გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2-719-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
13 თებერვალი 2020 წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი
სხდომის მდივანი სალომე არევაძე
მოსარჩელე ალა ს---–-------ა
წარმომადგენელი ზალინა გაგოევა
მოპასუხე ნ----- ა-------ი
არასრულწლოვანი ბავშვის წარმომადგენელი სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო
წარმომადგენელი პაატა ცნობილაძე
დავის საგანი მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვა
II აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ნ----- ა-------ს შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, არასრულწლოვანი შვილის - 2015 წლის 15 ივლისს დაბადებული ა--- ა-------ის მიმართ პასპორტის აღებასა და ბავშვის საზღვარგარეთ წაყვანაზე თანხმობის განცხადების ნაწილში.
სარჩელის გარემოებები
ალა ს---–-------ა 2014 წლის 12 სექტემბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხე ნ----- ა-------თან. მათი ერთად ცხოვრება გრძელდებოდა სულ რამდენიმე თვე. მათ დაეძაბათ ურთიერთობა იმ მიზეზით, რომ მოსარჩელე არის ინდ. მეწარმე და მოტყუებით გამოძალა თანხა. აღნიშნულ საქმეზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე რუსთავის საქალაქო სამმართველოს მესამე განყოფილებაში. გარდა ამისა, მოსარჩელემ დაადგინა, რომ მოპასუხე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა სხვა პირთან აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, რის გამოც რუსთავის საქალაქო სასამართლომ 2015 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილებით ბათილად ცნო ალა ს---–-------ას და ნ----- ა-------ის ქორწინება. 2015 წლის 15 ივლისს მოსარჩელეს შეეძინა მოპასუხისგან ქალიშვილი, ა--- ა-------ი. მოპასუხემ მისი არსებობის შესახებ იცის, თუმცა ბავშვის ბედით არასდროს დაინტერესებულა, პირიქით კვლავ მიაყენა მოსარჩელეს შეურაცხყოფა და განუცხადა რომ ამ საკითხზე აღარ შეეწუხებინა. ბავშვი უკვე სამი წლის არის და მოპასუხეს არ გამოუთქვამს ბავშვის გაცნობის სურვილი.
მოსარჩელეს პირველი ქორწინებიდან ჰყავს შვილი თენგიზ ისაევი, რომელიც სასწავლებლად იმყოფება გერმანიის რესპუბლიკაში. მოსარჩელეს სურს შვილებთან ა--- ა-------თან, მარიამ სულთანიანთან და პაატა სულთანიანთან ერთად წავიდეს გერმანიაში თენგიზ ისაევთან, რადგან მას მიაქციოს ყურადღება, თუმცა პრობლემები შეექმნა ა--- ა-------ას წასვლასთან დაკავშირებით, რადგან საზღვრის გადაკვეთისთვის საჭიროა ორივე მშობლის თანხმობა. მოპასუხე არანაირ შეთანხმებაზე არ მიდის, რის გამოც სრულწლოვნებამდე მიღწევამდე ბავშვს ვერ გაუკეთებს პასპორტს. ყოველთვის დამოკიდებული უნდა იყოს მოპასუხის თანხმობაზე, მოპასუხეს კი შვილი საერთოდ არ აინტერესებს. მოპასუხის ასეთი ქცევა, ყოველთვის დააზარალებს ბავშვს და შელახავს მის უფლებებს. ალა ს---–-------ას განმარტებით, იგი არის მზრუნველი დედა და სურს ბავშვი აღზარდოს ნორმალურ გარემოში და მისცეს მას კარგი განათლება. ბავშვი მამად იცნობს პაატა სულთანიანს, რომელიც არის მოსარჩელის მეუღლე და დიდ ყურადღებას იჩენს ბავშვის მიმართ. ალა ს---–-------ას პაატა სულთანიანთან ჰყავს ერთი შვილი მარიამ სულთანიანი და დედმამიშვილებს ერთმანეთი ძალიან უყვართ.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ნ----- ა-------მა სარჩელზე წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სხდომაზე გამოცხადდა. მას სარჩელის შინაარსი და სხდომის თარიღი ეცნობა საჯარო შეტყობინებით.
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია
სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წარმომადგენელი დაეთანხმა სარჩელს და განმარტა, რომ მათ მიერ მოპოვებული ინფორმაციით მოპასუხეს ბავშვთან არა აქვს ურთიერთობა. ვინაიდან მამას ბავშვთან დიდი ხნის მანძილზე ურთიერთობა არა აქვს, მას ბავშვების ინტერესების გამო უნდა შეეზღუდოს მშობლის უფლება შვილების უცხოეთში წასვლაზე თანხმობის ნაწილში.
(13.02.2020წ სხდომის ოქმი CD დისკი. )
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდაო გარემოებები
3.2. დადგენილი სადაო გარემოებები
3.2.1. ალა ს---–-------ას და ნ----- ა-------ს ჰყავთ ერთი არასრულწლოვანი შვილი. მშობლების დაშორების გამო ბავშვი ცხოვრობდა ჯერ დედასთან, შემდეგ ბიოლოგიურ ბებიასთან, ამჟამად ბავშვი ცხოვრობს ალა ს---–-------ას მეუღლის პაატა სულთანიანის დედასთან, სადაც ბავშვს აქვს სათანადო საცხოვრებელი პირობები. მოპასუხეს ბავშვთან არ აქვს ურთიერთობა, რის გამოც ბავშვების აღზრდის დროს წამოჭრილ საკითხებზე მისი წერილობითი თანხმობის მიღება შეუძლებელია.
საქმეში წარმოდგენილი დაბადების მოწმობის თანახმად ა--- ა-------ი დაბადებულია 2015 წლის 15 ივლისს. მისი მშობლები არიან - დედა ალა ს---–-------ა, მამა - ნ----- ა-------ი.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ალა ს---–-------ას და ნ----- ა-------ის რეგისტრირებული ქორწინება და ქორწინების სააქტო ჩანაწერი.
სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს თბილისის ისანი სამგრის რაიონის ცენტრის სოციალური მუშაკის მზია ნიკვაშვილის 2020 წლის 28 იანვრის დასკვნის თანახმად, ა--- ა-------ი 2019 წლის სექტემბრიდან ცხოვრობს პაატა სულთანიანის დედასთან ქალბატონ გულნარასთან მისამართზე ქ. თბილისი, აფრიკის დასახლება, წურწუმიას ქუჩა, სავანეს დასახლება მე-8 ჩიხი. თავდაპირველად ა--- ა-------ი ცხოვრობდა მის ბიოლოგიურ ბებიასთან ერთად, რომელიც გაემგზავრა საფრანგეთში შვილის ქორწილში და ბავშვი რამდენიმე დღით დატოვა ძიძასთან. ბებიას დაემართა თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა და გადაყვანილია რეანიმაციაში. დედა ალა სულთანიანი ცხოვრობს გერმანიაში პაატა სულთანიანთან და შვილებთან ერთად. ბავშვი ყოველდღიურად ესაუბრება სკაიპით დედას და გამოთქვამს მასთან ცხოვრების სურვილს. არასრულწლოვანი არ იცნობს ბიოლოგიურ მამას.
ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ანა ა-------ი ცხოვრობს ალა ს---–-------ას ქმრის დედასთან ქალაქ თბილისში. მოპასუხე არ იცნობს შვილს და არ მონაწილეობს მის აღზრდაში. საქმეში წარმოდგენილი ქორწინების მოწმობით დასტურდება, რომ 2018 წლის 6 აგვისტოს რეგისტრირებულია ქორწინება ალა ს---–-------ასა და პაატა სულთანიანს შორის. მათ ჰყავთ ერთ შვილი- 2018 წლის 28 აგვისტოს დაბადებული მარიამ სულთანიანი. ალა ს---–-------ას ასევე ჰყავს უფროსი შვილი თენგიზ ისაევი, რომელიც დაბადებულია 2004 წლის 24 მარტს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 3 იანვრის ცნობით დასტურდება, რომ მოსარჩელე ალა ს---–-------ას გადაკვეთილი აქვს საქართველოს საზღვარი 2019 წელს გერმანიის მიმართულებით, რის შემდეგ საქართველოში არ დაბრუნებულა. ამავე პერიოდში საქართველოდან გერმანიაში გაემგზავრნენ მოსარჩელის შვილები მარიამ სულთანიანი და თენგიზ ისაევი.
გერმანიის ქალაქ კემნიცის სოციალური სააგენტოს ცნობით თავშესაფრის მაძიებელთა ოჯახს პაატა სულთანიანს, ალა ს---–-------ას, თენგიზ ისაევს და მარიამ სულთანიანს ეკონომიური და სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით აუნაზღაურდათ მიმდინარე ხარჯები. 2019 წლის ივლისში ნაწილობრივ -880.23 ევრო, 2019 წლის აგვისტოში- 1760.46 ევრო. ამდენად, ცნობით დასტურდება, რომ ალა ს---–-------ას ოჯახი, როგორც გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელი, იღებს სახელმწიფო დახმარებას ყოველთვიური ხარჯების ანაზღაურების მიზნით. ცნობით დასტურდება, რომ ოჯახი ცხოვრობს ქალაქ კემინცში კოლექტიურ საცხოვრებელში მისამართზე - ლაიპციგერ შტრასე.
სოციალური მუშაკის დასკვნით დასტურდება, რომ მიუხედავად უცხოეთში ყოფნისა, მოსარჩელეს სისტემატიურად აქვს შვილთან ურთიერთობა დისტანციური კომუნიკაციის გზით, ყოველდღიურად აქვს ბავშვთან კონტაქტი სკაიპის მეშვეობით, დედას სურს თავად აღზარდოს მისი შვილი. ამდენად, სოციალური მუშაკის დასკვნაში აღწერილი გარემოებები იმაზე მიუთითებს, რომ მოსარჩელეს შვილის მიმართ იჩენს მზრუნველ და ყურადღებიან დამოკიდებულებას, ყოველდღიურად მონაწილეობს მის ცხოვრებაში მიუხედავად უცხოეთში ყოფნისა და ბავშვიც დედასთან მჭიდრო და პირადი ურთიერთობის სურვილს ამჟღავნებს, გამოხატავს დედასთან და და-ძმასთან გამგზავრების სურვილს.
სოციალური მუშაკის დასკვნით ასევე დასტურდება, რომ მოპასუხე ნ----- ს---–-------ს არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობა არა აქვს. ა--- ს---–-------ა მას არ იცნობს, რისი მიზეზით არის ის გარემოება, რომ მოსარჩელე არ მონაწილეობს ბავშვის აღზდაში, ბავშვთან ურთიერთობა საერთოდ არა აქვს. ბავშვის მიმართ მშობლის უფლება-მოვალეობებს არ ასრულებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- სარჩელი (ს.ფ. 3-18. ტომი 1)
- სოციალური მუშაკის დასკვნა (ს.ფ. 125 . ტომი 1).
- დაბადების მოწმობების ასლები (ს.ფ. 20, 22, 102. ტომი 1)
- ქორწინების მოწმობის ასლი (ს.ფ. 23. ტომი 1)
- დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი ( ს.ფ. 24-26 ტომი 1)
- გერმანიის სოციალური სააგენტოს ცნობა (ს.ფ. 99-101. ტომი 1)
III სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე მოპასუხეს უნდა შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება.
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
საქმის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა შემდეგი ნორმები:
- საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1205-ე, 1199-ე, 1198-ე, 1200-ე, 1202-ე მუხლები
- გაეროს „ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენცია
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით.
საქართველოს კონსტიტუციით აღნიშნული ნორმის საფუძველზე სახელმწიფოს ვალდებულებაა ხელი შეუწყოს ოჯახის კეთილდღეობას, დაიცვას დედათა და ბავშვთა უფლებები. დედათა და ბავშვთა უფლებების დაცვის კონსტიტუციური გარანტია არ ნიშნავს მხოლოდ დედასა და ბავშვს შორის ურთიერთობების დაცვას. კონსტიტუციის ამ ნორმით სახელმწიფო კისრულობს ბავშვთა უფლებების დაცვის ვალდებულებას.
ბავშვთა უფლებს შეეხება გაეროს მიერ 1989 წლის 20 ნოემბერს მიღებული ”ბავშვის უფლებების კონვენცია”. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის გარდა მშობელსა და შვილს შორის ურთიერთობების სამართლებრივ ასპექტებს შეეხება ასევე საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, რომლებთან შესაბამისობაშია საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის შესაბამისად შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ამავე კოდექსის 1198-ე მუხლის შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილნი და მოვალენი არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით ამავე ნორმის მე-5 ნაწილის თანახმად მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, განსაზღვრონ თავიანთ შვილებთან მესამე პირთა ურთიერთობის უფლება. მე-6 ნაწილის მიხედვით, მშობლები არასრულწლოვანი შვილების კანონიერი წარმომადგენლები არიან და განსაკუთრებულ რწმუნებულებათა გარეშე გამოდიან მათი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად მესამე პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის, სასამართლოში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლის თანახმად, 1. მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. სასამართლოს შეუძლია შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუკიდებლად. 3. მეურვეობა ან მზრუნველობა დგინდება იმ ბავშვის მიმართ, რომლის ორივე მშობელს შეეზღუდა მშობლის უფლება ან მოვალეობა ამ კოდექსის შესაბამისად. 4. რამდენადაც ეს შესაძლებელია, მშობელს უნარჩუნდება ბავშვის რჩენის ვალდებულება, როცა მშობლის უფლება შეზღუდულია, ამ კოდექსით გათვალისწინებული საალიმენტო მოვალეობების შესაბამისად.
ამ ნორმით გათვალისწინებულია მშობლის უფლებებისა და მოვალეობების შეზღუდვა, რაც მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილებითაა შესაძლებელია. კანონით გათვალისწინებულია მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლებისა და მოვალეობის შეზღუდვა, თუმცა ეს ნორმა არ განსაზღვრავს მშობლის უფლების შეზღუდვის საფუძვლებს. შესაბამისად, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს მშობლებსა და არასრულწლოვან შვილებს შორის ურთიერთობის იმ ზოგადი პრინციპის საფუძველზე, რაც არის ბავშვის საუკეთესო ინტერესების პრინციპი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლით, რომლის თანახმად მშობლის უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგენს ბავშვის ინტერესებს.
სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის მიხედვით, მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მოიცავს ბავშვის სახელით ან მასთან დაკავშირებული სხვადასხვა იურიდიული მნიშვნელობის მქონე მოქმედებების შესრულებას. მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მოიცავს როგორც ქონებრივი, ისე არაქონებრივი უფლებამოსილებების ერთობლიობას. მშობლის წარმომადგენლობითი უფლებაა განკარგოს არასრულწლოვანი შვილის ქონება, შეიძინოს შვილის სასარგებლოდ ქონება, მიიღოს გადაწყვეტილება შვილის საცხოვრებელი ადგილის შესახებ, განათლების მიღების საკითხზე და მისი აღზრდის სხვა საკითხებზე.
სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის სათაურია „მშობელთა მოვალეობანი შვილების მიმართ“, ამ ნორმით პუნქტობრივად ცალ-ცალკეა მითითებული მშობლის უფლება-მოვალეობები შვილების მიმართ (პირველი-მე-5 ნაწილები) და მშობლის, როგორც შვილის წარმომადგენლის უფლებამოსილება (მე-6 ნაწილი).
ამდენად, სამოქალაქო კანონმდებლობა მიჯნავს ერთმანეთისაგან მშობლის უფლება-მოვალეობებს, რომელიც გულისხმობს ურთიერთობებს მშობელსა და შვილს შორის და მშობლის, როგორც კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილებას, რომლის ფუნქციაა, უზრუნველყოს არასრულწლოვანი პირის ინტერესები მესამე პირებთან ურთიერთობაში.
სასამართლო განმარტავს, რომ მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეფასება მშობლის სხვა მოვალეობათა ჯეროვნად შესრულების საკითხისგან განცალკევებულად ვერ მოხდება, თუმცა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვა ავტომატურად არ გულისხმობს მშობლის უფლების ბოროტად გამოყენებას, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვა შეიძლება გამოწვეული იყოს არა მარტო მშობლის მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულებით, არამედ ისეთი ობიექტური გარემოებებით, რომლის გამოც მშობელი მოკლებულია შესაძლებლობას შეასრულოს შვილის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, იყო მისი წარმომადგენელი მესამე პირებთან ურთიერთობაში.
„ბავშვის უფლებათა კონვენციის” პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითრებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი – სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები – უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვთა უფლებების შესახებ” კონვენციის მიხედვით საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. ”ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის 18-ე მუხლის თანახმად მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
კონვენციის აღნიშნული ნორმის საფუძველზე, მშობლების ძირითადი ვალდებულებაა ბავშვის აღზრდა და რჩენა და მათ ეკისრებათ ბავშვის აღზრდის საკითხებში ძირითადი პასუხისმგებლობა, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის და ბავშვთა უფლებების კონვენციის მიხედვით, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. კანონის ეს ნორმა მშობლებს ავალდებულებს ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან. შესაბამისად, შვილის აღზრდაში მონაწილეობა, მასთან ურთიერთობა, ბავშვზე ზრუნვა არის არა მშობლის უფლება, არამედ მისთვის კანონით დაკისრებული ვალდებულება. მშობლების ძირითადი ვალდებულებაა უზრუნველყოს ბავშვის ამ უფლების რეალიზაცია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით.
მესამე პირებთან ურთიერთობაში ბავშვებს წარმოადგენენ მშობლები, რომლებიც შვილების სახელით გამოხატავენ ნებას ამა თუ იმ იურიდიული მოქმედებაზე, წყვეტენ ბავშვის აღზრდის დროს წამოჭრილ საკითხებს. ამ შემთხვევაში დავის საგანია არასრულწლოვანის საზღვარგარეთ წაყვანის შესახებ თანხმობის საკითხში მოპასუხისათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვა, ამდენად, საკითხის გადასაწყვეტად უნდა შეფასდეს, ბავშვის აღზრდის პროცესზე მავნე ზეგავლენას ხომ არ მოახდენს ბავშვის საზღვარგარეთ წაყვანა და ამ საკითხში მოპასუხისათვის მშობლის უფლებამოსილების შეზღუდვა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლის თანახმად, 1. თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. 2. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.
მხარეების არასრულწლოვანი შვილის ამჟამად არის 4 წლის 6 თვის. იგი ცხოვრობს საქართველოში, ხოლო მისი დედა მოსარჩელე ალა ს---–-------ა 2019 წლის დასაწყისიდან ცხოვრობს გერმანიაში ოჯახის სხვა წევრებთან - მეუღლესთან და შვილებთან ერთად. შესაბამისად, ბავშვი საქართველოში ცხოვრობს დედის და და-ძმებისგან მოშორებით, ამასთან, ბავშვთან ურთიერთობა არა აქვს ბიოლოგიური მამას. ბავშვი მოკლებულია ოჯახის უახლოესი წევრების უშუალო მზრუნველობას და რამდენიმე თვეა მათთან დისტანციური კომუნიკაცია აქვს.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, მშობლისა და ბავშვის მიერ მათი ერთად ყოფნით სიამოვნების მიღება ქმნის ოჯახური ცხოვრების ფუნდამენტურ ელემენტს (იხილეთ, ოლსონი შვედეთის წინააღმდეგ (No.1), 24 მარტი, 1988წ., § 59, სერიები A No.130, დამონორი რუმინეთისა და უნგრეთის წინააღმდეგ, No. 71099/01, § 70, 5 აპრილი, 2005წ.). ნ.წ. საქართველოს წინააღმდეგ. 2016 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება)
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბავშვის ინდივიდუალობის ერთერთი მნიშვნელოვანი ასპექტია მჭიდრო, უშუალო და პირადი ოჯახური ურთიერთობის, ნათესაური კავშირების არსებობა. ბავშვთა უფლებების კონვენციით და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით ოჯახური გარემო მიჩნეულია ბავშვის აღზრდის საუკეთესო პირობად. ბავშვის აღზრდისათვის ასეთი გარემოს შექმნაზე მთავარი პასუხისმგებლობა ბავშვის მშობლებს ეკისრებათ. ამ შემთხვევაში მოპასუხე მშობლის ვალდებულებას არ ასრულებს, მას შვილთან ურთიერთობა არა აქვს, შვილს არ იცნობს.
ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მე-12 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბების უნარის მქონე ბავშვის უფლებას, თავისუფლად გამოხატოს ეს შეხედულებანი ბავშვთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე, ამასთან ბავშვის შეხედულებებს სათანადო ყურადღება ეთმობა ბავშვის ასაკისა და მოწიფულობის შესაბამისად. 2. ამ მიზნით ბავშვს, კერძოდ, ეძლევა შესაძლებლობა მოსმენილი იქნეს ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი, ან წარმომადგენლის ან შესაბამისი ორგანოს მეშვეობით იმ წესით, რომელიც გათვალისწინებულია ეროვნული კანონმდებლობის პროცესუალური ნორმებით. კონვენციის მე-13 მუხლის თანახმად, ბავშვს უფლება აქვს თავისუფლად გამოხატოს თავისი აზრი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბავშვის საზღვარგარეთ წაყვანა ბავშვის ინტერესებისათვის საზიანო არ იქნება, რადგან ამით მას მიეცემა უცხოეთში მცხოვრებ მშობელთან და ოჯახის წევრებთან ნათესავებთან პირადი ურთიერთობის შესაძლებლობა, რაც უზრუნველყოფს ოჯახურ გარემოში ბავშვის აღზრდას. ბავშვი არის 5 წლამდე ასაკის, რის გამოც მასზე მშობლის მზრუნველობა, მშობლის უშუალო და პირადი ჩართულობა აუცილებელია. დისტანციური წესით ოჯახის წევრებთან ურთიერთობა ბავშვის ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე უარყოფითად იმოქმედებს, რაც ბავშვის აღზრდის და მის ჯანმრთელობაზე ზრუნვის ინტერესებს არ შეესაბამება.
მოპასუხეს არ აქვს შვილთან ურთიერთობა, არ ზრუნავს შვილზე, რის გამოც ბავშვის უცხოეთში გამგზავრებაზე მისი წერილობითი თანხმობის განცხადება შეუძლებელია.
ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-8 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას იღებენ პატივი სცენ ბავშვის უფლებას, შეინარჩუნოს თავისი ინდივიდუალობა, მოქალაქეობის, სახელისა და ოჯახური კავშირების ჩათვლით, როგორც ეს გათვალისწინებულია კანონით და არ დაუშვან ამაში კანონსაწინააღმდეგო ჩარევა.
"საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ" საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად 16 წლამდე ბავშვის საქართველოდან დროებითი გასვლა შესაძლებელია მისი ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის ნებართვით და სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის თანხლებით. ამდენად, ამ ნორმის საფუძველზე ერთერთი მშობელი უფლებამოსილია საქართველოდან დროებით წაიყვანოს მისი 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი შვილი სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის თანხლებით, თუ არსებობს ბავშვის ერთერთი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი წესით ბავშვის უცხოეთში წაყვანა არ მიაყენებს ზიანს მისი აღზრდის ინტერესებს, ბავშვის საუკეთესო ინტერესებში შედის მშობელთან საცხოვრებლად საზღვარგარეთ გამგზავრება, რაც მათ შორის ოჯახური ურთიერთობის განვითარების ინტერესებისათვის აუცილებელია, რის გამოც მოპასუხეს უნდა შეეზღუდოს უფლება, რომლის საფუძველზე სავალდებულოა მის თანხმობა არასრულწლოვანი შვილის საზღვრის კვეთის საკითხში.
7. პროცესის ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამ ნორმის საფუძველზე მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ანაზღაურება.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხი.
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
IV სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა
1. დაკმაყოფილდეს ალა ს---–-------ას სარჩელი;
1.1. ნ----- ა-------ს (აზერბაიჯანის მოქალაქე) შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, არასრულწლოვანი შვილის - 2015 წლის 15 ივლისს დაბადებული ა--- ა-------ას (პირადი N01650092383) მიმართ პასპორტის მიღებასა და ბავშვის საზღვარგარეთ წაყვანაზე თანხმობის განცხადების უფლებაში.
2. ნ----- ა-------ს დაეკისროს ალა ს---–-------ასათვის 100 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი