გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/2337-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
20 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს
სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე - ხათუნა კაკაბაძე
სხდომის მდივანი - დალი მახაური
მოსარჩელე - ბე------------------–-–---–ი
წარმომადგენელი - სო------------–-ა
მოპასუხეები - შპს „მ-----“, ნუ---------–-----ე
შსპ ,,მ-----ს" წარმომადგენელი - სალომე სურგულაძე
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ნუ---------–-----ესა და შპს „მ-----ს“ ბე------------------–-–---–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ, მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით - 1375 ლარის გადახდა.
1.2. ნუ---------–-----ესა და შპს „მ-----ს“ ბე------------------–-–---–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ევაკუატორის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 93 ლარის გადახდა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2016 წლის 13 ოქტომბერს ღამის საათებში შპს „მ-----ს“ კუთვნილი ბმვ-ს მარკის ავტომანქანით, სახ. ნომერი A--------, ქ. თბ--–--–----------–---–--------ზე მოძრაობდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ნუ---------–-----ე, რომელმაც დაარღვია მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 116-ე მუხლის მე-7 ნაწილი და შეეჯახა მოსარჩელის კუთვნილ სუბარუს მარკის ავტომანქანას. ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, მოსარჩელემ მიიღო სხეულის დაზიანება, რომლის შედეგადაც დაიწყო გამოძიება. საქმეზე დაინიშნა ექსპერტიზები. ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნებით დადგენილია, რომ ავტოსატრანსპორტო შემთხვევა გამოწვეული იყო ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ნუ---------–-----ის ბრალეულობით. ასევე, დადგინდა, რომ ბე------------------–-–---–ის კუთვნილმა ავტომანქანამ მიიღო 1375 ლარის ზიანი. გარდა ამისა, მოსარჩელის განმარტებით, მის მიერ გადახდილ იქნა სსიპ 112-ის ევაკუატორით მომსახურებისათვის 93 ლარი.
ვინაიდან ავტოსატრანსპორტო საშუალება მიეკუთვნება მომეტებული საფრთხის წყაროს, დამრღვევ მძღოლთან ერთად მიყენებული ზიანისათვის პასუხი უნდა აგოს ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრემაც. მით უფრო დადგენილია, რომ ნუ---------–-----ე ნასვამ მდგომარეობაში მართავდა ავტომანქანას. შპს „მ-----მ“ ნუ---------–-----ისათვის ავტომანქანის (მომეტებული საფრთხის წყაროს) გადაცემით პასუხისმგებლობაც აიღო მის მიერ მიყენებულ ზიანზე, რის გამოც მათ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ნუ---------–-----ემ შესაგებელი არ წარმოადგინა, ხოლო მოპასუხე შპს „მ-----მ“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ავტომანქანა BMW 530-ის მესაკუთრეს წარმოადგენდა შპს „მ-----“, რადგანაც ავტომანქანა იყო ლიზინგის საგანი, ხოლო მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ლიზინგის საგანზე საკუთრების უფლება უნდა იყოს რეგისტრირებული ლიზინგის გამცემზე. შპს „მ-----სა“ და ნუ---------–-----ეს შორის გაფორმებული ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე, აღნიშნული ავტომანქანა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, მფლობელობასა და სარგებლობაში ჰქონდა გადაცემული ლიზინგის მიმღებს - ნუ---------–-----ეს. სწორედ ის იყო ავტომანქანის პირდაპირი მფლობელი. შესაბამისად, ნუ---------–-----ე არის პასუხისმგებელი მის მფლობელობაში მყოფი ავტომანქანის ექსპლუატაციის შედეგად მიყენებულ ზიანზე. მართალია, შპს „მ-----“, როგორც ავტომანქანის მესაკუთრე, არის მისი არაპირდაპირი მფლობელი, თუმცა სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის მიზნებისათვის ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის ბრალის გარეშე პასუხისმგებლობა უნდა განიმარტოს სწორედ მისი პირდაპირი მფლობელის პასუხისმგებლობად, ანუ იმ პირის პასუხისმგებლობად ვინც ახორციელებს ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 13 ოქტომბერს, დაახლოებით 23:50 საათზე, ქ. თბ--–--–--------------–---–ის ქუჩაზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რა დროსაც ერთმანეთს შეეჯახნენ ნუ---------–-----ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი „ბმვ“, სახელმწიფო ნომრით A-------- და სო------------–-ას მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი „სუბარუ“, სახელმწიფო ნომრით O--------. შემთხვევის შედეგად დაზიანდა სო------------–-ას მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი „სუბარუ“, სახელმწიფო ნომრით O--------.
ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია ნუ---------–-----ის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევამ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-დადგენილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ (იხ. ს.ფ. 18-19);
- მოწმის დაკითხვის ოქმი (იხ. ს.ფ. 21-23);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);
3.1.2. ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, სამართალდამრღვევ მძღოლად ცნობილ იქნა ნუ---------–-----ე და საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამართველოს 25.11.2016წ. დადგენილებით დაედო ადმინისტრაციული სახდელი. კერძოდ, შეუჩერდა მართვის უფლება 25/11/2016-დან 36 თვის ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ (იხ. ს.ფ. 17);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);
3.1.3. ავტომანქანა - „სუბარუ“, სახელმწიფო ნომრით O--------, რომელსაც ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მართავდა სო------------–-ა, წარმოადგენს მოსარჩელე ბე------------------–-–---–ის საკუთრებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);
3.1.4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2016 წლის 16 ნოემბრის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილ ავტომობილზე „SUBARU LEGACY B4” სახელმწიფო ნომრით O-------- მიყენებული მატერიალური ზიანის საორიენტაციო ოდენობა შეადგენს - 1375 ლარს.
მოსარჩელემ, ასევე გადაიხადა 112-ის ევაკუატორების მომსახურების საფასური - 93 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ექსპერტიზის დასკვნა (იხ. ს.ფ. 29-31);
- სს „ლი------------ის“ ამონაწერი (იხ. 20.05.2019წ. სხდომის ოქმზე დართული მტკიცებულება);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);
3.1.5. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, ავტომანქანა - „ბმვ“, სახელმწიფო ნომრით A--------, წარმოადგენდა შპს „მ-----ს“ საკუთრებას, რომელსაც მასსა და ნუ---------–-----ეს შორის 2016 წლის 25 აგვისტოს დადებული ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე, მფლობელობაში ჰქონდა გადაცემული ნუ---------–-----ისათვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ (იხ. ს.ფ. 36);
- ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება (იხ. 54-64);
- ავტომობილის გადაცემის ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 65);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა ბე------------------–-–---–ის სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ნაწილობრივ შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 408-409-ე, 463-464-ე, 992, 999-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.
ამდენად, სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი ვალდებულებითი ურთიერთობა - დელიქტური ვალდებულებითი ურთიერთობისათვის გათვალისწინებული წესებით უნდა მოწესრიგდეს.
6.2. მოსარჩელე წარმოდგენილი სარჩელით მოითხოვს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის მოპასუხეთათვის სოლიდარულად დაკისრებას. თუმცა, მოპასუხე შპს „მ-----“ სადავოდ ხდის მის სოლიდარულ ვალდებულებას. შესაბამისად, მოთხოვნის ლეგიტიმურობის დადგენამდე, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს გამოარკვიოს არის თუ არა სახეზე მოპასუხეთა სოლიდარული ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
ამდენად, სსკ-ის 464-ე მუხლი ქართულ სამოქალაქო სამართალში სოლიდარული ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს არეგულირებს. იგი ამომწურავად ადგენს (Numerus Clausus) სოლიდარული ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს: ხელშეკრულებას, კანონს, ვალდებულების საგნის განუყოფლობას და გამორიცხავს სხვა საფუძვლით სოლიდარული ვალდებულების წარმოშობას. ხოლო სსკ-ის 463-ე მუხლი, კი ზუსტად განსაზღვრავს იმ კრიტერიუმებს, რომელთა არსებობის შემთხვევაში მოვალეები სოლიდარულ მოვალეებად ჩაითვლებიან. ამავდროულად იგი სოლიდარული ვალდებულების შემადგენელ აუცილებელ ელემენტებსაც განსაზღვრავს.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მოპასუხეთა სოლიდარული ვალდებულების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ავტომანქანას - „ბმვ“, სახელმწიფო ნომრით A--------, მართავდა მოპასუხე ნუ---------–-----ე, რომელიც ცნობილ იქნა სამართალდამრღვევ მძღოლად, ხოლო ავტომანქანის მესაკუთრეს, ამ დროისათვის წარმოადგენდა შპს „მ-----“. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს შემდეგს:
დადგენილია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, ავტომანქანა - „ბმვ“, სახელმწიფო ნომრით A--------, წარმოადგენდა შპს „მ-----ს“ საკუთრებას, რომელსაც მასსა და ნუ---------–-----ეს შორის 2016 წლის 25 აგვისტოს დადებული ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე, ავტომანქანა მფლობელობაში ჰქონდა გადაცემული ნუ---------–-----ისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ პირი სატრანსპორტო საშუალებას იყენებს მფლობელის ნებართვის გარეშე, იგი ვალდებულია მფლობელის ნაცვლად აანაზღაუროს ზიანი. ამასთან, მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, თუ სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შესაძლებელი გახდა მისი ბრალის გამო. ამ ნაწილის პირველი წინადადება არ გამოიყენება, თუ მოსარგებლე მფლობელის მიერ დანიშნულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად, ან თუ ეს სატრანსპორტო საშუალება მას გადაცემული ჰქონდა მფლობელისაგან.
ამდენად, მითითებული ნორმის პირველი წინადადება გამორიცხავს მფლობელის პასუხისმგებლობას, თუკი ნივთი მისი მფლობელობიდან გავიდა მისი ნებართვისა და ბრალის გარეშე. მფლობელის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საწინააღმდეგო დანაწესს ამკვიდრებს ამავე მუხლის ბოლო წინადადება. იგი დისპოზიციური ხასიათის დებულებაა, რომლის მიხედვითაც, მფლობელის პასუხისმგებლობის წარმოშობის ერთ-ერთ წანამძღვარს წარმოადგენს მფლობელის მიერ ნივთის მოსარგებლისთვის გადაცემა.
დასახელებული ნორმის მიზნებიდან გამომდინარე განმარტებას საჭიროებს „მფლობელის“ ცნება, რომელიც არ უნდა იქნეს გაიგივებული სანივთო-სამართლებრივ მფლობელის ინსტიტუტთან. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლი სპეციალური ურთიერთობის მომწესრიგებელი ქცევის წესია და ერთგვარად საგამონაკლისო ხასიათის ნორმაცაა, იმდენად, რამდენადაც განსაზღვრავს ბრალის გარეშე პასუხისმგებლობის წარმოშობის საფუძვლებს. სწორედ ამითაა განპირობებული, რომ პასუხისმგებლობა ზიანისათვის ყოველთვის ეკისრება სატრანსპორტო საშუალების მფლობელს, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იყო ზიანის უშუალო მიმყენებელი, ვისი ბრალით იყო გამოწვეული ზიანი. პასუხისმგებლობის ამ წესით განსაზღვრა და პასუხისმგებელ სუბიექტთა სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის მეოთხე ნაწილით დადგენილი კლასიფიკაცია განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალება წარმოადგენს მომეტებული საფრთხის წყაროს და ნორმის მიზნიდან გამომდინარე მფლობელად მიჩნეულ უნდა იქნას პირი, რომელიც ფაქტობრივად, სივრცობრივად კავშირი აქვს და სრულად აკონტროლებს (ახდენდეს მანქანის გამრთულობის, მისი შეკეთებისა, თუ სარგებლობისათვის საჭირო ყველა მოქმედების განხორციელებას) და ასევე, წარმოდგენილ შემთხვევაში მართლზომიერად ფლობს ნივთს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ პასუხისმგებლობის სუბიექტთა დიფერენცირება სამართალურთიერთობის როგორც ფაქტობრივი, ისე იურიდიული ელემენტების გათვალისწინებით უნდა მომხდეს. ლიზინგის ხელშეკრულებით ლიზინგის მიმღები მესაკუთრისამებრ ფლობს ნივთს, აღიჭურვება ნივთის მესაკუთრის უფლებებში და რაც ძალზე მნიშვნელოვანია, ამგვარი ურთიერთობის ფარგლებში მისთვის გარანტირებულია (კანონის საფუძველზე) ნივთით სარგებლობის შედეგად მატერიალური სიკეთის მიღების შესაძლებლობა (სსკ-ის 576-ე მუხლი). აღნიშნული მახასიათებლებით ლიზინგის მიმღების უფლებები უთანაბრდება მოიჯარის უფლებებს და ხშირად ადგილი აქვს ლიზინგისა და საიჯარო ურთიერთობების გაიგივებას. სალიზინგო ურთიერთობაში აღიარებული პრინციპების მიხედვით ლიზინგის მიმღები ეკონომიკური/იურიდიული მესაკუთრის სტატუსით არის ცნობილი. ლიზინგის ხელშეკრულება ორმხრივი ხელშეკრულებაა, ლიზინგის გამცემსა და ლიზინგის მიმღებს შორის თანმხვედრი უფლებებითა და მოვალეობებით. შესაბამისად, რადგან ლიზინგის მიმღები უფლების თვალსაზრისით უთანაბრდება მესაკუთრეს, მანვე უნდა ზღოს მომეტებული საფრთხის წყაროს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების ტვირთი.
ამდენად, ლიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე მფლობელობის გადაცემა იმგვარი იურიდიული მნიშვნელობის მქონე მოქმედებაა, რომელიც დელიქტური ვალდებულებისაგან ათავისუფლებს მომეტებული საფრთხის წყაროს მესაკუთრეს. (იხ. სუსგ. საქმე №ას-1453-1373-2017, 09.03.2017წ.)
ზემოთ აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, ვინაიდან მოპასუხე ნუ---------–-----ეს შპს ,,მ-----სგან“ ავტომობილი გადაცემული ჰქონდა ლიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე და ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მის მიზანს წარმოადგენდა ამ ავტომობილზე საკუთრების უფლების მოპოვება, მასზე მფლობელობის გადაცემით, ნუ---------–-----ეზე გადავიდა ამ ავტომობილიდან გამომდინარე მომეტებული საფრთხის რისკი. შესაბამისად, პასუხისმგებლობის ტვირთის მატარებელ მხარეს მოცემულ შემთხვევაში, წარმოადგენს სწორედ მოპასუხე ნუ---------–-----ე, რაც გამორიცხავს მასთან ერთად შპს „მ-----ს“ სოლიდარულ პასუხისმგებლობას.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბე------------------–-–---–ის სარჩელი შპს „მ-----ს“ მიმართ უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
6.3. რაც შეეხება ბე------------------–-–---–ის მოთხოვნას ნუ---------–-----ის მიმართ, სასამართლო განმარტავს შემდეგს:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992–ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი, ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, ნებისმიერმა პირმა უნდა აანაზღაუროს მის მიერ მიყენებული ზიანი. პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული მუხლი განაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას.
უპირველეს ყოვლისა გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. ზიანი შეიძლება გამოიხატოს პირადი ქონების დაზიანებაში ან განადგურებაში. ანდა ისეთ ქმედებაში, როდესაც პირი კარგავს მის კუთვნილ ქონებას. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი ადგენს პრინციპს, რომლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრული მოცულობით. ანაზღაურება შესაძლებელია, განხორციელდეს როგორც ფულადი, ისე სხვა ნებისმიერი ფორმით. ამ შემთხვევაში მთავარია, რომ დაზარალებული პირის ინტერესები სრული მოცულობით იყოს დაკმაყოფილებული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი. ამავე კოდექსის 408-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს სამოქალაქო სამართლის ზოგადი პრინციპიდან (პასუხისმგებლობა მიყენებული ზიანის გამო პირს ეკისრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი მოქმედება არის ბრალეული) განსხვავებულ - სატრანსპორტო საშუალების მომხმარებლის ისეთ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას, რა დროსაც მისი დაკისრებისათვის ბრალეულობა სავალდებულო არ არის. ამ გამონაკლისს საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ სატრანსპორტო საშუალება პოტენციური საფრთხის წყაროა და მისი მოხმარება განაპირობებს შედარებით მაღალი ხარისხით საზიანო შედეგების დადგომის შესაძლებლობას, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი საქმიანობისას. ავტოსატრანსპორტო საშუალების ამგვარი თვისების გამო იგი მომეტებული საფრთხის წყაროდაა მიჩნეული და, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოხმარება სამართლებრივად ნებადართულია, პასუხისმგებლობა მომეტებული საფრთხის წყაროდან მომდინარე ზიანისათვის, ჩვეულებრივი სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობასთან შედარებით უფრო მკაცრია - ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელს ბრალის მიუხედავად ეკისრება. აღნიშნული გამოწვეულია იმ მატერიალური ობიექტების ფლობითა და სარგებლობით (ექსპლუატაციით ან ნებისმიერი ფორმით მისი გამოყენებით), რომელსაც განსაკუთრებული ხარისხობრივი თვისება აქვთ და ადამიანის მხრიდან მასზე სრული კონტროლის დამყარება შეუძლებელია.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2016 წლის 13 ოქტომბერს, დაახლოებით 23:50 საათზე, ქ. თბ--–--–--------------–---–ის ქუჩაზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რა დროსაც ერთმანეთს შეეჯახნენ ნუ---------–-----ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი „ბმვ“, სახელმწიფო ნომრით A-------- და სო------------–-ას მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი „სუბარუ“, სახელმწიფო ნომრით O--------. შემთხვევის შედეგად დაზიანდა სო------------–-ას მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი „სუბარუ“, სახელმწიფო ნომრით O--------. ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია ნუ---------–-----ის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევამ. დადგენილია, ასევე, რომ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, სამართალდამრღვევ მძღოლად ცნობილ იქნა ნუ---------–-----ე და მას 25.11.2016წ. დადგენილებით დაედო ადმინისტრაციული სახდელი. კერძოდ, შეუჩერდა მართვის უფლება 25/11/2016-დან 36 თვის ვადით. ამდენად, ნუ---------–-----ის მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედების შედეგად, დაზიანდა ბე------------------–-–---–ის კუთვნილი ავტომანქანა.
ამასთან, საქმეში არსებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2016 წლის 16 ნოემბრის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილ ავტომობილზე „SUBARU LEGACY B4” სახელმწიფო ნომრით O-------- მიყენებული მატერიალური ზიანის საორიენტაციო ოდენობა შეადგენს - 1375 ლარს. ასევე უდავოა, რომ მოსარჩელემ გადაიხადა 112-ის ევაკუატორების მომსახურების საფასური - 93 ლარი. შესაბამისად, ზიანის მიმყენებელი ვალდებულია აანაზღაუროს დამდგარი ზიანი.
ამდენად, სახეზეა დელიქტური ვალდებულების ყველა წინაპირობა და შესაბამისად სარჩელის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი. კერძოდ, მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. დადგენილია, ასევე მოსარჩელისათვის მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა, რის გამოც, წარმოდგენილი სარჩელი მოპასუხე ნუ---------–-----ის მიმართ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, მოპასუხე ნუ---------–-----ეს მოსარჩელე ბე------------------–-–---–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით - 1375 ლარისა და ევაკუატორის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების მიზნით - 93 ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილ იქნა - 50 ლარი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
აღნიშნული ნორმის გათვალისწინებით, ვინაიდან ბე------------------–-–---–ის სარჩელი ნუ---------–-----ის მიმართ დაკმაყოფილდა სრულად ამ უკანასკნელს უნდა დაეკისროს, მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 50 ლარის ანაზღაურება.
მოსარჩელე ასევე მოითხოვს მის მიერ გაწეული დამატებითი ხარჯის, კერძოდ შსს მომსახურებს სააგენტოში სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემისათვის გადახდილი საფასურის 20 ლარის მოპასუხისათვის დაკისრებას. მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს სს „ლი------------ის“ ქვითარი (იხ. ს.ფ. 37), რომლითაც დასტურდება მის მიერ ზემოთ აღნიშნული ხარჯის გაწევის ფაქტი, რის გამოც სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, ნუ---------–-----ეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯის - 20 ლარის ანაზღაურება.
7.2. მოპასუხე შპს „მ-----“ ითხოვს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურებას დავის საგნის 4%-ის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე შპს „მ-----ს“ არ წარმოუდგენია მის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება, რის გამოც სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
განსახილველ საქმეში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ბე------------------–-–---–ის სარჩელი შპს „მ-----სა“ და ნუ---------–-----ის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. მოპასუხე ნუ---------–-----ეს მოსარჩელე ბე------------------–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს, მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით - 1375 ლარის გადახდა.
1.2. მოპასუხე ნუ---------–-----ეს მოსარჩელე ბე------------------–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს ევაკუატორის მომსახურების საფასურის - 93 ლარის გადახდა.
2. მოპასუხე ნუ---------–-----ეს მოსარჩელე ბე------------------–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარისა და მოსარჩელის მიერ გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯის - 20 ლარის გადახდა.
3. ბე------------------–-–---–ის სარჩელი შპს „მ-----ს“ მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალიწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გდაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადა ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
6. განემარტოთ მხარეებს, რომ ვინაიდან განხილულ დავაში, დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 2 000 ლარს, გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.
მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე