გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 30.04.2019
საქმის ნომერი
030310219002864084
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება _ ზიანის ანაზღაურების თაობაზე
თარიღი
30.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 030310219002864084

№ 3/26-2018

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30 აპრილი 2019 წელი ქ.ფოთი

შესავალი ნაწილი

ფოთის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე

სხდომის მდივანი ლევან ქირია

მოსარჩელე გ------- ლ-----ე

წარმომადგენელი ნ----- ს------------------–---

მოპასუხეები: საქართველოს მთავარი პროკურატურა, ფოთის რაიონული

პროკურატურა

წარმომადგენელი ა-- კ------ე

მესამე პირი საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (არ გამოცხადდა)

დავის საგანი მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. დაეკისროს მოპასუხე - საქართველოს მთავარ პროკურატურას (ფოთის რაიონულ პროკურატურას) გ------- ლ-----ის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის 9210 ლარის ანაზღაურება (მესამე პირის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მეშევობით).

 

1.2. დაეკისროს მოპასუხე - საქართველოს მთავარ პროკურატურას (ფოთის რაიონულ პროკურატურას) გ------- ლ-----ის სასარგებლოდ მორალური ზიანის 70 000 ლარის გადახდა (მესამე პირის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მეშევობით).

 

მოთხოვნის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

გ------- ლ-----ე უკანონო ბრალდების საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტროს კ--------–----- პ---–-–--- დ--------------- ფ------ გ---------–--ის თანამშრომლების მიერ დაკავებულ იქნა 2016 წლის 22 აგვისტოს, ფოთის რაიონული პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, რითაც ითხოვდნენ პატიმრობის შეფარდებას, ფოთის საქალაქო სასამართლოს განჩინებით აღკვეთის ღონისძიებად შეეფარდა პატიმრობა და შესახლდა ქ------------ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. 2016 წლის დეკემბრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა შეეცვალა უფრო მსუბუქი ღონისძიებით საპატიმრო გირაოთი და მას შემდეგ, რაც გირაოს სახით დაკისრებული თანხა უზრუნველყოფილი იქნა უძრავი ქონებით, გ------- ლ-----ემ დატოვა საპატიმრო დაწესებულება. 2017 წლის 01 თებერვლის განაჩენით გ------- ლ-----ე გამართლებულ იქნა მისთვის შერაცხულ ბრალდებაში, რაც ფოთის რაიონულმა პროკურატურამ გაასაჩივრა სააპელაციო და საკასაციო წესით. გამართლებულ გ------- ლ-----ის მიმართ განაჩენი უცვლელად დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, ხოლო უზენაესმა სასამართლომ საჩივარი უსაფუძვლოდ ჩათვალა და არ დაუშვა განსახილველად. მთელს ამ პერიოდში 2016 წლის 22 აგვისტოდან 2018 წლის 20 მარტის ჩათვლით გ------- ლ-----ემ განიცადა მატერიალური ზარალი 9210 ლარის ოდენობით (რაც გამოთვლილია მისი სამსახურებრივი სარგოდან) და მიადგა მორალური ზიანი, რაც წარმოჩინდა უკანონო და დაუსაბუთებელ პატიმრობაში. არავინ არ არის ვალდებული ითმინოს უკანონო პატიმრობით გამოწვეული დისკომფორტი, რაც გამოიხატება თუნდაც მთელი რიგი უფლებებით და თავისუფლებებით სარგებლობის შეუძლებლობაში. უკანონოდ დაპატიმრებული პირის პატიმრობაში ყოფნაა - უკანონობა, მიუხედავად იმისა მის მიმართ დაირღვა თუ არა რეჟიმის რომელიმე მოთხოვნა. გარდა ამისა გ------- ლ-----ეს დაენგრა ოჯახი. ამ თვალსაზრისით გ------- ლ-----ის მორალური ზიანი განუსაზღვრელი და მტკივნეულია. აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეზე მორალური ზიანის სახით 70000 ლარის დაკისრებას.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

 

საქართველოს მთავარი პროკურატურის და ფოთის რაიონული პროკურატურის წარმომადგენელი არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნებს და განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად: ,,თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი“.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი, ხოლო ამავე კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, კი ,,რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების, ადმინისტრაციული პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს სახელმწიფო, გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. განზრახვისას ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს“.

 

აღნიშნული მუხლების დეფინიცია ცხადყოფს, რომ პირს ზიანი უნდა მიადგეს ქმედების განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობის ბრალის ფორმით, ამასთან მიზეზობრივი კავშირი უნდა არსებობდეს განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს - ზიანს შორის. ასევე, მოხელის უკანონო ქმედება, რომელმაც პირისათვის ზიანი გამოიწვია, უნდა გამომდინარეობდეს მოხელის სამსახურებრივი მდგომარეობიდან და იყოს ბრალეული, განზრახი ან უხეში გაუფრთხილებელი და უნდა არსებობდეს პირდაპირი და არა სავარაუდო მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. მოცემულ შემთხვევაში კი, აღნიშნულს ადგილი არ ჰქონია. კონკრეტული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება ეფუძნებოდა კანონს და კანონის საფუძველზე მიღებულ საპროცესო დოკუმენტს - სასამართლოს განჩინებას. ამდენად, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები არ შეიძლება გაგებულ იქნას, როგორც ვინმეს მხრიდან განზრახი ან უხეში გაუფრთხილებელი ქმედებით ზიანის მიყენებად.

 

თუ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის მიმდინარეობისას ამ უკანასკნელის მიმართ საპროცესო ღონისძიებების გამოყენება მოხდა კანონით დადგენილი წესის დაცვით, შესაბამისად, სახეზე არ არის თანამდებობის პირის უკანონო და დაუსაბუთებელი ქმედება და საბოლოოდ პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის მარეაბილიტირებელი საფუძვლით დამთავრების შემთხვევაშიც არ არსებობს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის კანონიერი საფუძველი.

 

საგულისხმოა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლი, რომლის თანახმად, პროკურატურა სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანოა. ამ ფუნქციის შესრულების უზრუნველსაყოფად პროკურატურა ახორციელებს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას. პროკურატურა ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, სრული მოცულობით ატარებს დანაშაულის გამოძიებას, სასამართლოში მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას.

 

ამავე კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირი უდანაშაულოდ ითვლება ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, განაჩენი არის პირველი ინსტანციის, სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ბრალდებულს ცნობს დამნაშავედ დანაშაულის ჩადენაში ან ამართლებს მას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი შეიძლება იყოს გამამტყუნებელი ან გამამართლებელი. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი შეიცავს სასამართლოს გადაწყვეტილებას ბრალდებულის დამნაშავედ ცნობის შესახებ.

 

როგორც წარმოდგენილი სასარჩელო განცხადებიდან დგინდება, მოსარჩელე გ------- ლ-----ეს ბრალი წარდგენილი ჰქონდა სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებაში, რაზედაც ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 01 თებერვალს მიღებულ იქნა შესაბამისი განაჩენი, რაც ძალაში იქნა დატოვებული ზემდგომი სასამართლოების მიერ. შესაბამისად, საქართველოს მთავარი პროკურატურის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები არ არსებობს.

 

ამასთან, მართალია, სარჩელზე დართული საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 20 მარტის განჩინებაში მითითებულია, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 01 თებერვლის განაჩენით გ--–-----ისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო გაუქმდა, მაგრამ აღნიშნულ განჩინებაში არ არის მითითებული გ--–-----ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე, შესაბამისად, მოსარჩელის მითითება, რომ შვიდი თვის განმავლობაში იმყოფებოდა პატიმრობაში წარმოდგენილი მტკიცებულებით არ დგინდება.

 

ამასთან, მორალური ზიანის ანაზღაურების განსაზღვრასთან მიმართებით, საგულისხმოა შემდეგი: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნას მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. მორალური ზიანის ანაზღაურებას ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლი, რომელიც განსაზღვრავს იმ საფუძვლებს, რომლის ხელყოფის დროსაც პირს უფლება აქვს მოითხოვოს მორალური ზიანის ანაზღაურება. ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოება, რომ კომპენსაციის ოდენობა ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ მდგომარეობას, შესაბამისად, ოდენობა უნდა გამომდინარეობდეს გონივრული და სამართლიანი განსჯის შედეგად.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 08 აპრილის ადმინისტრაციულ საქმეზე ბს-972-936(3კ-08) ჩამოყალიბებული განმარტების შესაბამისად, მორალური ზიანის მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით, რაც გულისხმობს ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის ხარისხის, დაზარალებულის განცდების სიღრმისა და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებას. მორალური ზიანის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს მოპასუხეების მიერ მატერიალური ზიანის ანაზღაურების ფაქტს, ასევე დაზარალებულის სუბიექტურ დამოკიდებულებას მორალური ზიანის მიმართ და ობიექტურ გარემოებებს. ამ გარემოებათა შორისაა, დაზარალებულის ცხოვრების პირობები, ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა და სხვა.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 10 აპრილს ადმინისტრაციულ საქმეზე ბს-648-623 (3კ-13) ჩამოყალიბებული განმარტების შესაბამისად, კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები, რომ კომპენსაციის ოდენობა არ უნდა იყოს უსაშველოდ გაზრდილი და არ უნდა მოწყდეს რეალობას. მართალია მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე, მაგრამ ეს მოთხოვნა მხოლოდ მოსარჩელის მოსაზრებაა და სასამართლოს მიხედულობით უნდა გადაწყდეს.

 

მატერიალური ზიანის ანაზღაურებისას უნდა იქნას წარმოდგენილი ცალსახა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებს ზიანის გამომწვევ გარემოებებსა და განსაზღვრავს მიყენებული ზიანის ოდენობას. სისხლის სამართლის წარმოებაზე მითითება ან გარკვეული დოკუმენტების წარმოდგენა, არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს მასზედ, რომ დადგინდეს კონკრეტული ოდენობით მატერიალური ზიანის დადგომის ფაქტი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც შეიძლება დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

მტკიცებულებათა შეფასება უნდა მოხდეს ორი თვალსაზრისით: მათი სარწმუნოობისა თუ არასარწმუნოობის და ასევე იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ესა თუ ის მტკიცებულება. სასამართლოს მიერ მტკიცებულების შეფასება გულისხმობს მტკიცებულებათა როგორც ინდივიდუალურად, ასევე ერთობლიობაში შეფასებას.

 

მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს ,,წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“, რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება ჯეროვნად, რომ შესრულებულიყო. იმისთვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობებთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2012 წლის 20 იანვრის (ას-1156-1175-211) განჩინებაში განმარტა, რომ მიუღებელი შემოსავალი წარმოედგენს სავარაუდო შემოსავალს, მაგრამ მისი დადგენისათვის გათვალისწინებულ უნდა იქნას, თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. ზიანის ანაზღაურების ერთ-ერთი აუცილებელი ნიშანი კი ისაა, რომ ზიანი უნდა იყოს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგი. სასამართლომ უნდა შეაფასოს, რომ არა ზიანის მიმყენებლის ქმედება, მხარე მიიღებდა ამ სარგებელს და რამდენად რეალური იქნებოდა აღნიშნული. მიუღებელი შემოსავლის მტკიცება არ უნდა ეფუძნებოდეს აბსტრაქტულ, მხოლოდ მოსაზრებებზე დამყარებულ გარემოებებს, არამედ, უნდა დასტურდებოდეს კონკრეტული ფაქტითა და მტკიცებულებებით.

 

აღსანიშნავია, რომ პირის დასაქმება მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული და მისი კვალიფიკაცია არის მისი დასაქმების მაღალი ალბათობის მაჩვენებელი, მაგრამ არა გარანტი. რაღაც პერიოდში მუშაობის ფაქტი არ გამორიცხავს, სამუშაოდან გაშვებას ლიკვიდაციის, რეორგანიზაციის, ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო. ამასთან, ანაზღაურების ოდენობაც განსხვავებულია, როგორც სხვადასხვა ორგანიზაციაში, ისე სხვადასხვა თანამდებობაზე.

 

,,მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით უნდა განისაზღვროს ზიანის ანაზღაურება, ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება“. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2011 წლის 24 ოქტომბრის Nას-307-291-2011 განჩინება.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სარჩელის მე-7 ფაქტობრივ გარემოში უთითებს, რომ დაკარგა სამუშო ადგილი, სადაც მისი ანაზღაურება შეადგენდა 700 ლარს, მე-2 სასარჩელო მოთხოვნით ითხოვს მატერიალური ზიანის ანაზღაურებას 9210 ლარის ოდენობით. თუმცა მითითებული არა აქვს თუ რაში გამოიხატა ამ ოდენობით მატერიალური ზიანის მიყენება და რაზე აფუძნებს მოთხოვნას. შესაბამისად, აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნა მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძვლებს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 03 ივლისის N10ა/109-2016 წლის განჩინების შესაბამისად, გ------- ლ-----ეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა. გ------- ლ-----ის პატიმრობის ვადა აითვალა მისი დაკავების მომენტიდან 2016 წლის 30 ივნისის 20:57 საათიდან.

 

3.1.2. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 07 დეკემბრის N1/134-2016 განჩინების თანახმად, გ------- ლ-----ე დაკავებულ იქნა 2016 წლის 30 ივნისს 20:57 საათზე. 2016 წლის 07 დეკემბერს შეეცვალა 2016 წლის 03 ივლისის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და აღკვეთის ღონისძიების სახით მის მიმართ გამოყენებულ იქნა გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით.

 

3.1.3. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 იანვრის N1/134 განაჩენის მიხედვით, გ------- ლ-----ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. გამართლებულ გ------- ლ-----ეს განემარტა, რომ ჰქონდა უფლება მიყენებული ზიანის ანაზღაურების, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

 

3.1.4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 20 მარტის N541აპ-17 განჩინების შესაბამისად, ფ------ რ--------–- პ--------------- მ--------–-- - ფ--–--- ჯ--–--------ს საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. გამამართლებელი განაჩენი კანონიერ ძალაშია შესული, შესაბამისად საქმეში სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ მოიპოვება.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

- გ------- ლ-----ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

- საქართველოს მთავარ პროკურატურას (ფოთის რაიონულ პროკურატურას) გ------- ლ-----ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მორალური ზიანის სახით 3000 ლარი.

 

- გ------- ლ-----ის სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს მთავარ პროკურატურისათვის (ფოთის რაიონული პროკურატურისათვის) მატერიალური ზიანის სახით 9210 ლარის დაკისრების თაობაზე, უსაფუძვლობის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული და სამოქალაქო საპროცესო კოდექსები, უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 07 თებერვლის ბს-432-429 (2კ-17) გადაწყვეტილება (კონკრეტული მუხლები იხილეთ სამართლებრივ შეფასებაში).

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ყველასთვის არის გარანტირებული სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება. აღნიშნული კონსტიტუციური დებულების შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის მიხედვით პირს უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. ზაკ-ის 208.1 მუხლის თანახმად, სახელმწიფოს, ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამასთანავე, ზაკ-ის 207-ე მუხლით განისაზღვრა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმების, პრინციპებისა და საფუძვლების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომლებიც ამავე კოდექსით არის დადგენილი. ამდენად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების, ადმინისტრაციული პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებულ ზიანს სახელმწიფო აანაზღაურებს, გამოძიების, პროკურატურის ორგანოების და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად (სკ-ის 1005.3).

 

საქართველოს სკ-ის 1005.3 მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, მუხლში ჩამოთვლილი გარემოებები არ არის კუმულატიური ხასიათის, ამასთანავე, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა: დამდგარი ზიანი, მართლწინააღმდეგობა - უკანონო ბრალდება/მსჯავრდება, მიზეზობრივი კავშირი უკანონო ბრალდებას/მსჯავრდებასა და დამდგარ ზიანს შორის, აგრეთვე პირის მარეაბილიტერებელი გარემოება.

 

უკანონო ბრალდების შედეგად დამდგარ, ასანაზღაურებელ ზიანში მოიაზრება როგორც მატერიალური, ასევე მორალური ზიანი, რადგან პირის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოებას, როგორც წესი უკავშირდება პირის საქმიანი რეპუტაციის და კანონით დაცული სხვა უფლებების შელახვა, პირის მიმართ იძულებითი ღონისძიებების გამოყენება, სისხლის სამართლებრივი დევნა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა პირისათვის ქმნის ერთგვარ დისკომფორტულ, სტრესულ სიტუაციას. მატერიალური (ქონებრივი) ზიანი შესაძლოა გამოიხატოს ქონების დაზიანებაში, შემოსავლის მიუღებლობაში, ჯანმრთელობის დაზიანებაში, დამატებითი ხარჯების გაწევაში და ა.შ., ხოლო არაქონებრივი ზიანი ვლინდება პირის მორალურ განცდებში, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრების წესის გაგრძელების შეუძლებლობასთან, პირის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვასთან და სხვ., თუმცა ანაზღაურებას ექვემდებარება არა ყველა სახის მორალური ზიანი, არამედ მხოლოდ ის, რომლის ანაზღაურებაც გათვალისწინებულია მოქმედი კანონმდებლობით (სკ-ის 413 მუხ.).

 

საქართველოს სკ-ის 1005.3 მუხლი, რომელიც ითვალისწინებს უკანონო მსჯავრდების, პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების შედეგად რეაბილიტირებული პირისათვის ზიანის ანაზღაურებას, ითვალისწინებს რომ ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება ზიანის მიმყენებლის ბრალის მიუხედავად. საგულისხმოა, რომ ზემოაღნიშნული ნორმა, ანიჭებს რა პირს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, არ განსაზღვრავს მარეაბილიტირებელ გარემოებებს. შესაბამისად, კანონმდებელმა სასამართლოს მიანიჭა თავისუფლება ქმედების უკანონობისა და რეაბილიტაციის საფუძვლების შეფასებისას.

 

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 იანვრის N1/134 განაჩენის მიხედვით, გ------- ლ-----ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. გამართლებულ გ------- ლ-----ეს განემარტა, რომ ჰქონდა უფლება მიყენებული ზიანის ანაზღაურების, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

 

ზემოაღნიშნული გამამართლებელი განაჩენი უდავოდ წარმოადგენს მოსარჩელის რეაბილიტაციის საფუძველს, რადგან უტყუარად დასტურდება პირის უდანაშაულობა, წარდგენილი ბრალდების უსაფუძვლობა, პირის მიმართ გამოყეებული შეზღუდვის არამართლზომიერება.

 

სკ-ის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე სახელმწიფო ვალდებულია აანაზღაუროს ის ზიანი, რომელიც უკავშირდება რეაბილიტირებული პირისათვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემას, მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა, ვინაიდან არ დაიშვება ნორმის ისე განმარტება, რომ გამართლებულ პირს არ მიეცეს უფლების აღდგენის ეფექტური, ქმედითი შესაძლებლობა („ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-13 მუხლი), საწინააღმდეგო ინტერპრეტაცია არ თავსდება საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ ადამიანის უფლებების, როგორც უმაღლესი ფასეულობის პრიორიტეტულობასა და პატივისცემასთან.

 

ქმედების მართლწინააღმდეგობა ობიექტური ნიშანია, იგი არ არის დამოკიდებული ზიანის მიმყენებლის ცნობიერებასა და მის სამართლებრივ შეფასებაზე.

 

ფოთის საქალაქო სსამართლოს 2017 წლის 31 იანვრის განაჩენით გ------- ლ-----ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში. აღნიშნული განაჩენი გასაჩივრდა ზემდგომ სასამართლოებში და დარჩა ძალაში. ამდენად, დადასტურებულია, რომ გ------- ლ-----ეს მოუწია კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებზე შემზღუდავი ზემოქმედების ატანა თმენის ვალდებულების დაკისრების დასაბუთებული სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, რადგან გ------- ლ-----ე ითვლება უდანაშაულოდ.

 

სკ-ის 1005.3 მუხლის მიზნებისთვის მართლსაწინააღმდეგოდ მიიჩნევა ისეთი ქმედება, რომელიც ფორმალური მართლზომიერების მიუხედავად დაუსაბუთებლად არღვევს პირის კონსტიტუციით დაცულ უფლებებსა და თავისუფლებებს. ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის“ ევროპული კონვენციის 22.11.1984წ. N7 ოქმის (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 23.02.2000წ. N155-IIს დადგენილებით) მესამე მუხლის თანახმად, ,,თუ საბოლოო გადაწყვეტილებით პირი მსჯავრდებულია სისხლის სამართლის დანაშაულისათვის და შემდგომში მისი ეს მსჯავრდება გაუქმდა, ან სასჯელის მოხდისაგან ის გათავისუფლდა, რადგან ახალმა ან ახლად გამოვლენილმა გარემოებებმა ცხადყო, რომ მართლმსაჯულება არაჯეროვნად განხორციელდა, ამგვარი მსჯავრდების გამო შეფარდებული სასჯელისათვის მას მიეკუთვნება კომპენსაცია შესაბამის სახელმწიფოში მოქმედი კანონის ან დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით“. უფრო მეტიც, საქმეზე ,,პოღოსიანი და ბაღდასარიანი სომხეთის წინააღმდეგ“ (Case of Poghosyan and Baghdasaryan v. Armenia, 12.09.2012წ., განაცხადი N22999/06) ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ უკანონო მსჯავრდების დადასტურებისას, პირისათვის დამდგარი მატერიალური და მორალური ზიანისათვის კომპენსაციის გადახდა უნდა მოხდეს ეროვნულ კანონმდებლობაში აღნიშნული დანაწესის არარსებობის შემთხვევაშიც (§ 51).

 

განსახილველ შემთხვევაში მართლსაწინააღმდეგო შედეგის არსებობა (დადასტურებული უკანონო ბრალდება) განაპირობებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობას, რადგან გ------- ლ-----ის ბრალდებულად ცნობის მომენტში ფორმალურად მართლზომიერი საპროცესო მოქმედებები მარეაბილიტირებელი გარემოების დადგენისთანავე, სკ-ის 1005.3 მუხლის მიზნებისთვის, მიიჩნევიან უკანონოდ, რადგან ხსენებული ნორმა მიზნად ისახავს დაზარალებულის დაცვას, კერძოდ, გამართლებული პირისათვის სახელმწიფო ორგანოების მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად კომპენსაციის მიცემას.

 

რეაბილიტაცია სისხლის სამართლის პროცესში არის იმ პირის უფლებებისა და თავისუფლებების აღდგენა, რომელიც უკანონოდ და დაუსაბუთებელად დაექვემდებარა სისხლისსამართლებრივ დევნასა თუ პასუხისმგებლობას. პირის რეაბილიტაციის უმთავრესი იურიდიული საფუძველი გამამართლებელი განაჩენია, რომელიც პირის არაბრალეულობასა და უდანაშაულობას ადასტურებს.

 

განსახილველ შემთვევაში გ------- ლ-----ის მიმართ დამდგარია გამამართლებელი განაჩენი - სახეზეა მარეაბილიტირებელი გარემოება. შესაბამისად, სკ-ის 1005.3 მუხლის მიზნებისთვის არსებობს იმ ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი, რომელიც გამოწვეულია უშუალოდ უკანონო ბრალდებით (რასაც აღკვეთი ღონისძიების სახით მოჰყვა პატიმრობა).

 

სისხლისსამართლებრივი დევნა და ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენება ემსახურება სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს - საზოგადოების, მისი კონკრეტული წევრის უსაფრთხოების დაცვას. ამასთანავე გამოძიების მწარმოებელ ორგანოს არა აქვს საქმის შედეგის წინასწარ განსაზღვრის შესაძლებლობა, მტკიცებულებათა შეფასება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის საკმარისობის კუთხით სასამართლოს უფლებამოსილების სფეროს განეკუთვნება. გამოძიება სახელმწიფო საქმიანობის განსაკუთრებული სახეობაა, საგამოძიებო საქმიანობის სპეციფიკა იმაში მდგომარეობს, რომ მას უხდება თავისი საქმიანობის წარმართვა ინფორმაციული დეფიციტის პირობებში. ამასთანავე, საგამოძიებო საქმიანობის აღნიშნული სპეციფიკა არ ქმნის ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან სრულად გათავისუფლების საფუძველს, ხსენებულმა გარემოებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს მხოლოდ ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობის ფარგლებზე.

 

ამ შემთხვევაში ცალმხრივი და არაობიექტური გამოძიება, მოთხოვნის (კონკრეტულად ამ საქმეზე) ფარგლებს სცილდება და ეს სხვა თემაა.

 

ზოგადად, სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობისათვის დამახასიათებელია ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის პრინციპი (სკ-ის 992 მუხ.), თუმცა აღნიშნული დანაწესი არ არის აბსოლუტური ხასიათის. განსახილველ შემთხვევაში სახელმწიფოსათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრების სამართლებრივი საფუძველია სკ-ის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, ზიანი ანაზღაურდება ზიანის მიმყენებლის ბრალის მიუხედავად.

 

საქართველოს მთავარი პროკურატურის მითითება ბრალის, როგორც უკანონო ბრალდების/მსჯავრდების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დაკისრების აუცილებელ წინაპირობაზე, დაუსაბუთებელია. დაუშვებელია დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მომწესრიგებელი ზოგადი ნორმებით (სკ-ის 992, 1005.1 მუხ.) დადგენილი მოთხოვნების განვრცობა სპეციალური ნორმით (სკ-ის 1005.3 მუხ.) მოწესრიგებულ კონკრეტულ სამართალურთიერთობაზე, რომელსაც ადგილი აქვს უკანონო ბრალდებისა და უკანონო მსჯავრდების შემთხვევაში.

 

გ------- ლ-----ე სარჩელით მოითხოვს როგორც მატერიალური, ასევე მორალური ზიანის ანაზღაურებას. მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დაკავშირებულია არაქონებრივი უფლებათა დარღვევასთან. არაქონებრივი უფლებები წარმოადგენს სამოქალაქო სამართლის ისეთ ობიექტს, რომლის სპეციფიკის გათვალისწინებით მისი ხელყოფის შედეგად დამდგარ ზიანს ქონებრივი ექვივალენტი არ გააჩნია. ამდენად, არაქონებრივი ზიანის მოთხოვნის წარმოშობისათვის საკმარისია არსებობდეს არაქონებრივი უფლების (პატივი, ღირსება, საქმიანი რეპუტაცია, პირადი ხელშეუხებლობა) ხელყოფის ფაქტი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა. პირისათვის ბრალის წარდგენა, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენება დაკავშირებულია გარკვეულ ნეგატიურ განცდებთან, სტრესულ მდგომარეობასთან, რეპუტაციის შელახვასთან. მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. ამასთან, ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა, ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს მიხედულებით წყდება, მორალური ზიანის მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხისათვის 3000 ლარის დაკისრება მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნების პროპორციულია.

 

საქართველოს სკ-ის 413-ე მუხლში მითითება მორალური ზიანის გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების თაობაზე გულისხმობს დაზარალებულის განცდების სიღრმისა და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებას (სუს ბს-972-963(3კ-08) 08.04.2009წ. გადაწყვეტილება). მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს ისეთ გარემოებებს, როგორიცაა: დამდგარი ზიანის სიმძიმე, დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება მორალური ზიანის მიმართ, განცდების ინტენსივობა, შელახული უფლების მნიშვნელობა და სხვა. მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრესი მიზანი არ არის ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. სასამართლო ითვალისწინებს მოსარჩელის სოციალურ მდომარეობას, მის მიმართ განხორციელებული იძულების ფორმების სიმძიმეს. მართალია პირის მიმართ იძულებითი ღონისძიების გამოყენება, სისხლისსამართლებრივი დევნა დაკავშირებულია ნეგატიურ განცდებთან და უქმნის პირს დისკომფორტს, თუმცა სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მყოფი პირი, გონივრულ ფარგლებში, ვალდებულია ითმინოს ამ პროცესის ნეგატიური შედეგები. ამდენად, გ------- ლ-----ის მიერ მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად მოთხოვნილი თანხა (70 000 ლარი) არის აშკარად არაადეკვატური. მორალური ზიანის კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა. არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ სულიერ მდგომარეობას, მისი მიზანია არამატერიალური სიკეთის ხელყოფით გამოწვეული ტანჯვის შემსუბუქება, ნეგატიური განცდების სიმძიმისა და ინტენსივობის შემცირება.

 

რაც შეეხება მატერიალური ზიანის ანაზღაურებას, სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 102.1 მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. სსკ-ის 105.2 მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

მოსარჩელეს არ წარუდგენია მატერიალური ზიანის მიყებნების დამადასტურებელი მტკიცებულება, კერძოდ, რაიმე ცნობა თანამდებობრივი სარგოს შესახებ.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, გ------- ლ-----ის სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს მთავარ პროკურატურისათვის (ფოთის რაიონული პროკურატურისათვის) მატერიალური ზიანის სახით 9210 ლარის დაკისრების თაობაზე, უსაფუძვლობის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახ. ბაჟის გადახდისაგან.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმესთან დაკავშირებით უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხსელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის მე-8, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. გ------- ლ-----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. საქართველოს მთავარ პროკურატურას (ფოთის რაიონულ პროკურატურას) გ------- ლ-----ის სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის სახით 3000 ლარი.

 

3. გ------- ლ-----ის სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს მთავარ პროკურატურისათვის (ფოთის რაიონული პროკურატურისათვის) მატერიალური ზიანის სახით 9210 ლარის დაკისრების თაობაზე, უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდეს.

 

4. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახ. ბაჟის გადახდისაგან.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება სააპელაციო წესით გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ფოთის საქალაქო სასამართლოს (ქ.ფოთი, დავით აღმაშენებლის ქ.№3) მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე