გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
160210119002895135
საქმე №2/198-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
8 მაისი, 2019 წელი ქ. ბოლნისი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
მოსამართლე პაატა ფხალაძე
სხდომის მდივანი თამთა ჩულუხიძე
მოსარჩელე - შამ-------------------ი
წარმომადგენელი - ჯეი--------------ი
მოპასუხე - თამ-------------–---–ი
წარმომადგენელი – ოთ---------–---–ი
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. მოსარჩელის მოთხოვნა:
თამ-------------–---–ისათვის შამ-------------------ის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების სახით 37 080 ლარის დაკისრება.
სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ N 1/1-604, 2018 წლის 9 მარტს მიღებული ბრძანების, 2018 წლის 10 აპრილს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებაზე ჩატარებული N 0---- ელექტრონული აუქციონის გამარჯვების დადასტურების N 2------------ საფუძველზე, 2018 წლის 16 აპრილს მოსარჩელეს და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შორის შედგა იჯარის ხელშეკრულება და 15 წლის ვადით მოსარჩელეს სარგებლობაში გადაეცა უძრავი ქონება მდებარე მარნეულის რაიონის სოფელ კა-----ში, ფართობი 103 000 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების. ს/კ 83.11.02.6--.
აღნიშნულ მთლიან მიწის ნაკვეთზე მოსარჩელემ დათესა მზესუმზირა, რომლის მოსავალი მოპასუხის უხეში ხელშეშლის, ჩარევის და თვითნებურად, მოსარჩელის ნებართვის გარეშე სარგებლობის გამო არ მიუღია. მოპასუხის მხრიდან მოსავლის თვითნებურად მოკრეფის და მიღების გამო მოსარჩელეს მიადგა მატერიალური, მნიშვნელოვანი ზიანი, რომელიც აუდიტის დასკვნის თანახმად შეადგენს 37 080 ლარს.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო.
მოპასუხის განმარტებით, სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთი მას თვითნებურად ჰქონდა დაკავებული და მასზე დათესილი ჰქონდა მზესუმზირა, მანამდე სანამ მიწის ნაკვეთი იჯარით გადაეცემოდა მოსარჩელეს. მისთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცა მოსარჩელეს. სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების გამო მარნეულის მუნიციპალიტეტმა შეადგინა ოქმი და მარნეულის მაგისტრატმა სასამართლომ 2018 წლის 25 ივნისს გამოიტანა გადაწყვეტილება. მოსარჩელეს აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მზესუმზირა არ დაუთესავს, იგი ცრუობს, მზესუმზირა დათესა მოპასუხემ სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე - 8 ჰექტარზე, მარტის თვეში. მოსარჩელეს მიწის ნაკვეთი გადაეცა 2018 წლის 16 აპრილს, როგორც მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებიდან ირკვევა. ამ დროისათვის მოპასუხეს უკვე დიდი ხნის დათესილი ჰქონდა მზესუმზირა. მოგვიანებით მოპასუხესთან მივიდა მოსარჩელე და უთხრა, რომ გაენთავისუფლებინა ტერიტორია, რადგან მან იჯარით აიღო აღნიშნული მიწის ნაკვეთი, რაზეც მან უპასუხა, რომ მოსავლის აღების შემდეგ გაანთავისუფლებდა მიწის ნაკვეთს, რაზეც შეთანხმდნენ. ამასთანავე მოპასუხის მიერ დათესილი მზესუმზირა მაღალი ტემპერატურის და უწყლობის გამო განადგურდა, რითაც განიცადა ზარალი, მიწის დამუშავების ხარჯებიც ვერ დაფარა.
მოპასუხე თვლის, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. უძრავი ქონება ს/კ 83.11.02.6-- იმყოფება სახელმწიფოს საკუთრებაში. 2018 წლის 16 აპრილს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და შამ-------------------ს შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე შამ-------------------ს იჯარის უფლებით გადაეცა ქ.მარნეულში, სოფელ კა-----ში მდებარე 103 000 კვ.მ სასოფლო სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ 83.11.02.6--) 15 წლის ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 23-24);
- იჯარის ხელშეკრულება (ს.ფ. 46-54);
- მხარეთა ახსნა-განმარტება; (ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 აპრილის სხდომის ოქმი).
3.1.2. თამ-------------–---–მა უნებართვოდ დაიკავა და სარგებლობდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთით (ს/კ 83.11.02.6--). მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 25 ივნისის დადგენილებით თამ-------------–---–ი ცნობილი იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 552-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის, განთავისუფლდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და გამოეცხადა სიტყვიერი შენიშვნა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 25 ივნისის დადგენილება (ს.ფ.90-94);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 აპრილის სხდომის ოქმი).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მიწის ნაკვეთზე (ს/კ 83.11.02.6--) 2018 წელს მარტის თვის ბოლოს მზესუმზირა დათესა თამ-------------–---–მა. არ დასტურდება, რომ მოსარჩელემ მოპასუხის ქმედების შედეგად (მოსარჩელის მიერ დათესილი მზესუმზირის მოსავლის აღება) მიიღო 37 080 ლარის ზიანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. მტკიცებულებათა წარმოდგენის მოვალეობას საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დასადგენად, კანონმდებელი აკისრებს იმ მხარეს, რომლისთვისაც ეს უფრო ადვილი და მოსახერხებელია. მოსარჩელე მოვალეა დაამტკიცოს ფაქტები, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მის მოთხოვნას, ხოლო იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლებიც ასეთი მოთხოვნის უფლებას გააქარწყლებენ - დაკისრებული აქვს მოპასუხეს. აქვე აღსანიშნავია, რომ მხარეებს შორის, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. ფაქტების დამტკიცებას იწყებს მოსარჩელე, რომელმაც უნდა დაამტკიცოს მის მიერ მოპასუხისადმი წაყენებული მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი. მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელე დაამტკიცებს ამ ფაქტებს, მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე. შესაბამისად, მოპასუხე მხარე ვალდებულია დაამტკიცოს ის ფაქტები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის შესაგებელს, მაშასადამე მან არამარტო უნდა გამოთქვას საპირისპირო მოსაზრება კონკრეტულ მტკიცებულებასა და ფაქტთან დაკავშირებით, არამედ უნდა დაასაბუთოს იგი.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართლში მოქმედებს პრინციპი ”affirmanti, non negati, incumbit probatio”- “მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს”. ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს, ვინ რა უნდა ამტკიცოს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სასამართლო განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება (იხ. სუსგ ას-867-834-2016).
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ვალდებული იყო დაედასტურებინა, რომ მან მოპასუხის ქმედებით მიიღო ზიანი, რომელიც, როგორც მოსარჩელე განმარტავს, გამოწვეული იყო იმით, რომ მოსარჩელემ მიწის ნაკვეთზე დათესა მზესუმზირა და ვინაიდან მიწის ნაკვეთს თვითნებურად დაეუფლა მოპასუხე, მოსარჩელემ ვერ მიიღო მზესუმზირის მოსავალი და მიადგა ზიანი. ზიანის გამომწვევ სხვა ქმედებებზე მოსარჩელეს არ მიუთითებია. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაა, რომ მიწის ნაკვეთზე მოსარჩელემ დათესა მზესუმზირა, ხოლო მოპასუხის ქმედების შედეგად მიადგა ზიანი.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება გარდა ახსნა-განმარტებისა არ წარმოუდგენია. მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტება სასამართლოსათვის არ არის სარწმუნო და საკმარისი. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა მიგვეჩნია, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს. მოპასუხე მხარემ სასამართლოში წარმოადგინა მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს დადგენილება, რომლის მიხედვით დადგენილია, რომ თამ-------------–---–ის მიმართ 2018 წლის 11 ივნისს შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 552-ე მუხლის საფუძველზე. მიწის ნაკვეთი, ს/კ 83.11.02.6-- წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას, თამ-------------–---–ი ნებართვის გარეშე ფლობს ამ მიწის ნაკვეთს, კერძოდ ამუშავებს მას, მიწის ნაკვეთზე დათესილია მზესუმზირა. მოსარჩელე მხარემ სასამართლოში წარმოადგინა მოწმე რა----–---------ი, მოპასუხე მხარემ წარმოადგინა - ბაირამ რუსტამოვი და ელშან სადიევი.
მოწმე რა----–---------ის ჩვენების მიხედვით, შამ-------------------ი არის მისი ბიძა. მოწმის განმარტებით, შამ-------------------ს აქვს მიწის ნაკვეთი სოფელ კა-----ში, რომელსაც ამუშავებდა არაფლოელი ბიჭი. მისთვის უცნობია მიწის ნაკვეთზე ვინ დათესა მზესუმზირა და ვინ მიიღო მოსავალი.
მოწმე ბაირამ რუსტამოვის განმარტებით, იგი არის მოსარჩელის ძმა. თამ-------------–---–ი 5-6 წლის განმავლობაში ფლობს და ამუშავებს მისი მიწის ნაკვეთის გვერდით მდებარე მიწის ნაკვეთს სოფელ კა-----ში. შარშან (2018წ) მარტის თვის ბოლოს აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მზესუმზირა დათესა თამ-------------–---–მა და არა მისმა ძმამ შამ-------------------მა. მიწის ნაკვეთი არის 10 ჰა, 8ჰა-ს ამუშავებდა თამ-------------–---–ი, ხოლო 2ჰა-ს სხვები. მოწმემ განმარტა, რომ მან ისიც კი იცის თა----იმ რომელი ტრაქტორით დაამუშავა აღნიშნული მიწა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ძმასთან - მოსარჩელე შამ-------------------თან აქვს კარგი ურთიერთობა. მოწმის განმარტებით, თამ-------------–---–ს მიწა დამუშავებული და დათესილი მანამდე ჰქონდა, ვიდრე შამ-------------------ი დადებდა იჯარის ხელშეკრულებას.
მოწმე ელშან სადიევის განმარტებით, იგი თამ-------------–---–ს ეხმარებოდა მიწის ნაკვეთის დამუშავებაში, რომელიც მდებარეობს სოფელ კა-----ში. მიწის ნაკვეთი იქნებოდა 8ჰა ფართობი. მოწმე ესწრებოდა მიწის ნაკვეთის მოხვნას, დათესვას და მოსავლის აღებას.
ამდენად, მოსარჩელე მხარემ ვერ დაადასტურა მიწის ნაკვეთზე 2018 წელს მოსარჩელის მიერ მზესუმზირის დათესვის ფაქტი. რაც შეეხება ზიანის გაანგარიშებას, მოსარჩელემ მტკიცებულების სახით წარმოადგინა დამოუკიდებელი შემფასებლის დასკვნა და სანოტარო წესით დამოწმებული აქტი. აქტის თანახმად, რა----–---------ი, ალ----------------ი და ზა--------------ი ადასტურებენ, რომ მათ დროებით სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთების გარკვეულ ნაწილზე სოფელ კა-----ში დათესილი მზესუმზირის მოსავლის საჰექტარო საშუალო მოცულობა გამოვიდა 1800 კგ, მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი გაყიდეს 1კგ 2 ლარად. რაც შეეხება დამოუკიდებელი შემფასებლის დასკვნას, დასკვნის თანახმად, განისაზღვრა 1 ჰა-ზე 2018 წელს მზესუმზირის საშუალო მოსავლიანობა სოფელ ქვემო კა-----ში, რაც მოხდა კერძო პირების გამოკითხვის შედეგად. დასკვნა ეფუძნება ზემოთაღნიშნულ სანოტარო აქტში მითითებულ განმარტებას. დასკვნის თანახმად, მარნეულის რაიონის სოფელ ქვემო კა-----ში მდებარე 10.3 ჰა მიწის ნაკვეთიდან მზესუმზირის დათესვის შედეგად, 2018 წელს მისაღები შემოსავლის საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 37 080 ლარი. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი აღნიშნული მტკიცებულებები ვერ ადასტურებენ მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებს. წარმოდგენილი სანოტარო აქტში ასახულია რა----–---------ის,ალ----------------ის და ზა--------------ის განმარტებები, რომლებიც უთითებენ საშუალოდ მათი მიწის ნაკვეთებზე მზესუმზირის მოსავლის მოცულობის და რეალიზაციის ფასის შესახებ. აღნიშნული ვერ ადასტურებს მოსარჩელის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სწორედ ანალოგიური მოცულობის მოსავლის მიღების ფაქტს. აღნიშნული კიდეც რომ დასტურდებოდეს, მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული გარემოება არ წარმოადგენს გადამწყვეტ გარემოებას. მოცემულ დავაში უმთავრეს საკითხს წარმოადგენს მოპასუხის ქმედებით მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტის დადასტურება, რაც მოსარჩელე მხარემ ვერ უზრუნველყო.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ არ არის წარმოდგენილი, ისეთი სახის მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს. მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნას ზიანის ანაზღაურების შესახებ ამყარებს მხოლოდ იმ გარემოებებზე, რომ მის მიერ იქნა დათესილი მიწის ნაკვეთზე მზესუმზირა, მიწის ნაკვეთს თვითნებურად დაეუფლა მოპასუხე, აღნიშნულის შედეგად კი მან ვერ მიიღო მზესუმზირის მოსავალი, რის გამოც მიადგა ზიანი. მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან ზიანის გამომწვევი სხვა ქმედებების შესახებ არ უთითებს. მოსარჩელემ მის მიერ მითითებული გარემოებები ვერ დაადასტურა.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 103-ე, 248-ე მუხლები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 159-ე, 161-ე, 317-ე, 361-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლებების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 161-ე მუხლის თანახმად, თუ კეთილსინდისიერ მფლობელს არ ჩამოერთმევა ნივთი, მაგრამ სხვაგვარად შეეშლება ხელი მისი მფლობელობის განხორციელებაში, მაშინ მას, მსგავსად მესაკუთრისა, შეუძლია მოითხოვოს ხელის შეშლის აღკვეთა. ამასთანავე, მას შეუძლია მოითხოვოს მფლობელობის ხელყოფით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ზიანის ანაზღაურების ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა შეუძლებელია ხელის შეშლის აღკვეთის მოთხოვნა.
სამოქალაქო კოდექსის 161-ე მუხლი, ისევე როგორც სამოქალაქო კოდექსის 160-ე მუხლი, წარმოადგენს ნივთის მფლობელის პოსესორულ მოთხოვნას, რომელიც არა მფლობელობის ჩამორთმევით, არამედ მის სხვაგვარად ხელშეშლით გამოიხატება. ნორმის მიზანია, ნივთის კეთილსინდისიერ მფლობელს, მესაკუთრის მსგავსად, ჰქონდეს ხელშეშლის აღკვეთის სამართლებრივი საფუძველი. კეთილსინდისიერი მფლობელი, სამოქალაქო კოდექსის 159-ე მუხლის შესაბამისად, უპირველეს ყოვლისა, არის ის პირი, რომელიც ნივთს სამართლებრივი საფუძვლით ფლობს, მაგალითად დამქირავებელი, მოიჯარე ან მონათხოვრე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 159-ე მუხლის თანახმად, კეთილსინდისიერია მფლობელი, რომელიც ნივთს მართლზომიერად ფლობს, ან რომელიც უფლებამოსილ პირად შეიძლება იქნეს მიჩნეული საქმიან ურთიერთობებში საჭირო გულმოდგინე შემოწმების საფუძველზე.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია გარემოება, რომ მიწის ნაკვეთი ს/კ 83.11.02.6-- წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას. ასევე სადავო არ არის, რომ 2018 წლის 16 აპრილს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და შამ-------------------ს შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე შამ-------------------ს 15 წლით სარგებლობაში გადაეცა აღნიშნული მიწის ნაკვეთი. შესაბამისად შამ-------------------ი სადავო პერიოდისათვის წარმოადგენდა მიწის ნაკვეთის კეთილსინდისიერ მფლობელს. ასევე არ არის სადავო, რომ თამ-------------–---–ი უნებართვოდ სარგებლობდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთით (ს/კ 83.11.02.6--).
შესაბამისად შამ-------------------ს, როგორც მიწის ნაკვეთის კეთილსინდისიერ მფლობელს, გამომდინარე სამოქალაქო კოდექსის 161-ე მუხლის დანაწესიდან, უფლება აქვს მოითხოვოს უკანონო ხელშეშლის აღკვეთა, ამასთანავე მფლობელობის ხელყოფით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, ასეთის არსებობის დადასტურების შემთხვევაში.
ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება, 2) იყოს ზიანი, 3) უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის, 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მოპასუხის ქმედებით მიადგა ზიანი. ქმედება კი გამოიხატა მასში, რომ მოპასუხე უკანონოდ დაეუფლა მოსარჩელის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის მიერ დათესილ მზესუმზირას, მზესუმზირის მოსავალი მიიღო მოპასუხემ, შესაბამისად მოსარჩელემ განიცადა ზიანი, რაც შეადგენს მზესუმზირის მისაღები მოსავლის სავარაუდო ღირებულებას. მოსარჩელე არ უთითებს მოპასუხის სხვა ქმედებით გამოწვეულ ზიანზე. მოსარჩელე არ უთითებს, რომ მას ზოგადად მოპასუხის მიერ მის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის უკანონოდ დაუფლების გამო მიადგა ზიანი. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მიწის ნაკვეთზე მზესუმზირა დათესა არა მოსარჩელემ, არამედ მოპასუხე თამ-------------–---–მა. მოსარჩელეს უნდა დაემტკიცებინა, რომ მან მიწის ნაკვეთზე დათესა მზესუმზირა, ასევე თუ რა ხარჯი იქნა მის მიერ გაწეული, რა მოცულობის მოსავალს მიიღებდა და ვერ მიიღო მოპასუხის ქმედების შედეგად. მოსარჩელემ წარმოადგინა შეფასების დასკვნა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ აღნიშნული დასკვნა საკმარისი არ არის მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებისათვის, აუცილებელია დადგენილი იქნეს, რომ მოსარჩელემ მიწის ნაკვეთზე დათესა მზესუმზირა, შესაბამისად გაწია ხარჯი, მიწის ნაკვეთზე არსებულ მზესუმზირის ნათესებს უკანონოდ დაეუფლა მოპასუხე და მან მიიღო მოსავალი, აღნიშნულით კი მოსარჩელემ განიცადა ზიანი. საქმის განხილვის შედეგად დადგენილია, რომ მიწის ნაკვეთზე მზესუმზირა დათესა მოპასუხე თამ-------------–---–მა, ამასთანავე გამოიკვეთა, რომ მან მზესუმზირა დათესა უფრო ადრე, ვიდრე მიწის ნაკვეთი გადავიდოდა მოსარჩელის მფლობელობაში. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხე უკანონოდ დაეუფლა მიწის ნაკვეთს მანამდე, სანამ მოსარჩელის კანონიერ მფლობელობაში აღმოჩნდებოდა აღნიშნული მიწის ნაკვეთი. მოსარჩელე ვერ ადასტურებს თუ რა სახის ზიანი მიდგა მას და ზიანი მოპასუხის რომელმა ქმედებამ გამოიწვია. სასამართლო აღნიშნავს, რომ სხვის საკუთრებაში არსებული ქონების თვითნებურად დაუფლების ყველა შემთხვევაში არ დგება ზიანი, მაგრამ კეთილსინდისიერ მფლობელს უფლება აქვს მოითხოვოს ხელშეშლის აღკვეთა. მას ასევე შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურებაც, მაგრამ უნდა ამტკიცოს ზიანის არსებობა. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე არ უთითებს თუნდაც შესაძლო ზიანის გამომწვევ იმ გარემოებას, რომ არა მოპასუხის ქმედებები, იგი თავად განახორციელებდა მიწის ნაკვეთზე გარკვეულ ქმედებებს, თუნდაც დათესავდა მზესუმზირას და მიიღებდა შემოსავალს. ზოგადად იჯარის ხელშეკრულება არის სასყიდლიანი ხელშეკრულება, რომლისთვისაც მოიჯარე იხდის საიჯარო ქირას. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ ასევე არ ყოფილა წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნა ამ კუთხით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია ან იმაზე მეტი ვიდრე ის მოითხოვდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოსარჩელე მხარემ ვერ წარმოადგინა სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები, სარჩელი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.3. სასამართლო განმარტავს, რომ დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილების უფლება, ევროპული კონვენციით გარანტირებული ზოგადი პრინციპია, რომელიც ინდივიდს თვითნებობისაგან იცავს; ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ მატერიალურ-სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილ ძირითად ასპექტებს (Ruiz Torija v. Spain). ამავე დროს, სასამართლო ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 1142.40 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-41-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. შამ-------------------ის სარჩელი თამ-------------–---–ის მიმართ, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე პაატა ფხალაძე