გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/678-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
22 მაისი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ნინო მამულაშვილი
სხდომის მდივანი - ქეთევან ლაზარაშვილი
მოსარჩელე - სს ,,ს----------–--------ი“
წარმომადგენელი - მ------ა ს------ია
მოპასუხე - ბ---- ქ-------ა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ბ---- ქ-------ას სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2015 წლის 6 აპრილის საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ბანკის წინაშე არსებული დავალიანების 5241.63 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი შეადგენს 2201.44 ლარს, საპროცენტო სარგებელი 382.84 ლარს, პირგასამტეხლო 2602.35 ლარს, ვალდებულებასთან დაკავშირებული საკომისიო 55 ლარს;
1.2. მოპასუხე ბ---- ქ-------ას სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2015 წლის 6 აპრილის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავლის სახით, სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების ა--------–--ამდე, წლიური სარგებლის 16.1%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 0.97 ლარს (სარგებელი);
1.3. მოპასუხე ბ---- ქ-------ას სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების ა--------–--ამდე პირგასამტეხლოს 0.5%-ის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 11 ლარს.
(2019 წლის 14 მაისის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ შეამცირა სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო 2602.35 ლარი და მოითხოვა მოპასუხისათვის 1301.17 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება).
სს“ს----------–--------ის“ სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2015 წლის 6 აპრილს სს ,,ს----------–--------ს“, როგორც გამსესხებელსა და ბ---- ქ-------ას, როგორც მსესხებელს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოპასუხის სასარგებლოდ გაიცა სესხი 4400 ლარის ოდენობით 24 თვის ვადით, წლიური 16.1% სარგებლის დარიცხვის პირობით; აღნიშნული ხელშეკრულებით, ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობისთვის მხარეთა მიერ გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0.5%-ის ოდენობით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა დაზღვევის მართვის საკომისიო, ხუთი ლარი, რომელიც გადაიხდებოდა ყოველი თვის 10 რიცხვში, ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდისთვის.
სს ,,ს----------–--------ის“ მხრიდან, 2015 წლის 06 აპრილს, საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად და მსესხებელზე გაიცა კრედიტი.
მსესხებელმა 2016 წლის 13 მაისიდან დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და სესხის გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ აღარ განუხორციელებია.
მოსარჩელემ მოპასუხის წინააღმდეგ ა--------–--ის ე---------– ბ-------–ი, შეიტანა განცხადება გამარტივებული საქმის წარმოების დაწყების თაობაზე, თუმცა მხარეებს შორის ვერ შედგა შეთანხმება და გამოიცა გადაწყვეტილება დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გაცემაზე უარის თქმის თაობაზე.
სარჩელის წარდგენის მომენტისათვის ბ---- ქ-------ას დავალიანება მოსარჩელის მიმართ, შემცირებული პირგასამტეხლოს გათვალისწინებით შეადგენს 3940.45 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 2201.44 ლარი, დარიცხული პროცენტი - 382.84 ლარი, დარიცხული პირგასამტეხლო - 1301.17 ლარი და საკომისიო 55 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით განახორციელა არაკვალიფიციური შედავება. მან როგორც შესაგებლით, ასევე სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სს ,,ს----------–--------ის“, სარჩელი ცნო ნაწილობრივ, სესხის ძირი თანხის - 2201.44 ლარის ნაწილში.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 6 აპრილს სს ,,ს----------–--------ს“, როგორც გამსესხებელსა და ბ---- ქ-------ას, როგორც მსესხებელს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, N2------, რომლის თანახმადაც მოპასუხის სასარგებლოდ გაიცა კრედიტი 4400 ლარის ოდენობით 24 თვის ვადით, კრედიტის თანხაზე დასარიცხი საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა წლიური 16.1%-ით; ხელშეკრულებით, კრედიტის ან მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის დაბრუნების ვადაგადაცილებისათვის მხარეთა მიერ გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0.5%-ის ოდენობით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა დაზღვევის მართვის საკომისიო, ხუთი ლარი, რომელიც გადაიხდებოდა ყოველი თვის 10 რიცხვში, ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდისთვის.
სასამართლო ეყრდნობა საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 6 აპრილის საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ. 20-21);
- საკრედიტო ხელშეკრულების სტანდარტული პირობები და მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ.17-19);
3.1.2. მსესხებლის მიერ 2016 წლის 13 მაისიდან დარღვეულ იქნა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული, სესხისა და საპროცენტო სარგებლის, შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად გადახდის ვალდებულება;
სასამართლო ეყრდნობა საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი პირადი ანგარიშიდან (ს.ფ. 23-30);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.3. 2019 წლის 14 იანვრის მდგომარეობით, ბ---- ქ-------ას დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 5241.63 ლარს, საიდანაც, ძირი თანხაა - 2201.44 ლარი, დარიცხული პროცენტი - 382.84 ლარი, დარიცხული პირგასამტეხლო - 2602.35 ლარი და საკომისიო 55 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებს:
- ინფორმაცია ბანკის წინაშე არსებული ფინანსური ვალდებულებების შესახებ (ს.ფ. 35);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.4. სს ,,ს----------–--------ის“ წერილობითი შეტყობინების მიუხედავად, ბ---- ქ-------ას ბანკის წინაშე არსებული დავალიანება არ დაუფარავს;
სასამართლო ეყრდნობა საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებს:
- სს“ს----------–--------ის“ შეტყობინება (ს.ფ. 31);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, მიიჩნია რომ სს ,,ს----------–--------ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 411-412-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 867-868-ე, 873-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსასაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულება მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგია, რომელიც სამართლებრივი თვალსაზრისით იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე და მიზნად ისახავს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას.
განსახილველ შემჯთხვევაში, მხარეთა შორის ვალდებულების წარმოშობის საფუძველია საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის სამართლებრივ რეგულირებაც მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 867-ე და 868-ე მუხლებში. კერძოდ, დადგენილია, რომ სს ,,ს----------–--------სა“ და ბ---- ქ-------ას შორის 2015 წლის 6 აპრილს დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება N2------, რომლითაც განისაზღვრა ხელშეკრულების ძირითადი პირობები, მათ შორის: ხელშეკრულების მოქმედების ვადა: 1--------- წლამდე; კრედიტის მოცულობა და ვალუტა: 4400 ლარი. საპროცენტო სარგებელი: კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი 16.10%;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსეხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი; ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას, მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
6.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
ზემოთ დასახელებული მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ საქმის განხილვაში მონაწილე პირებს - მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები და ამ უფლებათა დაცვის საშუალებები. მოსარჩელის უფლებაა აღძრას საქმე, განსზაღვროს სარჩელის საგანი, საფუძველი და ა.შ. ანალოგიურად ვრცელდება პროცესის დისპოზიციურობა მოპასუხეზე, რომელსაც დასახელებული პრინციპის ფარგლებში შუძლია ცნოს სარჩელი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხემ სს ,,ს----------–--------ის“ სასარჩელო მოთხოვნები ცნო ნაწილობრივ: სესხის ძირი თანხის - 2201.44 ლარის ნაწილში (იხ. 14.05.19.წ სასამართლო სხდომის ოქმი) რის გამოც სს ,,ს----------–--------ის“ სასარჩელო მოთხოვნები ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
6.3. სკ-ის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
ამდენად, ვალდებულების დარღვევად მიიჩნევა მდგომარეობა, როდესაც კრედიტორი ვალდებულების შესრულებას დროის მკაცრად განსაზღვრულ მონაკვეთს უკავშირებს, ხოლო მოვალე ვალდებულებას დათქმულ ვადაში არ ასრულებს.
სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის მიხედვით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებები მოვალეს არ შეუსრულებია, რაც წარმოადგენს კრედიტორის მიერ საკრედიტო ურთიერთობის ვადამდე შეწყვეტისა და შესაბამისად ძირითადი თანხისა და ხელშეკრულებით შეთანხმებული პროცენტის ანაზღაურების საფუძველს.
აღნიშნულიდან გამომდინარე ბანკის სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია და ბ---- ქ-------ას მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროს 2015 წლის 6 აპრილის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეთანხმებული პროცენტი - 382.84 ლარის ოდენობით;
მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე უნდა დაეკისროს დაზღვევის მართვის საკომისიოს გადახდა - 55 ლარის ოდენობით.
6.4. რაც შეეხება სს ,,ს----------–--------ის“ სასარჩელო მოთხოვნას პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში, სასამართლო განმარტავს, რომ იმ შედეგების აღსაკვეთად, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობამ ან არაჯეროვანმა შესრულებამ შეიძლება გამოიწვიოს, კანონმდებელი სხვადასხვა ზომას ითვალისწინებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას უზრუნველყოფენ და ემსახურებიან მისი შედეგების აღმოფხვრას. სწორედ ამ მიზანს ემსახურება პირგასამტეხლოს ინსტიტუტი, რომელიც ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 418-ე მუხლების თანხმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლებელია აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამეტხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ პირგასამტეხლო და მისი ოდენობა, კრედიტის თანხის საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვადაში დაუბრუნებლობისათვის, წერილობით იქნა შეთანხმებული მხარეთა მიერ ვადაგადაცილებული დავალიანების დღიური 0.5%-ის ოდენობით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ პირგასამტეხლოს შემცირების მიუხედავად, მოთხოვნილი პირგასამტეხლო როგორც შეუსაბამოდ მაღალი უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე (სესხის ძირი თანხის ყოველდღიურ 0.05%-მდე) და უნდა განისაზღვროს 260.23 ლარით.
რაც შეეხება, მიმდინარე პირგასამტეხლოს დარიცხვის თაობაზე, ბანკის სასარჩელო მოთხოვნას, ასევე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მიმდინარე პირგასამტეხლოს გადახდა სარჩელის შემოტანის დღიდან (1------- წელი) გადაწყვეტილების ა--------–--ამდე (მაგრამ არა უმეტეს 3 წლისა), სესხის ძირი თანხაზე - 2201.44 ლარზე, ყოველდღიური 0.05%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 1.1 ლარს.
6.5. მოსარჩელის ერთ-ერთ სასარჩელო მოთხოვნას ასევე წარმოადგენს, კონკრეტული საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებების დარღვევის გამო მოპასუხისათვის, მიუღებელი შემოსავლის სახით, თანხის დაკისრება წლიური 16.1%-ის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან გადაწყვეტილების ა--------–--ამდე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად: ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
სასამართლო მიუთითებს რომ მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს ''წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს'', რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს. მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (იხ., სუსგ-ის 2011წლის 24 ოქტომბრის განჩინება საქმეზე Nას-307-291-2011).
სასამართლო განმარტავს, რომ ზიანი არის კანონით გათვალისწინებული ანაზღაურებადი სხვაობა ''უნდა-ყოფილიყო'' და ''არის მდგომარეობას'' შორის (სხვაობის ჰიპოთეზა). სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემულ ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში (იხ., სუსგ-ის 2012 წლის 11 ივნისის განჩინება საქმეზე Nას-630-593-2012). ანალოგიურ დათქმებს შეიცავს ევროპული სახელშეკრულებო სამართლის პრინციპების 8:101-ე (2) და უნიდრუას სახელშეკრულებო პრინციპების 7.1.7-ე (1) მუხლები.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლის თანახმად, აუცილებელია მხედველობაში იყოს მიღებული მოსარჩელის ის ინტერესიც, რაც კონკრეტულ შემთხვევაში უკავშირდება ფულადი თანხის გამოყენებას. ზიანის მიყენების ფაქტისა და ზიანის ოდენობის შეფასება განსაკუთრებულ თავისებურებას იძენს, როცა საქმე ეხება ფულად ვალდებულებას. ამგვარი დამოკიდებულება, განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით. კერძოდ, ყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს სარგებლის მოტანის უნარს. იგი ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი პროცენტის სახით; მით უფრო როდესაც მოსარჩელე მხარე საბანკო დაწესებულებას წარმოადგენს.
ზემოაღნიშნულ ნორმათა დანაწესის საფუძველზე, სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის განმარტებას, ეყრდნობა მის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და განმარტავს, რომ მოპასუხე მხარის მიერ ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოსარჩელე მხარე მიიღებდა სარგებელს საბანკო საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად მინიმუმ წლიურ 7%-ს. შესაბამისად, მიუღებელი შემოსავლის სახით თანხის დაკისრების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. მოპასუხეს სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროს: 2015 წლის 6 აპრილის ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებული დავალიანების ძირ თანხაზე - 2201.44 ლარზე, ვალდებულების შესრულებამდე (მაგრამ არა უმეტეს სამი წლისა) წლიური 7% სარგებლის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 0.43 ლარს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სს ,,ს----------–--------ის“ მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილ იქნა სახელმწიფო ბაჟი 550.47 ლარის ოდენობით, მოსარჩელემ გაიხმო სარჩელი 1301.18 ლარის ნაწილში, ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
შესაბამისად, გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, მოსარჩელეს შემცირებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხიდან 39.04 ლარი, ასევე - 66.04 ლარი, მოპასუხის მიერ მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელის ნაწილობრივ ცნობის პროპორციულად; მოპასუხეს სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს - 71.20 ლარის ანაზღაურება; სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ოდენობა უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს ,,ს----------–--------ის” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.1. ბ---- ქ-------ას სს ,,ს----------–--------ის" სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 2015 წლის 6 აპრილის N2------ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2899.51 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 2201.44 ლარი, პროცენტი - 382.84 ლარი, პირგასამტეხლო - 260.23 ლარის, დაზღვევის მართვის საკომისიო - 55 ლარი;
2. ბ---- ქ-------ას სს ,,ს----------–--------ის" სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავლის სახით დაეკისროს 2015 წლის 6 აპრილის N2------ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე - 2201.44 ლარზე, წლიური 7% სარგებლის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 0.43 ლარს, 2019 წლის 18 იანვრიდან (სარჩელის აღძვრიდან) გადაწყვეტილების ა--------–--ამდე (მაგრამ არაუმეტეს 3 წლისა);
3. ბ---- ქ-------ას სს ,,ს----------–--------ის" სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 2015 წლის 6 აპრილის N2------ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე - 2201.44 ლარზე ყოველდღიური პირგასამტეხლოს _ 0.05%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 1.1 ლარს, 2019 წლის 18 იანვრიდან (სარჩელის აღძვრიდან) გადაწყვეტილების ა--------–--ამდე (მაგრამ არაუმეტეს 3 წლისა);
4. მოპასუხე ბ---- ქ-------ას სს ,,ს----------–--------ის” სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება- 71.20 ლარის ოდენობით;
5. მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ს” (ს/კ 204378869) დაუბრუნდეს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 105.07 ლარის ოდენობით, რომელიც გადახდილია 2019 წლის 9 იანვარს შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ბიუჯეტი, ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი TRESGE22; სახაზინო კოდი 300 773 150 (ს---------------------–-------).
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნინო მამულაშვილი