გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.06.2019
საქმის ნომერი
010210116001443566
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
12.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №010210116001443566

№2-2307/2016წ

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

31 მაისი, 2018 წელი ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - სალიხ შაინიძე

სხდომის მდივანი - ნათია გოგმაჩაძე

მოსარჩელე - შპს ,,ფ---–------ი“ (შპს ,,F--------E” )

წარმომადგენელი - რო-–--------–--–ი

მოპასუხე - შპს ,,ქ----“

მოპასუხე - გ-----------ე

წარმომადგენელი - რა----------------ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. შპს ,,F--------E” სასარჩელო განცხადებით მოითხოვს შპს ,,ქ----“-ს და გ-----------ეს სოლიდარულად დაეკისროთ 12 979 ლარის გადახდა;

1.2. მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ საპროცესო ხარჯების ანაზღაურება, მთლიანობაში 635 ლარის ოდენობით, ასევე იურიდიული მომსახურების საფასური 800 ლარის ოდენობით.

მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელს ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:

- 2016 წლის 23 ივნისს მხარეებს შორის გაფორმდა ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ შპს ,,ქ----“-ს ქირით გადასცა 125 ცალი სამშენებლო მასალა - ფანერა დაწებებული ფირით. ერთი ცალი ფანერას ქირის ფასი განისაზღვრა 15 ლარით. ხელშეკრულება დაიდო 20 დღის ვადით, ერთეულის ფასი -120 ლარი. ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქირის დავალიანება დამქირავებელის მიერ ნაწილობრივ იქნა გადახდილი.

- მხარეები შეთანხმდნენ მასზედ, რომ თუ დამქირავებელი, ქირავნობის ვადის გასვლის შემდეგ მოსარჩელეს არ დაუბრუნებდა ქირავნობის საგანს, ხელშეკრულება ავტომატურად გაგრძელებულად ჩაითვლება და დამქირავებელი ვალდებული იქნება ქირა გადაიხადოს ქირავნობის საგნის სრულ დაბრუნებამდე.

- შეთანხმებული 20 დღის გასვლის შემდეგ მოპასუხემ ფანერები არ დააბრუნა სრულად, რის გამოც ხელშეკრულება გაგრძელებულად ჩაითვალა. ფანერების დაბრუნების თაობაზე არერთგზის მოთხოვნის შემდეგ, მოსარჩელემ 2016 წლის 30 ივლისს ხელშეკრულება შეწყვიტა და მოითხოვა, როგორც ქირავნობის საგნის დაბრუნება, ისე ქირის გადახდა. 2016 წლის 30 ივლისს დაბრუნებული იქნა მხოლოდ 21 ცალი ფანერა დაწებებული ფირით, ხოლო 104 ცალი დღემდე არ არის დაბრუნებული, რომლის საერთო ღირებულებაა 12 480 ლარი.

- მხარეთა შორის გაფორმებული ქირავნობის ხელშეკრულების დანართის შესაბამისად, ქირავნობის ხელშეკრულების 2.1. პუნქტისა და მე-4 მუხლისა, მოპასუხეებს ეკისრებათ ქირავნობის საგნის ღირებულების გადახდის ვალდებულება, 2016 წლის 13 ივლისიდან 2016 წლის 30 ივლისამდე ქირის სახით დავალიანება შეადგენს (ქირის ღირებულება) 252 ლარს, ანუ მხარეთა შორის 2016 წლის 23 ივნისს გაფორმებული ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო დავალიანება მთლიანობაში შეადგენს 12 732 ლარს.

- მხარეებს შორის ასევე 2016 წლის 11 ივლისს გაფორმდა ქირავნობის ხელშეკრულება, რომლითაც გამქირავებელმა დამქირავებელს - შპს „ქ----ს“ მიაქირავა 205 ცალი სამშენებლო ლითონის სამშენებლო დგარი, რომელიც სრული მოცულობით დამქირავებლის მიერ დაბრუნებული იქნა, თუმცა საიჯარო დავალიანება დამქირავებელს სრული მოცულობით არ გადაუხდია და და ამ ნაწილში არსებული დავალიანება შეადგენს 247 ლარს. ზემოთ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით მოპასუხეთა დავალიანება შეადგენს (12 480+252+247=12 979) 12 979 ლარს.

- დასახელებული ქირავნობის ხელშეკრულების მე-4 მუხლის შესაბამისად, ქირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებულ ვალდებულებებზე სრულად, სოლიდარულ ვალდებულებას და პასუხისმგებლობას შპს „ქ----სთან“ ერთად ღებულობს ფიზიკური პირი გ-----------ე.

(იხ. დაზუსტებული სარჩელი, წარმომადგენლის განმარტებები სხდომის ოქმში).

 

2. მოპასუხეების პოზიცია:

 

მოპასუხეები სარჩელს არ ცნობენ. მათი შესაგებელი ემყარება შემდეგ არგუმენტაციას:

2.1. შპს ,,ქ----“ და გ-----------ე სარჩელს არ ცნობენ და განმარტავენ, რომ შპს „ქ----მ“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება შეასრულა კეთილსინდისიერად, მან გადაიხდა ქირის თანხა სრულად და ასევე მის მიერ სრულად იქნა დაბრუნებული 125 ფანერი. სარჩელს უსაფუძვლოდ მიიჩნევენ და მოითხოვენ მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

(იხ. შესაგებლები, წარმომადგენლის განმარტებები სხდომის ოქმში).

 

3. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. 2016 წლის 23 ივნისს შპს ,,F--------E”-ს და შპს ,,ქ----“-ს შორის გაფორმდა სამშენებლო მასალის ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ შპს ,,ქ----“-ს ქირით გადასცა 125 ცალი ფანერა დაწებებული ფირით, ქირა ერთეულზე 15 ლარი, ხელშეკრულება დაიდო 20 დღის ვადით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, დაზუსტებული სარჩელი, შესაგებელები.

- 2016 წლის 23 ივნისის ქირავნობის ხელშეკრულება.

- მიღება-ჩაბარების აქტი.

- მხარეთა განმარტებები სხდომის ოქმში;

 

3.1.2. 2016 წლის 11 ივლისს შპს ,,F--------E”-ს და შპს ,,ქ----“-ს შორის გაფორმდა სამშენებლო მასალის ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ შპს ,,ქ----“-ს ქირით გადასცა 205 ცალი ლითონის სამშენებლო დგარი, ქირა ერთეულზე 4.30 ლარი, ხელშეკრულება დაიდო 1 თვის ვადით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, დაზუსტებული სარჩელი, შესაგებელები.

- 2016 წლის 11 ივლისის ქირავნობის ხელშეკრულება.

- მიღება-ჩაბარების აქტი.

- მხარეთა განმარტებები სხდომის ოქმში;

 

3.1.3. გ-----------ემ მოსარჩელის წინაშე იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა შპს „ქ----ს“ ვალდებულებებზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, დაზუსტებული სარჩელი, შესაგებელები.

- 2016 წლის 23 ივნისის ქირავნობის ხელშეკრულება.

- 2016 წლის 11 ივლისის ქირავნობის ხელშეკრულება.

- მხარეთა განმარტებები სხდომის ოქმში;

 

3.1.4 შპს ,,F--------E”-მ, 2016 წლის 22 ივლისს აღძრა სარჩელი სასამართლოში შპს „ქ----ს“ და გ-----------ის მიმართ და მოითხოვა ქირავნობის საგნის ღირებულების, ასევე ქირის თანხის დაკისრება, მთლიანობაში 15000 ლარის ოდენობით. 2016 წლის 23 აგვისტოს კი მოსარჩელემ აღძრა დაზუსტებული სარჩელი, შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა 12979 ლარამდე, რადგან მისივე მითითებით, სარჩელის აღძვრის შემდეგ მოპასუხემ 2016 წლის 30 ივლისს დააბრუნა გადაცემული 125 ფანერიდან 21 ცალი ფანერა დაწებებული ფირით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, დაზუსტებული სარჩელი;

- მხარეთა განმარტებები სხდომის ოქმში;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მხარეთა შორის სადავოა შემდეგი:

- დაუბრუნა თუ არა მოპასუხემ მოსარჩელეს ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვადებში სრულად ქირავნობის საგნები;

- გადახდილია თუ არა შეთანხმებულ ვადებში ქირის თანხები სრულად.

 

3.2.2. მხარეებს შორის სხვა გარემოებებიცაა სადავო, მაგრამ დავის გადაწყვეტისათვის ზემოაღნიშნული გარემოებების დადგენა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.

 

3.2.3. ფაქტობრივად, მხარეები იძლევიან ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებებს. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით.

 

3.2.4. სასამართლო განმარტავს, რომ სადავო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისზპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. არცერთ მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. მტკიცებულებათა წარმოდგენის მოვალეობას საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დასადგენად, კანონმდებელი აკისრებს იმ მხარეს, რომლისთვისაც ეს უფრო ადვილი და მოსახერხებელია.

 

3.2.5. ამავე კოდექსის 102-ე მუხლი ადგენს მტკიცების ტვირთის განაწილების პროცესუალურ სტანდარტს და ზოგადი წესის თანახმად, თითოეულ მხარეს ევალება მის მიერ მითითებული გარემოების დამტკიცება, თუმცა, ამავე ნორმის მე-3 ნაწილი ყურადღებას ამახვილებს რიგი გარემოებების სათანადო, განკუთვნადი მტკიცებულებებით დადასტურების აუცილებლობაზე. ამგვარი სათანადო მტკიცებულებების სახეს კი, როგორც წესი, მატერიალური კანონმდებლობა განსაზღვრავს.

 

მოსარჩელე მოვალეა დაამტკიცოს ფაქტები, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მის მოთხოვნას, ხოლო იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლებიც ასეთი მოთხოვნის უფლებას გააქარწყლებენ - დაკისრებული აქვს მოპასუხეს. აქვე აღსანიშნავია, რომ მხარეებს შორის, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. ფაქტების დამტკიცებას იწყებს მოსარჩელე, რომელმაც უნდა დაამტკიცოს მის მიერ მოპასუხისადმი წაყენებული მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი. მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელე დაამტკიცებს ამ ფაქტებს, მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო სამართალში მტკიცებულებათა სახეებად განსაზღვრულია მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტანტაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულება და ექსპერტთა დასკვნა. ამავე კოდექსის 105-ე მუხლით კი დადგენილია წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების სტანდარტი, კერძოდ, განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ეყრდნობოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს ეკისრება მოვალეობა ამტკიცოს, რომ მან მოპასუხეს გადასცა ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ქირავნობის საგნები, ხოლო მოპასუხეს კი უნდა დაეკისროს ქირავნობის საგნების სრულად და შეთანხმებულ ვადებში დაბრუნების, ასევე ქირის საზღაურის გადახდის მტკიცების ვალდებულება.

 

ვინაიდან, ხელშეკრულებით არაა განსაზღვრული ქირავნობის საგნების გადაცემის, მიღება-ჩაბარების კონკრეტული წესი, ხელშეკრულება რაიმე პირობაზე ან წესზე მითითებას, რომელიც შეეხება ქირავნობის საგნის უკან დაბრუნებას, არ შეიცავს, - მოსარჩელესაც ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი. შესაბამისად, მოსარჩელემაც უნდა დაამტკიცოს, რომ მოპასუხემ ჯეროვნად არ შეასრულა ქირავნობის ხელშეკრულებით დაკისრებული მოვალეობა და არ დააბრუნა ქირავნობის საგანი სრულად.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მტკიცების ტვირთის ასეთი გადანაწილება მხარეებს შორის არის სამართლიანი.

 

3.2.6. დადგენილია და მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ მოსარჩელემ, ქირავნობის სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე მოპასუხე შპს ,,ქ----ს" გადასცა 125 ცალი ფანერა დაწებებულით ფირით და 205 ლითონის სამშენებლო დგარი. მოსარცელე ამტკიცებს, რომ შპს „ქ----ს“ მიერ დაბრუნებული არ იქნა სრულად ქირავნობის საგანი, მოსარჩელის განმარტებით დაბრუნებულია 21 ცალი ფანერა დაწებებული ფირით და 205 ლითონის სამშენებლო დგარი. მოპასუხე კი სადავოდ ხდის აღნიშნულ გარემობას და განმარტავს, რომ დაბრუნებული იქნა 125 ცალი ფანერა დაწებებული ფირით.

 

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დადგენის მიზნით სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მხარეთა მიერ წარმოდგენილ ინვოისებზე და მოწმის ა-–--------–--ის და გ--–--–----–--ის ჩვენებებზე. აღსანიშნავია, რომ მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა აღნიშნული ინვოისების ნამდვილობა.

 

მოწმე ა-–--------–--ე განმარტავს, რომ მის მიერ განხორციელდა სამშენებლო მასალების ტრანსპორტირება 125 ცალი ფანერის დაწებებულით ფირით და 205 ლითონის სამშენებლო დგარის ბათუმიდან ბეშუმში, შემდეგ კი მის მიერ დაბრუნებული იქნა აღნიშნული სამშენებლო მასალები, ჩამოტანის დროს მიღება-ჩაბარების აქტის შედგენა არ მოხდა, რადგან ფანერები იყო დახვრეტილი, მას როგორც მძღოლს, ჰქონდა სათანადო წესით შედგენილი ორი ინვოისი. (იხ. სხდომის ოქმი).

 

მხრეთა ახსნა-განმარტებებით და მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ შპს „ქ----სთვის“ უცნობი იყო, რომ არ უნდა მომხდარიყო ფანერების დახვრეტა და ვინაიდან მისი მხრიდან განხორციელდა ფანერების დახვრეტა, მას უნდა გადაეხადა 5 ლარით მეტი და მოპასუხემ მოსარჩელე მხარეს შესთვაზა, რომ გადაუხდიდა დამატებით 5 ლარს თითოეულზე. თავდაპირველად, როდესაც სამშენებლო მასალა უკან დააბრუნეს მოსარჩელეს პრეტენზია არ ჰქონია, შემდეგში როდესაც აღმოჩნდა, რომ ფანერები დახვრეტილი იყო, შემდეგ წარმოეშვა მოსარჩელეს პრეტენზია.

 

მოწმე გ--–--–----–--ე, რომელიც არის მოსარჩელის კუთვნილი საწყობის უფროსი, განმარტავს, რომ ზუსტად არ ახსოვს, ქირავნობის საგნები როდის და რამდენი დააბრუნა მოპასუხემ. ასევე მოწმე გ--–--–----–--ე აკეთებეს ურთიერთგამომრიცხავ განმარტებებს, ერთ შემთხვევაში ამბობს, რომ დაბრუნებული საქონლის აღწერას და შემოწმებას ახდენს ბუღალტერი, მეორე შემთხვევაში განმარტა, რომ აკეთებს თვითონ შავ ჩანაწერებს. აქვე აღნიშნავს, რომ საქონლის გადაცემისას ადგენს მიღება-ჩაბარების აქტს, ხოლო უკან მიღებისას მიღება-ჩაბარების აქტი არ დგება (იხ. სხდომის ოქმი).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმეების ჩვენებების ურთიერთშეჯერებით, ასევე წარმოდგენილი წერილობით მტკიცებულებებთან ერთობლიობით, მათი ანალიზის საფუძველზე დგინდება მოპასუხე შპს ,,ქ----ს" მიერ ქირავნობის საგნების სრულად დაბრუნების ფაქტი. სულ სხვა საკითხია, რამდენად ნაკლის მქონე იყო ეს საგნები დაბრუნებისას და ვის უნდა დაეკისროს ამაზე პასუხისმგებლობა, აღნიშნული საკითხი ცალკე დავის საგანია და მოცემულ საქმეზე დავის საგანს არ შეადგენს.

 

შესაბამისად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს ,,ქ----ს" მიერ, წარმოშობილი სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე, მოსარჩელისათვის სრულად იქნა დაბრუნებული ქირავნობის საგანი - 125 ცალი ფანერი დაწებებულით ფირით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ინვოისები;

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- მოწმეთა ჩვენებები;

 

3.2.7. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას იმის თაობაზე, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი გახდა მოპასუხე მხარის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება.

 

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დადგენის მიზნით სასამართლო ასევე აფასებს წარმოდგენილ მტკიცებულებებს, მოპასუხეთა მიერ წარმოდგენილი ინვოისებით, მოწმეთა ჩვენებბით დასტურდება და სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ ხელშეკრულება შეწყდა 2016 წლის 30 ივლისს მოსარჩელისვე ინიციატივით, რადგან მოპასუხემ სრულად არ დააბრუნა ქირავნობის საგანი და არ გადაუხდია მეორე ხელშეკრულების საიჯარო დავალიანება. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი გახდა მოპასუხის მხრიდან ვალდებულების არაჯეროვანი (რაც გამოიხატა ქირავნობის საგნის დაუბრუნებლობაში და საიჯარო ქირის ნაწილის გადაუხდელობაში) შესრულება, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ინვოსისებით და მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ მოპასუხე მხარის მიერ ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებები შესრულებული იქნა სრულად, ჯეროვნად და კეთილსინდისიერად.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ინვოისები;

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- მოწმეთა ჩვენებები;

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა შპს ,,ფ---–------ის“ (შპს ,,F--------E”) სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს, რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

- საქართველოს კონსტიტუცია.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ სამართალწარმოების მიზნის მისაღწევად სავალდებულოა, სასამართლომ საქმის განხილვის მარეგულირებელი პროცესუალური წესების დაცვით, მხარეების მიერ მითითებული ფაქტებისა და გარემოებების სწორი სამართლებრივი ანალიზის გზით, დაადგინოს მოსარჩელის მოთხოვნის მართებულობა. საფუძვლიანია თუ არა სარჩელი, დამოკიდებულია რამდენიმე პირობის არსებობაზე, მათ შორის უპირველესად უნდა მოიძებნოს სამართლის ნორმა, რომელიც მიესადაგება განსახილველ შემთხვევას. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის დადგენის შემდეგ უნდა მოხდეს შემოწმება, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები პასუხობს თუ არა გამოსაყენებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებს (შემადგენლობას). მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა, მატერიალური სამართლის ნორმიდან გამომდინარე კი, სასამართლომ თავადვე უნდა დაადგინოს დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტების (მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების) ამომწურავი წრე, რათა მას არ მოუწიოს იმ გარემოებათა დადგენა, რომლებსაც საქმისათვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვთ, და პირიქით, რათა მთელი სამართალწარმოება საძიებელ ფაქტებზე იქნეს ორიენტირებული. წინამდებარე დავაში შესაძლებელია ზემოთ დასახელებული გარემობებების გარდა, სხვა გარემოებსაც აქვს ადგილი (მაგალითად ძველი სესხების დაფარვა, ვადაგადაცილებები, მოსარჩელის თანამშრომლებისა და ქსენია ქელეშის კონფლიქტები და ა.შ.), მაგრამ სხვა გარემოებებსა და მათ სამართლებრივ შეფასებას, დავის გადაწყვეტისათვის ნიშვნელობა არ აქვს. საქმისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს, ის უდაო და სადაო ფაქტობრივი გარემოებები, რაც სასამართლომ დაახარისხა შესაბამის პუნქტებში, წარმოადგენს თუ არა თანხის დაკისრების საფუძველს. სხვა დანარჩენი საკითხების სამართლებრივ შეფასებას, საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვს.

 

6.2. მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეებმა გადაუხადონ თანხა. სასამართლო განმარტავს, რომ თანხის გადახდას აუცილებლად სჭირდება შესაბამისი ვალდებულების არსებობა. საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

დავის გადაწყვეტისათვის, პირველ რიგში სათანადო შეფასება უნდა მიეცეს მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსს. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. ხელშეკრულების დადების ისინი თავისუფლების პრინციპით სარგებლობენ. მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხეზე შეთანხმდენ. ამისათვის მათ არ ჭირდებათ რაიმე ნებართვა ან სპეციალური შინაარსის დაცვა. მთავარია მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, აკმაყოფილებდეს მორალის ფარგლებს და არ არღვევდეს საჯარო წესრიგს. აღნიშნული პრინციპი გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძვლიდან, რომლის მიხედვითაც კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

 

განსახილველი სარჩელის საფუძვლიანობა და დასაბუთებულობა სასამართლომ შეამოწმა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 531-ე მუხლის თანახმად, ქირავნობის ხელშეკრულებით გამქირავებელი მოვალეა დამქირავებელს სარგებლობაში გადასცეს ნივთი განსაზღვრული ვადით. დამქირავებელი მოვალეა გამქირავებელს გადაუხადოს დათქმული ქირა.

 

6.3. განსახილველ შემთხვევაში, ქირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობა შპს „ფ---–------სა“ და შპს „ქ----ს“ შორის წარმოშობილია 2016 წლის 23 ივნისის და 11 ივლისის ქირავნობის ხელშეკრულებებით. მხარეთა შორის სადავოა ქირავნობის საგნის დაუბრუნებლობით მიყენებული სხვა ზიანის ანაზღაურების საკითხი.

 

სამოქალაქო კოდექსის 567-ე მუხლის თანახმად, „თუ დამქირავებელი ქირავნობის ურთიერთობის დამთავრების შემდეგ უკან არ აბრუნებს გაქირავებულ ნივთს, მაშინ გამქირავებელს უფლება აქვს მოითხოვოს დაყოვნების განმავლობაში დადგენილი ქირის გადახდა, როგორც ზიანის ანაზღაურება.

 

როგორც დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებში აღინიშნა შპს „ფულ ფაუსის"

ქონება შპს “ქ----ს“ უნდა დაებრუნებია ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ. ხელშეკრულების 2.3. პუნქტის თანახმად, გამქირავებელი ვალდებულია დროულად გადასცეს ქირავნობის საგანი დამქირავებელს იმ მდგომარეობით, რომელზედაც შეთანხმდნენ მხარეები. ქირავნობის ხელშეკრულების 2.1. პუნქტისა და მე-4 მუხლისა, მოპასუხეებს ეკისრებათ ქირავნობის საგნის ღირებულების გადახდის ვალდებულება.

 

მხარეთა შორის სადავო არ არის ქონების დაბრუნების დაყოვნებისათვის დათქმული საიჯარო ქირის გადახდის საკითხი. მოსარჩელე ითხოვს ქირავნობის ხელშეკრულებით განსაზღვრული დაუბრუნებელი ქონების ღირებულების და ქირის - 12 979 ლარის ანაზღაურებას.

 

მხარეთა შორის დადებული ქირავნობის ხელშეკრულებით ვადის გასვლის შემდგომ ქონების დაბრუნების საკითხის მოწესრიგება ზოგადი შინაარსისაა, ხელშეკრულების მე-4 მუხლის შინაარსის მიხედვით, ხელშეკრულებით დადგენილი ქირავნობის ვადის გასვლისას ქირავნობის საგანი უნდა დაბრუნდეს, თუმცა დადგენილია, რომ თავის მხრივ, ხელშეკრულება რაიმე პირობაზე ან წესზე მითითებას, რომელიც შეეხება ქირავნობის საგნის უკან დაბრუნებას, არ შეიცავს. შესაბამისად, საკითხი იმის შესახებ, რომელი კონკრეტული წესი დაირღვა დამქირავებლის მიერ, არც საქმის მასალებით და არც ხელშეკრულებით ირკვევა. ამ ვითარებაში კი, სადავო საკითხის რეგულირებისათვის უნდა მივმართოთ უშუალოდ ურთიერთობის მომწესრიგებელ სამართლებრივ დებულებებს, კერძოდ, ზემოთ დასახელებულ ნორმას, რომელიც ახდენს საიჯარო ხელშეკრულების ვადის ამოწურვისას საიჯარო ქონების დაბრუნების სამართლებრივ რეგლამენტაციას. ნორმის მიზნებისათვის, ქირავნობის საგნის დაყოვნებისას, გამქირავებელს აქვს ორგვარი მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი შესაძლებლობა, კერძოდ, მეიჯარეს შეუძლია მოითხოვოს დათქმული ქირის გადახდა ქონების დაბრუნების დაყოვნებისათვის, მას ასევე შეუძლია მოითხოვოს სხვა სახის ზიანის ანაზღაურებაც.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მოითხოვს ხელშეკრულების დათქმული ქირის გადახდას, რადგან სრულად არ მომხდარა ქირავნობის საგნის დაბრუნება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამდენად, ამ ნორმის დანაწესი განსაზღვრავს, თუ რომელი გარემოებები უნდა დამტკიცდეს სამოქალაქო საქმის განხილვის და გადაწყვეტის მიზნით (მტკიცების საგანი) და ვინ, ე.ი. რომელმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ეს გარემოებები (მტკიცების ტვირთი). მტკიცების საგნის განსაზღვრისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სარჩელს და მოპასუხის შესაგებელს: მტკიცების საგანს შეადგენენ ფაქტები, რომლებზეც მოსარჩელე და მოპასუხე ამყარებენ თავიანთ სასარჩელო მოთხოვნებსა და სარჩელის წინააღმდეგ მიმართულ შესაგებელს. კიდევ უფრო მკაფიოდ ეს პოზიცია გამოკვეთილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილში, რომლის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება უნდა განხორციელდეს შეჯიბრებითობის საფუძველზე. ამ პრინციპის თანახმად, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, რომ მათ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, ამასთან შეჯიბრებითობა გულისხმობს მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, განსახილველი კატეგორიის დავაში მოსარჩელეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი. შესაბამისად, მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მოპასუხემ ჯეროვნად არ შეასრულა ქირავნობის ხელშეკრულებით დაკისრებული მოვალეობა და არ დააბრუნა ქირავნობის საგანი სრულად.

 

სასამართლო ეყრდნობა მხარეთა ახსნა-განმარტებებს, მოწმეთა ჩვენებებს, მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და დადგენილად მიიჩნია ფაქტი იმის თაობაზე, რომ მოპასუხის მიერ სრულად მოხდა ქირავნობის საგნის დაბრუნება, ვინაიდან ხელშეკრულებით არ არის განსაზღვრული რაიმე წესი ან პირობა, თუ როგორ უნდა მოხდეს ქირავნობის საგნის უკან დაბრუნება.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს იმგვარი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, რომელიც დაასაბუთებდა ქირავნობის საგნის დაუბრუნებლობის ფაქტს და შესაბამისად მოთხოვნას უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

 

6.4. სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

დასახელებული ქირავნობის ხელშეკრულების მე-4 მუხლის შესაბამისად, ქირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებულ ვალდებულებებზე სრულად, სოლიდარულ ვალდებულებას და პასუხისმგებლობას შპს „ქ----სთან“ ერთად ღებულობს ფიზიკური პირი გ-----------ე.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ ქირავნობის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, მოსარჩელემ გ-----------ესთან დადო ხელშეკრულება. სოლიდარულმა მოვალემ იკისრა ვალდებულება შპს „ქ----სთან“ ერთად პასუხი აგოს ქირავნობის ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე. სოლიდარული ვალდებულება ძირითადი ვალდებულების გარეშე არ არსებობს. ვინაიდან შპს „ფ---–------ს“ უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, აღნიშნული კი გამორიცხავს სოლიდარული მოვალის - გ-----------ის პასუხისმგებლობას. შესაბამისად ამ ნაწილშიც სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის, პირველი წინადადების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 450 ლარი, ხოლო სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე 150 ლარი, რომელიც უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად, რადგან სარჩელი არ იქნა დაკმაყოფილებული.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის

განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ - უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

მოცემულ სამოქალაქო საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 ივლსის განჩინებით გამოყენებული იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გ-----------ეს (პ/ნ 6----------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე: ქ. ბათუმი, ლ-------------ს ქუჩა N-----, ბინა 56, ს/კ 05.27.10.027.01.0--, - გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა. ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს საქ. სსკ-ის 1991-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 1991-ე, 243-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 264-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,ფ---–------ის“ (შპს ,,F--------E”) სარჩელი მოპასუხეების - შპს „ქ----ს“ და გ-----------ის მიმართ, არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვს.

 

3. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გ-----------ეს (პ/ნ 6----------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე: ქ. ბათუმი, ლ-------------ს ქუჩა N-----, ბინა 56, ს/კ #05.27.10.027.01.0--, - გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. №30).

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არ უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე სალიხ შაინიძე