გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.06.2019
საქმის ნომერი
080210117001976466
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
12.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/1707-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

16 მაისი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - გოჩა დიდავა

სხდომის მდივანი - ნათია გავაშელაშვილი

მოსარჩელე: თ----- ქ---------–--ე;

მოსარჩელე: რ--------- ჭ----------;

წარმომადგენელი: კ------- გ--–-----ე;

მოპასუხე: შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რ-------------ი“;

წარმომადგენელი: მ------ ბ---------–ი;

დავის საგანი - პირგასამტეხლოს შემცირება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ნოტარიუს ა------ ჯ---------ის მიერ 2017 წლის 05 მაისს გაცემული სააღსრულებო ფურცელი (#1--------) გაუქმდეს ნაწილობრივ პირგასამტეხლოს ნაწილში და განისაზღვროს 431,52 აშშ დოლარით. მოსარჩელის განმარტებით, შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რ-------------“-სა და რ--------- ჭ----------ს შორის 2016 წლის 26 იანვარს გაფორმებული სესხის ხელშეკრულებისა და სესხის უზრუნველსაყოფად თ----- ქ---------–--ესთან გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე 2017 წლის 05 მაისს შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რ-------------მა“ მიმართა ნოტარიუს ა------ ჯ---------ეს სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე. ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის საფუძველზე დაიწყო აღსრულება თ----- ქ---------–--ის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების საჯარო აუქციონზე რეალიზაციის მიზნით. სააღსრულებო საქმეს აწარმოებს კერძო აღმასრულებელი ვ--–---ი გ------–---–ი. გარდა იმისა, რომ სააღსრულებო ფურცელი გაცემულია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, სააღსრულებო ფურცლით მოთხოვნილია პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ გაზრდილი ოდენობა - 2157,63 აშშ დოლარი, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის და სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს 431,52 აშშ დოლარამდე. ანუ მოთხოვნა გაზრდილია 1726,11 აშშ დოლარით, რაც ეროვნულ ვალუტაში დღეის მდგომარეობით 4158,54 ლარს შეადგენს (ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსი 1 აშშ დოლარი - 2,4092 ლარი), რაც მოსარჩელის ისედაც გაუარესებულ ფინანსურ მდგომარეობას კიდევ უფრო მძიმე, ფაქტიურად კაბალურ მდგომარეობაში აყენებს. ასევე გაუგებარია სარგებლის დაანგარიშების და დარიცხვის პრინციპები. არასწორად არის დათვლილი და დარიცხული საპროცენტო განაკვეთი, ასევე დარღვეულია დარიცხვის თანმიმდევრობა, კერძოდ, არცერთ საკრედიტო ხელშეკრულებას არ ახლავს სესხის დაფარვის გრაფიკი, ამიტომაც გაუგებარია დარიცხული საპროცენტო სარგებლის ოდენობა. საერთოდ გაურკვეველია სესხის დაფარვის სისტემა. კრედიტორს დაანგარიშებები გაკეთებულ აქვს თავის შეხედულებისამებრ და არა ხელშეკრულების საფუძველზე. მიუხედავად წერილობითი მიმართვისა, მოპასუხემ არ მიაწოდა სრულყოფილი ინფორმაცია მოსარჩელეებს მათ მიერ განხორციელებულ გადახდებზე. არ აქვთ სასესხო ერთიანი ამონაწერები, რასაც მალავს კომპანია და არ აძლევს მოსარჩელე მხარეს. შემორჩათ მხოლოდ აპარატით გადახდილი ქვითრების ასლები, რომლებზეც წარწერები დროდადრო იშლება და ფაქტიურად შეუძლებელია ნაბეჭდის ამოკითხვა. ამდენად, ითხოვს პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას.

2. მოპასუხის პოზიცია 2.1. მოპასუხე შპს მისო ,,რ-------------ის“ წარმომადგენელი სარჩელს არ ცნობს და უთითებს, რომ სასარჩელო მოთხოვნა არის უსაფუძვლო და სამართლებრივად დაუსაბუთებელი, რის გამოც არ უნდა დაკმაყოფილდეს. მხარეთა შორის გაფორმებულ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებას საფუძვლად უდევს შეთანხმება ისეთი არსებითი პირობის განსაზღვრასთან დაკავშირებით, რომელსაც წარმოადგენს პირგასამტეხლოს ოდენობა და მისი დარიცხვის წესი. მოვალის მიერ სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა დარღვევა გახდა მათი მხრიდან პირგასამტეხლოს როგორც, დამატებითი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძველი. მოსარჩელეთა წინაშე სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის ფარგლებს პირგასამტეხლოს ნაწილში შეადგენს 2157.63 აშშ დოლარი. აღნიშნული თანხის შემცირების მოთხოვნა არაგონივრული და გაუმართლებელია როგორც, მისი სამართლებრივი ბუნების და დანიშნულების გათვალისწინებით, ასევე გაუმართლებელია იმ საკანონმდებლო დანაწესის იგნორირება, რომელშიც იგულისხმება ის მიზანი რომელსაც, ემსახურება შეთანხმებული პირგასამტეხლოს დარიცხვა. 2016 წლის 26 იანვარს შპს მისო „რ-------------სა“ და რ--------- ჭ----------ს შორის გაფორმდა N1---- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, ე.წ. „გენერალური ხელშეკრულება“, რომლითაც განისაზღვრა მხარეთა თანამშრომლობის ფარგლები, კერძოდ, განისაზღვრა საკრედიტო ხაზი 15 000 აშშ დოლარის ოდენობით, სესხის გაცემის მაქსიმალური ვადა 10 წელი, სარგებლის ოდენობა არაუმეტეს წლიური 60%-ისა და პირგასამტეხლოს ოდენობა სესხის ძირითადი თანხის 0.5%-ის ოდენობით. ამ ხელშეკრულების საფუძველზე დადებული ნებისმიერი საკრედიტო ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებების შესრულება უზრუნველყოფილ იქნა გენერალური ხელშეკრულების დანართით 26.01.2016 წლის N1---- იპოთეკის ხელშეკრულებით, კერძოდ, ვალდებულებათა შესრულება უზრუნველყოფილ იქნა თ----- ქ---------–--ის კუთვნილი უძრავი ქონებით, მდებარე: ქ. ქუთაისი, ქუჩა ა. წ--------–ი N101/ქ. ქუთაისი, გამზ. დ. ა----–------–ი N3-5, ბინა N7, (ს/კ 0------------------). აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე 29.12.2016 წელს გაფორმდა N1-----03 საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც კონკრეტული სესხის სამართალურთიერთობის პირობები განისაზღვრა, კერძოდ, მოსარჩელემ ისესხა 13077 აშშ დოლარი, 26.01.2026 წლამდე, რომელსაც ერიცხებოდა სარგებელი წლიური 18%-ის ოდენობით. 29.12.2016 წლის N1-----03 საკრედიტო ხელშეკრულების შესაბამისად მოსარჩელეს ეკისრებოდა საპროცენტო შენატანის განხორციელება ყოველი თვის 29 რიცხვში, სესხის ძირი თანხის 1,5 %-ის ოდენობით, რომელიც შეადგენდა 196,15 აშშ დოლარს. მოსარჩელის მიერ აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სარგებლის გადახდის ვალდებულების დარღვევის თარიღია 30.03.2017 წელი, მათ მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის თარიღია 02.05.2017 წელი. შესაბამისად, მსესხებლის მიერ არ გადახდილა როგორც მარტის და აპრილის თვეების სარგებელი, რომელიც ჯამში შეადგენდა 392,3 აშშ დოლარს, ასევე, ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტამდე დარჩენილი ორი დღის სარგებელი - 13,08 აშშ დოლარის ოდენობით. ნოტარიუს ა------ ჯ---------ის მიერ 2017 წლის 05 მაისს აღსრულების ფურცლის გაცემის საფუძველს წარმოადგენს მოვალის მიერ პირველ ფაქტობრივ გარემოებაში აღნიშნული ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულების დარღვევა, კერძოდ, ამავე ხელშეკრულების საფუძველზე ჯეროვნად და კეთილსინდისიერად სარგებლის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობა, რომელიც მოვალის მიერ 2017 წლის 29 მარტის შემდეგ დარღვეულია. აღნიშნულის შესახებ არაერთხელ ეცნობათ მოსარჩელეებს. ასევე, გაეგზავნათ წერილობითი შეტყობინებები, სადაც ეცნობათ, რომ 2017 წლის 28 აპრილამდე დარღვეული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოხდებოდა ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა და იძულებით თანხის ამოღების პროცედურების დაწყება. მათ მიერ 29.12.2016 წლის N1-----03 საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში პირგასამტეხლოს დარიცხვა ხორციელდებოდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5%-ის ოდენობით. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, მსესხებელთა მიერ განხორციელებული სესხის ძირი თანხის შემცირების ან/და მასზე დარიცხული გადასახადების (პირგასამტეხლო, სარგებელი) გადახდის დანიშნულებით თანხის შეტანისას თითოეული ოპერაცია ფიქსირდება და დეტალურად აისახება შპს მისო ,,რ-------------ის“ პროგრამაში. შესაბამისად, მსესხებელთა დაინტერესების შემთხვევაში როგორც ეს მოხდა მოსარჩელის შემთხვევაში, ხდება მათ მიერ შესრულებულ ოპერაციებთან დაკავშირებით დეტალური ამონაწერის მომზადება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, N1-------- სააღსრულებო ფურცელში განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა (ყოველდღიურად 0.5%) არ არის შეუსაბამოდ მაღალი, იგი მოცემული ოდენობით ნამდვილად ადეკვატურია პრევენციის მიზნებისათვის, ასევე იგი სრულად შეესაბამება სამოქალაქო კოდექსით დადგენილ ახალ რეალობას, კერძოდ ამავე კოდექსის 625-ე მუხლის მე-5 ნაწილს.

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2016 წლის 26 იანვარს შპს მისო „რ-------------სა“ და რ--------- ჭ----------ს შორის გაფორმდა N1---- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრა მხარეთა თანამშრომლობის ფარგლები, კერძოდ, განისაზღვრა საკრედიტო ხაზი 15 000 აშშ დოლარის ოდენობით, სესხის გაცემის მაქსიმალური ვადა 10 წელი, სარგებლის ოდენობა არაუმეტეს წლიური 60%-ისა და პირგასამტეხლოს ოდენობა სესხის ძირითადი თანხის 0.5%-ის ოდენობით. ამ ხელშეკრულების საფუძველზე დადებული ნებისმიერი საკრედიტო ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებების შესრულება უზრუნველყოფილ იქნა გენერალური ხელშეკრულების დანართით (26.01.2016 წლის N1----), იპოთეკის ხელშეკრულებით, კერძოდ, ვალდებულებათა შესრულება უზრუნველყოფილ იქნა თ----- ქ---------–--ის კუთვნილი უძრავი ქონებით, მდებარე: ქ. ქუთაისი, ქუჩა ა. წ--------–ი N101/ქ. ქუთაისი, გამზ. დ. ა----–------–ი N3-5, ბინა N7, (ს/კ 0------------------). აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე 29.12.2016 წელს გაფორმდა N1-----03 საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც კონკრეტული სესხის სამართალურთიერთობის პირობები განისაზღვრა, კერძოდ, მოსარჩელემ ისესხა 13077 აშშ დოლარი, 26.01.2026 წლამდე, რომელსაც ერიცხებოდა სარგებელი წლიური 18%-ის ოდენობით. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - 26.01.2016 წლის N1---- საკრედიტო პროდუქტების მომსახურების შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 27-31); - 26.01.2016 წლის N1---- იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 34-37); - 29.12.2016 წლის N1-----03 საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ. 76-78); - თანხის მიღების ხელწერილი (ს.ფ. 79); 3.1.2. 29.12.2016 წლის N1-----03 საკრედიტო ხელშეკრულების შესაბამისად მოსარჩელეს ეკისრებოდა საპროცენტო შენატანის განხორციელება ყოველი თვის 29 - რიცხვში, სესხის ძირი თანხის 1,5 %-ის ოდენობით, რომელიც შეადგენდა 196,15 აშშ დოლარს. მოსარჩელის მიერ აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარგებლის გადახდის ვალდებულების დარღვევის თარიღია 30.03.2017 წელი. მოპასუხის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის თარიღია 02.05.2017 წელი. შესაბამისად, მსესხებლის მიერ არ გადახდილა როგორც მარტის და აპრილის თვეების სარგებელი, რომელიც ჯამში შეადგენდა 392,3 აშშ დოლარს, ასევე, ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტამდე დარჩენილი ორი დღის სარგებელი - 13,08 აშშ დოლარის ოდენობით. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - 29.12.2016 წლის N1-----03 საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ. 76-78); - გადახდების ამონაწერი (ს.ფ. 202-205; 210-211); 3.1.3. მხარეები არ დავობენ, რომ 2016 წლის 29 დეკემბრის N1-----03 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულება ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში არ იქნა შესრულებული მოსარჩელის მიერ და მას კრედიტორის მიმართ გააჩნია დავალიანება. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - მხარეთა ახსნა-განმარტებები. 3.1.4. 2017 წლის 05 მაისს ნოტარიუსმა ა------ ჯ---------ემ გასცა სააღსრულებო ფურცელი. სააღსრულებო ფურცლით აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა შეადგენს: ა) ძირითადი დავალიანება - 13076 აშშ დოლარი და 53 ცენტი. ბ) პროცენტი: 405 აშშ დოლარი და 38 ცენტი; გ) პირგასამტეხლო: 2157 აშშ დოლარი და 63 ცენტი; დ) ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის გაცემის და განცხადების დადასტურების ხარჯები: 124.36 ლარი; ე) სააღსრულებო წარმოების ხარჯები (ფაქტობრივი ხარჯის შესაბამისად). სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - 2017 წლის 05 მაისის სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 14-16). 3.1.5. კერძო აღმასრულებელ ვ--–---ი გ------–---–ის 2017 წლის 10 მაისის წინადადებით გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, მოვალე რ--------- ჭ----------ს და მესაკუთრე თ----- ქ---------–--ეს მიეცათ შვიდი დღის ვადა, ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული თანხის და სააღსრულებო საფასურის გადახდისთვის. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - კერძო აღმასრულებლის ვ--–---ი გ------–---–ის 2017 წლის 10 მაისის წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (ს.ფ. 41-42).

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა 4.1. საქმეში არსებული მტკიცებულებების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია, კერძოდ, თ----- ქ---------–--ის და რ--------- ჭ----------ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლი, „ნოტარიატის შესახებ'' საქართველოს კანონის 38-ე, მე-40 მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 400-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლები.

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლის მე-31 ნაწილის თანახმად, კრედიტორისა და მესაკუთრის წერილობითი ფორმით დადებულ გარიგებაში მხარეებს შეუძლიათ გაითვალისწინონ, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორისთვის გადაცემა და რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული გარიგება დადასტურებული უნდა იქნეს სანოტარო წესით. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების ვადადამდგარი მოთხოვნის, ქონებაზე უფლების გადაცემის, აგრეთვე დაგირავებულ/იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე იძულებითი აღსრულების მიქცევის მოთხოვნის საფუძველზე, თუ ამაზე არსებობს მხარეთა შეთანხმება და ნოტარიუსის მიერ სანოტარო აქტში წერილობით განმარტებულია სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები. ,,ნოტარიატის შესახებ'' საქართველოს კანონის მე-40-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, ნოტარიუსი სააღსრულებო ფურცელს გასცემს კრედიტორის (მისი უფლებამონაცვლის) წერილობითი განცხადების საფუძველზე. განცხადებას უნდა დაერთოს სანოტარო დოკუმენტი, რომლის საფუძველზედაც განმცხადებელი ითხოვს სააღსრულებო ფურცლის გაცემას, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ მუხლით დადგენილი საფუძვლების არსებობისას ნოტარიუსი სააღსრულებო ფურცელს გასცემს ვალდებულების შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების გამოთხოვის გარეშე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ხოლო, ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება რეალური ხასიათის ხელშეკრულებაა და მისი მონაწილეებიდან ერთი მხარე - მსესხებელი - კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს ხელშეკრულების შესაბამისად მიღებული ფულადი თანხა ან სხვა გვაროვნული ნივთი, ხოლო, მეორე მხარეს - გამსესხებელს - გააჩნია შესაბამისი უფლება მოითხოვოს ნასესხების დაბრუნება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მიხედვით, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. დადგენილია, რომ 2016 წლის 26 იანვარს შპს მისო „რ-------------სა“ და რ--------- ჭ----------ს შორის გაფორმდა N1---- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, ე.წ. „გენერალური ხელშეკრულება“, რომლითაც განისაზღვრა მხარეთა თანამშრომლობის ფარგლები, კერძოდ, განისაზღვრა საკრედიტო ხაზი 15 000 აშშ დოლარის ოდენობით, სესხის გაცემის მაქსიმალური ვადა 10 წელი, სარგებლის ოდენობა არაუმეტეს წლიური 60%-ისა და პირგასამტეხლოს ოდენობა სესხის ძირითადი თანხის 0.5%-ის ოდენობით. ამ ხელშეკრულების საფუძველზე დადებული ნებისმიერი საკრედიტო ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებების შესრულება უზრუნველყოფილ იქნა გენერალური ხელშეკრულების დანართით, 26.01.2016 წლის N1---- იპოთეკის ხელშეკრულებით, კერძოდ, ვალდებულებათა შესრულება უზრუნველყოფილ იქნა თ----- ქ---------–--ის კუთვნილი უძრავი ქონებით, მდებარე: ქ. ქუთაისი, ქუჩა ა. წ--------–ი N101/ქ. ქუთაისი, გამზ. დ. ა----–------–ი N3-5, ბინა N7, (ს/კ 0------------------). აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე 29.12.2016 წელს გაფორმდა N1-----03 საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც კონკრეტული სესხის სამართალურთიერთობის პირობები განისაზღვრა, კერძოდ, მოსარჩელემ ისესხა 13077 აშშ დოლარი, 26.01.2026 წლამდე, რომელსაც ერიცხებოდა სარგებელი წლიური 18%-ის ოდენობით. დადგენილია, რომ 2017 წლის 05 მაისს ნოტარიუსმა ა------ ჯ---------ემ გასცა სააღსრულებო ფურცელი. სააღსრულებო ფურცლით აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა შეადგენს: ა) ძირითადი დავალიანება - 13076 აშშ დოლარი და 53 ცენტი. ბ) პროცენტი: 405 აშშ დოლარი და 38 ცენტი; გ) პირგასამტეხლო: 2157 აშშ დოლარი და 63 ცენტი; დ) ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის გაცემის და განცხადების დადასტურების ხარჯები: 124.36 ლარი; ე) სააღსრულებო წარმოების ხარჯები (ფაქტობრივი ხარჯის შესაბამისად). დადგენილია, რომ 29.12.2016 წლის N1-----03 საკრედიტო ხელშეკრულების შესაბამისად მოსარჩელეს ეკისრებოდა საპროცენტო შენატანის განხორციელება ყოველი თვის 29 რიცხვში, სესხის ძირი თანხის 1,5 %-ის ოდენობით, რომელიც შეადგენდა 196,15 აშშ დოლარს. მოსარჩელის მიერ აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარგებლის გადახდის ვალდებულების დარღვევის თარიღია 30.03.2017 წელი. მოპასუხის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის თარიღია 02.05.2017 წელი. შესაბამისად, მსესხებლის მიერ არ გადახდილა როგორც მარტის და აპრილის თვეების სარგებელი, რომელიც ჯამში შეადგენდა 392,3 აშშ დოლარს, ასევე, ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტამდე დარჩენილი ორი დღის სარგებელი - 13,08 აშშ დოლარის ოდენობით. 6.2. მხარეთა მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა მსესხებლის მიერ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება. როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და შეთანხმებულ ვადაში ფულადი ვალდებულება არ იქნა შესრულებული. აღნიშნულის გამო, კრედიტორმა მოითხოვა პირგასამტეხლოს გადახდა. პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილმა თანხამ შეადგინა - 2157.63 აშშ დოლარი. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ ,,პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. შესაბამისად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის პარალელურად ვალდებულების შესრულების მოთხოვნა დაუშვებელია, თუ, რა თქმა უნდა, დარღვევა ვადაგადაცილებაში არ მდგომარეობს, ხოლო პირგასამტეხლოსთან ერთად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სავსებით შესაძლებელია. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე „ზეწოლის“ განხორციელების ერთგვარი ბერკეტია, ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მიღების მიზნით, კრედიტორი ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იმთავითვე ადგენს კანონით დადგენილი წესით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაბამისად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების პირობებში პირგასამტეხლოს დაკისრება კანონშესაბამისი და მართლზომიერია, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში ვალდებულება არაჯეროვნადაა შესრულებული, რაც პირგასამტეხლოს მოთხოვნის შესაძლებლობას არ გამორიცხავს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას. პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობას და სხვა ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ასევე - კრედიტორის ეკონომიური ინტერესი. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად, პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას, როგორც ზემოთ აღინიშნა, მნიშვნელოვანია, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. განსახილველ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილმა თანხამ შეადგინა - 2157.63 აშშ დოლარი. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არათანაზომიერია მოსარჩელის მიერ ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ სავარაუდო ზიანთან და იგი უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. კერძოდ, მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს 0,1%-მდე და პირგასამტეხლოს სახით რ--------- ჭ----------ს მიერ გადასახდელი თანხა განისაზღვროს 431.52 აშშ დოლარით.

7. საპროცესო ხარჯები 7.1. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იქნა - 125 ლარი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის - 125 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის- 50 ლარის გადახდა, ხოლო ზედმეტად გადახდილი ბაჟი - 50 ლარი მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს ბიუჯეტიდან. 8. 8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ივნისის განჩინებით გამოყენებული იქნა უზრუნველყოფის ღონისძიება, თ----- ქ---------–--ის და რ--------- ჭ----------ს წარმომადგენლის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით შეჩერდა ნოტარიუს ა------ ჯ---------ის მიერ 2017 წლის 5 მაისს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება (№1-------) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, არ არსებობს უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. თ----- ქ---------–--ის და რ--------- ჭ----------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.

2. ნოტარიუს ა------ ჯ---------ის მიერ 2017 წლის 05 მაისს გაცემული სააღსრულებო ფურცელი გაუქმდეს ნაწილობრივ პირგასამტეხლოს ნაწილში და განისაზღვროს 431,52 აშშ დოლარით.

3. მოპასუხე შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რ-------------ს“ თ----- ქ---------–--ის და რ--------- ჭ----------ს სასარგებლოდ დაეკისროს მათ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 125 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის - 50 ლარის გადახდა.

4. დაუბრუნდეს მოსარჩელე თ----- ქ---------–--ეს და რ--------- ჭ----------ს 2017 წლის 15 ივნისს კ-------ი გ--–-----ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (100 ლარიდან) - 50 ლარი, რომელიც ამოირიცხოს შემდეგი ანგარიშებიდან: ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიში TBCBGE22, სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 3-------- (რეფერენსი 1---------).

5. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს ძალაში.

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.

7 გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე გოჩა დიდავა