გადაწყვეტილება

სამოქალაქო 04.06.2019
საქმის ნომერი
330210018002676491
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
04.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№2/29935-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

17 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ივერი აბაშიძე

სხდომის მდივანი - ირინე ობოლაშვილი

 

მოსარჩელე - ლ--------–------ი

წარმომადგენელი - თ--------–--–---–ი

 

მოპასუხე - ნ--------–-----–---–ი

წარმომადგენელი - გ--–-----------–--ე

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ნ--------–-----–---–ს მოსარჩელე ლ--------–------ის სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ასანაზღაურებლად 3155 ლარის გადახდა;

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2018 წლის 23 მაისს მცხეთის რაიონის სოფელ ნ----------–ი მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა და დაზიანდა ლ--------–------ის კუთვნილი, ბმვ-ს მარკის ავტომობილი, ასევე ნ--------–-----–---–ის კუთვნილი, ტოიოტას მარკის ავტომობილი. ავტომობილები გადაყვანილი იქნა საჯარიმო სადგომზე. ფაქტზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, რაც შემდგომში შეწყდა, ხოლო საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო ნ--------–-----–---–ის მიმართ შედგა ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა ოქმი.

 

ექსპერტიზის დასკვნით, ლ--------–------ის ავტომანქანის დაზიანების გამო, აღდგენის ხარჯი შეფასებულია 2805 ლარად. გარდა ამისა, მოსარჩელემ გადაიხადა საჯარიმო სადგომზე ავტომანქანის დგომის საფასური 350 ლარი, რომელთა ანაზღაურება მოპასუხეს უნდა დაეკისროს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

წერილობითი შესაგებლით მოპასუხემ გამორიცხა სარჩელის დაკმაყოფილება, ვინაიდან მისთვის უცნობი იყო სისხლის სამართლის საქმის გამოძიების შედეგები. ხოლო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ, 2300 ლარის ნაწილში ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის ავტომანქანა არ იყო ახალი, შეფასება განხორციელდა ახალი ნაწილების ღირებულების გათვალისწინებით და ასევე უცნობი იყო ავტოსაგზაო შემთხვევამდე ავტომანქანის მდგომარეობა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მცხეთის რაიონის სოფელ ნ----------–ი, 2018 წლის 23 მაისს მომხდარი ავტოსატრანსპორტო შემთხვევის დროს დაზიანდა ლ--------–------ის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება BMW X5, სახელმწიფო ნომრით A------ და ნ--------–-----–---–ის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება, Toyota HIGHLNDER HYBRID, სახელმწიფო ნომრით S------.

 

ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეულია ნ--------–-----–---–ის მხრიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით, რა დროსაც შექმნილ სიტუაციაში ლ--------–------ს, ტექნიკური თვალსაზრისით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის (შეჯახების) თავიდან აცილება არ შეეძლო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- ელექტრონული საჯარიმო ქვითრები;

- ექსპერტიზის დასკვნა

 

3.1.2. ავტოსაგზაო შემთხვევაზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და 2018 წლის 1 აგვისტოს დადგენილებით შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო. ხოლო ნ--------–-----–---–ის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადების საკითხის გადასაწყვეტად დადგენილება გაეგზავნა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარ სამმართველოს.

 

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა ნ--------–-----–---–ის მიმართ. საჯარიმო ქვითარი მოპასუხის მიერ არ გასაჩივრებულა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დადგენილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ;

- ახსნა-განმარტებები;

- ელექტრონული საჯარიმო ქვითარი;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ავტომობილის BMW X5, სახელმწიფო ნომრით A------, აღდგენის ხარჯი შეადგენს 2805 ლარს.

 

საქმეში არსებული მასალების თანახმად ირკვევა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევაზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, რა დროსაც ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე დადგინდა, თუ რომელი მხარის მიერ მოხდა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, ხოლო შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დასკვნით შეფასდა ორივე სატრანსპორტო საშუალებაზე მიღებული მატერიალური ზიანის ოდენობა. აღნიშნული დასკვნის თანახმად, მოსარჩელის კუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაზე, BMW X5, სახელმწიფო ნომრით A------, მიყენებული მატერიალური ზიანის საორიენტაციო ოდენობა შეადგენს 2805 ლარს. შეფასებისას გათვალისწინებული იქნა დაზიანებული და გამოსაცვლელი ნაწილების ღირებულება, რაც განისაზღვრა თბილისში, კომერციულ სტრუქტურებში ანალოგიური, ექსპლუატაციაში ნამყოფ ნაწილებზე არსებული საცალო-სარეალიზაციო ფასების შეჯერებით. ასევე მხედველობაში იქნა მიღებული სარემონტო სამუშაოების ღირებულება და გაუთვალისწინებელი სამუშაო ხარჯი.

 

მოპასუხემ სადავოდ გახადა მიყენებული ზიანის ოდენობა და მიუთითა, რომ შეფასება არ უნდა განხორციელებულიყო ახალი ნაწილების ღირებულებით, ვინაიდან თავად ავტომანქანა იყო ძველი. ასევე დასადგენი იყო, ავტოსაგზაო შემთხვევამდეც ხომ არ ჰქონდა შეფასებული ნაწილები დაზიანებული.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, გარემოებათა მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს. შესაბამისად, კონკრეტულ გარემოებებზე და მტკიცებულებებზე მითითება მათივე მოვალეობაა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.

 

სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. მოსარჩელეს ევალება სარჩელში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისგან თავდაცვის მიზნით უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. ამავე დროს, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებას. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული

 

კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხეს არ წარმოუდგენია მტკიცებულებებით გამყარებული შედავება ზიანის ოდენობასთან მიმართებით. ხოლო მხოლოდ ახსნა-განმარტება სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა;

- შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დასკვნა;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ მოსარჩელე ლ--------–------ის სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 408-ე, 992-ე, მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა: 1. ზიანი; 2. ასევე სახეზეა მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება - დადგენილია, რომ ნ--------–-----–---–მა დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები, რამაც გამოიწვია შეჯახება; 3. არსებობს მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის - რომ არა მოპასუხის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, არ დაზიანდებოდა ავტომობილი და შესაბამისად, სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს არ მიადგებოდა ზიანი.

 

მოცემულ შემთხვევაში, ავტოსაგზაო შემთხვევაში მოპასუხე ნ--------–-----–---–ის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება დადასტურებულია ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევის ოქმით. ხოლო მოპასუხის მიერ ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რაც დაზარალებულს უფლებას აძლევს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება ზიანის მიმყენებლისგან.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლიდან გამომდინარე, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. აქედან გამომდინარე, ზიანი პასუხისმგებელმა სუბიექტმა უნდა აანაზღაუროს, აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მიყენებული ზიანისათვის კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება გამოიხატა იმაში, რომ მან ვერ უზრუნველყო საგზაო მოძრაობის წესების დაცვა, რასაც მოჰყვა სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა, დაზიანდა მოსარჩელის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება. ავტოსაგზაო შემთხვევით მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანი შეადგენს 2805 ლარს. აღნიშნულს ემატება ასევე სატრანსპორტო საშუალების საჯარო სადგომზე დგომის საფასური - 350 ლარი, რომელთა ანაზღაურება მოპასუხეს სრულად უნდა დაეკისროს იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმის განხილვის მთავარ ეტაპზე მოპასუხემ სარჩელი ცნო 2300 ლარის ნაწილში.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად: 1) პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. 2) სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. 3) სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს-სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს ეთქვა უარი. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2000 ლარამდე ოდენობით.

 

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგებიდან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.

 

სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი, ასევე 50 ლარია გადახდილი სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე, ხოლო იურიდიული მომსახურებისთვის - 500 ლარი. მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო სასამართლოს მთავარ სხდომაზე. ვინაიდან სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, ამასთან სარჩელის ცნობა განხორციელდა მთავარ ეტაპზე, სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 32 ლარის და იურიდიული მომსახურების სანაცვლოდ 126 ლარის გადახდა.

 

გარდა ამისა, სარჩელის ნაწილობრივ ცნობის საფუძველზე მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 18 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 ნოემბრის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ლ--------–------ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შინაარსის გათვალისწინებით, უნდა დარჩეს ძალაში.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ლ--------–------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. ნ--------–-----–---–ს ლ--------–------ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 3155 ლარის გადახდა.

 

3. ნ--------–-----–---–ს ლ--------–------ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 32 ლარის გადახდა სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ, 50 ლარის გადახდა სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ და 126 ლარი იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ.

 

4. ლ--------–------ს (პ/ნ 1----------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 15.10.2018 წელს სს ,,თიბისი ბანკში” (საგადასახადო დავალება N0) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 50 ლარიდან - 18 ლარი, (გადამხდელი - თ---------–--–---–ი, პ/ნ 1----------, გადამხდელის ბანკი - სს ,,თიბისი ბანკი’’, ანგარიში/სახაზინო კოდი - 300773150; მიმღების ბანკი - ხაზინა; ბანკის კოდი TRESGE22).

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ივერი აბაშიძე