გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/35852-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
13 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს
სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე - ხათუნა კაკაბაძე
სხდომის მდივანი - დალი მახაური
მოსარჩელე - ია------–---–ი
წარმომადგენელი - ია--------------ე
მოპასუხე - ან-------–--------ა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ან-------–--------ას ია------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს - 8500 აშშ დოლარის გადახდა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2017 წლის 21 დეკემბერს მხარეთა შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ან-------–--------ამ ია------–---–ისაგან ისესხა 8500 აშშ დოლარი. მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხემ ხელწერილით აიღო ვალდებულება სესხი დაებრუნებინა მოთხოვნისთანავე, იგი ვალდებულებას არ ასრულებს და თანხას არ აბრუნებს. მოსარჩელემ არაერთხელ მოითხოვა თავისი კუთვნილი თანხის დაბრუნება, თუმცა უშედეგოდ.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მხარეთა შორის ნამდვილად არსებობდა სასესხო ურთიერთობა, თუმცა არა 8500 აშშ დოლარის, არამედ 8000 აშშ დოლარის ოდენობით. მოსარჩელემ მოპასუხეს სესხის თანხა გადასცა უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით არა 2017 წლის 21 დეკემბერს, არამედ 2014 წელს, ხოლო მოპასუხემ მიღებული თანხა გადაიხადა ორ ეტაპად 2018 წლის თებერვლისა და აპრილის თვეში 4000-4000 აშშ დოლარის ოდენობით. ამასთან, ვალდებულების შესრულების შემდგომ, ია------–---–მა 21.12.2017წ. ხელწერილი გაანადგურა - დახია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 21 დეკემბერს შედგენილ იქნა ხელწერილი, რომლის თანახმადაც ან-------–--------ამ დაადასტურა, რომ ია------–---–ისაგან სესხის სახით მიიღო 8500 აშშ დოლარი, რომელსაც დააბრუნებდა მოთხოვნისთანავე. ხელწერილს ხელს აწერს როგორც ია------–---–ი, ასევე ან-------–--------ა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 21.12.2017წ. ხელწერილი (იხ. ს.ფ. 17);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);
3.1.2. მოწმე შო----–--------ას ჩვენების თანახმად, იგი ან-------–--------ასთან ერთად მივიდა ია------–---–ის სახლში, ან-------–--------ამ მოსარჩელეს და გადასცა სესხად აღებული თანხა 8000 აშშ დოლარი ორ ნაწილად, ნაღდი ანგარიშსწორების გზით. კერძოდ, 4000 აშშ დოლარი თებერვლის თვეში და 4000 აშშ დოლარი აპრილის თვეში. თანხის გადაცემის დროს, ხელწერილის შედგენაზე საუბარი არ ყოფილა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოწმის ჩვენება (იხ. 13.05.2019წ. სხდომის ოქმი 13:42:22-13:52:56);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მოსაზრებას მასზედ, რომ მის მიერ სრულად არის დაბრუნებული მხარეთა შორის 2017 წლის 21 დეკემბერს გაფორმებული ხელწერილით გათვალისწინებული სესხის თანხა და ადგენს, რომ ან-------–--------ას დავალიანება ია------–---–ის მიმართ შეადგენს - 8500 აშშ დოლარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში. კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა, მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მისი მოთხოვნის მართებულობა, ამ მხრივ მხარეს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, მიუთითოს ნებისმიერ ფაქტსა თუ მოვლენაზე, რაც, მისი აზრით, ადასტურებს მისი მოთხოვნის კანონიერებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. იმ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. კერძოდ, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის გადანაწილებას არამარტო საპროცესო-სამართლებრივი მნიშვნელობა აქვს, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ საპროცესო მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი - არახელსაყრელი შედეგი.
სასამართლო, ასევე განმარტავს, რომ მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი). სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე განმარტავს, რომ მან 2017 წლის 21 დეკემბრის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, ან-------–--------ას სესხის სახით გადასცა 8500 აშშ დოლარი და მოითხოვს აღნიშნული თანხის დაბრუნებას. ამ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს 2017 წლის 21 დეკემბერს შედგენილი ხელწერილი, რომელსაც ხელს აწერს როგორც ია------–---–ი, ასევე ან-------–--------ა და რომლის თანახმადაც ან-------–--------ამ დაადასტურა, რომ ია------–---–ისაგან სესხის სახით მიიღო 8500 აშშ დოლარი, რომელსაც დააბრუნებდა მოთხოვნისთანავე. მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია აღნიშნული ხელწერილის ნამდვილობა. მან დაადასტურა, რომ მხარეთა შორის ნამდვილად არსებობდა სასესხო ურთიერთობა, თუმცა არა 8500 აშშ დოლარზე, არამედ 8000 აშშ დოლარზე, რომელიც მის მიერ სრულად იქნა გადახდილი ორ ეტაპად 4000-4000 აშშ დოლარის გადახდით. თუმცა, მოპასუხეს ვალდებულების შესრულების ფაქტის დასადასტურებლად გარდა მისი ახსნა-განმარტებისა და მოწმის ჩვენებისა, რომელიც მისივე შუამდგომლობით იქნა სასამართლო სხდომაზე დაკითხული, არ წარმოუდგენია სხვა არანარი მტკიცებულება. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს შემდეგს:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.
ზემოთ აღნიშნულ მუხლზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ კანონმდებელმა სესხის ხელშეკრულებისათვის არ გაითვალისწინა სავალდებულო ფორმა, თუმცა კანონით განისაზღვრა მტკიცებულებათა დასაშვებობის კრიტერიუმები, - ზეპირი ხელშეკრულების დროს სესხის ხელშეკრულების ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით, - ნიშნავს, რომ მოწმეთა ჩვენება ამ შემთხვევაში არასაკმარისი მტკიცებულებაა, მაშინ როცა სხვა სახის სამართალურთიერთობის არსებობის შემთხვევაში, შესაძლოა მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა არ კრძალავდეს მოწმის ჩვენების საფუძველზე კონკრეტული ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შემადგენლობის, ფაქტების დადასტურებას. ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მტკიცებითი საშუალებების შეზღუდვა ვრცელდება არა მხოლოდ ხელშეკრულების დადების ფაქტის, არამედ ასევე მისი შესრულების ფაქტის მტკიცებაზეც. ნორმით მოცემული მიზნის შეზღუდვა მხოლოდ კრედიტორის უფლების დადგენის ნაწილში არათანაბარ პირობებში ჩააყენებს სასესხო ურთიერთობის მონაწილეებს, რაც დაუშვებელია მითითებული მუხლის მიზნებიდან გამომდინარე. დათქმა, რომლის თანახმად, ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით, ვრცელდება ასევე სასესხო ვალდებულების შესრულების ინსტიტუტზეც. ამდენად, სასესხო ურთიერთობებიდან გამომდინარე უფლება-ვალდებულებები (და არა მხოლოდ გამსესხებლის უფლება), მათ შორის, სესხის შესრულების ვალდებულება, არ შეიძლება დადასტურდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. სასესხო ურთიერთობებში კანონი „არ ენდობა“ მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებს (ამ შემთხვევაში მოწმის ჩვენების, როგორც არაპირდაპირი (ინდიციური) მტკიცებულების შეფასება, ემპირიული წესების საფუძველზე ხორციელდება სხვა მტკიცებულებასთან ერთად შეფასების გზით).
სასამართლო, ასევე განმარტავს, რომ სესხის დაბრუნების მტკიცების ტვირთი აწევს მსესხებელს. კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი (429-ე მუხლის 1-ლი ნაწილი). ანუ მტკიცებულების შექმნის ინიციატივა და კრედიტორისათვის მოთხოვნა გასცეს მოვალეზე ვალდებულების შესრულების წერილობითი საბუთი, უნდა მოდიოდეს თავად მსესხებლისაგან. თუ იგი არ მოითხოვს გამსესხებლისაგან ასეთი საბუთის გაცემას, შესაძლოა მომავალში ვერ დაადასტუროს სესხის დაფარვის ფაქტი. თუ დავა შეეხება თანხის დაბრუნებას, ფულადი ვალდებულების თავისებურებიდან გამომდინარე, მისი შესრულება მსესხებელმა უნდა დაამტკიცოს ისეთი სახის მტკიცებულებებით, რომლებიც პირდაპირ მიუთითებს თანხის გადახდის ფაქტზე.
როგორც ზემოთ აღინიშნა, მოპასუხეს იმ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად, რომ მას სრულად აქვს შესრულებული მასსა და ია------–---–ს შორის არსებული სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულება, არ წარმოუდგენია სხვა უკეთესი მტკიცებულება გარდა საკუთარი ახსნა-განმარტებისა და მოწმის ჩვენების. შესაბამისად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეს, მისი მოთხოვნის დასადასტურებლად წარმოდგენილი აქვს 21.12.2017წ. ხელწერილი, რომლის ნამდვილობაც მოპასუხემ უდავოდ დაადასტურა, მხოლოდ მოპასუხის ახსნა-.განმარტება და მოწმის ჩვენება, სხვა მტკიცებულებების არ არსებობის პირობებში, ვერ იქნება მიჩნეული ვალდებულების შესრულების დამადასტურებელ სათანადო და კვალიფიციურ მტკიცებულებად.
ამრიგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხემ მტკიცების ტვირთის სამართლიანად და ობიექტურად განაწილების პრინციპის შესაბამისად, ვერ უზრუნველყო სადავო გარემოების დადასტურება.
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა ია------–---–ის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317ე, 327-ე, 361-ე, მე-400, 623-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო მართლწესრიგი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი, ხოლო სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა, კი წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, კი სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 21 დეკემბერს შედგენილ იქნა ხელწერილი, რომლის თანახმადაც ან-------–--------ამ დაადასტურა, რომ ია------–---–ისაგან სესხის სახით მიიღო 8500 აშშ დოლარი, რომელსაც დააბრუნებდა მოთხოვნისთანავე. აღნიშნულ ხელწერილს ხელს აწერს როგორც ია------–---–ი, ასევე ან-------–--------ა. ამასთან, მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობის არსებობა და აღნიშნული ხელწერილის ნამდვილობა.
ამდენად, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. მხარეები - ერთი მხრივ მოსარჩელე, ხოლო მეორე მხრივ მოპასუხე შეთანხმებულნი არიან სესხის ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მტკიცება მასზედ, რომ მის მიერ სრულად არის დაბრუნებული მხარეთა შორის 2017 წლის 21 დეკემბერს გაფორმებული ხელწერილით გათვალისწინებული სესხის თანხა და დაადგინა, რომ ან-------–--------ას დავალიანება ია------–---–ის მიმართ შეადგენს - 8500 აშშ დოლარს (იხ. გადაწყვეტილების 3.2.1. პ.).
შესაბამისად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 8500 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია - 678.4 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ამდენად, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხე ან-------–--------ას მოსარჩელე ია------–---–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 678.4 ლარის გადახდა.
მოპასუხეს, ასევე უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 100 ლარის გადახდა,8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 დეკემბრის განჩინებით, ია------–---–ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხე ან-------–--------ას აეკრძალა მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, რომლის რეკვიზიტებია: ქ------------------------------------–---------------------------------------------------------. თუმცა უზრუნველყოფის რეგისტრაციამდე მოპასუხემ გაასხვისა ქონება, რის გამოც, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 თებერვლის განჩინებით დაკმაყოფილდა ია------–---–ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და ყადაღა დაედო მოპასუხე ან-------–--------ას 50 %-იანი წილს - შპს ,,ინ-----------------------------------------–----------------–-–---მი''-ს კაპიტალში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, არ არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ია------–---–ის სარჩელი ან-------–--------ას მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს.
1.1. მოპასუხე ან-------–--------ას მოსარჩელე ია------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს - 8500 აშშ დოლარის გადახდა, ეროვნულ ვალუტაში გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული კურსის შესაბამისად.
2. მოპასუხე ან-------–--------ას მოსარჩელე ია------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 678.4 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 100 ლარის გადახდა.
3. უცვლელად დარჩეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 თებერვლის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალიწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გდაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადა ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე