გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.06.2019
საქმის ნომერი
020210018002313645
კატეგორია
დავის ტიპი
დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან
თარიღი
05.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №020210018002313645 (2/303-18)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

05 ივნისი, 2019 წელი ქ. ზუგდიდი

 

შესავალი ნაწილი

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - მანუჩარ ცაცუა

სხდომის მდივანი - ანა კვირტია

 

მოსარჩელე - ნაირა კარტოზია

ადვოკატი - ნათია ქვარცხავა

 

მოპასუხეები: ირენა კარტოზია, აზა ქარდავა

აზა ქარდავას წარმომადგენელი - მა-------------ა

 

დავის საგანი: საზიარო უფლების გაუქმება საგნის გაყიდვით, ზიანის ანაზღაურების დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.მხარეებს შორის ქ. ზუგდიდში, ეგრისის ქუჩა №30-ში მდებარე უძრავ ქონებაზე (მიწის ნაკვეთი და მასზედ მდებარე შენობა-ნაგებობა, საკადასტრო კოდი №43.34.06.034) საზიარო უფლების გაუქმება საზიარო საგნის აუქციონის წესით გაყიდვის გზით და რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა განაწილება მხარეებს შორის თავიანთი წილის პროპორციულად (შესაბამისად);

 

1.2.მოპასუხეებისათვის სოლიდარულად მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება 15 000 აშშ დოლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1.მოპასუხე მხარემ საქმეზე წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლოს სხდომაზე სარჩელი არ ცნო (იხ. შესაგებელი).

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.უდავო ფაქტობრივი გარემოება

 

3.1.1. უძრავი ქონება მდებარე - ქ. ზუგდიდი, ეგრისის ქუჩა №30 (ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო-სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი - 577.00 კვ.მ., საკადასტრო კოდი №43.34.06.034) საჯარო რეესტრში ირიცხება აზა ქარდავას, ირენა კარტოზიასა და ნაირა კარტოზიას თანასაკუთრებად, კერძოდ, უძრავი ქონების ¼ წილის მესაკუთრეა ნაირა კარტოზია, ¼ წილის მესაკუთრეა ირენა კარტოზია, ხოლო ½ წილი ეკუთვნის აზა ქარდავას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი, შესაგებელი;

-01/08/2018 წელს მომზადებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 15.05.2019 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

3.2.სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1.ნაირა კარტოზიას არ სურს, რომ უძრავი ქონება ჰქონდეს მოპასუხეებთან თანასაკუთრებაში.

 

მხარეთა ახსნა განმარტებებითა და საქმეში წარმოდგენილი 26.10.2018 წლის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №007486818 ექსპერტის დასკვნის თანახმად, სასამართლომ დაადგინა, რომ უძრავი ქონების, მდებარე - ქ. ზუგდიდი, ეგრისის ქუჩა №30 (ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო-სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი - 577.00 კვ.მ., საკადასტრო კოდი №43.34.06.034) სამ იზოლირებულ, ერთგვაროვან ნაწილად, დამოუკიდებელ საკუთრებაში გამოყოფა, მოქმედი ტექნიკური ნორმებისა და წესების მოთხოვნათა დაცვით, ფუნქციონალური დანიშნულებისა და ღირებულების შემცირების გარეშე ტექნიკურად შეუძლებელია ანუ საზიარო უფლების სადავო საგანი ნატურით გაყოფადი არ არის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი, შესაგებელი;

-01/08/2018 წელს მომზადებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

-№007486818 ექსპერტის დასკვნა და მისი დანართი;

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 15.05.2019 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

3.2.2.დადგენილია, რომ ნაირა კარტოზიას მოპასუხეებისაგან ზიანი არ მიდგომია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი, შესაგებელი;

-01/08/2018 წელს მომზადებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

-11/05/2018 წელს გაცემული ცნობა ჯანმრთელობის შესახებ;

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 15.05.2019 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა განმარტებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

5.კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6.სამართლებრივი შეფასება

 

6.1.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, საზიარო უფლება კანონისმიერ ვალდებულებათა ურთიერთობების კატეგორიას განეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ საზიარო უფლების მოწილეებს უფლებები და ვალდებულებები კანონიდან წარმოეშობათ და მათ შორის ურთიერთობები კანონით წესრიგდება. საზიარო უფლება არსებობს მაშინ, როდესაც რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის სამართლის ერთი ობიექტი. განსახილველ შემთხვევაში სადავო უძრავი ნივთი ერთობლივად ეკუთვნით მოდავე მხარეებს. სადავო უძრავი ნივთი წარმოადგენს საზიარო უფლების ობიექტს და მხარეები ერთმანეთთან იმყოფებიან კანონისმიერ ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის თანახმად, საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე. იმავე კოდექსის 953-ე მუხლის შესაბამისად, თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება საზიარო უფლებების თავის წესები, თუკი კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 961-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულ მოწილეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება. აღნიშნული დებულება ნიშნავს იმას, რომ საზიარო უფლების გაუქმებისათვის საკმარისია ერთ-ერთი მოწილის მოთხოვნაც. ამასთან, მხარეები კოდექსის 961-ე მუხლის მე-2 ნაწილით შეთანხმებული არ არიან იმაზე, რომ მათ შორის საზიარო უფლება არ გაუქმდეს. 6.2.სასამართლო აღნიშნავს, რომ საზიარო უფლებიდან გამომდინარე მოთხოვნის რეალიზაცია დამოკიდებულია ამ უფლების მფლობელ პირთა მდგომარეობასა და ინტერესებზე. საზიარო უფლების გაუქმება ნიშნავს საზიარო უფლების ყოველი მფლობელისათვის წილის გამოყოფას. ამდენად, საზიარო უფლების გაუქმებასთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტა ხორციელდება საზიარო უფლების მონაწილეთა წილობრივი მდგომარეობის განსაზღვრის საფუძველზე. იმისათვის, რომ დადგინდეს, თუ რა გზით არის შესაძლებელი საზიარო უფლების გაუქმება, უპირველეს ყოვლისა, უნდა განისაზღვროს მის მონაწილეთა წილობრივი მდგომარეობა. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, მხარეთა საერთო საკუთრება სადავო ქონებაზე გამოხატულია წილადი საკუთრების სახით, სახელდობრ, იმგვარად, რომ უძრავი ქონების ¼ წილის მესაკუთრეა ნაირა კარტოზია, ¼ წილის მესაკუთრეა ირენა კარტოზია, ხოლო ½ წილი ეკუთვნის აზა ქარდავას. 6.3.ამავე კოდექსის 963-ე მუხლით, საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე. მითითებული ნორმის საფუძველზე, საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე. ეს მუხლი ქონების გაყოფის ორ აუცილებელ პირობას ადგენს: 1. ნივთი უნდა დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად, 2. ნივთი უნდა გაიყოს ღირებულების შემცირების გარეშე. საზიარო ნივთის ერთგვაროვან ნაწილებად დაყოფისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს საზიარო საგნის ცალკეული ნაწილების დანიშნულება და მნიშვნელობა საყოფაცხოვრებო თვალსაზრისით, მხარეთა ინტერესები მისი თითოეული ნაწილის მიმართ, ნივთის მდებარეობა და მისი განლაგება საცხოვრებელ სახლთან. რაც შეეხება ნივთის ღირებულებას, აქ იგულისხმება მისი საყოფაცხოვრებო დანიშნულება. ამრიგად, აღნიშნული იმას ნიშნავს, რომ დაყოფის შედეგად, თანამესაკუთრეებისთვის მიკუთვნებულმა ნივთის ნაწილებმა უნდა შეინარჩუნონ თავისი დანიშნულება, იყვნენ მათთვის აუცილებელი ერთგვაროვანი სამეურნეო დანიშნულების მატარებელნი. მოცემულ შემთხვევაში, სპეციალური ცოდნის მქონე პირის - სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის მიერ შედგენილი №007486818 დასკვნით დადგენილია, რომ მხარეთა თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გაყოფა სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლის დაცვით, ტექნიკურად შეუძლებელია, რაც დასკვნაზე დართული ასახულია ფოტოილუსტრაციით და დანართი №-----. სასამართლო განმარტავს, რომ საზიარო საგანი, სახლის ეზოში შესასვლელი უნდა იყოფოდეს ისე, რომ გაყოფის შედეგად თანამესაკუთრეებისათვის მიკუთვნებულმა ფართებმა საყოფაცხოვრებო დანიშნულება არ დაკარგონ. ერთგვაროვნებასთან ერთად გაყოფამ საზიარო საგანს არ უნდა დაუკარგოს ის ღირებულება, იგულისხმება სამომხმარებლო ღირებულება, რაც მას გაყოფამდე გააჩნდა. 6.4.სამოქალაქო კოდექსის 964-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია, მაშინ საზიარო უფლება გაუქმდება საზიარო საგნის, დაგირავებული ნივთის ან მიწის ნაკვეთის გაყიდვითა და ამონაგების განაწილებით. მიწის ნაკვეთის შემთხვევაში გამოიყენება აუქციონზე უძრავი ქონების იძულებით გაყიდვის წესები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ან/და თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. უფლების ბოროტად გამოყენებად ჩაითვლება საკუთრებით ისეთი სარგებლობა, რომლითაც მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი ისე, რომ არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტრესის უპირატესობა და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებელია. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მიხედვით, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. აღნიშნული დებულების მიზანია ყოველი პირის დაცვა სხვა პირების მხრიდან მისი საკუთრებით მშვიდობიანად სარგებლობის უფლებაში გაუმართლებელი ჩარევისაგან. ამასთან, საკუთრება წარმოადგენს პირთა აბსოლუტურ უფლებას, რაც გულისხმობს იმას, რომ ქონების ამა თუ იმ პირზე კუთვნილებას უნდა აცნობიერებდეს არა მარტო ამ ნივთის მფლობელი, არამედ ყველა დანარჩენი მესამე პირი. ეს წინაპირობები აუცილებელია იმისათვის, რათა მესაკუთრემ შეძლოს ქონებასთან თავისუფალი ურთიერთობების განხორციელება. სასამართლო განმარტავს, რომ ნივთზე საერთო საკუთრების არსებობა არ ნიშნავს საკუთრების უფლების შეზღუდვას და დაკნინებას. თითოეული თანამესაკუთრე სრულფასოვნად უნდა ახორციელებდეს თავის უფლებას და თავისუფლად უნდა სარგებლობდეს თანასაკუთრებაში არსებული ნივთით, თუმცა - სხვა თანამესაკუთრეთა ინტერესების გათვალისწინებით. საკუთრების უფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, როდესაც მესაკუთრე საერთო (წილად) საკუთრებაში არსებულ ნივთზე სრულფასოვნად ვერ ახორციელებს თავის უფლებას ან სხვა რაიმე მიზეზით მისთვის მოუხერხებელია სხვა თანამესაკუთრესთან საერთო უფლებით დაკავშირება, კანონი ნებისმიერ თანამესაკუთრეს აძლევს უფლებას, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მოტივით მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება. თუმცა, ნატურით გაყოფასთან მიმართებაში ერთი შეზღუდვა მაინც მოქმედებს - საზიარო საგნის დაყოფა შესაძლებელი უნდა იყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე. დადგენილია, რომ საზიარო საგანი ნატურით გაყოფადი არ არის, რის გამოც უნდა გაუქმდეს მხარეების საზიარო უფლება სადავო უძრავ ნივთზე საზიარო საგნის გაყიდვით და ამონაგები თანხა უნდა განაწილდეს წილების შესაბამისად. 6.5.სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს დელიქტური ვალდებულება, რაც არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება. იგი ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა და იგი პასუხისმგებელი პირისათვის კანონისმიერი ვალდებულებაა. ასეთი ურთიერთობის მარეგულირებელია სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი, რომლის თანახმად, პირი რომელიც სხვა პირს განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც აუცილებელია დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციასთან. აქედან თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, აღნიშნული მუხლის შემადგენლობას. ამასთან, დელიქტით გამოწვეული ზიანის შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დასაკისრებლად საჭიროა სახეზე იყოს ,,სამართალდარღვევის’’ შემადგენლობა, რომლის შემადგენელ ელემენტს წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედება - ბრალი (განზრახვა ან გაუფრთხილებლობა), ზიანი და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. სასამართლო სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებაში განმარტავს, რომ საქართველოს კანონმდებლობა იცნობს მატერიალური და მორალური (არაქონებრივი) ზიანის სახეს. მატერიალური ზიანი ყოველთვის დაკავშირებულია დაზარალებულის ქონებრივ დანაკარგებთან. პირის ქონებრივი სიკეთის შემცირება შეიძლება გამოიხატოს როგორც დაზარალებულის იმ ქონების შემცირებაში, რომელიც მას ჰქონდა, ასევე იმაში რომ მისი ქონება არ გაიზარდა, თუმცა შეიძლება გაზრდილიყო, სამართალდარღვევა რომ არ მომხდარიყო. მორალური ზიანი გარკვეულ სულიერ განცდებთან, ტანჯვასთანაა დაკავშირებული და მისი ფულადი ანაზღაურება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის საფუძველზე შეიძლება მოთხოვნილ იქნეს კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. გარდა ამისა, სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი, რომლის თანახმადაც, მტკიცების ტვირთი მხარეთა შორის განაწილებულ უნდა იქნას იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. სამოქალაქო სამართალურთიერთობაში მტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, დელიქტით მიყენებული ზიანის არსებობის მტკიცების ტვირთი პროცესუალურად მოსარჩელეს ეკისრება. ამასთან, მტკიცების ტვირთთან დაკავშირებით, ყურადსაღებია განიმარტოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მოთხოვნა, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმების ანალიზით დასტურდება, რომ მხარე, რომელიც აყენებს მოთხოვნას სასამართლოს წინაშე ან უარყოფს მისი მოწინააღმდეგე მხარის მიერ სადავოდ გახდილ გარემოებას, ვალდებულია შეჯიბრობითობის პრინციპიდან გამომდინარე, სათანადოდ, უტყუარად დაადასტუროს მისი პოზიცია, ისე, რომ სასამართლოს არ გააჩნია უფლებამოსილება, მხარეს მიუთითოს კონკრეტული მტკიცებულების წარდგენაზე. გარდა ამისა, აღსანიშნავია ამავე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლითაც კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა განკუთვნადობის საკითხი, კერძოდ, დაადგინა სასამართლოს ვალდებულება, შეფასება მისცეს მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად შეიძლება იქნას სადავო ფაქტი წარდგენილი მტკიცებულებით დადასტურებული (საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით). აღსანიშნავია, რომ მოსარჩელემ სარჩელში და სასამართლო სხდომაზე ზიანის ანაზღაურების ფაქტობრივ საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე ხელს უშლიდა მას ესარგებლა თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით, რითაც მას მიადგა ზიანი, თუმცა ამ გარემოებების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება საქმეზე არ წარმოუდგენია. საქმეზე წარმოდგენილია ჯანმრთელობის ცნობა, რომლითაც არ დგინდება, რომ იგი გაცემულია მოსარჩელის სახელზე და რომ მასში მითითებული დაავადება არის მიზეზობრივ კავშირში მოპასუხეებთან არსებულო ქონებრივ დავასთან. 6.6.სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან და სამართლებრივი მსჯელობიდან გამომდინარე, სარჩელის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

7. საპროცესო ხარჯები

7.1.სასამართლო თვლის, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ’’ ქვეპუნქტის და 55-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის - 120 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1.ნაირა კარტოზიას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2.გაუქმდეს მხარეებს შორის საზიარო უფლება ქ. ზუგდიდში, ეგრისის ქუჩა №30-ში მდებარე უძრავ ქონებაზე (მიწის ნაკვეთი და მასზედ მდებარე შენობა-ნაგებობა, საკადასტრო კოდი №43.34.06.034) საზიარო საგნის აუქციონის წესით გაყიდვის გზით და რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა განაწილდეს მხარეებს შორის თავიანთი წილის პროპორციულად (შესაბამისად);

 

2.სხვა სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში, სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

3.მოპასუხეებს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის - 120 ლარის გადახდა;

 

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32) 14 დღის ვადაში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს (მდებარე: ქ. ზუგდიდი, რევაზ ლაღიძის ქ. №12) მეშვეობით;

 

5.თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მანუჩარ ცაცუა