გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 15.04.2019
საქმის ნომერი
330310018002791569
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
15.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №------------------

საქმე №3/8178-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

15 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნინო ბუაჩიძე

სხდომის მდივანი გიორგი ჩიქოვანი

მოსარჩელე - ზ-----------–-----ე

წარმომადგენელი - ბ----------–---–ი

მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო

წარმომადგენელი - მ---------------ია

მესამე პირი - ლ--–--------–---–ი

წარმომადგენელი - გ----------------–---–ი

მესამე პირი - კერძო აღმასრულებელი მ--------–----–---–ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 3 დეკემბრის A---------------- განკარგულება;

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხის - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

3. მესამე პირების პოზიცია

 

3.1. მესამე პირი - ლ--–--------–---–ი არ დაეთანხმა სარჩელს. განმარტა, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3.2. მესამე პირი - მ--------–----–---–ი წარმოდგენილი შესაგებლით არ დაეთანხმა სარჩელს.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. 2015 წლის 12 იანვარს ერთის მხრივ ლ--–--------–---–სა და მეორეს მხრივ გ----------------–---–ს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. გ----------------–---–მა ლ--–--------–---–ისგან ისესხა 35000 აშშ დოლარი აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. იპოთეკის საგანს წარმოადგენდა გ----------------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - ფართი ბინა N-----------------------------–---------–------------–--------------–------------------------–-------------------.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 60-64);

- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილებების ან/და დამატებების თაობაზე ხელშეკრულება (ს.ფ. 65-70);

 

4.2. 2016 წლის 4 ივლისს ნოტარიუსის მიერ გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რომლის მიხედვით ზ-----------–-----ე არის მამკვიდრებლის - 30.12.2015 წელს გარდაცვლილი შვილის - გ----------------–---–ის პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე (მშობელი). მემკვიდრემ მამკვიდრებლის სამკვიდრო მიიღო სრულად - სამკვიდროში შემავალი აქტივებითა და პასივებით. სამკვიდროში არ შედის ის ქონებრივი უფლებები და მოვალეობები, რომელიც პირადი ხასიათისაა და მხოლოდ მამკვიდრებელს შეიძლება ეკუთვნოდეს, აგრეთვე კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები, რომლებიც მოქმედებს მხოლოდ კრედიტორისა და მოვალის სიცოცხლეში და წყდება მისი გარდაცვალებით.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სამკვიდრო მოწმობა (ს.ფ. 56-59);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 72-73);

 

4.3. კრედიტორის - ლ--–--------–---–ის მოთხოვნით 2016 წლის 12 ივლისს ნოტარიუსის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი. სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე უნდა მომხდარიყო იპოთეკის საგნის რეალიზაცია; იპოთეკის საგანი - ზ-----------–-----ის კუთვნილი ფართი 1-------------------------------------–--------–--–----------–--------------–------------------------–--------------------ში. აღნიშნული ქონების რეალიზაცია უნდა მომხდარიყო აუქციონის გზით.

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- განცხადება (ს.ფ. 50-51);

- სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 46-49);

 

4.4. 2016 წლის 13 ივლისს კერძო აღმასრულებელს წარედგინა კრედიტორის - ლ--–--------–---–ის განცხადება იძულებითი აღსრულების მიზნით სააღსრულებო დოკუმენტის წარმოებაში მიღების შესახებ.

 

2016 წლის 13 ივლისს მოვალე - ზ-----------–-----ეს გაეგზავნა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ A----------------, რომლითაც მოვალეს ეცნობა, რომ კერძო აღმასრულებლის წარმოებაში იყო ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი N---------. აღნიშნული ფურცლის თანახმად ზ-----------–-----ეს კრედიტორის - ლ--–--------–---–ის სასარგებლოდ გააჩნდა შეუსრულებელი ფულადი ვალდებულება, თანახმად სამკვიდრო მოწმობისა და სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებისა.

 

ზ-----------–-----ეს წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ ფოსტის მეშვეობით 2016 წლის 14 ივლისს ჩაბარდა. გზავნილი მითითებულ მისამართზე ოჯახის წევრმა - რძალმა ჩაიბარა.

 

2016 წლის 14 ივლისის A---------------- წერილით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეთხოვა სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო უძრავი ქონებისთვის, მდებარე: ქალაქი თბილისი, დასახლება ვ---------–---------------------------–-------------------------------------------- კვ.მეტრი.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 15 ივლისის N-------------- რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით კერძო აღმასრულებლის მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- განცხადება (ს.ფ. 76-77);

- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (ს.ფ. 78-82);

- საფოსტო გზავნილი (14.07.2016) (ს.ფ. 84-85);

- განკარგულება უძრავ ქონებაზე ყადაღის რეგისტრაციის თაობაზე (ს.ფ. 87);

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N-------------- რეგისტრაციის შესახებ

გადაწყვეტილება (ს.ფ. 89);

 

4.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2016 წლის 21 ივლისის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, შეჩერდა ნოტარიუს ე-–-----–----–---–ის მიერ 2016 წლის 12 ივლისს გაცემული N--------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება. განჩინებაზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- თბილისის საქალაქოს სასამართლოს 2016 წლის 21 ივლისის სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 90);

4.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით, ზ-----------–-----ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ცვლილება შევიდა 2016 წლის 12 ივლისს ნოტარიუს - ე-–-----–----–---–ის მიერ გაცემულ N--------- სააღსრულებო ფურცელში პროცენტის ნაწილში, კერძოდ: გადაუხდელი პროცენტი განისაზღვრა 1645 აშშ დოლარის ოდენობით. 2016 წლის 12 ივლისს ნოტარიუს ე-–-----–----–---–ის მიერ გაცემული N--------- სააღსრულებო ფურცელი დანარჩენ ნაწილში, დარჩა უცვლელი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 მაისის განჩინებით განმცხადებელ ლ--–--------–---–ის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის 2016 წლის 21 ივლისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება (ს.ფ. 99-109);

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 მაისი განჩინება (ს.ფ. 95-97);

 

4.7. 2018 წლის 27 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილების საფუძველზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი. სააღსრულებო ფურცლის მიხედვით მოვალის - ზ-----------–-----ის მისამართია: თბილისი, დასახლება ვ---------–-----------------------–-----------------------------.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 98);

4.8. კერძო აღმასრულებლის მიერ 2018 წლის 28 სექტემბერს მოვალეს ზ-----------–-----ეს გაეგზავნა A---------------- ინფორმაცია სააღსრულებო საქმის წარმოების განახლების თაობაზე, მისამართზე - თბილისი, კ-----------------ში.

 

საფოსტო გზავნილის ჩაბარების დასტურის თანახმად, 2018 წლის 29 სექტემბერს კერძო აღმასრულებლის მიერ გაგზავნილი წერილი N-------------- დაუბრუნდა გამგზავნს, ვინაიდან მეზობლის განმარტებით, ადრესატი ბოლო ორი წელია მითითებულ მისამართზე არ ცხოვრობს.

 

საფოსტო გზავნილის ჩაბარების დასტურის თანახმად, 2018 წლის 4 ოქტომბერს კერძო აღმასრულებლის მიერ გაგზავნილი წერილი N-------------- დაუბრუნდა გამგზავნს, ვინაიდან ადრესატი აღნიშნულ მისამართზე არ ცხოვრობს. ამჟამინდელი ადგილსამყოფელი დაუდგენელია.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- A---------------- ინფორმაცია სააღსრულებო საქმის წარმოების განახლების თაობაზე (ს.ფ. 110-113);

- საფოსტო გზავნილები ( 114-118);

 

4.9. კერძო აღმასრულებლის მიერ 2018 წლის 5 ოქტომბერს შედგა უძრავი ქონების აღწერა-დაყადაღების შესახებ აქტი, მისამართზე: თბილისში, ვ---------–-----------------------–-----------------------------ში. კერძო აღმასრულებლის მიერ დასურათებულ იქნა შენობის გარე ხედი, ვინაიდან შიდა ინტერიერის დათვალიერება ვერ მოხერხდა.

 

შპს ე-------------ის მიერ მომზადებული უძრავი ქონების შეფასების ანგარიშის დასკვნის თანახმად, ზ-----------–-----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქალაქი თბილისში, დასახლება ვარკეთილი I------------------------–--------------------------ში, ფართით: 1----- კვ.მ. შეფასდა 130 000 ლარად.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- 2018 წლის 5 ოქტომბრის უძრავი ქონების აღწერა-დაყადაღების შესახებ აქტი (ს.ფ. 123-143);

- უძრავი ქონების შეფასების ანგარიშის დასკვნა ( ს.ფ. 146-161);

 

4.10. 2018 წლის 19 ნოემბერს კერძო აღმასრულებლის მიერ ზ-----------–-----ეს გაეგზავნა გაფრთხილება აუქციონის დანიშვნის შესახებ, მისამართზე - კ----------------.

 

საფოსტო გზავნილი ჩაბარების უკუგზავნილის თანახმად, ჩაბარების მცდელობა იყო წარუმატებელი, რადგან ადრესატი არ იმყოფებოდა მისამართზე.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- A16067314-012/001 გაფრთხილება აუქციონის დანიშვნის შესახებ (ს.ფ. 167-168);

- საფოსტო გზავნილი (ს.ფ. 169);

 

4.11. 2018 წლის 19 ნოემბერს უძრავ ქონებაზე (თბილისი, დასახლება ვ---------–---------------------------–-------------------------------------------- კვ.მ.) დაინიშნა პირველი იძულებითი აუქციონი, საწყისი ფასი 97500 ლარი. უძრავი ქონება 2018 წლის 27 ნოემბერს გაიყიდა 98 800 ლარად.

 

სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 3 დეკემბრის A---------------- განკარგულების თანახმად, ზ-----------–-----ის და კუთვნილ უძრავ ქონებაზე, მდებარე თბილისი, დასახლება ვ---------–---------------------------–-------------------------------------------- კვ.მ. უძრავი ქონების შემძენი გახდა ლ--–--------–---–ი, რომელმაც უძრავი ქონება შეიძინა 98800 ლარად და თანხა გადაიხადა სრულად.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- ვებგვერდიდან ამონაწერი აუქციონის მიმდინარეობის შესახებ (ს.ფ. 165);

- აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 3 დეკემბრის A---------------- განკარგულება (ს.ფ. 172);

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის N21 ბრძანება.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს.

 

ამავე კანონის მე-183 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, სააღსრულებო წარმოებისას ქონების შემძენისათვის საკუთრების უფლების მინიჭების შესახებ განკარგულება არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და იგი გასაჩივრდება სასამართლოში.

 

ამავე კანონის 25-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღსრულების დაწყების შესახებ სააღსრულებო წარმოების მხარეთა ინფორმირება ხდება ამ მუხლის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სასამართლო უწყების ჩაბარებისთვის დადგენილი წესით, ხოლო მე-7 პუნქტის შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ინფორმირება ხდება სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 5 დღისა. მოვალეს ეცნობება: ა) ინფორმირებიდან 7 დღის ვადაში მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულების შემთხვევაში მხოლოდ კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი აღსრულების საფასურის შესაბამისი ნაწილის, ხოლო ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში − აღსრულების საფასურის სრული ოდენობით დაკისრების შესახებ, ბ) ამ კანონის მე-18 მუხლით დადგენილი უფლებები, გ) სააღსრულებო წარმოების დაწყების სამართლებრივი შედეგები, დ) იძულებითი აღსრულებისათვის ამ კანონით გათვალისწინებული შესაძლო გასატარებელი ღონისძიებები, ე) აღსრულების შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მიღების წესი და საშუალებები. ამავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, მოვალეს იძულებითი აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობება.

 

ამავე კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კრედიტორსა და მოვალეს უფლება აქვთ: ა) დაესწრონ აღსრულების მიმდინარეობას, გაეცნონ სააღსრულებო მასალებს, მიიღონ აუცილებელი ცნობები, გარდა კომერციული (საგადასახადო და საბანკო) საიდუმლოების შემცველი და სხვა კონფიდენციალური ინფორმაციისა, რომლებიც შეეხება აღსრულებას; ბ) მორიგდნენ; გ) იდავონ ქონების კუთვნილებაზე ან მის ფასზე; დ) აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარუდგინონ რეალიზაციას დაქვემდებარებული ქონების შეძენით დაინტერესებული პირები; ე) გაასაჩივრონ აღმასრულებლის ქმედება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან − ასეთი ქმედების განხორციელებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში ან პირდაპირ სასამართლოში − ასეთი ქმედების განხორციელებიდან 1 თვის ვადაში. ვ) გაასაჩივრონ საჩივართან დაკავშირებით მიღებული აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში.

 

ამავე კანონის 69-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით აუქციონს ამ კანონით დადგენილი წესით ატარებს აღსრულების ეროვნული ბიურო ან სხვა პირი მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. თუ მოვალე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ქონების მესაკუთრედ, აღსრულების ეროვნული ბიურო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს იძულებითი აუქციონის ჩატარებას. ამ შემთხვევაში იძულებითი აუქციონი ტარდება ქონებაზე ყადაღის დადებიდან 1 თვის ვადაში, ხოლო ამ კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან 2 კვირის ვადაში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის თანახმად, იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმები, წესი და მასთან დაკავშირებული სხვა პროცედურები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. ??????????? ????????? ????????? 2011 წლის 31 იანვრის N21 ბრძანებით დამტკიცებული იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმებისა და წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულებითი აუქციონი ტარდება ელექტრონული (ინტერნეტაუქციონის) გზით. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომში – აღსრულების ეროვნული ბიურო) უზრუნველყოფს აუქციონის ჩატარებას და განსაზღვრავს აუქციონზე გასატან ქონებას, საჭიროების შემთხვევაში ყოფს მას ლოტებად. ქონების ლოტებად დაყოფის შემთხვევაში აუქციონი ტარდება და გამარჯვებული გამოვლინდება თითოეული ლოტის მიხედვით ცალ-ცალკე. ამავე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, აუქციონის ჩატარების თაობაზე აღსრულების ეროვნული ბიურო აქვეყნებს ინტერნეტ-განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს აუქციონის ჩატარებისათვის საჭირო სრულყოფილ ინფორმაციას. ამავე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებულია აუქციონის შესახებ სპეციალური საჯარო განცხადება განათავსოს ვებგვერდზე: www.eauction.ge ან/და www.nbe.gov.ge . აუქციონის ჩატარების შესახებ მხარეებს (შესაბამისი საგადასახადო ორგანოს გარდა) პერსონალურად არ ეცნობებათ. მათი ინფორმირება ხორციელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი წესით. ამავე წესის მე-3 მუხლი ადგენს პირველი აუქციონის, პირველი განმეორებითი და ხელახალი აუქციონის ჩატარების წესს და მათ შედეგებს.

 

მოცემული დავის ფარგლებში უდავოა, რომ 2016 წლის 13 ივლისს მოვალე - ზ-----------–-----ეს გაეგზავნა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ A----------------, რომლითაც მოვალეს ეცნობა, რომ კერძო აღმასრულებლის წარმოებაში იყო ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი N---------. აღნიშნული ფურცლის თანახმად ზ-----------–-----ეს კრედიტორის - ლ--–--------–---–ის სასარგებლოდ გააჩნდა შეუსრულებელი ფულადი ვალდებულება თანახმად სამკვიდრო მოწმობისა და სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებისა. ზ-----------–-----ეს წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ ფოსტის მეშვეობით 2016 წლის 14 ივლისს ჩაბარდა. გზავნილი მითითებულ მისამართზე ოჯახის წევრმა - რძალმა ჩაიბარა.

 

დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2016 წლის 21 ივლისის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, შეჩერდა ნოტარიუს ე-–-----–----–---–ის მიერ 2016 წლის 12 ივლისს გაცემული N--------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება. განჩინებაზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

 

დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით, ზ-----------–-----ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ცვლილება შევიდა 2016 წლის 12 ივლისს ნოტარიუს - ე-–-----–----–---–ის მიერ გაცემულ N--------- სააღსრულებო ფურცელში პროცენტის ნაწილში, კერძოდ: გადაუხდელი პროცენტი განისაზღვრა 1645 აშშ დოლარის ოდენობით. 2016 წლის 12 ივლისს ნოტარიუს ე-–-----–----–---–ის მიერ გაცემული N--------- სააღსრულებო ფურცელი დანარჩენ ნაწილში, დარჩა უცვლელი. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 მაისის განჩინებით განმცხადებელ ლ--–--------–---–ის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის 2016 წლის 21 ივლისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

დადგენილია, რომ 2018 წლის 27 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილების საფუძველზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი. სააღსრულებო ფურცლის მიხედვით მოვალის - ზ-----------–-----ის მისამართია: თბილისი, დასახლება ვ---------–-----------------------–----------------------------.

 

საქმეში დაცული მტკიცებულებებით ასევე დადგენილია, რომ 2018 წლის 28 სექტემბერს მოვალეს ზ-----------–-----ეს მისამართზე: თბილისი, კ-----------------ში, გაეგზავნა A---------------- ინფორმაცია სააღსრულებო საქმის წარმოების განახლების თაობაზე. საფოსტო გზავნილის ჩაბარების დასტურის თანახმად, 2018 წლის 29 სექტემბერს კერძო აღმასრულებლის მიერ გაგზავნილი წერილი N-------------- დაუბრუნდა გამგზავნს, ვინაიდან მეზობლის განმარტებით, ადრესატი ბოლო ორი წელია მითითებულ მისამართზე არ ცხოვრობს. საფოსტო გზავნილის ჩაბარების დასტურის თანახმად, 2018 წლის 4 ოქტომბერს კერძო აღმასრულებლის მიერ გაგზავნილი წერილი N-------------- დაუბრუნდა გამგზავნს, ვინაიდან ადრესატი აღნიშნულ მისამართზე არ ცხოვრობს. ამჟამინდელი ადგილსამყოფელი დაუდგენელია.

 

საქმეში დაცულია 2018 წლის 19 ნოემბრის გზავნილი, რომლის თანახმად, ზ-----------–-----ეს მისამართზე: ქ. თბილისი, კ-----------------ში, გაეგზავნა გაფრთხილება აუქციონის დანიშვნის შესახებ. საფოსტო გზავნილი ჩაბარების უკუგზავნილის თანახმად, ჩაბარების მცდელობა იყო წარუმატებელი, რადგან ადრესატი არ იმყოფებოდა მისამართზე. შესაბამისად საქმის მასალებით დადგენილია, რომ სააღსრულებო წარმოების სასამართლო განჩინებით შეჩერებისა და უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შემდეგ სააღსრულებო წარმოების განახლების თაობაზე, ზ-----------–-----ე სათანადოდ ინფორმირებული არ ყოფილა. საქმეში დაცულია წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, ასევე ინფორმაცია სააღსრულებო საქმის წარმოების განახლების თაობაზე, რომლებშიც დაფიქსირებულია მოვალის - ზ-----------–-----ის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. სააღსრულებო საქმის მასალებში დაცული არ არის რაიმე მტკიცებულება იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ კერძო აღმასრულებელი შეეცადა მოვალე პირთან დაკავშირებას ტელეფონის საშუალებით, რათა სააღსრულებო წარმოების განახლება ეცნობებინა. გარდა ამისა, სააღსრულებო წარმოების განახლების შემდეგ კერძო აღმასრულებელს არ გამოუყენებია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით გათვალისწინებული ყველა შესაძლებლობა მოვალის - ზ-----------–-----ის სათანადოდ ინფორმირების მიზნით. კერძო აღმასრულებლის მიერ შეტყობინებები გაიგზავნა სააღსრულებო წარმოების დაწყების მომენტში მოვალის მისამართად დაფიქსირებულ მისამართზე, თბილისი, კ--------------------ში და არა სააღსრულებო წარმოების განახლების შემდეგ სააღსრულებო ფურცელში დაფიქსირებულ მოვალის ახალ მისამართზე, მდებარე თბილისში, დასახლება ვ---------–-----------------------–-----------------------------ში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ კერძო აღმასრულებელი სააღსრულებო წარმოების წარმართვისას ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით, კერძოდ ხსენებული კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის მითითებას, რომ კერძო აღმასრულებლის მიერ 2018 წლის 5 ოქტომბერს უძრავი ქონების აღწერა-დაყადაღების შესახებ აქტის შედგენისას, უძრავი ნივთის, მდებარე ქ. თბილისში, ვ---------–-----------------------–-----------------------------ში დაკეტილ მდგომარეობაში ყოფნა ადასტურებს მოვალისათვის ამავე მისამართზე შეტყობინების განხორციელების შეუძლებლობას. მოცემულ შემთხვევაში, სააღსრულებო წარმოების ფარგლებში კერძო აღმასრულებლის მიერ მხედველობაში არ იქნა მიღებული მოვალის მიერ მისამართის შეცვლის ფაქტი და სააღსრულებო მოქმედებების განახლების შემდეგ, მოვალისათვის შეტყობინების მცდელობა განხორციელდა ძველ მისამართზე, სადაც მოვალე უკვე აღარ ცხოვრობდა. გარდა ამისა, კერძო აღმასრულებელს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი პირის ინფორმირების სხვა რომელიმე შესაძლებლობა არ გამოუყენებია. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს მოპასუხის მოსაზრებას, რომ ზ-----------–-----ე ინფორმირებული იქნებოდა სააღსრულებო წარმოების შეჩერებისა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე, ვინაიდან სარჩელი სამოქალაქო სასამართლოში აღძრული იყო თავად ზ-----------–-----ის მიერ. სასამართლო მიიჩნევს, რომ სააღსრულებო საქმის მწარმოებელი პირის ვალდებულებას, სააღსრულებო პროცედურის თაობაზე სააღსრულებო წარმოების მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდოს კანონით დადგენილი წესით, ვერ შეცვლის სხვა ორგანოში, მათ შორის სასამართლოში მიმდინარე პროცესში პირის ჩართულობა. ამდენად, სააღსრულებო წარმოების განახლების შემდეგ ზ-----------–-----ეს არ ეცნობა სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობის თაობაზე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ იძულებითი აღსრულების პროცესი არის ერთიანი პროცედურა, რომელიც დაწყებიდან მის დასრულებამდე უწყვეტად უნდა განხორციელდეს. მოცემულ შემთხვევაში მართებულია მოპასუხე მხარის პოზიცია, რომ სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობისას სააღსრულებო წარმოების მონაწილეთა დამატებით ინფორმირება არ ხდება. თუმცა აღსანიშნავია, რომ სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონი იმგვარად აწესრიგებს სააღსრულებო წარმოების პროცედურას, რომ იგი უნდა დასრულდეს ქონებაზე ყადაღის დადებიდან ერთი თვის ვადაში. აღნიშნულით სააღსრულებო წარმოების მონაწილე პირს შეუძლია განსაზღვროს შემდგომი მოქმედების სავარაუდო დრო. ამ შემთხვევაში, მონაწილე პირი ვალდებულია გამოიჩინოს წინდახედულობა და სააღსრულებო წარმოებაში აქტიური მონაწილეობის, სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებების სრულყოფილად რეალიზების მიზნით, ვებგვერდის საშუალებით აკონტროლოს სააღსრულებო პროცედურის მიმდინარეობა.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააღსრულებო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის თაობაზე პირის ინფორმირების გარეშე სააღსრულებო წარმოების გაგრძელება არღვევს პირის უფლებას, მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია მიმდინარე სააღსრულებო წარმოების შესახებ და უზრუნველყოს კანონით მინიჭებული უფლებების რეალიზება. სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირს არ მოეთხოვება უსასრულოდ ჰქონდეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ვებგვერდზე გამოქვეყნების მოლოდინი და დროის განუსაზღვრელ მონაკვეთში, წინასწარ განჭვრეტის შეუძლებლობის პირობებში, პერმანენტულად, ვებგვერდის შემოწმებით შეეცადოს საკუთარი უფლებების დაცვას.

 

7.2. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას. შესაბამისად, არსებობს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 3 დეკემბრის A---------------- განკარგულების ბათილად ცნობის საფუძვლები. ამდენად, ზ-----------–-----ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ზ-----------–-----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 3 დეკემბრის A---------------- განკარგულება;

3. მოპასუხეს - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის ანაზღაურება მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა).

 

მოსამართლე ნინო ბუაჩიძე