გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 160210019002879928
#2/175-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
08.05.2019 წ. ქ. ბოლნისი
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
მოსამართლე პაატა ფხალაძე
სხდომის მდივანი თამთა ჩულუხიძე
მოსარჩელე - სს ,,თი---------ი"
მოსარჩელის წარმომადგენლები -თე-------------ე, ნი-------–-------ი
მოპასუხეები - ფა--------------–---ი, მი----–----------–---ი, მი-------------–---ა, ვუ---–----------–---ა, ნუშ------------–---ა,მოპასუხეების წარმომადგენელი - მარ-----------–--ე
თარჯიმანი - სუ-------------–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
სს ,,თი---------ი“ ითხოვს მოპასუხეებისათვის სოლიდარულად 21 610.66 ლარის დაკისრებას, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 16 407.31 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 3 562.61 ლარი, პირგასამტეხლო 1 640.73 ლარი.
მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელე მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე:
2014 წის 5 მარტს სს ,,ბა-----------------ა“ (უფლებამონაცვლე სს ,,თი---------ი“) და ფა--------------–---ს შორის გაფორმდა საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება #36------------7, რომლის საფუძველზეც 2016 წლის 8 დეკემბერს გაფორმებული #33----------54 საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე, მსესხებელზე გაცემული იქნა კრედიტი 24.470.00 ლარის ოდენობით წლიური 20% -ის დარიცხვით და 37 თვის ვადით. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად, რაც მოპასუხეების მიერ არ განხორციელდა. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო პირველ ვაადაგადაცილებულ დღეზე 10 ლარის ოდენობით და შემდეგ დავალიანების 1% -ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულება უზრუნველყოფილ იქნა სოლიდარული თავდებობით, კერძოდ, მი----–----------–---მა და მი-------------–---მა სოლიდარულად იკისრეს თავდებობა მსეხებლის მიერ ნაკისრ ვალდებულებაზე, თავდების პასუხისმგებლობის ფარგლები თითეულის შემთხვევაში განისაზღვრა ზღვრული თანხით 31, 811 ლარით. მოპასუხეებმა არ შეასრულეს ვალდებულება, მათ 2018 წლის 17 ოქტომბერს განახორციელეს გადახადა ნაწილობრივ შესაბამისად სესხს დაერიცხა პირგასამტეხლო კერძოდ, პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე 10 ლარის ოდენობით და შემდეგ დავალიანების 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოპასუხეებს გაეგზავნათ გაფრთხილება დავალიანების ნებაყოფლობით დაფარვის შესახებ, თუმცა ამაოდ.
მოპასუხეების დავალიანება ბანკის მიმართ 2019 წლის 21 თებერვლის მდგომარეობით საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 21.610.66 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 16 407.31 ლარი, პროცენტი 3 562,61 ლარი, პირგასამტეხლო 1640.73 ლარი. გენერალური ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზით იპოთეკით დაიტვირთა შემდეგი უძრავუ ქონება: 410.00კვ.მ მიწის ნაკვეთ და მასაზე განლაგებული შენობა ნაგებობეი (მის.: ქ. ბოლნისი, სოფელი სა------ი, სკ 80.04.63.2--.)
2. მოპასუხეების პოზიცია
მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით ნაწილობრივ ცნეს სასარჩელო მოთხოვნა.
სასამართლო პროცესზე მოპასუხეების წარმომადგენელმა მარ-----------–--ემ განმარტა, რომ მართალია ხელშეკრულებაზე ხელი აქვთ მოწერილი მოპასუხეებს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ისინი არ ფლობენ სამართალწარმოების ენას, მათთვის გაუგებარი იყო მისი შინაარსი. მოპასუხეებს ხელშეკრულების დადების დროისათვის არ ჰყოლიათ თარჯიმანი, შესაბამისად მათთვის არავის განუმარტიათ ხელშეკრულების პირობები. ხელშეკრულება დაიდო, თანხაც მიიღეს. არ ცნობენ სარჩელს საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში, ცნობენ მხოლოდ ძირი თანხის 16 407,31 ლარის ნაწილში. (ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 მაისის სასამართლო სხდომის ოქმი)
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2014 წის 5 მარტს სს ,,ბა-----------------ა“ (უფლებამონაცვლე სს ,,თი---------ი“) და ფა--------------–---ს შორის გაფორმდა საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება #36------------7, რომლის ფარგლებშიც 2016 წლის 8 დეკემბერს გაფორმებული #33----------54 საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე, მსესხებელზე გაცემული იქნა კრედიტი 24.470.00 ლარის ოდენობით. წლიური 20% -ის დარიცხვით და 37 თვის ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეტა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 მაისის სხდომის ოქმი);
- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება #36------------7, (ს.ფ.19-26)
- #33----------54 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ს.ფ. 27-34)
- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს. ფ. 35-37)
3.1.2. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო პირველ ვაადაგადაცილებულ დღეზე 10 ლარის ოდენობით და შემდეგ დავალიანების 1% -ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 მაისის სხდომის ოქმი);
- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება #36------------7, (ს.ფ.19-26)
- #33----------54 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ს.ფ. 27-34)
- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს. ფ. 35-37)
3.1.3. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულება უზრუნველყოფილ იქნა სოლიდარული თავდებობით, კერძოდ, მი----–----------–---მა და მი-------------–---მა სოლიდარულად იკისრეს თავდებობა მსეხებლის მიერ ნაკისრ ვალდებულებაზე, თავდების პასუხისმგებლობის ფარგლები თითეულის შემთხვევაში განისაზღვრა ზღვრული თანხით 31, 811 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი; შესაგებელი; ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 მაისის სხდომის ოქმი)
- თავდებების განცხადებები (ს. ფ. 38, 43)
- თავდებობის ხელშეკრულებები (ს. ფ. 39-42, 44-47).
3.1.4. გენერალური ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება მის.: ქ. ბოლნისი, სოფელი სა------ი, სკ 80.04.63.2--.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 მაისის სხდომის ოქმი)
- იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 48-52)
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.53-54)
3.1.5. მოპასუხეებმა არ შეასრულეს ვალდებულება. მოპასუხეებმა 2018 წლის 17 ოქტომბერს განახორციელეს გადახადა ნაწილობრივ, მათ გაეგზავნათ გაფრთხილება დავალიანების ნებაყოფლობით დაფარვის შესახებ, თუმცა ამაოდ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა- განმარტება ( ს.ფ. 4-6, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 მაისის სასამართლო სხდომის ოქმი)
-შეტყობინება (ს.ფ 55 - 60, 62,64)
3.1.6. მოსარჩელემ განიცადა რეორგანიზაცია, კერძოდ, 2015 წლის 20 იანვარს სს,,ბა---------------ა“ შეერწყა სს ,,თი---------ს“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს. ფ. 67-68);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოპასუხეების დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 21610.66 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 16407.31 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 3562.61 ლარი, პირგასამტეხლო 1640.73 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ხოლო საქართველოს სსკ-ის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
აღნიშნული ნორმების სამართლებრივი ანალიზიდან გამომდინარე, მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ვალდებულების წარმოშობის ფაქტი, ხოლო ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი მოპასუხეს აკისრია.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სესხის ხელშეკრულებით დასტურდება და არც მოპასუხეებს გაუხდიათ სადავოდ, რომ მსესხებელმა მოსარჩელისაგან მიიღო 24, 470 ლარი სესხის სახით. სესხის დაფარვის გრაფიკით განსაზღვრული იყო, თუ რა პერიოდულობითა და ოდენობით უნდა დაეფარა მსესხებელს სესხი. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სესხის დაფარვის ისტორიითა და 2019 წლის 20 თებერვლის ცნობით დასტურდება არსებული დავალიანების ოდენობა, ხოლო ამის საწინააღმდეგო რაიმე მტკიცებულება არცერთ მოპასუხეს არ წარმოუდგენია.
მოპასუხეები სადავოდ ხდიან სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტის და პირგასამტეხლოს ოდენობას, აღნიშნავენ, რომ მათთვის უცნობი იყო სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა, ვინაიდან არ იციან ქართული ენა, მათთვის არავის აუხსნია ხელშეკრულების შინაარსი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, საპროცესო ნორმა განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა სიას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არცერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ სრულ და ობიექტურ განხილვას, შედეგად, სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლისა.
მოპასუხეების განმარტებებთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს შემდეგს: პირის მიერ ამა თუ იმ ხელშეკრულების დადებისას ივარაუდება, რომ იგი გაცნობილია ხელშეკრულების შინაარსს და იცის მისი პირობები. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეების მიერ ნების გამოვლენა დადასტურებულია, როგორც სესხის ხელშეკრულებაზე, ასევე თავდების განცხადებებსა და თავდებობის ხელშეკრულებებზე მათი ხელმოწერით. ხოლო თუ დავუშვებთ, რომ ისინი მართლაც არ გასცნობიან ხელშეკრულების შინაარსს და ისე მოაწერეს ხელი, (მაშინ როდესაც არც მოპასუხეები აცხადებენ და არც რაიმე სახის მტკიცებულებები არსებობს მოპასუხეებზე რაიმე იძულების განხორციელების შესახებ) აღნიშნული არ ნიშნავს ხელშეკრულების გაფორმებას მათი ნების საწინააღმდეგოდ.
თითოეულმა პირმა უპირველეს ყოვლისა თავად უნდა იზრუნოს საკუთარი უფლებების დაცვაზე და წინდახედულობის სულ მცირე მინიმალური სტანდარტი დაიცვას. ნების გამოხატვა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ არის მიმართული, დაკავშირებულია არა მხოლოდ უფლებების, არამედ მოვალეობების წარმოშობასთან ხელშეკრულების კონტრაჰენტთან. შესაბამისად, მისი ნამდვილობა-ბათილობა გავლენას ახდენს არა მხოლოდ ნების გამომვლენის, არამედ მისი ადრესატის სამართლებრივ მდგომარეობაზე, რომელიც ასევე დაცულია კანონის მიერ. შესაბამისად, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდებოდა, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამებოდა მის ნამდვილ ნებას, აღნიშნული პრეზუმფცია გაქარწყლდებოდა, თუ დადასტურდებოდა, რომ ნება გამოვლინდა ისეთ პირობებში, რომელიც გამოვლენილი ნების ნამდვილი ნებისადმი შესაბამისობას გამორიცხავდა.
როგორც ზემოთ აღინიშნა, ყოველმა მხარემ თავად უნდა დაამტკიცოს ის გარემოებები, რომელზედაც ის ამყარებს თავის მოთხოვნასა თუ შესაგებელს. მოცემულ შემთხვევაში კი, მოპასუხეებს მათ მიერ მითითებული გარემოების დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება, გარდა ახსნა-განმარტებისა არ წარმოუდგენიათ. მხარის ახსნა-განმარტება, მართალია, საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ მტკიცებულებას წარმოადგენს, მაგრამ მას მოსარჩელის ახსნა-განმარტებასთან ერთად უპირისპირდება და აბათილებს წერილობითი მტკიცებულებები - სესხის ხელშეკრულება, თავდების განცხადებები და თავდებობის ხელშეკრულებები, რომლებზეც მოპასუხეთა მიერ შესრულებულია ხელმოწერა.
აღსანიშნავია, რომ ხელმოწერები შესრულებულია ქართულ ენაზე. მოპასუხეებმა სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს, რომ მათ თავად მოაწერეს ხელშეკრულებებს და განცხადებებს ხელი. ამასთან, მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, რაიმე პრეტენზია ენის არცოდნის, ხელშეკრულების შინაარსის ახსნის ან/და თარჯიმნის მონაწილეობის შესახებ მათ არ გამოუთქვამთ.
მოპასუხეების მითითებით, სესხის საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა არასწორად და ის საგრძნობლად მაღალია. მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მხარეები შეთანხმდნენ პროცენტზე. მხარეებს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულებით პირდაპირ არის გათვალისწინებული, რომ სესხი სარგებლიანია და მსესხებელი ვალდებულია ძირითად თანხასთან ერთად გადაიხადოს მასზე დარიცხული სარგებელი, ასევე დაზღვევისათვის გადასახდელი თანხა და მომსახურების საკომისიო. აღნიშნული თანხები ასევე გაწერილია სესხის დაფარვის გრაფიკში, სადაც მითითებულია როგორც გადახდის პერიოდულობა და ოდენობა, ისე - თუ რომელი დავალიანება დაიფარება მითითებული თანხის გადახდით. მოპასუხე მხარეს საწინააღმდეგოს და პროცენტის განაკვეთის კანონთან შეუსაბამობის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გენერალური ხელშეკრულება საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ (ს. ფ. 19-26);
- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 27-36)
- თავდებობის ხელშეკრულებები (ს. ფ. 34-42; 44-47);
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 403-ე, 416-417-ე,463-ე, 891-ე, 892-ედა 895-ე, 898-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სადაო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია საკრედიტო ხელშეკრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 868-ემუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
მოცემულ შემთხვევაში სადაო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია საბანკო კრედიტის და იპოთეკის ხელშეკრულება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრიციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ამავე 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
წარმოდგენილ შემთხვევაში მოპასუხეებმ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, კერძოდ, სესხის ძირითადი თანხის 16407.31 ნაწილში.
შესაბამისად, სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სს ,,ბა-----------------ა“ (უფლებამონაცვლე სს ,,თი---------ი“) და ფა--------------–---ს შორის გაფორმდა საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება #36------------7, რომლის საფუძველზეც 2016 წლის 8 დეკემბერს გაფორმებული #33----------54 საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე, მსესხებელზე გაცემული იქნა კრედიტი 24.470.00 ლარის ოდენობით წლიური 20% -ის დარიცხვით და 37 თვის ვადით. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად. ასევე დადგენილია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო პირველ ვაადაგადაცილებულ დღეზე 10 ლარის ოდენობით და შემდეგ დავალიანების 1% ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ სესხით სარგებლობის წლიურ 20%-ზე, რაც არ წარმოადგენს სამოქალაქო ბრუნვისათვის შეუსაბამო და ამორალურ პირობას. ამ მხრივ მნიშვნელოვანია საკასაციო სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკაც, სადაც საკასაციო პალატამ განმარტა შემდეგი: „თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე.“ ამ შემთხვევაში, შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის აშკარა შეუსაბამობაა და კასატორი [სარგებლის მიმღები] მოქმედებდა ცალსახად არაკეთილსინდისიერად: მის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთი და მოსალოდნელი რისკები და ბოროტად გამოიყენა საბაზრო ძალაუფლება. ყველა კეთილსინდისიერი და საღად მოაზროვნე ადამიანი სესხის წლიური სარგებლის 72%-ით განსაზღვრას საზოგადოებაში დამკვიდრებული ზნეობრივი პრინციპების საწინააღმდეგო მოქმედებად შეაფასებდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სარგებლის მართლზომიერების მტკიცების ტვირთი კასატორს აწევს სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი და სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილების თანახმად, რაც მან ვერ დაამტკიცა. ამრიგად, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების დებულება, რომლითაც კასატორმა სესხისათვის შეუსაბამოდ მაღალი სარგებელი განსაზღვრა, მაშინ, როდესაც არ არსებობდა ასეთი მოქმედების ლეგიტიმური მიზანი, ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ღირებულებებს და სსკ-ის 54-ე მუხლის მიხედვით, უცილოდ ბათილია, რაც ამ შემთხვევაში არ იწვევს მთლიანი ხელშეკრულების ბათილობას სსკ-ის 62-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე“(იხ. სუსგ №ას-663-629-2015, 28 ივლისი 2015 წელი).
სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის თანახმად, 1. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. 2. მოვალის მიერ ვადის გადაცილებისას კრედიტორს შეუძლია დაუნიშნოს მოვალეს ვალდებულების შესრულებისათვის აუცილებელი დრო. თუკი მოვალე ამ დროშიც არ შეასრულებს ვალდებულებას, მაშინ კრედიტორს უფლება აქვს ვალდებულების შესრულების ნაცვლად მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
ამავე კოდექსის 404-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
მოსარჩელე ზიანის ასანაზღაურებლად მოითხოვს მიუღებელ შემოსავალს, კერძოდ იმ სარგებლის ანაზღაურებას, რაც ვერ მიიღო მოპასუხეების მიერ კრედიტის დაბრუნების ვადის დარღვევის გამო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება ყოველთვის სარგებლიან სესხს წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც კრედიტორი, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იბრუნებს არა მარტო გაცემული კრედიტის ძირითად თანხას, არამედ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტსაც, რადგან საკრედიტო დაწესებულების ძირითადი საქმიანობა კრედიტის გაცემის გზით ეკონომიკური სარგებლის მიღებაა,კრედიტის დაუბრუნებლობის გამო ბანკი კარგავს იმ შემოსავალს, რასაც კრედიტის დროულად დაბრუნების შემთხვევაში მიიღებდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
ეს ნორმა მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდოობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლის თანახმად, ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. ზიანის ოდენობის დასადგენად გათვალისწინებულ უნდა იქნეს ხელშეკრულების შესრულების დრო და ადგილი.
ბანკის მხრიდან კრედიტის გაცემის უმთავრესი ინტერესია დაიბრუნოს კრედიტი და მიიღოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი კრედიტის მოქმედების ვადაში. ვალდებულების შეუსრულებლობის პირობებში ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს მიუღებელი შემოსავალი ყოველი კონკრეტული ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე.
მოცემულ შემთხვევაში, მოვალის მიერ მოსარჩელის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად, მოსარჩელემ დაკარგა ის შემოსავალი, რასაც მიიღებდა ხელშეკრულებაში გათვალისწინებული სარგებლის სახით. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნა სესხის ძირითადი თანხის, საპროცენტო სარგებლის, მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.3. სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ვალდებულების დარღვევისათვის პირგასამტეხლოს გადახდევინება, რის გამოც მოპასუხე მხარე ვალდებულია სესხის ძირითად თანხასთან ერთად მოსარჩელეს გადაუხადოს პირგასამტეხლო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელსაც მოვალე იხდის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის. ამდენად, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. პირგასამტეხლოს თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება უნდა იყოს წერილობით ფორმით დადებული.
ამდენად, პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა, არაჯეროვანი შესრულება. იმის გამო, რომ პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მისი მიზანი უპირველესად არის ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენცია. პირგასამტეხლოს ძირითადი ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე გარკვეული „ზეწოლის“ განხორციელების საშუალებაა.
კანონი ითვალისწინებს სასამართლოს უფლებამოსილებას შეამციროს საქმის გარემოებებიდან გამომდინარე შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც ნიშნავს პირგასამტეხლოს დაკისრებისას ვალდებულების დარღვევის გარემოებების შეფასების შედეგად ამ საკითხის გადაწყვეტას.
ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას გასათვალისწინებელია მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს შემცირებულ პირგასამტეხლოს, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს მოთხოვნილი ოდენობა არ შეიძლება შეფასდეს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად. ამდენად სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.4. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეებს მი----–----------–---ს და მი-------------–---ს ფა--------------–---თან ერთად სოლიდარულად უნდა დაეკისროთ თანხის გადახდა, რადგან მათი ვალდებულება წარმოშობილია სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463–ე მუხლი ადგენს, რომ თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464–ე მუხლის მიხედვით, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება. ამ ნორმების მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულებით თავმდები კისრულობს ძირითადი მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ამ ვალდებულების შესრულებას. თავდებობის შესახებ შეთანხმება იდება წერილობითი ფორმით.
ამავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
მოცემულ შემთხვევაში, ძირითადმა მოვალემ დაარღვია სესხის დაფარვის ვადა, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია სოლიდარულ თავდებებს წარუდგინოს სესხის დაბრუნების მოთხოვნა. დადებული წერილობითი შეთანხმებით წარმოშობილია სოლიდარული თავდებობა მი----–----------–---სა და მი-------------–---თან ფა--------------–---ის სასესხო ვალდებულების შესრულების საკითხში, რის გამოც მოპასუხეებისათვის თანხის სოლიდარულად დაკისრების მოთხოვნა საფუძვლიანია. ამდენად, მათ ხელშეკრულებით ეკისრებათ სოლიდარული პასუხისმგებლობა მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისათვის, რაც გულისხმობს კრედიტორის უფლებას დავალიანების გადახდევინება მოითხოვოს როგორც მსესხებლისაგან, ისე თავდებებისაგან, რაიმე რიგითობის დაცვის გარეშე. ამასთან, პასუხისმგებლობა უნდა გავრცელდეს სესხის ძირითადი თანხის, საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს შენატანის სახით არსებულ დავალიანებაზე.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა)მ ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, იპოთეკა შეიძლება ასევე გამოყენებულ იქნეს სამომავლო ან პირობით მოთხოვნასთან დაკავშირებით, თუ იპოთეკის დადგენის მომენტისათვის შესაძლებელია ამ მოთხოვნის განსაზღვრა.
ამავე კოდექსის 301-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხოლო 11 ნაწილის თანახმად, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შეთანხმებით ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება მის.: ქ. ბოლნისი, სოფელი სა------ი, სკ 80.04.63.2--.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარეალიზაციოდ უნდა მიექცეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება.
მოსარჩელე მოითხოვს, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად აღსრულება განხორციელდეს მოვალის სხვა ქონებაზე. ფა--------------–---თან დადებული საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 9.3 პუნქტის მიხედვით, მხარეები თანხმდებიან, რომ თუ იპოთეკის ან/და გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ არის საკმარისი იპოთეკით ან/და გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან/და იპოთეკის/გირავნობის საგნის პირდაპირ საკუთრებაში გადაცემის შემთხვევაში იპოთეკის/გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს საკრედიტო მოთხოვნის ოდენობას, ასეთ შემთხვევაში უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა არ ჩაითვლება სრულად დაკმაყოფილებულად, არამედ ცაითვლება დაკმაყოფილებულად მხოლოდ იპოთეკის ან/და გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის შესაბამისი ოდენობით და მხოლოდ მის ფარგლებში და ბანკი უფლებამოსილია აღსრულება მიაქციოს მოვალის სხვა ქონებაზეც. ამდენად, მხარეთა შეთანხმებების საფუძველზე თუ იპოთეკით უზრუნველყოფილი უძრავი ნივთების რეალიზაციით მიღებული თანხა ბანკის მოთხოვნას სრულად ვერ დააკმაყოფილებს, ბანკი უფლებამოსილია გააგრძელოს აღსრულება მოვალე ფა--------------–---ის მიმართ მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებამდე მოვალის სხა ქონების ხარჯზე.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის 2-ე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად. ამასთან მოპასუხეებმა ცნეს სარჩელი ნაწილობრივ სასამართლოს მთავარ სხდომამდე - ძირი თანხის დაკისრების ნაწილში, შესაბამისად, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 233.01 ლარის ანაზღაურება.
მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 728.15 ლარიდან 495.14 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
მოცემულ შემთხვევაში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. სს „თი---------ი"-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს;
1.1. მოპასუხეებს ფა--------------–---ს, მი----–----------–---ს და მი-------------–---ას დაეკისროთ სს „თი---------ისათვის“ 21 610.66 ლარის სოლიდარულად გადახდა; (სესხის ძირი თანხა - 16 407.31 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 3562.61 ლარი, პირგასამტეხლო - 1640.73 ლარი);
1.2. მოპასუხეებს ფა--------------–---ს, მი----–----------–---ს და მი-------------–---ას სოლიდარულად დაეკისროთ სს „თი---------ისათვის“ ზიანის ასანაზღაურებლად 2019 წლის 21 თებერვლიდან ვალდებულების სრულ შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 2019 წლის 17 დეკემბრისა, ყოველთვიურად 269.71 ლარის, ჯამში 2661.14 ლარის ოდენობით;
1.3. ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად იძულებით სარეალიზაციოდ მიექცეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, (სკ 80.04.63.2--, მდებარე: ბოლნისის რაიონი, სოფელი სა------ი);
1.4. აღსრულება განხორციელდეს მოპასუხე ფა--------------–---ის ნებისმიერი შემოსავლის და ქონების რეალიზაციის ხარჯზე.
2. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
3. მოპასუხეებს ფა--------------–---ს, მი----–----------–---ს, მი-------------–---ას, ვუ---–----------–---ას, ნუშაბა ფატულაევას დაეკისროს სს „თი---------ისათვის“ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 233.01 ლარის გადახდა;
4. მოსარჩელე სს. თი---------ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის თანხიდან 495.14 ლარი.
5. გადაწყვეტილებაზე დაუყონებლივ აღსასრულებლად გაცემის ნაწილში შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემიდან 12 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასმართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე პაატა ფხალაძე