გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.05.2019
საქმის ნომერი
330210118002515916
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
22.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/19222-2018

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

22 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მაკა ჭედია

სხდომის მდივანი კახა კომლაძე

მოსარჩელე სს ”ფ----------------------–--”

წარმომადგენელი ლა–---------

მოპასუხე 1. მა--------------

წარმომადგენელი ინ---------

2. ეკ-------–---

წარმომადგენელი შო----------------

 

3. გ-----------–-------- 4. მ---------–---–---–-

 

დავის საგანი საბანკო კრედიტისა და თავდებობის

ხელშეკრულებებიდან გამომდინარე

დავალიანების დაკისრება, ნასყიდობის ხელშეკრულების

ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნაა:

 

მოპასუხეებს მა--------------ს, მ---------–---–---–ს და გ-----------–------ს სოლიდარულად დაეკისროთ:

 

1.1 15 492.25 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა 11 080.74 ლარი, პროცენტი - 4084.19 ლარი, პირგასამტეხლო - 327.32 ლარი.

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი მა--------------სა და ეკ-------–---ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც მ--------------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება გადავიდა ე--------–--ის საკუთრებაში.

 

2016 წლის 2 აგვისტოს მა--------------მ სს „ფ----------------------–--საგან“ სესხად აიღო 15 000 ლარი, ხელშეკრულების ვადა შეადგენდა 02.08.2016-03.08.2020. სესხით სარგებლობისათვის განისაზღვრა საპროცენტო სარგებელი წლიური 25.95%. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო, რომლის ოდენობაც შეადგენდა გადაუხდელი თანხის 1%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ამასთან საურავის დარიცხვა ხორციელდება მხოლოდ 60 კალენდარული დღის ვადაში.

 

სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად ნ-------–---–---–თან და გ-----------–------თან გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები, თავდებების პასუხისმგებლობა განისაზღვრა თითოეულისათვის 24 300 ლარით.

 

2018 წლის 23 იანვარს მა--------------ს და თავდებ პირებს გაეგზავნათ გაფრთხილების წერილები დავალიანების გადახდევინებასთან დაკავშირებით, რომელიც მსესხებელს პირადად ჩაბარდა.

 

ვალდებულების შესრულების თავიდან აცილების მიზნით 06.02.2018 წელს საჯარო რეესტრს მიმართა მა--------------მ და ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება გადაუფორმა ეკ-------–---ს.

 

მ--------------ის დავალიანება სს „ფ----------------------–--ს“ მიმართ შეადგენს 15 492.25 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა 11 080.74 ლარი, პროცენტი - 4084.19 ლარი, პირგასამტეხლო - 327.32 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხეებმა - მა--------------მ, გ-----------–------მა და მ---------–---–---–მა საქმეზე შესაგებლები არ წარმოადგინეს.

 

მოპასუხე ეკ-------–--- წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნობს სარჩელის მოთხოვნას და აღნიშნავს, რომ მხარეთა მიერ გამოხატული ნება უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის შესახებ - წარმოადგენს ხელშეკრულების სუბიექტების ნამდვილ ნებას და მიზნად ისახავდა რეალურ სამართლებრივ შედეგს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 2 აგვისტოს მა--------------სა და სს „ფ----------------------–--ს“ შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მსესხებელზე გაიცა სესხი 15 000 ლარი, ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 02.08.2016-03.08.2020. სესხით სარგებლობისათვის ასევე განისაზღვრა საპროცენტო სარგებელი წლიური 25.95% და პირგასამტეხლო, რომლის ოდენობაც შეადგენდა გადაუხდელი თანხის 1%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ამასთან საურავის დარიცხვა ხორციელდება მხოლოდ 60 კალენდარული დღის ვადაში.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- 02.08.2016 სესხის ხელშეკრულება;

- 02.08.2016 ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები

- გადახდების ისტორია.

 

3.1.2. 02.08.2016 ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, სს „ფ----------------------–--ს“, მ---------–---–---–სა და გ-----------–------ს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც თავდებებმა იკისრეს სოლიდარული პასუხისმგებლობა მსესხებლის მიერ სს "ფ----------------------–--ს" წინაშე, მსესხებელსა და ბანკს შორის არსებული ზემოთ მითითებული სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შემთხვევაში, დაეფარათ სს "ფ----------------------–--ს" სასარგებლოდ როგორც სესხის მთლიანი თანხა, ასევე სესხზე დარიცხული სარგებელი, შესაძლო საურავი და სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა სხვა ხარჯი.

 

თავდებების პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა თითოეულ შემთხვევაში 24 300 ლარით.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- 02.08.2016 თავდებობის წერილები.

 

3.1.3. 02.08.2016 ხელშეკრულებით გაცემული თანხები მსესხებელმა აითვისა.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- თანხის გადახდის გრაფიკი;

 

3.1.4. მსესხებელი სისტემატურად არღვევდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გადახდის ვადებს. მისი დავალიანება სს „ფ----------------------–--ს“ მიმართ შეადგენს 15 492.25 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა 11 080.74 ლარი, პროცენტი - 4084.19 ლარი, პირგასამტეხლო - 327.32 ლარი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- გადახდების ისტორია.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2018 წლის 05 თებერვალს მა--------------სა და ეკ-------–---ს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, რომლის თანახმად, მა--------------მ მისი კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე, ქ. თბილისში, გ-–-----------–--------------------------–---------------------- ნაკვეთი N74, ს/კ 7--1--0--1-- საკუთრებაში გადასცა ეკ-------–---ს, 2018 წლის 05 აგვისტომდე, გამოსყიდვის უფლებით.

 

ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მყიდველი დარეგისტრირდა მესაკუთრედ.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს „ფ----------------------–--ს” სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 867-ე, 873-ე, 361-ე, 868-ე, 417-ე, 418-ე, 50-ე, 56-ე მუხლებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

6.2.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი.

 

დადგენილია, რომ მხარეებს სს "ფ----------------------–--სა” და მა--------------ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, ბანკმა იკისრა ვალდებულება კლიენტზე გაეცა კრედიტის თანხა შეთანხმებული ოდენობით, ხოლო მა--------------მ იკისრა ვალდებულება დაებრუნებინა თანხა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში.

 

სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ამდენად, მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულება, რაც განიხილება ვალდებულების არაჯეროვან შესრულებად. აღნიშნული გარემოება, კი კრედიტორს სს „ფ----------------------–--ს“ ანიჭებს უფლებამოსილებას მოსთხოვოს მსესხებელს ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების ძირითადი თანხისა და მასზე დარიცხული პროცენტის გადახდა.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

დადგენილია, რომ მხარეებს სს ”ფ----------------------–--სა” და მა--------------ს შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულებით შეთანხმებულია პირგასამტეხლოს ოდენობა და შესაბამისად მისი გადახდის ვალდებულება ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. აქედან გამომდინარე, არსებობს მსესხებლისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების ყველა პირობა.

 

6.4. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ან უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სს „ფ----------------------–--სა“და მოპასუხეებს მ---------–---–---–სა და გ-----------–------ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებების საფუძველზე, რომლის თანახმად, თავდებებმა იკისრეს ვალდებულება მსესხებლის მიერ 2016 წლის 2 აგვისტოს დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე. დადგენილია, რომ მსესხებლის მიერ თავდებობით უზრუნველყოფილი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შესრულდა.

 

ამდენად, კრედიტორი უფლებამოსილია ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულება, (სესხის ძირი თანხა, სარგებლი და პირგასამტეხლო) მსესხებელთან ერთად სოლიდარულად მოითხოვოს თავდები პირებისაგან.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტის ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტის სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ აღიარებითი სარჩელის მიმართ მოსარჩელეს იურიდიული ინტერესი უნდა ჰქონდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს მიკუთვნებითი მოთხოვნის არარსებობა და მხოლოდ აღიარებითი მოთხოვნის მიმართ ინტერესი. თუ აღიარებითი მოთხოვნის ინტერესი მიკუთვნებითი ხასიათისაა, მაშინ აღიარებითი სარჩელის წარმოებაში მიღებით სასამართლო პროვოცირებას გაუკეთებს ერთ სასარჩელო მოთხოვნაზე ორმაგი სასარჩელო წარმოების წარმართვის აუცილებლობას, რაც ეწინააღმდეგება სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების წარმართვისა და სასამართლოს ეკონომიურობის ძირითად პრინციპს. აღიარებითი სარჩელის წარმოებაში მიღების მიზნებისათვის იურიდიული ინტერესის არსებობა სარჩელის წარმოებაში მიღების ერთ-ერთი და არა ერთადერთი წინაპირობაა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესი დავის შედეგისადმი პირის სუბიექტური დამოკიდებულებით არ განისაზღვრება. აღიარებითი სარჩელით უნდა მიიღწეოდეს იმ სამართლებრივი სიკეთის (უფლების) აღდგენა, რაც კანონმდებლობის მიხედვით მინიჭებული ჰქონდა მოსარჩელეს. მხარემ უნდა დაასაბუთოს ის გარემოება, რომ მხოლოდ ამგვარი სარჩელით აღწევს იგი შედეგს, რასაც მიზნად ისახავს. ამდენად, იურიდიული ინტერესის არსებობა გულისხმობს იმ შედეგების მითითებას, რომლის მიღწევის უზრუნველსაყოფადაც მოსარჩელემ მომართა სასამართლოს აღიარებითი სარჩელით. აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების აღიარებასთან.

 

იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. აღიარებითი სარჩელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის იურიდიული ინტერესი ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და მ--------------ის საკუთრებაში დაბრუნების მიმართ უკავშირდება, სადავო საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდევინების აღსრულების უზრუნველყოფას.

 

სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ამავე კოდექსის 524-ე მუხლის მიხედვით, ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით.

 

სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის მიხედვით, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). მოჩვენებითად ჩაითვლება გარიგება თუკი ნების გამომვლენი და ნების მიმღები თანხმდებიან იმაზე, რომ მათ მიერ გამოვლენილ ნებას არ მიეცეს მსვლელობა. ე.ი. გარეგნულად გამოხატეს ნება, იქცევიან ისე, თითქოს ნამდვილად სურთ ამ გარეგნულად გამოხატულის მიღწევა, სინამდვილეში არც ფიქრობენ ამ შედეგის დადგომაზე.

 

დასახელებული ნორმის მიხედვით, გარიგების მოჩვენებით ხასიათს განაპირობებს მხარეთა განზრახვა, გარიგების დადებით მიაღწიონ მიზანს, რომელიც არ შეესაბამება ამ გარიგების შინაარსიდან გამომდინარე იურიდიულ შედეგს. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობასთან მათი მოტყუების, პასუხისმგებლობისათვის თავის არიდებისა, თუ სხვა მიზნით. ამრიგად, იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება მიიჩნიოს მოჩვენებით გარიგებად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ „ურთიერთშეთანხმებაზე”, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას. ამ მხრივ მეტად დიდი მნიშვნელობა გააჩნია პრეზუმფციებისა და მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრას. მითითებული გარემოებების დადასტურება ეკისრება პირს, რომელიც ითხოვს ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას, რადგან თუნდაც მოსარჩელე უთითებდეს გარიგების ერთი მხარის არაკეთილსინდისიერებაზე, ივარაუდება, რომ გარიგების მეორე მხარე კეთილსინდისიერად მოქმედებდა, რისი გაქარწყლებაც მოსარჩელეს ევალება. ამდენად, იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება მოჩვენებით გარიგებად მიიჩნიოს, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ ურთიერთშეთანხმებაზე, მიზანზე, რაც მათი მიერ გარეგანი ნების გამოვლენას არ შეესაბამება.

 

მოსარჩელე მიუთითებს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულია მოსაჩვენებლად და მხოლოდ მიზნად ისახავდა კრედიტორის სს „ფ----------------------–--ს“ ვალდებულებისაგან თავის არიდებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

მტკიცების ტვირთზე მიუთითებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება.

მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.

მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).

მტკიცების ტვირთისაგან უნდა გავმიჯნოთ ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს - ეს უკვე სასამართლის შეფასების საგანია.

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მ--------------ის წერილობითი განმარტების თანახმად, სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებით მხარეებს შორის დაიფარა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. ამდენად, მოპასუხე ადასტურებს თვალთმაქცური გარიგების დადების ფაქტს, რასაც უარყოფს გარიგების მეორე სუბიექტი. ამასთან, აღნიშნული განმარტებიდან გამომდინარეობს, რომ სადავო გარიგებაში მყიდველისაგან ე--------–--ისაგან ხელშეკრულებაში მითითებული თანხა მას მიღებული აქვს, რაც გამორიცხავს სადავო გარიგების მხარეების ურთიერთშეთანხმებას ფიქტიური გარიგების შესახებ.

 

ამდენად, მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, არ დასტურდება, რომ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების მხარეები მოქმედებდნენ მოსაჩვენებლად სს „ფ----------------------–--ს“ მოტყუების, მის წინაშე საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულებისაგან თავის არიდების მიზნით.

 

ამდენად, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ის გარემოებები, რაც სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის შესაბამისად, სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და აქედან გამომდინარე უძრავ ქონებაზე მსესხებლის საკუთრების უფლების დაბრუნების საფუძველი გახდება.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

სს „ფ----------------------–--ს“ მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად, მოპასუხეებს მა--------------ს, მ---------–---–---–სა და გ-----------–------ს მოსარჩელე სს „ფ----------------------–--ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ 464.76 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ შემთხვევაში სარჩელის მოთხოვნა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 09 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც აეკრძალა მოპასუხე ეკ-------–---ს (პ/ნ 0----------) მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, მდებარე: ქ. თბილისი, გ--------–---------------–------–-------------–---–-ს ქ. N4 საკადასტრო კოდი: 7--1--0--1--

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. სს ”ფ----------------------–--ს” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. დაეკისროთ მოპასუხეებს მა--------------ს, მ---------–---–---–სა და გ-----------–------ს სოლიდარულად მოსარჩელე სს „ფ----------------------–--ს“ სასარგებლოდ სესხის ძირითადი თანხის - 11 080.74 ლარის, პროცენტის - 4084.19 ლარისა და პირგასამტეხლოს - 327.32 ლარის გადახდა.

1.2. მოთხოვნა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით არ დაკმაყოფილდეს.

 

2. დაეკისროთ მოპასუხეებს მა--------------ს, მ---------–---–---–სა და გ-----------–------ს მოსარჩელე სს „ფ----------------------–--ს“ სასარგებლოდ 464.76 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.

3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 09 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც აეკრძალა მოპასუხე ეკ-------–---ს (პ/ნ 0----------) მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, მდებარე: ქ. თბილისი, გ--------–---------------–------–-------------–---–-ს ქ. N4 საკადასტრო კოდი: 7--1--0--1--.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: მაკა ჭედია