გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.05.2019
საქმის ნომერი
330210019002812590
კატეგორია
დავის ტიპი
შრომის სამართლებრივი დავები
თარიღი
06.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/756-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

06 მაისი, 2019 წ. ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მაია გიგაური

სხდომის მდივანი ნინო კეკელიანი

მოსარჩელე - მ--- გ-----ე

მოსარჩელის წარმომადგენლები - ლ---- გ--–--ე, ლ---- მ-------ე

მოპასუხე - შპს „ა---–-----–----------–------ი“

მოპასუხის წარმომადგენლები - ვ----– კ-------–---–ი, მ--- ფ--–-------–---–ი (დირექტორი)

დავის საგანი - სახელფასო დავალიანების ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე შპს „ა---–----–----------–------ს“ მოსარჩელე მ--- გ-----ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელფასო დავალიანების ანაზღაურება 13 002 ლარის (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე) ოდენობით.

(იხ. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, 13.03.2019წ., ს.ფ. 41)

 

მოსარჩელე წარმოდგენილ სარჩელსა და შემდგომ, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე განმარტავდა, რომ შპს „ა---–----–----------–------ს“ მ--- გ-----ის მიმართ გააჩნია სახელფასო დავალიანება, 13 002 ლარის ოდენობით. აქედან 8 352 ლარი არის 20.12.2018 წლამდე გადაუხდელი ხელფასი, ხოლო დანარჩენი თანხა კი - 2018 წლის დეკემბრის თვეში მისაღები 1 200 ლარი, 2019 წლის იანვრის - 1 200 ლარი, თებერვლის - 1 050 ლარი და მარტის 1 200 ლარი. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მიუხედავად მისი არაერთი თხოვნისა, კომპანიას არ გადაუხდია დავალიანება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ შპს „ა---–-----–----------–------ის“ წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო.

 

მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, კომპანიას სრულად აქვს შესრულებული ვალდებულება მ--- გ-----ის მიმართ.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მ--- გ-----ე 2013 წლიდან დასაქმებული იყო შპს „ა---–----–----------–------ში“ ბუღალტერის თანამდებობაზე.

 

მოსარჩელე დაკავებული პოზიციიდან გათავისუფლდა 2019 წლის 1 მარტიდან, შპს „ა---–-----–----------–------ის“ 11.03.19წ. N1- ბრძანების საფუძველზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- ბრძანება (ს.ფ. 84)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო ადგენს, რომ მოპასუხის სახელფასო დავალიანება მ--- გ-----ის მიმართ 2018 წლის 20 დეკემბრამდე შეადგენს სარჩელში მითითებულ 8 352 ლარს (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე).

 

მოსარჩელემ წარმოდგენილ სარჩელს დაურთო შპს „ა---–-----–----------–------ის“ დირექტორის მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც მოცემულია ინფორმაცია 20.12.18 წლამდე მის მიმართ არსებული სახელფასო დავალიანების თაობაზე და ასევე კომპანიის ბეჭდით დამოწმებული ერთგვარი ცხრილი, სადაც კონკრეტულ თვეებში არსებულ სახელფასო დანაკლისზე არის ინფორმაცია დატანილი. აღნიშნულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით მ--- გ-----ე განმარტავს, რომ მოპასუხეს მის მიმართ დაუგროვდა დავალიანება, საერთო ჯამში 8 352 ლარის ოდენობით.

 

აღნიშნულ მტკიცებულებებთან დაკავშირებით პრეტენზია გამოთქვა მოპასუხის წარომადგენელმა და აღნიშნა, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაციით ვერ დასტურდება კონკრეტულ თვეებში რა რაოდენობით ვალდებულება ეკისრება კომპანიას მოსარჩელის მიმართ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

ხსენებული ნორმები განსაზღვრავენ სამოქალაქო სამართალწარმოებაში მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური გადანაწილების სტანდარტს. კერძოდ, სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალში მოქმედი პრინციპით, მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს, ვინ რა უნდა ამტკიცოს.

 

მოცემულ დავაში, მოსარჩელემ მიუთითა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე (დავალიანების ოდენობაზე) და მის დასადასტურებლად კი გარკვეულ მტკიცებულებებზე, რომელთა ავთენტურობა მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია. მოპასუხის მხრიდან შედავებულ იქნა ის გარემოება, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებით ვერ დასტურდება დავალიანების წარმოშობა კონკრეტული თვეების ოდენობით, თუმცა, მისი პოზიცია ეყრდნობა მხოლოდ ზეპირ ახსნა-განმარტებას, სათანადო მტკიცებულებაზე მითითების გარეშე. ამდენად, შეჯიბრებითობის პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლო იზიარებს მოსარჩელის პოზიციას დავალიანების ოდენობასთან დაკავშირებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- ცნობა (ს.ფ. 14);

- ხელფასის ჩარიცხვების ცხრილი (ს.ფ. 15-17)

 

3.2.2. 2018 წლის 20 დეკემბრის შემდგომ, გათავისუფლებამდე - 2019 წლის 1 მარტამდე შპს „ა---–----–----------–------ს“ მ--- გ-----ის სასარგებლოდ ერიცხება სახელფასო დავალიანება 3 050 ლარის ოდენობით.

 

მოპასუხის წარმომადგენელი არ ეთანხმება დაზუსტებულ სასარჩელო მოთხოვნაში ასახულ ინფორმაციას დავალიანების არსებობასა და მის ოდენობასთან დაკავშირებით და შპს „ა---–-----–----------–------ის“ 12.02.2019 წლის N- ბრძანებაზე მითითებით განმარტავს, რომ 2019 წლის 1 იანვრიდან ბუღალტერ მ--- გ-----ის ხელფასი შეადგენდა ხელზე მისაღებ 150 ლარს, რაც სრულად აქვს ანაზღაურებული და რაც დასტურდება სახელფასო უწყისით. შემდგომ კი, თებერვლიდან, კლინიკის მძიმე ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე შეუწყდათ დასაქმებულებს, მათ შორის მოსარჩელეს, შრომითი ხელშეკრულება და ამის დასადასტურებლად მიუთითებს 12.02.2019 წლის N-- ბრძანებაზე.

 

სასამართლოს სურს უმთავრესად ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რამდენად კანონშესაბამისად განხორციელდა დასაქმებულისთვის ხელფასის დაკლება. საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის მე-9 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, შრომის ანაზღაურების ოდენობა და გადახდის წესი შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობაა. ამავე კოდექსის მე-11 მუხლის მე-2 ნაწილი კი ადგენს, რომ შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით.

 

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ იმისთვის, რომ ხელფასის შემცირება კანონშესაბამისად ჩაითვალოს და გაზიარებულ იქნეს სახელფასო დავალიანების დათვლის მიზნებისთვის, ამისთვის, მოპასუხემ უნდა დაადასტუროს, რომ მას ჰქონდა დასაქმებულის თანხმობა. სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა შეკითხვების ეტაპის მიმდინარეობისას განმარტა, რომ მოსარჩელე ზეპირსიტყვიერად დაეთანხმა ცვლილებას. გამომდინარე იქედან, რომ მოსარჩელე მ--- გ-----ემ ეს გარემოება არ დაადასტურა, სასამართლო მხოლოდ მოპასუხე მხარის ზეპირ განმარტებას ვერ გაიზიარებს. შესაბამისად, სასამართლო წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე მიიჩნევს, რომ 2019 წლის სახელფასო დავალიანებაც გამოთვლილ უნდა იქნეს მოსარჩელის მიერ მითითებული ხელფასის ოდენობის გათვალისწინებით.

 

მოსარჩელე განმარტავდა, რომ 2018 წლის დეკემბრის თვეში მისაღები აქვს ხელფასი 1200 ლარის ოდენობით, მაგრამ სასამართლო სახელფასო ამონაწერის (ცხრილის) გათვალისწინებით დადგენილად მიიჩნევს 400 ლარის გადახდის ფაქტს და ამდენად, მისაღები დარჩა მხოლოდ 800 ლარი. რაც შეეხება 2019 წლის ხელფასს, იანვარში არ დასტურდება ხელფასის რაიმე ოდენობით მიღების ფაქტიც კი, ხოლო თებერვალში მხოლოდ 150 ლარის მიღებაზე არსებობს სახელფასო უწყისი. 2019 წლის მარტის თვის ხელფასთან დაკავშირებით კი სასამართლო აღნიშნავს, რომ რამდენადაც საქმეში წარმოდგენილია ბრძანება მ--- გ-----ის გათავისუფლების თაობაზე 2019 წლის 1 მარტიდან, რომლის კანონიერებაც ამ დროისთვის სადავოდ არ არის გამხდარი მოსარჩელის მხრიდან, ამ ნაწილში მოთხოვნა არის დაუსაბუთებელი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 2018 წლის 20 დეკემბრის შემდგომ ერიცხება დავალიანება 3 050 ლარის ოდენობით, საიდანაც 800 ლარი არის 2018 წლის დეკემბრის თვის გასაცემი ხელფასის გადაუხდელი ნაწილი, 1200 ლარი - 2019 წლის იანვრის ხელფასი, ხოლო 1 050 ლარი - 2019 წლის თებერვლის თვის ხელფასის დარჩენილი ნაწილი.

 

ზემოხსენებული გარემოების საპირისპიროდ, მოცემული დავის ფარგლებში, სასამართლო ვერ იმსჯელებს მოპასუხის მიერ მითითებულ გარემოებებზე მძიმე ფინანსური მდგომარეობის ჭრილში და ამასთან დაკავშირებით მოსარჩელის ბრალეულობაზე, რადგან, ეს საკითხები შესაძლოა ცალკე დავის საგანს წარმოადგენდეს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- სახელფასო უწყისი (ს.ფ. 61);

- წერილი (ს.ფ. 73);

- ბრძანება (ს.ფ. 74);

- ბრძანება (ს.ფ. 75)

 

3.2.3. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ საერთო ჯამში, შპს „ა---–-----–----------–------ის“ სახელფასო დავალიანება მ--- გ-----ის მიმართ დასაბუთებულია 11 402 ლარის ფარგლებში და ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნა.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს შრომის კოდექსის მე-2, მე-6, მე-11, 31-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1 საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.

 

საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილით, შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით. ამავე კოდექსის მე-6 მუხლის მე-9 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, შრომის ანაზღაურების ოდენობა და გადახდის წესი შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობაა.

 

სშკ-ის მე-11 მუხლის მე-2 ნაწილი კი ადგენს, რომ შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული შრომითი ურთიერთობა არის უდავო გარემოება, ხოლო ხელფასის ოდენობასთან დაკავშირებით სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება კი, ხელფასის კლებასთან დაკავშირებით, არასათანადო მტკიცებულებად მიიჩნია იმის გათვალისწინებით, რომ ვერ დადასტურდა დასაქმებულის მიერ თანხმობის განცხადების ფაქტი ხსენებულთან დაკავშირებით.

 

საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, რომ შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვდა სახელფასო დავალიანების მოპასუხეზე დაკისრებას 13 002 ლარის ოდენობით, რაც წარმოადგენდა 2018 წლის 20 დეკემბრამდე არსებულ დავალიანებას (8 352 ლარი), ასევე 2018 წლის დეკემბრის თვის (1 200 ლარი), 2019 წლის იანვრის (1 200 ლარი), თებერვლისა (1 050 ლარი) და მარტის (1 200 ლარი) თვეების დავალიანებას. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია, დაეყრდნო საქმეში წარმოდგენილ სახელფასო უწყისს, ჩარიცხვების ცხრილს, ასევე მოსარჩელის გათავისუფლების ბრძანებას და მივიდა დასკვნამდე, რომ საერთო ჯამში მოპასუხის დავალიანებამ მოსარჩელის მიმართ შეადგინა 11 402 ლარი (ხელზე მისაღები) იმის გათვალისწინებით, რომ 2018 წლის დეკემბრის თვეში ფიქსირდება ხელფასის ნაწილის - 400 ლარის ჩარიცხვის ფაქტი, ხოლო 2019 წლის მარტის თვეში მოსარჩელე გათავისუფლებული იყო ბუღალტრის თანამდებობიდან და აღარ არსებობდა ანაზღაურების მიღების საფუძველი. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნაც სწორედ ამ ნაწილში უნდა იქნეს დაკმაყოფილებული.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით და ვინაიდან მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯს - 342.06 ლარის ოდენობით, მოპასუხე გადაიხდის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

გარდა სახელმწიფო ბაჟისა, მოპასუხეს ასევე დაეკისრება მოსარჩელის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ წარმომადგენლის მომსახურებაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურება 400 ლარის ოდენობით.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. მ--- გ-----ის სარჩელი მოპასუხე შპს „ა---–-----–----------–------ის“ წინააღმდეგ, სახელფასო დავალიანების დაკისრების მოთხოვნით, დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. მოპასუხე შპს „ა---–----–----------–------ს“ მოსარჩელე მ--- გ-----ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელფასო დავალიანების ანაზღაურება 11 402 ლარის (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე) ოდენობით;

 

3. მოპასუხე შპს „ა---–----–----------–------ს“ მოსარჩელე მ--- გ-----ის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 400 ლარის ოდენობით;

 

4. მოპასუხე შპს „ა---–----–----------–------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 342.06 ლარის ოდენობით;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: მაია გიგაური