გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/2430-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
21.05.2019 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - მალხაზ ჩუბინიძე
სხდომის მდივანი - გიორგი ესაძე
მოსარჩელე (მოპასუხე) - ს------------ი
წარმომადგენელი - მ--–----------------იძე
მესამე პირი - ხ------- მ---ი; მ-----------ი
მოპასუხე - ლ---- მ---ი
წარმომადგენელი - ნ-----–------–--ე, ნ--------------ი.
მოსარჩელე - შეგებებული სარჩელით - ხ------- მ---ი; მ-----------ი.
წარმომადგენელი – ნ-----–------–--ე, ნ--------------ი.
მოსარჩელე (მოპასუხე) - ს------------ი
წარმომადგენელი - მ--–----------------იძე
დავის საგანი - მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა; სამკვიდროს მიღებაზე განცხადების ბათილად ცნობა.
დავის საგანი შეგებებული სარჩელით - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ხელშეშლის აღკვეთა.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე ლ---- მ---ს ჩამოერთვას 2016 წლის 13 ოქტომბერს გარდაცვლილი გ------- მ---ის დანაშთ ქონებაზე კანონიერი მემკვიდრეობის უფლება.
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ლ---- მ---ის მიერ, ნოტარიუს ამირან ჯამბურიძის სახელზე დაწერილი 2017 წლის 10 მარტის განცხადება სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებით, რეგისტრაციის №---------;
მოსარჩელის განმარტებით, ქრისტინე მ---ის მამა - გ------- მ---ი, გარდაიცვალა 2016 წლის 13 ოქტომბერს. მას დარჩა სამი შვილი, პირველი რიგის მემკვიდრეები: ს------------ი, ხ------- მ---ი და მ-----------ი. სამივემ კანონის დაცვით მიმართეს ნოტარიუს ამირან ჯამბურიძეს სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებით. მესამე პირებმა: ხ------- მ---მა და მ-----------მა მემკვიდრეობა აღიდგინეს. ქრისტინე მ---მა მიმართა ნოტარიუსს გარდაცვლილი მამის დანაშთი ქონების 1/3 ნაწილზე სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებით, მაგრამ აღმოჩნდა რომ სამკვიდროს მიღებაზე განცხადება ასევე შეტანილი ჰქონდა მამის ყოფილ მეუღლეს - ლ---- მ---ს. მოპასუხე ლ---- მ---ს და გ------- მ---ს შორის 1988 წლიდან ქორწინება შეწყვეტილი იყო და ისინი ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ. ამ წლიდან მოყოლებული, ის ცხოვრობდა ქრისტინე მ---თან და მის დედასთან მადონა ხურციძესთან ერთად, რომლებიც ცხოვრობდნენ და ახლაც ცხოვრობენ ქ. ქუთაისში, ასათიანის IV ჩიხი №11-ში, ხოლო მოპასუხე ლ---- მ---ი -ვანის რაიონ სოფ. ბ-----ში.
2. მოპასუხეთა პოზიცია:
2.1. მოპასუხე ლ---- მ---მა სარჩელი არ ცნო. მოპასუხის წარმომადგენელის განმარტებით, სარჩელი უსაფუძვლოა და მისი დაკმაყოფილების როგორც ფაქტობრივი ისე ფორმალური საფუძველი არ არსებობს, რადგან ლ---- მ---ს გ------- მ---თან რეგისტრირებული ქორწინებიდან, ჰყავს ორი შვილი ხ------- მ---ი და მ-----------ი.
2.2. შეგებებული სარჩელი:
დავის საგანი:
2.2.1. ს------------ის უკანონო მფლობელობიდან, უძრავი ქონების (ს/კ 0------------------) მდებარე ქ. ქუთაისი ლ. ა---------------------1 ქონების 2/4 ის, ნახაზზე წარმოდგენილი ოთახების ფართობით 10.50 კვ.მ და 11.90 კვ.მ - გამოთხოვა.
ს------------ის უკანონო მფლობელობიდან, უძრავი ქონების მდებარე, ქ. ქუთაისი ლ. ა--------------------- ბინა N3 საკადასტრო კოდი 0------------------ საერთო ფართობით 38.40 კვ.მ სადაც მათ ქონებას შეადგენს ქონების 2/4, კერძოდ, ნახაზზე წარმოდგენილი ოთხები კიბის მხრიდან, ფართობით 13.44 კვ.მ. - გამოთხოვა.
დავის არსი:
მოპასუხე მამუკა და ხ------- მ---ის განმარტებით- მათ საკუთრებაში ირიცხება ქონება მდებარე ქ.ქუთაისი ლ. ა--------------------- ბინა N3 საკადასტრო კოდი 0------------------, სადაც დღეის მდგომარეობით მემკვიდრეობის აღდგენამდე მათ საკუთრებას შეადგენს ქონების 2/4, ანუ ნახაზზე წარმოდგენილი ოთახები ფართობით 10.50 და 11.90 კვ.მ, რომელიც მოპასუხის მხრიდან არ არის სადაო, თუმცა არ უშვებს მათ სახლში. ასევე ვერ ახერხებენ ლ. ა---------------------1-ში მდებარე ბინით ს/კ 0------------------ 13.44 კვ.მ-ით სარგებლობას რაც ასევე არ არის სადაო მოპასუხის მხრიდან. მიაჩნიათ, რომ მათ საკუთრებას უკანონოდ ფლობს მოპასუხე ყოველგვარი საფუძვლის გარეშე. ორივე ქონება (2/4 ნაწილით) ირიცხება მათი მამის გ------- მ---ის სახელზე, მოსარჩელეების განმარტებით, საკუთრების უფლებით სარგებლობაში ხელს უშლის აწ. გარდაცვლილი გ------- მ---ის მეგობარი ქალბატონი.
2.2.2. შეგებებული სარჩელზე მოპასუხის პოზიცია;
შეგებებულ სარჩელთან მიმართებით, მოპასუხე ს------------ის წარმომადგენელმა მ--–----------------იძემ განმარტა, რომ არ არსებობს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, რადგან მოსარჩელეები თვითონ ადასტურებენ, რომ მოპასუხის მხრიდან მათი კუთვნილი წილი სადავო არ არის და ნებისმიერ დროს შეუძლიათ ისარგებლონ საკუთრებით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ გ------- მ---ი გარდაიცვალა 2016 წლის 13 ოქტომბერს. მას დარჩა სამი შვილი, პირველი რიგის მემკვიდრე: ს------------ი, ხ------- მ---ი და მ-----------ი
მტკიცებულება:
სარჩელი; შესაგებელი; მხარეთა ახსნა განმარტება (ტ.1. იხ.ს.ფ.14).
3.1.2. დადგენილია, რომ უძრავი ქონება მდებარე ქ. ქუთაისი, ლ------------ მე-4 ჩიხი N11 შეფასებულია 14. 000 ლარად.
მტკიცებულება: აუდიტორული დასკვნა. (ტ.1. იხ.ს.ფ.21).
3.1.3. 2017 წლის 31 მაისის საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ უძრავი ქონების, მდებარე ქ. ქუთაისი, ლ------------ მე-4 ჩიხი N11- ¼ ნაწილი ეკუთვნის ხ------- მ---ს; 2/4 ნაწილი გ------- მ---ს და ¼ ნაწილი მ-----------ს.
მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ამონაწერი(ტ.1. იხ.ს.ფ.19).
3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. დადგენილია, რომ გ------- მ---ი, გარდაიცვალა 2016 წლის 13 ოქტომბერს. მას დარჩა სამი შვილი, პირველი რიგის მემკვიდრეები: ს------------ი, ხ------- მ---ი და მ-----------ი. სამივემ კანონის დაცვით მიმართეს ნოტარიუს ამირან ჯამბურიძეს სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებით. ქრისტინე მ---მა მიმართა ნოტარიუსს გარდაცვლილი მამის დანაშთი ქონების 1/3 ნაწილზე სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებით, აღმოჩნდა, რომ სამკვიდროს მიღებაზე ასევე დაწერილი ჰქონდა განცხადება გ------- მ---ის ყოფილ მეუღლეს - ლ---- მ---ს.
მტკიცებულება:
- სამკვიდრო მოწმობა (ტ.1.იხ.ს.ფ.18).
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ.1.იხ.ს.ფ.19-20).
3.2.2. დადგენილია, რომ ლ---- მ---ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა აწ. გარდაცვლილ გ------- მ---თან და გ------- მ---ის გარდაცვალების შემდეგ, განცხადებით მიმართა ნოტარიუსს ამირან ჯამბურიძეს სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით.
მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება; განცხადება (ტ.1. იხ.ს.ფ. 18).
შეგებებული სარჩელის მიხედვით:
3.2.3. დადგენილია, რომ უძრა ქონებაზე, მდებარე ქ. ქუთაისი, ლ------------ მე-4 ჩიხი N11, განსაზღვრულია ხ------- მ---ის და მ-----------ის კუთვნილი ფართები.
მტკიცებულება: აუდიტორული დასკვნა N 9/6. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ.1. იხ. ს.ფ. 19-20; 73)
3.2.4. მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე მოწმედ დაკითხულმა ციური მაღლაკელიძემ განმარტა, რომ არის მოდავე მხარეების მეზობელი. გ------- მ---ი მათ მეზობლად ცხოვრობდა მდგმურად. ს------------ი არის გ------- მ---ის შვილი, რომელმაც გაიღო მამის დაკრძალვის ხარჯები. არ იცნობს ლ---- მ---ს. მადონა ხურციძე მუშაობდა საზღვარგარეთ და პერიოდულად ჩამოდიოდა ქუთაისში.
მტკიცებულება: მოწმის ჩვენება.
3.2.5. მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე მოწმედ დაკითხულმა ედუარდ სირაძემ განმარტა, რომ არის მოდავე მხარეების მეზობელი. გ------- მ---ს და მადონა ხურციძეს შორის იყო ცოლ ქმრული ურთიერთობა. არ იცნობს ლ---- მ---ს.
მტკიცებულება: მოწმის ჩვენება.
3.2.6. სასამართლო აღნიშნავს - საქართველოს კონსტიტუციის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის, მე-4 მუხლის, სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უპირველესი ამოცანა სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას.
სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელე ხ------- მ---ის და შეგებებული სარჩელით და საქმის განხილვისას მითითებულ გარემოებებს და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს.
შესაბამისად, დავის მონაწილე მხარეთა მიზანს წარმოადგენს სსსკ-ში მოქმედი მტკიცების სტანდარტის საფუძველზე იმ გარემოებების სარწმუნოდ და სათანადო მტკიცებულებებით დადასტურება, რომლებზეც ისინი თავის პოზიციას აფუძნებენ, ვინაიდან სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის მოვალეობაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ.
,,მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.“ იხ. სუსგ ას-233-221-17.
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
4.1. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ს------------ის სარჩელი უსაფუძვლოა, ასევე უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია ხ------- და მ-----------ის შეგებებული სარჩელი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
5.1. საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე, 1307-ე,1336-ე, 1319-ე, 1320-ე, 1421-ე, 1424-ე, 1452-ე მუხლები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-103, 105-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს: ,,საკუთრების და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებელის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. კანონით მემკვიდრეობა გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე - მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი. იმავე კოდექსის 1307-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ: კანონით მემკვიდრეობის დროს - პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებელის სიკვდილის მომენტისათვის, და აგრეთვე მამკვიდრებელის შვილები, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ ცოცხალი დაიბადებიან. იმავე კოდექსის 1336-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან: პირველ რიგში - გარდაცვლილის შვილები, მეუღლე, მშობლები.
6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამკვიდროს მიღება – ეს არის ნებითი მოქმედება, რომლითაც მემკვიდრე გამოხატავს თანხმობას, მიიღოს მამკვიდრებელის კუთვნილი ქონებრივი და არაქონებრივი უფლებები და თავისი ბუნებით წარმოადგენს ცალმხრივ გარიგებას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მემკვიდრის თანხმობის გარეშე და მისი ნების საწინააღმდეგოდ იგი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს სამკვიდროს მიმღებ პირად. იმისათვის, რომ სამკვიდროს მიღება იყოს ნამდვილი და წარმოშობდეს მემკვიდრეთა უფლებებს სამკვიდროზე, იგი, როგორც ყველა სხვა გარიგება, უნდა პასუხობდეს კანონმდებლობის მოთხოვნებს.
6.4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, სახეზე გვაქვს კანონით მემკვიდრეობა, ვინაიდან 2016 წლის 13 ოქტომბერს გარდაცვლილ გ------- მ---ს ანდერძი არ დაუტოვებია.
დადგენილია, რომ 2016 წლის 13 ოქტომბერს გარდაცვლის გ------- მ---ს დარჩა სამი შვილი, პირველი რიგის მემკვიდრე: ს------------ი, ხ------- მ---ი და მ-----------ი. სამივემ კანონის დაცვით მიმართეს ნოტარიუს ამირან ჯამბურიძეს სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებით.
დადგენილია, რომ 2016 წლის 13 ოქტომბერს გარდაცვლილი გ------- მ---ის სამკვიდროს მიღების მოთხოვნით, ნოტარიუსს მიმართა ასევე გ------- მ---თან რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა ლ---- მ---მა, რისი უფლებაც მას აქვს სამოქალაქო კოდექსის 1307-ე მუხლის და საქართველოს კონსტიტუციის 19-ე მუხლის თანახმად.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლი ადგენს სამკვიდროს მიღების წესს. აღნიშნული მუხლის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი. იმავე კოდექსის 1424-ე მუხლი კი ადგენს სამკვიდროს მიღების ვადას, რომლის შესაბამისად, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.
როგორც აღინიშნა, თავისი სამართლებრივი ბუნებით სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა. იგი ისეთი მოქმედებაა, რომელიც გამოხატავს სამკვიდროს მიღების სურვილს, მემკვიდრის ნებას, სამკვიდროს მიღება ნიშნავს, რომ სამკვიდრო მემკვიდრემ შეიძინა. თუკი მემკვიდრე შემდგომში არ განახორციელებს სამკვიდროზე თავის უფლებას (მაგალითად, არ იცხოვრებს მემკვიდრეობით მიღებულ სახლში) ან არ მიიღებს ზომებს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მისაღებად, ეს არავითარ გავლენას არ მოახდენს სამკვიდროს მიღებაზე, რომელიც უკვე მოხდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მამკვიდრებელის გარდაცვალების შემდეგ მის სახლში მემკვიდრის ცხოვრების ხანგრძლივობას მნიშვნელობა არა აქვს.
-ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ სამკვიდროს მისაღებად უნდა არსებობდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების ნება და სამკვიდროს მიღების მიზნით განხორციელებული მოქმედებების არსებობის ფაქტი, რომლებიც თავის მხრივ ადასტურებენ სამკვიდრო ქონების ფლობასა და მართვას.
განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ ლ---- მ---ი, გ------- მ---თან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა და, როგორც აღინიშნა, კანონით დადგენილ ვადაში მიმართა ნოტარიუსს სამკვიდროს მიღების შესახებ, რაც კანონშესაბამისი ქმედებაა და უსაფუძვლოა სარჩელი, რადგან დადგენილია, რომ ლ---- მ---ი და გ------- მ---ი ცხოვრობდნენ ერთ ოჯახად, დადგენილია, რომ რეგისტრირებულ ქორწინებაში თანაცხოვრებისას შეეძინათ ორი შვილი ხ------- მესი და მ-----------ი (ტ.1. ს/ფ 71-72), დადგენილია, რომ გ------- მ---ი დაბადებულია ვანში და რეგისტრირებულია ქ. ქუთაისში ლ------------ მე-4 ჩიხი N11.
დადგენილია, რომ გ------- მ---ი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მადონა ხურციძესთან, რომელმაც იცოდა ლ---- მ---ის და გ------- მ---ის რეგისტრირებული ქორწინების შესახებ (საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება).
სასამართლო მიუთითებს საკასაციო სასამართლოს პრაქტიკაზე 1341-ე მუხლთან მიმართებით (იხ. სუსგ № ას-187-174-2015, 22, 07.2015წ.), კერძოდ, „საკასაციო პალატისათვის მინიჭებული ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების როლის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1341-ე მუხლით გათვალისწინებული ნორმის გამოყენებისათვის და შესაბამისად, მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევისათვის, ამავე ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, განმსაზღვრელია არა ის გარემოება არსებობდა თუ არა ქალსა და მამაკაცს შორის რეგისტრირებული ქორწინება, არამედ გადამწყვეტი მნიშვნელობისაა კონკრეტული ფაქტობრივი საფუძვლების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირებს შორს ცოლ-ქმრული ურთიერთობის ფაქტობრივად არარსებობაზე“.
როგორც აღინიშნა, ლ---- მ---ს და გ------- მ---ს, რეგისტრირებული ქორწინებიდან შეეძინათ ორი შვილი, ეწეოდნენ საერთო საოჯახო მეურნეობას და ცხადია უფლება აქვს მიიღოს მეუღლის დანაშთი სამკვიდროდან კუთვნილი წილი. ამდენად, სარჩელი ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისითაც დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლებრივი წესრიგის მიზანი იმის უზრუნველყოფაში მდგომარეობს, რომ გაუმართლებლად და დაუსაბუთებლად არ შეილახოს ვინმეს უფლება და პირიქით, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე არ მოიპოვოს ვინმემ მატერიალური სიკეთე ან რაიმე უფლება.
6...სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ს------------ის სარჩელში არ იკვეთება იურიდიული ინტერესი და აღნიშნული ვერც სასამართლო სხდომაზე გამოიკვეთა.
კერძოდ, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხე ლ---- მ---ზე 2016 წლის 13 ოქტომბერს გარდაცვლილი გ------- მ---ის დანაშთ ქონებაზე კანონიერი მემკვიდრეობის უფლების მიღების ჩამორთმევა, ასევე ლ---- მ---ის მიერ, ნოტარიუს ამირან ჯამბურიძის სახელზე დაწერილი 2017 წლის 10 მარტის განცხადების ბათილად ცნობა სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებით, რეგისტრაციის №---------;
მოცემულ შემთხვევაში პასუხი უნდა გაეცეს კითხვას: აქვს მოსარჩელეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ? უზრუნველყოფს მოსარჩელის მოთხოვნა ამ ინტერესის დაკმაყოფილებას?
საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განჩინებაში, იხ., №ას-121-117-2016, 17 მარტი, 2016 წელი, აღინიშნა, რომ ,,ვიდრე საქმის განმხილველი სასამართლო სარჩელის საფუძვლიანობას შეამოწმებს, მნიშვნელოვანია, შეფასდეს, აქვს თუ არა მოსარჩელეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ და უზრუნველყოფს თუ არა მოსარჩელის მოთხოვნა ამ ინტერესის დაკმაყოფილებას“.
„აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს, ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიური ხასიათის მატარებელია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (საქართველოს საკასაციო სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე № ას-664-635).
სასამართლო აღნიშნავს, რომ როგორც წესი, მოსარჩელის ინტერესი განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის მიღწევას უკავშირდება (მაგ. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, ქონების დაბრუნება, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, ზიანის ანაზღაურება და ა.შ), რომელიც მხოლოდ მიკუთვნებითი სარჩელით მიიღწევა და ასეთ შემთხვევაში, აღიარებითი სარჩელის აღძვრა დაუშვებელია, რადგანაც, პროცესის ეკონომიის პრინციპიდან გამომდინარე, დარღვეული უფლების აღდგენასა და სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას პირმა ერთი და არა რამდენიმე სარჩელის აღძვრის გზით უნდა მიაღწიოს, ანუ, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებას მოსარჩელისათვის სასარგებლო შედეგი უნდა მოჰქონდეს და მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის საჭიროება აღარ უნდა არსებობდეს.
განსახილველ შემთხვევაში, დაუდგენელია რა შედეგის მიღწევა სურს მოსარჩელეს, მოპასუხე ლ---- მ---ზე 2016 წლის 13 ოქტომბერს გარდაცვლილი გ------- მ---ის დანაშთი ქონებაზე კანონიერი მემკვიდრეობის უფლების მიღების ჩამორთმევით. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ არაა დასაბუთებული, იურიდიულად სასარგებლო რა შედეგს განაპირობებს მისთვის სარჩელის მოცემული ფორმით დაკმაყოფილება, იურიდიული ინტერესის ცნებაში იგულისხმება ის მატერიალურ სამართლებრივი უფლება, რომლის დაცვასაც უზრუნველყოფს აღიარებითი სარჩელი. სარჩელის მოთხოვნა გამართლებული იქნებოდა, თუკი მოსარჩელე დაადასტურებდა, რომ ლ---- მ---ზე 2016 წლის 13 ოქტომბერს გარდაცვლილი გ------- მ---ის დანაშთი ქონებაზე კანონიერი მემკვიდრეობის უფლების მიღების ჩამორთმევით, იგი გარკვეული იურიდიული ინტერესის დაკმაყოფილებას შეძლებდა და სამართლებრივად გაიუმჯობესებდა მდგომარეობას.
სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ კანონმდებელი იურიდიულ ინტერესში მოიაზრებს მხოლოდ პატივსადებ, მართლზომიერ ინტერესს, დაცვის ღირსია არა ნებისმიერი, არამედ მხოლოდ კანონით დაცული ინტერესი, სასამართლოს დაცვის სფეროს სცილდება არაკანონიერი ინტერესის დაცვა. პროცესის აღძვრის საფუძველს წარმოადგენს არა ნებისმიერი, არამედ იურიდიული დაინტერესება, ინტერესი უნდა იყოს კონკრეტული, ლეგიტიმური და პატივსადები. იურიდიული ინტერესის არსებობისათვის არ კმარა მის შესახებ მოსარჩელის განცხადება. ინტერესის არსებობა ობიექტურ მონაცემებზე უნდა იყოს დამყარებული, სარჩელში დასმული საკითხისადმი მოსარჩელის უშუალო უფლება დამცავი ინტერესი უნდა გააჩნდეს. კერძოდ, დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების (ინტერესის) კანონით გათვალისწინებული საშუალებებით დაცვა შესაძლოა მხოლოდ იმ პირობით, თუ მოსარჩელე თავისი მოთხოვნის დასასაბუთებლად წარმოადგენს იურიდიული ფაქტების გარკვეულ წყებას, რომლითაც დასტურდება როგორც თვით უფლების ან ინტერესის არსებობა, ასევე მისი დარღვევა ან სადავოდ ქცევა. დავაში მოსარჩელის უფლება დამცავი ინტერესის მტკიცების ტვირთი მასვე ეკისრება. ამასთან, მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს მისი უფლების დარღვევის ფაქტი, დავაში მისი უფლება დამცავი ინტერესი და ამასთან, მან უნდა დაამტკიცოს, რომ მისი ინტერესების სფერო სწორედ მიღებული ზომების შედეგად დაირღვა.
6.7. შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის ფაქტობრივი და სამართლებრივი
დასაბუთება.
ს------------ის უკანონო მფლობელობიდან, უძრავი ქონების (ს/კ 0------------------) მდებარე ქ. ქუთაისი ლ. ა---------------------1 ქონების 2/4 ის, ნახაზზე წარმოდგენილი ოთახების ფართობით 10.50 კვ.მ და 11.90 კვ.მ - გამოთხოვა.
ს------------ის უკანონო მფლობელობიდან, უძრავი ქონების მდებარე, ქ. ქუთაისი ლ. ა--------------------- ბინა N3 საკადასტრო კოდი 0------------------ საერთო ფართობით 38.40 კვ.მ სადაც მათ ქონებას შეადგენს ქონების 2/4, კერძოდ, ნახაზზე წარმოდგენილი ოთხები კიბის მხრიდან, ფართობით 13.44 კვ.მ. - გამოთხოვა.
დავის არსი:
მოპასუხე მ-----------ი და ხ------- მ---ის განმარტებით- მათ საკუთრებაში ირიცხება ქონება მდებარე ქ. ქუთაისი ლ. ა--------------------- ბინა N3 საკადასტრო კოდი 0------------------, სადაც დღეის მდგომარეობით, მემკვიდრეობის აღდგენამდე, მათ საკუთრებას შეადგენს ქონების 2/4, ანუ ნახაზზე წარმოდგენილი ოთახები ფართობით - 10.50 და 11.90 კვ.მ, რომელიც მოპასუხის მხრიდან არ არის სადაო, თუმცა არ უშვებს მათ სახლში. ასევე ვერ ახერხებენ ლ. ა----------------------ში მდებარე ბინით ს/კ 0------------------ 13.44 კვ.მ-ით სარგებლობას რაც ასევე არ არის სადაო მოპასუხის მხრიდან. მიაჩნიათ, რომ მათ საკუთრებას უკანონოდ ფლობს მოპასუხე ყოველგვარი საფუძვლის გარეშე. ორივე ქონება (2/4 ნაწილით) ირიცხება მათი მამის გ------- მ---ის სახელზე, მოსარჩელეების განმარტებით, საკუთრების უფლებით სარგებლობაში ხელს უშლის აწ. გარდაცვლილი გ------- მ---ის მეგობარი ქალბატონი.
სასამართლო არ იზიარებს შეგებებულ სარჩელში და საქმის განხილვისას მითითებულ გარემოებებს და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
სასამართლო მხარეებს მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლზე და განმარტავს, რომ საკუთრების უფლების ბოროტად გამოყენებად ჩაითვლება საკუთრებით ისეთი სარგებლობა, რომლითაც მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი ისე, რომ არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესის უპირატესობა და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებელია. კეთილსინდისიერება და მართლზომიერება აუცილებლად უნდა იქნეს დაცული პირის მიერ უფლებათა განხორციელებისას. მესაკუთრის უფლებების ბოროტად გამოყენების დაუშვებლობა არა მარტო კანონმდებლობითაა აკრძალული, არამედ მესაკუთრის ზნეობრივი მოვალეობაცაა.
როგორც აღინიშნა, მესაკუთრეს (თანამესაკუთრეს) ეკრძალება საკუთრების უფლების ბოროტად გამოყენება. სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად და კეთილსინდისიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას (სსკ 115-ე მუხლი). აქ ისეთი მდგომარეობა იქმნება, რომ არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესის უპირატესობა და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებელია. თუ მესაკუთრეს (თანამესაკუთრეს) არ ადგება ზიანი და ის მაინც იყენებს მის უფლებამოსილებას, ეს უკვე იქნება უფლების ბოროტად გამოყენება.
6.8. როგორც აღინიშნა, წინამდებარე შემთხვევაში სახეზეა საკუთრებიდან გამომდინარე დავა. კერძოდ, მოსარჩელე ითხოვს საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთას, შესაბამისად, სამართლებრივი საკითხები გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის დანაწესიდან.
სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების, ან ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა.
სასამართლო კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით მსჯელობამდე, აუცილებლად მიიჩნევს განმარტოს საკუთრების, როგორც მოქალაქის ფუნდამენტური უფლების იურიდიული ბუნება.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის N-1 დამატებითი ოქმის პირველი მუხლით - ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. (ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმი N1 პარიზი, 1952 წლის 20 მარტი).
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მართალია საკუთრების უფლება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უფლებაა, მაგრამ ის არ არის სრულიად აბსოლუტური უფლება. მესაკუთრის უფლებამოსილება შეზღუდულია ან კანონით, ან ხელშეკრულებით. თითოეული სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად, ისე, რომ ამით ზიანი არ მიადგეს სხვას, მესამე პირს. საკუთრების უფლების გამოყენებით არ უნდა დაზარალდეს სხვა. აღნიშნული უფლება ბოროტად არ უნდა იქნეს გამოყენებული.
თვით ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, ადგენს საკუთრების უფლების შეზღუდვის დასაშვებ ფარგლებს.
6.9. სასამართლო აღნიშნავს, რომ საკუთრების უფლების დაცვის აღიარებული სანივთო– სამართლებრივი საშუალებები სავინდიკაციო და ნეგატორული სარჩელებია. ვინდიკაციას მაშინ მიმართავენ, როდესაც მესაკუთრეს წართმეული აქვს ნივთზე მფლობელობა. ვინდიკაციის ვითარებაში მესაკუთრეს შერჩენილი აქვს მხოლოდ ნივთზე საკუთრების უფლება, რომელიც თავისთავად არამატერიალური უფლებაა და ვის ხელშიც არ უნდა იყოს საკუთრების ობიექტი, მესაკუთრეს ეს უფლება არ წაერთმევა. ამდენად, განსახილველი სარჩელი არის ვინდიკაციური, რომლითაც მესაკუთრე ახდენს სხვისი უკანონო მფლობელობიდან მისი საკუთრების ვინდიცირებას მისი გამოთხოვის გზით. ესაა სარჩელი, რომელსაც მესაკუთრე მაშინ იყენებს, როცა შელახულია ნივთზე მისი მფლობელობა, სახელდობრ, როდესაც მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა. ნივთის ვინდიცირებაც სხვისი უკანონო მფლობელობიდან მის გამოთხოვას გულისხმობს. არა მფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები:
ა. მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე;
ბ. მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი;
გ. მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. განსახილველ შემთხვევაში 2017 წლის 31 მაისის საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისი, ლ------------ მე-4 ჩიხი N11- ¼ ნაწილი ეკუთვნის ხ------- მ---ს; 2/4 ნაწილი გ------- მ---ს და ¼ ნაწილი მ-----------ს. (ტ.1. იხ.ს.ფ.19).
დადგენილია, რომ გ------- მ---ის მემკვიდრეა ასევე მოპასუხე ს------------ი და ის მისი წილი სამკვიდრო ქონების კეთილსინდისიერი მფლობელია.
დადგენილია, რომ უძრავი ქონებაზე, მდებარე ქ. ქუთაისი, ლ------------ მე-4 ჩიხი N11, განსაზღვრულია ხ------- მ---ის და მ-----------ის კუთვნილი ფართები. (ტ.1. იხ. ს.ფ. 19-20; 73).
სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, სახეზე არ არის საკუთრებით ისეთი სარგებლობა, რომლითაც სხვა მესაკუთრეს ადგება ზიანი. გამოკვეთილი არ არის მესაკუთრის, მოპასუხე - ს------------ის მხრიდან ისეთი ქმედების განხორციელება, რაც ხელს უშლის თანამესაკუთრეებს საკუთრებით სარგებლობაში. აღნიშნულმა ფაქტმა ასევე დადასტურება ვერ ჰპოვა საქმის განხილვისას. მოსარჩელის მითითება მოპასუხის მხრიდან ხელშეშლის ფაქტის არსებობის შესახებ არ დადასტურდა და იგი უფრო მოსარჩელეების ვარაუდს წარმოადგენს ვიდრე რეალურ ფაქტობრივ გარემოებას.
საქართველოს საკასაციო სასამართლომ საკუთრებასთან დაკავშირებულ დავაზე განმარტა, ,,საკუთრების სუბსტანცია, რომელშიც იგულისხმება საკუთრების ინსტიტუტით გათვალისწინებული შინაარსის რეალიზაცია, უნდა შენარჩუნდეს. ე.ი. კერძო საკუთრების შეზღუდვა არ უნდა ნიშნავდეს საკუთრების უფლების რეალიზაციის მოსპობას. არ შეიძლება, რომ პირს ფორმალურად გააჩნდეს საკუთრების უფლება, ხოლო ფაქტობრივად არა, ანუ ვერ სარგებლობდეს საკუთრების უფლებით“. (ას-439-415-2013).
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეებს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენიათ მტკიცებულება, რაც უდავოდ დაადასტურებდა მოპასუხე ს------------ის მხრიდან, მოსარჩელეების მიერ საკუთრებით სარგებლობაში ხელშეშლას, რაც შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის საფუძველია.
ამდენად, სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის მიერ სარჩელში და საქმის განხილვისას მითითებულ გარემოებებს მოპასუხე ს------------ის მხრიდან, მოსარჩელის მიმართ ხელშეშლის არსებობის შესახებ და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს.
სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელეები - როგორც მესაკუთრე, უფლებამოსილია მოითხოვოს საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთა სხვა პირებისაგან, მათ შორის მესაკუთრე ს------------ისგან, იმ შემთხვევაში, თუ უტყუარად დადგინდება მოპასუხის მხრიდან ხელყოფა, ან/და უფლებით ბოროტად სარგებლობა. სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, შეისწავლა მოპასუხის მიერ სამოქალაქო უფლების მართლზომიერად გამოყენების საკითხი და მიაჩნია, რომ ს------------ის მხრიდან მოსარჩელეების: ხ------- მ---ის და მ-----------ის მიმართ, უფლების დარღვევა, კერძოდ, საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლა არ დასტურდება, (მაგ; მოწმის ჩვენება, პოლიციის ოქმი და ა.შ); რაც შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია, რადგან სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის ინტერესების უპირატესობა გამოკვეთილი არ არის და მათი მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებელია.
მოსარჩელეებს - ხ------- და მ-----------ებს, შეუძლიათ მოითხოვონ კუთვნილი წილების რეალურად გამიჯვნა, რაც მათ გაუადვილებთ საკუთრებით შეუზღუდავად სარგებლობას.
სსს კოდექსის 248-ე მუხლის თანახმად - სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.
ხ------- და მ-----------ებს, შეგებებული სარჩელით საზიარო უფლების გაუქმებით, რეალური წილის გამოყოფა არ მოუთხოვიათ, ხოლო ხელშეშლა, როგორც აღინიშნა, არ დასტურდება საქმის მასალებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. მოხმობილი ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მამუკა და ხ------- მ---ებმა ვერ შეძლეს დაემტკიცებინათ შეგებებული სარჩელის საფუძვლიანობა, კერძოდ, ს------------ის მხრიდან საკუთრებით სარგებლობაში ხელშეშლის ფაქტი, რაც შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
7. საპროცესო ხარჯები.
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად -
1. პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები.
სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან
დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების
გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით.
7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილით - სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსს კოდექსის 48.2-ე მუხლის საფუძველზე, შეგებებულ სარჩელზე მოსარჩელეს გადაევადა სახ. ბაჟის გადახდა.
სსს კოდექსის 41.1 მუხლის თანახმად, სახ. ბაჟი შედგენს 120 ლარს, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა გადახდეს ხ------- მ---ს და მ-----------ს, რომელიც უნდა ჩაირიცხოს - ქ. ქუთაისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE 22, ანგარიშის ნომერი 200122900, კოდი №300183150;
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხი:
8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 247-248-ე 257-258-ე; 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. უსაფუძვლობის გამო, არ დაკმაყოფილდეს ს------------ის სარჩელი ლ---- მ---ის მიმართ.
2. ს------------ის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი ჩაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
3. დაუსაბუთებლობის გამო, არ დაკმაყოფილდეს ხ------- მ---ის და მ-----------ის შეგებებული სარჩელი ს------------ის მიმართ - ხელშეშლის აღკვეთის შესახებ.
4. ხ------- მ---ს და მ-----------ს სოლიდარულად გადახდეთ სახ. ბიუჯეტის სასარგებლოდ სახ. ბაჟი 120 ლარი, რომელიც ჩაირიცხოს, ქ. ქუთაისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE , ანგარიშის ნომერი 200122900, კოდი №300183150.
5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავს წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
ამ პირებმა გადაწყვეტილება შეიძლება გაასაჩივრონ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძე