გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/27745-2019
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
24 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მაკა ჭედია
სხდომის მდივანი კახა კომლაძე
მოსარჩელე სს ”პ----------------------–--------------”
წარმომადგენელი ლი------------
მოპასუხე გი----------------
წარმომადგენელი სო----------------
დავის საგანი ფულადი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნაა:
1.1.დაეკისროს მოპასუხე გი----------------ს მოსარჩელის სასარგებლოდ 9 626.99 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა 6 000 ლარი, პროცენტი - 624.9 ლარი, პირგასამტეხლო - 83.99 ლარი და მიუღებელი შემოსავალი - 2 918.1 ლარი.
მსესხებელი, გი---------------- ვებ-გვერდზე დარეგისტრირდა 2018 წლის 21 მაისს და შეავსო სესხის განაცხადი პორტალზე ინვესტირებისათვის, ხოლო მის მიერ მოთხოვნილი სესხის თანხა სს „პ----------------------–--------------ს“ მიერ ჩაერიცხა 2018 წლის 29 მაისს. სესხის ხელშეკრულებების პირობების თანახმად, სესხის თანხა შეადგენდა 6000 ლარს, სესხით სარგებლობის ვადა 36 თვე, წლიური საპროცენტო სარგებელი - 33%. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა ასევე პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებული ძირითადი თანხის 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სესხის გამცემი და მსესხებელი დაეთანხმნენ ვებ-გვერდზე განთავსებულ ხელშეკრულების პირობებს, რომელშიც განმარტებულია სესხის გაცემისა და დაბრუნებადობის, ასევე სხვა დამატებითი პირობები.
2018 წლის 29 მაისს დადებული სესხის ხელშეკრულების დარღვევა მოხდა 2018 წლის 29 ივნისს. გრაფიკის მიხედვით მისი ყოველთვიური გადასახადი შეადგენდა 265 ლარს.
მსესხებლის მიერ სესხის ხელშეკრულების გრაფიკის დარღვევის შემდეგ კომპანიამ გააგზავნა ოფიციალური იურიდიული შეტყობინებები მსესხებელთან კომპანიისათვის ცნობილ მისამართზე, თუმცა შეტყობინების ჩაბარება ვერ მოხერხდა.
გ-----------------ს დავალიანება 2018 წლის 24 სექტემბრის მდგომარეობით შეადგენს 9 626.99 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა 6 000 ლარი, პროცენტი - 624.9 ლარი, პირგასამტეხლო - 83.99 ლარი და მიუღებელი შემოსავალი - 2 918.1 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით ნაწილობრივ ცნო სარჩელის მოთხოვნები, კერძოდ, დაეთანხმა მოთხოვნას მხოლოდ ძირითადი თანხის და პროცენტის ნაწილში.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მსესხებელი, გი---------------- სს „პ----------------------–--------------ს“ ვებ-გვერდზე დარეგისტრირდა 2018 წლის 21 მაისს და შეავსო სესხის განაცხადი პორტალზე ინვესტირებისათვის, ხოლო მის მიერ მოთხოვნილი სესხის თანხა სს „პ----------------------–--------------ს“ მიერ ჩაერიცხა 2018 წლის 29 მაისს.
სესხის ხელშეკრულებების პირობების თანახმად, სესხის თანხა შეადგენდა 6000 ლარს, სესხით სარგებლობის ვადა 36 თვე, წლიური საპროცენტო სარგებელი - 33%.
ყოველთვიურად გადასახდელი თანხა შეადგენდა 265 ლარს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- ხელშეკრულება მსესხებელთან/ინვესტორთან;
- 29.05.2018 სესხის ხელშეკრულება;
3.1.2. სს „პ----------------------–--------------ს“ მიერ სესხის ხელშეკრულებით გაცემული თანხა მსესხებელმა აითვისა. ვალდებულება დაირღვა 2018 წლის 29 ივნისიდან.
მსესხებლის დავალიანება 2018 წლის 24 სექტემბრის მდგომარეობით შეადგენს 9 626.99 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა 6 000 ლარი, პროცენტი - 624.9 ლარი, პირგასამტეხლო - 83.99 ლარი და მიუღებელი შემოსავალი - 2 918.1 ლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- გადახდების ისტორია;
- ცნობა დავალიანების შესახებ;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2018 წლის 29 მაისის ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებული ძირითადი თანხის 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- ხელშეკრულება მსესხებელთან/ინვესტორთან;
- 29.05.2018 სესხის ხელშეკრულება;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს „პ----------------------–--------------ს“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 623-ე, 625-ე, 361-ე, 394-ე, მე-400, 408-ე, 411-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, მუხლებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
დადგენილია რომ მხარეებს სს „პ----------------------–---------------“ და გი----------------ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება კლიენტზე გაეცა სესხი შეთანხმებული ოდენობით, ხოლო გი----------------მ იკისრა ვალდებულება დაებრუნებინა სესხის თანხა გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებში.
ამავე კოდექსის 625.1 მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია მსესხებლის მიერ ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევა. აღნიშნული გარემოება სს „პ----------------------–--------------“ ანიჭებს უფლებას მოითხოვოს დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის პერიოდისთვის არსებული პროცენტის დაბრუნება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამართალწარმოებაში ესაა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული და გარანტირებული შესაძლებლობა, მხარეებმა თავისუფლად ისარგებლონ ან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ ცნო სარჩელი მის მიმართ დაყენებული მოთხოვნის შესაბამისად, დავალიანების ძირითადი თანხისა და პროცენტის ნაწილში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
ზემოაღნიშნული მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა ძირითადი თანხისა და პროცენტის, მოთხოვნის, 6624.9 ლარის ნაწილში - სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის გამო.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორის შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისთვის.
ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისთვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
ხოლო სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელის შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
მიუღებელ შემოსავალთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა. სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემულ ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება (იხ. სუსგ ას-459-438-2015, 07.10.2015 წ.).
სასამართლო იზიარებს მოსარჩელის განმარტებას გ-----------------ს მიერ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების გამო ზიანის მიყენების შესახებ, რაც გამოიხატება სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული წლიური პროცენტით, რასაც მოსარჩელე მიიღებდა მოპასუხის მიერ ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
დადგენილია, რომ მხარეებს სს ”პ----------------------–---------------” და გი----------------ს შორის დადებული სესხის ხელშეკრულებით შეთანხმებულია პირგასამტეხლოს ოდენობა და შესაბამისად მისი გადახდის ვალდებულება ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. მოპასუხემ სადავოდ გახადა პირგასამტეხლოს ოდენობა.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არ წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს, რისი გადახდის ვალდებულებაც უნდა დაეკისროს გი----------------ს მოსარჩელის სასარგებლოდ.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49.2 თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 289 ლარი.
მოსარჩელე სს „პ----------------------–--------------“ სარჩელის ცნობის გამო, უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახელმწიფო ბაჟი 198.94 ლარის ოდენობით, ხოლო გი----------------ს მოსარჩელე სს „პ----------------------–--------------ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 90.06 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ასანაზღაურებლად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. სს ”პ----------------------–--------------ს” სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.1. დაეკისროს მოპასუხე გი----------------ს მოსარჩელე სს „პ----------------------–--------------ს“ სასარგებლოდ სესხის ძირითადი თანხის - 6 000 ლარის, პროცენტის - 624.9 ლარის, პირგასამტეხლოს - 83.99 ლარისა და ზიანის - 2 918.1 ლარის გადახდა.
2. დაეკისროს მოპასუხე გი----------------ს მოსარჩელე სს „პ----------------------–--------------ს“ სასარგებლოდ 90.06 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ასანაზღაურებლად.
2.1.დაუბრუნდეს მოსარჩელე სს „პ----------------------–--------------“ 2018 წლის 24 სექტემბერს N1--------- საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 289 ლარიდან 198.94 ლარი.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: მაკა ჭედია