განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №110100119002905681
№1/54-2019
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 ივნისი, 2019 წელი ქ.ზესტაფონი
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ზურაბ ბალავაძე
სხდომის მდივანი - თამარ გელაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - კ---- ს------;
დაცვის მხარე:
ადვოკატი - გ--------- ჩ--------;
ბრალდებული - ჯ------- ს-------, დაბადებული 1----–-–--------------, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნ-------------------), ს-–----–----------–-----------, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ზ-----------------------------–------–-------ი; ამჟამად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის N2 დაწესებულების პატიმარი;
კვალიფიკაცია: 1) საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტი (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად); 2) საქართველოს სსკ 236-ე მუხლის მე-3 ნაწილი (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა); 3) საქართველოს სსკ 236-ე მუხლის მე-4 ნაწილი (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება);
სხდომის სახე - ღია.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. ჯ------- ს-------მ, დაუდგენელ პირებთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით, განიზრახა ზესტაფონის რაიონის სოფელ ბ----–---- და მომიჯნავე სოფლებში მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე მოვაჭრე ნ----- გ--------ის ფულადი თანხის ყაჩაღურად დაუფლება. მოქმედებდნენ რა ერთიანი განზრახვით, ჯ------- ს-------, მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა ნ----- გ--------ს და დაიბარა ზესტაფონის რაიონის სოფელ რ----ს ტერიტორიაზე გამავალ ზესტაფონი - ჭიათურის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, თითქოსდა სამი სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მიყიდვის მიზნით. 2018 წლის 10 დეკემბერს, დაახლოებით 08:00 საათზე, ნ----- გ--------ი, ხ------- მ------------ს მართვის ქვეშ მყოფი, FORD TRANSIT-ის მარკის, სახელმწიფო ნომრით „-------- მიკროვატობუსით შეთანხმებისამებრ მივიდა ზესტაფონის რაიონის სოფელ რ----ში გამავალ სააავტომობილო გზაზე, სადაც, მას, დახვდა ჯ------- ს-------, დაუდგენელ პირთან ერთად და შესთავაზა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სანახავად ჩასულიყვნენ იმავე სოფელში, რის გამოც ჩასხდნენ ხ------- მ------------ს მართვის ქვეშ მყოფ მიკროავტობუსში და გზა განაგრძეს სოფელ რ----ს საავტომობილო გზაზე, ტყის მასივის ტერიტორიაზე. ჯ------- ს-------მ და მასთან ერთად მყოფმა დაუდგენელმა პირმა, შეაჩერებინეს მანქანა, ჩამოვიდნენ, რის შემდეგაც ჯ------- ს-------მ თანნაქონი 7.62 მმ. კალიბრის „ТТ“ კონსტრუქციის პისტოლეტიდან, ხოლო დაუდგენელმა პირმა, ასევე, თანნაქონი პისტოლეტის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ნ----- გ--------ს და ხ------- მ-----------ს აიძულეს ძირს დაწოლა და ფულადი თანხის გადაცემა. რის შემდეგაც, მათ შეუერთდათ სამი შეიარაღებული ნიღბიანი პირი, რომლებმაც სიცოხლისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, მოსთხოვეს მათ ფულადი თანხის გადაცემა. ნ----- გ--------ს ხელები შეუკრეს ე.წ. "ხამუთით", თავზე ჩამოაცვეს პარკი და ურტყამდნენ იარაღის ტარს თავში და აიძულებდნენ ფულადი თანხის გადაცემას, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით. ამავდროულად ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ ხ------- მ-----------ს. აღნიშნული ქმედებების შედეგად, თავდამსხმელები, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ ნ----- გ--------ის კუთვნილ ფულად თანხას 6185 ლარის ოდენობით.
2. ჯ------- ს-------მ, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა 7.62 მმ. კალიბრის „ТТ“ კონსტრუქციის პისტოლეტი, რომელიც მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას. აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი 2018 წლის 10 დეკემბერს, ჯ------- ს-------მ, გამოიყენა ნ----- გ--------სა და ხ------- მ-----------ზე ყაჩაღური თავდასხმის დროს. ასევე, ჯ------- ს-------მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ქარხნული წესით დამზადებულ 1930 წლის ნიმუშის 7.62 მმ კალიბრის ვაზნას, რომლის გასროლილი მასრაც ამოღებულ იქნა 2018 წლის 10 დეკემბერს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს.
3. ჯ------- ს-------მ, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და შენახული 7.62 მმ. კალიბრის „ТТ“ კონსტრუქციის ცეცხლსასროლ იარაღი და აღნიშნული იარაღისათვის განკუთვნილი ქარხნული წესით დამზადებული 1930 წლის ნიმუშის 7.62 მმ კალიბრის ვაზნა, 2018 წლის 10 დეკემბერს ატარა, ზესტაფონის რაიონის სოფელ რ----ს ტერიტორიაზე.
4. ჯ------- ს-------მ წარდგენილ ბრალდებებში თავი სრულად ცნო დამნაშავედ, გულწრფელად აღიარა და მოინანია ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა.
5. წინასასამართლო სხდომაზე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებულ არცერთ მტკიცებულებას სადავოდ არ ხდიდნენ და როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარე, სრულად დაეთანხმა აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ წინასასამართლო სხდომაზე საქმეზე მოპოვებული არცერთი მტკიცებულება მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, ისინი სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, როგორც პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.
6. სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).
7. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ (2014 წლის 24 აპრილი, განაცხადი No. 9043/05, პარ 91) განმარტა: იმისათვის, რომ უფლებაზე უარის თქმა კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი იყოს, აუცილებელია, აღნიშნული განხორციელდეს აშკარა და არაორაზროვანი ფორმით და, ასევე, უზრუნველყოფილი იყოს დაცვის მინიმალური გარანტიები. გარდა ამისა, უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს (აგრეთვე იხ.: სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, პარ 135-136, Scoppola v. Italy, (no. 2) [GC], no. 10249/03, 17.09.09; პოიტრიმოლი საფრანგეთის წინააღმდეგ, პარ 31, Poitrimol v. France, 23 November 1993, Series A no. 277-A; ჰერმი იტალიის წინააღმდეგ, პარ 73, Hermi v. Italy [GC], no. 18114/02, ECHR 2006 XII).
8. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი, თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
9. სასამართლოს მიაჩნია, რომ ჯ------- ს------ის მიერ დანაშაულების ჩადენას, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, უტყუარად ადასტურებს შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობა: დაზარალებულების - ნ----- გ--------ის და ხ------- მ------------ს გამოკითხვის ოქმები; მოწმეების - ნ--- შ-------–---–--, თ---------- მ--–---------, ი--- ს------ის, პ---–- ს------ის, ი----- ს--–----, ა---------– ვ---------, გ------- მ-----–---–--, ა----------ს, მ---–---- ქ-–------, დ----- დ-------–---–--, მ-------- ნ-----–---- და შ----- ფ---------- გამოკითხვის ოქმები; ბრალდებულ ჯ------- ს------ის გამოკითხვის ოქმი; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ფოტოსურათები; ფოტოსურათებით ამოცნობის ოქმები; პირის ამოცნობის ოქმები; ინფორმაციის გამოთხოვის ოქმი; დათვალიერების ოქმები; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი; სასამართლო სამედიცინო, დაქტილოსკოპიური, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნები და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
10. სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნულ ეჭვის გამომრიცხავ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულია ჯ------- ს------ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.
სამართლებრივი შეფასება:
11. სასამართლო განმარტავს, რომ ყაჩაღობის საშიშროება მეტად მაღალია, იგი არა მარტო ქონების ხელყოფაში გამოიხატება, არამედ თვით ამ ხელყოფის ხასიათში - თავდასხმასა და ისეთი ძალადობის გამოყენებაში, რომელიც საშიშია ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის, ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარაში. ყაჩაღობა ორობიექტიანი დანაშაულია. იგი ერთდროულად ხელყოფს როგორც ადამიანის საკუთრების უფლებას, ისე მის ჯანმრთელობას. ყაჩაღობის შემადგენლობაში ეს ორი ობიექტი ძირითადია. ობიექტური მხრივ ყაჩაღობა გამოიხატება თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის დასაუფლებლად, რასაც თან ერთვის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ანდა ასეთი ძალადობის მუქარა. თავდასხმის ცნებაში უნდა ვიგულისხმოთ დაზარალებულისათვის დამნაშავის უეცარი, აგრესიული მოქმედება, რომელიც დაკავშირებულია ძალადობასთან. თუმცა მოულოდნელობის მიუხედავად, როგორც წესი თავდასხმის ფაქტი, რომელსაც თან ერთვის ფიზიკური ძალადობა, კარგად არის გაცნობიერებული დაზარალებულის მიერ, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება თავდასხმის ფაქტი მის მიერ არც იყოს გააზრებული. თავდასხმა და მის შედეგად უშუალოდ განხორციელებული ძალადობა ორი განუყოფელი აგრესიული აქტის ერთიანობაა. თავდასხმა არის ყაჩაღობის პირველი ეტაპი, რომელიც წინ უსწრებს ძალადობას და გულისხმობს, სწრაფ და აგრესიულ მოქმედებას, მიმართულს დაზარალებულის წინააღმდეგ, ხოლო მეორე ეტაპია ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, სადაც თავდასხმა ორგანულად არის გაერთიანებული ძალადობასთან. ფიზიკური ძალადობა, გამოყენებული ყაჩაღობის დროს საშიში უნდა იყოს ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობისათვის. დამნაშავის მიერ გამოყენებული ძალადობის ხარისხის განსასაზღვრავად, მხედველობაში უნდა იყოს მიღებული არა მარტო ჯანმრთელობისათვის მიყენებული დაზიანების შედეგი, არამედ მისი ხანგძლივობა, ინტენსივობა, დანაშაულის ჩადენის იარაღი, საშუალება და სხვა. ყაჩაღობის დროს მუქარა უნდა იყოს იმწუთიერი და რეალური, მისი გამოვლენის ფორმას არა აქვს პრინციპული მნიშვნელობა. იგი შეიძლება გამოიხატოს სიტყვიერად, ჟესტით, მოქმედებით, მაგალითად ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღის დემონსტრირებით. დაზარალებული დარწმუნებული უნდა იყოს ან ყოველ შემთხვევაში, საფუძვლიანი ეჭვი უნდა ჰქონდეს იმისა, რომ ეს მუქარა რეალიზებული იქნება, თუ იგი ქონების გადაცემის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს. ამიტომ მუქარის მიზანია დაზარალებულის ნების პარალიზება ან დროებით მისი დათრგუნვა და ამით ძალადობრივი გზით ქონების დაუფლება. დამნაშავის მიერ ქონების დასაუფლებლად იარაღის იმიტაციის გამოყენება, რომელსაც გარეგნული მსგავსება აქვს იარაღის ანალოგიასთან, მაგრამ არ შეიძლება სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენება, მაინც ძალადობად უნდა მივიჩნიოთ, თუ ეს იარაღი მსხვერპლის მიერ ნამდვილ იარაღად აღიქმება. სათამაშო იარაღის დემონსტრირებაც კი უარყოფითად მოქმედებს დაზარალებულზე, მას ეუფლება შიშის გრძნობა და იგი იძულებულია დათმოს ქონება. დანაშაულებრივი ქმედების ყაჩაღობად კვალიფიკაციისათვის მუქარის ხარისხის განსასაზღვრად კონკრეტული საქმის ყველა გარემოებათა შესწავლა სავალდებულოა. ამისთვის გათვალისწინებული უნდა იყოს ყაჩაღური თავდასხმის ადგილი, დრო, იმ საგნის თვისება, რომელიც გამოყენებულია განუსაზღვრელი მუქარის განსახორციელებლად, როგორ აღიქვამს მას დაზარალებული და სხვა. ყაჩაღობის საშიშროებიდან გამომდინარე, იგი ფორმალურ დანაშაულთა რიცხვს მიეკუთვნება და დამთავრებულია ყაჩაღური თავდასხმის მომენტიდან, იმისდა მიუხედავად შეძლო თუ არა დამნაშავემ სხვისი ქონების დაუფლება. ყაჩაღობის სუბიექტური მხარე პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს თავისი მოქმედების საშიშროება და ის ზიანი, რაც შეიძლება მიადგეს დაზარალებულს და სურს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლოს მის ქონებას.
დანაშაულის დამამძიმებელი გარემოებაა, ქმედება ჩადენილი ჯგუფის მიერ. საქართველოს სსკ 27-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეუთანხმებლად ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი. სასამართლო განმარტავს, რომ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის დროს აუცილებელი არ არის ყველა თანაამსრულებელმა გამოიყენოს ისეთი ძალადობა, რომელიც საშიშია ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის. საკმარისია მათგან თუნდაც ერთმა მიმართოს ამგვარ ძალადობას და ეს ფაქტი სხვა თანამონაწილეთა განზრახვითაც იყოს მოცული.
12. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისაგან სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი უშიშროება. საქართველოს სახელმწიფო განეკუთვნება იმ სახელმწიფოთა რიცხვს, სადაც იარაღი ამოღებულია თავისუფალი სამოქალაქო ბრუნვიდან. მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღის ზოგიერთი სახეობის შეძენაა შესაძლებელი პოლიციის ნებართვით. ამგვარი ნებართვის გარეშე მისი შეძენა მართლსაწინააღმდეგოა და ისჯება სისხლის სამართლის კანონით. დანაშაულის საგანია ცეცხლსასროლი იარაღი (გარდა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა (თოფისა)), საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ნივთიერება ან ასაფეთქებელი მოწყობილობა. ნებისმიერი აღნიშნული ნივთი დანაშაულის საგნად ჩაითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ვარგისია გამოყენებისათვის. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ცეცხლსასროლი იარაღი არის - იარაღი, რომელშიც ჭურვი ან საფანტის ჭურვები მიმართულ მოძრაობას იწყებს დენთის ან სხვა მუხტის წვისას გამოყოფილი ენერგიის შედეგად და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან მექანიკურად დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად. იარაღის შეძენა იქნება მართლსაწინააღმდეგო, თუ იგი ხორციელდება „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა გულისხმობს კანონის დარღვევით მის ყიდვას, სხვა ნივთში გაცვლას, ვალში ჩათვლას, ნაჩუქარის მიღებას, ნაპოვნის დაუფლებას და სხვა. შეძენა დამთავრებულია, როცა პირს მიეცემა ამ იარაღის განკარგვის შესაძლებლობა. ხოლო შენახვა გულისხმობს იარაღისათვის ადგილსამყოფელის მიჩენას იმ პირის მიერ, ვისაც მისი შენახვის კანონიერი უფლება არ აქვს. მართლსაწინააღმდეგო შენახვა შეიძლება მოხდეს საცხოვრებელ ბინაში, სარდაფში, ავტოფარეხში, მიწაში და ასე შემდეგ. ამ დროს მთავარია პირმა ისეთ ადგილას შეინახოს იარაღი, რომ შეეძლოს მისი გამოყენება, როცა დასჭირდება. აღნიშნული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვაში. მართლსაწინააღმდეგო შეძენა ხორციელდება მოქმედებით, ხოლო შენახვა როგორც მოქმედებით, ისე უმოქმედობით. ბრალის ფორმულირების მიხედვით დანაშაული განზრახია. პირს გაცნობიერებული აქვს, რომ კანონიერი ნებართვის გარეშე შეიძენს და ინახავს (და ასე შემდეგ) სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლში ჩამოთვლილ საგნებს და სურს ეს.
13. საქართველოს სსკ 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით, მაკვალიფიცირებელი გარემოებაა ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა (თოფისა)), საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარება. იარაღის კანონიერი ტარების უფლება აქვს იარაღის მესაკუთრეს და იარაღით მოსარგებლეს. „იარაღის შესახებ“ კანონის თანახმად, იარაღის მესაკუთრეა პირი, რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს იარაღის ფლობის, განკარგვისა და იარაღით სარგებლობის უფლება. იარაღით მოსარგებლე კი არის პირი, რომელსაც იარაღი გადაცემული აქვს დროებითი სარგებლობისათვის, სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად. იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება გამოიხატება იარაღთან ერთად გადაადგილებაში, როდესაც პირს ამის კანონიერი უფლება არა აქვს. ეს შეიძლება განხორციელდეს ტანსაცმლით, ჩანთით, მანქანით, რომლითაც მოძრაობს და ასე შემდეგ. იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება მომეტებული საშიშროების შემცველია, ვიდრე მისი მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა. ტარების დროს პირს აქვს ფაქტობრივი შესაძლებლობა დაუყოვნებლივ გამოიყენოს იგი.
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ განხორციელებული ქმედებებით ჯ------- ს-------მ ჩაიდინა: 1) ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით); 2) ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით); 3) ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით);
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
15. ჯ------- ს------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებს, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
16. საქართველოს სსსკ 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
17. საქართველოს სსკ 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრების მის მისწრაფებას - აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს უნდა დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჯ------- ს-------ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო იზიარებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის (2016 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება N54-აპ-16, სამოტივაციო ნაწილი, პარაგრაფი N3) განმარტებას, რომ „საქართველოს სსკ 39-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. საკასაციო პალატა, ასევე, იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ საქართველოს სსკ 39–ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური“. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის პიროვნებას - ნასამართლობის არ მქონეა, არ არის შემჩნეული ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში და აღნიშნული ქმედების ჩადენის შემდგომ არ არის კონფლიქტში კანონთან. ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედების ხარისხის მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალად შერაცხული და სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება მომეტებულად საზოგადოებრივად საშიში ხასიათისაა და ამ ტიპის დანაშაულების შემდგომი პრევენცია საჭიროებს განსაკუთრებულ კონტროლს და ზოგადად სახელმწიფოს მხრიდან მკაცრ მიდგომებს, მათ შორის სასჯელთან მიმართებაშიც. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ჯ------- ს------ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე, ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით; საქართველოს სსკ 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით; საქართველოს სსკ 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით; საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა უნდა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ ჯ------- ს-------ს (დანაშაულთა ერთობლიობით) სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით. სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული სასჯელით, უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს სსკ 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა.
ნივთიერი მტკიცებულებები:
18. საქმეზე დართული საგნებისა და ნივთების ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-20, 21-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებითა და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ჯ------- ს------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სსკ 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ ჯ------- ს-------ს (დანაშაულთა ერთობლიობით) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით;
ჯ------- ს------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს;
ჯ------- ს-------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 14 დეკემბრიდან;
საქმეზე დართული საგნები და ნივთები: 2018 წლის 10 დეკემბერს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ერთი ცალი, ლატუნისფერი გასროლილი მასრა - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
2018 წლის 10 დეკემბერს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული პლასტმასის ხამუთი; ასანთის კოლოფი მოწითალო ფერის ლაქებით; მოწითალო ფერის ლაქის ნიმუში; სიგარეტის ნამწვი; მოწითალო ფერის ერთი ცალი ხელთათმანი, შავი ჩანართებით; პლასტმასის ხამუთი და მუყაოს კოლოფი ინგლისურენოვანი წარწერებით; ავტომანქანის საბარგულიდან ამოღებული მოწითალო ფერის ლაქის ნიმუში; ავტომანქანის საბარგულიდან ამოღებული ხამუთის სამი ცალი ფრაგმენტი; ავტომანქანის საბარგულიდან ამოღებული მოყვითალო ფერის პოლიეთილენის პარკი მოწითალო ფერის ლაქებით; ავტომანქანის საბარგულის მარჯვენა და მარცხენა კარების სახელურებიდან აღებული ანაწმენდის ნიმუში; ავტომანქანის სალონის მარჯვენა და მარცხენა კარების გარე და შიდა სახელურებიდან, საჭიდან და გადაცემათა კოლოფის ბერკეტიდან აღებული ანაწმენდის ნიმუში; ავტომანქანის სალონის მარჯვენა და მარცხენა სავარძლის ზედაპირებიდან და საზურგიდან აღებული მიკრონაწილაკები და სავარძლის შალითის ნიმუში; ავტომანქანის მარჯვენა კარების გარე მხრიდან აღებული ხელის სამი კვალი; ავტომანქანის მარცხენა კარების გარე მხრიდან ამოღებული ხელის ოთხი კვალი - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
ხ------- მ------------ს ორივე ხელის ანაბეჭდის, ხელის ანაწმენდის და ნერწყვის ნიმუშები - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
ნ----- გ--------ის ნერწყვის და მარცხენა ხელის ანაბეჭდის ნიმუშები - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
ნ----- გ--------თან ჩატარებული ამოღების შედეგად ამოღებული რვეული - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
ავტომანქანა ფოლკსვაგენ ჟუკის, სახელმწიფო ნომრით--------, დათვალიერების დროს, ავტომანქანის მარცხენა და მარჯვენა კარების გარე სახელურებიდან აღებული ორი ანაწმენდის ნიმუში; საჭის ზედა რკალიდან, საჭის შუა ნაწილიდან, საჭის ქვედა რკალიდან; მარჯვენა და მარცხენა კარების შიდა სახელურებიდან, ხელის მუხრუჭის ბერკეტიდან და სიჩქარეთა გადამრთველი ბერკეტიდან აღებული შვიდი ანაწმენდი; წინა მარცხენა მხარის ტყავის სავარძლის დასაჯდომიდან და საზურგედან, წინა მარჯვენა მხარის დასაჯდომიდან და საზურგიდან, უკანა მარცხენა მხარის დასაჯდომიდან და საზურგედან, ასევე, უკანა მარჯვენა მხარის დასაჯდომიდან და საზურგიდან აღებული მიკრონაწილაკები; მარცხენა კარების გარე ზედაპირიდან აღებული ხელის კვლები ორ დაქტილობარათზე, მარცხენა კარების საქარე მინის გარე ზედაპირიდან აღებული ხელის კვლები ერთ დაქტილობარათზე და ამავე კარების შიდა სახელურიდან აღებული ერთი ხელის კვალი დაქტილობარათზე - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
ჯ------- ს------ის ნერწყვის და ორივე ხელის ანაბეჭდის ნიმუშები - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
ავტომანქანის საბარგულიდან ამოღებული ჭრელი ადიელა და ჭრელი ბალიში; ავტომანქანის საბარგულიდან ამოღებული მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი; ავტომანქანის სალონიდან ამოღებული მოშავო ფერის ქურთუკი მოთეთრო ფერის ზოლებით, მოლურჯო ფერის ჯინსის ქურთუკი, ჭრელი პირსახოცი და მოშავო-მოწითალო ფერის ჩუსტები, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
ბრალდებულის დაკავებისას ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული FAIRPHONE-ის მობილური ტელეფონი, მასში გააქტიურებული სიმბარათის ნომრით -------------; სამი ცალი ას ლარიანი კუპიურა, სამი ცალი ხუთ ლარიანი კუპიურა, ერთი ცალი ოც ლარიანი კუპიურა, რომელიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს ჯ------- ს-------ს ანდა მისი ოჯახის წევრს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
ამოღების შედეგად ამოღებული ავტომანქანა ფოლკსვაგენ ჟუკი, სახელწმიფო ნომრით--------, რომელიც განთავსებულია თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების ეზოში - დაუბრუნდეს მესაკუთრეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
ნ----- გ--------თან ჩატარებული ამოღების შედეგად ამოღებული ტანსაცმელი - მოშავო ფერის ჯინსის შარვალი, მოშავო ფერის ქამარი, მოშავო სვიტრი, ჭრელი სვიტრი, რომლებიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში - დაუბრუნდეს ნ----- გ--------ს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
2018 წლის 10 დეკემბერს შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
ავტომანქანა ფოლკსვაგენ ჟუკის, სახელწმიფო ნომრით--------, დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათები დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
სსიპ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოდან გადმოგზავნილი აუდიო ინფორმაცია დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
ცნობად იქნეს მიღებული, რომ 2018 წლის 10 დეკემბერს შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ფორდ ტრანზიტის მარკის ავტომანქანა, სახელწმიფო ნომრით--------, ხელწერილით ჩაბარებული აქვს მეპატრონეს;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ზურაბ ბალავაძე