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები.
1984 წლის 22 ნოემბერს მიღებული ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ოქმი №7-ის მე-5 მუხლის თანახმად, მეუღლეებს გააჩნიათ კერძო სამართლებრივი ხასიათის თანაბარი უფლებები და მოვალეობები ერთმანეთთან და თავიანთ ბავშვებთან ურთიერთობებში, ისეთ საკითხებში რომლებიც ეხება ქორწინებაში შესვლას, ქორწინებაში ყოფნას და განქორწინებას. წინამდებარე მუხლი ხელს არ შეუშლის სახელმწიფოებს მიიღონ აუცილებელი ზომები ბავშვების ინტერესების დასაცავად.
მესამე პირებთან ურთიერთობაში ბავშვებს წარმოადგენენ მშობლები, რომლებიც შვილების სახელით გამოხატავენ ნებას ამა თუ იმ იურიდიული მოქმედებაზე, წყვეტენ ბავშვის აღზრდის დროს წამოჭრილ საკითხებს. ამ შემთხვევაში დავის საგანია არასრულწლოვანის საზღვარგარეთ წაყვანის შესახებ თანხმობის საკითხში მოპასუხისათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვა, ამდენად, საკითხის გადასაწყვეტად უნდა შეფასდეს, ბავშვის აღზრდის პროცესზე მავნე ზეგავლენას ხომ არ მოახდენს ბავშვის საზღვარგარეთ წაყვანა და ამ საკითხში მოპასუხისათვის მშობლის უფლებამოსილების შეზღუდვა.
მოსარჩელე არ მოითხოვს ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას უცხოეთში და ამ მიზნით მეორე მშობლისათვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვას, ბავშვი სკოლაში ქალაქ რუსთავში სწავლობს, მოსარჩელის მიზანია დროებით, არდადეგებზე ბავშვების წაყვანის უფლების მინიჭება. უცხოეთში მცხოვრებ ნათესავებთან სტუმრად წასვლა.
დავის გადაწყვეტისათვის უნდა შეფასდეს არდადეგებზე უცხოეთში წაყვანა ბავშვისათვის საზიანო ხომ არ იქნება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლის თანახმად, 1. თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. 2. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ბავშვის აღზრდისათვის ყველაზე ხელსაყრელი და ჰარმონიული გარემოა ოჯახი, რაც აღიარებულია ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციით და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით. თუმცა, სხვადასხვა მიზეზთა გამო ამ ინტერესის რეალიზაცია გარკვეულ შემთხვევებში შეუძლებელია. ერთერთი მიზეზია მშობლების განქორწინება, რის გამოც ბავშვი ერთ მშობელთან ცხოვრობს და ბუნებრივად მეორე მშობელთან პირად ურთიერთობის ნაკლები შესაძლებლობა აქვს. კანონი ბავშვის აღზრდაში პრიორიტეტს ანიჭებს ოჯახურ გარემოს, თუმცა ამავე დროს ითვალისწინებს ბავშვის მშობელთან დაშორების შესაძლებლობას. თუმცა ამ საკითხის გადაწყვეტისათვის უნდა შეფასდეს რა მიზეზით ხდება ეს ვითარება, ბავშვის დაშორება მშობელთან აუცილებელია თუ არა და დააზარალებს თუ არა ეს ბავშვის ინტერესებს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბავშვის საზღვარგარეთ წაყვანა ბავშვის ინტერესებისათვის საზიანო არ იქნება, რადგან ამით მას მიეცემა უცხოეთში მცხოვრებ ნათესავთან, ბებიასთან პირადი ურთიერთობის შესაძლებლობა, საზღვარგარეთ დასვენების შესაძლებლობა. მოპასუხეს იშვიათად აქვს შვილთან ურთიერთობა, სათანადოდ არ ზრუნავს შვილზე, რის გამოც ბავშვის უცხოეთში გამგზავრებაზე მისი წერილობითი თანხმობის განცხადება შეუძლებელია.
ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-8 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას იღებენ პატივი სცენ ბავშვის უფლებას, შეინარჩუნოს თავისი ინდივიდუალობა, მოქალაქეობის, სახელისა და ოჯახური კავშირების ჩათვლით, როგორც ეს გათვალისწინებულია კანონით და არ დაუშვან ამაში კანონსაწინააღმდეგო ჩარევა.
"საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ" საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად 16 წლამდე ბავშვის საქართველოდან დროებითი გასვლა შესაძლებელია მისი ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის ნებართვით და სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის თანხლებით. ამდენად, ამ ნორმის საფუძველზე ერთერთი მშობელი უფლებამოსილია საქართველოდან დროებით წაიყვანოს მისი 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი შვილი სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის თანხლებით, თუ არსებობს ბავშვის ერთერთი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი წესით ბავშვის დროებით, დასასვენებლად უცხოეთში წაყვანა არ მიაყენებს ზიანს მისი აღზრდის ინტერესებს, ბავშვის საუკეთესო ინტერესებში შედის ახლო ნათესავთან სტუმრად საზღვარგარეთ გამგზავრება, რის გამოც მოპასუხეს უნდა შეეზღუდოს უფლება, რომლის საფუძველზე სავალდებულოა მის თანხმობა არასრულწლოვანი შვილის საზღვრის კვეთის საკითხში.
7. პროცესის ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამ ნორმის საფუძველზე მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ანაზღაურება.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხი.
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
IV სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა
1. დაკმაყოფილდეს ც---–- ჯ-----–---–ის სარჩელი;
1.1. გ------- ტ--------ს შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, არასრულწლოვანი შვილის - 2----–-–-----------ს დაბადებული მარიამ ტ--------ის მიმართ პასპორტისა და პირადობის მოწმობის მიღებისა და ბავშვის საზღვარგარეთ წაყვანაზე თანხმობის განცხადების უფლებაში.
2. გ------- ტ--------ს დაეკისროს ც---–- ჯ-----–---–ისათვის 50 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი