გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.05.2019
საქმის ნომერი
200210016001459008
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო
თარიღი
08.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №200210016001459008

საქმე №2/514-16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

08 მაისი, 2019 წელი თელავი

შესავალი ნაწილი

თელავის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი

სხდომის მდივანი თამარ ბერძენაშვილი

მოსარჩელე: სს ,,ს--------------------------------------–-------’

წარმომადგენელი: ლ---------------–ია

მოპასუხე: ბ-------–--–--–---–ი

დავის საგანი: თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოპასუხე ბ-------–--–--–---–ს სს ,,ს--------------------------------------–-------’’ სასარგებლოდ დაეკისროს 1595 ლარის ანაზღაურება;

 

მოსარჩელემ თავის მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

2016 წლის 05 ივნისს თელავის რაიონის სოფელ კ-------ში, ბ-------–--–--–---–ი ავტოსატრანსპორტო საშუალებას სახელმწიფო ნომრით H----- მართავდა ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში, რა დროსაც ვერ უზრუნველყო მანქანის უსაფრთხოდ მართვა და შეეჯახა ტოიოტას მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებას სახელმწიფო ნომრით B------. საპატრულო პოლიციის 2016 წლის 05 ივნისის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმით №ბა0-------- დამრღვევად ცნობილი იქნა ბ-------–--–--–---–ი. ავტოსატრანსპორტი საშუალება სახელმწიფო ნომრით B------ დაზღვეული იქნა სს ,,ს----------------------- ჯ------------–-----–-’’. შპს ტოიოტა ცენტრი თ------ს №7------- დეფექტური აქტის თანახმად დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 1595 ლარი, რომელიც შპს ტოიოტა ცენტრი თ------ს და სს ,,ს--------------------------------------–------’’ შორის 2016 წლის 27 ივლისს გაფორმებული მიღება-ჩაბარების შესაბამისად, დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალების შეკეთების სანაცვლოდ სრულად გადაერიცხა შპს ტოიოტა ცენტრ თ------ს, შესაბამისად მოპასუხისათვის უნდა მოხდეს 1595 ლარის დაკისრება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ბ-------–--–--–---–მა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე ცნო სარჩელი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 05 ივნისს თელავის რაიონის სოფელ კ-------ში, ბ-------–--–--–---–ი ავტოსატრანსპორტო საშუალებას სახელმწიფო ნომრით H----- მართავდა ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში, რა დროსაც ვერ უზრუნველყო მანქანის უსაფრთხოდ მართვა და შეეჯახა ტოიოტას მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებას სახელმწიფო ნომრით B------. საპატრულო პოლიციის 2016 წლის 05 ივნისის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმით №ბა0-------- დამრღვევად ცნობილი იქნა ბ-------–--–--–---–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საპატრულო პოლიციის 2016 წლის 05 ივნისის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი №ბა 0-------- (ს.ფ 17);

- სქემა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დათვალიერების შესახებ (ს.ფ 18);

 

3.1.2 ავტოსატრანსპორტი საშუალება სახელმწიფო ნომრით B------ დაზღვეული იქნა სს ,,ს----------------------- ჯ------------–-----–-’’.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ავტომობილის დაზღვევის პოლისი (ს.ფ 19);

 

3.1.3. შპს ტოიოტა ცენტრი თ------ს №7------- დეფექტური აქტის თანახმად დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 1595 ლარი, რომელიც შპს ტოიოტა ცენტრი თ------ს და სს ,,ს--------------------------------------–------’’ შორის 2016 წლის 27 ივლისს გაფორმებული მიღება-ჩაბარების შესაბამისად, დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალების შეკეთების სანაცვლოდ სრულად გადაერიცხა შპს ტოიოტა ცენტრ თ------ს,სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შპს ტოიოტა ცენტრი თ------ს №7------- დეფექტური აქტი (ს.ფ. 20);

- მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 21);

 

4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

მხარეებს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რაიმე ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა სს ,,ს--------------------------------------–-------’’ სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 799-ე, 832-ე, 992-ე მუხლები;

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა უფლების განმკარგავი აქტია, რომელიც შეიძლება განხილულ იქნას მხოლოდ მის სამართლებრივ შედეგთან ერთიანობაში, სარჩელის ცნობა შეუქცევადია და მას ამ ნაწილში გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოჰყვება შედეგად იმდენად, რამდენადაც სარჩელის ცნობას საფუძვლად ედება პრეზუმფცია, რომ მოპასუხე აღიარებს მის მიმართ წარდგენილ პრეტენზიას და არ აპირებს ამ მოთხოვნისაგან თავდაცვის საპროცესო საშუალების გამოყენებას.

 

სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მიცემულ ახსნა-განმარტებით სარჩელი სრულად ცნო, შესაბამისად სარჩელის ცნობა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების უპირობო საფუძველია.

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება.

 

უდავო გარემოებაა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაზიანდა ს----------------------- სს ,,ს----------------------- ჯ------------–-----–-’’ დაზღვეული ა/მანქანა B------, რომელსაც ს-----------------------მ აუნაზღაურა ზიანი 1595 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს.

 

მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, იმისათვის რომ დამზღვევს მესამე პირის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნის უფლება წარმოეშვას, სახეზე უნდა იყოს, შემდეგი წინაპირობები: ა)დამზღვევსა და მზღვეველს შორის ხელშეკრულება ნამდვილია; ბ)დამდგარია სადაზღვევო შემთხვევა; გ)სადაზღვევო შემთხვევის დადგომა მესამე პირის ბრალეულმა ქმედებამ უნდა გამოიწვიოს და დ)დასახელებული ქმედების შედეგად დამდგარი ზიანი დამზღვევის მიერ მზღვეველისათვის ანაზღაურებული უნდა იყოს.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ ავტომანქანის შესაკეთებლად საჭირო თანხა გადახდილი იქნა დამზღვევისათვის, შესაბამისად ს-----------------------ს წარმოეშვა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება იმ პირების მიმართ, რომლებსაც ეკისრებოდათ მისი ანაზღაურების ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის დანაწესით პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლიდან გამომდინარე, ნებისმიერმა პირმა უნდა აანაზღაუროს მის მიერ მიყენებული ზიანი. სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემოთმითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას.

 

უპირველეს ყოვლისა, გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. ზიანი შეიძლება გამოიხატოს პირადი ქონების დაზიანებაში ან განადგურებაში, ანდა ისეთ ქმედებაში, როდესაც პირი კარგავს მის კუთვნილ ქონებას.

 

ბ-------–--–--–---–ის ბრალეულობა დადასტურებულია ადმინისტრაციულ- სამართალდარღვევათა ოქმით, დასახელებული ოქმი არ ყოფილა გასაჩივრებული კანონით დადგენილი წესით და იგი იმთავითვე ადასტურებს დელიქტური ვალდებულებისათვის გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო ბრალეულ ქმედებას.

 

მოპასუხე მხარე დავალიანების არსებობის ფაქტს სადავოდ არ ხდის, მეტიც მან სს ,,ს--------------------------------------–-------’’ მიერ აღძრული სარჩელი სრულად ცნო, რის გამოც სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

8.1 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ვინაიდან, სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა და ამასთან, მოპასუხემ საქმის მომზადების ეტაპზე სარჩელი სრულად ცნო, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

9.1. საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-365-ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. სს ,,ს--------------------------------------–-------’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

1.1 ბ-------–--–--–---–ს სს ,,ს--------------------------------------–-------’’ სასარგებლოდ დაეკისროს 1595 ლარის გადახდა;

 

2. მოსარჩელე სს ,,ს--------------------------------------–------’’ დაუბრუნდეს 2016 წლის 02 აგვისტოს N111777 საგადახდო დავალების საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი (გადამხდელი სს ,,ს--------------------------------------–-------’, გადამხდელის ბანკი - სს ,,თ-----------”, ანგარიში/სახაზინო კოდი - 300853150; მიმღები ბანკი - ხაზინა).

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

5. სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

 

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი