განაჩენი

სისხლის სამართლის 03.05.2019
საქმის ნომერი
330100118002763927
თარიღი
03.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/5----18

(№0-----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

3 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე - მაია კვირიკაშვილი

სხდომის მდივანი - თამარ ონიანი, ანნა ქოჩიაშვილი

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - თ--------------–---, ლ-–----------–---

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი - გ----------------

 

ბრალდებული - ზ----------–---–-, დაბადებული - 1--- წლის 1------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №3----------, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: ს----------- რაიონი, სოფელი მ-----, დაკავებამდე ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ვ--–-------- ქუჩა №-.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - სსკ) 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი.

 

დისპოზიცია: ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც მნიშვნელოვანი ზიანის გამოწვევა შეეძლო, საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1. 2018 წლის 5 აგვისტოს, დაახლოებით 23:50 საათზე, ზ----------–---–-- და გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელმა ორმა პირმა, უკანონოდ შეაღწიეს ქ. თბილისში, ა------------- ვ--––- მდებარე სს „თ--------–-----–----“ ტერიტორიაზე განთავსებულ ს-------–--- ვაგონში ე.წ. „კ----–-“, სამუშაო ხელსაწყოების დახმარებით დაშალეს გენერატორები და შეეცადნენ ფერადი ლითონებისგან დამზადებული ტექნიკისა და სპილენძის მავთულების ფარულად დაუფლებას. ზ----------–---–-სა და გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელი ორი პირის ქმედების შედეგად, სს „თ--------–-----–---“ შესაძლოა მისდგომოდა 3970 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2.1. 2018 წლის 5 აგვისტოს, დაახლოებით 23:50 საათზე, ზ----------–---–-- და გამოძიებით დაუდგენელმა ორმა პირმა, უკანონოდ შეაღწიეს ქ. თბილისში, ა------------- ვ--––- მდებარე სს „თ--------–-----–----“ ტერიტორიაზე განთავსებულ ს-------–--- ვაგონში ე.წ. „კ----–-“, სამუშაო ხელსაწყოების დახმარებით დაშალეს გენერატორები და შეეცადნენ ფერადი ლითონებისგან დამზადებული ტექნიკისა და სპილენძის მავთულების ფარულად დაუფლებას. ზ----------–---–-სა და გამოძიებით დაუდგენელი ორი პირის ქმედების შედეგად, სს „თ--------–-----–---“ შესაძლოა მისდგომოდა მნიშვნელოვანი ზიანი.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. ზ----------–---–-ს მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას:

 

3.2. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლ-------------–--–---–-- განმარტა, რომ მუშაობს სსიპ „ს---------- ს---–------- ტ---------- ც-------- დ--–--- დაცვის ა------------- ვ--–--“ ობიექტის დაცვის უფროსის თანამდებობაზე. 2018 წლის 5 აგვისტოს, ღამის საათებში, იგი თავის თანამშრომელ გ--–---------------- ერთად ახდენდა ობიექტის შემოვლას/დათვალიერებას, რა დროსაც ამავე ობიექტზე განთავსებული ს-------–--- ვაგონიდან ე.წ. „კ---------“ შემოესმა ხმა. მან ე.წ. „კ-----“ მიანათა ფარანი და დაინახა სამი პირი, საიდანაც ერთი იდგა ვაგონის გარეთ, ხოლო დანარჩენი ორი - ვაგონის შიგნით. მან დანახვისთანავე შესძახა უცხო პირებს, რომ შეჩერებულიყვნენ, თუმცა სამივე მათგანი სწრაფად გაიქცა. გაქცევისას ე.წ. „კ------“ შიგნით მყოფი პირები გადმოხტნენ წინა კარებიდან. მოწმის თქმით, ს-------–--- ვაგონს აქვს ორი კარი, საიდანაც ერთი არის შესასვლელი, ხოლო მეორე (გვერდით მდებარე) - დიზელის ჩასასხმელი. მოწმე თავის თანამშრომელთან ერთად გაეკიდა ზემოაღნიშნულ პირებს, თუმცა ვისი შეპყრობაც მოახდინა, იყო მხოლოდ ზ----------–---–-, ვინაიდან ის სირბილის მომენტში დაეცა და ჩამორჩა თანამზრახველებს. მათ აღნიშნული ფაქტის შესახებ შეატყობინეს პოლიციას. სასამართლო დარბაზში მოწმემ ამოიცნო ზ----------–---–-, ხოლო დანარჩენ ორ პირთან დაკავშირებით განმარტა, რომ მათი ამოცნობა არ შეუძლია. მოწმის განმარტებით, ა------------- ვ--–-- ტერიტორიაზე შესვლა შეიძლება მხოლოდ საშვის მეშვეობით. მის გარეშე შესვლა შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ პირი გადაჭრის შემოღობილი ტერიტორიის მავთულხლართს, გადაძვრება მასზე ან გამოძვრება მის ქვემოთ. მოწმემ დაადასტურა, რომ ღობე რამდენიმე ადგილას იყო დაზიანებული. ასევე დაზიანებული იყო ე.წ. „კ----–-“ არსებული გენერატორის სადენები.

 

3.3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ--–------------ ჩვენებით დგინდება, რომ 2018 წლის აგვისტოს მდგომარეობით, მუშაობდა დაცვის ს--------- „დ--–---ში“. მის მოვალეობაში შედიოდა ა------------- ვ--–-- ტერიტორიის დაცვა და უსაფრთხოება. ვინაიდან ტერიტორია არის დიდი მოცულობის, ღამის საათებში ის და მისი თანამშრომლები ახდენდნენ შემოვლას/დათვალიერებას. „დ--–---სა“ და სს „თ---------–-----–---“ აქვთ საერთო ტერიტორია. 2018 წლის 5 აგვისტოს, იგი ლ-------------–--–---–---- ერთად ახდენდა შემოვლას/დათვალიერებას, რა დროსაც ხმაური გაიგო რ---------–----–--- პუნქტთან. მიუახლოვდნენ აღნიშნულ პუნქტს, უმალვე მიანათეს ფარანი, რა დროსაც დაინახეს სამი პირი. მართალია, მათ მაშინვე დაუყვირეს შეჩერებულიყვნენ, თუმცა სამივე მათგანი გაიქცა. გაქცეულთაგან მათ მხოლოდ ერთი პირის - ზ----------–---–-ს შეპყრობა შეძლეს, რომელიც მოწმის განმარტებით არის სასამართლო დარბაზში მყოფი ბრალდებული. ამის შემდეგ, მათ დაათვალიერეს ე.წ. „კ-----“ სადაც გენერატორის კაბელები იყო დაზიანებული/გადაჭრილი. მოწმის განმარტებით, ს-------–--- ვაგონს აქვს ორი კარი. აღნიშნული პირები შესასვლელი კარიდან არ გაქცეულან.

 

3.4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული შ--–------------ (გამომძიებელი) ჩვენებით დგინდება, რომ 2018 წლის 6 აგვისტოს, შეტყობინების საფუძველზე, ე-----–-------------–---- ერთად გავიდა ა------------- ვ--–-- ტერიტორიაზე, სადაც დაცვის თანამშრომლებს შეჩერებული ჰყავდათ ზ----------–---–-. მათ აღნიშნულ პირს ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოიღეს ბრტყელტუჩა, სახრახნისი და ხელთათმანი. პირადი ჩხრეკის ჩატარების შემდეგ, ზ----------–---–- დააკავეს ბრალდებულის სახით და გადაიყვანეს განყოფილებაში.

 

3.5. ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა - ე-----–-------------–--.

 

3.6. შ--–------------ და ე-----–-------------–-- ჩვენებები დასტურდება პირადი ჩხრეკის ოქმით (06.08.2018).

 

3.7. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის (6.08.2018) თანახმად, დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს ქ. თბილისში, 3--- ქ------- ა------------- ველზე მდებარე რ---------–----–--- სადგურის ტერიტორია. აღნიშნულ ტერიტორიაზე დგას ორი დახურული ოთხ საბურავიანი მისაბმელი, რომელთაგან მარცხენა წარმოადგენს დიზელ გენერატორს, ავარიული კვების წყაროს ფუნქციით. მისაბმელი არის ოთხ საბურავიანი, რომელიც დგას ოთხ ლითონის დგარზე, რომელსაც მარჯვენა მხარეს აქვს ორ ფრთიანი კარი, რომლის მარჯვენა ფრთაც არის გამოღებული. მისაბმელი ე.წ. „კ-----“ არის ლითონის დახურული ტიპის, სადაც ვხვდებით ორ ცალ დიზელის ძრავს, რომლებიც განლაგებულია კარის მარჯვნივ და მარცხნივ, მთელ სიგანეზე. ე.წ. „კ------“ შიგნით იატაკზე გდია გენერატორის კორპუსი, რომლის ზედა ნაწილში შეინიშნება გენერატორის კორპუსიდან გამომავალი 12 ცალი მრავალწვერიანი მოწითალო ლითონის, პლასტმასის გარსიანი ელექტრო სადენები, რომლებიც არის გადაჭრილი. ე.წ. „კ----–-“ შესასვლელი კარიდან ხელმარცხნივ, აღნიშნულ მხარესვე არსებულ ძრავზე დევს ე.წ. „მართვის პულტი“, რომელიც წარმოადგენს ლითონის ყუთს, რომლის კარიც არის გადმოხსნილი. აღნიშნული ყუთის კარის შიგნითა მხარეს დამაგრებულია სხვადასხვა მოწყობილობები, რომელზე არსებული ელექტროსადენებიც არის გადაჭრილი. ასევე აღნიშნულ ყუთში არსებული ელექტრომოწყობილობის ელექტროსადენები შეკრულია, ყუთის ძირზე დაყრილია სხვადასხვა ზომის სახრახნისები. ე.წ. „კ----–-“ მარჯვნივ მდებარე ძრავში მოხსნილია დამხმარე გენერატორი. იატაკზე დაგდებული გენერატორის შიგთავსი არის გამოღებული და დევს მის წინ, რომლის წინა მხარეს მოწმე პ---–----------–---–-- განმარტებით, მოხსნილი და მოპარულია სპილენძის დეტალები, კონკრეტულად სადენები. მეორე ე.წ. „კ-----“ არის დახურული ფორმის ლითონის კორპუსის, რომლის შიგნით - მარჯვნივ და მარცხნივ განლაგებულია ლითონის თაროებიანი კარადები. ერთ-ერთ სათავსოში შეინიშნება გადაჭრილი ელექტროსადენები. იატაკზე ყრია სხვადასხვა ლითონის დეტალების ნაწილები. იქვე გდია გენერატორის ე.წ. „მართვის პულტის“ ლითონის კორპუსი, რომელიც არის დაშლილი და რომელსაც ეტყობა შერჩენილი ელექტროსადენების გადანაჭრელები. ფარდულში მარჯვენა მხარეს დგას გენერატორი, რომელიც არის ნახევრად დაშლილ მდგომარეობაში, აგრეთვე ფარდულში იატაკზე მიმობნეულია სხვადასხვა ზომის ნახევრად დაშლილი ყუთები. კარიდან მარცხნივ დგას ლითონის კარადები, რომელთა კარიც არის ღია მდგომარეობაში. ფარდულიდან დაახლოებით 50 მეტრში მდებარეობს ელექტროგამანაწილებელი ჯიხურის შენობები. შენობა არის ორგანყოფილებიანი და აქვს ორი შესასვლელი. შესასვლელი კარის წინ მარცხენა მხარეს შეინიშნება ელექტროსადენების გადაჭრილი ნაწილები, ელექტროსადენები ჩასმულია ლითონის გარსში. მარცხენა კარის გავლით შევდივართ ელექტროგამანაწილებელ ჯიხურში, სადაც დგას ლითონის კონსტრუქციის კარადა. კარადა არის სამგანყოფილებიანი, რომელთა კარებიც არის გამოღებულ მდგომარეობაში. მარჯვნივ მდებარე ერთფრთიანი კარით შევდივართ ჯიხურის მეორე განყოფილებაში, სადაც შესასვლელი კარიდან შიგნითა მარჯვენა მხარეს, იატაკის მხარეს შეინიშნება ამოშვერილი ელექტროსადენების გადაჭრილი თავები. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ იქნა სუნის ნიმუშები.

 

3.8. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა - მ--------------–---–--.

 

3.9. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ-----------–---–------- ჩვენებით დგინდება, რომ მუშაობს სს „თ--------–-----–--–-“ შიდა უსაფრთხოების ს---------ის უფროსად. მოწმის განმარტებით სს „თ--------–-----–---ა“ და „დ--–---ს“ ჰქონდათ საერთო შენობა-ნაგებობა, ტერიტორია და წარმოება. ტერიტორია არის დაცული და ნებართვის გარეშე შესვლის უფლება არავის აქვს. ტერიტორიაზე გადაადგილება ხდება მხოლოდ საშვის საშუალებით. 2018 წლის 5 აგვისტოს, ღამის საათებში მომხდარ ქურდობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით, მოწმემ განაცხადა, რომ იცის გადმოცემით, ვინაიდან შემთხვევის დღეს ს---------ში არ იმყოფებოდა. მოწმის განმარტებით, ე.წ. „კ-----“ არის ლ-------------–- სისტემა, რომლის მეშვეობითაც ხდება თვითმფრინავების მიღება-გაშვება, ანუ მფრინავი ეყრდნობა ამ ლ-------------– მონაცემებს. შესაბამისად, აღნიშნული მართლსაწინააღმდეგო ქმედების შემდეგ, ისინი იძულებულნი შეიქნენ მიემართათ აეროპორტის უწყებასთან. ამჟამად წვალობენ, რათა თვითმფრინავების გამოცდა ჩაატარონ. მოწმის თქმით, ზემოაღნიშნული დანადგარი იკვებება დენის წყაროთი, კერძოდ, გენერატორით. მოწმე ქურდობის მცდელობის შედეგად მიყენებულ დაზიანებას სულ მცირე 25 000 ლარად აფასებს. მიყენებული ზიანი არ ანაზღაურებულა. მოწმისთვის უცნობია ე.წ. „კ----–-“ არსებული გენერატორები მუშაობდა თუ არა შემთხვევის დღემდე.

 

3.10. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა პ---–----------–---–-- განმარტა, რომ მუშაობს სს „თ--------–-----–--–-“ რ--------–---------------–--- მთავარ სპეციალისტად. 2018 წლის 6 აგვისტოს, მას დაუკავშირდნენ პოლიციის თანამშრომლები, შეატყობინეს ა-------------ს ტერიტორიაზე ქურდობის მცდელობის შესახებ და სთხოვეს შემთხვევის ადგილზე მისვლა. ადგილზე მისულმა ნახა, რომ გენერატორები იყო დაშლილი (აკლდა ნაწილები), ე.წ. „კ----–-“ არსებულ ელექტროსადენები კი - გადაჭრილი. მან მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში. გენერატორი იყო თუ არა მუშა მდგომარეობაში, მოწმემ დაზუსტებული პასუხი ვერ გასცა, ვინაიდან მას ეს არ შეუმოწმებია (მოწმის განმარტებით, ე.წ. „კ-----“ 2013 წლიდან არის დაკეტილი).

 

3.11. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა გამომძიებლებმა: ი----------–---–--–---–--, რ----------–----- და ვ-----–--------–--- დაადასტურეს მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებათა ოქმების სისწორე.

 

3.12. შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სასაქონლო ექსპერტიზის №1----- დასკვნით დგინდება შემდეგი: ვინაიდან კომერციულ სტრუქტურებში ვერ იქნა მოძიებული ანალოგიური მოწყობილობის და აგრეგატების სათადარიგო დეტალების რეალიზაციის ადგილები და ექსპერტისთვის უცნობია მათი სრული კომპლექტაცია, შესაბამისად, ვერ განისაზღვრება აღნიშნული მოწყობილობების და აგრეგატების აღდგენის საბაზრო ღირებულება, რაც ექსპერტს საშუალებას მისცემდა განესაზღვრა აღნიშნული მოწყობილობის და აგრეგატების დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა, ხოლო წარმოდგენილი ორი ცალი დიზელ-გენერატორის საბაზრო ღირებულება განისაზღვრა კომერციულ სტრუქტურებში ანალოგიურ, ექსპლუატაციაში ნამყოფ დიზელ-გენერატორებზე არსებული საცალო-სარეალიზაციო ფასების შეჯერებით, რაც შეადგენს 2500 ლარს, შესაბამისად, ორი ცალის ღირებულება შეადგენს 5000 ლარს.

 

3.13. ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა - ს------------------. მანვე დამატებით განმარტა, რომ არამუშა მდგომარეობაში მყოფი გენერატორის ღირებულება სავარაუდოდ იქნებოდა 150 ლარს ზევით.

 

3.14. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებული სასაქონლო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ერთი ერთეული მეორადი მოხმარების, მუშა მდგომარეობაში მყოფი დიზელ-გენერატორის საბაზრო ღირებულება, დღევანდელი დღის მდგომარეობით შეადგენს 3970 ლარს. ვინაიდან უცნობია წარმოდგენილი დიზელ-გენერატორის ტ---------- მდგომარეობა, კომპლექტაცია, მოხსნილი და დაზიანებული ნაწილების სახეობები და მათ დამზადებაზე გამოყენებული ფერადი ლითონების რაოდენობები სახეობების მიხედვით, ვერ მოხდა ექსპერტიზის წინაშე დასმული შეკითხვებზე მსჯელობა.

 

3.15. ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა - ი------------------. მანვე დამატებით განმარტა, რომ არამუშა მდგომარეობაში მყოფი გენერატორის ღირებულება სავარაუდოდ არ იქნებოდა 150 ლარზე ნაკლები.

 

3.16. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მიერ არასადავოდ მიჩნეული ოდოროლოგიური ექსპერტიზის №4-------- დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ა------------- ვ--––- მდებარე ს-------–--- ვაგონის გაქურდვის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით, ოდოროლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები არაიდენტურია ბრალდებულ ზ----------–---–-სგან აღებული სუნის კვალის ნიმუშის.

 

3.17. საქმის არსებითი განხილვისასა ბრალდებულმა ზ----------–---–-- თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და საბოლოო სიტყვის ეტაპზე განმარტა, რომ ა------------- ვ--–-- კუთვნილ ტერიტორიაზე, მისი ყოფნა განპირობებული იყო საკუთარი სურვილით - ს---------იდან მიმავალს ამ ტერიტორიის გავლით შეემცირებინა სახლამდე მანძილი.

 

3.18. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

3.19. სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა საქმეში ფაქტის უშუალო შემსწრე პირებისა და სხვა მოწმეთა ჩვენებები, გააანალიზა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები (მათ შორის ექსპერტიზის დასკვნები), თითოეული მტკიცებულება ერთობლიობაში შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, სანდოობის, უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ზ----------–---–-ს დამნაშავედ ცნობისთვის, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

3.20. სასამართლოს შეფასებით, დანაშაულებრივი ფაქტის უშუალო შემსწრე პირების - ლ-------------–--–---–-- და გ--–------------ ჩვენებები არის თანმიმდევრული, დამაჯერებელი და სხვა მტკიცებულებებთან თანხვედრილი. მეტი თვალსაჩინოებისთვის სასამართლო მიმოიხილავს მათ ჩვენებებს, რომლებიც განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც მათი მხრიდან ბრალდებულ ზ----------–---–-ს მიმართ, რაიმე პირადი ინტერესი არ გამოკვეთილა, ხასიათდება სანდოობის მაღალი ხარისხით: ჩვენების მიცემისას ლ-------------–--–---–-- და გ--–------------ დეტალურად აღწერეს, თუ სად და რა ვითარებაში დაინახეს ზ----------–---–- თანამზრახველებთან ერთად. ზემოაღნიშნული ორივე მოწმის განმარტებით, ბრალდებული თანამზრახველებთან ერთად იდგა ს-------–--- ვაგონში. მათ შეძახილზე სამივე მათგანი გაიქცა, თუმცა მათ ზ----------–---–-ს დაკავება შეძლეს, ვინაიდან ეს უკანასკნელი გაქცევისას წაიქცა და ჩამორჩა თანამზრახველებს. მართალია შემთხვევის დღეს, ზ----------–---–-ს შეპყრობა მოხდა ღამის საათებში, ამასთან, მოწმეთა განმარტებით, მათ თავდაპირველად სახეზე კარგად არ დაუნახავთ დამნაშავე პირები, თუმცა ეს არაფერს ცვლის შედეგთან მიმართებაში, ვინაიდან ზ----------–---–- დანახვიდან შეპყრობამდე, მოწმეთა თვალთახედვის არეში იყო. ლ-------------–--–---–-- და გ--–------------ ჩვენებების შეფასებისას, სასამართლოსთვის აგრეთვე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სასამართლო დარბაზში ორივე მათგანმა ერთმნიშვნელოვნად მიუთითა ბრალდებულ ზ----------–---–---, როგორც შემთხვევის ადგილზე მყოფ ერთ-ერთ პირზე. ერთადერთი სხვაობა, რაც აღნიშნული მოწმეების ჩვენებებში გამოიკვეთა არის შემდეგი: მოწმე ლ-------------–--–---–-- განმარტებით, ე.წ. „კ----–-“ მყოფი დამნაშავეები გაიქცნენ ამავე ს-------–--- ვაგონის შესასვლელი კარიდან, ხოლო გ--–------------ განმარტებით, დამნაშავე პირები არ გაქცეულან შესასვლელი კარიდან. სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ფაქტი - თუ რომელი კარიდან გაიქცნენ დამნაშავეები, შედეგზე არ მოქმედებს. მოცემულ სიტუაციაში მთავარია, შემთხვევის შემსწრე მოწმეებსა და ბრალდებულს შორის, მის შეპყრობამდე უწყვეტი კავშირის არსებობა.

 

3.21. მტკიცებულებათა გონივრულ ეჭვს მიღმა შეფასებისას სასამართლოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზ----------–---–-ს პირადი ჩხრეკის ოქმი, რა დროსაც მისგან ამოღებულ იქნა დანაშაულის ჩასადენად გამზადებული ხელსაწყოები, აგრეთვე ხელთათმანი.

 

3.22. რაც შეეხება შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, რაც თავის მხრივ დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა - მ--------------–---–--, აღნიშნული ნათლად მიუთითებს ზ----------–---–-სა და მისი თანამზრახველების მიერ ჩადენილი ქმედების სუბიექტურ ნიშანზე - ქურდობის მიზნის არსებობაზე. აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედების ოქმში დეტალურად არის ასახული, ს-------–--- ვაგონში არსებული გენერატორებისა და სპილენძის მავთულების დაზიანების ფაქტი. საგულისხმოა სასამართლო სხდომაზე მოწმე პ---–----------–---–-- ერთმნიშვნელოვანი განმარტება, რომ ზემოაღნიშნული ს--------–--- ვაგონი 2013 წლიდან არის დაკეტილი. ამდენად, სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს დაცვის მხარის განმარტებას, რომ ე.წ. „კ----–-“ არსებული ტექნიკის დაზიანება განპირობებული იყო არა შემთხვევის დღეს ზ----------–---–-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, არამედ დროის სხვა პერიოდში, გამოძიებისთვის უცნობი პირების მიერ. ამასთან, სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი სახელმწიფო ბრალმდებლის მოვალეობაა, თუმცა სისხლის სამართლის პროცესი მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპზე დაყრდნობით, რაც იმას ნიშნავს, რომ ორივე მხარე წარმოადგენს საკუთარი პოზიციის დამადასტურებელ მტკიცებულებას. მოცემულ შემთხვევაშიც, ზ----------–---–- არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, თუმცა მის მიერ განვითარებული ვერსია და დაუსაბუთებელი ზეპირსიტყვიერი ვარაუდი ვერ გახდება მისი გამართლების საფუძველი, მაშინ, როდესაც ბრალდების მხარის მიერ წარდგენილია იმგვარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მისთვის ბრალად შერაცხულ ქმედებას.

 

3.23. საქმის არსებითი განხილვისას დაცვის მხარე აპელირებდა ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნაზე, როგორც ბრალდებულის დამნაშავეობის გამომრიცხველ მტკიცებულებაზე. სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა არ წარმოადგენს იმგვარ მტკიცებულებას, რომლის გარეშეც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს დაეკარგებოდა წონა. შესაბამისად, საკითხის, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას სავალდებულო წინაპირობად ოდოროლოგიური ექსპერტიზის მიჩნევა არასწორია. ამ კუთხით, ყურადსაღებია საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, უზენაესმა სასამართლომ მინის ქილაზე (დანაშაულის ობიექტზე) ბრალდებულის ანაბეჭდების აღმოუჩენლობამ გავლენა ვერ მოახდინა ბრალდებულის დამნაშავედ ცნობის საკითხზე. სასამართლომ განმარტა: „ანაბეჭდების აღმოჩენის შემთხვევაში დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა იქნებოდა ბრალდების კიდევ ერთი მტკიცებულება, ხოლო ასეთის აღმოუჩენლობა გავლენას არ ახდენს ი. წ-ს ბრალეულობაზე, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სხვა უტყუარი მტკიცებულებები საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება, საქმე №515აპ-14, სამოტივაციო ნაწილი, §8). მოცემულ შემთხვევაში სასამართლო დაქტილოსკოპიურ და ოდოროლოგიურ ექსპერტიზას აიგივებს ერთმანეთთან, ვინაიდან ორივე ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა პირის ბიოლოგიური მახასიათებლით გაიცემა.

 

3.24. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა მხარეთა მიერ როგორც სადავოდ, ისე უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი - როგორც სანდოობისა და უტყუარობის, ისე ურთიერთშეჯერებულების თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 2.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

4. ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის - ქურდობისათვის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებისათვის, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ქურდობის შემადგენლობის დროს, აუცილებელია, რომ მოძრავი ნივთის დაუფლება განხორციელდეს ფარულად და ქმედების ჩამდენს ამოძრავებდეს ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანი. ამასთან, ფარულობა გულისხმობს დამნაშავის სურვილს, დანაშაულის ჩადენის დროს თავი აარიდოს როგორც ქონების მესაკუთრესთან, ასევე ნებისმიერ სხვა პირთან უშუალო შეხებას, რათა მისი ქმედება გარკვეულ დრომდე შეუმჩნეველი დარჩეს. ქურდობას ექნება ადგილი ასევე ისეთი შემთხვევაშიც, როდესაც პირის ქმედება არ რჩება შეუმჩნეველი სხვა პირისათვის, თუმცა დამნაშავემ ეს არ იცის და დარწმუნებულია, რომ მას ვერ ხედავენ. ამ შემთხვევაში გადამწყვეტია დამნაშავის სურვილი - დანაშაული ფარულად ჩაიდინოს და იმის შეგნება, რომ ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლება ხდება სხვებისგან შეუმჩნევლად, თუმცა შესაძლებელია რეალურად მისი მოქმედება აშკარა ხასიათსაც ატარებდეს. ქურდობის ობიექტური მხარე სავალდებულო ნიშნად მიიჩნევს, მავნე შედეგის დადგომას ან ასეთი შედეგის დადგომის საფრთხის შექმნას, ამიტომ ქურდობა დამთავრებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც დამნაშავე დაეუფლა სხვის ქონებას და აქვს რეალური შესაძლებლობა განკარგოს ეს ქონება თავისი შეხედულებისამებრ, იმისდა მიუხედავად, მოახდინა თუ არა მან ამ შესაძლებლობის რეალიზება.

 

4.2. საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი. მაშასადამე, დანაშაულის მცდელობის დასჯადობის წინაპირობას წარმოადგენს: ა) დანაშაულის ჩადენის გადაწყვეტილება, გამოხატული განზრახვაში; ბ) დანაშაულის შემადგენლობის განხორციელების უშუალოდ დაწყება, რომელსაც შედეგი უნდა მოჰყვეს და შედეგი ობიექტური პირობების გამო არ დგება.

 

4.3. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს შეფასებით ზ----------–---–-- ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, თუმცა, იმისათვის, რათა ზუსტად დადგინდეს იყო თუ არა სახეზე ქურდობის მცდელობა, პირველ რიგში უნდა დადგინდეს ქურდობის ობიექტური ნიშნების არსებობა.

 

4.4. სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ----------–---–- ამოძრავებდა სს „თ--------–-----–----“ ტერიტორიაზე განთავსებულ ს-------–--- ვაგონში არსებული ფერადი ლითონებისგან დამზადებული გენერატორებისა და სპილენძის მავთულების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი, რაც გამოიხატა დანაშაულისთვის შერჩეულ დროსა და თავად ქმედების ხასიათში. ბრალდებულმა თანამზრახველებთან ერთად ქურდობის განსახორციელებლად შეარჩია სწორედ ასეთი დრო, რაც მაქსიმალურად მისცემდა საკუთარი განზრახვის (ფარულად განეხორციელებინა დანაშაულებრივი ქმედება), სისრულეში მოყვანას. რაც შეეხება თავად ქმედების ხასიათს, აღნიშნული ნათლად და ერთმნიშვნელოვნად დასტურდება შემთხვევის შემსწრე ლ-------------–-–---–--- და გ--–------------ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებებით, რა დროსაც მათ დეტალურად მიუთითეს ბრალდებულ ზ----------–---–-სა და მისი თანამზრახველების მოქმედებაზე. სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა აგრეთვე ქურდობის მეორე ობიექტური ნიშანი - ფარულობა, ვინაიდან ბრალდებულის შეგნებით, აღნიშნული ქმედების განხორციელების მომენტში, მოქმედებდა ფარულად.

 

4.5. ვინაიდან ზ----------–---–- და მისი თანამზრახველები ქურდობის მომენტში შეამჩნია ორმა პირმა, მათ აღარ მიეცათ ფერადი ლითონებისგან დამზადებული გენერატორებისა და სპილენძის მავთულების დაუფლებისა და სურვილისამებრ განკარგვის შესაძლებლობა. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა არა ქურდობა, არამედ მისი მცდელობა, რის დასადასტურებლადაც სასამართლო მიმოიხილავს მცდელობის ორივე კომპონენტს უშუალოდ ზ----------–---–---- მიმართებაში: ა) დანაშაულის ჩადენის გადაწყვეტილება, გამოხატული განზრახვაში - 2018 წლის 5 აგვისტოს, დაახლოებით 23:50 საათზე, ზ----------–---–-- თანამზრახველებთან ერთად განიზრახა დაუფლებოდა სხვის მოძრავ ქონებას - ფერადი ლითონებისაგან დამზადებული ტექნიკისა და სპილენძის მავთულების ფარულად დაუფლებას; ბ) დანაშაულის შემადგენლობის განხორციელების უშუალოდ დაწყება, რომელსაც შედეგი უნდა მოჰყვეს და შედეგი ობიექტური პირობების გამო არ დგება - განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, სათანადო ხელსაწყოებითა და ხელთათმანებით შეიარაღებულმა ზ----------–---–-- და მისმა თანამზრახველებმა შეაღწიეს სს „თ--------–-----–----“ ტერიტორიაზე მდებარე ს-------–--- ვაგონში ე.წ. „კ----–-“ და დაიწყეს იქ არსებული გენერატორების დაშლა, რადგან ერთიანად გაუჭირდებოდათ ფერადი ლითონებისაგან დამზადებული ტექნიკის დაუფლება. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანამდე ისინი შემჩნეულ იქნენ ლ-------------–--–---–--ა და გ--–------------ მიერ. სასამართლო მიიჩნევს, რომ არა აღნიშნული პირები და მათი მყისიერი რეაგირება, ზ----------–---–- თანამზრახველებთან ერთად დაეუფლებოდა ზემოაღნიშნულ ნივთებს.

 

4.6. ვინაიდან სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია ზ----------–---–-ს მიერ ქურდობის მცდელობის განხორციელება, მომდევნო ეტაპად მიიჩნევს მისთვის ბრალად შერაცხულ მაკვალიფიცირებელ გარემოებებზე მსჯელობას.

 

4.7. სასამართლო უპირველესად განმარტავს სხვა საცავის ცნებას. „სხვა საცავად“ უნდა ჩაითვალოს მატერიალური ფასეულობის მქონე მუდმივი ან დროებით შესანახად განკუთვნილი ტერიტორიის ნაწილი, რომელიც შემოღობილია ან უზრუნველყოფილია მისი სხვაგვარი დაცვა. სხვა საცავში უკანონოდ შეღწევა, როგორც მაკვალიფიცირებელი ნიშანი გულისხმობს იმას, რომ პიროვნება იქ უნდა შევიდეს კარიდან, ფანჯრიდან ან უარეს შემთხვევაში, კედელი შეანგრიოს. მოცემულ შემთხვევაში, მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ ს-------–--- ვაგონი წლების განმავლობაში იყო დაკეტილი, შესაბამისად, ბრალდებულისა და მისი თანამზრახველების მიერ იქ შეღწევა საჭიროებდა გარკვეული ბარიერის გადალახვას, რაც განახორციელეს კიდეც.

 

4.8. სასამართლო გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ზ----------–---–-სა და მისი თანამზრახველების მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, სს „თ--------–-----–---“ შესაძლოა მისდგომოდა მნიშვნელოვანი ზიანი, შემდეგ გარემოებათა გამო: უპირველესად სასამართლო მიუთითებს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს სსკ-ის საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავში, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით. მოცემულ შემთხვევაში შეფასების ობიექტს წარმოადგენს ე.წ. „კ----–-“ არსებული გენერატორები. სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებით, აგრეთვე ექსპერტიზის დასკვნებით ნათლად არ დგინდება შემთხვევის დღეს მუშა მდგომარეობაში იყო თუ არა აღნიშნული ტექნიკა, რის გამოც ზიანის შეფასებისას სასამართლო ბრალდებულის ინტერესების გათვალისწინებით, ორივე გენერატორს მიიჩნევს არამუშა მდგომარეობაში მყოფად.

 

4.9. ნიშანდობლივია, რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ორივე ექსპერტმა მიუხედავად განსხვავებული შედეგისა (ერთმა მათგანმა მუშა მდგომარეობაში მყოფი ერთი გენერატორის ღირებულებად განსაზღვრა 2500 ლარი, ხოლო მეორემ - 3900 ლარი), ვერ უპასუხა კითხვას - თუ რა მდგომარეობაში იყო გენერატორი, თუმცა არამუშა მდგომარეობაში მყოფი გენერატორის სავარაუდო ღირებულებად მიიჩნიეს 150 ლარზე მეტი თანხა. სასამართლო განმარტავს, რომ ამგვარ სიტუაციაში (როდესაც ზუსტად არ დგინდება სადავო ნივთის ღირებულება), ზიანის შესაფასებლად გათვალისწინებულ უნდა იქნეს სადავო ნივთის მოცულობა და რაოდენობა. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე დაკითხულ არცერთ მოწმეს უარუყვია ის ფაქტი, რომ ზემოაღნიშნული გენერატორები იყო ძალიან დიდი მოცულობის. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მათი არამუშა მდგომარეობაში ყოფნის შემთხვევაშიც კი, საერთო ჯამში, ორივე გენერატორის საბაზრო ღირებულება, გონივრული ვარაუდის ფარგლებში უნდა ცდებოდეს კანონმდებლის მიერ დადგენილ 150 ლარიან ნიშნულს.

 

4.10. სასამართლო ყურადღების მიღმა არ დატოვებს ბრალდებულისთვის ბრალად შერაცხულ მაკვალიფიცირებელ გარემოებას - ქურდობას ჩადენილს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. ჯგუფური დანაშაულის განმარტება მოცემულია საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლში, რომლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. განსახილველ შემთხვევაში, ბრალდებულსა და მის თანამზრახველებს შორის წინასწარი შეთანხმების არსებობა დასტურდება, ლ-------------–--–---–-- და გ--–------------ (ფაქტის უშუალო შემსწრე პირების) ჩვენებებით, რომ ზ----------–---–- თანამზრახველებთან ერთად ცდილობდა ფარულად დაუფლებოდა სს „თ--------–-----–----“ კუთვნილ მოძრავ ქონებას. ამასთან, ნივთები რომელთა დაუფლებასაც ცდილობდა ზ----------–---–- თანამზრახველებთან ერთად, არის საკმაოდ დიდი მოცულობის, იმისათვის, რომ მათ ერთი ადამიანი დაეუფლოს დამოუკიდებლად.

 

4.11. ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, იმის გათვალისწინებით, რომ მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დადგენილა, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ზ----------–---–-ს ქმედებაში აშკარად იკვეთება საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების, როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური შემადგენლობის ნიშნები, რის გამოც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ აღნიშნული კვალიფიკაციით.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასამართლო განმარტავს, რომ განაჩენის სამართლიანობის შეფასების კრიტერიუმს წარმოადგენს მსჯავრდებულის პიროვნების და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის შესაბამისობა სასჯელთან. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

 

5.2. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის კონკრეტული ზომა, ერთობლიობაში სამივე ზემოაღნიშნული მიზნის შესაბამისი უნდა იყოს.

 

5.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რითაც სასჯელი უნდა დაენიშნოს ზ----------–---–- მიეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე. სასამართლო მოცემულ შემთხვევაში შეზღუდულია თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნით, რადგან ხსენებული მუხლი უალტერნატივოდ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ კანონით განსაზღვრული სასჯელიდან უნდა შეარჩიოს ის ზომა, რომელიც ყველაზე მეტად მიესადაგება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

5.4. სასამართლო სასჯელის კონკრეტული ზომის განსაზღვრისას სამართლიანობის, პროპორციულობის და თანასწორობის პრინციპებთან მიმართებით, ითვალისწინებს ზ----------–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, მის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას (ჩადენილია მომეტებული საშიშროების მატარებელი საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული), ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს (ბრალდებული ღამის საათებში, სხვის საკუთრებაში ფარულად შესვლით, თანამზრახველებთან ერთად შეეცადა ასევე ფარულად დაუფლებოდა სხვის საკუთრებაში არსებულ ტექნიკასა და სპილენძის მავთულებს), ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (მის მტკიცე და ურყევ სურვილს ჩაედინა დანაშაული, რაც გამოიხატა დანაშაულის ჩადენამდე საგულდაგულოდ მომზადებაში - ის აღჭურვილი იყო შესაბამისი ხელსაწყოებით და ხელთათმანებით), ქმედების ჩადენის მოტივსა და მიზანს (დაუფლებოდა სხვის მოძრავ ქონებას), აგრეთვე მის პიროვნებას (საქმეში წარმოდგენილი მასალები ზ----------–---–-ს უარყოფითად შეფასების შესაძლებლობას არ იძლევა) და მიიჩნევს, რომ ზ----------–---–- ზემოთ ხსენებული პრინციპებიდან გამომდინარე, სასჯელის სახედ და ზომად უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა მინიმალურ ზღვართან მიახლოებული ვადით. სასამართლოს მოსაზრებით, ზ----------–---–-სთვის დანიშნული სასჯელი იქნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების შესაბამისი, რეალური და პროპორციული საშუალება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და დამნაშავის რესოციალიზაციის მისაღწევად.

 

6. ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:

 

6.1. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, კერძოდ:

· ზ----------–---–-სგან ამოღებული სუნის ნიმუში, ზ----------–---–-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ბრტყელტუჩა, სახრახნისი და ხელთათმანები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა განადგურდეს;

· ზ----------–---–-სგან ამოღებული ტანსაცმელი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან/და მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

6.2. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სუნის ნიმუში, აგრეთვე გ--–------–-–------ და გ-----------–---–----- აღებული სუნის ნიმუშების ბედი, გადაწყდეს მოცემული სისხლის სამართლის N0----------- საქმიდან გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ზ----------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

ზ----------–---–- სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 6 აგვისტოდან.

 

ზ----------–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

· ზ----------–---–-სგან ამოღებული სუნის ნიმუში, ზ----------–---–-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ბრტყელტუჩა, სახრახნისი და ხელთათმანები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;

· ზ----------–---–-სგან ამოღებული ტანსაცმელი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან/და მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაია კვირიკაშვილი