გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 14.06.2019
საქმის ნომერი
330310019002987607
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
14.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/3532-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

14 ივნისი, 2019წელი ქ.თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე - ეკატერინე ჯინჭველაშვილი

სხდომის მდივანი - ლალი მიქელაძე

 

მოსარჩელე - ზ-----------–---

წარმომადგენელი - ნ-----------–---------------------–-–---–-

მოპასუხე - 1. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - მ--------------–-–---–-

2.ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია

წარმომადგენელი - გ---------------------

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 20---–-–------------------------ დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’(იხ. სასარჩელო განცხადება, ს.ფ. 2-11; 2019 წლის 06 ივნისის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2----–-–-----------–---------------------------------–--ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’(იხ.სასარჩელო განცხადება, ს.ფ. 2-11; 2019წლის 06 ივნისის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

მოსარჩელის განმარტებით, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 20---–-–------------------------- დადგენილებით დაჯარიმდა 400(ოთხი ათასი) ლარით მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე(საცხოვრებელი ბინა) სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე ფასადზე კარისა და ვიტრაჟის, ასევე ინტერიერში კიბის მოწყობისათვის. ადმინისტრაციულ ორგანოს მხედველობაში არ მიუღია მთელი რიგი საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები, კერძოდ-სამშენებლო ექსპერტის დასკვნა, რომელიც ადასტურებს, რომ განხორციელებული სამუშაოების დემონტაჟი დაუშვებელია, ვინაიდან არსებობს სართულშუა გადახურვის ჩამონგრევის საშიშროება, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული ოჯახის ფინანსური მდგომარეობა, საჯარო და კერძო ინტერესების შეპირისპირების საფუძველზე არ იქნა მიღებული სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. მოსარჩელის განმარტებით ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2---–-–----------------------- დადგენილება ადმინისტრაციული საჩივრით იქნა გასაჩივრებული ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში, თუმცა 2----–-–-----------–------- ბრძანებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

მოსარჩელეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც ისინი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.

 

2.2. მოპასუხე - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 13 ივნისის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, ქ-----–-----------–---–---------------------–---------- ფართით: 47,45კვ.მეტრი, მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.13.07.025.008.01.0--- საკუთრების უფლებით აღრიცხულია ზ-----------–--ის სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 13/06/2017(ს.ფ. 27-28)

 

3.1.2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2----–-–----------------------- გადაწყვეტილებით დგინდება, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში განხილული იქნა ზ-----------–--ის ელექტრონულად ატვირთული განაცხადი, რომელიც ეხება ქ.თბილისში, წ-----------–---–--------------–-(ძეგლი) არსებული შენობის ფასადის რეკონსტრუქციის ესკიზის წინასწარ შეთანხმების საკითხს. ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26მარტის N137 დადგენილების, ,,საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსგან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის უფლებამოსილების დელეგირების თაობაზე’’ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6აპრილის N91 განკარგულებით დამტკიცებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების, ,,ქ.თბილისის მუნიციპალიტეტსა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 აპრილის N9-34 დადგენილების თანახმად განაცხადი და თანდართული საპროექტო დოკუმენტაცია განხილული იქნა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოზე(ოქმი N35, 31.08.2---–-, რომლის გადაწყვეტილების საფუძველზეც აღნიშნულ საკითხს მიეცა დადებითი შეფასება რეკომენდაციით: ვიტრაჟი დანაწევრდეს ვერტიკალურად. ამავე გადაწყვეტილებით განმცხადებელს აგრეთვე ეცნობა, რომ არქიტექტურის პროექტის განხილვისა და ძეგლზე სამუშაოების ნებართვის მისაღებად საჭიროა განაცხადი დარეგისტრიდეს შესაბამის ნომენკლატურაში და წარმოადგინოთ საბჭოს წევრების რეკომენდაციების გათვალისწინებით შესრულებული სრულყოფილი საპროექტო დოკუმენტაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2----–-–----------------------- გადაწყვეტილება(ს.ფ.29-31)

 

3.1.3. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ ზ-----------–--ის მიმართ 2018 წლის 10 მაისს შედგენილი იქნა მითითება №------- რომლითაც დადგენილია, რომ ქ.თბილისში, წ-----------–---–--------------–- კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე, მოქ. ზ-----------–--ის საკუთრებაში არსებულ ფართში(საკ.კოდი: N01.13.07.025.008.01.0--) განხორციელებულია კარისა და ვიტრაჟის მონტაჟი, ასევე ინტერიერში კიბის მოწყობა. დარღვევის გამოსწორების მიზნით დაევალა წარედგინა აღნიშნული სამუშაოების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში გატარდებოდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო დარღვევის გამოსწორების ვადად განესაზღვრა 15(თხუთმეტი) კალენდარული დღე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 10 მაისის მითითება №------- ფოტოსურათი(ს.ფ. 93-95)

 

3.1.4. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო ამსახურის მიერ 2018 წლის 25 ივნისს შედგა შემოწმების აქტი N------- რომლითაც დადგინდა, რომ ზ-----------–--ის მიერ არ იქნა შესრულებული 2---–-–-------------------- მითითების პირობები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2----–-–----------------–----–-------------------(ს.ფ.81-82)

 

3.1.5. საქმეში წარმოდგენილია შპს ,,-------–-------------–-–---------–----------------------- რომლითაც ირკვევა, რომ ქალაქ თბილისში, დიდუბის რაიონში, წ-----------–---–--------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში(საკ. კოდი: N01.13.07.025.0--- მოქ. ზ-----------–--ის საცხოვრებელ ბ---–-(საკ.კოდი: N01.13.07.025.008.08.0--) ჩატარებული სარეკონსტრუქციო სამუშაოები, ხოლო მას შემდეგ რაც ძველი ხის კონსტრუქციები შეიცვალა ფოლადის ელემენტებით და ჩატარდა ასევე საკმაოდ მძლავრი გაძლიერებითი ხასიათის სამუშაოები, მისი აღდგენა(ძველი, ამორტიზირებული ხის ელემენტების პირობებში) რეკონსტრუქციამდელ ფარგლებში შეუძლებელია, ვინაიდან სამუშაოების წარმოებისას შესაძლებელია მოხდეს სართულშუა გადახურვის ჩამონგრევა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს ,--------–------- 2018 წლის 27 ივლისის დასკვნა N-----(ს.ფ. 26)

 

3.1.6. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 20----–-–--------------------------–------------------–----------- ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’, რომლის თანახმადაც ზ-----------–--- დაჯარიმდა 4000(ოთხი ათასი) ლარით, ქ.თბილისში, ქ-----–-----------–---–-------- N01.13.07.025.008.01.0-- საკადასტრო კოდზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის რეკონსტრუქციისათვის, კერძოდ ფასადზე კარისა და ვიტრაჟის, ასევე ინტერიერში კიბის მოწყობისათვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2----–-–---------------------------–----------- ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’(ს.ფ. 14-16)

 

3.1.7. 2018წლის 9 ოქტომბერს, ზ-----------–---მ №----------------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2---–-–------------------------ დადგენილების ბათილად ცნობა.

 

ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2----–-–-------------–------- ბრძანებით არ დაკმაყოფილდა ზ-----------–--ის 2018 წლის 9 ოქტომბრის №----------------- ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 20---–-–------------------------ დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ზ-----------–--ის 2018 წლის 9 ოქტომბრის №----------------- ადმინისტრაციული საჩივარი(ს.ფ. 24-251)

- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2---–-–------------–-------- ბრძანება ,,ზ-----------–--ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’(ს.ფ. 18-23)

 

3.1.8. საქმეში წარმოდგენილი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2----–-–--------------------- წერილით ირკვევა, რომ ქ.თბილისში, მ-----–-–-----------–---–---------------- საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 1 ოქტომბრის N3/181 ბრძანების საფუძველზე მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს კულტურული მემკვიდრობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2----–-–--------------------- წერილი(ს.ფ. 181)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე დადასტურებულია ის გარემოება, რომ მოპასუხეებმა- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა(ამჟამად ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია) და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოსცეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკლევისა და შეფასების საფუძველზე.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიღებისას დარღვეული იქნა საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოების და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ მოთხოვნები,- ასაბუთებს სასამართლოსათვის მიცემული ახსნა-განმარტებით, რაც საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ვერ იქნება გაზიარებული.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, სადავო გადაწყვეტილებები მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, რის გამოც ზ-----------–--ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით დამტკიცებული ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის და სანებართვო პირობების წესი”, ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი”, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 15 იანვრის №1-2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დებულება’’, ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე, 32-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2----–-–------------------------ დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’ და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2----–-–------------–------- ბრძანება ,,ზ-----------–--ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ზ-----------–--ის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2-----–-–------------------------ დადგენილების ბათილად ცნობა, რომლის თანახმადაც ზ-----------–--- დაჯარიმდა 4000(ოთხი ათასი) ლარით, ქ.თბილისში, ქ-----–-----------–---–-------- N01.13.07.025.008.01.0-- საკადასტრო კოდზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის რეკონსტრუქციისათვის, კერძოდ ფასადზე კარისა და ვიტრაჟის, ასევე ინტერიერში კიბის მოწყობისათვის.

 

საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი’’ არეგულირებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს და მათთან დაკავშირებულ პროცესებს, რომელთა წარმოება, მშენებლობა, მონტაჟი, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის შესაძლებლობას და არის მომეტებული რისკი ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსთვის. ამავე კანონის 15-ე მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა, კერძოდ ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად- მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტი(შემდგომ – ობიექტი) არის – ტექნიკური ნაკეთობა, დანადგარი, მოწყობილობა, მათი ნებისმიერი კომბინაცია, შენობა-ნაგებობა, მათ შორის, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტი, შეზღუდულად ბრუნვადი ნივთიერება ან ისეთი საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტი და პროცესი, რომელიც შეიცავს პოტენციურ ტექნიკურ საფრთხეს და რომელსაც ავარიის ან არასწორი ექსპლუატაციის შემთხვევაში შეუძლია ზიანი მიაყენოს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებასა და გარემოს. ,,ი’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები არიან – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოები.

 

სასამართლო აქვე დამატებით მიუთითებს, რომ ,,საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსგან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის უფლებამოსილების დელეგირების თაობაზე” 2015წლის 02 აპრილის ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დადგენილია, რომ სამინისტროს მიერ, ქ.თბილისში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების(გარდა საკულტო - რელიგიური და საფორტიფიკაციო დანიშნულების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების) ნებართვის გაცემის; კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქგეგმარებითი დოკუმენტაციის და სამშენებლო გაცემული ნებართვების საფუძველზე შესრულებული შუალედური და საბოლოო ანგარიშების მიღების, ასევე წარმოებული სამუშაოების ან/და სანებართვო პირობების კონტროლის უფლებამოსილების დელეგირება თბილისისთვის.

 

აღნიშნული ხელშეკრულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად: სამინისტრო უზრუნველყოფს თბილისში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების(გარდა საკულტო- რელიგიური და საფორტიფიკაციო დანიშნულების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების) გაცემული ნებართვების, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქგეგმარებითი დოკუმენტაციის შეთანხმების და სამშენებლო-სარეკონსტრუქციო პროექტებზე მშენებლობის ნებართვების, აღნიშნული ნებართვების/შეთანხმების საფუძველზე შესრულებული შუალედური და საბოლოო ანგარიშების და ამ აქტებზე თანდართული შესაბამისი დოკუმენტაციის თბილისისათვის გადაცემას. თბილისი უფლებამოსილია განახორციელოს თბილისში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების(გარდა საკულტო-რელიგიური და საფორტიფიკაციო დანიშნულების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების) ნებართვის გაცემა, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ქალაქგეგმარებითი დოკუმენტაციის და სამშენებლო სარეკონსტრუქციო პროექტებზე მშენებლობის ნებართვის გაცემის შეთანხმება, გაცემული ნებართვების საფუძველზე შესრულებული შუალედური და საბოლოო ანგარიშების მიღება, ასევე წარმოებული სამუშაოების ან/და სანებართვო პირობების კონტროლი.

 

ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016წლის 15 იანვრის №1-2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დებულების’’ 3.2 მუხლის ,,ლ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ფუნქციას წარმოადგენს თბილისის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე(გარდა საკულტო-რელიგიურ და საფორტიფიკაციო დანიშნულების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების) გაცემული ნებართვების საფუძველზე შესრულებული შუალედური და საბოლოო ანგარიშების მიღება, სამუშაოების მიღების ან მიღებაზე უარის თქმის თაობაზე შესაბამისი აქტის გამოცემა, ასევე წარმოებული სამუშაოების ან/და სანებართვო პირობების კონტროლი.

 

დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე ნათელია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური(ამჟამად ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია) წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს და სწორედ მის კომპეტენციას განეკუთვნება სამშენებლო საქმიანობის პროცესში იმგვარი დარღვევის გამოვლენა და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება, როგორიცაა პროექტის დარღვევით მშენებლობის, უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება.

 

6.3. საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლი განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს. კერძოდ, დასახელებული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ:

ა) მითითება შესრულდა;

ბ) მითითება არ შესრულდა;

გ) მითითება არადროულად სრულდება.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ ზ-----------–--ის მიმართ 2018 წლის 10 მაისს შედგენილი იქნა მითითება №------- რომლითაც დადგენილია, რომ ქ.თბილისში, წ-----------–---–--------------–- კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე, მოქ. ზ-----------–--ის საკუთრებაში არსებულ ფართში(საკ.კოდი: N01.13.07.025.008.01.0--) განხორციელებულია კარისა და ვიტრაჟის მონტაჟი, ასევე ინტერიერში კიბის მოწყობა. დარღვევის გამოსწორების მიზნით დაევალა წარედგინა აღნიშნული სამუშაოების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში გატარდებოდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო დარღვევის გამოსწორების ვადად განესაზღვრა 15(თხუთმეტი) კალენდარული დღე.

 

დადგენილია ასევე, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2018 წლის 25 ივნისს შედგა შემოწმების აქტი N------- რომლითაც დადგინდა , რომ ზ-----------–--ის მიერ არ იქნა შესრულებული 2-----–-–-------------------- მითითების პირობები.

 

6.4. საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას:

ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ;

ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ;

გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.

 

საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 44.2 მუხლის თანახმად, უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება შენობა-ნაგებობის გაბარიტების შეუცვლელად, ან საინჟინრო-კომუნალური ქსელების უნებართვო რეკონსტრუქცია−გამოიწვევს დაჯარიმებას 4000ლარით.

 

მითითებული მუხლის შესაბამისად, სამართალდარღვევადაა მიჩნეული როგორც უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება შენობა-ნაგებობის გაბარიტების შეუცვლელად, ასევე საინჟინრო-კომუნალური ქსელების უნებართვო რეკონსტრუქცია.

 

დადგენილია, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 20----–-–--------------------------–------------------–----------- ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’, რომლის თანახმადაც ზ-----------–--- დაჯარიმდა 4000(ოთხი ათასი) ლარით, ქ.თბილისში, ქ-----–-----------–---–-------- N01.13.07.025.008.01.0-- საკადასტრო კოდზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის რეკონსტრუქციისათვის, კერძოდ ფასადზე კარისა და ვიტრაჟის, ასევე ინტერიერში კიბის მოწყობისათვის.

 

6.5. სასამართლო განმარტავს, რომ ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მიზანია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და ამ სფეროში წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგება. ამავე კანონის 2.1 მუხლის თანახმად, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებულ კულტურულ მემკვიდრეობაზე.

 

,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის თანახმად, აკრძალულია ძეგლზე რაიმე სამუშაოების ჩატარება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით დადგენილი შესაბამისი ნებართვის გარეშე.

 

სასამართლო მიუთითებს ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009წლის 24 მარტის №57 დადგენილებაზე, რომლის მე-4 მუხლის თანახმად მშენებლობის სახეებია:

ა) ახალი მშენებლობა(მათ შორის, მონტაჟი)

ბ) რეკონსტრუქცია;

გ) რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება(არ საჭიროებს ნებართვას);

დ) დემონტაჟი;

ე) ლანდშაფტური მშენებლობა;

ვ) დროებითი შენობა-ნაგებობის მონტაჟი/განთავსება;

 

ამავე დადგენილების 36.1 მუხლის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით, განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი მშენებლობის ნებართვა გაიცემა:

ა) ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე);

ბ) არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე;

გ) არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე;

დ) სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებაზე, რომელიც საჭიროებს ახალ ნებართვას.

 

,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-3 მუხლის 43-ე პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვა არის განსაკუთრებული იერარქიის ნებართვა, რომელიც, როგორც წესი, იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად: I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა(მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება); II სტადია – არქიტექტურულ- სამშენებლო პროექტის შეთანხმება (არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება); III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა. იმავე მუხლის 50-ე პუნქტის მიხედვით, რეკონსტრუქცია არის არსებული შენობა-ნაგებობის ან/და მისი ნაწილ(ებ)ის არსობრივად შეცვლა, მათი ფიზიკური, ხარისხობრივი და თვისობრივი განახლების მიზნით. იმავე მუხლის 74-ე პუნქტის მიხედვით, უნებართვო მშენებლობა არის მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ. მითითებული მუხლის მე-80 პუნქტის თანახმად, შენობა-ნაგებობების შეკეთება(რემონტი, აღჭურვა/მოპირკეთება) არის შენობა-ნაგებობების დეფექტების აღმოფხვრა, გაუმჯობესება ან განახლება მზიდი კონსტრუქციებისა და ექსტერიერის შეუცვლელად, ასევე საცხოვრებელ შენობა-ნაგებობებში დამონტაჟებული ელექტრომექანიკური მოწყობილობის(ლიფტის) შემადგენელი ამორტიზებული ან მწყობრიდან გამოსული საამწყობო(მზიდი, მექანიკური, ელექტრული) ნაწილების შეცვლა ან/და შეკეთება, რაც უზრუნველყოფს მოწყობილობის სამუშაო რესურსის გაგრძელებას ტექნიკური მახასიათებლების შეუცვლელად.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმების თანახმად, მშენებლობის განხორციელება(კერძოდ, ახალი მშენებლობა, არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია, არსებული შენობა- ნაგებობის დემონტაჟი) დაუშვებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე, რომელიც, როგორც წესი, იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად. ზემოაღნიშნული დადგენილების მე-4 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, შენობა-ნაგებობების ახალი მშენებლობა ისეთი მშენებლობაა, რომელიც ხორციელდება მიწის ნაკვეთის იმ ნაწილში, სადაც არ დგას შენობა- ნაგებობა ან ხდება არსებულის მთლიანად ჩანაცვლება. რეკონსტრუქცია შეიძლება იყოს შემდეგი სახის: ა)შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია – შენობა-ნაგებობებზე ახალი სართულ(ებ)ის დაშენება, ან არსებული სართულ(ებ)ის დემონტაჟი, აგრეთვე მისი ნებისმიერი სართულის განაშენიანების ფართობის შეცვლა 1 მ2-ზე მეტად; ბ)ექსტერიერის რეკონსტრუქცია – ექსტერიერის(შენობის ფასადის, სახურავის) არქიტექტურული ნაწილების/ელემენტების გაბარიტების შეცვლა 2%-ზე და 0.1 მეტრზე მეტად ან/და არქიტექტურული ნაწილების/ელემენტების, კონსტრუქციების, ტექნიკური საშუალებების დამატება/მოკლება, რაც არსებითად ცვლის შენობის ექსტერიერს; გ)მზიდი ელემენტების რეკონსტრუქცია – მზიდი კონსტრუქციის ახლით ან/და სხვა ტიპის კონსტრუქციით შეცვლა, ასევე დაზიანებული/მწყობრიდან გამოსული მზიდი კონსტრუქციის გამაგრება, მზიდი კონსტრუქციის მოშორება, შენობის ინტერიერში მზიდ კონსტრუქციაში ღიობის გამოჭრა; დ)ქსელების რეკონსტრუქცია– შენობა-ნაგებობების საერთო სარგებლობის საინჟინრო-კომუნალური ქსელების გადაკეთება, შეცვლა, დამატება ან მოკლება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მშენებლობის ნებართვას არ საჭიროებს რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა, რომელიც არის ისეთი მშენებლობა, რომლის დროსაც დეფექტები აღმოიფხვრება ისე, რომ არ იცვლება მზიდი კონსტრუქციები, კერძოდ: ა) შენობის ინტერიერში ტიხრების გადაადგილება, ახლის დამატება ან/და მოკლება, ასევე მათში ღიობ(ებ)ის გამოჭრა; ბ) შენობა-ნაგებობების ინდივიდუალური სარგებლობის საინჟინრო- კომუნალური ქსელების შეკეთება; გ)ხორციელდება შენობა-ნაგებობების საერთო სარგებლობის საინჟინრო-კომუნალური სისტემების იმ ნაწილების შეკეთება/განახლება, რომლებიც გამიზნულია ბინების ან სხვა სამყოფების, სადგომების, სათავსების მომსახურებისათვის (მათ შორის, საერთო სარგებლობის საინჟინრო-კომუნალური სისტემების იმ ნაწილებისა, რომლებიც ბინებში ან სხვა სამყოფებში, სადგომებში, სათავსებში მდებარეობს); დ) ხორციელდება ტექნოლოგიური აღჭურვილობისა და ტექნოლოგიური სისტემების, ასევე ლოკალური საინჟინრო-კომუნალური ქსელებისა და სატრანსპორტო მექანიკური მოწყობილობების შეკეთება/განახლება; ე) შენობა-ნაგებობის ყველა სახის სარემონტო და მოპირკეთებითი, მათ შორის, ფასადისა და სახურავის, სამუშაოთა შესრულება, გაბარიტებისა და იერსახის არსებითად შეცვლის გარეშე(გარდა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლებისა); ვ) ხაზობრივი ნაგებობების რემონტი-შეკეთება მათი სიმძლავრისა და მახასიათებლების შეუცვლელად, ტექნიკური ნორმების დაცვით.

 

სასამართლო აქვე მიუთითებს ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65.1 მუხლზე, რომლის თანახმადაც, I კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობას არ ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა). I კლასს განეკუთვნება: ლ) კონდიციონერისა და სავენტილაციო მილის მოწყობა; პ) შენობა-ნაგებობის ფასადისა და სახურავის ისეთი სარემონტო და მოპირკეთებითი სამუშაოები, რომელთა დროსაც ხდება შენობა-ნაგებობის ფერის ან მოსაპირკეთებელი მასალის ცვლილება; ყ) ანტრესოლის, კიბის, ვიტრინის, კარის, ფანჯრის და სხვა ღიობების მოწყობა/დემონტაჟი. თუ აღნიშნული სამუშაოები ეხება შენობა-ნაგებობის მზიდ კონსტრუქციებს, ამ დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გარდა, დამკვეთი ვალდებულია სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე მოიპოვოს შესაბამისი დასკვნა განსახორციელებელი სამუშაოების უსაფრთხოების შესახებ; შ) შენობა-ნაგებობის ექსტერიერზე მცირე ზომის არქიტექტურული ნაწილების/ელემენტების, კონსტრუქციების, ტექნიკური საშუალებების დამატება/მოკლება. ამავე დადგენილების 66-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა წარმოებს ნებართვის მიღების გარეშე, მშენებლობის მწარმოებელი ვალდებულია დაიცვას კანონმდებლობით, მათ შორის, სამშენებლო რეგლამენტებით გათვალისწინებული მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოებელი/დამკვეთი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტით, მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო 5 დღის ვადაში წარდგენილი სრულყოფილი დოკუმენტ(ებ)ის საფუძველზე წერილობით ადასტურებს დაგეგმილი მშენებლობა/მონტაჟის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობას და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობას, ხოლო მე-10 პუნქტით კი, ამ დადგენილების მოთხოვნათა დარღვევით I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელება განიხილება როგორც უნებართვო მშენებლობა.

 

საქმეში წარმოდგენილია ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2----–-–----------------------- გადაწყვეტილება, რომლითაც ირკვევა, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში განხილული იქნა ზ-----------–--ის ელექტრონულად ატვირთული განაცხადი, რომელიც ეხება ქ.თბილისში, წ-----------–---–--------------–-(ძეგლი) არსებული შენობის ფასადის რეკონსტრუქციის ესკიზის წინასწარ შეთანხმების საკითხს. ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26მარტის N137 დადგენილების, ,,საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსგან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის უფლებამოსილების დელეგირების თაობაზე’’ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6აპრილის N91 განკარგულებით დამტკიცებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების, ,,ქ.თბილისის მუნიციპალიტეტსა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 აპრილის N9-34 დადგენილების თანახმად განაცხადი და თანდართული საპროექტო დოკუმენტაცია განხილული იქნა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოზე(ოქმი N35, 31.08.2---–-, რომლის გადაწყვეტილების საფუძველზეც აღნიშნულ საკითხს მიეცა დადებითი შეფასება რეკომენდაციით: ვიტრაჟი დანაწევრდეს ვერტიკალურად. ამავე განაწყეტილებით განმცხადებელს აგრეთვე ეცნობა, რომ არქიტექტურის პროექტის განხილვისა და ძეგლზე სამუშაოების ნებართვის მისაღებად საჭიროა განაცხადი დარეგისტრიდეს შესაბამის ნომენკლატურაში და წარმოადგინოთ საბჭოს წევრების რეკომენდაციების გათვალისწინებით შესრულებული სრულყოფილი საპროექტო დოკუმენტაცია. ანუ აღნიშნულით დასტურდება, რომ მარტოოდენ სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოებაზე ესკიზის წინასწარი შეთანხმება არ წარმოადგენდა საკმარის მტკიცებულებას ქ.თბილისში, წ-----------–---–--------------–- მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე განსახორციელებელ სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე და რომ აღნიშნულის შემდგომ, ქ.თბილისში, წ-----------–---–--------------–- მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე განსახორციელებელი სარეკონსტრუქციო სამუშაოები, ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 36-ე მუხლის თანახმად, საჭიროებდა მშენებლობის ნებართვას, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით კი ირკვევა, რომ შესაბამისი წესით გაცემული სანებართვო დოკუმენტაცია ზ-----------–---ს არ გააჩნია.

 

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური უფლებამოსილი იყო საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით’’ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მიეღო გადაწყვეტილება სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ზ-----------–--ის დაჯარიმების თაობაზე, შესაბამისად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 20---–-–------------------------ დადგენილება კანონიერია და მოთხოვნის ამ ნაწილში არ არსებობს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. რაც შეეხება სარჩელში მითითებულ გარემოებას იმის თაობაზე, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს მხედველობაში არ მიუღია მთელი რიგი საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები, კერძოდ-სამშენებლო ექსპერტის დასკვნა, რომელიც ადასტურებს, რომ განხორციელებული სამუშაოების დემონტაჟი დაუშვებელია, ვინაიდან არსებობს სართულშუა გადახურვის ჩამონგრევის საშიშროება,-აღნიშნული სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება, რამეთუ სწორედ შპს ,--------–------- 2018წლის 27 ივლისის N----- დასკვნის მხედველობაში მიღებით, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ დამრღვევის მიმართ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის თაობაზე დადგენილება მიღებული არ ყოფილა, არამედ,- გასაჩივრებული ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 20---–-–------------------------ დადგენილებით, ზ-----------–--- დაჯარიმდა 4000(ოთხი ათასი) ლარით, ქ.თბილისში, ქ-----–-----------–---–-------- N01.13.07.025.008.01.0-- საკადასტრო კოდზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის რეკონსტრუქციისათვის, კერძოდ ფასადზე კარისა და ვიტრაჟის, ასევე ინტერიერში კიბის მოწყობისათვის. რაც შეეხება სარჩელში მითითებულ იმ გარემოებას, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული ოჯახის ფინანსური მდგომარეობა,- აღნიშნული გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივ საფუძველს არ წარმოადგენს, რამეთუ საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ შესაბამისი ნორმები აღნიშნული საფუძვლით მხარის პასუხისმგებლობისგან გათავისულების შესაძლებლობას არ ითვალისწინებს.

 

6.6. მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2----–-–------------–------- ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც ზ-----------–---ს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი. მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი ასევე უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე და შესაბამისად არ არსებობს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019წლის 10 აპრილის N369 ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, სასამართლო დამატებით ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში ჩატარებული იქნა ადმინისტრაციული წარმოება და მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდგომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება.

 

6.7. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო(ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601-ე მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთ პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ზ-----------–--ის სარჩელი უსაფუძვლოა, გასაჩივრებული სადავო აქტები მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით და შესაბამისად არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად- 100 (ასი) ლარის ოდენობით. ამასთან, ზ-----------–--ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს მოსარჩელეზე სახელმწიფო ბაჟის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი, ხოლო მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი კი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ზ-----------–--ის სარჩელი მოპასუხეების- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში(მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14(თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის(მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილი