გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.05.2019
საქმის ნომერი
330210019002792877
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო
თარიღი
21.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/23-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

21 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ქეთევან მამაცაშვილი

სხდომის მდივანი - ანა ბაჩიაშვილი

 

მოსარჩელე: სს ''თ-----------'';

წარმომადგენელი: ლ--–--------–---–ი;

მოპასუხე: პ-------------–ი;

წარმომადგენელი: თ-----------–---–-;

დავის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება.

 

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე პ-------------–ს სს "თ-----------ს" სასარგებლოდ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს დავალიანების - ძირითადი თანხის - 58 958.54 აშშ დოლარის, პროცენტის - 1955.64 აშშ დოლარის, პირგასამტეხლოს - 1763.14 აშშ დოლარის და სადაზღვევო პრემიის - 461.37 აშშ დოლარის გადახდა.

 

1.2. მოპასუხე პ-------------–ს სს "თ-----------ს'' სასარგებლოდ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს 2018 წლის 13 დეკემბრიდან 12 თვის ვადაში, 2019 წლის 13 დეკემბრამდე, დავალიანების ძირითად თანხაზე - 58 958.54 აშშ დოლარზე წლიური 8%-ის სარგებლის გადახდა, მაგრამ არაუმეტეს - 4652.04 აშშ დოლარისა.

 

1.3. მოპასუხე პ-------------–ს სს "თ-----------ს'' სასარგებლოდ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს 2018 წლის 13 დეკემბრიდან 90 დღის განმავლობაში დასარიცხი ჯარიმის სახით - 60 914.18 აშშ დოლარის 0.1% პირგასამტეხლოს გადახდა, რაც შეადგენს მაქსიმუმ - 5481.90 აშშ დოლარს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით ასევე სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო. მოპასუხემ პირგასამტეხლოსთან მიმართებით მიუთითა, რომ არის შეუსაბამოდ მაღალი და მოითხოვა მისი შემცირება. მოპასუხე ასევე არ დაეთანხმა მოსარჩელის მოთხოვნას მიუღებელი შემოსავლის სახით თანხის დაკისრების შესახებ.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ 2010 წლის 22 დეკემბერს სს ''-------------'' და პ-------------–ს შორის დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება N-------- რომლის საფუძველზეც 2011 წლის 29 აპრილს კრედიტორსა და მოვალეს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება.

 

3.1.2. დადგენილია, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული კრედიტის თანხა შეადგენს 1 360 000 აშშ დოლარს, რომელიც გაიცა მსესხებელზე 05.01.2025 წლამდე, წლიური სარგებლის 12%-ის დარიცხვის პირობით.

 

3.1.3. დადგენილია, რომ 2016 წლის 13 ივნისს მხარეებს შორის გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ შეთანხმების საფუძველზე, საბანკო კრედიტის ხელშეკრულების წლიურ საპროცენტო განაკვეთად განისაზღვრა 8% და განისაზღვრა ახალი გადახდის გრაფიკი.

 

3.1.4. დადგენილია, რომ საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების, საბანკო კრედიტის ხელშეკრულების მე-2 მუხლის და გადახდის გრაფიკის თანახმად, მსესხებელს გრაფიკით დადგენილი წესით უნდა გადაეხადა სესხის ძირითადი თანხის ნაწილი და მასზე დარიცხული პროცენტი. მიუხედავად ბანკის მიერ არაერთგზის გაფრთხილებისა და წაყენებული მოთხოვნისა, მოპასუხე არ ასრულებს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვალდებულებებს, რაც გამოიხატება სესხის დაფარვის გრაფიკის დარღვევებში და თანხაზე დარიცხული პროცენტების გადაუხდელობაში.

 

მოპასუხეს კანონით დადგენილი წესით ფოსტის მეშვეობით 02.03.2018 წელს გაეგზავნა გაფრთხილების წერილი დავალიანების დაფარვის მოთხოვნით, რომელიც 06.03.2018 წელს ჩაბარდა, თუმცა უშედეგოდ. შესაბამისად 2018 წლის 13 დეკემბერს საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების მე-15 მუხლის თანახმად, ბანკმა ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება.

 

3.1.5. დადგენილია, რომ სესხის ხელშეკრულების თანახმად, გამსესხებელი უფლებამოსილია ვადაზე ადრე შეწყვიტოს სესხის ხელშეკრულება და მოითხოვოს სესხის, პროცენტისა და პირგასამტეხლოს დაუყოვნებლივ დაფარვა, ასევე ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, თუ მსესხებელი ორჯერ ან სისტემატურად არღვევს სესხის დაფარვის გრაფიკს.

 

3.1.6. დადგენილია, რომ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენს - 63 311.07 აშშ დოლარს, საიდანაც, 58958.54 აშშ დოლარი არის კრედიტის ძირითადი თანხა, 1955.64 აშშ დოლარი - დარიცხული სარგებელი, 1763.14 აშშ დოლარი - დარიცხული პირგასამტეხლო, ხოლო 461.37 აშშ დოლარი - სადაზღვევო პრემია.

 

3.1.7. დადგენილია, რომ მხარეთა შორის 2010 წლის 21 დეკემბერს გაფორმებული საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ N1059806 ხელშეკრულების 6-ე მუხლის საფუძველზე ბანკს უფლება აქვს ნებისმიერ დროს თავად უზრუნველყოს კლიენტის ან/და მისი ქონების დაზღვევა ბანკისათვის მისაღები პირობების შესაბამისად და ამ შემთხვევაში კლიენტი ვალდებული იქნება გადაიხადოს სადაზღვევო პრემია. მხარეთა შორის გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების 2.18 პუნქტის თანახმად, მსესხებელი ვალდებულია კრედიტის მოქმედების პერიოდში და საბანკო კრედიტის ხელშეკრულების 2.4-ე პუნქტში მითითებული ვადით განახორციელოს სიცოცხლის დაზღვევა კრედიტის მიმდინარე ოდენობაზე ბანკის სასარგებლოდ ჯი-პი-აი-ში. მსესხებელი ვალდებულია სესხის მოქმედების განმავლობაში თანდართული გრაფიკის შესაბამისად გადაიხადოს დაზღვევის პრემია გადახდის მომენტში მოქმედი, შესაბამისი სადაზღვევო კომპანიის მიერ დადგენილი, სატარიფო ნიხრებისა და პირობების შესაბამისად. დანართი 1-ს თანახმად, სიცოცხლის დაზღვევისათვის სადაზღვევო პრემია შეადგენს მიმდინარე სადაზღვევო თანხის წლიურ 0.70%-ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება 22.12.2010 წლის (ს.ფ. 18-25);

- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება 29.04.2011 წლის (ს.ფ. 26-30);

- დანართი N1პოლისი (ს.ფ. 31-32);

- კრედიტის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 33-37);

- შეთანხმება საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ (ს.ფ. 38);

- კრედიტის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 39-43);

- ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ. 44-47);

- დავალიანების ცნობა (ს.ფ. 48);

- გაფრთხილების წერილი, ჩაბარების დასტური (ს.ფ. 49-50)

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი, სარჩელი, შესაგებელი).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ სს ''თ-----------ს'' სარჩელი საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 411-ე-414-ე, 417-ე-420-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

დადგენილია რომ მხარეებს სს ''-------------ა'' და მოპასუხეს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საბანკო მომსახურების ხელშეკრულებების საფუძველზე.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ''თ-----------'' უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, გადაცემული კრედიტის ძირითადი თანხის - 58958.54 აშშ დოლარის დაბრუნება.

 

სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის I-ლი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

განსახილველ შემთხვევაში, არსებული ხელშეკრულებების თანახმად, მხარეთა შორის მოხდა შეთანხმება წლიურ საპროცენტო სარგებელზე. სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს პროცენტის თანხის დაკისრების შესახებ მოთხოვნის და საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაზღვევის თანხის დაკისრების ნაწილშიც. ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხე მხარეს წარმოდგენილი ხელშეკრულებით აკისრია როგორც სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულება, ისე დაზღვევის თანხის გადახდის ვალდებულება, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (საბანკო ანგარიშიდან ამონაწერი) არ დასტურდება, რომ მის მიერ ხელშეკრულებაზე დარიცხული პროცენტი და დაზღვევის თანხა გადახდილია. ამდენად, მოპასუხეს ხელშეკრულებების პირობების შესაბამისად უნდა დაეკისროს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარიცხული სარგებლის - 1955.64 აშშ დოლარის და დაზღვევის თანხის - 461.37 აშშ დოლარის გადახდა.

 

6.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხე მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სრულდებოდა არაჯეროვნად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418.1 მუხლით კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. ამდენად, პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ. ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. შესაბამისად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის პარალელურად ვალდებულების შესრულების მოთხოვნა დაუშვებელია, თუ, რა თქმა უნდა, დარღვევა ვადაგადაცილებაში არ მდგომარეობს, ხოლო პირგასამტეხლოსთან ერთად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სავსებით შესაძლებელია. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე ''ზეწოლის'' განხორციელების ერთგვარი ბერკეტია, ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მიღების მიზნით, კრედიტორი ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იმთავითვე ადგენს კანონით დადგენილი წესით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაბამისად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების პირობებში პირგასამტეხლოს დაკისრება კანონშესაბამისი და მართლზომიერია, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში ვალდებულება არაჯეროვნადაა შესრულებული, რაც პირგასამტეხლოს მოთხოვნის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს განაკვეთი შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 418-ე მუხლების თანახმად, სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება ამ ვალდებულების შესრულებამდე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ შეუსაბამოდ მაღალია საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული და მოსარჩელის მიერ შემცირებული პირგასამტეხლოს განაკვეთი - დავალიანების 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სასამართლო მიიჩნევს, რომ მიუხედავად შემიცირებისა მოსარჩელე მხარის მიერ პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხა შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული. გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს განაკვეთი მაღალია და იგი საქმეში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა გათვალისწინებით უნდა შემცირდეს 0.05%-მდე. შესაბამისად, კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარიცხული პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და მოპასუხე მხარეს სს ''თ-----------ს'' სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2018 წლის 13 დეკემბრიდან 90 დღის განმავლობაში დასარიცხი - 60 914.18 აშშ დოლარის 0.05%-ი პირგასამტეხლოს გადახდა, რაც შეადგენს მაქსიმუმ - 2740.95 აშშ დოლარს.

 

6.3. ამასთან, მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს:

 

მოპასუხე პ-------------–ს სს "თ-----------ს'' სასარგებლოდ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს 2018 წლის 13 დეკემბრიდან 12 თვის ვადაში, 2019 წლის 13 დეკემბრამდე, დავალიანების ძირითად თანხაზე - 58 958.54 აშშ დოლარზე წლიური 8%-ის სარგებლის გადახდა, მაგრამ არაუმეტეს - 4652.04 აშშ დოლარისა.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მისი დადგენისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლის თანახმად, აუცილებელია მხედველობაში იყოს მიღებული მოსარჩელის ის ინტერესი, რაც კონკრეტულ შემთხვევაში უკავშირდება ფულადი თანხის გამოყენებას. სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მითითებული მუხლის თანახმად, მოვალეს არ შეიძლება დაეკისროს იმ ზიანის ანაზღაურება, რისი გათვალისწინებაც მას წინასწარ არ შეეძლო. ამასთან, დამდგარი ზიანი უნდა წარმოადგენდეს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მიუღებელი შემოსავლის სახით თანხის დაკისრების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. სასამართლო აღნიშნავს, რომ ზიანის მიყენების ფაქტისა და ზიანის ოდენობის შეფასება განსაკუთრებულ თავისებურებას იძენს, როცა საქმე ეხება ფულად ვალდებულებას. ამგვარი დამოკიდებულება, განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით. კერძოდ, ყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს სარგებლის მოტანის უნარს. იგი ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი პროცენტის სახით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ზიანი არის კანონით გათვალისწინებული ანაზღაურებადი სხვაობა ''უნდა-ყოფილიყო'' და ''არის მდგომარეობას'' შორის (სხვაობის ჰიპოთეზა). სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა (თოტალრეპარატიონ-ის პრინციპი). ამასთანავე მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობის (განზრახვა თუ გაუფრთხილებლობა) ხარისხი ზიანის დადგომაში. თუმცა ეს წესი იზღუდება, თუ კრედიტორი თანაბრალეულია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემულ ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში (იხ., სუსგ-ის 2012 წლის 11 ივნისის განჩინება საქმეზე Nას-630-593-2012). ანალოგიურ დათქმებს შეიცავს ევროპული სახელშეკრულებო სამართლის პრინციპების 8:101-ე (2) და უნიდრუას სახელშეკრულებო პრინციპების 7.1.7-ე (1) მუხლები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის, 411-ე, 412-ე მუხლების ამოსავალი დებულება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება (ლუცრუმ ცესსანს). სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, მიუღებლად მიიჩნევა შემოსვალი, რომელიც კრედიტორს არ მიუღია და რომელსაც იგი მიიღებდა მოვალეს რომ ვალდებულება ჯეროვნად შეესრულებინა. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება.

 

მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს ''წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს'' (პურე ეცონომიც ლოსს), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს. მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (იხ., სუსგ-ის 2011წლის 24 ოქტომბრის განჩინება საქმეზე Nას-307-291-2011).

 

როგორც მოცემული საქმის მასალებით დგინდება მოპასუხეზე გაიცა სარგებლიანი სესხი, შესაბამისად, მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენდა სარგებლის მიღება. შესაბამისად, მოვალისათვის წინასწარ სავარაუდო ზიანი სახეზე გვაქვს, რაც ამ ნაწილში, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველია.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის სახით მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების ნაწილში, დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს, აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს მოსარჩელე მხარის განმარტებას, ეყრდნობა მის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას და განმარტავს, რომ მოპასუხე მხარის მიერ ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოსარჩელე მხარე მიიღებდა სარგებელს საბანკო საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად მინიმუმ წლიურ 8%-ს. შესაბამისად, მოპასუხე პ-------------–ს სს "თ-----------ს'' სასარგებლოდ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უნდა დაეკისროს 2018 წლის 13 დეკემბრიდან 12 თვის ვადაში, 2019 წლის 13 დეკემბრამდე, დავალიანების ძირითად თანხაზე - 58 958.54 აშშ დოლარზე წლიური 8%-ის სარგებლის გადახდა, მაგრამ არაუმეტეს - 4652.04 აშშ დოლარისა. ამდენად, სახეზეა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ვინაიდან, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო სარჩელის იმ ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი რომელიც არ დაკმაყოფილდა, უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად. მოპასუხე პ-------------–ს მოსარჩელე სს "თ-----------ს" სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 4813 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 268-ე, 269-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს "თ-----------ს" სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხე პ-------------–ს სს "თ-----------ს" სასარგებლოდ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს დავალიანების ძირითადი თანხის - 58958.54 აშშ დოლარის, პროცენტის - 1955.64 აშშ დოლარის, პირგასამტეხლოს - 1763.14 აშშ დოლარის და დაზღვევის - 461.37 აშშ დოლარის გადახდა.

 

3. მოპასუხე პ-------------–ს სს "თ-----------ს'' სასარგებლოდ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2018 წლის 13 დეკემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 2019 წლის 13 დეკემბრამდე (ჯამში 12 თვის განმავლობაში) დაეკისროს დავალიანების ძირითად თანხაზე - 58 958.54 აშშ დოლარზე წლიური 8%-ი სარგებლის გადახდა, მაგრამ ჯამში, არაუმეტეს - 4652.04 აშშ დოლარისა.

 

4. მოპასუხე პ-------------–ს მოსარჩელე სს "თ-----------ს'' სასარგებლოდ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2018 წლის 13 დეკემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 90 დღის განმავლობაში დაეკისროს 60 914.18 აშშ დოლარის 0.05%-ი პირგასამტეხლოს გადახდა, მაგრამ, ჯამში, არაუმეტეს - 2740.95 აშშ დოლარისა.

 

5. მოპასუხე პ-------------–ს მოსარჩელე სს "თ-----------ს" სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 4813 ლარის გადახდა.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს.

 

მოსამართლე: ქეთევან მამაცაშვილი