გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/6----17
საქმე № 3-----------------
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
28.06.2018 წელი ქ.თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ივანე აღნიაშვილი
სხდომის მდივნები ნინო გუგავა
მოსარჩელე - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო წარმომადგენელი - მ---------------ე
მოპასუხე - მ--------------ძე
წარმომადგენელი - ზ-----------–---–ი
დავის საგანი - სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეს მ--------------ძეს დაევალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 16 630,63 ლარის დაკისრება (იხ. სასარჩელო განცხადება; ს.ფ. 1-12).
მოსარჩელის განმარტებით, 2009 წლის 21 აგვისტოს სსიპ განვითარებისა და რეფორმების ფონდსა და მ--------------ძეს შორის დაიდო გრანტის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც 2010 წელს ჯამში გადაერიცხა 16 630,63 ლარი: 01.04.2010 წ. N68 საგადახდო მოთხოვნით 15 475,10 ლარი 01.04.2010 წ. N 84 საგადახდო მოთხოვნით - 1155,53 ლარი.
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 30 დეკემბრის №970 ბრძანებულების პირველი პუნქტის შესაბამისად, განხორციელდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განვითარებისა და რეფორმების ფონდის ლიკვიდაცია, ხოლო მე-4 პუნქტის თანახმად, ფონდის ლიკვიდაციის შემდეგ სასწავლო-სამაგისტრო და სხვა სასწავლო პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებული ფონდის უფლებების და მის მიერ ნაკისრი მოვალეობების განხორციელება დაევალა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.
,,გრანტის შესახებ’’ 2009 წლის 21 აგვისტოს ხელშეკრულების 1.1. პუნქტის თანახმად, გრანტის გამცემი გრანტის მიმღებს უსასყიდლოდ გადასცემს მიზნობრივ ფულად სახსრებს, 1.2.2. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრანტი გაიცა სწავლასთან დაკავშირებული ხატრჯების დასაფინანსებლად (სამგზავრო, საცხოვრებელი) -3740 გირვანქა სტერლინიგი, ხოლო 1.2.1. პუნქტის მიხედვით სწავლის სასაფინასებლად - 6260 გირვანქა სტერლინგი. ხელშეკრულების 3.2. პუნქტის თანახმად, გრანტის მიმღებს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მის მიერ შერჩეული ფორმითა და საშუალებით მოახდინოს გრანტის მიმღებისათვის გადარიცხული თანხების ხარჯვის მონიტორინგი, ხოლო 4.3. პუნქტის მიხედვით, კი გრანტის გამცემს უფლება აქვს გრანტის მიმღების მიერ ხელშეკრულებით ნაკსირი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ცალმხრივად, საკუთარი გადაწყვეტილებით შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობის გრანტის მიმღებს. 3.3. პუნქტის საფუძველზე კი, გრანტის მიმრები ვალდებულია ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული გრანტის თანხები გამოიყენოს მხოლოს ხელშეკრულებით გათვალსიწნებული მიზნებისათვის.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2016 წლის 18 იანვრის წერილობითი შეტყობინებით მოპასუხეს ეცნობა, რომ წარმოედგინა სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რასაც მოპასუხის მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია, ვინაიდან მოპასუხე გურამ ოქრუაშვილის მიერ არ იქნა წარდგენილი გრანტის გაცემის შემდგომ სწავლის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს გრანტის სახით გაცემული 16 630,63 ლარის ოდენობის თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნების მოთხოვნით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - მ--------------ძემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2009 წლის 21 აგვისტოს საქართველოს პრეზიდეტთან არსებული სსიპ განვითარებისა და რეფორმების ფონდს და მ--------------ძეს შორის გაფორმებულ იქნა გრანტის შესახებ ხელშეკრულება ,,სასწავლო, სამაგისტრო პროგრამა 2009-2010''-ის ფარგლებში, რომლითაც გრანტის გამცემი გრანტის მიმღებს უსასყიდლოდ გადასცემს მიზნობრივ ფულად სახსრებს (16 630,63 ლარი). ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრანტი გაიცემა სასწავლო და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის ფარგლებში და გამოყენებულ უნდა იქნას გრანტის მიმღების უცხოეთის სასწავლო დაწესებულებაში სწავლის ღირებულებასთან ან/და საზღვარგარეთ მგზავრობისას, ცხოვრებასა და სწავლასთან, ასევე პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულ სხვა ღონისძიებებთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად, კერძოდ 1.1. პუნქტის თანახმად, U----------------------------------------- სწავლასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინასებლად. 3.2. პუნქტის თანახმად, გრანტის მიმღებს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მის მიერ შერჩეული ფორმითა და საშუალებით მოახდინოს გრანტის მიმღებისათვის გადარიცხული თანხების ხარჯვის მონიტორინგი, ხოლო 4.3. პუნქტის მიხედვით, კი გრანტის გამცემს უფლება აქვს გრანტის მიმღების მიერ ხელშეკრულებით ნაკსირი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ცალმხრივად, საკუთარი გადაწყვეტილებით შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობის გრანტის მიმღებს
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 21.08.2009 წ. ხელშეკრულება (ს.ფ. 15-16).
3.1.2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2010 წლის 26 მარტს განცადებით მიმართა მ--------------ძემ და 21.08.2009 წ. გრანტის ხელშეკრულების საფუძველზე მოითხოვა დარჩენილი 6257 ფუნტი სტერლინგიდან სწავლის საფასურის 5839 ევროს გადარიცხვა U-------------------------ის ანგარიშეზე, ხოლო 436 ფუნტი სტერლინგის გადარიცხვა ამავე უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელის ანგარიშზე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ 2010 წლის 01 აპრილს N 68 საგადახდო მოთხოვნით U-------------------------ის ანგარიშეზე გადარიცხულიქნა 5839 გირვანქა სტერლინგი, ხოლო იმავე დღეს N 84-ით გადარიცხულ იქნა 436 გირვანქა სტერლინგი, ჯაში 6 275 გირვანქა სტერლინგი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 26.03.2010 წ. განცხადება (ს.ფ.16).
- 01.04.2010 წ.საგადახდო მოთხოვნა N 68 (ს.ფ. 1819).
- 01.04.2010 წ. საგადახდო მოთხოვნა N84 (ს.ფ.20-21).
3.1.3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2016 წლის 18 იანვრის MES 5 16 00035641 წერილით მ--------------ძეს ეთხოვა 2009 წლლის 21 აგვისტოს სსიპ განვითარების და რეფორმების ფონდსა და მას შორის დადებული გრანტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სასწავლო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტისა უმოკლეს ვადაში წარდგენა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 18.01.2016 წ. მიმართვა MES 5 16 00035641 (ს.ფ. 22-23).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარის მითითება იმ გარემოებაზე, რომ არ არსებობს სარჩელში მითითებული თანხის მოპასუხისათვის დაკისრების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი - მხარეთა ახსნა-განმარტებების, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში გამოკვლევის შედეგად სასამართლოს მიერ სრულად იქნა გაზიარებული.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და სხდომაზე გამოცხადებული მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ აღძრული სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,გრანტების შესახებ’’ საქართველოს კანონი, ,,განვითარებისა და რეფორმების შესახებ'' საქართველოს კანონის (ძალადაკარგულია საქართველოს 12/25/2009 N 2483 კანონით), საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საერთაშორისო სამართლის რიგი უმნიშვნელოვანესი წყაროები (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, ასევე რეგიონალური მნიშვნელობის - კერძოდ ევროპის საბჭოს ფარგლებში მოქმედი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი - ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია), განსაზღვრავენ რა ადამიანის იმ ძირითად უფლებებს, რომლებიც კაცობრიობის განვითარების დღევანდელ ეტაპზე განუსხვისებელია ყოველი გონიერი არსებისაგან, ადგენენ მათი დაცვის გარანტიებსა და ასეთი დაცვის განხორციელების საზედამხედველო მექანიზმებს, ერთ-ერთ უმთავრეს უფლებად, სწორედ სასამართლოსადმი მიმართვის, ასევე სამართლიანი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოთი პირის უზრუნველყოფის ვალდებულებას აწესებენ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. ამ კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მოთხოვნის, ანუ დავის საგნის განსაზღვრა წარმოადგენს უაღრესად მნიშვნელოვან და პრინციპული ხასიათის მოთხოვნას, გამომდინარე იქედანაც, რომ სასამართლო იხილავს სარჩელს და გამოაქვს გადაწყვეტილება სწორედ ამ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, მხოლოდ მოსარჩელეს აქვს უფლება განსაზღვროს სარჩელის საგანი, შეცვალოს, გაზარდოს, შეამციროს იგი და ა.შ.
საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით, "საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ" საქართველოს კანონისა და "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში პირდაპირი მოქმედებს, ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ევროპული კონვენცია წარმოადგენს. კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს მისი სამოქალაქო უფლებების და მოვალეობების განსაზღვრისას საქმის სამართლიანი და საჯარო განხილვის უფლება აქვს გონივრულ ვადაში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ, რომელიც შექმნილია კანონის საფუძველზე.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ)ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ)ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ). აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმე. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
6.2. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯაროსამართლებრივი, ასევე კერძოსამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან თუ კერძო პირთან დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავის ადმინისტრაციულ საქმეთა კატეგორიისადმი მიკუთვნების საფუძველს არ ქმნის მხოლოდ ის გარემოება, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე, ადმინისტრაციული ორგანოა. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კანონიერი ინტერესების დასაკმაყოფილებლად ისარგებლოს კერძო სამართლის საშუალებით, თუ აღნიშნული მისი შეხედულებით უფრო მისაღებია და არ ეწინააღმდეგება საჯარო სამართლებრივ ნორმებს, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის კერძო-სამართლებრივი ფორმები და შესაბამისად დადოს კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულება. ამდენად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კერძო-სამართლებრივ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული დავები განიხილება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით (სასკ-ის 251 მუხ, სზაკ-ის 65.2, 651 მუხ.). საჯარო-სამართლებრივი და კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულების გამიჯვნისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება არა ხელშეკრულების მონაწილეთა სტატუსს, არამედ ხელშეკრულების მიზანს. ადმინისტრაციული ხელშეკრულების დეფინიციის (სზაკ-ის 2.1 მუხლის “ზ” ქვეპუნქტი) ძირითად ელემენტს შეადგენს ხელშეკრულების დადება საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით. ხელშეკრულების მიზანი მისი შინაარსით განისაზღვრება. ამდენად, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ხელშეკრულების მხარეების მიერ ნაკისრი ვალდებულებების, ხელშეკრულების დადების შედეგად წარმოშობილი უფლება-მოვალეობების შინაარსს (იხ. სუს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.06.2012წ. №ბს-1394-1377(კ-11) განჩინება).
საქართველოს უზნესმა სასამართლომ 2018 წლის 09 იანვრის Nბს-1015-1011(გ-17) განჩინებით საქმეზე განმარტა, რომ ,,გრანტი მოცემულ შემთხვევაში გაიცა ადმინისტრაციული კანონმდებლობის მიხედვით დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე, სადავო სამართალურთიერთობისმარეგულირებელი ნორმები მოცულია საჯარო სამართლის სხვადასხვა წყაროებით, ხელშეკრულება ადმინისტრაციული სამართლის ნორმების შესრულებას ემსახურება. შესაბამისად, სადავო სამართალურთიერთობა ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან გამომდინარეობს. განსახილველ შემთხვევაში გაცემა საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლით განმტკიცებული განათლების მიღების უფლების უზრუნველყოფის ერთ-ერთი საშუალებაა. შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანო საჯარო უფლებამოსილების მიზნის მისაღწევად მოქმედებდა და ამ მიზნის მისაღწევად მან გამოიყენა ხელშეკრულების დადება, როგორც საქმიანობის ერთ-ერთი ფორმა, რის გამოც 2009 წლის 18 ივნისს დადებული ხელშეკრულება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, თავისი ბუნებით ადმინისტრაციული ხელშეკრულებაა. დავის განსჯადობას არ ცვლის ის გარემოება, რომ მოსარჩელე თანხის ანაზღაურებას მოითხოვს სამოქალაქო კოდექსი ნორმების (361.2 მუხ., 394.1 მუხ.) საფუძველზე. ვალდებულების ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას შესრულება (სკ-ის 361.2 მუხ.), კრედიტორის მიერ ზიანის ანაზღაურების უფლება (394.1 მუხ.) არ ცვლის დავის ბუნებას, რომელიც უკავშირდება საბოლოო ჯამში ადმინისტრაციული ხელშეკრულების მოთხოვნების შესრულებას, ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული გრანტის სახსრების მიზნობრივ გამოყენებას. ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან წარმოშობილი სადავო სამართალურთიერთობა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით უნდა იქნეს განხილული. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართლწარმოების წესით''.
6.3. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა მხარეთა შორის შორის გაფორმებული ხელშეკრულება, როემლიც წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას და მხარეები შეთანხმებული არიან მის ყველა არსებით პირობაზე.
სასამართლო მოიხმობს „გრანტების შესახებ“ კანონს, რომლის მე-3 მუხლის თანახმად გრანტის გამცემი (დონორი) შეიძლება იყოს საერთაშორისო საქველმოქმედო, ჰუმანიტარული და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაცია, უცხო ქვეყნის მთავრობა, უცხოეთის ან საქართველოს სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოს სამინისტრო. ამდენად, გრანტთან დაკავშირებული დავის ბუნება შესაძლოა იყოს როგორც კერძოსამართლებრივი, ასევე საჯაროსამართლებრივი. მოცემულ შემთხვევაში 2009 წლის 21 აგვისტოს „გრანტის შესახებ“ ხელშეკრულება დაიდო „გრანტის გამცემ“ - სსიპ „განვითარებისა და რეფორმების ფონდსა“ და „გრანტის მიმღებს“ - მ--------------ძეს შორის 2009 წლის 26 თებერვლის საქართველოს მთავრობის დადგენილება N 36 ,,პროგრამა ,,ცოდნის კარის” ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან ზოგიერთი ღონისძიების დაფინანსების წესისა და პირობების შესახებ'' ფარგლებში (ხელშეკრულების დადებამდე მოქმედი „განვითარებისა და რეფორმების ფონდის შესახებ“ 2004 წლის 14 იანვრის კანონის საფუძველზე შექმნილი, საქართველოს პრეზიდენტთან არსებული სსიპ განვითარებისა და რეფორმების ფონდის წესდება საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 იანვრის N33 ბრძანებულებით იყო დამტკიცებული).
2009 წლის 26 თებერვლის საქართველოს მთავრობის ,,პროგრამა ,,ცოდნის კარის” ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან ზოგიერთი ღონისძიების დაფინანსების წესისა და პირობების შესახებ'' N 36 დადგენილება მიოღებულ იქნა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისათვის საჭირო მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებისა და საქართველოს მოქალაქეთა მიერ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრის აკადემიური ხარისხის მიღების ხელშეწყობის მიზნით ,,საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის საფუძველზე და დამტკიცდეს პროგრამა ,,ცოდნის კარის” ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან ზოგიერთი ღონისძიების დაფინანსების თანდართული წესი და პირობები.
საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 იანვრის N33 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განვითარებისა და რეფორმების ფონდის წესდების“ მე-6 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაკისრებული მიზნების განსახორციელებლად ფონდი, წესდებაში აღნიშნული სხვა უფლებამოსილებებთან ერთად, დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინების საფუძველზე, გასცემდა გრანტებს იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე (მე-6 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი). გრანტი არის გრანტის გამცემის (დონორის) მიერ გრანტის მიმღებისათვის უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი სახსრები ფულადი ან ნატურალური ფორმით, რომლებიც გამოიყენება კონკრეტული ჰუმანური, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურული, სპორტული, ეკოლოგიური, სასოფლო-სამეურნეო განვითარებისა და სოციალური პროექტების, აგრეთვე სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროგრამების განხორციელებისათვის („გრანტების შესახებ“ კანონის 2.1 მუხ.). გრანტი არის გრანტის გამცემის (დონორის) მიერ გრანტის მიმღებისთვის უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი სახსრები („გრანტების შესახებ“ კანონის 2.1 მუხ.). გრანტს ახასიათებს მიზნობრიობა, ანუ იგი გაიცემა განსაზღვრული მიზნის მისაღწევად. განვითარებისა და რეფორმების ფონდსა და გურამ ოქრუაშვილს შორის დადებული ხელშეკრულების მიზანს წარმოადგენდა „გრანტის მიმღების“ უცხოეთის სასწავლო დაწესებულებაში სწავლის ღირებულების ან/და საზღვარგარეთ მგზავრობის, ცხოვრებისა და სწავლის, ასევე პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სხვა ღონისძიებებთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება. ამდენად, ხელშეკრულება დაიდო მ--------------ძის მიერ საზღვარგარეთ სწავლის დასაფინანსებლად, რაც „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის ნორმებით რეგულირდება. გრანტის გაცემის სამართლებრივი საფუძველია წერილობითი ხელშეკრულება გრანტის გამცემსა (დონორსა) და გრანტის მიმღებს შორის. გრანტი გამოიყენება მხოლოდ ხელშეკრულებაში აღნიშნული მიზნებისათვის, სხვა მიზნებისათვის გრანტის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ გრანტის გამცემის (დონორის) თანხმობით („გრანტების შესახებ“ კანონის 5.2 მუხ.).
სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 30 დეკემბრის N970 ბრძანებულების პირველი პუნქტის თანახმად, სსიპ განვითარებისა და რეფორმების ფონდი ლიკვიდირებულად გამოცხადდა, ხოლო მე-4 პუნქტის შესაბამისად, ფონდის ლიკვიდაციის შემდეგ სასწავლო-სამაგისტრო და სხვა პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებული ფონდის უფლებებისა და მის მიერ ნაკისრი მოვალეობების განხორციელება დაევალა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მთავრობა საქართველოს კონსტიტუციისა და კანონით დადგენილ ფარგლებში უზრუნველყოფს განათლებისა და მეცნიერების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სრულყოფას. საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის N37 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების“ მე-2 მუხლის მე-ე პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებათა ფარგლებში სამინისტრო ადგენს სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემისა და გადატანის წესს, საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს სახელმწიფო სასწავლო გრანტის თანხის რაოდენობას. ამავე კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტით განათლების და მეცნიერების სამინისტროს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება განსაზღვროს სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემის წესი და პირობები. ხელშეკრულების დადების პერიოდში სახელმწიფო სასწავლო გრანტის საფასურის რაოდენობა განსაზღვრული იყო იმჟამად მოქმედი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 5 ივლისის N664 ბრძანებით დამტკიცებული შესაბამისი დებულებით. (სადღეისოდ მოქმედებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 15 ოქტომბრის N154/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესი და პირობები“). „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების მიხედვით, საქართველოს მთავრობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიურ მოცულობებსა და ოდენობებს, დაფინანსების ოდენობასა და პირობებს. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 26 თებერვლის N36 დადგენილების მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაევალა სსიპ განვითარებისა და რეფორმირების ფონდისათვის სახსრების გადარიცხვა. ხსენებული დადგენილების საფუძველზე დამტკიცებული დაფინანსების წესის და პირობების თანახმად, ფონდი ანგარიშვალდებული იყო სამინისტროს წინაშე (მე-5 მუხ.).
6.4. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის თავისებურება ის არის, რომ იგი მთლიანად შესრულებაზეა ორიენტირებული, მთავარია ვალდებულების შესრულება და არა პასუხისმგებლობა მისი შეუსრულებლობისთვის, ვალდებულების შესრულებულად მიჩნევის მიზნებისათვის, მნიშვნელოვანია იმ პირობების დაცვა, რაც ვალდებულების შესრულებას უზრუნველყოფს და, შესაბამისად, ვალდებულების შეუსრულებლობას გამორიცხავს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლი იძლევა პასუხს კითხვაზე, თუ როგორ უნდა შესრულდეს ვალდებულება, ისე, რომ არ მოხდეს ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის რღვევა. შესაბამისად, 361-ე მუხლი აწესებს ვალდებულების შესრულების ისეთ სტანდარტს, რომლითაც დაცულია არა მხოლოდ ვალდებულების შესრულება (316.I), არამედ მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერი მოპყრობა (316.II). ვალდებულების ძალით, კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. თუ არ არსებობს ვალდებულება, მაშინ არც შესრულება იქნება სახეზე. ყოველი მოქმედება არ იწვევს ვალდებულების შესრულებას და, შესაბამისად, ვალდებულების შესრულების სამართლებრივი შედეგის დადგომას (427). ვალდებულების შესრულება ნიშნავს იმ მოქმედების შესრულებას (ან მოქმედებისაგან თავის შეკავებას), რომლის მოთხოვნის უფლებაც კრედიტორს აქვს (კრედიტორის მოთხოვნის რელატიური ბუნება). სწორედ ასეთი მოქმედება (ან მოქმედებისაგან თავის შეკავება) წარმოადგენს ვალდებულების ობიექტს
მითითებული ნორმა შეიცავს ისეთ დებულებას, რომლის მიხედვითაც, შესრულება ვალდებულების არსებობის პრეზუმფციას ქმნის (361.I), თუ არ არსებობს ვალდებულება, არც შესრულებას ექნება ადგილი. ვალდებულების გარეშე შესრულებული კი, უკან დაბრუნებას ექვემდებარება (976). ამდენად, მართალია, ყოველი შესრულება ვალდებულების არსებობას გულისხმობს, თუმცა, მხოლოდ შესრულება რომელიმე კონკრეტული ვალდებულების ინდიკატორად ვერ მიიჩნევა. ამდენად, შესრულება, მართალია, ვალდებულების არსებობას ნიშნავს, თუმცა, მხოლოდ შესრულებით კონკრეტული ვალდებულების არსებობა არ დასტურდება. ამიტომ, შემსრულებელმა უნდა ამტკიცოს, თუ რა სამართალურთიერთობის ფარგლებში განახორციელა მან ეს შესრულება და, კონკრეტულად, რომელი ვალდებულება შეასრულა, წინააღმდეგ შემთხვევაში, შემსრულებელი, მხოლოდ შესრულებით, კონკრეტული სამართალურთიერთობის მტკიცების გარეშე, საპასუხო ვალდებულების შესრულებას ვერ მოითხოვს. თუ შემსრულებელი ვერ დაადასტურებს კონკრეტული ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის არსებობას, იგი განხორციელებული შესრულების უკან გამოთხოვის უფლებას ინარჩუნებს (976), გარდა იმ შემთხვევებისა, თუ მიმღები არ დაადასტურებს, რომ მან შესრულება სხვა ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე მიიღო.
ვალდებულების ჯეროვნად შესრულება ნიშნავს ვალდებულების შესრულებას კანონითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, იმ გონიერი მოლოდინის ფარგლებში, რაც შესრულების მიმღებს აღნიშნული ვალდებულების შესრულების მიმართ ჰქონდა. ვალდებულების შესრულების ჯეროვანება ვალდებულების შესრულების მხოლოდ ერთი ან რამდენიმე კანონისმიერი ან ხელშეკრულებისმიერი მოთხოვნის დაცვას არ გულისხმობს, მაგალითად, ვალდებულების უნაკლო (ნივთობრივი, უფლებრივი), ხარისხიან, შეთანხმებული ოდენობით, დათქმულ დროს ან დათქმულ ადგილას შესრულებას. შესრულების ჯეროვანება ყველა ზემოთ დასახელებული ობიექტური ფაქტორის ერთობლიობაა და ვალდებულების ყოველგვარი დარღვევის გარეშე შესრულებას ნიშნავს. ვალდებულების ჯეროვანი შესრულება გულისხმობს მოვალის მიერ იმ მოთხოვნათა (მოქმედებათა) განუხრელად დაცვას, რომლებიც დაკავშირებულია თვით შესრულების საგანთან. ამდენად, ვალდებულების ჯეროვანი შესრულება ყველა იმ ობიექტურ ფაქტორთა ერთობლიობაა, რაც ვალდებულების კანონისმიერი, თუ სახელშეკრულებო პირობების შესაბამისად შესრულების დროს უნდა იყოს დაცული. ჯეროვანი შესრულება მოიცავს ყველა იმ მოთხოვნის დაცვის აუცილებლობას, რომლებიც განსაზღვრავენ, ვინ ვის წინაშე უნდა განახორციელოს შესრულება, რომელი საგნით, სად, როდის და რა გზით უნდა განხორციელდეს იგი. ბრუნვის მონაწილის ვალდებულება, ჯეროვნად შეასრულოს მოვალეობა, ემყარება იმ სინამდვილეს, რომელიც მისთვის ცნობილია და მას ამ სინამდვილისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ევალება.
როგორც უკვე აღინიშნა სახელშეკრულებო ურთიერთობებში მნიშვნელოვანია ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულება, ეს პრინციპი კერძო სამართლის უნივერსალური შეფასებითი კატეგორიაა და თანამედროვე სამართლებრივი წესრიგისათვის დამახასიათებელია კეთილსინდისიერების პრინციპის აღიარება. ამ პრინციპით კონკრეტდება ინდივიდის მოქმედების თავისუფლების ფარგლები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს შესაბამისი სამართლებრივი ურთიერთობიდან ან ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლის ნორმიდან პირდაპირ არ გამომდინარეობს. კეთილსინდისიერი ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში ზოგადად მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. ეს ვარაუდი განსაზღვრავს სამართლებრივი ურთიერთობის განვითარების საერთო მიმართულებასაც. სამოქალაქო ბრუნვის სიმყარე და სტაბილურობა მისი მონაწილეების კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. ვალდებულების დათქმულ დროს შესრულება კანონისმიერი პირობაა. ვალდებულების შესრულების დროდ ითვლება განსაზღვრული მომენტის დადგომა, როცა ვალდებულება უნდა შესრულდეს. როგორც წესი, ვადა დადგენილია მოვალის ინტერესებისათვის. აღნიშნული უფლების შეზღუდვა მხოლოდ კრედიტორის ლეგიტიმური ინტერესის არსებობის შემთხვევაშია დასაშვები. კრედიტორი უფლებამოსილი არ არის ვადაზე ადრე მოითხოვოს ვალდებულების შესრულება, ხოლო მოვალეს ყოველთვის შეუძლია ვალდებულების ვადაზე ადრე შესრულება. გამონაკლისს კრედიტორის პატივსადები ინტერესი წარმოადგენს. ვალდებულების შესრულების ადგილი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია. შესაბამისად, ვალდებულების შესრულების ადგილის განსაზღვრას არსებითი მნიშვნელობა აქვს იმის დასადგენად, ვალდებულება ჯეროვნად შესრულდა თუ არა, ასევე ადგილი ხომ არ ჰქონდა მოვალის მხრიდან შესრულების ვადაგადაცილებას, ან კრედიტორის მიერ შესრულების მიღების ვადის დარღვევას.
სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები (8.III). უფლება-მოვალეობა კეთილსინდისიერად განხორციელებულად ითვლება იქამდე, სანამ საწინააღმდეგო არ დადასტურდება, შესაბამისად, არსებობს კეთილსინდისიერი ქცევის პრეზუმფცია. კრედიტორი, უფლებამოსილია, ვალდებულების ძალით, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება ან მოქმედებისაგან თავის შეკავება (316.I), ხოლო კანონის ძალით — თავისი უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერება (316.II). ამდენად, მხარეებს ეკისრებათ, არამხოლოდ კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულება, არამედ ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში ისე მოქცევა, რომ პატივი სცენ ერთმანეთის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს. ამდენად, ვალდებულების კეთილსინდისიერი შესრულება გულისხმობს არამხოლოდ კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას, არამედ ყველა იმ დამატებითი უფლება-მოვალეობების განუხრელად დაცვას, რაც ვალდებულების შინაარსიდან პირდაპირ არ მომდინარეობს, თუმცა, კეთილსინდისიერი ქცევის სტანდარტის გათვალისწინებით, იგულისხმება. აღნიშნული სტანდარტი კი სხვა არაფერია, თუ არა მეორე მხრის უფლებებისა და ინტერესების იმ ფარგლებში პატივისცემა, რა ფარგლებშიც კონტრაჰენტს მისი უფლებისა და მოვალეობების პატივსცემის გონივრული მოლოდინი ჰქონდა. გონივრულ მოლოდინს მიღმა სტანდარტი კეთილსინდისიერების პრინციპის დარღვევად არ განიხილება.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე უთითებს, რომ ხელშეკრულების შესაბამისად, მონიტორინგის განხორციელების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, მოპასუხეს მიმართა წერილობით და მოსთხოვა წარმოედგინა სასწავლო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუმცა მ--------------ძეს მიერ აღნიშნული დოკუმენტი დღემდე არ წარუდგენია. შესაბამისად, საკითხის გადაწყვეტისათვის, კერძოდ იმის დასადგენად ამ უკანასკნელს წარმოეშვა თუ არა ხელშეკრულებით მიღებული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაბრუნების ვალდებულება, მნიშვნელოვანია დადგინდეს შეასრულა თუ არა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას და საბოლოოდ მიღწეული იქნა თუ არა ის მიზანი, რა მიზნითაც განხორციელდა მოპასუხესთან ხელშეკრულების გაფორმება, რასაც ითვალისწინებს ზემოაღნიშნული დადგენილება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1 მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ასევე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.1 მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები; მოპასუხე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი შესაგებელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2016 წლის 18 იანვრის MES 5 16 00035641 წერილით მ--------------ძეს ეთხოვა 2009 წლის 21 გავისტოს სსიპ განვითარების და რეფორმების ფონდსა და მას შორის დადებული გრანტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სასწავლო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტის უმოკლეს ვადაში წარდგენა, თუმცა მისი ჩაბარების შესახებ დადასტურებული ინფორმაცია სასამართლში წარმოდგენილი არ არის, არ იკვეთება მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის ფაქტი და ამდენად, საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნების ექვს წელს, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ცალკეულ შემთხვევებში კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ხანდაზმულობის სხვა ვადებიც.
სასამართლო განმარტავს, რომ სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებაც დარღვეულია, შეუძლია, მოითხოვოს თავისი უფლებების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობა არის დარღვეული უფლების იძულებით დაცვის ვადა და იგი უშუალოდ უკავშირდება სარჩელის უფლებას. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლა გავლენას ახდენს მატერიალური სარჩელის ანუ სარჩელის დაკმაყოფილების უფლებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე არსებითი მნიშნელობის არის იმის გარკვევა თუ როდის დაიწყო სასარჩელო მოთხოვნის ვადის დენა, თავის მხრივ სამოქალაქო კოდექსის ნორმათა თანახმად აღნიშნული დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. ამავე დროს სასარჩელო ხანდაზმულობა ხელს უწყობს რა სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილიზაციას, ამავდროულად ემსახურება სახელშეკრულებო დისციპლინის სიმყარეს და ეხმარება სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს თავიანთი უფლებებისა და ვალდებულებების აქტიურად და დროულად განხორციელებაში.
სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. სასარჩელო ხანდაზმულობა გულისხმობს დროს, რომლის განმავლობაში პირს შეუძლია მოითხოვოს თავისი დარღვეული უფლების აღდგენა. სარჩელის ხანდაზმულობის საკითხის სწორად შეფასებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მოთხოვნის იძულებითი რეალიზაციის ვადის დენის დასაწყისის განსაზღვრას. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ, ე.ი, თუ მოთხოვნის წარმოშობისა და, შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების მომენტის დადგენა ობიექტურად შეუძლებელია, ყურადღება უნდა მიექცეს სუბიექტურ მომენტს, ამასთან, იგულისხმება, რომ ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტები თანხვედრაშია.
სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა 2009 წლის 21 აგვისტოს სსიპ განვითარებისა და რეფორმების ფონდსა და მ--------------ძეს შორის დადებული ,,გრანტის შესახებ’’ ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული 16 630,63 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნების შესახებ ხანდაზმულია, კერძოდ, საქმის მასალებით დგინდება, რომ ბოლო გადარიცხვა განხორციელდა 2010 წლის 01 აპრილს საგადახდო მოთხოვნა N84, რომლითაც გადარიცხულ იქნა 436 გირბანქა სტერლინგი (ხოლო მანამდე 01.04.2010 წ. N 68 საგადახდო მოთხოვნით - 5839 გირვანქა სტერლინგი), ამდენად, ხანდაზმულობის ვადის დენა ამ შემთხვევაში დაიწყო 2010 წლის აპრილის თვიდან. განსახილველ შემთხვევაში, კი სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში წარმოდგენილია 2016 წლის 18 ოქტომბერს. აღნიშნული საკითხის გათვალისწინებითაც სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უფლებამონაცვლე) სარჩელი ასევე ხანდაზმულია, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ,,სახელმწიფო ბაჟის” შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,უ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, შესაბამისად მის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილი არ არის. ამასთან, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამდენად, არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი მხარეებზე სახელმწიფო ბაჟის დაკისრებისა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 251-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უფლებამონაცვლე) სარჩელი მოპასუხე - მ--------------ძის მიმართ, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში(მდებარე: ქ.თბილისი, გრ.რობაქიძის გამზირი №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის(მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე ივანე აღნიაშვილი