გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/24128-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
31 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ივერი აბაშიძე
სხდომის მდივანი - ირინე ობოლაშვილი
მოსარჩელეები - ი-–----------–---–ი, მ--------------------–---–ი
წარმომადგენელი - ი-----–--------–---–-
მოპასუხეები - ნ-------- შ--–--–---–ი, ქ-------ი შ--–--–---–ი, ვ--–-----–--–--–---–ი
წარმომადგენელი - მ-------–--------
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს ნ-------- შ--–--–---–ს, ქ-------ი შ--–--–---–სა და ვ--–-----–--–--–---–ს მოსარჩელეების ი-–----------–---–ისა და მ--------------------–---–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 365000 აშშ დოლარის გადახდა.
სასარჩელო მოთხოვნა შემდეგ გარემოებებს ეფუძნება:
ი-–----------–---–სა და ნ-------- შ--–--–---–ს შორის 2003 წლის 27 ივნისს, ერთი წლის ვადით დაიდო სესხის ხელშეკრულება, სადაც სესხის თანხად განისაზღვრა 35000 აშშ დოლარი. ვადის გასვლის შემდგომ მოვალემ თანხა არ გადაიხადა. შემდგომში პერიოდულად მოპასუხეების ნ-------- შ--–--–---–ისა და ქ-------ი შ--–--–---–ის მიერ მოსარჩელეებთან ზეპირი შეთანხმების საფუძველზე წლების განმავლობაში ხდებოდა თანხის გამორთმევა. 2014 წლის 1 მარტს მხარეებს შორის შედგა შეთანხმება, რომ 365000 აშშ დოლარი 2016 წლის 1 მარტამდე უნდა დაბრუნებულიყო, რაც არ დაუბრუნებიათ. 2017 წლის 25 თებერვლის შეთანხმებით მოპასუხეების მიერ მოხდა ვალის აღიარება, რომლის თანახმად, გადასახდელი თანხა შეადგენდა 365000 აშშ დოლარს და ვალი 2017 წლის 1 სექტემბრამდე უნდა დაბრუნებულიყო. ამასთანავე, 2017 წლის 25 თებერვალს მოხდა თავდებობის ხელშეკრულების გაფორმება ვ--–-----–--–--–---–თან, რომელმაც სოლიდარულად იკისრა ამ თანხის გადახდა.
2. მოპასუხის პოზიცია
წარმოდგენილ შესაგებელში მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მხარეებს შორის ნამდვილად დაიდი სესხის შესახებ და ვალის აღიარების, ასევე თავდებობის ხელშეკრულებები, თუმცა მათი მხრიდან გადახდა კეთილსინდისიერად ხდებოდა.
სასამართლო სხდომაზე მოპასუხეებმა დამატებით მიუთითეს, რომ საქმეში არსებულ ხელწერილებზე ხელმოწერა მათ არ ეკუთვნოდათ.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2003 წლის 27 ივნისს დადებული სესხის ხელშეკრულების თანახმად ნ-------- შ--–--–---–მა ი-–----------–---–ისგან ისესხა 35000 აშშ დოლარი, ერთი წლის ვადით, 1 პროცენტის დარიცხვით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სესხის ხელშეკრულება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელეებს და მოპასუხეებს ნ-------- და ქ-------ი შ--–--–---–ებს შორის 2015 წლის ივნისის თვეში შედგა შეთანხმება, რომლის თანახმად, მოპასუხეებმა აღიარეს ნ-------- შ--–--–---–ის მიერ 2003 წლის 27 ივნისის სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობა. ამავდროულად, დაადასტურეს მოსარჩელეების მიმართ 365000 აშშ დოლარის ვალის არსებობა. ვალი მათ 2016 წლის 1 მარტამდე უნდა დაეფარათ.
სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელეებსა და მოპასუხეებს ნ-------- და ქ-------ი შ--–--–---–ებს შორის 2017 წლის 25 თებერვალს შედგა ვალის აღიარების შესახებ შეთანხმება, რომლის თანახმად, მოპასუხეებმა დაადასტურეს, რომ 2003 წლის 27 ივნისს გაფორმებული სესხის ხელშეკრულების შემდგომ, ზეპირი შეთანხმებებით, სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის მიღების პარალელურად, მოსარჩელეების მხრიდან ხდებოდა დამატებითი სესხების გაცემა. მთლიანობაში სესხის თანხა შეადგენდა 344000 აშშ დოლარის, ხოლო სარგებელი - 21000 აშშ დოლარს და ჯამში - 365000 აშშ დოლარს. ამავე შეთანხმებით, მოპასუხეებს ვალი 2017 წლის 1 სექტემბრამდე უნდა დაეფარათ.
სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ 2017 წლის 25 თებერვლის თავდებობის ხელშეკრულებით მოპასუხე ვ--–-----–--–--–---–მა მოსარჩელეების სასარგებლოდ სოლიდარულად იკისრა 2017 წლის 25 თებერვლის ვალის აღიარების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება.
სასამართლო განმარტავს, რომ ამ ფაქტების დადგენის საფუძველს მოპასუხეების მიერ შესაგებელში მოყვანილი გარემოებები და საქმეზე ექსპერტიზის დასკვნის არარსებობა წარმოადგენს, კერძოდ:
მოპასუხეებმა სადავოდ გახადეს სამივე შეთანხმებაზე მათი ხელმოწერების ნამდვილობა, რასთან დაკავშირებითაც სასამართლოს მხრიდან დაინიშნა კალიგრაფიული ექსპერტიზა და მისი ჩატარების უზრუნველსაყოფად სასამართლო სხდომა არაერთხელ გადაიდო. გადადება უმეტესად გამოწვეული იყო თავად მოპასუხეთა მიერ. სსიპ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წერილით ირკვევა, რომ მოპასუხეების მიერ ექსპერტიზის ღირებულების გადაუხდელობის გამო, ბიურო დასკვნას ვერ გააგზავნიდა სასამართლოში. ექსპერტიზის ღირებულება მოპასუხეებს არც შემდგომში აუნაზღაურებიათ.
ექსპერტიზის დანიშვნასთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართალწარმოების თითოეულ ეტაპზე საქმის განხილვისათვის გადამწყვეტს წარმოადგენს მხარის ნება, ვინაიდან სასამართლოს უფლებამოსილება მხოლოდ და მხოლოდ დისპოზიციურ ფარგლებში გამოვლენილი ნების შესწავლის გზით საქმის გარემოებების დადგენითა და მათი სამართლებრივი შეფასებით შემოიფარგლება, რაც საბოლოოდ განსაზღვრავს სასამართლოს დასკვნას სარჩელის საფუძვლიანობის თაობაზე.
სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, გარემოებათა მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს.
დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.
კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხეებს მტკიცებულება, რაც ხელწერილის არანამდვილობას დაადასტურებდა, არ წარმოუდგენიათ. გარდა ამისა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოპასუხეების მიერ წარმოდგენილ შესაგებელზე, სადაც ისინი ადასტურებენ როგორც სესხის ხელშეკრულების, ასევე ვალის აღიარების შესახებ შეთანხმებებისა და თავდებობის ხელშეკრულების დადების ფაქტს. შესაგებლით მოპასუხეები სადავოდ მხოლოდ თანხის გადახდის ფაქტს მიიჩნევდნენ.
ამდენად, მოპასუხეები ვერ ადასტურებენ ვალის აღიარების ხელწერილების და თავდებობის ხელშეკრულების სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის საფუძველზე ბათილობის საფუძველს და სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ დოკუმენტებზე ხელმოწერით მხარეებს შორის ჩამოყალიბდა სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლით მოწესრიგებული სამართლებრივი ურთიერთობა (ვალის არსებობის აღიარება).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 18.12.2018 წლის, 26.12.2018 წლის, 05.02.2019 წლის და 21.03.2019 წლის წერილები;
- კალიგრაფიული ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ განჩინება;
- 21.01.2019 წლის, 15.04.2019 წლის და 06.05.2019 წლის სხდომის ოქმები.
3.1.2. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ფულადი ვალდებულება მოპასუხეების მიერ არ შესრულებულა, შესაბამისად არ მომხდარა შესრულებით ვალდებულების შეწყვეტა.
ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი ეკისრება მოვალეს (მოპასუხეს). სამოქალაქო კოდექსი განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების დამადასტურებელ დასაშვებ მტკიცებულების სახეს - 429-ე მუხლის საფუძველზე ასეთი შეიძლება იყოს კრედიტორის მიერ გაცემული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც მოპასუხეს არ წარმოუდგენია. მოპასუხის წარმომადგენელმა მხოლოდ ზეპირი განმარტებით განაცხადა, რომ შესაძლოა სასესხო ურთიერთობა მხარეებს შორის აღარც არსებობდეს მისი შესრულების გამო.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა, მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მისი მოთხოვნის მართებულობა, ამ მხრივ მხარეს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, მიუთითოს ნებისმიერ ფაქტსა თუ მოვლენაზე, რაც, მისი აზრით, ადასტურებს მისივე მოთხოვნის კანონიერებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
კონკრეტულ გარემოებებზე და მტკიცებულებებზე მითითება მხარეთა მოვალეობაა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.
მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ ფულადი ვალდებულება ძირითადი მსესხებლების და არც თავდების მიერ არ არის შესრულებული. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება, რაც ფულადი ვალდებულების შესრულებას დაადასტურებდა, მოპასუხეებს არ წარმოუდგენიათ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელეთა ახსნა-განმარტება;
- შესაგებელი
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.
5. სამართლებრივი შეფასება
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
ამავე კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნების გამოვლენა, რომელიც მოითხოვს მეორე მხარის მიერ მის მიღებას, ნამდვილად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა იგი მეორე მხარეს მიუვა.
მოპასუხეები მიუთითებენ, რომ ვინაიდან წარმოდგენილი დოკუმენტი ვალის აღიარების შესახებ, ასევე თავდებობის ხელშეკრულება არ არის მათ მიერ ხელმოწერილი, მათ არ გამოუვლენიათ სადავო გარიგებებში ასახული ნება, შესაბამისად არ წარმოეშობათ მისით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება.
სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილს შესაბამისად, ვალის არსებობის აღიარება, ხელწერილის შინაარსიდან უნდა გამომდინარეობდეს, მისი შედგენით პირი უნდა აღიარებდეს გარკვეულ ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას და კისრულობდეს მისი შესრულების ვალდებულებას.
ვალის აღიარების ხელშეკრულება დამოუკიდებელი გარიგებაა და იგი უნდა აკმაყოფილებდეს გარიგების ნამდვილობისათვის დადგენილ პირობებს. ამასთან, აუცილებელია მხარეთა შეთანხმება ხელშეკრულების არსებით პირობებზე... არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. არსებითად უნდა ჩაითვალოს ისეთი პირობები, კონკრეტულ შემთხვევაში შეთანხმება სესხის ძირითადი თანხის, პროცენტის ოდენობაზე და მისი გადახდის ვადაზე და ა.შ. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი დოკუმენტი, რომელშიც ვალის არსებობაა დაფიქსირებული, ვერ ჩაითვლება ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულებად, თუ არ დადგინდება, რომ მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების არსებით პირობებზე.
როგორც 2015 წლის შეთანხმებით, ასევე 2017 წლის 25 თებერვლის შეთანხმებით მოპასუხეებმა ნ-------- და ქ-------ი შ--–--–---–ებმა აღიარეს ი-–----------–---–ისა და მ--------------------–---–ის მიმართ ვალის 365000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება, რაც 2017 წლის 1 სექტემბრამდე უნდა შესრულებულიყო.
მოპასუხეებმა ვერ შეძლეს დაედასტურებინათ რომ სადავო გარიგებებზე ხელმოწერები არ იყო მათ მიერ შესრულებული.
მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის გათვალისწინებით კი სათანადო მტკიცებულების წარუდგენლობის პირობებში არ არსებობს მოპასუხეთა პოზიციის გათვალისწინების საფუძველი და მოპასუხეებს ნ-------- შ--–--–---–სა და ქ-------ი შ--–--–---–ს მოსარჩელეთა სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ 365000 აშშ დოლარის გადახდა.
5.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება).
ამავე კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ადგილი არ ჰქონია მოპასუხეთა მხრიდან ვალის აღიარების ხელწერილით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას. ვალდებულების შესრულების სადავოობისას კანონით უზრუნველყოფილია მოვალის შესაძლებლობა, ამტკიცოს ვალდებულების შესრულება, რაც მოპასუხეებმა ვერ განახორციელა.
5.3. სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 892-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად თავდები ყველა შემთხვევაში პასუხის აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე.
თავდებობის ხელშეკრულებით ვ--–-----–--–--–---–მა მოსარჩელეთა წინაშე სოლიდარულად იკისრა ქ------- და ვ--–-----–--–--–---–ის მიერ ვალის აღიარების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება და თავდებობის პასუხისმგებლობის მოცულობა განისაზღვრა 365000 აშშ დოლარით. ამდენად, თავდებს დანარჩენ მოპასუხეებთან ერთად, სოლიდარულად უნდა დაეკისროს 365000 აშშ დოლარის გადახდა მოსარჩელეების სასარგებლოდ.
6. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს დავის საგნის 4%-ისა.
სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი შეადგენს 3000 ლარს, საიდანაც მოსარჩელეებს გადახდილი აქვთ 1000 ლარი, ხოლო დარჩენილი 2000 ლარი გადაუვადდათ მოსარჩელეებს საქმის განხილვის დასრულებამდე. მოსარჩელეებს ასევე გადახდილი აქვთ სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე 50 ლარი.
ვინაიდან სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა მოპასუხეებს მოსარჩელეთა სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 1050 ლარის ანაზღაურება, ხოლო დარჩენილი 2000 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდა.
7. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 აგვისტოს განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, უნდა დარჩეს ძალაში.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 48-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ი-–----------–---–ისა და მ--------------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხეებს ნ-------- შ--–--–---–ს, ქ------- შ--–--–---–სა და ვ--–-----–--–--–---–ს, მოსარჩელეების ი-–----------–---–ისა და მ--------------------–---–ის სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 365 000 (სამასსამოცდახუთი ათასი) აშშ დოლარის გადახდა.
3. მოპასუხეებს ნ-------- შ--–--–---–ს, ქ------- შ--–--–---–სა და ვ--–-----–--–--–---–ს, მოსარჩელეების ი-–----------–---–ისა და მ--------------------–---–ის სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 1050 ლარის გადახდა სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟისა და უზრუნველყოფის ბაჟის სანაცვლოდ.
4. მოპასუხეებს ნ-------- შ--–--–---–ს, ქ------- შ--–--–---–სა და ვ--–-----–--–--–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 2000 ლარის გადახდა სარჩელის აღძვრისას გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ივერი აბაშიძე