გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.06.2019
საქმის ნომერი
120210019002984147
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
14.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/285-19წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

14.06.2019 წელი ქ. ახალციხე

შესავალი ნაწილი

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი

სხდომის მდივანი - ლაშა ზაზაძე

მოსარჩელე - სს ,,ფ----------------------–--’’

წარმომადგენელი - გ---------------–---–ი;

მოპასუხე - ა---------------–--ე, ნ-------------–---–ი,მ-----------–--ე, კ------------–-----–---–ი;

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება.

აღწერილობითი ნაწილი :

1. სასარჩელო მოთხოვნა:

ა---------------–--ეს, ნ-------------–---–ს, მ-----------–--ესა და კ------------–-----–---–ს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ 19839,89 ლარის გადახდა. საიდანაც ძირია 15 901,67 ლარი, სარგებელი 3 938,22 ლარი.

მოპასუხე მხარეს სოლიდარულად დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 607,17 ლარი.

გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

მოსარჩელემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

2017 წლის 25 მაისს მოსარჩელესა და ა---------------–--ეს შორის დაიდო N1-----.3---.0-- სესხის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც მსესხებელმა მოსარჩელისგან მიიღო 24000 ლარი. სესხის ვადად განისაზღვრა 24.05.2017 წ.-დან 24.05.2021 წ.-მდე ანუ 1460 დღის ვადით, წლიური 21 %-ს დარიცხვით. სესხისა და სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელი თანხა იბეგრება საურავით, რაც ყოველთვიურად შეადგენს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 1%. სესხის ხელშეკრულება უზრუნველყოფილ იქნა ნ-------------–---–თან, მ-----------–--ესთან და კ------------–-----–---–თან გაფორმებული სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებით. თავდებების პასუხისმგებლობა განისაზღვრა 36000 ლარის ოდენობით.

2019 წლის 27 თებერვალს ა---------------–--ემ განცხადებით მიმართა ბანკს და განუმარტა, რომ მისი ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა, აღარ გააჩნია შემოსავალი და არც გადახდის საშუალება.

2019 წლის 25 მარტიდან სოლიდარული მოვალეების მხრიდან ვალდებულება აღარ შესრულებულა მიუხედავად ბანკის თანამშრომლების მხრიდან არაერთი კომუნიკაციისა. შესაბამისად, 2019 წლის 16 აპრილს ბანკმა შეწყვიტა ხელშეკრულება მსესხებელთან და მომართა სასამართლოს ფულადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნით.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

2.1. მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ და მიუთითა, რომ უნდა დაეკისროს სესხის ძირი თანხის 15901,67 ლარის გადახდა. მოპასუხე მხარის მითითებით, მათ მიერ ფაქტობრივი გარემოებები არ იყო ცნობილი ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის. ვალდებულება სრულდებოდა სწრაფი გადახდის აპარატის მეშვეობით და არ იყო თვალსაჩინო, რომ გადახდილი თანხებით იფარებოდა მხოლოდ პროცენტი და პირგასამტეხლო, ხოლო ძირითადი ვალდებულება არ მცირდებოდა. მოპასუხის განმარტებით მას მაისის თვეში ბანკის მიმართ არსებული დავალიანება ჰქონდა განულებული. შესაბამისად, მოპასუხე თანახმაა გადაიხადოს მხოლოდ სესხის ძირი თანხა და არ არის თანახმა გადაიხადო 3938,22 ლარი, როგორც ზიანი, ვინაიდან ამის ვალდებულება არ გააჩნია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2017 წლის 25 მაისს სს ,,ფ----------------------–--სა“ და ა---------------–--ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება N1-----.3---.0-- რომლის თანახმადაც ა---------------–--ემ ბანკისაგან ისესხა 24000 ლარი 1460 დღით, წლიური 21%-ის დარიცხვით. ვადაგადაცილების შემთხვევაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1% საურავის დარიცხვით. ამასთან, საურავის დარიცხვა გრძელდება მხოლოდ 60 კალენდარული დღის განმავლობაში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

სესხის ხელშეკრულება N1-----.3---.0-- (იხ. ს.ფ15-19 );

 

3.1.2. მოპასუხე ა---------------–--ემ 2019 წლის 27 თებერვალს განცხადებით მიმართა ბანკს და განუმარტა, რომ მისი ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა, აღარ გააჩნია შემოსავალი და არც გადახდის საშუალება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

ა---------------–--ის 2019 წლის 27 თებერვლის განცხადება. (იხ. ს.ფ 35 );

 

3.1.3. 2019 წლის 25 მარტიდან სოლიდარული მოვალეების მხრიდან დაირღვა ხელშეკრულების პირობები, გრაფიკით განსაზღვრული ვალდებულება აღარ შესრულებულა. შესაბამისად, 2019 წლის 16 აპრილს ბანკმა შეწყვიტა ხელშეკრულება მსესხებელთან და მომართა სასამართლოს ფულადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

ა---------------–--ის ანგარიშიდან ამონაწერი - გადახდების ისტორია (იხ.ს.ფ. 32-33 )

 

3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

3.2.1. ა---------------–--ესა და მოსარჩელეს შორის გაფორმებული 2017 წლის 25 მაისის ხელშეკრულებით განისაზღვრა მსესხებლის მიერ ვალდებულების დაფარვის რიგითობა და 2.10. პუნქტის თანახმად, მსესხებლის მიერ კრედიტის დასაფარად ბანკისათვის გადაცემული ან მსესხებლის ანგარიშზე არსებული თანხით პირველ რიგში დაიფარება პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის, (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შემდეგ საკომისიოებთან დაკავშირებული დავალიანება, შემდეგ საპროცენტო სარგებელი და ბოლოს კრედიტის ძირითადი თანხა (მსესხებელი ბანკს უფლებას ანიჭებს ცალმხრივად შეცვალოს ამ პუნქტში მოცემული წესი).

ამავე ხელშეკრულების 4.6. პუნქტის საფუძველზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბანკს ჰქონდა უფლება მსესხებლისათვის მოეთხოვა მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება და მითითებული პუნქტით მხარეთა შორის განისაზღვრა, რომ მსესხებლის მიერ აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია გაატაროს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა ღონისძიება არსებული ვალდებულების დასაფარად. მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

ხოლო, ამავე ხელშეკრულების 4.9. პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ მიექცევა აღსასრულებლად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის შესაბამისად.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

2017 წლის 25 მაისი N1-----.3---.0-- ხელშეკრულება.(იხ.ს.ფ.15-19 );

 

3.2.2. 2017 წლის 25 მაისს მოსარჩელე ,,ფ----------------------–--ს“ მიერ შედგენილი თავდებობის წერილებით მოპასუხე მ-----------–--ემ, ნ-------------–---–მა და კ------------–-----–---–მა ბანკს წარუდგინეს განცხადება თავდებობის შესახებ, ამასთანავე, მათ აიღეს ვალდებულება, რომ მსესხებელის ა---------------–--ის სანაცვლოდ გადაიხდიდნენ მსესხებლის მიერ ბანკის წინაშე დადებულ N1-----.3---.0-- ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებას. ისინი პასუხს აგებენ საკუთარი უძრავ-მოძრავი ქონებით 36000 ლარის ფარგლებში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

თავდებობის ხელშეკრულებები - მხარეთა შორის გაფორმებული 2017 წლის 25 მაისის თავდებობის წერილი.(იხ. ს.ფ.22-27)

 

3.2.3. ა---------------–--ეს, ნ-------------–---–ს, მ-----------–--ესა და კ------------–-----–---–ს სს ,,ფ----------------------–--ს’’ მიმართ 2017 წლის 25 მაისის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენს სესხის ძირი თანხიდან 15901,67 ლარს. ასევე, მიუღებელ შემოსავალს 3638,22 ლარს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

ა---------------–--ის ანგარიშიდან ამონაწერი - გადახდების ისტორია (იხ.ს.ფ.32-33)

სესხის დაფარვის გრაფიკი (იხ.ს.ფ.20-21)

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნების თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ სს ,,ფ----------------------–--ს” სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 316-317-ე, 361-ე, 623-ე, 625-ე, 867-868-ე მუხლებით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობით სარგებლობს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

ამავე კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. აღნიშნული პრინციპი უზრუნველყოფს სახელშეკრულებო ურთიერთობათა სტაბილურობას და ავალდებულებს მხარეებს შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები.

ამავე კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

ამავე კოდექსის 627-ე მუხლის თანახმად, გამსესხებელს უფლება აქვს დაუყოვნებლივ მოითხოვოს ვალის დაბრუნება, თუ მსესხებლის ქონებრივი მდგომარეობა არსებითად უარესდება, რითაც საფრთხე შეექმნება სესხის დაბრუნების მოთხოვნას. ეს უფლება მაშინაც არსებობს, თუ მსესხებლის ქონებრივი მდგომარეობის გაუარესება წინ უსწრებდა ხელშეკრულების დადებას, ხოლო გამსესხებლისათვის იგი ცნობილი გახდა მხოლოდ ხელშეკრულების დადების შემდეგ.

ამავე კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ხოლო ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის მიხედვით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ სულ ცოტა ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის, მაშინ თუ ორ კვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

ხოლო 405-ე მუხლის მიხედვით, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი. არ არის აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება, თუ: აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება.

ამავე კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, კი ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით, რასაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.

მოცემულ შემთხვევაში ბანკსა და მოპასუხე ა---------------–--ეს შორის საკრედიტო ხელშეკრულების გაფორმებით წარმოიშვა ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა. მხარეთა შორის შეთახმებული იქნა ხელშეკრულების ყველა არსებითი პირობა და მოხდა მხარეთათვის კონკრეტულად ჩამოყალიბებული უფლება-მოვალეობათა განსაზღვრა. ა---------------–--ემ 2019 წლის 27 თებერვალს განცხადებით მიმართა ბანკს და განუმარტა, რომ მისი ეკონომიკური მდგომარეობა არსებითად გაუარესდა, აღარ გააჩნია შემოსავალი და არც გადახდის საშუალება. ამასთანავე, 2019 წლის 25 მარტიდან სოლიდარული მოვალეების მხრიდან დაირღვა ხელშეკრულების პირობები, გრაფიკით განსაზღვრული ვალდებულება აღარ შესრულებულა. შესაბამისად, ბანკისათვის გახდა აშკარა, რომ დამატებითი ვადის განსაზღვრის შემთხვევაშიც კი ვალდებულება ვერ შესრულდებოდა, 2019 წლის 16 აპრილს შეწყვიტა ხელშეკრულება მსესხებელთან და მომართა სასამართლოს ფულადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნით.

დაუსაბუთებელია ა---------------–--ის მითითება იმ გარემოებაზე, რომ იგი მიმდინარე წლის მაისის თვემდე ასრულებდა ბანკის წინაშე არსებულ ვალდებულებას, ხოლო ბანკი, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე მის მიერ გადახდილ თანხებს მიმართავდა პირგასამტეხლოსა და სარგებლის დასაფარად, ხოლო ძირითადი ვალდებულება დარჩა უცვლელი.

სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, ა---------------–--ესა და მოსარჩელეს შორის გაფორმებულ 2017 წლის 25 მაისის ხელშეკრულებაზე, რომლითაც განისაზღვრა მსესხებლის მიერ ვალდებულების დაფარვის რიგითობა. 2.10. პუნქტის თანახმად, მსესხებლის მიერ კრედიტის დასაფარად ბანკისათვის გადაცემული ან მსესხებლის ანგარიშზე არსებული თანხით პირველ რიგში დაიფარება პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის, (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შემდეგ საკომისიოებთან დაკავშირებული დავალიანება, შემდეგ საპროცენტო სარგებელი და ბოლოს კრედიტის ძირითადი თანხა (მსესხებელი ბანკს უფლებას ანიჭებს ცალმხრივად შეცვალოს ამ პუნქტში მოცემული წესი). გამომდინარე ზემოაღნიშნული ჩანაწერიდან, ბანკის მიერ შესრულებული ოპერაცია ა---------------–--ის მიერ გადახდილ თანხებთან მიმართებაში არ ეწინააღმდეგება მხარეთა შორის დადებულ შეთანხმებას.

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. მოვალის მიერ ვადის გადაცილებისას კრედიტორს შეუძლია დაუნიშნოს მოვალეს ვალდებულების შესრულებისათვის აუცილებელი დრო.თუკი მოვალე ამ დროშიც არ შეასრულებს ვალდებულებას, მაშინ კრედიტორს უფლება აქვს ვალდებულების შესრულების ნაცვლად მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. დამატებითი ვადის განსაზღვრა არ არის საჭირო, თუ აშკარაა, რომ მას რაიმე შედეგი არ მოჰყვება, ან როცა არსებობს განსაკუთრებული გარემოებები, რომლებიც ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით ამართლებენ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაუყოვნებლივ გამოყენებას.

ამავე კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს, მოპასუხეებისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ ხელშეკრულების თანახმად, სესხზე დასარიცხი პროცენტის 3938,22 ლარის დაკისრებას, როგორც მიუღებელი შემოსავალი. მოსარჩელესა და მოპასუხე ა---------------–--ეს შორის დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების 4.6. პუნქტის საფუძველზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბანკს ჰქონდა უფლება მსესხებლისათვის მოეთხოვა მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება და მითითებული პუნქტით მხარეთა შორის განისაზღვრა, რომ მსესხებლის მიერ აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია გაატაროს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა ღონისძიება არსებული ვალდებულების დასაფარად. მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

ზემოაღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს, რომ მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მისი დადგენისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლის თანახმად, აუცილებელია მხედველობაში იყოს მიღებული მოსარჩელის ის ინტერესი, რაც კონკრეტულ შემთხვევაში უკავშირდება ფულადი თანხის გამოყენებას. სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მითითებული მუხლის თანახმად, მოვალეს არ შეიძლება დაეკისროს იმ ზიანის ანაზღაურება, რისი გათვალისწინებაც მას წინასწარ არ შეეძლო. ამასთან, დამდგარი ზიანი უნდა წარმოადგენდეს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

სასამართლო მიიჩნევს, რომ მიუღებელი შემოსავლის სახით თანხის დაკისრების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს. სასამართლო აღნიშნავს, რომ ზიანის მიყენების ფაქტისა და ზიანის ოდენობის შეფასება განსაკუთრებულ თავისებურებას იძენს, როცა საქმე ეხება ფულად ვალდებულებას. ამგვარი დამოკიდებულება, განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით. კერძოდ, ყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს სარგებლის მოტანის უნარს. იგი ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი პროცენტის სახით. ამგვარად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება პირს ყოველთვის აყენებს ზიანს და სხვაგვარი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანისგან განსხვავებით, განსაკუთრებული მტკიცება არ სჭირდება არც ზიანის მიყენების ფაქტის და არც ოდენობის დადგენას. ამდენად, სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის განმარტებას, ეყრდნობა მის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას და განმარტავს, რომ მოპასუხე მხარის მიერ ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოსარჩელე მხარე მიიღებდა სარგებელს საბანკო საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად ყოველთვიურად ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხე მხარეს მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მიზნით უნდა დაეკისროს დავალიანების ძირითად თანხაზე დასარიცხი სარგებელი, რომელსაც მოსარჩელე მიიღებდა ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში - 3938,22 ლარი. შესაბამისად, მოთხოვნა ამ ნაწილში არ ეწინააღმდეგება ამ ურთიერთობის მომწესრიგებელ ნორმებს და არ არსებობს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.

ამავე კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

ამავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდრულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებით აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

აღნიშნული ნორმების დეფინიციის შესაბამისად, ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტისა და სადაზღვევო პრემიის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი და ასევე, სადაზღვევო პრემია.

მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულებები გაფორმდა ასევე თავდებ პირებთან მ-----------–--ესთან, კ------------–-----–---–თან და ნ-------------–---–თან, რომელთაც იკისრეს ვალდებულება თავდებად დაუდგნენ და სოლიდარულად აგონ პასუხი გამსესხებლის წინაშე ძირითადი მოვალის - ა---------------–--ის მიერ N1-----.3---.0-- ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე. იმ შემთვევაში თუ მსესხებელი არ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას, თავდები პასუხისმგებელი იქნება როგორც ძირითადი თანხის პასუხისმგებლობის ზღვრულ ოდენობაზე, რაც შეადგენს მაქსიმუმ 36000 ლარს, ასევე შესაძლო საურავისა და სარგებლის სრულად ანაზღაურებაზე. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე (თავდებების) მხარის მოზიციას, იმასთან დაკავშირებით, რომ მათ არ გააჩნდათ სრულყოფილი ინფორმაცია ა---------------–--ის ვალდებულებებთან დაკავშირებით. თავდებობის წერილი, რომელიც ამავე დროს წარმოადგენს ბანკსა და თავდებებს შორის დადებულ შეთანხმებას (ხელშეკრულებას), შეიცავს ყველა საჭირო მონაცემს ძირითადი მსესხებლის ვალდებულებებთან დაკავშირებით. ამასთან, აძლევს უფლებას თავდებებს სურვილის შემთხვევაში მიიღონ დამატებითი ინფორმაცია. მოპასუხე მხარის მიერ სათანადო მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა ის გარემოება, რომ მათ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა არ ჰქონდათ მოსარჩელესთან ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში შესვლამდე.

ამდენად, მოსარჩელე მხარის მოთხოვნა მოპასუხეთათვის ვალდებულების სოლიდარულად დაკისრების შესახებ საფუძვლიანი, გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმებიდან და მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებებიდან და უნდა დაკმაყოფილდეს.

6.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.

მოსარჩელესა და მოპასუხე ა---------------–--ეს შორის N1-----,3---.0-- სესხის ხელშეკრულების 4.9. პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ მიექცევა აღსასრულებლად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის შესაბამისად.

შესაბამისად, ამ ნაწილშიც მოსარჩელე მხარის მოთხოვნა დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: „იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.’’

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

სარჩელის აღძვრისას სს ,,ფ----------------------–--ს’’ მიერ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 607,17 ლარი.

სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო ძირი თანხის 15901,67 ლარის ნაწილში, რის გამოც ამ ნაწილში სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან მხარეები გათავისუფლდებიან და გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 607.17 ლარიდან თანხის ნაწილი 489,02 ლარი დაუბრუნდება მოსარჩელე მხარეს, ხოლო 118,15 ლარი დაეკისრება მოპასუხე მხარეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. სს ,,ფ----------------------–--ს’’ (ს/კ 2--------) სარჩელი დაკმაყოფილდეს;

2. მოპასუხე ა---------------–--ეს (პ/ნ4----------), ნ-------------–---–ს (პ/ნ4----------), მ-----------–--ესა (პ/ნ4----------) და კ------------–-----–---–ს (პ/ნ4----------) სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ 19839,89 ლარის გადახდა. საიდანაც ძირია 15 901,67 ლარი, სარგებელი (ზიანი) 3 938,22 ლარი.

3. მოპასუხე ა---------------–--ეს, ნ-------------–---–ს, მ-----------–--ესა და კ------------–-----–---–ს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელე სს ,,ფ----------------------–--ს’’ სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 607,17 ლარიდან (თანხა გადახდილია 16.04.2019წ. ,,ფ----------------------–--ს“ მიერ, საგადასახადო დავალება 9-------) 118,15 ლარის გადახდა.

4. მოსარჩელე სს ,,ფ----------------------–--ს“ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 607,17 ლარიდან მოსარჩელეს დაუბრუნდეს 489,02 ლარი.

5. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მომდევნო პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30–ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი