გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.05.2019
საქმის ნომერი
330210018002376158
კატეგორია
დავის ტიპი
ნარდობა
თარიღი
07.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/9540-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

07 მაისი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - თამარ ჩიხლაძე

სხდომის მდივანი - ანი ნადარეიშვილი

მოსარჩელე - შპს „კ-----------ი“

წარმომადგენელი - მ------------–---–ი, გ--------- ა----------- მ-----

მოპასუხე - შპს „ჰ------------“

წარმომადგენელი - თ-----------–---–ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შპს „ჰ------------“-ს შპს „კ-----------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 3080 აშშ დოლარის და 1857.76 ლარის გადახდა.

სარჩელი დაფუძნებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობა დაიწყო 2017 წელს, რასაც ადასტურებს შესაბამისი დოკუმენტი დათარიღებული 2017 წლის 09 აგვისტოთი, რომლითაც მოსარჩელე მიმართავს და შესაბამისად აცნობს მომსახურეობის პაკეტს მოპასუხე მხარეს.

 

2018 წლის 11 იანვარს მხარეებს შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მოსარჩელემ დაკვეთილ სამუშაოსთან დაკავშირებით შეადგინა ინვოისი, რითაც დგინდება დაკვეთილი სამუშაო, ვებ განვითარება, ვებ ტურიზმის პორტალი და მისი ღირებულება 6 857.76 ლარი, რა დროსაც მოპასუხემ მაშინვე გადაიხადა 5 000 ლარი და გადასახდელი დარჩა 1857.76 ლარი.

 

მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხემ მთლიანად არ გადაიხადა მომსახურების ღირებულება მხარეებმა გააგრძელეს თანამშრომლობა.

 

2018 წლის 13 მარტის ინვოისით მოპასუხემ მოსარჩელეს დაუკვეთა ტურიზმის პორტალის შექმნა, რაზეც მას უნდა გადაეხადა 2 000 აშშ დოლარი. ასევე, 2018 წლის 16 მარტს დაუკვეთა შემდეგი სახის სამუშაოები: დიზაინი, ბროშურა, სარეკლამო ფურცელი, კომპანიის პროფილის შექმნა, რაც ჯამში შეადგენს 1080 აშშ დოლარის ღირებულებას. ინვოისითვე განისაზღვრა ვადები და პირობები, კერძოდ, კურსის ცვალებადობის გამო ღირებულების გადახდა ეროვნული ვალუტით მხოლოდ საბანკო განაკვეთის შესაბამისად. ბოლო ორი დაკვეთაც, ისევე როგორც წინა დაკვეთები მოსარჩელემ ვადების სრული დაცვით შეასრულა და დამკვეთს მიაწოდა, რაზედაც არსებობს მიღება-ჩაბარების აქტები, რომელიც თარიღდება 2018 წლის 22 მარტით.

 

მოსარჩელის განმარტებით, დამკვეთმა არამარტო არ გადაიხადა შესრულებული სამუშაოს ღირებულება, არამედ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა კომპანიის დირექტორს, რომელმაც მოსთხოვა დამკვეთს მისი შრომის საფასურის და ინვოისით გათვალისწინებული თანხის ოდენობის გადახდა, რაც ჯამში შეადგენს 3080 აშშ დოლარს და 1857.76 ლარს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. მოპასუხის განმარტებით, მხარეებს შორის თანამშრომლობა რეალურად დაიწყო 2018 წლის იანვარს, რა დროსაც ზეპირსიტყვიერად შეთანხმდნენ ტურისტული გვერდის პორტალის შექმნასა და განვითარებაზე, რა დროსაც ა----------- მ-----მ მოპასუხეს აჩვენა მის მიერ შექმნილი ერთ-ერთი ვებ-გვერდი და შესთავაზა კომპანიას მსგავსი, მაგრამ უფრო თანამედროვე და გაუმჯობესებული საიტის შექმნა ტურისტული მომსახურების უკეთ გასაწევად. ტურისტული გვერდის პორტალის შექმნისა და განვითარების ღირებულება იყო 5 000 ლარი და აღნიშნული ვალდებულება მხარემ შეასრულა 16/01/2018 წელს, თუმცა მოსარჩელეს არ შეუსრულებია საკუთარი ვალდებულება და მიუხედავად მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერისა მოპასუხეს არ ჩაბარებია დასრულებული საიტი.

 

მოპასუხის განმარტებით, მიღება-ჩაბარების აქტებზე ხელმოწერა მოხდა შემდეგი მიზეზით, საიტზე მუშაობის პერიოდში ა----------- მ-----მ დაახლოებით 2018 წლის თებერვლის თვეში, როდესაც საიტზე მუშაობა უკვე თითქმის სრულდებოდა, კომპანიას დამატებით მოსთხოვა 1857 ლარის გადახდა, რაც წინასწარ მხარეთა შორის არ იყო შეთანხმებული. მას არც კი აუხსნია დამკვეთისათვის თუ რატომ გაძვირდა საიტის ღირებულება, მაშინ როდესაც ეს წინასწარ არ იყო შეთანხმებული მათთან. ამასთან, მან აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუ კომპანია არ გადაიხდიდა მის მიერ მოთხოვნილ თანხას იგი წაშლიდა საიტზე განთავსებულ ყველა სახის ინფორმაციას, გათიშავდა საიტს და თანამშრომლების ელ.ფოსტებზე წვდომას. სისტემაში და საიტზე შესასვლელი მომხმარებლის ID და პაროლი ქონდა მხოლოდ მას. რაც დამატებით თანხის გადახდაზე უარი მიიღო, 2018 წლის 28 თებერვალს კომპანიის დირექტორის მეილიდან - -------------------- მიწერა, რომ 04/03/2018 წელს გაითიშებოდა საიტი ---------------- და გაუქმდებოდა ყველა თანამშრომლის კორპორატიული ელ.ფოსტები, რასაც ადასტურებს ოქმი ფაქტების კონსტანტაციის შესახებ.

 

კომპანიის საიტის და მეილების გათიშვის შემდგომ 2018 წლის 21 მარტს მოსარჩელემ გამოგზავნა ინვოისები და კომპანიის დირექტორი დაარწმუნა, რომ თუ მის მიერ გაგზავნილ მიღება-ჩაბარების აქტებზე მოაწერდა ხელს კომპანიას აღუდგენდა წვდომას საიტზე და მის კუთვნილ მეილებზე. ვინაიდან, იმ მომენტში კომპანიისთვის საიტის და მეილების გათიშვა წარმოადგენდა საკმაოდ დიდ ზარალს, რადგან გაზაფხული-ზაფხულის სეზონი ყველაზე მოთხოვნადი პერიოდია უცხოელი ტურისტებისათვის, ამის თავიდან აცილების მიზნით და იმ იმედით, რომ მეილებზე წვდომა აღუდგებოდა კომპანიას და გადასცემდა საიტზე/სისტემაში შესასვლელი მომხმარებლის სახელს და პაროლს დირექტორმა მოაწერა ხელი მიღება-ჩაბარების აქტებს. თუმცა, მიუხედავად ამისა, მან მაინც არ აღუდგინა წვდომა კომპანიას და დღემდე საიტი/მეილები გათიშულია. კომპანიას არ ჰყავს/არ მუშაობს/არც არასდროს ყოლია ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი, რომელიც დამოუკიდებლად შეძლებდა საიტის ან/და სისტემის მართვას. უნდა აღინიშნოს, რომ კორპორატიული მეილების გათიშვამ დიდი ზიანი მიაყენა კომპანიას, რადგან ამ მეილებით ხდებოდა პარტნიორ კომპანიებთან მიმოწერა და სასტუმროს ნომრების დაჯავშნა, გათიშვის შემდგომ კი იქ დარჩა ინფორმაცია ტურების და სასტუმროს ჯავშნების შესახებ, რომელზე წვდომაც აღარ აქვს კომპანიას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. შპს „ჰ------------“-ს მიერ შპს „კ-----------ისთვის“ გაწეული მომსახურებისთვის (ვებ განვითარება, ვებ ტურიზმის პორტალი) სანაცვლოდ გადახდილი საფასურის ოდენობა შეადგენს 5 000 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები);

- მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 42)

 

3.1.2. ვებ-გვერდი ---------------- -ის ფუნქციონირება შეჩერებულია მოსარჩელის მიერ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი);

- ფაქტების კონსტანტაცია (ს.ფ. 78-84);

- ფაქტების კონსტანტაცია (ს.ფ. 85-97);

- შპს „კ-----------ი“-ს ელექტრონული ფოსტა (ს.ფ. 98-99)

- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წერილი (ს.ფ. 100)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. შპს „ჰ------------ს“ მიერ შპს „კ-----------ისთვის“ გაწეული მომსახურების სანაცვლოდ გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენს 1857 ლარს და 1080 აშშ დოლარს;

 

სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძ-ველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.

 

სამოქალაქო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი გზა მტკიცებაა, რომლითაც დგინდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. მტკიცების პროცესში იგულისხმება პროცესის მონაწილე სუბიექტების საქმიანობა, მიმართული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ან არარსებობის დასადგენად. პროცესის მონაწილე მხარეთა და სასამარ-თლოს მტკიცებითი საქმიანობა მოიცავს შემდეგ სტადიებს: მტკიცების საგნის განსაზღვრა; მტკიცებულებათა შეგროვება (მტკიცებულებათა გამოვლენა, მათი შეკრება და სასამართლოში წარდგენა); მტკიცებულებათა სასამართლოში გამოკვლევა; მტკიცებულებათა შეფასება. დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას, ასევე, საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებს. (იხ. სუსგ, საქმე №ას-1206-1166-2016).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს’’ -,,affirmanti, non legati, incumbit probatio’’.

 

შესაბამისად, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვითაც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება.

 

მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მხარე სადაოდ ხდის ფაქტს მოსარჩელის მხრიდან გაწეული მომსახურების შესახებ, თუმცა, ამავდროულად მოსარჩელე ადასტურებს მის მიერ მომსახურების შეჩერებას შესაბამისი დავალიანების არსებობის გამო. საქმეში წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტებით დასტურდება, რომ მხარეებს შორის 2018 წლის 22 მარტს შედგა მიღება-ჩაბარების აქტი, სადაც მოპასუხე ადასტურებს, რომ ერთ შემთხვევაში მომსახურების ღირებულება შეადგენს 6 857.76 ლარს, მეორე შემთხვევაში 1080 აშშ დოლარს. ამასთან, ორივე შემთხვევაში მოპასუხე ადასტურებს, რომ შემსრულებელმა შეასრულა ყველა ის ვალდებულება, რაც დაკისრებული ქონდა და აღიარებს შემსრულებლისგან ჩატარებული სამუშაოების მიღებას. 6 857.76 ლარის ნაწილში მოსარჩელე ადასტურებს 5 000 ლარის ოდენობით ანაზღაურების მიღებას და ითხოვს 1057.76 ლარს.

 

ამდენად, მხარეთა შორის არსებული მიღება-ჩაბარების აქტით მოპასუხემ დაადასტურა შესრულებული სამუშაოს მიღება და ამჟამად, მისი მხარის მხრიდან მხოლოდ მითითება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის მხრიდან არ მიუღია მომსახურება არ წარმოადგენს აღნიშნული ფაქტის დადგენისათვის საკმარის სათანადო მტკიცებულებას.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვით მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას დარჩენილი 2 000 აშშ დოლარის ნაწილში მან ვერ უზრუნველყო დაედასტურებინა შესაბამისი ოდენობით მოპასუხისთვის მომსახურების გაწევა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები);

- მიღება-ჩაბარების აქტები (ს.ფ. 41-42)

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317, 327-ე, 629-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებუ-ლების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირო-ბაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდი-სიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ნარდობის ხელშეკრულება დადებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც მხარეები მის ყველა არსებით პირობებზე შეთანხმდებიან კანონით გათვალისწინებული ფორმით. ნარდობის ხელშეკრულებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მენარდის ძირითადი ვალდებულებაა, შეასრულოს მისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდე-ბულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

დადგენილია, რომ მხარეებს შორის არსებობს ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომ-დინარე ურთიერთობა, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება შეექმნა მოპასუხისთვის კონკრეტული ვებ-გვერდი, რომლის საშუალებითაც კომპანია უზრუნველყოფდა ტურისტების მოზიდვას.

 

სასამართლომ დადგენილ გარემოებად მიიჩნია, ფაქტი, მოსარჩელის მხრიდან 1080 აშშ დოლარისა და 1857.76 ლარის ოდენობით მომსახურების გაწევის შესახებ. ამასთან, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა 2 000 აშშ დოლარის ოდენობის მომსახურების გაწევა.

 

ამდენად, ზემოთხსენებული ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ შპს „კ-----------ი“-ს მოთხოვნა საფუძვლიანია, მხოლოდ 1080 აშშ დოლარისა და 1857.76 ლარის ნაწილში.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

განსახილველ შემთხვევაში, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 280 ლარი. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რის გამოც მოპასუხეს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად რაც შეადგენს 134.4 ლარს, ხოლო დარჩენილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8.უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. შპს „კ-----------ი“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

1.1. შპს „ჰ------------“-ს შპს „კ-----------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 1857.76 ლარის გადახდა;

 

1.2. შპს „ჰ------------“-ს შპს „კ-----------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 1080 აშშ დოლარის გადახდა;

 

1.3. შპს „კ-----------ი“-ს მოთხოვნა 2 000 აშშ დოლარის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

 

2. შპს „ჰ------------“-ს შპს „კ-----------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის სანაცვლოდ დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად 134.4 ლარის გადახდა;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ჩიხლაძე