გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
საქმე #2/1844-19
28 მაისი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე სოსო ღურწკაია
სხდომის მდივანი ანდრო მაღრაძე
მოსარჩელე გ---------------
წარმომადგენლები: ე---------------–---, მ-------------
მოპასუხე წარმომადგენლები: შპს ,,ს-------------------" ი-----–------------, ნ------------–-
დავის საგანი საავტორო უფლების აღიარება, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. გ---------------- საავტორო უფლების აღიარება გადაცემაზე ,,ს------------–-", რომლის სატელევიზიო ეთერში გადაცემას 2014-2016 წლებში ახორციელებდა შპს ,,ს-------------------"; 1.2. შპს ,,ს-------------------ს" (საიდენტიფიკაციო კოდი #2--------) სახელზე სასაქონლო ნიშნის - ,,ს------------–-" (საიდენტიფიკაციო ნომერი #8------, რეგისტრაციის ნომერი #2----), რეგისტრაციის ბათილად ცნობა. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2014 წლის 10 ივლისს, გ---------------ს და შპს ,,ს-------------------ს" შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გ--------------- დასაქმებული იქნა შპს ,,ს-------------------ს" კომერციული დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე, შეთავსებით გადაცემების - ,,ს------------–-" და ,,ბ------------------", ავტორი და კონსულტანტი. 2015 წლის 10 ივლისს, მხარეთა შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლითაც შრომითი ხელშეკრულება გაგრძელდა განუსაზღვრელი ვადით. ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების თანახმად, მოსარჩელე განსაზღვრული პერიოდულობით ახორციელებდა საავტორო გადაცემების მომზადებას, რომლის მაუწყებლობასაც ახდენდა მოპასუხე - შპს ,,ს-------------------". ამდენად, გ---------------- საავტორო უფლება გადაცემაზე - ,,ს------------–-", წარმოიშვა 2014 წლიდან. შპს ,,ს-------------------მ" განცხადებით მიმართა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა სიტყვიერი სასაქონლო ნიშნის - ,,ს------------–-", დარეგისტრირება. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის 2016 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილებით სიტყვიერი სასაქონლო ნიშანი - ,,ს------------–-", რეგისტრირებული იქნა შპს ,,ს-------------------ს" სახელზე. სასაქონლო ნიშანი რეგისტრირებული იქნა ნიცის კლასიფიკაციის 38-ე და 41-ე კლასებში განსაზღვრული მომსახურების მიმართ. სასაქონლო ნიშნის მოპასუხის სახელზე რეგისტრაცია განხორციელდა მოსარჩელის ნებართვის გარეშე. მოპასუხემ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია განახორციელა არაკეთილსინდისიერი განზრახვით და ამით უხეშად დაარღვია მოსარჩელის საავტორო უფლებები. მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული სასაქონლო ნიშანი არათუ მსგავსი, არამედ მოსარჩელის საავტორო უფლების ობიექტის დასახელების იდენტურია, რაც მომხმარებლის ცნობიერებაში აღრევას იწვევს. გადაცემა ,,ს------------–-" დავის სასამართლოში განხილვის დროისთვის გადაიცემა სხვა არხის სატელევიზიო ეთერით. იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე სადავო სასაქონლო ნიშნით დაიწყებს სატელევიზიო გადაცემის ტრანსლირებას, ადგილი ექნება აღრევას მომხმარებლის ცნობიერებაში და მნიშვნელოვნად გაიზრდება მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სარჩელით მოითხოვა: 1) აღიარებული იქნეს გ---------------- საავტორო უფლება გადაცემაზე ,,ს------------–-", რომლის სატელევიზიო ეთერში გადაცემას 2014-2016 წლებში ახორციელებდა შპს ,,ს-------------------"; 2) ბათილად იქნეს ცნობილი შპს ,,ს-------------------ს" (საიდენტიფიკაციო კოდი #2--------) სახელზე სასაქონლო ნიშნის - ,,ს------------–-" (საიდენტიფიკაციო ნომერი #8------, რეგისტრაციის ნომერი #2----), რეგისტრაცია. (იხ. სარჩელი, ტომი 1, ს. ფ. 4-15, იხ. 2019 წლის 16 მაისის სასამართლოს სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია მოპასუხე შპს ,,ს-------------------" სარჩელს არ ცნობს. მოპასუხის შესაგებელი ემყარება შემდეგ გარემოებებს: მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული სასაქონლო ნიშანი - ,,ს------------–-", ცალკე აღებული არ წარმოადგენს საავტორო უფლების ობიექტს. რაც შეეხება ამავე დასახლების გადაცემას, იგი წარმოადგენს საავტორო უფლების ობიექტს. 2014 წლის 10 ივლისიდან 2016 წლის 31 მაისამდე გ--------------- დასაქმებული იყო შპს ,,ს-------------------ში", სხვადასხვა პოზიციაზე. 2014 წლის 22 აპრილიდან 2016 წლის 30 მაისამდე შპს ,,ს-------------------ს" კუთვნილ სატელევიზიო არხზე გადიოდა გადაცემა დასახელებით - ,,ს------------–-". აღნიშნული სატელევიზიო გადაცემის ავტორი არის გ---------------. ამასთან, გ---------------ს და შპს ,,ს-------------------ს" შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების 2.2.11. პუნქტის თანახმად, გ---------------მ ნაწარმოების ავტორის ქონებრივი უფლებები შრომითი ურთიერთობის განმავლობაში სატელევიზიო ეთერში გასულ გადაცემებზე გადასცა შპს ,,ს-------------------ს". ამდენად, 2014-2016 წლებში შპს ,,ს-------------------ს" კუთვნილ სატელევიზიო არხზე გასულ გადაცემებზე ავტორის ქონებრივი უფლებები ეკუთვნის შპს ,,ს-------------------ს", რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა 2014-2016 წლებში დამზადებულ გადაცემაზე ავტორის ქონებრივი უფლებების აღიარების თაობაზე უსაფუძვლოა. რაც შეეხება მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას პირადი არაქონებრივი უფლების აღიარების ნაწილში, მოთხოვნის ამ ნაწილში დავის საგანი არ არსებობს, რაც თავის მხრივ გამორიცხავს მოსარჩელის იურიდიული ინტერესის არსებობას. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, მოსარჩელის მოთხოვნა სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობის თაობაზე უსაფუძვლოა, რადგან სადავო სასაქონლო ნიშანს შპს ,,ს-------------------" ორი წლის განმავლობაში იყენებდა როგორც თავისი სატელევიზიო პროგრამის დასახელებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხემ მიმართა საქპატენტს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოთხოვნით. მოპასუხის მიერ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია არ განხორციელებულა არაკეთილსინდისიერი განზრახვით. მოპასუხის მიზანს წარმოადგენდა კუთვნილი სატელევიზიო პროდუქტის დასახელების დაცვა მესამე პირების უკანონო გამოყენებისგან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარემ მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. (იხ. შესაგებელი, ტომი 1, ს.ფ. 53-61, იხ. 2019 წლის 16 მაისის სასამართლო სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2014 წლის 10 ივლისს, გ---------------ს და შპს ,,ს-------------------ს" შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გ--------------- დასაქმებული იქნა შპს ,,ს-------------------ს" კომერციული დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე, შეთავსებით გადაცემების - ,,ს------------–-" და ,,ბ------------------", ავტორი და კონსულტანტი. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 2.2.11. პუნქტის თანახმად, ყველა ის ინფორმაცია, მონაცემები, საბუთები, ჩანაწერები და შედეგები, რომელთაც დასაქმებული მოიპოვებს ან შექმნის თავისი სამუშაო ვალდებულებების შესრულების პროცესში, წარმოადგენს დამსაქმებლის საკუთრებას (მათ შორის საავტორო და მომიჯნავე უფლებების ობიექტებზე/ნაწარმოებებზე). 2015 წლის 10 ივლისს გაფორმებული შეთანხმებით შპს ,,ს-------------------ს" და გ---------------ს შორის შრომითი ურთიერთობა გაგრძელდა განუსაზღვრელი ვადით. 2016 წლის 31 მაისს, შპს ,,ს-------------------ს" დირექტორის ბრძანების საფუძველზე, მხარეთა შორის დადებული შრომითი ხელშეკრულება შეწყდა. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - 2014 წლის 10 ივლისის ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 24-30) - 2015 წლის 10 ივლისის შეთანხმება (ტომი 1, ს.ფ. 32) - შპს ,,ს-------------------ს" დირექტორის 2016 წლის 31 მაისის ბრძანება (ტომი 1, ს.ფ. 34) - მხარეთა ახსნა-განმარტება 3.1.2. გ--------------- არის სატელევიზიო გადაცემა - ,,ს------------–-", ავტორი. 2014-2016 წლებში ,,ს------------–-" გადაიცემოდა შპს ,,ს-------------------ს" კუთვნილი სატელევიზიო არხის ეთერში. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: - მხარეთა ახსნა-განმარტება 3.1.3. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში შპს ,,ს-------------------ს" სახელზე რეგისტრირებულია სასაქონლო ნიშანი - ,,ს------------–-". სასაქონლო ნიშანი რეგისტრირებულია ნიცის კლასიფიკაციის 38-ე და 41-ე კლასებში განსაზღვრული მომსახურების (კავშირგაბმულობა; მომსახურება, რომელიც არსობრივად მდგომარეობს რადიო ან სატელევიზიო პროგრამების გადაცემაში; სატელევიზიო და რადიო პროგრამების მომზადება) მიმართ. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: - ამონაწერი სასაქონლო ნიშნების რეესტრიდან (ტომი 1, ს.ფ. 37)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს ,,ს-------------------ს" მიერ სასაქონლო ნიშნის - ,,ს------------–-", რეგისტრაცია განხორციელდა არაკეთილსინდისიერი განზრახვით, რასთან დაკავშირებითაც სასამართლოს მსჯელობა მოცემულია გადაწყვეტილების 6.1. პუნქტში.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სასამართლოს მიაჩნია, რომ გ---------------- სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის მე-5, მე-6, მე-9 და 59-ე მუხლები, ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 და 28-ე მუხლები, ,,სამრეწველო საკუთრების დაცვის“ პარიზის კონვენციის პირველი, მე-6, 10bis მუხლები, „ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ“ შეთანხმების პირველი და მე-15 მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 და 115-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება 6.1. ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საავტორო უფლება ვრცელდება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე, რომლებიც წარმოადგენს ინტელექტუალურშემოქმედებითი საქმიანობის შედეგს, განურჩევლად ნაწარმოების დანიშნულებისა, ავკარგიანობისა, ჟანრისა, მოცულობისა, გამოხატვის ფორმისა და საშუალებისა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საავტორო უფლება ვრცელდება ნაწარმოებზე, რომელიც არსებობს ობიექტური ფორმით, მიუხედავად იმისა, მოხდა თუ არა მისი გამოცემა ან საჯარო გაცნობა. ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ" ქვეპუნქტის მიხედვით, მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებია აუდიოვიზუალური ნაწარმოები. ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საავტორო უფლება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე წარმოიშობა მათი შექმნის მომენტიდან. ნაწარმოები შექმნილად ითვლება, როდესაც იგი გამოხატულია რაიმე ობიექტური ფორმით, რაც მისი აღქმისა და რეპროდუცირების საშუალებას იძლევა. აღსანიშნავია, რომ ნაწარმოების ავტორად ყოფნა გულისხმობს საავტორო უფლების ობიექტზე როგორც პირადი არაქონებრივი უფლებების, ასევე ქონებრივი უფლებების არსებობას. ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის 59-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტის მიხედვით, საავტორო უფლების მფლობელს, მომიჯნავე უფლებების მფლობელს ან მონაცემთა ბაზის დამამზადებელს უფლება აქვს, დამრღვევისგან მოითხოვოს უფლების აღიარება. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ გ--------------- 2014 წლიდან ამზადებდა სატელევიზიო გადაცემას სახელწოდებით - ,,ს------------–-". ამდენად, მოსარჩელე წარმოადგენს სატელევიზიო გადაცემის სახელწოდებით - ,,ს------------–-", ავტორს. სადაო არ არის ასევე, რომ 2014 წლის 10 ივლისს, გ---------------ს და შპს ,,ს-------------------ს" შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება და გ--------------- დასაქმებული იქნა შპს ,,ს-------------------ს" კომერციული დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე (შეთავსებით გადაცემების ,,ბ------------------ს" და ,,ს------------–--" ავტორი და კონსულტანტი). მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა შეწყდა 2016 წლის 31 მაისს. 2014-2016 წლებში, შრომითი ურთიერთობის ვადის განმავლობაში, გ---------------- მიერ მომზადებული სატელევიზიო გადაცემის სახელწოდებით - ,,ს------------–-", სატელევიზიო ეთერში გადაცემას ახორციელებდა შპს ,,ს-------------------". საქმის განხილვისას მხარეებმა დაადასტურეს, რომ 2014 წლის 10 ივლისის ხელშეკრულების 2.2.11. პუნქტის საფუძველზე, გ---------------მ, როგორც სატელევიზიო გადაცემის ავტორმა, შრომითი ურთიერთობის ვადის განმავლობაში მომზადებულ სატელევიზიო გადაცემებზე ნაწარმოების ავტორის ქონებრივი უფლებები გადასცა შპს ,,ს-------------------ს". ამდენად, უდაოა, რომ შპს ,,ს-------------------ს" კუთვნილ სატელევიზიო არხზე 2014-2016 წლებში გასულ სატელევიზიო გადაცემაზე სახელწოდებით - ,,ს------------–-", ქონებრივი უფლებები ეკუთვნოდა შპს ,,ს-------------------ს". აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ გ---------------მ მოპასუხეს გადასცა ნაწარმოების ავტორის პირადი არაქონებრივი უფლებები. მოპასუხე მხარე მიუთითებდა, რომ სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში მოსარჩელეს იურიდიული ინტერესი არ გააჩნდა და ამ საფუძვლით ითხოვდა საქმის წარმოების შეწყვეტას. სასამართლოს 2019 წლის 19 აპრილის განჩინებით მოპასუხე მხარის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა (იხ. სასამართლოს 2019 წლის 19 აპრილის განჩინება). სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, გადაწყვეტილებაშიც განმარტოს მოსარჩელის იურიდიული ინტერესის თაობაზე. სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის იურიდიული ინტერესი საავტორო უფლებების აღიარებასთან დაკავშირებით უკავშირდება მის სასარჩელო მოთხოვნას სადავო სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობის თაობაზე. მოსარჩელეს გააჩნია ინტერესი სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს მისი საავტორო უფლების აღიარება, რადგან როგორც დავის არსებითი განხილვის შედეგად გამოიკვეთა, სწორედ მოსარჩელის საავტორო უფლების აღიარება არის განმსაზღვრელი სადაო სასაქონლო ნიშნის არაკეთილსინდისიერი განზრახვით დარეგისტრირებულად შესაფასებლად (იხ. გადაწყვეტილების 6.2. პუნქტი). ამასთან, სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს: მოსარჩელე ითხოვს აღიარებულ იქნას მისი საავტორო უფლება გადაცემაზე ,,ს------------–-", რომლის სატელევიზიო ეთერში გადაცემას 2014-2016 წლებში ახორციელებდა შპს ,,ს-------------------". საავტორო უფლება მოიცავს, როგორც ავტორის არაქონებრივ უფლებებს, ასევე ქონებრივ უფლებებს. დადგენილია, რომ 2014-2016 წლებში მომზადებულ გადაცემებზე ქონებრივი უფლებები გ---------------მ გადასცა შპს ,,ს-------------------ს". ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ---------------- მოთხოვნა საავტორო უფლების აღიარების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. კერძოდ, აღიარებული უნდა იქნეს გ---------------- პირადი არაქონებრივი უფლებები გადაცემაზე ,,ს------------–-", რომლის სატელევიზიო ეთერში გადაცემას 2014-2016 წლებში ახორციელებდა შპს ,,ს-------------------". 6.2. წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე ითხოვს მოპასუხის სახელზე სასაქონლო ნიშნის - ,,ს------------–-", რეგისტრაციის ბათილად ცნობას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ამ ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს, მის მიერ მითითებული და დადასტურებული გარემოებების საფუძველზე წარმოადგენს ,,სასაქონლო ნიშნების“ შესახებ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტი. ,,ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდენტული სამართლით, სასაქონლო ნიშანი, ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად მისი რეგისტრაციის მომენტიდან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით დაცულ ,,ქონებას“ წარმოადგენს, შესაბამისად, რეგისტრაციის პროცედურების დასრულების შემდგომ, სასაქონლო ნიშანი ხდება საკუთრების ობიექტი და მასზე ვრცელდება დაცვის ყველა სამართლებრივი რეგულაცია (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება Anheuser-Busch Inc. v. Portugal [GC], no. 73049/01, §§ 66-72, ECHR2007-I/.)" (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 01 დეკემბრის გადაწყვეტილება გადაწყვეტილება, საქმე #ას-1285-1223-2014). ,,სამრეწველო საკუთრების დაცვის“ პარიზის კონვენციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამრეწველო საკუთრების დაცვის ობიექტებია პატენტები, სასარგებლო მოდელები, სამრეწველო დიზაინები, სასაქონლო ნიშნები, მომსახურების ნიშნები, საფირმო სახელწოდებები, წარმოშობის აღნიშვნები და ადგილწარმოშობის დასახელებები, აგრეთვე არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აღკვეთა. ამავე კონვენციის მე-6 მუხლის მიხედვით, სასაქონლო ნიშნებზე განსაკუთრებული უფლებების მოპოვებისა და დამცავი დოკუმენტების ძალაში შენარჩუნების წესებს არეგულირებს მხოლოდ ეროვნული კანონმდებლობა. ,,სამრეწველო საკუთრების დაცვის“ პარიზის კონვენციის 10bis მუხლის თანახმად, (1) კავშირის ქვეყნები ვალდებული არიან უზრუნველყონ კავშირის ქვეყნების მოქალაქეები არაკეთილსინდისიერი კონკურენციისაგან ეფექტიანი დაცვით. (2) არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აქტს შეადგენს კონკურენციის ნებისმიერი აქტი, რომელიც ეწინააღმდეგება სამეწარმეო ან კომერციული საქმიანობის პატიოსან ჩვევებს. (3.1.) ისეთი ხასიათის მქონე ყველა ქმედება, რომელსაც შეუძლია რაიმე გზით გამოიწვიოს აღრევა კონკურენტის დაწესებულების, საქონლის, სამეწარმეო ან კომერციული საქმიანობის მიმართ. „ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ“ შეთანხმების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, წინამდებარე შეთანხმების მიზნებიდან გამომდინარე, ტერმინი ,,ინტელექტუალური საკუთრება” მოიცავს სასაქონლო ნიშანსაც. ამავე შეთანხმების მე-15 მუხლის შესაბამისად, ნებისმიერი ნიშანი, ან ნიშანთა ერთობლიობა, რომელსაც უნარი შესწევს ერთი საწარმოს საქონელი ან მომსახურება განასხვაოს სხვა საწარმოთა საქონლის ან მომსახურებისაგან, შეიძლება წარმოადგენდეს სასაქონლო ნიშანს. ამდენად, სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენციის თანახმად, სამრეწველო საკუთრების დაცვის ობიექტია არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აღკვეთა. ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ" საქართველოს კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას ბათილად ცნობს სასამართლო მესამე პირის მოთხოვნით, თუ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია მოხდა არაკეთილსინდისიერი განზრახვით. მითითებული ნორმა წარმოადგენს, პარიზის კონვენციის ზემოხსენებული ნორმებით სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების რეალიზების საშუალებას, რომელიც განხილული უნდა იქნას სხვა სამართლებრივ საშუალებებთან ურთიერთკავშირში (,,სასაქონლო ნიშნების შესახებ" საქართველოს კანონის 28-ე მუხლის სხვა ქვეპუნქტები). კანონმდებელი კანონის აღნიშნული მუხლით განსაზღვრავს მესამე პირის უფლების დაცვის მექანიზმს, როდესაც სახეზეა არაკეთილსინდისიერი კონკურენციის გაწევის მიზნით სასაქონლო ნიშნის დარეგისტრირების ფაქტი. ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ" საქართველოს კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტის მიხედვით, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას ბათილად ცნობს სასამართლო მესამე პირის მოთხოვნით, თუ სასაქონლო ნიშანი ამ კანონის მე-4 ან მე-5 მუხლის მოთხოვნათა დარღვევითაა რეგისტრირებული. ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,თ" ქვეპუნქტის თანახმად, სასაქონლო ნიშნად არ რეგისტრირდება სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც შესაძლებელს ხდის, მცდარი წარმოდგენა შეუქმნას მომხმარებელს საქონლის თვისების, ხარისხის, გეოგრაფიული წარმოშობის ან საქონლის სხვა მახასიათებლების შესახებ. როგორც ზემოთ აღინიშნა, კანონის თანახმად სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობის საფუძველია სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია არაკეთილსინდისიერი განზრახვით. თავის მხრივ, არაკეთილსინდისიერება შეფასებითი კატეგორიაა და აღნიშნულის თაობაზე დასკვნა უნდა გაკეთდეს საქმის გარემოებების გათვალისწინებით. არაკეთილსინდისიერება შესაძლებელია გამოიხატოს უსაფუძვლო უპირატესობის მოპოვებაში, სხვისი სახელის მიკუთვნებაში, ასევე მომხმარებლისთვის მცდარი წარმოდგენის შექმნაში და ა.შ. წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე ითხოვს მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის - ,,ს------------–-", რეგისტრაციის ბათილად ცნობას. მოსარჩელე მხარის განმარტებით, მოპასუხემ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია განახორციელა არაკეთილსინდისიერი განზრახვით (იხ. ტომი 1, ს.ფ. 12-14). მოპასუხე არ ეთანხმება ზემოაღნიშნულ შეფასებას და მიუთითებს, რომ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია არ განხორციელებულა არაკეთილსინდისიერი განზრახვით. მოპასუხის მიზანს წარმოადგენდა კუთვნილი სატელევიზიო პროდუქტის დასახელების დაცვა მესამე პირების მიერ უკანონო გამოყენებისგან. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მიზნის შეფასებისას, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შემდეგ გარემოებებზე: მხარეები სადაოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ გ--------------- წარმოადგენს სატელევიზიო გადაცემის სახელწოდებით - ,,ს------------–-", ავტორს. ამ სახელწოდების სატელევიზიო გადაცემას გ--------------- ამზადებდა 2014 წლიდან. შესაბამისად, გ---------------ს, როგორც გადაცემის ავტორს, გააჩნია პირადი არაქონებრივი უფლებები საავტორო უფლების ობიექტის მიმართ. რაც შეეხება ქონებრივ უფლებებს, სადაო არ არის, რომ გ---------------მ შრომითი ურთიერთობის განმავლობაში (2014 წლის 10 ივლისიდან 2016 წლის 31 მაისამდე) დამზადებულ სატელევიზიო გადაცემებზე ქონებრივი უფლებები გადასცა შპს ,,ს-------------------ს". ამდენად, შპს ,,ს-------------------სთან" შრომითი ურთიერთობის განმავლობაში სატელევიზიო გადაცემაზე - ,,ს------------–-", გ---------------ს ჰქონდა პირადი არაქონებრივი უფლებები, ხოლო შრომითი ურთიერთობის დასრულების შემდეგ მას ეკუთვნის ქონებრივი უფლებებიც. სატელევიზიო გადაცემაზე საავტორო უფლების არსებობა გ---------------ს თავის მხრივ ანიჭებს უფლებას დაამზადოს იგივე კონცეფციის და სახელწოდების გადაცემა. 2016 წლის 18 მარტს, შპს ,,ს-------------------მ" მიმართა საქპატენტს დ მოითხოვა სასაქონლო ნიშნის - ,,ს------------–-", რეგისტრაცია ნიცის კლასიფიკაციის 38-ე და 41-ე კლასებში განსაზღვრული მომსახურების მიმართ. შპს ,,ს-------------------ს" განცხადება დაკმაყოფილდა და სასაქონლო ნიშანი ნიცის კლასიფიკაციის მითითებულ კლასებში რეგისტრირებული იქნა შპს ,,ს-------------------ს" სახელზე. აღსანიშნავია, რომ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია უმნიშვნელოვანესი უფლებებით აღჭურვავს მის მფლობელს, რომელთა შორის არის ისეთი რადიკალური ღონისძიების უფლება, როგორიცაა ნიშნის გამოყენების აკრძალვა (,,სასაქონლო ნიშნების შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლი). მოცემულ შემთხვევაში, სასაქონლო ნიშნის - ,,ს------------–-", რეგისტრაციით მოპასუხე იძენს უფლებას აუკრძალოს მოსარჩელეს ამ სასაქონლო ნიშნით სარგებლობა, რომლის ქვეშ მოიაზრება გ---------------- მიერ მომზადებული სატელევიზიო გადაცემა. აღსანიშნავია, რომ სასაქონლო ნიშნის მფლობელის განსაკუთრებულ უფლებას (სასაქონლო ნიშნის გამოყენების აკრძალვა) მოპასუხე უკვე იყენებს, კერძოდ, მოპასუხეს აღძრული აქვს სარჩელი იმ მესამე პირების მიმართ სასაქონლო ნიშნის გამოყენების აკრძალვის მოთხოვნით, რომლებსაც გ---------------- ნებართვით უნდა დაემზადებინათ და სატელევიზიო ეთერში გაეშვათ გ---------------- საავტორო გადაცემა - ,,ს------------–-" (იხ. სარჩელი, ტომი 1, ს.ფ. 108-118). სასამართლო განმარტავს, რომ სასაქონლო ნიშნის გამოყენება გარკვეულ საქონელზე, თუნდაც მისი რეგისტრაციის გარეშე, ქმნის საფუძველს, რომ აღნიშნულ პროდუქციას დაუკავშირდეს მოცემული ნიშანი. მოცემულ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, გ--------------- სატელევიზიო გადაცემას სახელწოდებით - ,,ს------------–-", ამზადებდა 2014 წლიდან. ამდენად, სადავო სასაქონლო ნიშნის სახელწოდების მქონე გადაცემა მჭიდროდ უკავშირდება გ---------------- სახელს და ამ სასაქონლო ნიშნის ქვეშ მომხმარებლისათვის ნაგულვებია სწორედ მოსარჩელის მიერ დამზადებული სატელევიზიო გადაცემა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, სასაქონლო ნიშნის გამოყენება არ წარმოადგენს მასზე განსაკუთრებული უფლების მოპოვების წინაპირობას, თუმცა როდესაც უფლების მოპოვება ხდება ისეთ სასაქონლო ნიშანზე, რომელზეც მესამე პირს გააჩნდა უპირატესი ლეგიტიმური ინტერესი, რეგისტრაცია ხორციელდება იმ შეგნებით, რომ პირმა მიითვისოს სხვის მიერ რეგისტრაციამდე შექმნილი და ბაზარზე დამკვიდრებული, მაგრამ დაუცველი ნიშანი და მისგან მომდინარე სიკეთე, რაც უდავოდ მოჰყვება მომხმარებელში კარგად ნაცნობი ნიშნით სატელევიზიო გადაცემის მომზადებას და სატელევიზიო ეთერში გაშვებას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება, საქმე #ას-62-56-2015). მოცემულ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მოპასუხემ იცოდა მოსარჩელის მიერ ზემოხსენებული ნიშნის გამოყენების თაობაზე. მოსარჩელე მოპასუხესთან იმყოფებოდა შრომით ურთიერთობაში, რომლის განმავლობაშიც მოპასუხის სატელევიზიო ეთერში გადაიცემოდა მოსარჩელის მიერ სადაო სასაქონლო ნიშნით სახელდებული სატელევიზიო გადაცემა. ამდენად, მოპასუხისთვის ცნობილი იყო, რომ სადაო სასაქონლო ნიშანზე მოსარჩელეს გააჩნდა უპირატესი ლეგიტიმური ინტერესი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ასკვნის, რომ სადაო სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია მიზნად ისახავდა დაუცველი ნიშნის და მისგან მომდინარე სიკეთის დაუფლებას. საქართველოს უზენაესი სასამართლო ერთ-ერთ განჩინებაში მიუთითებს შემდეგს: ,,სასაქონლო ნიშნის გამოყენებისას, განმსაზღვრელ ფაქტორია პროდუქციის ინდივიდუალიზაცია, ანუ უკავშირებს თუ არა მომხმარებელი წარმოებულ პროდუქციას კონკრეტულ საწარმოს. მომხმარებელს აქვს საშუალება, თავად აირჩიოს სასურველი პროდუქცია, რომელსაც იცნობს და ენდობა, ამდენად, სასაქონლო ნიშნის გამოყენების მიზანი სწორედ ისაა, რომ მომხმარებელს ჰქონდეს უტყუარი ინფორმაცია, კონკრეტული პროდუქციის წარმოშობის, მისი მწარმოებლისა და სხვა სპეფიფიკური ნიშან-თვისებების შესახებ, რის გამოც ირჩევს პროდუქტს. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მიზანი არა მხოლოდ კერძო პირთა საკუთრების უფლების დაცვის უზრუნველყოფაში გამოიხატება, არამედ საჯარო ინტერესშიც, რომ მომხმარებელთა არა მხოლოდ კონკრეტული წრე, არამედ პოტენციური მომხმარებელიც დაცული იყოს საქონლის თვისების, ხარისხის, გეოგრაფიული წარმოშობის ან სხვა მახასიათებლების შესახებ შეცდომაში შემყვანი, არასწორი ინფორმაციისაგან" (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება, საქმე #ას-62-56-2015). ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,თ" ქვეპუნქტის თანახმად, სასაქონლო ნიშნად არ რეგისტრირდება სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც შესაძლებელს ხდის, მცდარი წარმოდგენა შეუქმნას მომხმარებელს საქონლის თვისების, ხარისხის, გეოგრაფიული წარმოშობის ან საქონლის სხვა მახასიათებლების შესახებ. ამდენად, სასაქონლო ნიშნის დანიშნულება არის მომხმარებელს შეუქმნას სწორი წარმოდგენა საქონელზე. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია ეწინააღმდეგება სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მოპოვების არსს. კერძოდ, სადაო სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია მიზნად ისახავს არა მოპასუხის მიერ დამზადებული პროდუქციის (ამ შემთხვევაში სატელევიზიო პროდუქტის) ინდივიდუალიზაციას, არამედ სხვისი შექმნილი არამატერიალური ქონებრივი სიკეთის მითვისებას, რასაც შედეგად მოჰყვება მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო ასკვნის, რომ მოპასუხის მიერ სადაო სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია განხორციელდა არაკეთილსინდისიერი განზრახვით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის მიხედვით, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. ამავე კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. აღნიშნული ნორმა სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეებს აკისრებს თავიანთი უფლებებისა და მოვალეობების კეთილსინდისიერ განხორციელებას. აგრეთვე ავალდებულებს განსაკუთრებული გულისხმიერება გამოიჩინონ ერთმანეთის ქონებისა და უფლებების მიმართ. მოცემული ნორმა წარმოადგენს ზოგად დათქმას და ვრცელდება მთელ კერძო სამართალზე. კერძო ავტონომია მხარეთა თავისუფალ ნებაზე დამყარებულ სამართალურთიერთობებს გულისხმობს. თუმცა თავისუფალი ნების გამოვლენა, მათ შორის ნების გამოვლენის საფუძველზე უფლების მოპოვება არ უნდა მოდიოდეს წინააღმდეგობაში პირთა თანასწორუფლებიანობასთან, კეთილსინდისიერების პრინციპთან და სახელშეკრულებო სამართლიანობასთან. სამოქალაქო კოდექსი სწორედ ბუნებითი სამართლიანობის შესანარჩუნებლად ეფუძნება კეთილსინდისიერების პრინციპს. დაუშვებელია უფლების შეძენა მხოლოდ იმ მოტივით, რომ ზიანი მიადგეს სხვას, ან მოპოვებულ იქნას არალეგიტიმური უპირატესობა. სამართლებრივი დაცვის ღირსი უფლება შეიძლება იყოს მხოლოდ კეთილსინდისიერებასა და თანასწორუფლებიანობაზე დამყარებული უპირატესობა სხვა პირთა მიმართ. როგორც კი უფლება გამოიყენება, როგორც მესამე პირთა ინტერესების ხელყოფის საშუალება იგი სცდება სამართლით დაცულ არეალს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ დაასკვნა, რომ მოპასუხის მიერ სასაქონლო ნიშნის - ,,ს------------–-", რეგისტრაციას საფუძვლად ედო არაკეთილსინდისიერი განზრახვა, რასაც შედეგად მოჰყვება მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა, ვინაიდან როგორც აღინიშნა ამ დასახელების სატელევიზიო გადაცემა ასოცირდება გ---------------- სახელთან და მომხმარებელს მიუთითებს მის მიერ მომზადებულ გადაცემაზე, რის გამოც მოპასუხის მიერ ამ დასახელების სატელევიზიო გადაცემის მომზადება და გადაცემა გამოიწვევს მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას. ამასთან, მართალია, საქმის განხილვის ამ ეტაპზე შპს ,,ს-------------------“ არ არის უშუალოდ გ---------------- კონკურენტი, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე დაიწყებს სატელევიზიო გადაცემის მომზადებას და გადაცემას, მოპოვებული განსაკუთრებული უფლებით შეძლებს არაკეთილსინდისიერი კონკურენციის გაწევას, რაც გამოიწვევს მის მიერ დამზადებული გადაცემის მოსარჩელის დამზადებულ გადაცემასთან აღრევას და აგრეთვე აუკრძალავს მოსარჩელეს სამომავლოდ მის მიერ დამზადებული სატელევიზიო გადაცემის ამ ნიშნით ნიშანდებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ---------------- მითხოვნა, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობის თაობაზე, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 120 ლარის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა. შესაბამისად, შპს ,,ს-------------------ს" მოსარჩელე გ---------------- სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 120 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. გ---------------- სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.1. აღიარებული იქნეს გ---------------- პირადი არაქონებრივი უფლებები გადაცემაზე ,,ს------------–-", რომლის სატელევიზიო ეთერში გადაცემას 2014-2016 წლებში ახორციელებდა შპს ,,ს-------------------";
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი შპს ,,ს-------------------ს" (საიდენტიფიკაციო კოდი #2--------) სახელზე სასაქონლო ნიშნის - ,,ს------------–-" (საიდენტიფიკაციო ნომერი #8------, რეგისტრაციის ნომერი #2----), რეგისტრაცია;
2. მოპასუხე შპს ,,ს-------------------ს" მოსარჩელე გ---------------- სასარგებლოდ დაეკისროს 120 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 31-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე სოსო ღურწკაია