გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/23615-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
24 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი შესავალი ნაწილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე - შორენა ჯანხოთელი
სხდომის მდივანი - თამარ აკობია
მოსარჩელე - ს--–--------–--ე
წარმომადგენელი - მ------------–---–ი
მოპასუხე - სს ,,ს---------------------ია ჯ------------–-----ი’’
წარმომადგენელი - ლ---------------–--, ჯ--------–-–---–ი
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1.მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 6 500 ლარის გადახდა.
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები (სარჩელი ს.ფ. 1-16):
1.1.1. 2----–-–---------–ისს მხარეებს შორის დაიდო საავტომობილო დაზღვევის შესახებ ხელშეკრულება შემდეგი პაკეტით: ავტომობილის ძარის დაზღვევა - ავტოკლასიკი სრული დაფარვით; სადაზღვევო პერიოდი - 2----–-–---------–ისიდან 2----–-–---------–ისამდე;
1.1.2. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელდა მის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მარკა/მოდელი - ,,H--------’’, სახელმწიფო ნომრით - ,,U--------’’ დაზღვევა;
1.1.3. ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხე ვალდებული იყო სადაზღვევო შემთხვევისას აენაზღაურებინა ზარალი სრულად, ავტომობილის საბაზრო ღირებულებიდან გამომდინარე;
1.1.4. ავტომობილის საბაზრო ღირებულება დღეის მდგომარეობით შეადგენს 6 500 ლარს;
1.1.5. 2----–-–--------------ერს დილის 06:47 საათზე ქ. თბილისში, ა--–--ის ქუჩა №2--ში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა მის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალება;
1.1.6. ავტოსაგზაო შემთხვევისას ავტომობილით ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე სარგებლობდა გ------------–-–---–ი;
1.1.7. ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე გამოცხადებულმა საპატრულო პოლიციამ შეადგინა შემთხვევის ადგილის დათვალიერებასთან დაკავშირებული სათანადო დოკუმენტები და ვინაიდან ავტომობილის საჯარიმო სადგომზე გადაყვანა საჭირო არ იყო, ცხელი ხაზის მეშვეობით დაახლოებით დილის 07:10 საათზე გამოცხადებულმა მოპასუხის წარმომადგენელმა გადაიყვანა დაზიანებული ავტომობილი ავტოექსპერტიზის დაცულ სადგომზე;
1.1.8. 2----–-–---------------ერს მიმართა მოპასუხეს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით რაზეც მიიღო წერილობითი უარი იმ მოტივით, რომ არ მოხდა შემთხვევის დაუყოვნებლივ შეტყობინება ხელშეკრულების 5.3 პუნქტის თანახმად;
1.1.9. წარმოდგენილი დოკუმენტებით დასტურდება, რომ მოპასუხისთვის შეტყობინება განხორციელდა 07:10 საათზე, ასევე ის გარემოება, რომ ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეს ჰქონდა აღებული ვალდებულება აენაზღაურებინა სადაზღვევო შემთხვევით წარმოშობილი ზიანი სრულად.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ დადგენილი წესით წარმოადგინა შესაგებელი, რომელშიც, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე, არ ცნო სარჩელი (შესაგებელი ს.ფ. 64-74)
შესაგებლის საფუძვლები:
2.1.1. მოსარჩელის განმარტება, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა 2----–-–--------------ერს 06:47 საათზე, არ შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან საპატრულო პოლიციის მიერ ამავე თარიღში შედგენილ პატაკში მითითებულია, რომ საპატრულო პოლიციაში შეტყობინება ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ შევიდა 2----–-–--------------რის 05:50 საათზე;
2.1.2. ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით, დამზღვევი/უფლებამოსილი პირი ვალდებულებას იღებდა, რომ სადაზღვევო შემთხვევისას დაუყოვნებლივ დაკავშირებოდა მას, რაც განსახილველ შემთხვევაში არ განხორციელებულა, რაც წარმოადგენს ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს;
2.1.3. გარდა ავტოსაგზაო შემთხვევის თაობაზე დაუყოვნებლივი შეტყობინების ვალდებულების განუხორციელებლობისა, იმის გათვალისწინებით, რომ დამქირავებელი შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა საპატრულო პოლიციის მისვლის შემდეგ, წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ სატრანსპორტო საშუალებას მართავდა დამქირავებელი;
2.1.4. წარმოდგენილია 2017 წლის 2- სექტემბრის ავტოსატრანსპორტო საშუალების ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ქირავნობის ვადა იწყებოდა 2017 წლის 2- სექტემბერს, ვადის დასრულების თაობაზე კი არ არსებობს შესაბამისი მითითება. ხელშეკრულებაში ასევე მითითებულია მიღება-ჩაბარების №2 აქტის თაობაზე, რომლის თანახმადაც ავტოსატრანსპორტო საშუალება არ ექვემდებარება შეკეთებას, ასევე მითითებულია, რომ აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტი შედგენილია ხელშეკრულების გაფორმებისთანავე ანუ 2017 წლის 2- სექტემბერს;
2.1.5. ხელშეკრულების თანახმად, ავტომობილის მძღოლის, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ზემოქმედების ქვეშ ყოფნისას, იგი თავისუფლდებოდა ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან. იგი ასევე თავისუფლდებოდა თავისი მოვალეობისაგან თუ არ იქნებოდა წარმოდგენილი დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდებოდა მძღოლის ფხიზელ მდგომარეობაში ყოფნის ფაქტი;
2.1.6. გარდა ზიანის ანაზღაურების საფუძვლის არ არსებობისა, მოსარჩელის მიერ არაა წარმოდგენილი ავტომობილის ნარჩენი ღირებულების შეფასების დოკუმენტი, რომლითაც განისაზღვრებოდა მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის ოდენობა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2----–-–---------–ისს მხარეებს შორის დაიდო დაზღვევის №M----------- ხელშეკრულება და გაიცა ავტომობილის დაზღვევის №M----------- პოლისი, რომლის თანახმადაც, ხელშეკრულების საფუძველზე დაზღვეულ ავტომობილს წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებაში მყოფი სატრანსპორტო საშუალება მარკა/მოდელი - ,,H--------’’ სარეგისტრაციო ნომრით ,,U--------’’, ავტომობილის დაზღვევის პაკეტი - ავტომობილის ძარის დაზღვევა ავტოკლასიკი სრული დაფარვით, სადაზღვევო თანხა - 2 800 აშშ დოლარი, უფლებამოსილი მძღოლები - შეუზღუდავი.
დაზღვევის ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულების მოქმედების და სადაზღვევო პერიოდის ვადად განისაზღვრა 17.07.2017-დან 16.07.2018-მდე დროის მონაკვეთი.
მნიშვნელოვანი პირობების მე-9 პუნქტის თანახმად, საერთო გამონაკლისები მოცემულია ხელშეკრულების 5.4 პუნქტში (და მის ქვეპუნქტებში).
ამავე პუნქტის თანახმად, სადაზღვევო ანაზღაურება არ გაიცემა დაზღვეულის/ანაზღაურებაზე უფლებამოსილი პირის მიერ ხელშეკრულებით/პოლისით განსაზღვრული დოკუმენტების წარმოუდგენლობისას ან/და ნებისმიერ ვალდებულების დარღვევისას.
საავტომობილო დაზღვევის პირობების 1.15 პუნქტის თანახმად, სადაზღვევო შემთხვევას წარმოადგენს დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევა, რომლის შედეგადაც დამდგარი ზარალი ექვემდებარება ანაზღაურებას. სადაზღვევო შემთხვევად განიხილება დაზღვევის მოქმედების პერიოდში მომხდარი, დაზღვეული რისკის დადგომის შედეგად დამდგარი ზარალი. ამავე პირობების 1.19 პუნქტის თანახმად, უფლებამოსილ მძღოლს წარმოადგენს პოლისში მითითებული მძღოლი, რომლის მიერ ავტომობილის მართვის დროსაც დაზღვევა ძალაშია. უფლებამოსილი მძღოლის ასაკი უნდა აღემატებოდეს 21 წელს და გააჩნდეს შესაბამისი კატეგორიის მოქმედი მართვის მოწმობა.
აღნიშნული პირობების მე-5 მუხლის თანახმად განსაზღვრულია შემდეგი:
,,თქვენ ვალდებული ხართ სადაზღვევო შემთხვევისას დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდეთ 24 საათიან ცხელ ხაზზე.
5.1. ჩვენი სერვის მენეჯერი მაშინვე ჩაერთვება დარეგულირების პროცესში და გაგიწევთ შესაბამის დახმარებასა და კონსულტაციას. თუ საჭიროა, სერვის მენეჯერი გამოიძახებს ევაკუატორს დაზღვეული ავტომობილის უსაფრთხო ადგილას გადასაყვანად;
5.2. ჩვენი სერვის მენეჯერის მოსვლამდე დაუშვებელია სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტომობილის გადაადგილება (გარდა საპატრულო პოლიციის წარმომადგენლის მოთხოვნისა, წინააღმდეგ შემთხვევაში უფლება გვაქვს, უარი ვთქვათ სადაზღვევო ანაზღაურებაზე;
5.3. სადაზღვევო შემთხვევისას აუცილებლად გამოიძახეთ საპატრულო პოლიცია და წარმოადგინეთ შემთხვევის ამსახველი ყველა დოკუმენტი. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ არ განვიხილავთ პრეტენზიას ზარალის ანაზღაურებაზე, თუ შემთხვევის შესახებ დაგვიანებით გვაცნობებთ. ამასთან ერთად ვალდებული ხართ წარმოადგინოთ ოფიციალური დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს შემთხვევის მომენტისათვის დაზღვეული ავტომობილის მძღოლის სიფხიზლის ფაქტს და ვინაობას.
აღნიშნული პირობების 5.9 პუნქტში მითითებულია შემდეგი:
,,იმისთვის, რომ თავიდან აიცილოთ რაიმე სახის პრობლემა (ზარალის ანაზღაურებაზე უარის თქმის ჩათლით) ან დაგვიანება თანხის ანაზღაურების პროცესში, აუცილებლად უნდა შეასრულოთ რამდენიმე პირობა, კერძოდ:
5.9.1. დაუყოვნებლივ შეატყობინოთ საპატრულო პოლიციას სადაზღვევო შემთხვევის შესახებ;
5.9.2. დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდეს ჩვენს ცხელ ხაზზე და მოგვაწოდოთ სრული ინფორმაცია სადაზღვევო შემთხვევის შესახებ...’’.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები, სადაზღვევო პირობები, დაზღვევის პოლისი (ს.ფ. 18-21; 25-31; 48)
3.1.2. 2017 წლის 2- სექტემბერს ს--–--------–--ეს, როგორც გამქირავებელს და გ------------–-–---–ს, როგორ დამქირავებელს შორის დაიდო ქირავნობის №3 ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, მოსარჩელემ გ------------–-–---–ს დროებით სარგებლობაში გადასცა ავტომობილი მარკა/მოდელი - ,,H--------’’ სარეგისტრაციო ნომრით ,,U--------’’.
ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, დამქირავებელი ვალდებულია გადაუხადოს გამქირავებელს ქირის შეთანხმებული თანხა რომელიც შეადგენს დღეში 65 ლარს.
ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, ქონების დროებითი გადაცემის ვადა იწყება 2-.09.2017 წლიდან.
ხელშეკრულების 5.2.7-5.2.9 პუნქტების თანახმად, დამქირავებელი ვალდებულია ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ავტო-საგზაო შემთხვევისას ან ავტომანქანის დეფორმირების, ნაკაწრებისა თუ სხვა დაზიანებების არსებობისას დაუყოვნებლივ აცნობოს: გამქირავებელს, საპატრულო პოლიციას და ს---------------------იას; საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის (ნებისმიერი ფორმის) არსებობის შემთხვევაში დაელოდოს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს და არ დაძრას ადგილიდან ავტო-მანქანა(ები); წინამდებარე ხელშეკრულების 5.2.7 მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში სრულად აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. იმ შემთხვევაში, თუ დამქირავებელი დააზიანებს ნივთს და სადაზღვევო უარს იტყვის ანაზღაურებაზე, ხარჯები დაეკისროს დამქირავებელს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 32-34; 35-36)
3.1.3. 2----–-–--------------ერს ქ. თბილისში, ა--–--ის ქუჩა 2--ში მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის დროსაც დაზიანდა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ავტომობილი მარკა/მოდელი - ,,H--------’’ სარეგისტრაციო ნომრით ,,U--------’’, რომელსაც მართავდა გ------------–-–---–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- პატაკი, რეაგირების ოქმი, ახსნა-განმარტება, სქემა (ს.ფ. 185-190)
3.1.4. 2----–-–--------------ერს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე პასუხისმგებელ პირად ცნობილი იქნა ავტომობილის მარკა/მოდელი - ,,H--------’’ სარეგისტრაციო ნომრით ,,U--------’’ მძღოლი - გ------------–-–---–ი, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის შესაბამისად საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ დაჯარიმდა 250 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- პატაკი, რეაგირების ოქმი, ახსნა-განმარტება, სქემა, საჯარიმო ქვითარი (ს.ფ. 185-190; 183)
3.1.5. 2----–-–--------------ერს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას გ------------–-–---–ი არ იმყოფებოდა ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ალკო-ტესტის ქვითარი (ს.ფ. 184)
3.1.6. 2----–-–---------------ერს მოსარჩელემ მიმართა მოპასუხეს 2----–-–--------------ერს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნით.
მოპასუხემ 2017 წლის 23 ოქტომბრის მიმართვით უარი განაცხადა მოსარჩელისთვის 2----–-–--------------ერს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე იმ საფუძვლით, რომ ავტოსაგზაო შემთხვევისას ხელშეკრულებით დადგენილი წესის შესაბამისად არ შესრულებულა შემთხვევის ადგილიდან დაუყოვნებლივ ცხელ ხაზზე დარეკვის ვალდებულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- წერილი (ს.ფ. 52)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2----–-–--------------ერს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ მოპასუხეს არ ეცნობა დაუყოვნებლივ.
განსახილველ შემთხვევაში უდავოა მხარეთა შორის დაზღვევის ხელშეკრულების არსებობის, ისევე როგორც მოსარჩელის მიერ ავტოსაგზაო შემთხვევამდე ხელშეკრულების საფუძველზე დაზღვეულ ავტომობილზე შესაბამისი ქირავნობის ხელშეკრულების დადების ფაქტი გ------------–-–---–თან. ასევე უდავოა, რომ გ------------–-–---–ი ცნობილ იქნა 2----–-–--------------ერს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე პასუხისმგებელ პირად და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ გამოწერილი ელექტრონული საჯარიმო ქვითრის თანახმად დაჯარიმდა 250 ლარით. მოპასუხის მიერ ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლად მითითებულია ის გარემოება, რომ სადაზღვევო ხელშეკრულების პირობების საწ-----------ოდ, მას ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ არ ეცნობა შემთხვევის მოხდენის შემდეგ დაუყოვნებლივ.
სასამართლო აღნიშანვს, რომ მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. მტკიცებულებათა წარმოდგენის მოვალეობას მტკიცების საგანში შემავალი ფაქტის დასადგენად, კანონმდებელი აკისრებს იმ მხარეს, რომლისთვისაც ეს უფრო ადვილი და მოსახერხებელია. შესაბამისად, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვით მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცებაც მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
მტკიცების ტვირთის მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საქმის მასალებში წარმოდგენილია ავტოსაგზაო შემთხვევისას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორის მიერ შედგენილი პატაკი (ს.ფ. 185), რომელშიც მითითებულია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ ინფორმაცია საპატრულო ეკიპაჟმა მიიღო დაახლოებით 05:50 საათზე, რის შემდეგადაც გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე. აღნიშნული პატაკის თანახმად, საპატრულო პოლიციის მიერ შემთხვევის ადგილზე გამოცხადებისას ადგილზე არ იმყოფებოდა ავტომობილის მარკა/მოდელი - ,,H--------’’ სარეგისტრაციო ნომრით ,,U--------’’ მძღოლი და იგი გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე რამდენიმე წუთში. საპატრულო პოლიციის შემთხვევის ადგილზე მისვლისას დაზიანებული ავტომობილის მძღოლის მისამართზე არ ყოფნის ფაქტი ასევე მითითებულია წარმოდგენილ რეაგირების ოქმში (ს.ფ. 186).
საქმის მასალებში წარმოდგენილია ასევე თავად დაზიანებული ავტომობილის მძღოლის გ------------–-–---–ის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 187-190), რომლის თანახმადაც მის მიერ მითითებულია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ იგი თავის გადამოწმების მიზნით ავიდა სახლში და შემთხვევის ადგილზე დაბრუნდა მას შემდეგ, რაც დარწმუნდა რომ არ აღენიშნებოდა დაზიანებები. შემთხვევის ადგილზე დაბრუნებულს კი ადგილზე დახვდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.
გასათვალისწინებელია, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია სს ,,ს---------------------ია ჯ------------–-----ის’’ მიერ გაცემული მიმართვა (ს.ფ. 50), რომლის თანახმადაც 2----–-–--------------ერს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე კომპანიაში გამოძახება შესულია დაახლოებით 07:10 საათზე.
სასამართლო წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების ზემოაღნიშნული სტანდარტით ერთიანობაში შეფასებისას იზიარებს მოპასუხის პოზიციას იმის თაობაზე, რომ მას ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ არ ეცნობა ამ შემთხვევის შემდეგ დაუყოვნებლივ, ვინაიდან წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები ადასტურებს, რომ საპატრულო პოლიციაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ ინფორმაციის შესვლასა და ს---------------------იაში შეტყობინების განხორციელების დროს შორის არსებობს დროის დიდი შუალედი, რომელიც სასამართლოს მოსაზრებით ნებისმიერი ობიექტური გადასახედის მქონე მესამე პირის შეფასებისას ვერ მიიჩნევა ს---------------------იისთვის ფაქტის დაუყოვნებლივ შეტყობინებად. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი აღნიშნული წერილობითი მტკიცებულებების გამაქარწყლებელი რაიმე სახის მტკიცებულება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე ასეთად ვერ განიხილება სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ------------–-–---–ის განმარტება, მიუხედავად თავად მოწმის სურვილისა, რომ სასამართლომ მხედველობაში მიიღოს მხოლოდ მისი სასამართლო სხდომაზე გაკეთებული განმარტება და არა შემთხვევის დროს საპატრულო პოლიციისთვის მიცემული ახსნა-განმარტება. უპირველესად, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოწმის ჩვენების არათანმიმდევრულ და არადამაჯერებელ ხასიათზე, რაც გამოიხატა მის მიერ როგორც თარიღების და მომხდარი შემთხვევის სავარაუდო დროების, ასევე თავად მოვლენების განვითარების აღწერის ხშირ ცვლილებაში და მოვლენის არასისტემატიურად აღწერაში. გარდა ამისა, განსახილველ შემთხვევაში ფაქტის დადგენის მიზნით არსებითია ის გარემოება, რომ მოწმის ჩვენების გაზიარების შემთხვევაშიც კი მისი ჩვენებით, ისევე როგორც შემთხვევის დროს საპატრულო პოლიციისათვის მიცემული ახსნა-განმარტებით, დასტურდება ის გარემოება, რომ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მან ნამდვილად მიატოვა ავტომობილი (ახსნა-განმარტების თანახმად იგი ავიდა სახლში, სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტების თანახმად კი იგი ავიდა სასტუმროში, სადაც ცხოვრობდა შვილთან ერთად, რომელსაც ჰქონდა გარკვეული პრობლემები სამართალდამცავ ორგანოებთან, რომ იგი ხშირად იცვლიდა საცხოვრებელს და ა.შ. ის ასევე განმარტავდა შემთხვევის მიზეზად, რომ დაუვარდა ტელეფონი, როდესაც აერთებდა დამტენით და ამ დროს მოხდა შეჯახება, ჩვენებაში კი განმარტავს, რომ შეჯახების მიზეზი იყო სხვა ავტომობილისათვის შეჯახების არიდება) და მოგვიანებით დაბრუნდა შემთხვევის ადგილას, რა დროსაც მას უკვე დახვდა ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. მოწმემ ასევე მიუთითა, იმ გარემოებაზე, რომ ს---------------------იის გამოძახება მოხდა სწორედ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის მიერ. შესაბამისად, მოწმის ჩვენება ერთობლიობაში მისი გაზიარების შემთხვევაშიც კი არათუ გამორიცხავს, პირიქით ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მომხდარი საგზაო შემთხვევის შესახებ მოპასუხეს ინფორმაცია არ მიეწოდა დაუყოვნებლივ.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ 2----–-–--------------ერს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ მოპასუხეს არ ეცნობა დაუყოვნებლივ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- პატაკი (ს.ფ. 185)
- რეაგირების ოქმში (ს.ფ. 186)
- ახსნა-განმარტება (ს.ფ. 187-190)
- მიმართვა (ს.ფ. 50)
- მოწმის ჩვენება
3.2.2. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ არ ეკისრება 6 500 ლარის გადახდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. სასამართლო მიუთითებს, რომ ჯეროვანი შესრულება შეიცავს რამდენიმე მოთხოვნის დაცვის აუცილებლობას, რომლებიც განსაზღვრავენ, ვინ ვის წინაშე უნდა განახორციელოს შესრულება, რომელი საგნით, სად, როდის და რა გზით უნდა განხორციელდეს იგი. ბრუნვის მონაწილის ვალდებულება, ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება, ემყარება სინამდვილეს, რომელიც მისთვის ცნობილია და მას ამ სინამდვილისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ევალება.
როგორც აღინიშნა განსახილველ შემთხვევაში დადგენილია მხარეთა შორის დაზღვევის ხელშეკრულების დადების, ისევე როგორც შესაბამისი ავტოსატრანსპორტო შემთხვევის მოხდენის ფაქტი. შესაბამისად არსებითია იმის განსაზღვრა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე არსებობს თუ არა წარმოდგენილი მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
სამართლებრივი შეფასების მიზნით სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 3.1.1 პუნქტი) რომლის თანახმადაც დასტურდება, რომ მოპასუხემ სადაზღვევო შემთხვევისას შესაბამისი ანაზღაურების გაცემა დაუკავშირა ამ ფაქტის თაობაზე მისთვის დაუყოვნებლივ შეტყობინებას. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადასტურდა ასევე ის გარემოება, რომ 2----–-–--------------ერს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ მოპასუხეს არ ეცნობა დაუყოვნებლივ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საფუძვლიანია მოპასუხის მითითება ანაზღაურებისგან გათავისუფლების საფუძვლის არსებობის შესახებ, შესაბამისად, მას არ ეკისრება მოსარჩელის სასარგებლოდ თანხის გადახდის ვალდებულება.
გარდა აღნიშნულისა, საყურადღებოა, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე არ დასტურდება მოპასუხისთვის უშუალოდ სასარჩელო მოთხოვნაში მითითებული ოდენობის - 6 500 ლარის დაკისრების საფუძველი. წარმოდგენილია სსიპ ლ----------------–ის სახელობის ს----------–----------------------------–--------ოს ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის 2018 წლის 21 მაისის №0-------- დასკვნა (ს.ფ.41), რომლის თანახმადაც ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი 2004 წელს დამზადებული ავტომობილის მარკა/მოდელი - ,,H--------’’ სარეგისტრაციო ნომრით ,,U--------’’ აღდგენა მისი შემდგომი ექპლოატაციის მიზნით, ტექნიკური თვალსაზრისით მიზანშეწონილი არ არის. სასარჩელო მოთხოვნის ოდენობის დასადასტურებლად მოსარჩელის მიერ ასევე წარმოდგენილია სსიპ ლ----------------–ის სახელობის ს----------–----------------------------–--------ოს 2018 წლის 08 მაისის №0-------- დასკვნა (ს.ფ. 42-47), რომლის თანახმადაც ავტომობილის - მარკა/მოდელი - ,,H--------’’ სარეგისტრაციო ნომრით ,,U--------’’ საბაზრო ღირებულება დაზიანებამდე (27.09.2017 მდგომარეობით) საორიენტაციოდ შეადგენდა 6 500 ლარს.
სასამართლო მიუთითებს, რომ სასამართლოს მიერ ექსპერტიზის დასკვნის შეფასება გულისხმობს, თავდაპირველად, ექსპერტიზის დასკვნის შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას (იხ. სუსგ, საქმე №ას-535-501-2017). ამასთან, ექსპერტიზის დასკვნის შეფასებისას (იმდენად, რამდენადაც იგი სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის კომპეტენციას ეფუძნება), ყურადღება უნდა მიექცეს რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: გამოსაკვლევად მიწოდებულ მასალას, მის კვლევით ნაწილს, რადგან სწორედ კვლევითი ნაწილია ასახული საბოლოო დასკვნაში (იხ. სუსგ, საქმე №ას-406-383-2014). ამასთანავე, ექსპერტის დასკვნა კრიტიკულად უნდა შეფასდეს, როგორც ცალკე აღებული, ასევე საქმეზე მოპოვებულ ყველა სხვა მტკიცებულებასთან ერთობლიობაში (იხ. სუსგ, საქმე №ას-633-966-07).
განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნების შეფასების კუთხით პირველ რიგში გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ წარმოდგენილი სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა მიუთითებს ავტომობილის აღდგენის მიზანშეუწონლობაზე, თუმცა კატეგორიულად არ გამორიცხავს მისი აღდგენის შეუძლებლობას. ამასთანავე, რომც მივიჩნიოთ დადასტურებულად ავტომობილის აღდგენის შეუძლებლობის ფაქტი, არსებითია ის გარემოება, რომ ზიანის ოდენობასთან მიმართებით მოპასუხის მიერ განხორციელებული შედავების ფარგლებში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ არის ავტომობილის დაზიანების შემდეგ მისი ნარჩენი ღირებულების განმსაზღვრელი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა მოპასუხისთვის მოთხოვნილი ოდენობით თანხის დაკისრების საფუძვლიანობას. შესაბამისად, მოპასუხისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაშიც კი, საქმის მასალებით არ დასტურდება მისთვის მოთხოვნილი ოდენობის თანხის - 6 500 ლარის დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ არ ეკისრება 6 500 ლარის გადახდა.
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტების და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნევს, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
5. კანონები რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 799-ე, 361-ე, 820-ე, 821-ე, 361-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია).
განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის ურთიერთობა წარმოშობილია დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე.
6.2. დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივ მავალდებულებელი ხელშეკრულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ დამზღვევი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო შენატანი, ხოლო მზღვეველი მოვალეა აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი. დაზღვევის ხელშეკრულების საგანია მზღვეველის მიერ დამზღვევისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა, ხოლო ის, თუ რა შეიძლება იყოს დაზღვევის ობიექტი, მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 820-858-ე მუხლებში. სამოქალაქო კოდექსი დაზღვევის კლასიფიკაციას დაზღვევის ობიექტის მიხედვით ადგენს. ამ თვალსაზრისით ერთმანეთისგანაა გამიჯნული ზიანის დაზღვევა, სიცოცხლის დაზღვევა და უბედური შემთხვევის დაზღვევა. თავის მხრივ ზიანის დაზღვევის მომწესრიგებელი ნორმები მოიცავს როგორც ქონების დაზღვევის, ისე სხვა პირის სასარგებლოდ დადებული დაზღვევისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის ხელშეკრულებებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 820-ე მუხლის თანახმად, ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით. 821-ე მუხლით კი გათვალისწინებულია, რომ მზღვეველი ზიანს ანაზღაურებს მხოლოდ სადაზღვევო თანხის ფარგლებში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. სასამართლო მიუთითებს, რომ ჯეროვანი შესრულება შეიცავს რამდენიმე მოთხოვნის დაცვის აუცილებლობას, რომლებიც განსაზღვრავენ, ვინ ვის წინაშე უნდა განახორციელოს შესრულება, რომელი საგნით, სად, როდის და რა გზით უნდა განხორციელდეს იგი. ბრუნვის მონაწილის ვალდებულება, ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება, ემყარება სინამდვილეს, რომელიც მისთვის ცნობილია და მას ამ სინამდვილისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ევალება.
სასამართლო მიუთითებს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობის დარღვევიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს მოპასუხის მიერ სწორედ ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში კი წარმოდგენილი საქმის მასალებით არ დგინდება მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის ფაქტი. წარმოდგენილი ხელშეკრულების და ანაზღაურების პირობების, ისევე როგორც სხვა წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ არ ეკისრება 6 500 ლარის გადახდა, რა წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
7. საპროცესო ხარჯები
სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 195 ლარი (ს.ფ. 58) ჩაითვლება გადახდილად სახელმწიფო ბიუჯეტში.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ს--–--------–--ის სარჩელი სს ,,ს---------------------ია ჯ------------–-----ის'' მიმართ არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე შორენა ჯანხოთელი