გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.05.2019
საქმის ნომერი
330210018002717724
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო, დაზღვევა
თარიღი
14.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/32875-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

14 მაისი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე

სხდომის მდივანი ნათია ჯანხოთელი

მოსარჩელე სს „და------------------–-------------------------“

წარმომადგენელი არ----------------ი

მოპასუხეები ომ-----------–--ე, შპს „სა----–-------ი“

წარმომადგენელი ლ-----------–---–ი

დავის საგანი ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ომ-----------–--ეს და შპს „სა----–-------ს“ სს „და------------------–-------------------------“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 12 999.99 ლარის გადახდა.

 

1.2 ომ-----------–--ეს და შპს „სა----–-------ს“ სს „და------------------–-------------------------“-ს სასარგებლოდ დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის და პროცესის ხარჯის - 21 ლარის გადახდა.

 

სარჩელის საფუძველი:

 

2018 წლის 24 აპრილს ქ. თბილსში, კე---–---- ქუჩაზე, მოპასუხე ომ-----------–--ემ შპს „სა----–-------ის“ საკუთრებაში არსებული „ო---–-ს“ მარკის ავტო-სატრანსპორტო საშუალებით სახ. ნომერი Z----- ვერ უზრუნველყო მოძრაობის უსაფრთხოება და მოახდინა შეჯახება ირაოში დაზღვეულ ა-------------------ს კუთვნილ ფორდის მარკის ავტო-სატრანსპორტო საშუალებაზე.

 

მოსარჩელემ სრულად შეასრულა სადაზღვევო ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულება და აუნაზღაურა დამზღვევს 12 999.99 ლარის ოდენობით ზიანი, რის შემდეგაც წარმოეშვა მოთხოვნის უფლება ზიანზე პასუხისმგებელი პირებისაგან.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ომ-----------–--ემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო ზიანის ოდენობის ნაწილში იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხა არ შეესაბამება რეალურად არსებული ზიანს.

 

2.2. შპს „სა----–-------მა“ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა ვერ განიხილება უტყუარ მტკიცებულებად ზიანის ოდენობასთან მიმართებაში.

 

მოპასუხემ ასევე აღნიშნა, რომ ომ-----------–--ე ავტომანქანას მართავდა არასამსახურებრივი მიზნებისთვის. კერძოდ, მოპასუხე 2018 წლის 24 აპრილს ღამის 23:20 საათზე შპს „სა----–-------ის“ საკუთრებაში არსებულ ავტომანქანას ფლობდა მესაკუთრის ნებართვის გარეშე. მისი სამუშაო საათები ხელშეკრულების 4.1 პუნქტის შესაბამისად განისაზღვრებოდა 09:30 საათიდან 18 საათამდე. შესაბამისად, მან მფლობელის გარეშე გამოიყენა ავტომანქანა და სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის მეოთხე ნაწილის საფუძველზე ვალდებულია მფლობელის ნაცვლად აანაზღაუროს ზიანი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2018 წლის 24 აპრილს ომ-----------–--ემ, რომელიც მართავდა შპს „სა----–-------ის“(რეორგანიზაციამდე შპს „ენ-------–--------------–------) საკუთრებაში არსებულ „ო---–-ს“ მარკის ავტო-სატრანსპორტო საშუალებას სახ. ნომერი Z----- ვერ უზრუნველყო მოძრაობის უსაფრთხოება და მოახდინა შეჯახება სს ”და------------------–-------------------------ში” დაზღვეულ ა-------------------ს კუთვნილ „ფორდის“ მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაზღვევის პოლისი (ს.ფ 21)

- საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დათვალიერების ოქმთან არსებული სქემა (ს.ფ 16)

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეესტრიდან (ს.ფ 76-77)

- სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობა (ს.ფ 20)

 

3.1.2. ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეულია ომ-----------–--ის მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედებით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შსს ინტერნეტ გვერდიდან ამონარიდი; საჯარიმო ქვითარი (ს.ფ. 14-15)

 

3.1.3. შპს „ავტოექსპერტიზის“ 2018 წლის 30 აპრილის საექსპერტო დასკვნის მიხედვით, ა-------------------ს „ფორდ მუსტანგის“ მარკის ავტო-სატრანსპორტო საშუალებაზე მიყენებული ზიანის ოდენობამ შეადგინა - 13 000 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საექსპერტო დასკვნა, დანართი #1 (ს.ფ 22-24)

 

3.1.4. სს ''და------------------–-------------------------მ'' სრულად შეასრულა სადაზღვევო ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულება და დამზღვევს აუნაზღაურა 12 999 99 ლარის ოდენობით ზიანი.

სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- სადაზღვევო შემთხვევის დარეგულირების აქტი და საგადახდო დავალება (ს.ფ. 25-26)

 

3.1.5 შპს ”და------------------–-------------------------“-ს საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოში მომსახურების საფასურის სახით გადახდილი აქვს 21 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საგადახდო დავალება (ს.ფ 27)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხეებს ომ-----------–--ეს და შპს „სა----–-------ს“ სოლიდარულად ეკისრებათ სუბროგაციის წესით მოსარჩელის მიმართ მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

 

ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

შპს „სა----–-------ის“ განმარტებით ის არ წარმოადგენს მოსარჩელის მიმართ წარმოშობილ მატერიალურ ზიანზე პასუხისმგებელ სუბიექტს და მიაჩნია, რომ თანხის გადახდის ვალდებულება მხოლოდ ომ-----------–--ეს ეკისრება, რომელიც მოპასუხე კომპანიის ნებართვის გარეშე არასამუშაო საათებში მართავდა ავტოსატრანსპორტო საშუალებას.

 

მოპასუხე დასახელებული პოზიციის გასამყარებლად უთითებს საქმეში დაცულ შრომის ინდივიდუალური ხელშეკრულების 4.1 პუნქტზე, რომელის თანახმად დასაქმებული სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებს კვირაში 5 დღე, დასვენების დღეებია შაბათი და კვირა. სამუშაო საათების ხანგრძლივობა განისაზღვრება 09:30 საათიდან 18 საათამდე.

 

საქმის განხილვისას მოპასუხე ომ-----------–--ემ განმარტა, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება დამსაქმებლის მითითების შესაბამისად ხშირად უწევდა 18:00 საათის შემდეგაც.

 

ავტოსაგზაო შემთხვევის დღესაც სხვა დასაქმებულებთან ერთად მუშაობდა კე---–---- ქუჩაზე მდებარე ობიექტზე. აღნიშნულ დღეს მათ მოუწიათ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება და 2018 წლის 24 აპრილს ღამის საათებში გავიდა საკვები პროდუქტების მოსატანად. მისივე განმარტებით, დამსაქმებლის მითითებით ასევე უხდებოდა სამუშაო ობიექტზე მთელი ღამე მუშაობაც.

 

სასამართლო მოსარჩელის განმარტებასთან ერთად ყურადღებას გაამახვილებს შრომითი ხელშეკრულების 4.3 პუნქტზე, რომლის თანახმად, დამსაქმებელი უფლებამოსილია მოითხოვოს დასაქმებულისგან დამატებით სამუშაო საათებში მუშაობა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

მხარეთა ახსნა-განმარტებების და სხვა მტკიცებულებათა გაანალიზების შედეგად სასამართლოს ომ-----------–--ის განმარტება დამაჯერებლად მიაჩნია. საქმეში დაცული შრომის ხელშეკრულების 4.3 პუნქტით დასაქმებულის მხრიდან ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება გათვალისწინებულია და სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ 2018 წლის 24 აპრილს ავტოავარიამდე ომ-----------–--ე ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შრომის ინდივიდუალური ხელშეკრულება (ს.ფ 78-87)

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

3.2.2. მოპასუხეებმა სადავოდ მიიჩნიეს ავტომანქანის დაზიანების შედეგად არსებული ზიანის ოდენობა და მიუთითეს, რომ არსებული დაზიანება გაცილებით ნაკლები ღირებულებისაა.

 

სასამართლო კვლავ განმეორდება და აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენაში, კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს, თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა.

 

ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. აღნიშნულის მიუხედავად, მოპასუხეებმა დაზიანებული ავტომობილის აღდგენისთვის საჭირო ალტერნატიული ღირებულების წარმოდგენა ვერ შეძლეს და სასამართლოს სასარჩელო განცხადებაში დასახელებული თანხა მიაჩნია სარწმუნოდ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საექსპერტო დასკვნა (ს.ფ 22-24)

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმის განხილვის შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სს „და------------------–-------------------------ს“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე, 832-ე, 992-ე, 999-ე, 408-ე, 463-ე, 464-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება.

სასამართლომ გადაწყვეტილების 3.1.1.-3.1.2 პუნქტებით დადგენილად მიიჩნია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაზიანდა სს სადაზღვევო კომპანია ირაოში დაზღვეული ა-------------------ს საკუთრებაში რიცხული ავტომანქანა, რომელსაც სადაზღვევო კომპანიამ აუნაზღაურა ზიანი 12 999,99 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს.

 

მოსარჩელის მიერ ავტომანქანის შესაკეთებლად საჭირო თანხა გადახილი იქნა დამზღვევისათვის, შესაბამისად სადაზღვევო კომპანიას წარმოეშვა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება იმ პირების მიმართ, რომლებსაც ეკისრებოდათ მისი ანაზღაურების ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის დანაწესით პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

განმარტებული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, ნებისმიერმა პირმა უნდა აანაზღაუროს მის მიერ მიყენებული ზიანი. აღნიშნული ნორმის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას.

 

უპირველეს ყოვლისა გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა.

 

დადგენილია, რომ ადმინისტრაციული სამართლადარღვევის ოქმით ომ-----------–--ე, რომელიც მართავდა შპს „სა----–-------ის“ კუთვნილ ავტომანქანას მიჩნეულ იქნა სამართალდამრღვევ პირად.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ომ-----------–--ე წარმოადგენს პირს, რომელსაც განმარტებული ნორმის თანახმად წარმოეშვება მოსარჩელის მიმართ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.

რაც შეეხეება შპს „სა----–-------ის“ პასუხისმგებლობის საკითხს, სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი.

 

მითითებული ნორმის მეოთხე ნაწილის შესაბამისად კი თუ პირი სატრანსპორტო საშუალებას იყენებს მფლობელის ნებართვის გარეშე, იგი ვალდებულია მფლობელის ნაცვლად აანაზღაუროს ზიანი. ამასთან, მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, თუ სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შესაძლებელი გახდა მისი ბრალის გამო. ამ ნაწილის პირველი წინადადება არ გამოიყენება, თუ მოსარგებლე მფლობელის მიერ დანიშნულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად, ან თუ ეს სატრანსპორტო საშუალება მას გადაცემული ჰქონდა მფლობელისაგან.

 

მითითებული მუხლი მიუთითებს პირის ბრალის გარეშე პასუხისმგებლობის საკითხზე და ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება სატრანსპორტო საშუალების მფლობელს, მიუხედავად იმისა თუ ვინ იყო ზიანის უშუალო მიმყენებლი სუბიექტი. ამ ნორმით დადგენილი პასუხისმგებლობის წარმოშობის თავისებურება იმაში ვლინდება, რომ სატრანსპორტო საშუალება ყოველთვის წარმოადგენს მომეტებული საფრთხის წყაროს და მისი მფლობელი სატრანსპორტო საშუალებით გამოწვეული ზიანის დადგომაში პასუხს აგებს მისი ბრალის მიუხედავად.

 

დადგენილია, რომ ავტო-საგზაო შემთხვევის დადგომის დროს, ავტომანქანა, რომლის მძღოლის ბრალეული მოქმედებით დაზიანდა დაზღვეული ავტომობილი, წარმოადგენდა შპს „სა----–-------ის“ საკუთრებას და ზემოაღწერილი მსჯელობიდან გამომდინარე ომ-----------–--ეს და შპს „სა----–-------ი“ წარმოადგენენ სოლიდარულად პასუხისმგებელ პირებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 463-ე მუხლის შესაბამისად თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. 464-ე მუხლის დანაწესით კი სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

განვითარებული მსჯელობიდან იკვეთება, რომ სახეზეა სოლიდარული პასუხისმგებლობის საფუძვლები და მოსარჩელეს არ ეკრძალება, სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა ერთობლივად წაუყენოს როგორც ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს, რომელიც ზიანის მიმყენებელია სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის მესამე წინადადების საფუძველზე, ისე სატრანსპორტო საშუალების მოსარგებლეს, რომელიც ბრალეულად მოქმედებდა სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის საფუძველზე და ასევე არის ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი სუბიექტი.

 

ზემოაღწერილი მსჯელობიდან გამომდინარე მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია, ის უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ ზიანის ანაზღაურება სს ,,და------------------–-------------------------ს'' სასარგებლოდ 12 999.99 ლარი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გაღებული სასამართლო ხარჯების ანაზღაურება.

 

მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ სს და------------------–-------------------------ს გაწეული საპროცესო ხარჯები 411 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. სს „და------------------–-------------------------ს“ სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს სრულად, მოპასუხეებს ომ-----------–--ეს და შპს „სა----–-------ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 12 999.99 ლარის გადახდა.

 

2 ომ-----------–--ეს და შპს „სა----–-------ს“ სს „და------------------–-------------------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გაწეული პროცესის ხარჯები 411 ლარი.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე