გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 421210019003097090
N2/140-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
07.11.2019 წ. ქ. ყვარელი
შესავალი ნაწილი
ყვარლის მაგისტრატი სასამართლო
მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე
სხდომის მდივანი გვანცა სოლოღაშვილი
თავდაპირველი სარჩელი:
მოსარჩელე - ან- კე–--–-–--ლი;
წარმომადგენელი - ლო-–- ტუ--–--ლი;
მოპასუხე - გლ---- ღო----ძე;
წარმომადგენელი- ლა----- ჩა------ლი;
მესამე პირი- _სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ყვარლის რაიონული განყოფილება;
წარმომადგენელი - გი------ გო----ძე.
დავის საგანი - განქორწინება, მშობლის უფლების შეზღუდვა.
შეგებებული სარჩელი:
მოსარჩელე - - გლ---- ღო----ძე;
წარმომადგენელი- ლა----- ჩა------ლი.
მოპასუხე -ან- კე–--–-–--ლი.
წარმომადგენელი - ლო-–- ტუ--–--ლი.
მესამე პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ყვარლის რაიონული განყოფილება;
წარმომადგენელი - გი------ გო----ძე.
დავის საგანი - არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხე გლ---- ღო----ძეს არასრულწლოვანი შვილის, ლუ-- ღო----ძის (დაბადებული 2015 წლის 1 აპრილს პ/ნ 0----------- მიმართ შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთ, კერძოდ: საბერძნეთში დროებით გაყვანის თანხმობის გაცემის ნაწილში;
2. შეწყდეს ქორწინება მოპასუხე გლ---- ღო----ძესთან, რომელიც რეგისტრირებულია 2014 წლის 11 დეკემბერს, აქტის ჩანაწერი N0----------, სსგს გურჯაანის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ.
მოსარჩელე ან- კე–--–-–--ლი და და მოპასუხე გლ---- ღო----ძე ქორწინებაში იმყოფებიან 2014 წლის 11 დეკემბერიდან. მათ თანაცხოვრების პერიოდში 2015 წლის 1 აპრილს შეეძინათ ერთი შვილი ლუ-- ღო----ძე. მხარეთა შორის დაძაბული ურთიერთობის გამო მხარეთა ოჯახური თანაცხოვრება შეწყდა და ისინი ცხოვრობენ ცალ-ცალკე. თანაცხოვრების განმავლობაში, მეუღლეებს ხშირად ჰქონდათ კონფლიქტი. მოპასუხე გლ---- ღო----ძე მოსარჩელე ან- კე–--–-–--ლს აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. მხარეთა შორის ოჯახური თანაცხოვრების შეწყვეტის შემდეგ, მოსარჩელე ცხოვრობს მამის სახლში ყვარლის რაიონის სოფელ გავაზში არასრულწლოვან შვილთან ლუ-- ღო----ძესთან ერთად. მოპასუხე ცოლ-შვილთან განშორების შემდეგ ცდილობს ავნოს მათ და არ ზრუნავს შვილზე. ქორწინება ატარებს ფორმალურ ხასიათს და მოსარჩელე ითხოვს განქორწინებას. მოსარჩელის დედა ცხოვრობს საბერძნეთში და მოსარჩელეს სურს სტუმრად წაიყვანოს თავისი არასრულწლოვანი შვილი ბებიასთან, რომელსაც დაბადებიდან არ უნახავს შვილიშვილი და ამის დიდი სურვილი აქვს. მოპასუხე მხარე წინააღმდეგია და არ აძლევს საშუალებას მოსარჩელეს გაიყვანოს არასრულწლოვანი ლუ-- ღო----ძე დროებით საზღვარგარეთ, რითაც არამართებულად ილახება არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესები.
მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა იმ ნაწილში, რომ იგი მოითხოვს მოპასუხისათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვას არასრულწლოვანი ბავშვის, ლუ-- ღო----ძის მიმართ პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთ (საბერძნეთში) დროებით გაყვანის ნაწილში.
თავდაპირველმა მოსარჩელემ შეგებებული სარჩელი სცნო ნაწილობრივ დაეთანხმა, რომ გლ---- ღო----ძემ ნახოს არასრულწლოვანი შვილი სკოლის ასაკამდე საცხოვრებელ ადგილას მის მიერ მოთხოვნილ დროს და ვადებში, ხოლო სკოლის ასაკიდან მოთხოვნილ დროს წაიყვანოს თავის საცხოვრებელ ადგილას.
2. მოპასუხის პოზიცია
თავდაპირველი მოპასუხე გლ---- ღო----ძე არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის ნაწილში. მოპასუხის მითითებით, მოცემულ ეტაპზე არ არსებობს ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანის აუცილებლობა და მას მიაჩნია, რომ მოსარჩელეს სურს არასრულწლოვანი შვილი წაიყვანოს საზღვარგარეთ სამუდამოდ და დააშოროს მას. მოპასუხე გლ---- ღო----ძის განმარტებით, მას მოსარჩელე უზღუდავს შვილთან ურთიერთობას, რამდენჯერაც მივიდა ყვარელში ბავშვის სანახავად ან- კე–--–-–--ლმა ბავშვი დაუმალა და არ აჩვენა. მოპასუხე გლ---- ღო----ძე მიუთითებს იმ საფრთხეზე, რომ შესაძლებელია მოსარჩელემ საცხოვრებლად საზღვარგარეთ წაიყვანოს არასრულწლოვანი ბავშვი, რითაც მოპასუხეს აღარ ექნება შესაძლებლობა მონაწილეობდეს შვილის აღზრდაში და ჰქონდეს მასთან რეგულარული პირადი ურთიერთობები.
რაც შეეხება განქორწინებას, მოპასუხე გლ---- ღო----ძემ ამ ნაწილში სარჩელი სცნო.
(შესაგებელი, სასამართლოს სხდომის ოქმები).
თავდაპირველმა მოპასუხემ და შეგებებული სარჩელის მოსარჩელემ გლ---- ღო----ძემ მოთხოვა არასრულწლოვან შვილთან ლუ-- ღო----ძესთან ერთიერთობის წესის განსაზღვრა, კერძოდ: სკოლამდელ ასაკში, ყოველი თვის პირველი კვირის პარასკევი დღის 10:00 საათიდან კვირა დღის 18:00 საათამდე მამის სახცოვრებელ ადგილას წაყვანით, ასევე ზამთრის არდადეგებზე ერთი კვირა და ზაფხულის არდადეგებზე ორი კვირა გაატაროს მამის სახცოვრებელ ადგილას. სკოლის ასაკიდან ყოველი თვის პირველი კვირის პარასკევი დღის 10:00 საათიდან კვირა დღის 18:00 საათამდე მამის სახცოვრებელ ადგილას წაყვანით და ყველა არადადეგებზე და სასდღესასწაულო დღეებში დროის ნახევარი გაატაროს მამის სახცოვრებელ ადგილას.
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ყვარლის რაიონული განყოფილების შეფასებით, ბავშვის უფლებებიდან და მათი ინტერესებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია მის აღზრდაში მონაწილეობას იღებდეს ორივე მშობელი, თანაბარი პირობებით. ორივე მშობლის ოჯახი ვალდებულია იზრუნოს და შეუქმნას ბავშვს განვითარებისა და აღზრდისათვის კეთილსაიმედო გარემო. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ ბავშვის აღზრდაზე ზრუნავს დედა, დედის მამა და ბებია, რომელიც იმყოფება საბერძნეთში და ყოველთვიურად ოჯახისათვის აგზავნის 200-300 ევროს. ასევე ან- კე–--–-–--ლს ეხმარება დეიდა და ბებია, რომლებიც მასთან მეზობლად ცხოვრობენ, ხოლო მამა გლ---- ღო----ძე არავითარ მონაწილეობას არ იღებს შვილის აღზრდა-განვითარებასა და რჩენაში. არასრულწლოვანი ბავშვი განვითარებულია ასაკის შესაბამისად, აქვს კეთილმოწყობილი საყოფაცხოვრებო პირობები, ჰყავს მზრუნველი და მოსიყვარულე დედა, პაპა და ნათესავები. ბავშვს აქვს მიჯაჭვულობა დედასთან. მიზანშეწონილია მშობლებმა ყველა საკითხი გადაწყვიტო ურთიერთშეთანხმებით.
_სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ყვარლის რაიონული განყოფილების
წარმომადგენელ - გი------ გო----ძის მოსაზრებით, შესაძლებელია ან- კე–--–-–--ლმა დროებით, მცირე ხნით წაიყვანოს არასრულწლოვანი საზღვარგარეთ საქართველოში დაბრუნების ვალდებულებით.
ასევე სოციალური სამსახურის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მამას უნდა ჰქონდეს ურთიერთობა ბავშვთან და თან გათვალისწინებული იქნას მისი ასაკი და დედისადმი მიჯაჭვულობა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ან- კე–--–-–--ლი და გლ---- ღო----ძე დაქორწინდნენ 2014 წლის 11 დეკემბერს. მათ თანაცხოვრების პერიოდში, 2015 წლის 1 აპრილს შეეძინათ შვილი ლუ-- ღო----ძე ;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N0-------------
- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N0---------- .
3.1.2. მხარეები 2016 წლის 03 ნოემბრიდან აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად. მოსარჩელე ან- კე–--–-–--ლი არასრულწლოვან შვილთან, ლუ-- ღო----ძესთან ერთად ცხოვრობს მამასთან ერთად. მოსარჩელის მამა ცხოვრობს ყვარლის რაიონის სოფელ გავაზში, ხოლო დედა ცხოვრობს საბერძნეთში;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).
3.1.3. მოსარჩელე მხარე დასაქმებულია და მუშაობს მაღაზიაში. მოსარჩელე მხარეს მატერიალურად ეხმარებიან მშობლები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).
3.1.4. სოციალური მომსახურების სააგენტოს ყვარლის რაიონული განყოფილების მიერ მომზადებული დასკვნის მიხედვით, სოციალური მუშაკის ვიზიტი განხორციელდა მოსარჩელე ან- კე–--–-–--ლის საცხოვრებელ მისამართზე ყვარლის რაიონის სოფელ გავაზში. სოციალური მუშაკი შეხვდა და გაესაუბრა მოსარჩელე ან- კე–--–-–--ლს, ბავშვს და მათი ოჯახის წევრებს.
ლუ-- ღო----ძე ცხოვრობს ყვარლის რაიონის სოფელ გავაზში ორსართულიან სახლში, სადაც 6 ოთახია. საცხოვრებლის, ზოგადი და ჰიგიენური მდგომარეობა, დამაკმაყოფილებელია. ოჯახის შემოსავალია თვეში 1200 ლარი. მოსარჩელეს აქვს ხელფასი 200 ლარი, ბავშვის პაპას აქვს პენსია 200 ლარი, მოსარჩელის დედა იმყოფება საბერძნეთში და ყოველთვიურად ოჯახს უგზავნის 200-300 ევროს.
ლუ-- ღო----ძე ფიზიკურად კარგად განვითარებულია, პრაქტიკულად ჯანმრთელია, დადის საბავშვო ბაღში, იცის ლექსები, აქვს სიტუაციის ადეკვატური აღქმის და განსჯის უნარი. საბავშვო ბაღში ჰყავს მეგობრები, გარშემომყოფების მიმართ ამჟღავნებს სიყვარულს, დედასთან აქვს მიჯაჭვულობა.
დედას სურს შვილი წაიყვანოს საბერძნეთში ბებიის სანახავად, მაგრამ ამას ეწინააღმდეგება ბავშვის მამა გლ---- ღო----ძე. ან- კე–--–-–--ლი არ არის წინააღმდეგი მამას ჰქონდეს ბავშვთან ურთიერთობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ყვარლის რაიონული განყოფილების 2019 წლის 22 აგვისტოს დასკვნა N4068 ;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოსარჩელე ან- კე–--–-–--ლის დედა ცხოვრობს საბერძნეთში. მოსარჩელე მხარე აპირებს ესტუმროს დედას და სურს წაიყვანოს თავისი არასრულწლოვანი შვილი ლუ-- ღო----ძეც. მისი მიზანია მხოლოდ მცირე დროით საქართველოს ფარგლებს გარეთ კონკრეტულ ქვეყანაში გამგზავრება, თავისი დედის მონახულება და თავის არასრულწლოვან შვილთან ერთად საქართველოში დაბრუნება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები);
3.2.2. სასამართლო იზიარებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ბავშვის სწორი აღზრდა-განვითარებისთვის აუცილებელია მას ურთიერთობა ჰქონდეს ორივე მშობელთან. ამასთან, არამართებულად არ უნდა შეიზღუდოს არასრულწლოვანი ბავშვის თავისუფალი გადაადგილების უფლება. მოსარჩელე ან- კე–--–-–--ლმა დამაჯერებლად, ადეკვატურად დააფიქსირა თავისი პოზიცია. მას სურს საზღვარგარეთ დროებით წასვლა, დედის მონახულება და სხვა ქვეყნების დათვალიერება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას, რომ ან- კე–--–-–--ლს სურს მამას შვილი დააშოროს, ან სურს სამუდამოდ დარჩეს საცხოვრებლად საზღვარგარეთ. არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებისა და მისი უფლებების უპირატესად დაცვის თვალსაზრისით, არ გამოკვეთილა არასრულწლოვანი ლუ-- ღო----ძისათვის პასპორტის აღებისა და საქართველოს საზღვრებს გარეთ კონკრეტულ ქვეყნებში დროებით გაყვანისათვის რაიმე ხელისშემშლელი გარემოება, რაც ბავშვისთვის საზიანო და საფრთხისშემცველი იქნებოდა;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).
_მესამე პირის ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმები).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა სარჩელი, მოისმინა მხარეთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და ფაქტობრივ გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, მივიდა დასკვნამდე, რომ თავდაპირველი სასარჩელო მოთხოვნა არასრულწლოვანი შვილის მიმართ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის თაობაზე ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით უნდა დაკმაყოფილდეს.
თავდაპირველმა მოპასუხემ ცნო სარჩელი განქორწინების მოთხოვნის ნაწილში, რაც წარმოადგენს ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს;
სასამართლომ განიხილა შეგებებული სარჩელის მოსარჩელის, გლ---- ღო----ძის მოთხოვნა, მოისმინა მხარეთა, წარმომადგენელთა, ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის მოსაზრებები, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და ფაქტობრივ გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ გლ---- ღო----ძის სარჩელი ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის შესახებ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, რაც გამომდინარეობს არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესებიდან და შეესაბამება მშობელთა და შვილის ურთიერთდამოკიდებულების მართებულობას.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ გამოიყენა:
- ’’ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ მე-3, მე-12-ე, მე-18-ე და 27-ე მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1199-ე, 1202-ე, 1205-ე, 1122-ე, 1127-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. მოსარჩელე ან- კე–--–-–--ლმა მოითხოვა მოპასუხე გლ---- ღო----ძისათვის არასრულწლოვანი შვილის, ლუ-- ღო----ძის(დაბადებული 2015 წლის 1 აპრილს) მიმართ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების ნაწილობრივ შეზღუდვა, კერძოდ, პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთ ( საბერძნეთში) დროებით გაყვანის შესახებ თანხმობის გაცემის ნაწილში.
სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ამავე კოდექსის 1199-ე მუხლის მიხედვით, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.
სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლით: 1. მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. 2. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები.
სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლის თანახმად, 1. მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. სასამართლოს შეუძლია შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუკიდებლად.
კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს უფლებას შეზღუდოს მშობლის ერთ-ერთი უფლება. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა კონკრეტულ სფეროში მოპასუხის მიერ ნებართვის გაცემის ნაწილში. დადგენილია, რომ მხარეები, ან- კე–--–-–--ლი და გლ---- ღო----ძე 2016 წლის 03 ნოემბრიდან აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად. მოსარჩელე ან- კე–--–-–--ლი არასრულწლოვან შვილთან, ლუ-- ღო----ძესთან ერთად ცხოვრობს მშობლებთან საცხოვრებელ ბინაში. მოსარჩელის მამა პენსიონერია. დედა ცხოვრობს და მუშაობს საბერძნეთში. თავად მოსარჩელე მუშაობს მაღაზიაში.
საქმეში წარმოდგენილი მასალებით, სოციალური მუშაკის ვიზიტი განხორციელდა მოსარჩელე ან- კე–--–-–--ლის საცხოვრებელ ადგილას, ყვარლის რაიონის სოფელ გავაზში. აღნიშნული ბინა არის მოსარჩელის მშობლების. საცხოვრებლის ზოგადი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, ბინაში განთავსებულია საჭირო ავეჯი და ტექნიკა, დაცულია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. ბავშვი დადის საბავშვო ბაღში. ვიზიტის დროს არასრულწლოვანი გამოიყურებოდა მოწესრიგებულად. ამდენად, დადგენილია, რომ მოსარჩელეს თავის საცხოვრებელ ადგილას შექმნილი აქვს ბავშვის აღზრდისათვის ნორმალური საცხოვრებელი და სოციალური გარემო-პირობები. არასრულწლოვანი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. იგი იზრდება უსაფრთხო და კეთილსაიმედო გარემოში.
სოციალური სამსახურის მიერ ვერ შემოწმდა მოპასუხე გლ---- ღო----ძის საცხოვრებელი გარემო-პირობები. მიზეზები სასამართლოსათვის უცნობია, მხოლოდ ცნობილი გახდა მოპასუხე გლ---- ღო----ძის წარმომადგენლის ლა----- ჩა------ლის მხრიდან, რომ ხაშურის სოციალური მომსახურების სააგენტოს განყოფილებამ ვერ შეძლო დროის გამონახვა საკითხის შესასწავლად.
,,საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, 16 წლამდე ბავშვის, აგრეთვე ქმედუუნარო პირის საქართველოდან დროებითი გასვლა შესაძლებელია მისი ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის ნებართვით და სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის თანხლებით. 2. 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვნის, თუ იგი არ იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში, საქართველოდან დროებითი გასვლისათვის საჭიროა მისი ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა. 3. არასრულწლოვანს, აგრეთვე ქმედუუნარო პირს, რომელსაც საზღვარგარეთ დროებით გამგზავრებისას თან არ ახლავს კანონიერი წარმომადგენლები, ამ უკანასკნელთა შუამდგომლობის საფუძველზე მიეცემა პასპორტი.
საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემისათვის ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა საკმარისია, თუ: ა) მეორე კანონიერი წარმომადგენელი იძებნება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით; ბ) მეორე კანონიერი წარმომადგენელი გარდაცვლილი, ქმედუუნარო ან უგზო-უკვლოდ დაკარგულია; გ) მეორე კანონიერი წარმომადგენლის მძიმე ავადმყოფობის გამო შეუძლებელია ნების გამოხატვა, რაც დასტურდება შესაბამისი ცნობით; დ) არასრულწლოვანი 16 წელს მიღწეულია; ე) არასრულწლოვანი მარტოხელა დედის შვილია. 4. არასრულწლოვანი ან ქმედუუნარო პირის საქართველოდან დროებითი გასვლის საკითხზე კანონიერ წარმომადგენელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავა გადაწყდება სასამართლოს წესით.
საოჯახო ურთიერთობების განსაკუთრებულობას და სპეციფიკურობას ადასტურებს საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლიც, რომლითაც სახელწიფოს მიერ აღიარებულია ვალდებულება, ხელი შეუწყოს ოჯახის კეთილდღეობას. ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტისას სასამართლომ უტყუარად და სარწმუნოდ უნდა დაადგინოს მიღებული გადაწყვეტილების ბავშვის ინტერესებისათვის ყველაზე უკეთ შესაბამისობა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, 7-დან 18 წლამდე არასრულწლოვანთა, აგრეთვე შეზღუდულ ქმედუნარიანად აღიარებულ მოქალაქეთა უფლებებსა და კანონით დაცულ ინტერესებს სასამართლოში იცავენ მათი მშობლები, მშვილებლები ან მზრუნველები. ამასთანავე, სასამართლო ვალდებულია ასეთ საქმეებში ჩააბას თვით არასრულწლოვნებიც.
,,ბავშვის უფლებების კონვენციის“ მე-12 მუხლის თანახმად, 1. მონაწილე სახელწმიფოები უზრუნველყოფენ საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბების უნარის მქონე ბავშვის უფლებას, თავისუფლად გამოთქვას თავისი შეხედულება ნებისმიერ საკითხზე, რომელიც ეხება მას. ამასთან ბავშვის შეხედულებებს სათანადო ყურადღება ეთმობა მისი ასაკისა და სიმწიფის შესაბამისად. 2 ამ მიზნით ბავშვს, კერძოდ, ეძლევა შესაძლებლობა, მოუსმინონ მას სასამართლო თუ ადმინისტრაციული წესით საქმის განხილვისას, რომელიც ბავშვს ეხება, როგორც უშუალოდ, ასევე წარმომადგენლის ან შესაბამისი ორგანოს მეშვეობით, ეროვნული კანონმდებლობის პროცესუალური ნორმებით დადგენილი წესით. ამავე კონვენციის მე-13 მუხლის მიხედვით, 1. ბავშვს უფლება აქვს თავისუფლად გამოთქვას თავისი აზრი.
მოცემულ საქმეზე, არასრულწლოვან ლუ-- ღო----ძესთან, სასამართლოს კომუნიკაცია არ ჰქონია, რადგან იგი მცირეწლოვანია და სასამართლო შემოიფარგლა სოციალური სამსახურის მხრიდან მომზადებული დასკვნით.
არასრულწლოვანი ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით, დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასთან და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას. მხარეები ვერ შეთანხმდნენ არასრულწლოვანი ბავშვის მიმართ პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთ დროებით გაყვანის ნაწილში მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის საკითხთან დაკავშირებით. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მხარე არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას იმაზე მითითებით, რომ არ იკვეთება კონკრეტული საჭიროება და აუცილებლობა არასრულწლოვანი ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანის თაობაზე და შიშობს, რომ დედა აღარ დააბრუნებს ბავშვს საქართველოში, რითაც მას მოესპობა შესაძლებლობა ბავშვის ნახვის და მის აღზრდაში მონაწილეობის.
მშობლებს აქვთ თანაბარი უფლებები შვილის მიმართ, ამასთან ეკისრებათ პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, მათ შორის მის მშვიდ, ჯანსაღ ემოციურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობის უზრუნველყოფაზეც. აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლო იზიარებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიციას მოპასუხისათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით. ბავშვის სწორი აღზრდა-განვითარებისთვის აუცილებელია მას ურთიერთობა ჰქონდეს ორივე მშობელთან. ამასთან, არამართებულად არ უნდა შეიზღუდოს არასრულწლოვანი ბავშვის თავისუფალი გადაადგილების უფლება. სოციალური სამსახურის მითითებით, მიზანშეწონილად მიაჩნია არასრულწლოვანი ბავშვის გაყვანა მოხდეს კონკრეტულ ქვეყნაში და ზუსტად იქნეს მითითებული ის პერიოდი, რა დროის განმავლობაშიც, მოსარჩელე შესძლებს არასრულწლოვანი ლუ-- ღო----ძის საქართველოს ფარგლებს გარეთ გაყვანას. ამასთან, უნდა იყოს გარანტირებული სამართლებრივი საფუძველი, რომ კონკრეტულ პერიოდში არასრულწლოვანი ბავშვი ჩამოიყვანოს საქართველოს ტერიტორიაზე, სადაც არის ბავშვის მუდმივი საცხოვრებელი. მოცემული დავის განხილვის მიმდინარეობისას, მოსარჩელე მხარემ ნათლად და დამაჯერებლად განმარტა, რომ მას სურს მხოლოდ მცირე დროით წაიყვანოს არასრულწლოვანი საბერძნეთში ბებიის მოსანახულებლად და დააბრუნოს საქართველოში. იგი არ აპირებს საზღვარგარეთ ცხოვრებას, არც ბავშვთან ერთად და არც მის გარეშე. საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რაც მოპასუხე გლ---- ღო----ძის პოზიციას და ბავშვის საზღვარგარეთ დატოვების ვარაუდის საფუძვლიანობას დაადასტურებდა.
თავად მოსარჩელე ან- კე–--–-–--ლი არ აპირებს საზღვარგარეთ საცხოვრებლად გამგზავრებას, ვინაიდან იგი ვერ დატოვებს თავის მამას საქართველოში. მისი მიზანია მხოლოდ მცირე დროით საქართველოს ფარგლებს გარეთ კონკრეტულ ქვეყანაში გამგზავრება, თავისი დედის მონახულება და თავის არასრულწლოვან შვილთან ერთად საქართველოში დაბრუნება.
მოცემულ საქმეზე, არ გამოკვეთილა არასრულწლოვანი ლუ-- ღო----ძის პასპორტის აღებისა და საქართველოს საზღვრებს გარეთ კონკრეტულ ქვეყნებში დროებით გაყვანისათვის რაიმე ხელისშემშლელი გარემოება, რაც ბავშვისთვის საზიანო და საფრთხისშემცველი იქნებოდა. ამდენად, არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებისა და მისი უფლებების უპირატესად დაცვის თვალსაზრისით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ან- კე–--–-–--ლის სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და დავის საგანთან მიმართებით მხარეთა განმარტებების, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიციის საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ან- კე–--–-–--ლის სასარჩელო მოთხოვნა მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს. სასამართლო აქვე განმარტავს, რომ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა არ გულისხმობს მშობლისათვის შვილთან ურთიერთობის უფლების ჩამორთმევას ან შვილთან ურთიერთობის უფლების შეზღუდვას. მოპასუხე მხარეს უნარჩუნდება ბავშვთან როგორც პირადი, ისე კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებებით ურთიერთობის უფლება.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით.
მოსარჩელე ან- კე–--–-–--ლი და მოპასუხე გლ---- ღო----ძე დაქორწინდნენ 2014 წლის 11 დეკემბერს. მათ თანაცხოვრების პერიოდში, 2015 წლის 01 აპრილს, შეეძინათ შვილი ლუ-- ღო----ძე. მხარეები 2016 წლიდან ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ, მათ შორის საქორწინო ურთიერთობა ფაქტობრივად შეწყვეტილია.
სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის თანახმად, 1. განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით. 2. სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. 3. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.
მოპასუხე გლ---- ღო----ძემ ცნო სასარჩელო მოთხოვნა განქორწინების შესახებ საქმის მომზადების სტადიაზე. ამდენად, დადგენილია, რომ მხარეთა ერთად ცხოვრება და მათი ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი. ქორწინება დაფუძნებულია ნებაყოფლობითობის პრინციპზე და ამასთან საოჯახო სამართალი განამტკიცებს განქორწინების თავისუფლების პრინციპს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ვინაიდან მოპასუხე გლ---- ღო----ძემ მოსამზადებელ ეტაპზე სცნო სარჩელი განქორწინების ნაწილში მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
ამდენად, სარჩელი ან- კე–--–-–--ლს და გლ---- ღო----ძეს შორის განქორწინების შესახებ მოთხოვნის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.
6.3. თავდაპირველმა მოპასუხემ და შეგებებული სარჩელის მოსარჩელემ გლ---- ღო----ძემ მოთხოვა არასრულწლოვან შვილთან ლუ-- ღო----ძესთან ერთიერთობის წესის განსაზღვრა, კერძოდ: სკოლამდელ ასაკში, ყოველი თვის პირველი კვირის პარასკევი დღის 10:00 საათიდან კვირა დღის 18:00 საათამდე მამის სახცოვრებელ ადგილას წაყვანით, ასევე ზამთრის არდადეგებზე ერთი კვირა და ზაფხულის არდადეგებზე ორი კვირა გაატაროს მამის სახცოვრებელ ადგილას. სკოლის ასაკიდან ყოველი თვის პირველი კვირის პარასკევი დღის 15:00 საათიდან კვირა დღის 18:00 საათამდე მამის სახცოვრებელ ადგილას წაყვანით და ყველა არადადეგებზე და სასდღესასწაულო დღეებში დროის ნახევარი გაატაროს მამის სახცოვრებელ ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ, ხოლო ამავე კოდექსის 1198-ე მუხლით დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილნი და მოვალენი არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.
სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.
დადგენილია, რომ მხარეებს, ან- კე–--–-–--ლსა და გლ---- ღო----ძეს ქორწინების პერიოდში, 2015 წლის 01 აპრილს შეეძინათ შვილი ლუ-- ღო----ძე. მხარეთა შორის ოჯახური თანაცხოვრება შეწყდა და არასრულწლოვანი ბავშვი ცხოვრობს დედასთან, ან- კე–--–-–--ლთა. როგორც საქმეში წარმოდგენილი სოციალური სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნიდან ირკვევა, ან- კე–--–-–--ლი მამასთან და არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს მისამართზე, ყვარლის რაიონის სოფელი გავაზი. საცხოვრებლის საყოფაცხოვრებო პირობები დამაკმაყოფილებელია, დაცულია ჰიგიენურ-სანიტარული ნორმები. მოპასუხის საცხოვრებელი დაცული და უსაფრთხოა ბავშვისათვის და შექმნილია სათანადო პირობები მისი ჯანსაღი განვითარებისათვის. ან- კე–--–-–--ლის განმარტებით, მას ბავშვის აღზრდის საკითხებთან დაკავშირებით ეხმარება მამა (ბავშვის პაპა). მოპასუხის მამა არის პენსიონერი. ამდენად, დადგენილია, რომ არასრულწლოვანი ლუ-- ღო----ძე იზრდება კეთილსაიმედო, მზრუნველ და უსაფრთხო გარემოში.
მოპასუხე ან- კე–--–-–--ლი არ არის წინააღმდეგი მამას ურთიერთობა ჰქონდეს არასრულწლოვან შვილთან, უფრო მეტიც, იგი მაქსიმალურად შეუწყობს ხელს მოსარჩელის ბავშვთან რეგულარულ ურთიერთობას. მოპასუხე თანახმაა მოსარჩელე გლ---- ღო----ძემ ბავშვი ინახულოს სკოლის ასაკამდე მოთხოვნილ დროში და დღეებში, მაგრამ, რადგან ბავშვი პატარაა, არ იცნობს მამას კარგად, წინააღმდეგია მამამ წაიყვანოს თავის საცხოვრებელ ადგილას ღამის თევით. რაც შეეხება შემდგომ პერიოდს, ან- კე–--–-–--ლი თანახმაა გლ---- ღო----ძემ ბავშვი სკოლის ასაკიდან თავის მიერ მოთხოვნილი დროით წაიყვანოს საცხოვრებელ ადგილას. ან- კე–--–-–--ლმა განმარტა, რომ ბავშვი არის მასზე მიჟაჭვული, მის გარეშე არ იძინებს და სკოლამდე ასაკში მისი ღამისთევით წაყვანა იქნება შეუძლებელი, რადგან ბავშვი ამას ვერ აიტანს.
“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. ამავე კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს.
როგორც საქართველოს კანონმდებლობა, ისე საერთაშორისო სამართლის ნორმები, მკაფიოდ ასახავს და მიუთითებს ბავშვთან ურთიერთობის წესების დადგენისას მშობლების თანაბარ უფლებებსა და მოვალეობებს ბავშვთან მიმართებით.
საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლით სახელმწიფოს მიერ აღიარებულია ვალდებულება, ხელი შეუწყოს ოჯახის კეთილდღეობას. საოჯახო ურთიერთობებში ბავშვთან დაკავშირებულ საკითხებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. კანონი პატივს სცემს მშობლის უფლებას ურთიერთობა იქონიოს შვილებთან, მაგრამ აღნიშნული უფლების განხორციელების საკითხის გადაწყვეტისას უპირატესობას ანიჭებს ბავშვის ინტერესებს, ვინაიდან მიიჩნევს, რომ ბავშვი უნდა იზრდებოდეს მყუდრო, მშვიდ, ოჯახურ გარემოში, რა დროსაც ითვალისწინებს მის ასაკს, პირად მიდრეკილებას მშობლებისადმი, იმ სოციალურ და ყოფით გარემოს, სადაც ბავშვს მოუწევს ყოფნა და მისი სამომავლო განვითარება და კეთილდღეობა.
სასამართლო ითვალისწინებს ან- კე–--–-–--ლის მოსაზრებას, რომ ბავშვი, სკოლამდელ ასაკში, შეიძლება ვერ შეეგუოს დედასთან რამდენიმე დღით დაშორება, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ბავშვს ამ ეტაპზე არა აქვს მამასთან ურთიერთობა და იგი მისთვის თითქმის უცხოა. მართალია ხაშურის სოციალური სამსახურის მიერ ვერ მოხერხდა გლ---- ღო----ძის საცხოვრებელი პირობების შემოწმება, მაგრამ სასამართლო ითვალისწინებს ბავშვის დედის ან- კე–--–-–--ლის სურვილს, რომ იგი არ არის წინააღმდეგი მამის შვილთან ურთიერთობის და სკოლის ასაკიდან მასთან საცხოვრებელ ადგილას წაყვანის თაობაზე.
სამოქალაქო კანონმდებლობა ბავშვთან ურთიერთობის წესების დადგენისათვის თანაბარ უფლებებს განსაზღვრავს ბავშვის მშობლების მიმართ, სწორედ ამიტომ ამ უფლების განსაზღვრისა და გამოყენების წესების დადგენა, სასამართლოს მიერ მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში ხდება, ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით. სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ბავშვის ასაკი, პირადი დამოკიდებულება მშობლისადმი, მათი ცხოვრების წესი და ფსიქოლოგიური მდგომარეობა. საქმეში წარმოდგენილი სოციალური მუშაკების დასკვნებიდან ვლინდება არასრულწლოვან ბავშვს უსაფრთხო გარემო აქვს დედის ოჯახში, ხოლო დედის ან- კე–--–-–--ლის განმარტებით, იგი არ არის წინააღმდეგი მამის და შვილის ურთიერთობით, მხოლოდ საცხოვრებელ ადგილას წაყვანა მოხდეს გარკვეული დროის შემდეგ.
სასამართლოს განსახილველია არა მშობლის უფლება, ურთიერთობა ჰქონდეს საკუთარ შვილთან და ნახოს იგი, არამედ ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესი, ოჯახური გარემოს ჰარმონიული აღქმისა და აღზრდა-განვითარებისათვის ყველა პირობა ჰქონდეს, რათა კონტაქტი არ დაიკარგოს მშობელთან, მიუხედავად მშობლების დაშორებისა. ,,ბავშვები უნდა იყვნენ განხილული არა როგორც მშობლების საკუთრება, არამედ როგორც საკუთარი უფლებებისა და საჭიროებების მქონე ინდივიდები (ევროპის საბჭოს ასამბლეა, 31-ს სესია, რეკომენდაციები ბავშვთა უფლებების ევროპულ ქარტიაზე, ტექსტი მიღებული 04.10.1979წ.). სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი დანაწესი იძლევა ცალსახა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება და მათთვის ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვანის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება.
ამ ეტაპზე, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბავშვი მამასთან არ დარჩენილა ღამე დედის გარეშე და ამიტომ არ არის მიჩვეული იმ საცხოვრებელ გარემოს, რამაც შეიძლება თავდაპირველად გარკვეული დისკომფორტიც შეუქმნას. თუმცა, თუკი ბავშვს ექნება ინტენსიური ურთიერთობა მამასთან, შესაბამისად, მიეჩვევა მამის საცხოვრებელ გარემო-პირობებს და მზად იქნება ღამით დარჩენისთვისაც.
სასამართლო პატივს სცემს ორივე მშობლის უფლებას თაბარი ურთიერთობა ჰქონდეთ არასრულწლოვან შვილებთან, მაგრამ, სასამართლო განმარტავს, რომ არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალი წერტილი არის მისი საუკეთესო ინტერესები. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო იზიარებს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ყვარლის რაიონული განყოფილების წარმომადგენლის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ბავშვის სწორი აღზრდა-განვითარებისთვის აუცილებელია მას ურთიერთობა ჰქონდეს ორივე მშობელთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ თავდაპირველად ურთიერთობა უნდა შედგეს დღის განმავლობაში, ხოლო მიჩვევის შემდგომ, გაიზარდოს ურთიერთობისათვის დადგენილი დროის ხანგრძლივობა და ბავშვი ღამითაც დარჩეს მამასთან. სასამართლო ითვალისწინებს ლუ-- ღო----ძის ასაკობრივ მაჩვენებლებს, რეჟიმს, ასევე გარემო-სოციალურ პირობებს, აგრეთვე მშობლების დატვირთულობას და შვილის მიმართ მზრუნველობა-დამოკიდებულებას და მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელე გლ---- ღო----ძის სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. აუცილებელია გადაიდგას ნაბიჯი მამა-შვილს ურთიერთობის მოწესრიგებისათვის, რაც არასრულწლოვანთა ინტერესებიდან გამომდინარეობს. მიზანშეწონილია მამა-შვილს შორის იყოს სტაბილური ურთიერთობა ნორმალურ პირობებში საწყის ეტაპზე დღის მანძილზე, რამდენიმე საათის განმავლობაში ბავშვის საცხოვრებელ ადგილას და შემდეგ კი დროის ხანგრძლივობის გაზრდის და არასრულწლოვანის მამასთან ღამე დარჩენის პირობით, სკოლის ასაკიდან. მამა-შვილს შორის ურთიერთობის ხელშეწყობის და პოზიტიური კავშირის ჩამოყალიბების მიზნით, სასამართლო ადგენს ბავშვის ნახვის დღეებსა და საათებს, რომელთა გონივრულად, უპირატესად, ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით გამოყენება, ორივე მშობლის პასუხისმგებლობის საკითხია. ამდენად, სასამართლოს მიერ მამასა და შვილს შორის ურთიერთობისათვის განსაზღვრული რეჟიმი, მოცემულ ეტაპზე, შეესაბამება როგორც არასრულწლოვანი ლუ-- ღო----ძის სწორი აღზრდის ინტერესებს, ასევე მშობლების დღის რეჟიმს, მათ დატვირთულობას და ბავშვთან ურთიერთდამოკიდებულების მართებულობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბავშვის ასაკისა და მისი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით, მამის კანონით გარანტირებული უფლებების შესაბამისად მოსარჩელე გლ---- ღო----ძის მოთხოვნა არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის შესახებ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები – არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ სარჩელებზე. შესაბამისად, თავდაპირველი მოსარჩელე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. თავდაპირველმა მოსარჩელემ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი. ვინაიდან მოპასუხე გლ---- ღო----ძემ სარჩელი განქორწინების ნაწილში სცნო, მოსარჩელე ან- კე–--–-–--ლს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი ბაჟი 50 ლარის ოდენობით. ხოლო ვინ-იდან მოსარჩელეები – არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ სარჩელებზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან, ხოლო მოსარჩელე ან- კე–--–-–--ლს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი, იგი დარჩეს ხაზინაში გადახდილად, ხოლო მოპასუხე გლ---- ღო----ძეს დაეკისროს ან- კე–--–-–--ლის სასარგებლოდ 50 ლარის ანაზღაურება.
ასევე რადგან შეგებებულ სარჩელში მოსარჩელე გლ---- ღო----ძე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მას უკან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 46-ე, 49-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
თავდაპირველი სარჩელი:
1. მოსარჩელე ან- კე–--–-–--ლის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. შეწყდეს ქორწინება მოსარჩელე ან- კე–--–-–--ლსა (პ/ნ 4----------) და გლ---- ღო----ძეს (პ/ნ 5----------) შორის, რეგისტრირებული 2014 წლის 11 დეკემბერს , სსგს გურჯაანის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ, ქორწინების მოწმობა N2----------, აქტის ჩანაწერი N0---------- .
3. მოპასუხე გლ---- ღო----ძეს (პ/ნ 5----------) შეეზღუდოს მშობლის უფლება არასრულწლოვანი შვილის ლუ-- ღო----ძის (დაბადებული 2015 წლის 1 აპრილს პ/ნ 0----------- მიმართ პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთ გაყვანის თანხმობის გაცემის ნაწილში, კერძოდ არასრულწლოვანი ლუ-- ღო----ძე გაყვანილ იქნას საბერძნეთში წელიწადში ერთხელ არაუმეტეს 30 დღისა, საქართველოში უკან დაბრუნების ვალდებულებით.
შეგებებულიმ სარჩელი:
4. მოსარჩელე - გლ---- ღო----ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. მოსარჩელე გლ---- ღო----ძემ (პ/ნ 5----------) თავისი არასრულწლოვანი შვილი ლუ-- ღო----ძე სკოლამდელ ასაკში(დაბადებული 2015 წლის 1 აპრილს პ/ნ 0----------- ნახოს ბავშვის სახცოვრებელ ადგილას თვეში ერთხელ თვის პირველი კვირის სამი დღე პარასკევის 10:00 საათიდან კვირა დღის 18:00 საათამდე. სკოლის ასაკიდან წაიყვანოს თავის საცხოვრებელ ადგილას ყოველი თვის პირველი კვირის პარასკევი დღის 15:00 საათიდან კვირა დღის 18:00 საათამდე. ზამთრის არდადეგების და ზაფხულის არდადეგების პირველი ნახევარი დრო გაატაროს მამასთან, გლ---- ღო----ძესთან (პ/ნ 5----------).
6. გლ---- ღო----ძეს (პ/ნ 5----------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ სს „საქართველოს ბანკში’’ 12/08/2019 წელს N8--------- საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარი, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: ანგარიში/სახაზინო კოდი: 300563150, ბანკის კოდი: TRESGE22.
7. გლ---- ღო----ძეს (პ/ნ 5----------) დაეკისროს ან- კე–--–-–--ლის (პ/ნ 4----------) სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 (ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება.
8. ან- კე–--–-–--ლს (პ/ნ 4----------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ სს „საქართველოს ბანკში’’ 12.07.2019 წ. N8--------- საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარი, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: ანგარიში/სახაზინო კოდი: 300563150, ბანკის კოდი: TRESGE22, გადამხდელი ლო-–- ტუ--–--ლი პ/ნ 1----------)
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ყვარლის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით.
10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ყვარლის მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე