გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.11.2018
საქმის ნომერი
190210018002263116
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
22.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/167-2018წ

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

22.11.2018 წ. ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი

სხდომის მდივანი თამარ ჩიქოვანი

მოსარჩელე ნ-----–---- ხ---–-–---–ი

(მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)

წარმომადგენელი სალომე ნარმანია

მოპასუხე დ-------- გ-------–---–ი

(მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)

წარმომადგენელი გული ჟვანია

არასრულწლოვანი ბავშვის წარმომადგენელი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს რუსთავის განყოფილება

წარმომადგენელი პაატა ცნობილაძე

დავის საგანი არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესის დადგენა

შეგებებულ სარჩელში მშობლის წარმომდგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვა

II აღწერილობითი ნაწილი

1. ნ-----–---- ხ---–-–---–ის სასარჩელო მოთხოვნები

 

· ნ-----–---- ხ---–-–---–ს ნება დაერთოს შეხვდეს შვილ 2014 წლის 23 აპრილს დაბადებულ მარიამ ხ---–-–---–ს მოპასუხის თანდასწრებით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში თვეში ერთხელ 1 საათის მანძილზე ამავე დაწესებულების მიერ პაემნისთვის ნებადართულ დღეს.

 

დ-------- გ-------–---–ის შეგებებული სარჩელის მოთხოვნები:

 

· ნ-----–---- ხ---–-–---–ს შეეზღუდოს მშობლის წამომადგენლობითი უფლებამოსილება შვილის 2014 წლის 23 აპრილს დაბადებულ მარიამ ხ---–-–---–ის მიმართ საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის და საზღვარგარეთ წასვლაზე თანხმობის უფლებაში.

 

ნ-----–---- ხ---–-–---–ის სარჩელის გარემოებები:

 

მოპასუხესთან თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი 2014 წლის 23 აპრილს დაბადებული მარიამ ხ---–-–---–ი. მხარეებს შორის თანაცხოვრება რამდენიმე წელია შეწყვეტილია და ამჯამად იგი სასჯელს იხდის N8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. პატიმრომის კოდექსით მინიჭებული აქვს პაემნის უფლება, რის გამოც მეუღლეს მოყვანილი ჰყავდა ბავშვი, თუმცა ბოლო პერიოდში მოპასუხე უარს აცხადებს ბავშვის მიყვანაზე, რის გამოც მოკლებულია შვილთან ურთიერთობის შესაძლებლობას. მისთვის მეტად რთულია შეეგუოს იმ ფაქტს, რომ შვილის იზრდება მის გარეშე, ვერ შეაქვს წვლილი მის აღზრდაში და წართმეული აქვს შესაძლებლობა მასთან ურთიერთობისათვის.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

დ-------- გ-------–---–ის სარჩელს არ ცნობს შემდეგი გარემოებების გამო:

 

მოპასუხეს დაშორდა ჯერ კიდევ მის დაპატიმრებამდე. ბავშვი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიჰყავდა მოსარჩელის წინა პატიმრობის პერიოდში, როცა ბაში ჯერკიდევ მცირეწლოვანი იყო. დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ ისევ ჩაიდინა დანაშაული და კვლავ სასჯელს იხდის. მეორე პატიმრობის დროსაც ჰყავდა მიყვანილი ბავშვი, მაგრამ პაემანი შედგა მინის ბარიერს მიღმა და ბავშვი ასაკიდან გამომდინარე დიდხანს ვერ გაჩერდა. ამის შემდეგ ბავშვი არ მიუყვანია, რადგან მოპასუხე ხშირად სატელეფონო საუბარში ემუქრება, ითხოვს ფულს და ამის სანაცვლოდ თანახმაა მისცეს ბავშვი უცხოეთში წაყვანის უფლება. მოპასუხის განმარტებით, მისი დედა და ძმა ცხოვრობენ იტალიაში, ბავშვს ზრდის მარტო, ნ-----–---- ხ---–-–---–ის ნათესავები და ოჯახის წევრები ბავშვით არ ინტერესდებიან, არ ნახულობენ და არც მატერიალურად ეხმარებიან. ამის გამო იგი წინააღმდეგია, შეხვდეს ნ-----–---- ხ---–-–---–ს და მასთან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიიყვანოს ბავშვი.

 

დ-------- გ-------–---–ის სარჩელის გარემოებები:

 

ბავშვის დაბადებიდან მასზე ზრუნავს მხოლოდ ის და ეხმარებიან ოჯახის წევრები. მოპასუხეს არასდროს უმუშავია და არ უფიქრია შვილისათვის მატერიალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების საკითხში დახმარებოდა, იგი ამჟამად მეოთხეჯერ იხდის სასჯელს, საიდანაც ერთხელ დედის მიმართ ოჯახური ძალადობისათვის არის ნასამართლევი. დედარუსუდან მაისურაძე და ძმა ლუკა გ-------–---–ი წასულები არიან იტალიაში და იქ მუშაობენ, ისინი ეხმარებიან ბავშვის რჩენაში, უგზავნიან ფულად დახმარებას და უფრო მეტად ბავშვისათვის აუცილებელი ტანსაცმელს, საკვებს. ოჯახის წევრებმა შესთავაზეს იტალიაში ჩასვლა, დასვენება, პერიოდულად დასაქმება რათა შექმნას დანაზოგი შვილის სასკოლო ასაკისათვის და საცხოვრებელი ბინის შესაძენად. მოპასუხე არ იძლევა თანხმობას ბავშვის საზღვარგარეთ წაყვანაზე, იგი სანაცვლოდ თანხას ითხოვს, რითიც ბავშვს ზიანს აყენებს, რადგან ბავშვისათვის ბებია და ბიძა საყვარელი და ძვირფასი დამიანები არიან და მათი ნახვის საშუალება არ ეძლევა.

 

3. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს რუსთავის განყოფილების წარმომადგენლის განმარტებით, დედასთან ბავშვის აღზრდის ყველა პირობაა შექმნილი. სააგენტო წინააღმდეგია მოპასუხისათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვის, რადგან სააგენტოს არა აქვს შესაძლებლობა შეამოწმოს როგორ პირობებში იქნება ბავშვი იტალიაში გამგზავრების შემთხვევაში. სააგენტო დაეთანხმა ნ-----–---- ხ---–-–---–ის მოთხოვნას ნაწილობრივ და განმარტა, რომ გარკვეული პერიოდულობით მას უნდა მიეცეს შვილთან შეხვედრის შესაძლებლობა, რათა მათ შორის გაუცხოებამ არ იმატოს. ბავშვისათვის აუცილებელია უშუალო ურთიერთობის შესაძლებლობა მშობელთან, ხოლო სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არის შესაძლებლობა ბავშვთან პაემანი გაიმართოს ბარიერს მიღმა. შესაბამისად, ამ წესით ურთიერთობა ბავშვისათვის აუცილებელია თუნდაც 2-3 თვეში ერთხელ.

(12.11.2018წ და 22.11.2018წ სხდომის ოქმები CD დისკები)

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდაო გარემოებები

 

3.1.1. დ-------- გ-------–---–სა და ნ-----–---- ხ---–-–---–ს ჰყავთ ერთი შვილი - 2014 წლის 14 ივნისს დაბადებული მარიამ ხ---–-–---–ი. 2015 წლის დასაწყისიდან დ-------- გ-------–---–სა და ნ-----–---- ხ---–-–---–ს შორის ოჯახური ურთიერთობა შეწყვეტილია. მხარების არასრულწლოვანი შვილი ცხოვრობს დ-------- გ-------–---–თან ერთად და მას ზრდის დედა. ნ-----–---- ხ---–-–---–ის ოჯახის წევრებს, მის ნათესავებს ბავშვთან არა აქვთ ურთიერთობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი (ს.ფ. 4-12. ტომი 1);

- შესაგებელი (ს.ფ. 31-35. ტომი 1).

- შეგებებული სარჩელი ( ს.ფ.44-19. ტომი 1)

 

3.2. დადგენილი სადაო გარემოებები

 

3.2.1. ნ-----–---- ხ---–-–---–ი სასამართლოს მიერ მიღებული გამამტყუნებელი განაჩენით იხდის საპატიმრო სასჯელს და ამჟამად იმყოფება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

 

სასამართლოს მიერ გამოთხოვილია ნ-----–---- ხ---–-–---–ის პირადი საქმე სასჯელაღსრულების N17 დაწესებულებიდან, სადაც საქმის განხილვის დასრულების დროს იხდიდა სასჯელს.

 

მოსარჩელის პირად საქმეში განთავსებულია შს თაინეთის რიონული სამმართველოს მიერ 2017 წლის 14 იანვარს შედგენილი ბრალდებულების დაკაევბის და პირადი ჩხრეკის ოქმი, რომლის თანახმად, ნ-----–---- ხ---–-–---–ი დაკავებულია 2017 წლის 14 იანვარს 20:30 საათზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშუალის ჩადენისათვის. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 იანვრის განჩინებით, აღკვეთის ღონისძიების სახით ნ-----–---- ხ---–-–---–ის მიმართ გამოყენებული იქნა პატიმრობა, რომლის ვადა აითვალა მისი დაკავების მომენტიდან 2017 წლის 14 იანვრის 20:30 საათიდან.

 

ნ-----–---- ხ---–-–---–ის ანკეტაში მის ოჯახის წევრებად მითითებულნი არიან დედა ოგანოვი ელზა, ძმა კახა ხ---–-–---–ი, მეუღლე დარიკო გ-------–---–ი და შვილი მარიამ ხ---–-–---–ი.

 

პირად საქმეში წარმოდგენილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 5 სექტემბრის განაჩენი, რომლითაც დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და ნ-----–---- ხ---–-–---–ს შორის და ნ-----–---- ხ---–-–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით და სასჯელად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 27 მაისის განაჩენით ნ-----–---- ხ---–-–---–ის მიმართ სსსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა ქვეპუნქტით დანიშნული პირობითი მსჯავრი 4 წლის ვადა. სსსკ 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად განაჩენთა ერთობლიობით ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა ნაწილობრივ წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი - ნაწილის პირობითი მსჯავრი 3 წლის ვადით და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ნ-----–---- ხ---–-–---–ის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, საიდანაც 1 წელი განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3 წელი ჩაეთვალა პირობით 3 წლის გამოსაცდელი ვადით. ამ განაჩენის თანახმად, ნ-----–---- ხ---–-–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი. კერძოდ, მან 2015 წლის 12 ივნისს გურჯაანის რაიონის სოფელ გურჯაანში თავის საცხოვრებელ ბინაში სახის არეში ერთხელ გარტყმით ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მიაყენა არასრულწლოვან ძმას, 13 წლის კახა ხ---–-–---–ს.

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 6 სექტემბრის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და ნ-----–---- ხ---–-–---–ს შორის და ნ-----–---- ხ---–-–---–ის ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, საიდანაც დანიშნული სასჯელის ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით მას განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით სსსკ 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით. სსსკ 67-ე მუხლის საფუძველზე გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 5 სექტემბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილთ, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშულის ჩადენისათვის განაჩენთა ერთობლიობით დადგენილი მსჯავრი სასჯელზე - თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით, ნ-----–---- ხ---–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, საიდანად სასჯელის ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი. სასჯელის მოხდის ვადა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2017 წლის 14 იანვრის 20:30 საათიდან.

 

ამდენად, ნ-----–---- ხ---–-–---–ისთვის დანიშნული სასჯელიდან საპატიმრო სასჯელის მოხდა დაიწყო 2017 წლის 14 იანვარიდან და სამი წლის ვადა იწურება 2020 წლის 14 იანვარს. სასჯელის ვადის დასრულებამდე დარჩენილია 1 წელი და 2 თვე.

 

საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2017 წლის 22 სექტემბრის ბრძანებით ნ-----–---- ხ---–-–---–ი განთავსებული იქნა დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.

 

N8 დაწესებულების 2017 წლის 2 თებერვლის წერილის თანახმად, 2017 წლის 2 თებერვალს N97 საკანში განთავსებული ნ-----–---- ხ---–-–---–ის მიერ ადგილი ჰქონდა დისციპლინური დარღვევის ფაქტს - მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დაწესებულების თანამშრომელს. ჩადენილი სამართალდარღვევის გამო ნ-----–---- ხ---–-–---–ს დაწესებულების დირექტორის 2017 წლის 2 თებერვლის განკარგულებით 1 თვით აეკრძალა სატელეფონო საუბარი.

 

N8 დაწესებულების დირექტორის 2017 წლის 18 თებერვლის განკარგულებით ნ-----–---- ხ---–-–---–ი 18 თებერვლის 16:00 საათიდან მოთავსდა დეესკალაციის ოთახში არაუმეტეს 72 საათისა. დაწესებულების კორპუსის ოფიცრის პატაკის მიხედვით, ნ-----–---- ხ---–-–---–ი არის აღგზნებული, არაადექვატური და მისგან მოსალოდნელი ექსცესების თავიდან აცილების მიზნით მიზანშეწონილია მოთავსდეს დეესკალაციის ოთახში. ნ-----–---- ხ---–-–---–ი დეესკალაციის ოთახში მოთავსდა 2017 წლის 18 თებერვალს 16:22 საათზე, 24 საათიანი ვიზუალური მეთვალყურეობის ქვეშ.

 

N8 დაწესებულების დირექტორის 2017 წლის 7 ივლისის ბრძანებით დაწესდა ვიზუალური და ელექტრონული მეთვალყურეობა ნ-----–---- ხ---–-–---–ზე. პირად საქმეში განთავსებულია ნ-----–---- ხ---–-–---–ის განცხადება, რომლითაც მოითხოვს მისი უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე მასზე დაწესდეს ელექტრონული და ვიზუალური მეთვალყურეობა.

 

N8 დაწესებულების დირექტორის 2017 წლის 19 სექტემბრის ბრძანებით ნ-----–---- ხ---–-–---–ს 2017 წლის სექტემბრის თვის კუთვნილი პაემანი შეეცვალა სატელეფონო საუბრის უფლებით. ხანმოკლე პაემნის შეცვლა მოითხოვა თავად ნ-----–---- ხ---–-–---–მა.

 

2017 წლის 6 ოქტომბრის მოხსენებით ბარათში დაწესებულის უფროსი ინსპექტორი დავით გოგალაძე აღნიშნავს, რომ ნ-----–---- ხ---–-–---–ი განთავსებულია 24 საათიანი აუდიო-ვიზუალური მეთვალყურეობის ქვეშ, იგი ამჟამად კონტაქტში შემოდის მიზანმიმართულად, აქვს ცვალებადი გუნება-განწყობა და არასტაბილური ემოციური ფონი. მისი ამჟამინდელი ფსიქო-ემოციური ფონიდან გამომდინარე, საჭიროა გაგრძელდეს მის მიმართ 24 საათიანი ვიზუალური ელექტრონული მეთვალყურეობა. დაწესებულების დირექტორის 2017 წლის 6 ოქტომბრის ბრძანებით ნ-----–---- ხ---–-–---–ს გაუგრძელდა 24 საათიანი ელექტრონული ვიზუალური მეთვალყურეობა.

 

2017 წლის 10 ოქტომბერს ნ-----–---- ხ---–-–---–მა განცხადებით მიმართა დაწესებულების დირექტორს და მოითხოვა საერთო საკანში გადაყვანა, რადგან მისი უსაფრთხოება დაცულია და აღარ საჭიროებს ვიზუალურ და ელექტრონულ მეთვალყურეობას. დაწესებულების დირექტორის 2017 წლის 10 ოქტომბრის ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა 6 ოქტომბრის ბრძანება ნ-----–---- ხ---–-–---–ზე ელექტრონული და ვიზუალური მეთვალყურეობის განხორციელების შესახებ.

 

დაწესებულების დირექტორის 2017 წლის 20 ოქტომბრის ბრძანებით ნ-----–---- ხ---–-–---–ს ოქტომბრის თვის ხანმოკლე პაემნის უფლება შეეცვალა სატელეფონო საუბრის უფლებთ, რის შესახებ თავად მიმართა განცხადებით ნ-----–---- ხ---–-–---–მა.

 

ხანმოკლე პაემნის შეცვლა სატელეფონო საუბრით ნ-----–---- ხ---–-–---–მა მოითხოვა ასევე 2017 წლის ნოემბრის თვეში, რაც დაკმაყოფილდა.

 

დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ-----–---- ხ---–-–---–ს უარი ეთქვა სამეურნეო ნაწილში ჩარიცხვაზე.

 

დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 23 თებერვლის ბრძანებით დაწესდა ნ-----–---- ხ---–-–---–ზე 24 საათიანი ვიზუალური და ელექტრონული მეთვალყურეობა.

 

დაწესებულების 2018 ლის 15 მარტის ბრძანებით შეიქმნა მულტიდისციპლინური ჯგუფი ნ-----–---- ხ---–-–---–ის სასჯელის მოხდის საკითხის ინდივიდუალური დაგეგმვისათვის.

 

ნ-----–---- ხ---–-–---–ი სასჯელაღსრულების N17 დაწესებულებაში გადმოყვანილია 2018 წლის 19 მარტს.

 

N17 დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 19 მარტის ბრძანებით ნ-----–---- ხ---–-–---–ი ჩაირიცხა სამეურნეო ნაწილში და დაენიშნა შრომის ანაზღაურება თვეში 200 ლარი.

 

საქმეში წარმოდგენილია დაწესებულების მიერ შეწყალების კომისიისათვის მომზადებული დახასიათება, სადაც მითითებულია, რომ არ ვლინდება რისკ-ფაქტორები (მიდრეკილება ამოციური აგრესიისგენ ანტისოციალუროი ქცევა, ფსიქოლოგიური მოწყვლადობა).

 

N17 დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 30 აპრილის ბრძანებით ნ-----–---- ხ---–-–---–ი გადაყვანილი იქნა სხვა მსჯავრდებულებისგან განცალკევებით და მის მიმართ განხორციელდა ელექტრონული მეთვალყურეობა 2018 წლის 30 აპრილიდან. ასეთი მოთხოვნით დაწესებულებას განცხადებით თავად ნ-----–---- ხ---–-–---–მა მიმართა.

 

N17 დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 30 აპრილის ბრძანებით ნ-----–---- ხ---–-–---–ი ამორიცხულია დაწესებულების სამეურნეო ნაწილიდან მისი განცხადების საფუძველზე.

 

2018 წლის 7 მაისიდან ნ-----–---- ხ---–-–---–ი მოთავსებულია სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაში.

 

N8 დაწესებულების დირექტრის 2018 წლის 7 მაისის ბრძანებით ნ-----–---- ხ---–-–---–ზე დაწესდა ვიზუალური და ელექტრონული მეთვალყურეობა. 2018 წლის 8 მაისის ბრძანებით ნ-----–---- ხ---–-–---–ი განთავსდა სამარტოო საკანში და მასზე დაწესდა ვიზუალური და ელექტრონული მეთვალყურეობა. ასეთივე შინაარსის ბრძანებაა გამოცეული 2018 წლის 9 მაისს და 10 მაისსს, 11 მაისს. დაწესებულების უფროსი ინსპექტორის გიორგი კილასონიას პატაკის საფუძველზე მოსარჩელე სამარტოო საკნიდან გადაყვანილი იქნა საერთო საკანში 2018 წლის 12 მაისიდან.

 

სასჯელაღსრულების N8 დაწესებულების ინფორმაციით დასტურდება, რომ სასჯელის მოხდის პერიოდში ნ-----–---- ხ---–-–---–თან პაემნის უფლებით ისარგებლა დ-------- გ-------–---–მა და იგი იმყოფებოდა შვილთან მარიამ ხ---–-–---–თან ერთად, რა დროსაც მხარებს შორის კონფლიქტურ სიტუაციას ადგილი არ ჰქონია. პაემანი შედგა მიის ბარიერს მიღმა. მხარეთა განმარტებით დასტურდება, რომ მარიამ ხ---–-–---–ის პაემნის დროს იყო მცირეწლოვანი, რის გამოც ასაკის გამო მან დიდი ხნით გაჩერება ვერ შეძლო და ამის გამო პაემანი ნაადრევად დასრულდა.

 

სასჯელაღსრულების N8 პატიმრობისა და დადურული ტიპის თავიუსფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის ნ-----–---- ქინქლაძის მიერ 2018 წლის 12 ივლისს შედგენილ დახასიათებაში მითითებულია, რომ ნ-----–---- ხ---–-–---–ის განმარტებით, გათავისუსფლების შემდეგ გეგმავს დაუბრუნდეს ოჯახს და დაეხმაროს მშობლებს და აქტიურად ჩაერთოს შვილის აღზრდასა და მის მომავალზე ზრუნვაში. დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში კითხულობს წიგნებს, გამოთქვამს სურვისლ ჩაერთოს სოციალურ აქტვიბეებში, სისტემატიურდ ხვდება სასულიერო პირს.

 

ნ-----–---- ხ---–-–---–ის ემოციურ-აფექტურ სფეროში მოცემულ ეტაპზე აგრესიისკენ გამოკვეთილი მიდრეკილება არ ვლინდება. ემოციურ რეაგირებას, სხვათა მხრიდან გამოვლენილი, საკუთარ არსებით და ღრმა პიროვნულ ინტერესებთან შეუთავსებელი მცდელობების და ქმედებების მიმართ ამჟღავნებს, თუმცა ეს არ გადადის ღია აგრესიაში და შესაბამის საპირწონე მოქმედებაში და გადაწყვეტილებებში გონივრულობის ფარგლებს არ ტოვებს.

 

ნ-----–---- ხ---–-–---–ი საკუთარი ინიციატივით დამაჯერებლად ადასტურებს, რომ მისი ღირებულებითი პრიორიტეტები მნიშვნელოვნად არის შეცვლილი - იმპილსური აზცრები და სპონტანური, ემოციურად გაჯერებული რეაქცია კონტროლირებული და თმენის გარკვეული რესურსით არის ჩანაცვლებული, რის შედეგადაც შედარებით მშვიდი განსჯი და რეფლექსიის ნიადაგზე პრაგმატური გადაწყვეტილების მიღების მეტი ალბათობით ხდება შესაძლებელი.

 

ნ-----–---- ხ---–-–---–ი საკმაოდ კრიტიკულია საკუთარი საქციელის შეფასებისას, ზომიერების ფარგლებში შეუძლია საუბარი პრობლემაზე. მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებსე პასუხისმგებლობის აღება, განსაკუთრებით მაშინ, თუკი საქმეზე მაღალი პიროვნული ინტერესეს საგანს ეხება.

 

ნ-----–---- ხ---–-–---–ი სხვათა მიმართ ემპათიურია, შეუძლია სხვის პოზიციის აღქმა და გაგება, კეთილმოსურნეა. სხვებთან ურთიერთობისას იმთავითვე პოზიტიური მოტივაციით ამყარებს და წინააღმდეგობის, დაპირისპირების კონტექსტში არ გადაჰყავს. ნ-----–---- ხ---–-–---–ის პირად საქმეში არსებული დახასიათებაში მითითებულია, რომ იგი ავლენს მზრუნველ დამოუკიდებულებას შვილის მიმართ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- პირადი საქმის ასლი

- დაწესებულების წერილის ასლი (ს.ფ. 162-163. ტომი 1)

 

3.2.4. დ-------- გ-------–---–ი და მისი ოჯახის წევრები სათანადოდ ზრუნავენ არასრულწლოვან შვილზე. დ-------- გ-------–---–ის დედა და ძმა სათანადო ნებართვის საფუძველზე რამდენიმე წელია ცხოვრობენ და მუშაობენ იტალიაში და მატერიალურად ეხმარებიან დ-------- გ-------–---–ს. მოსარჩელე დასაქმებულია სავაჭრო ქსელში მოლარედ.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის ცენტრის სოციალურ მუშაკის თამარ წიკლაურის დასკვნის მიხედვით, დ-------- გ-------–---–ი ცხოვრობს არასრულწლოვან შვილთან ერთად ნაქირავებ ოროთახინ კერძო ტიპის სახლში, საცხოვრებლის ზოაგდი მდგომარეობა დამკამაყოფიელებლია, სახლში დაცულია ჰიგიენუსანიტარული ნორმები, განტავსებულია საჭირო ავეჯი-ტექნიმა და მოსერიგებული ასველი წერტილები. ბავში უზრუნველყოფილია ბაზისური საჭიროებებით, საკვებით, ადექვატური ტანსაცმლით, საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტებით. ბავშვი დადის საბავშვო ბაღში. არა აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. ბავშვი გამოიყურება სუფთად და მოწესრიგებულად. დ-------- გ-------–---–ი არ მუშაობს, მისი შემოსავალია დის რუსუდან მაისურაძის მიერ უცხოეთიდან გამოგზავნილი თანხა. დ-------- გ-------–---–ის გადმოცემით, ნ-----–---- ხ---–-–---–თან 2013 წლინ იმყოფებოდა არარეგისტრირულ ქორწინებაში, ჰყავთ ერთი შვილი. კონფლიქტის გამო 4 წელია ერთად აღარ არიან. ნ-----–---- ხ---–-–---–ი ხშირად იყო ნასვამი, არაერთხელ იყო პატიმრობაში, იშვიათად ნახულობდა ბავშვს და ფაქტობრივად არ მიუღია მონაწილეობა მისი აღზრდის პროცესში, ბავშვი პერიოდულად მიჰყავდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მამის სანახავად, მაგრამ მათი შეხვედრა კონფლიქტით სრულდებოდა. არსებული გარემო და მშობლების დაძაბული გარემო უარყოფითად მოქმედებდა ბავშვზე, რის გამოც გადაწვიტა აღარ მიეყვანა ბავშვი. ამის შემდეგ მამა-შვილს ჰქონდათ სატელეფონო საუბარი, თუმცა ბოლო პერიოდში ასეთი საუბრის შესაძლებლობასაც აღარ აძლევს მოპასუხეს, რადგან საუბარში ნ-----–---- ხ---–-–---–ი მას ემუქრება და ეშინია, პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგადაც გააგრძელებს ძალადობას. დ-------- გ-------–---–ი გამოთქვამს სურვილს წავიდეს დედასთან და ძმასთან იტალიაში, თუმცა მოპასუხე ბავშვის საზღვარზე გაყვანის სანაცვლოდ ითხოვს გარკვეულ თანხას.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ დ-------- გ-------–---–ის დედა და ძმა რამდენიმე წელია ცხოვრობენ და მუშაობენ იტალიში.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ლუკა გ-------–---–მა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა თურქეთის მიმართულებით 2014 წლის 30 იანვარს, რის შემდეგ საქართველოში რამდენჯერმე იმყოფებოდა, ხოლო 2017 წლის 31 ოქტომბერს კვლავ თურქეთის მიმართულებით გამგზავრების შემდეგ საქართველოში არ დაბრუნებულა. რუსუდან მაისურაძის შესახებ შს სამინისტრომ სასამართლოს აცნობა, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ გაემგზავრა 2016 წლის 3 აგვიტოს სარფის საბაჟო პუნქტის გავლით, მას შემდეგ რამდენჯერმე დაბრუნდა საქართველოში, ხოლ 2017 წლის 2 აპრილს კვლავ სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით წავიდა საზღვარგარეთ.

 

რუსუდან მაისურაძე არის დ-------- გ-------–---–ის დედა, რომელიც იტალიაში ცხოვრობს და მუშაობს ბინადრობის ნებართვის საფუძველზე. ბინადრობის მოწმობის ასლის მიხედვით, ბინადრობის მოწმობა გაცემულია 2018 წლის 4 ივნისს 2018 წლის 23 ოქტომბრამდე მოქმედების ვადით. ნებართვის ტიპი არის მცირეწლოვანის დამხმარე.

 

ლუკა გ-------–---–ი არის დ-------- გ-------–---–ის ძმა, ბინადრობის მოწმობა გაცემულია 2018 წლის 4 ივლისს იმავე წლის 28 ოქტომბრამდე მოქმედების ვადით. ბინადრობის ნებართვის ტიპია მცირეწლოვანის დამხმარე.

 

სტატისტიკის, აღწერისა და საარჩევნო დემოგრაფიული მომსახურების საგანტოს 2018 წლის 27 სექტემბრის ცნობების თანახმად, რუსუდან მაისურაძის და ლუკა მაისურაძის საცხოვრებელი ადგილია ქალაქი სალერნო, ბრავო ვინჩენცოს ქ. N6, სახლი 7.

 

ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ დ-------- გ-------–---–ის დედა და ძმა სათანადო ნებართვის საფუძველზე ცხოვრობენ იტალიის რესპუბლიკაში, მათ აქვთ რეგისტრირებული საცხოვრებელი ადგილი ბინადრობის მოწმობის საფუძველზე და დასაქმებულები არიან მცირეწლოვანის მომვლელად. აღნიშნული გარემოების გამო დ-------- გ-------–---–ის იტალიაში გამგზავრების შემთხვევაში იგი უზრუნველყოფილი იქნება საცხოვრებლით უახლოეს ნათესავებთან და ბავშვს ექნება ნათესავებთან პირადი უშუალო ურთიერთობის შესაძლებლობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სოციალური მუშაკის დასკვნა (ს.ფ. 99. ტომი 1)

- ბინადრობის შესახებ ცნობების ასლები (ს.ფ. 296-304. ტომი 1)

 

III სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ნ-----–---- ხ---–-–---–ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან მოსარჩელესა და ბავშვს შორის ჩაოყალიბებული ურთიერთობის გამო მის აღზრდაზე დადებითად არ იმოქმედებს.

ნ-----–---- ხ---–-–---–ს უნდა შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება ბავშვის საზღვარგარეთ გამგზავრებაზე თანხმობის უფლებაში, რადგან უცხოეთში გამგზავრების მიზანია უახლოეს ნათესავებთან პირადი ურთიერთობა.

 

5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

საქმის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა შემდეგი ნორმები:

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1200-ე, 1199-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

- ” ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის” მე-3, მე-7, მე-9, 18-ე 27-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს ნ-----–---- ხ---–-–---–ის მოთხოვნა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ბავშვთან შეხვედრის შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის შესაბამისად შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ამავე კოდექსის 1198-ე მუხლის შესაბამისად მშობლები უფლებამოსილნი და მოვალენი არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით ამავე ნორმის მე-5 ნაწილის თანახმად მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, განსაზღვრონ თავიანთ შვილებთან მესამე პირთა ურთიერთობის უფლება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ხსენებული ნორმის მიხედვით, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. კანონის ეს ნორმა მშობლებს ავალდებულებს ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, შესაბამისად შვილის აღზრდაში მონაწილეობა, მასთან ურთიერთობა არის არა მშობლის უფლება, არამედ მისთვის კანონით დაკისრებული ვალდებულება. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ბავშვის ამ უფლების რეალიზაცია. ბავშვის ეს უფლება უზრუნველყოფილი უნდა იყო ასევე მშობლების დაშორების შემდეგაც იმგვარად, რომ ბავშვს მიეცეს ორივე მშობელთან ინტენსიური პირადი ურთიერთობის შესაძლებლობა შექმნილი კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამავე კოდექსის 1202-ე მუხლის მიხედვით მშობლებს თანაბრად აქვთ უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობლებს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები.

 

გაეროს მიერ მიღებული ”ბავშვის უფლებათა კონვენციის” პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითრებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ.

 

კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი – სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები – უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

 

1984 წლის 22 ნოემბერს მიღებული ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ოქმი №7-ის მე-5 მუხლის თანახმად, მეუღლეებს გააჩნიათ კერძო სამართლებრივი ხასიათის თანაბარი უფლებები და მოვალეობები ერთმანეთთან და თავიანთ ბავშვებთან ურთიერთობებში, ისეთ საკითხებში რომლებიც ეხება ქორწინებაში შესვლას, ქორწინებაში ყოფნას და განქორწინებას. წინამდებარე მუხლი ხელს არ შეუშლის სახელმწიფოებს მიიღონ აუცილებელი ზომები ბავშვების ინტერესების დასაცავად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის მიხედვით, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.

 

ამდენად, ”ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, მშობლებთან შვილების ურთიერთობის საკითხში არსებითი და გადამწყვეტია ბავშვის ინტერესები, რადგან მშობლის უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. შესაბამისად, მშობლის უფლება უნდა განხორციელდეს ბავშვის ინტერესების სასიკეთოდ.

 

ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით, ბავშვის ინტერესში იგულისხმება უპირველეს ყოვლისა მისთვის ოჯახური გარემოს შექმნა, მშობლიური სითბოსა და თანაგრძნობის გამოვლენა, მისთვის ჰუმანური და კეთილშობილური პრინციპების შთაგონება. ოჯახური გარემოს შექმნა გულისხმობს მშობლებთან, ოჯახის სხვა წევრებთან პირადი ურთიერთობის შესაძლებლობას იმ შემთხვევაშიც, როცა ისინი ბავშვისგან განცალკევებით ცხოვრობენ. ბავშვი უნდა გრძნობდეს მასზე ზრუნვაში მშობლების და ნათესავების უშუალო და პირად მონაწილეობას.

 

მშობლებს ან ოჯახის წევრებს შეიძლება შეეზღუდოთ ან ჩამოერთვათ ბავშვთან ურთიერთობის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მათი ბავშვთან ურთიერთობა მის აღზრდა-განვითარებაზე მავნე ზეგავლენას მოახდენს, ასეთი ურთიერთობა ნეგატიურად აისახება ბავშვის აღძრდის პროცესზე, ზიანს მიაყენებს მის ჯანმრთელობას, საზიანო იქნება მისი ფსიქოემოციური სტაბილურობისათვის.

 

”ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის” მე-7 მუხლის მიხედვით, ბავშვი რეგისტრაციას გადის დაბადებისთანავე და მას დაბადებიდანვე გააჩნია უფლება, ჰქონდეს სახელი და შეიძინოს მოქალაქეობა, აგრეთვე, რამდენადაც ეს შესაძლებელია, უფლებამოსილია იცნობდეს თავის მშობლებს და გარემოსილი იყოს მათი მზრუნველობით.

 

”ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის” მე-9 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინაღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზაღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. ეს შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს და არ ზრუნავენ მასზე, ან მშობლები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და აუცილებელია ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება. მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელს დაცილებული ბავშვის უფლებას, რეგულარული პირადი ურთიერთობები და პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს ორივე მშობელთან, იმ შემთხვევის გარდა, როცა ეს ეწინააღმდეგება ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს.

 

”ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის 18-ე მუხლის თანახმად მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

 

ამ შემთხვევაში ნ-----–---- ხ---–-–---–ი იმყოფება პატიმრობაში, მას შეზღუდული ააქვს თავისუფლად გადაადგილების უფლება სისხლის სამართლის საქმეზე მსჯავრდების გამო, რის გამოც დამოუკიდებლად შვილთან ურთიერთობის, მისი ნახვის საკითხის გადაწყვეტა არ შეუძლია. პატიმრობაში ყოფნის გამო ამჟამად იგი მოკლებულია შესაძლებლობას საკუთარი სურვილის შესაბამისად ჰქონდეს ურთიერთობა როგორც შვილთან, ისე სხვა პირებთან. იგი ვალდებულია დაემორჩილოს სასჯელაღსრულების წესებს.

 

ნ-----–---- ხ---–-–---–ი სასჯელს იხდის დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, სადაც სასჯელის მოხდის ზოგადი წესები დადგენილია პატიმრობის კოდექსის 65-ე მუხლით. ამ ნორმის მიხედვით, 1. მსჯავრდებული, რომელიც სასჯელს იხდის დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, თავსდება საკანში. მას უფლება აქვს: ა) დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში კვების პროდუქტების, პირველადი მოხმარებისა და სხვა საგნების შესაძენად თავის პირად ანგარიშზე არსებული თანხა ყოველთვიურად დახარჯოს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში; ბ) 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 1 ხანმოკლე პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – თვეში 1 დამატებითი ხანმოკლე პაემანი.

 

ნ-----–---- ხ---–-–---–ს სასჯელის მოხდის პერიოდში დაკისრებული ჰქონდა ერთი დისციპლინური სახდელი, ხოლო მის მიმართ წახალისების ზომა არ გამოყენებულა. იგი მისგან მომდინარე საფრთხის გამო არაერთხელ იყო მოთავსებული სამარტოო საკანში და მასზე დაწესებული იყო ვიზუალური და ელექტრონული მეთვალყურეობა. მან რამდენჯერმე თავად განაცხადა უარი ხანმოკლე პაემნით სარგებლობაზე და მისივე მოთხოვნით ეს უფლება შეეცვალა სატელეფონო საუბრის უფლებით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლით დადგენილია ბავშვის აღზრდის საკითხზე მშობლებს შორის წამოჭრილი დავის გადაწყვეტის ძირითადი პრინციპი, რომლის მიხედვით მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. ის საკითხი, თუ რა არის ბავშვის ინტერესი ყოველ დავაში ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს ბავშვისა და მშობლების ურთიერთობების ხასიათის და ინტენსივობის მიხედვით.

 

ამ დავაში უნდა შეფასდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფისათვის აუცილებელია თუ არა ბავშვმა მამა ნახოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ამ დაწესებულების სარეჟიმო წესებით დადგენილი პერიოდულობით, რა გავლენას მოახდენს ასეთი შეხვედრა ბავშვისა და მამის ურთიერთობის ჩამოყალიბებასა და მის გაუმჯობესებაზე. მარიამ ხ---–-–---–ი არის 4 წლის ასაკის. მისი მშობლებს შორის ოჯახური ურთიერთობა შეწყვეტილია ბავშვის ჩვილი ასაკიდან, ნ-----–---- ხ---–-–---–ის პირველ პატიმრობამდე. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ პატიმრობამდე ნ-----–---- ხ---–-–---–ი ინტენსიურ ყურადღებას არ იჩენდა შვილის მიმართ, მის აღზრდაში ჩართული არ იყო. ბავშვსა და მშობელს შორის ურთიერთობა მოსარჩელის პატიმრობის გამო არ შეწყვეტილა.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფსიქოლოგის ინფორმაციით მარიამ ხ---–-–---–ი არის კომუნიკაბელური ბავშვი, ფსიქოლოგთან შეხვედრის დაწებისთანავე გამოხატა თბილი დამოკიდებულება და ურთიერთობის სურვილი. მამის მიმართ გამოხატა განსხვავებული დამოკიდებულება ერთდროულად. ერთის მხრივ აღნიშნავდა, რომ არ სურს საუბარი მამასთან დაკავშირებით, გაღიზიანდა. მეორეს მხრივ დასმულ კითხვაზე, საპროექციო სავარჯიშოებში გამოხატა მამასთან კომუნიკაციის, მასთან შეხვედრის სურვილი. აქვს სურვილი აჩვენოს ნახატები, ითამაშოს მასთან ერთად. ინტერვიუში ვლინდება, რომ მისთვის მნიშვნელოვანი ადამიანები არიან დედა, მამა, ბებია (დედის დედა), ბიძა (დედის ძმა). აქვს სურვილი მნიშვნელოვან ადამიანებთან ცხოვრების.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ბავშვთან დაკავშირებულ დავებში მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესები, ასევე, უფლებები და თავისუფლება და, განსაკუთრებით, ბავშვის საუკეთესო ინტერესები და მისი უფლებები კონვენციის მე–8 მუხლის თანახმად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებაში (საქმე „ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ (განაცხადი N. 71776/12), განმარტებულია, რომ „ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა წარმოადგენდეს უმთავრეს განხილვის საგანს და, მისი ბუნებიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, შეიძლება აჭარბებდეს მშობლების ინტერესებს (იხილეთ, სხვა მრავალთა შორის, ოლსონი (No.2), § 90, იგნაკოლო–ზენიდი, § 94; პლაზა პოლონეთის წინააღმდეგ, No. 18830/07, § 71). სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული ეს პრინციპი საერთოა ბავშვთან დაკავშირებულ ყველა სადაო სამართალურთიერთობაში, რაც გამომდინარეობს ბავშვთა უფლებების კონვენციიდან და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-7 დამატებითი ოქმიდან.

 

ამ შემთხვევაში ბავშვის მშობლებს შორის ოჯახური ურთიერთობა შეწყდა ნ-----–---- ხ---–-–---–ის დაპატიმრებამდე. ამის მიუხედავად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოპასუხემ რამდენჯერმე წაიყვანა ბავშვი მამასთან პაემანზე. პაემანი შედგა მინის გამყოფ ბარიერს მიღმა.

 

სასჯელაღსრულების დაწესებულების დებულების მიხედვით, დასაშვებია პაემნის უფლებით სარგებლობა განხორციელდეს ბარიერს მიღმა სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის ნებართვით, თუკი პატიმარს არა აქვს დაკისრებული დისციპლინური სახდელი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის და ბავშვთა უფლებების კონვენცია ბავშვის აღზრდაში პრიორიტეტს ანიჭებს ოჯახურ გარემოს, თუმცა ამავე დროს ითვალისწინებს ბავშვის მშობელთან დაშორების შესაძლებლობას, რასაც საფუძვლად უდევს უპირველეს ყოვლისა, მშობლის უარყოფითი პიროვნული მახასიათებლები და ბავშვზე ნეგატიური ზეგავლენის დასაბუთებული საშიშროება. ,,ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციის მე-9 მუხლის მითითებით ბავშვის მშობელთან დაშორების საკითხი წყდება, როდესაც „კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს“.

 

ბავშვის საუკეთესო ინტერესების პრინციპიდან გამომდინარე უნდა გამოირკვეს ურთიერთობის მოთხოვნილი წესი ბავშვის ინტერებს შეესაბამება თუ არა და საკითხის გადაწყვეტის დროს მშობლის უფლების დაცვის პრიორიტეტულობაზე აქცენტირება არ ხდება.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ოჯახურ ცხოვრებაზე პატივისცემის უფლებიდან გამომდინარე სახელმწიფო გააჩნია არა მარტო ნეგატიური ვალდებულება (არ დაერღვიათ ის), არამედ პოზიტიურიც - ეზრუნათ იმისათვის, რომ ხელი შეეწყოთ ამ უფლების უზრუნველყოფისათვის. სახელმწიფო ვალდებულია იზრუნოს იმაზე, რომ განმტკიცდეს ოჯახური კავშირები და შექმნას კანონიერ გარანტიები იმისათვის, რომ ბავშვი დაბადებისთანავე ჩაებას ოჯახურ კავშირში. (იხ. 1994 წლის 26 მაისის გადაწყვეტილება CASE OF KEEGAN v. IRELAND )

 

სტრასბურგის სასამართლომ 2015 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში ( CASE OF ZAWADKA v. POLAND ) კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევად მიიჩნია ეროვნული სასამართლოების უმოქმედობა გადაედგათ ნაბიჯები, რათა მომხდარიყო მომჩივნის - მამის უფლების რეალიზება იძულებით აღსრულების შედეგად ენახა საკუთარი შვილი, როდესაც დედამ უარი განაცხადა დამორჩილებოდა მშობლებს შორის ადრე მიღწეულ შეთანხმებას. საბოლოოდ მომჩივანმა დაკარგა მუდმივი კონტაქტი ბავშვთან, მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს დამდგარა ეჭვქვეშ მის უნარები ყოფილიყო მშობელი, ამრიგად, ბავშვისა და მშობლის ურთიერთობის უფლება შეიძლება შეიზღუდოს, შემცირდეს ან გამოირიცხოს მხოლოდ მაშინ, თუ ეს აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის.

 

ამავე გადაწყვეტილებაში განმარტებულია, რომ სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს არსებოს თუ არა საკითხის გადაწყვეტისათვის უფრო ნაკლებად შემზღუდავი საშუალება, არის თუ არა უფლების შესაძლო შეზღუდვა, შემცირება ან გამორიცხვა პროპორციული ზომა და არის თუ არა უფლების შეზღუდვის შემცირების ან გამორიცხვის აუცილებლობა სათანადოდ დასაბუთებული.

 

ამ შემთხვევაში მარიამ ხ---–-–---–ის არის 4 წლის ასაკში. ნ-----–---- ხ---–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადა დაიწყო 2017 წლის 14 იანვრიდან და სასჯელის საპატიმრო ნაწილი სრულდება 2020 წლის 14 იანვარს, შესაბამისად, სასჯელის მოხდის დასრულებამდე დარჩენილია 1 წლისა და 2 თვის ვადა.

 

მოსარჩელესთან ბავშვის შეხვედრა უნდა გაიმართოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც უსაფრთხოების განსაკუთრებული მოთხოვნებია ვიზიტორების მიმართ.

 

ბავშვის უფლებების კონვენციის 12-ე მუხლის თანახმად, “1. მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბების უნარის მქონე ბავშვის უფლებას, თავისუფლად გამოთქვას თავისი შეხედულებები ნებისმიერ საკითხზე, რომელიც მას ეხება, ამასთან, ბავშვის შეხედულებებს სათანადო ყურადღება ეთმობა მისი ასაკისა და სიმწიფის შესაბამისად. ამ მიზნით ბავშვს, კერძოდ, ეძლევა შესაძლებლობა, მოუსმინონ მას სასამართლო თუ ადმინისტრაციული წესით ნებისმიერი საქმის განხილვისას, რომელიც ბავშვს ეხება, როგორც უშუალოდ, ასევე წარმომადგენლის ან შესაბამისი ორგანოს მეშვეობით, ეროვნული კანონმდებლობის პროცესუალური ნორმებით გათვალისწინებული წესით.”

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ შემუშავებულია ძირითად სახელმძღვანელო განმარტებების ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასების კრიტერიუმები. სასამართლოს განმარტებით, ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასება უნდა მოიცავდეს ბავშვის უფლების პატივისცემას, თავისუფლად გამოხატოს თავისი მოსაზრება ყველა საკითხზე, რომელიც მასზე ზეგავლენას ახდენს, და მის მიერ გამოთქმული მოსაზრებისთვის სათანადო მნიშვნელობის მინიჭებას. ეს ცალსახად არის ჩამოყალიბებული კომიტეტის #12 ზოგად კომენტარში, რომელშიც ყურადღება გამახვილებულია, აგრეთვე, განუყოფელ კავშირებზე მე-3 მუხლის პირველ პუნქტსა და მე-12 მუხლს შორის. ამ ორ ნორმას ურთიერთშემავსებელი როლი აქვს: პირველის მიზანს ბავშვის საუკეთესო ინტერესების რეალიზაცია წარმოადგენს, ხოლო მეორე ადგენს მეთოდოლოგიას ბავშვის ან ბავშვების მოსაზრებების მოსმენისა და მათი ჩართვისათვის ყველა იმ საკითხში, რომელიც მათ შეეხება, მათ შორის მათი საუკეთესო ინტერესების შეფასების პროცესში. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის სათანადო გამოყენება ვერ მოხდება, თუ არ დაკმაყოფილდა მე- 12 მუხლის მოთხოვნები. მსგავსად ამისა, მე-3 მუხლის პირველი პუნქტი აძლიერებს მე- 12 მუხლის ფუნქციურობას, ყურადღებას ამახვილებს რა ბავშვების არსებით როლზე მათ ცხოვრებაზე ზეგავლენის მომხდენი ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებაში.

 

სასამართლოს განმარტებით, როდესაც საქმე ეხება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს და უფლებას, მოუსმინონ, გათვალისწინებული უნდა იქნეს ბავშვის განვითარებადი უნარები (მე-5 მუხლი)... ბავშვის მომწიფებასთან ერთად მის მოსაზრებებს მეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს მისი საუკეთესო ინტერესების შეფასებისას. ჩვილებსა და მცირეწლოვან ბავშვებს იგივე უფლებები აქვთ, რაც ყველა ბავშვს, მათი საუკეთესო ინტერესების შეფასების მხრივ, მიუხედავად იმისა, რომ მათ არ შეუძლიათ თავიანთი მოსაზრების გამოხატვა ან საკუთარი თავის წარმოდგენა ისე, როგორც უფრო მოზრდილ ბავშვებს. სახელმწიფოებმა შესაბამისი ზომები უნდა მიიღონ, მათ შორის უზრუნველყონ წარმომადგენლობა შესაბამის შემთხვევებში, ბავშვთა საუკეთესო ინტერესების შეფასებისათვის; იგივე ვრცელდება იმ ბავშვებზე, რომლებსაც არ აქვთ მოსაზრების გამოხატვის უნარი ან ნება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ბავშვის აღზრდის პროცესში დედის როლი და მნიშვნელობა განსაკუთრებულია და ეს განპირობებულია დედასა და შვილს შორის მჭიდრო ბიოლოგიური კავშირით, რაც მყარდება ბავშვის დაბადებამდე. თუმცა ბავშვის აღზრდის პროცესში ასევე მნიშვნელოვანია მამის როლი, მისი პირადი და ინტენსიური მონაწილეობა ბავშვის აღზრდაში. ბავშვის უფლებაა აღიზარდოს ოჯახურ გარემოში, ბავშვმა უნდა შეიგრძნოს ორივე მშობლის ინტენსიური, უშუალო, ფიზიკური ჩართულობა მასზე ზრუნვაში.

 

მცირეწლოვანი ასაკის ბავშვთან მშობლების ურთიერთობის საკითხი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია მათი ურთიერთობის ხასიათზე, მშობლის დამოკიდებულებაზე და უნარებზე. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბავშვზე მზრუნველობის, მასთან ურთიერთობის საკითხის გადაწყვეტისას, მშობლის ინტერესსა და ბავშვის ინტერესს შორის უნდა იქნეს დაცული ბალანსი, რადგან ბავშვსა და მშობელს შორის ურთიერთობა ორივეს უფლებაა. ასეთ დავაში განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება ბავშვის ინტერესებს, რომლებსაც აქვთ პრიორიტეტული მნიშვნელობა მშობლის ინტერესებთან მიმართებით.

 

ბავშვს მისი ასაკის გამო არა აქვს დამოუკიდებლად მასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. ბავშვი ჯერ განვითარების პროცესშია და დამოკიდებულია მშობლების მიერ შექმნილ გარემოზე. მშობელთან ურთიერთობის შეზღუდვის საფუძვლები სათანადოდ უნდა იყოს დასაბუთებული და არგუმენტირებული და ამ საკითხის გადაწყვეტა ინდივიდუალურია ყოველი ოჯახისათვის ოჯახის წევრებს შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობის კვალობაზე.

 

სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პაემნების დროს დაწესებულების უსაფრთოხების წესების გათვალისწინებით პაემნით მოსარგებლე პირების უსაფრთხოებაც დაცულია, თუმცა პატიმრობაში მყოფ მშობელთან ურთიერთობისათვის მხოლოდ ეს ფაქტი განმსაზღვრელი ვერ იქნება. ასეთი საკითხის გადაწყვეტისათვის უმთავრესია თავად მშობლის პიროვნული მახასიათებლები, შვილის მიმართ მისი დამოკიდებულების ხასიათი, მშობლებს და ოჯახის სხვა წევრებს შორის არსებული ურთიერთობა.

 

სასჯელაღსრულების დაწესებულების ხელმძღვანელის ინფორმაციით მოსარჩელე სხვა პირებთან კომუნიკაციის დროს აგრესიას არ ამჟღავნებს. ამასთან, მოსარჩელის პირად საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ნ-----–---- ხ---–-–---–ის მიმართ მისგან მომდინარე საფრთხის გამო არაერთხელ დაწესებული იყო ელექტრონული მეთვალყურეობა, მათ შორის სასამართლოში სარჩელის აღძვრის შემდგომ პერიოდში. ამასთან, ნ-----–---- ხ---–-–---–ი მსჯავრებულია მისი არასრულწლოვანი ძმის - 13 წლის ბავშვის მიმართ ფიზიკური ძალადობისათვის. ეს დანაშაული ნ-----–---- ხ---–-–---–მა ჩაიდინა 2015 წლის 12 ივნისს, მარიამ ხ---–-–---–ის დაბადების შემდეგ.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ბავშვის მშობლებს შორის ურთიერთობა შეწყდა ნ-----–---- ხ---–-–---–ის დაპატიმრებამდე. დაპატიმრებამდე მას ბავშვის მიმართ მზრუნველი, ინტენსიური პირადი დამოკიდებულება არ ჰქონდა. ბავშვი ამჟამად არის 4 წლის ასაკის, რის გამოც ასაკის გამო განვითარების თავისებურების გამო მნიშვნელოვანია ჩამოუყალიბდეს სტაბილური და ჰარმონიული ურთიერთობა მშობლებთან, ნათესავებთან და ასეთი ურთიერთობის შედეგად მკაფიოდ აღიქვას მის აღზრდაში მშობლის მნიშვნელოვანი როლი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბავშვის ასაკის და მოპასუხის პატიმრობის დარჩენილი ვადის გათვალისწინებით ბავშვის აღზრდაზე დადებით ფსიქოლოგიურ გავლენას ვერ მოახდენს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მცირევადიანი პაემანი, რადგან ბავშვის შემეცნებაში ვერ განმტიცდება მამის მნიშვნელოვანი როლი მის აღზდრაში, ისეთ ვითარებაში როცა სხვა რაიმე ემოციური კავშირი მამასთან არა აქვს, ბავშვთან ურთიერთობა მამის ნათესავებს არა აქვთ და ისინი ბავშვის ცხოვრებაში არ მონაწილეობენ.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბავშვის ფსიქოემოციური განვითარებაზე დადებითი გავლენა არ ექნება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ბავშვის მოსარჩელესთან შეხვედრას, რადგან მათ შორის სხვაგვარი ურთიერთობა ჩამოყალიბებული არ არის და მათი ფრაგმენტული ურთიერთობა ძირითადად მამის პატიმრობის პირობებში ხდებოდა. აღნიშნული გარემოებების გამო მოსარჩელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს შეგებებული სარჩელი მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლის თანახმად, 1. მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. სასამართლოს შეუძლია შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუკიდებლად. 3. მეურვეობა ან მზრუნველობა დგინდება იმ ბავშვის მიმართ, რომლის ორივე მშობელს შეეზღუდა მშობლის უფლება ან მოვალეობა ამ კოდექსის შესაბამისად. 4. რამდენადაც ეს შესაძლებელია, მშობელს უნარჩუნდება ბავშვის რჩენის ვალდებულება, როცა მშობლის უფლება შეზღუდულია, ამ კოდექსით გათვალისწინებული საალიმენტო მოვალეობების შესაბამისად.

 

ამ ნორმით გათვალისწინებულია მშობლის უფლებებისა და მოვალეობების შეზღუდვა, რაც მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილებითაა შესაძლებელია. კანონით გათვალისწინებულია მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლებისა და მოვალეობის შეზღუდვა, თუმცა ეს ნორმა არ განსაზღვრავს მშობლის უფლების შეზღუდვის საფუძვლებს. შესაბამისად, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს მშობლებსა და არასრულწლოვან შვილებს შორის ურთიერთობის იმ ზოგადი პრინციპის საფუძველზე, რაც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლით, რომლის თანახმად მშობლის უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგენს ბავშვის ინტერესებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად, 1. მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. 11. დაუშვებელია არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდისას მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ აღზრდის ისეთი მეთოდების გამოყენება, რომლებიც არასრულწლოვნის ფიზიკურ ან/და ფსიქიკურ ტანჯვას იწვევს. 2. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. 3. მშობლებს უფლება აქვთ, განსაზღვრონ, თუ ვისთან და სად უნდა იცხოვროს შვილმა. 4. მშობლებს ევალებათ, დაიცვან თავიანთი არასრულწლოვანი შვილების უფლებები და ინტერესები, რაც მოიცავს შვილების ქონების მართვასა და გამოყენებას. 5. მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, განსაზღვრონ თავიანთ შვილებთან მესამე პირთა ურთიერთობის უფლება. 6. მშობლები არასრულწლოვანი შვილების კანონიერი წარმომადგენლები არიან და განსაკუთრებულ რწმუნებულებათა გარეშე გამოდიან მათი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად მესამე პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის, სასამართლოში.

 

სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლით განსაზღვრული არ არის მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ფარგლები, თუმცა წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მოიცავს ბავშვის სახელით ან მასთან დაკავშირებული სხვადასხვა იურიდიული მნიშვნელობის მქონე მოქმედებების შესრულებას. მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მოიცავს როგორც ქონებრივი, ისე არაქონებრივი უფლებამოსილებების ერთობლიობას. მშობლის წარმომადგენლობითი უფლებაა განკარგოს არასრულწლოვანი შვილის ქონება, შეიძინოს შვილის სასარგებლოდ ქონება, მიიღოს გადაწყვეტილება შვილის საცხოვრებელი ადგილის შესახებ, განათლების მიღების საკითხზე და მისი აღზრდის სხვა საკითხებზე.

 

სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლში პუნქტობრივად ცალ-ცალკეა მითითებული მშობლის უფლება-მოვალეობები შვილების მიმართ (პირველი-მე-5 ნაწილები) და მშობლის, როგორც შვილის წარმომადგენლის უფლებამოსილება (მე-6 ნაწილი). ამდენად, სამოქალაქო კანონმდებლობა მიჯნავს ერთმანეთისაგან მშობლის უფლება-მოვალეობებს, რომელიც გულისხმობს ურთიერთობებს მშობელსა და შვილს შორის და მშობლის, როგორც კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილებას, რომლის ფუნქციაა, უზრუნველყოს არასრულწლოვანი პირის ინტერესები მესამე პირებთან ურთიერთობაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეფასება მშობლის სხვა მოვალეობათა ჯეროვნად შესრულების საკითხისგან განცალკევებულად ვერ მოხდება, თუმცა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვა ავტომატურად არ გულისხმობს მშობლის უფლების ბოროტად გამოყენებას, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვა შეიძლება გამოწვეული იყოს არა მარტო მშობლის მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულებით, არამედ ისეთი ობიექტური გარემოებებით, რომლის გამოც მშობელი მოკლებულია შესაძლებლობას შეასრულოს შვილის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, იყო მისი წარმომადგენელი მესამე პირებთან ურთიერთობაში, რაც ბავშვის კანონიერი ინტერესის რეალიზაციას აფერხებს.

 

`ბავშვის უფლებათა კონვენციის” მე-3 მუხლის თანახმად ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი – სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები – უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვთა უფლებების შესახებ” კონვენციის მიხედვით საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამავე კოდექსის 1202-ე მუხლის მიხედვით მშობლებს თანაბრად აქვთ უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობლებს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები.

 

”ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, მშობლებთან შვილების ურთიერთობის საკითხში არსებითი და გადამწყვეტია ბავშვის ინტერესები, რადგან მშობლის უფლებები არ უნდა განხორციელდეს ბავშვის ინტერესების საზიანოდ. მშობლის უფლება უნდა განხორციელდეს ბავშვის ინტერესების შესაბამისად, მის სასიკეთოდ.

 

არასრულწლოვანს, მისი ასაკიდან გამომდინარე, არ შესწევს უნარი, კანონიერი წარმომადგენლისაგან დამოუკიდებლად მიიღოს მონაწილეობა სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობებში ან ნებისმიერ სხვა სფეროში და თვითონ გამოავლინოს ნება გარიგების დადების შესახებ, საცხოვრებელი ადგილის დამოუკიდებლად არჩევის, საგანმანათლებლო დაწესებულების შერჩევის და მისი აღზრდის სხვა საკითხებზე. მესამე პირებთან ურთიერთობაში ბავშვებს წარმოადგენენ მშობლები, რომლებიც შვილების სახელით გამოხატავენ ნებას ამა თუ იმ იურიდიული მოქმედებაზე, წყვეტენ ბავშვის აღზრდის დროს წამოჭრილ საკითხებს.

 

წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების დროს მშობელი შებოჭილია ვალდებულებით, დაიცვას თავისი არასრულწლოვანი შვილის უფლებები და ინტერესები, რაც მოიცავს არა მარტო შვილების ქონების მართვასა და გამოყენებას, არამედ მისი აღზრდის ყველა ასპექტს. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთისგან სამართლებრივი შინაარსით განსხვავდება მშობლის უფლება შვილის მიმართ და მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მესამე პირების მიმართ, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებისას მშობელი იმავდროულად ატარებს საკუთრივ მშობლის უფლება-მოვალეობებს შვილის მიმართ.

 

ამ შემთხვევაში დავის საგანია არასრულწლოვანის საზღვარგარეთ წაყვანის შესახებ თანხმობის საკითხში მოპასუხისათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვა. ამდენად, საკითხის გადასაწყვეტად უნდა შეფასდეს, ბავშვის აღზრდის პროცესზე მავნე ზეგავლენას ხომ არ მოახდენს ბავშვის საზღვარგარეთ წაყვანა და ამ საკითხში მოპასუხისათვის მშობლის უფლებამოსილების შეზღუდვა.

 

ბავშვის უახლოესი ნათესავები ბებია და ბიძა ცხოვრობენ და მუშაობენ იტალიაში, მათ მიღებული აქვთ ბინადრობის უფლება, გააჩნიათ იტალიაში რეგისტრირებული საცხოვრებელი ადგილი. ისინი ბავშვს სისტემატიურად ეხმარებიან მატერიალურად, აგზავნიან თანხას და სხვადასხვა საჭირო ნივთებს ბავშვის რჩენისათვის. ისინი აქტიურად არიან ჩართული ბავშვის აღზრდის პროცესში.

 

მოსარჩელე არ მოითხოვს ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას საზღვარგარეთ, მისი მოთხოვნაა დროებით, არდადეგებზე ან ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის პირობებში ევროკავშირის ტერიტორიაზე უვიზოდ ყოფნის ვადით ისარგებლოს და ბავშვთან ერთდ გაემგზავროს იტალიაში. მართალია ამ საქმეში დავის საგანი ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა არ არის, მაგრამ დავა შეეხება საზღვარგარეთ ბავშვის შედარებით ხანგრძლივი ვადით, არდადეგების პერიოდში წაყვანის საკითხს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბავშვის საზღვარგარეთ წაყვანა მისი ინტერესებისათვის საზიანო არ იქნება, რადგან მას მიეცემა უახლოეს ნათესავებთან პირადი ურთიერთობის შესაძლებლობა. ამასთან, მათთან გამგზავრებით უზრუნველყოფილი იქნება ბავშვის სათანადო საცხოვრებელი პირობები, რადგან დ-------- გ-------–---–ის დედას და ძმას იტალიაში გააჩნიათ რეგისტრირებული საცხოვრებელი ადგილი და ბავშვი საცხოვრებლით უზრუნველყოფილი იქნება მათთან.

 

ამ კონვენციის 12-ე მუხლის თანახმად, 1. მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბების უნარის მქონე ბავშვის უფლებას, თავისუფლად გამოთქვას თავისი შეხედულებები ნებისმიერ საკითხზე, რომელიც მას ეხება, ამასთან, ბავშვის შეხედულებებს სათანადო ყურადღება ეთმობა მისი ასაკისა და სიმწიფის შესაბამისად. 2. ამ მიზნით ბავშვს, კერძოდ, ეძლევა შესაძლებლობა, მოუსმინონ მას სასამართლო თუ ადმინისტრაციული წესით ნებისმიერი საქმის განხილვისას, რომელიც ბავშვს ეხება, როგორც უშუალოდ, ასევე წარმომადგენლის ან შესაბამისი ორგანოს მეშვეობით, ეროვნული კანონმდებლობის პროცესუალური ნორმებით გათვალისწინებული წესით.

 

მარიამ ხ---–-–---–ი არის 4 წლის, სადაო საკითხზე მისი მოსაზრებები გამორკვეულია სოციალური მომსახურების სააგენტოს ფსიქოლოგის მონაწილეობით, რომლის დასკვნაში მითითებულია იმის შესახებ, რომ ბავშვისათვის მნოშვნელოვანი ადამიანები არიან ბებია და ბიძა, უახლოეს ნათესავებთან ურთიერთობა კი ბავშვისათვის ოჯახური გარემოების შექმნის ინტერესებისათვის აუცილებელია.

 

"საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ" საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად 16 წლამდე ბავშვის საქართველოდან დროებითი გასვლა შესაძლებელია მისი ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის ნებართვით და სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის თანხლებით. ამდენად, ამ ნორმის საფუძველზე ერთერთი მშობელი უფლებამოსილია საქართველოდან დროებით წაიყვანოს მისი 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი შვილი სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის თანხლებით, თუ არსებობს ბავშვის ერთერთი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ ბავშვის საზღავარგარეთ წაყვანა არ მიაყენებს ზიანს ბავშვის აღზრდის ინტერესებს, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს. ვინაიდან მოპასუხე მისი არასრულწლოვანი შვილის მოსარჩელესთან საზღვარგარეთ გამგზავრების წინააღმდეგია, ხოლო ბავშვის საუკეთესო ინტერესებში შედის დედასთან ერთდ უცხოეთში გამგზავრება, მოპასუხეს უნდა შეეზღუდოს უფლება, რომლის საფუძველზე იგი აცხადებს თანხმობას არასრულწლოვანი შვილის საზღვრის კვეთის საკითხზე.

 

7. პროცესის ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამ ნორმის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟსი გადახდიგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები – არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ სარჩელებზე. ამ ნორმის საფუძველზე სარჩელზე და შეგებებულ სარჩელზე მოსარჩელეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან. იმსი გამო, რომ შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, ნ-----–---- ხ---–-–---–ს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის გადახდა. სასამართლო განმარტავს, რომ მშობლის წარმომადგენლობით უფლების შეზღუდვის შესახებ დავა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 14-ე მუხლის თაბახმად, მაგისტრატი სასამართლოს განსჯადი საოჯახო დავაა, ხოლო ამავე კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. ამდენად, ამ საქმეზე გადახდელი სახელმწიფო ბაჟია 50 ლარი, რაც მოპასუხეს უნდა გადაიხადოს შემდეგ ანგარიშზე - ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი - TRESGE22, ანგარიშის სახაზინო კოდი №30063150;

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხი.

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.

 

IV სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 247-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა

 

1. არ დაკმაყოფილდეს ნ-----–---- ხ---–-–---–ის კიკნაძის სარჩელი;

2. დაკმაყოფილდეს დ-------- გ-------–---–ის შეგებებული სარჩელი;

3. ნ-----–---- ხ---–-–---–ის შეეზღუდოს შვილის 2014 წლის 23 აპრილს დაბადებული მარიამ ხ---–-–---–ის მიმართ მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება ბავშვის საზღვარგარეთ წაყვანაზე თანხმობის უფლებაში;

 

4. ნ-----–---- ხ---–-–---–ს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი