გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№2/1884-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
29 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ივერი აბაშიძე
სხდომის მდივანი - ირინე ობოლაშვილი
მოსარჩელე - ჯ-------ი
წარმომადგენელი - ჯ--–---------------
მოპასუხე - შპს ,,ს----------–------------“
წარმომადგენელი - ნ-----–-------–--–-–---–-
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. მოსარჩელის მოთხოვნა:
1.1. შპს ,,ს----------–------------ს“ ჯ-------ის სასარგებლოდ დაეკისროს მატერიალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 1043 ლარი.
სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
მოსარჩელემ ინტერნეტის საშუალებით იყიდა და საზღვარგარეთიდან გამოიწერა 1043 ლარის ღირებულების, სხვადასხვა დასახელების პროდუქცია. აღნიშნული პროდუქცია მოპასუხემ არასწორად ჩააბარა სხვა პირს. ამ ფაქტთან დაკავშირებით მოპასუხემ დაიწყო შიდა მოკვლევა და დაადგინა, რომ ვერ უზრუნველყო გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარებაზე ნაკისრი ვალდებულება, თუმცა განაცხადა, რომ პასუხისმგებლობა ეკისრებოდა არა კლიენტის, არამედ გამომგზავნის - ნ-------–------ის საფოსტო ადმინისტრაციის წინაშე.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო.
მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, საქართველო არის მსოფლიო კონვენციის წევრი ქვეყანა, თავად შპს ,,ს----------–------------“ საქართველოს უნივერსალური საფოსტო ოპერატორია და ხელმძღვანელობს მსოფლიო საფოსტო კონვენციის შესაბამისად. კომპანია მზადაა აიღოს პასუხისმგებლობა მიყენებულ ზიანთა დაკავშირებით, მაგრამ არა მოსარჩელის არამედ გამომგზავნის წინაშე, ვინაიდან მსოფლიო საფოსტო კონვენციის თანახმად, ადრესატისათვის გადაცემამდე გზავნილი ეკუთვნის გამგზავნს. გამომგზავნს კი წარმოადგენდა ნ-------–------ის საფოსტო ადმინისტრაცია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელემ, ინტერნეტის საშუალებით, საზღვარგარეთიდან შეიძინა სხვადასხვა დასახელების კოსმეტიკური საშუალებები. პროდუქციის საქართველომდე ტრანსპორტირება განხორციელდა ნ-------–------ის ს------- ფოსტის და შპს „ს----------–-----------ის“ მეშვეობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- გამარტივებული დეკლარაცია.
3.1.2. საქართველოში ჩამოსული პროდუქცია ადრესატს, ჯ-------ს არ ჩაბარებია. მოპასუხემ გზავნილი არასწორად ჩააბარა სხვა პიროვნებას. აღნიშნულ ფაქტზე მოპასუხემ აწარმოა შიდა მოკვლევა და დაადგინა, რომ თანამშრომლების მხრიდან ადგილი ჰქონდა შრომის შინაგანაწესის დარღვევას და მათ მიმართ გამოყენებული იქნა შესაბამისი ზომები: ერთ თანამშრომელს გამოეცხადა „შენიშვნა“, ხოლო მეორე თანამშრომელი გათავისუფლებული იქნა თანამდებობიდან, ასევე დადგინდა ასანაზღაურებელი თანხის დამრღვევისგან ამოღება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ჩატარებული მონიტორინგის შესახებ ანგარიში;
- რეკლამაციის განაცხადი;
- ახსნა-განმარტებები;
- გამარტივებული ფურცელი.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოსარჩელის მიერ შეძენილი პროდუქცია 1043,34 ლარის ღირებულებისაა.
მოპასუხის განმარტებით, ინტერნეტის საშუალებით შეძენილი პროდუქციის ღირებულების ერთადერთი დამადასტურებელი დოკუმენტი, რასაც მოსარჩელე ეყრდნობა, არის გამარტივებული დეკლარაცია, რაც ღირებულების განმსაზღვრელ უტყუარ მტკიცებულებას არ წარმოადგენს. საბაჟო მოსაკრებლის შემცირების მიზნით, ხშირად ხდება არასწორი, ნაკლები თანხის მითითება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. მტკიცებულებათა წარმოდგენის მოვალეობას საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დასადგენად, კანონმდებელი აკისრებს იმ მხარეს, რომლისთვისაც ეს უფრო ადვილი და მოსახერხებელია. მოსარჩელე მოვალეა დაამტკიცოს ფაქტები, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მის მოთხოვნას, ხოლო იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლებიც ასეთი მოთხოვნის უფლებას გააქარწყლებენ - დაკისრებული აქვს მოპასუხეს. აქვე აღსანიშნავია, რომ მხარეებს შორის, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. ფაქტების დამტკიცებას იწყებს მოსარჩელე, რომელმაც უნდა დაამტკიცოს მის მიერ მოპასუხისადმი წაყენებული მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი. მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელე დაამტკიცებს ამ ფაქტებს, მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე. შესაბამისად, მოპასუხე მხარე ვალდებულია დაამტკიცოს ის ფაქტები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის შესაგებელს, მაშასადამე მან არამარტო უნდა გამოთქვას საპირისპირო მოსაზრება კონკრეტულ მტკიცებულებასა და ფაქტთან დაკავშირებით, არამედ უნდა დაასაბუთოს იგი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის განმარტებას, ვინაიდან დეკლარაციაზე ხელმოწერით შემკვეთი ადასტურებს დეკლარაციაში მოცემული ინფორმაციის სისწორეს. გარდა ამისა, დეკლარაციაში აღნიშნული თანხა ემთხვევა რეკლამაციის შესახებ მოსარჩელის განაცხადში დაფიქსირებული თანხა - 301 ევროს ექვივალენტს ლარში. რაც შეეხება, ნაკლები ფასის მითითებას, ეს მხოლოდ ვარაუდია და გაზიარებული ვერ იქნება.
ამდენად, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, ივარაუდება, რომ გამარტივებულ დეკლარაციაში მითითებული თანხა ნასყიდობის საფასურის ტოლია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოპასუხის ახსნა-განმარტება;
- განცხადება რეკლამაციის შესახებ;
- გამარტივებული დეკლარაცია.
3.2.2. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის განმარტებას, რომ იგი არასათანადო მოპასუხეს წარმოადგენს და მოსარჩელე არ წარმოადგენს ზიანის ანაზღაურებაზე მოთხოვნის უფლების მქონე სუბიექტს.
მოპასუხის პოზიცია ეყრდნობა მსოფლიო საფოსტო კონვენციას. ვინაიდან საქართველო არის მსოფლიო კონვენციის წევრი ქვეყანა, თავად შპს ,,ს----------–------------“ კი საქართველოს უნივერსალური საფოსტო ოპერატორია, იგი ხელმძღვანელობს მსოფლიო საფოსტო კონვენციის შესაბამისად. აღნიშნული კონვენციის მე-2 მუხლის თანახმად, ნებისმიერი საფოსტო გზავნილი წარმოადგენს გამგზავნის საკუთრებას მანამ, თუ ეს გზავნილები არ იქნება დაყოვნებული დანიშნულების ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად, სანამ იგი არ ჩაჰბარდება ადრესატს.
მართალია აღნიშნული ნორმა მიუთითებს გზავნილის გამგზავნის საკუთრებაზე, თუმცა იმავდროულად მასში მოცემულია ის წინაპირობა, რა დროსაც გზავნილი აღარ წარმოადგენს გამგზავნის საკუთრებას: გზავნილი არ უნდა იყოს დაყოვნებული დანიშნულების ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად და სანამ ადრესატს არ ჩაბარდება.
კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ შეძენა მოსარჩელემ განახორციელა ინტერნეტის საშუალებით, ნასყიდობის საფასურის გამყიდველისთვის/ გამომგზავნისთვის გადახდის საფუძველზე. თავის მხრივ გამომგზავნი, ტვირთს უგზავნის შემძენს, ჯერ ნ-------–------ის ს-------ს ფოსტის, ხოლო საქართველოს ტერიტორიაზე - შპს „ს----------–-----------ის“ საშუალებით. ხოლო ტვირთის მიღებისას მოსარჩელე იხდის ასეთი გადაზიდვისთვის აუცილებელ საბაჟო მოსაკრებელს. ამდენად, გამომგზავნის ვალდებულება დასრულდა ტვირთის ფოსტაში გადაცემით და ამანათზე მოთხოვნის უფლება მის შემძენზე გადავიდა. აღსანიშნავია ასევე, რომ მოსარჩელესა და გამომგზავნ ფირმას შორის ელექტრონულ მიმოწერაში, გამყიდველი კომპანია მიუთითებს მათ ვალდებულებაზე, რაც ჯეროვნად შეასრულეს და ნივთის ადრესატისთვის ჩაუბარებლობაზე პასუხისმგებლობას იხსნის, განუმარტავს კლიენტს, რომ თავად უნდა იდავოს ფაქტთან დაკავშირებით.
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ გზავნილი ჩამოვიდა საქართველოში, თუმცა ფოსტამ ადრესატის ნაცვლად იგი არასწორად, სხვა პირს ჩააბარა. ამავდროულად მოპასუხე ადასტურებს მის ბრალს, რომ ჩაბარება მისი თანამშრომლების მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო მოხდა და რისთვისაც მათ მიმართ მიღებული იქნა შესაბამისი ზომები. აღსანიშნავია, რომ მოპასუხემ შიდა მოკვლევა სწორედაც რომ ადრესატის, მოსარჩელის რეკლამაციის საფუძველზე განახორციელა.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 361-ე, 394-ე, 668-ე, 669-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სარჩელში მითითებული პრეტენზიებიდან სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად. (იხ. ჯ-ა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 668-ე მუხლის თანახმად, გადაზიდვის ხელშეკრულებით გადამზიდველი ვალდებულია შეთანხმებული საზღაურის გადახდით გადაიტანოს ტვირთი ან გადაიყვანოს მგზავრი დანიშნულების ადგილზე.
ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილსა.
მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის წარმოშობილია ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ძალითაც ერთი მხარე შპს ,,ს----------–------------“ ვალდებულია, მიმღებს გადასცეს მისთვის გაგზავნილი ტვირთი - საფოსტო ამანათი.
ამავე კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.
მოპასუხე თავად სადავოდ არ ხდის, რომ შეკვეთილი ნივთი მიმღებისთვის არ ჩაუბარებია, ნივთი არასწორად სხვა პირს გადასცეს. აღნიშნულ ფაქტზე მოპასუხის მიერ ჩატარდა შიდა მოკვლევა და თანამშრომლების მიმართ გამოყენებული იქნა შესაბამისი ზომები. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზიანის ანაზღაურებაზე მოთხოვნის უფლების მქონე პირს სწორედ მოსარჩელე წარმოადგენს. თავად ზიანის ოდენობა კი უტოლდება შეკვეთილი პროდუქციის ღირებულებას და შეადგენს 1043 ლარს, რაც მოპასუხემ უნდა აანაზღაუროს მოსარჩელის სასარგებლოდ.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად: 1) პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. 2) სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. 3) სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს-სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს ეთქვა უარი. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2000 ლარამდე ოდენობით.
სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი, რაც სრულად უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო იურიდიული მომსახურების ხარჯის 350 ლარის ნაცვლად მოპასუხეს უნდა დაეკისროს დავის საგნის ღირებულების 4%-მდე ოდენობა - 41,72 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 365-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ჯ-------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. შპს ,,ს----------–------------“-ს ჯ-------ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს ზიანის ანაზღაურების სახით 1043 ლარის გადახდა.
3. შპს ,,ს----------–------------“-ს ჯ-------ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 50 ლარის გადახდა სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
4. შპს ,,ს----------–------------“-ს ჯ-------ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 41.72 ლარის გადახდა იურიდიული მომსახურებისათვის გადახდილი საფასურის სანაცვლოდ.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
7. განემარტოთ მხარეებს, რომ ვინაიდან განხილულ დავაში, დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 2000 (ორი ათასი) ლარს, გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.
მოსამართლე ივერი აბაშიძე