განაჩენი

სისხლის სამართლის 08.04.2019
საქმის ნომერი
330100118002736489
თარიღი
08.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/5------

(გამოძიების №0-----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

8 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ალექსანდრე იაშვილი

სხდომის მდივანი - თამარ გიორბელიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ნ---------------–-–---–ი,დაცვის მხარე:

ბრალდებული - მ-----------–----ი (დაბადებული - 19---–-–---------------------------–----------–-----------------------------–------------------–-------------------------------ში),ადვოკატი - ი-----–-------ა,თარჯიმანი - ი------------ე,კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 111,151 მუხლის 1-ლი ნაწილი.

 

დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, მ-----------–----ის მიერ განხორციელებული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

1.1. 2018 წლის 5 ნოემბერს, დაახლოებით 17:50 სთ-ზე, მ-----------–----ი იმყოფებოდა ქ. თ---–--–--------------------------ში, რა დროსაც ალკოჰოლური თრობის ქვეშ ყოფნისას დედა კ------------ას დანის დემონსტრირებით დაემუქრა, რომ მოკლავდა, აღნიშნული ქმედებით დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რის შედეგადაც კ------------ამ განიცადა მორალური სახის ზიანი.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა 2018 წლის 5 ნოემბერს, ქ. თბილისი, ზ---------------------ში მ-----------–----ის მიერ კ------------ას მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტი.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

3.2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68.). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32.).

 

3.3. მ-----------–----ის მიერ კ------------ას მიმართ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტის დასადასტურებლად, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა მოწმეების - შ--–-------–----ის, კ------------ას, ბ--------–-----ისა და უ–--------------ის გამოკითხვის ოქმები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ამოღების ოქმი და ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა. საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები მ-----------–----ის მიმართ წარდგენილი ბრალდების დადასტურების/უარყოფის თვალსაზრისით რელევანტური არ არის და, შესაბამისად, სასამართლო მათ შინაარსზე ყურადღებას არ შეაჩერებს, კერძოდ:

 

3.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ მ-----------–----ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებების ნაწილი (გარდა კ------------ას, შ--–-------–----ის გამოკითხვის ოქმებისა და დანისა) მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე. მხარეთა მიერ წინასასამართლო სხდომაზე სადავოდ გახდა მხოლოდ კ------------ასა და შ--–-------–----ის გამოკითხვის ოქმები და ნივთიერი მტკიცებულება - დანა. შესაბამისად, აღნიშნული მტკიცებულებები წინასასამართლო სხდომაზე დაშვებულ იქნა, როგორც სადავო მტკიცებულებები.

 

3.5. სასამართლო საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად ვერ დადასტურდა განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:

 

3.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ მ-----------–----ის მიერ დედის - კ------------ას მიმართ განხორციელებული შესაძლო სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტის დასადასტურებლად (რაშიც მ-----------–----ს ბრალი ედება), ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა პირდაპირი მტკიცებულებები: დაზარალებულ - კ------------ას და მოწმე შ--–-------–----ის გამოკითხვის ოქმები, რომლებმაც ისარგებლეს სსსკ-ის 50-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და საქმის არსებითი განხილვისას ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს.

 

3.7. საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის, მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. ამდენად, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმის ჩვენება არის სასამართლოში მიცემული ინფორმაცია და განაჩენის გამოტანის დროს გამოყენებული უნდა იქნეს სწორედ მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება.

 

3.8. ზემოაღნიშნული წესიდან არსებობს გამონაკლისი, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლით, რომლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, თუ მოწმე არ გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მისი გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის ან გამოძიების დროს ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე მიღებული ინფორმაციის/ჩვენების აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწმე გარდაიცვალა, საქართველოში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა და გამოკითხვა/დაკითხვა ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩატარდა. არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება დაედოს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ მოწმე გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მხარე უფლებამოსილია მოითხოვოს მისი გამოკითხვის ოქმის ან მის მიერ ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების მთლიანად ან ნაწილობრივ საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე ამ ჩვენების აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება). სასამართლო ვალდებულია დააკმაყოფილოს ეს მოთხოვნა.

 

3.9. ამდენად, სასამართლო აღნიშნავს, რომ გამოძიების ეტაპზე მოწმის მიერ მიცემული ჩვენებისა და მის მიერ გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაციის საჯაროდ წაკითხვა და შემდგომ მისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ორ შემთხვევაში: 1. სსსკ-ის 243-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მკაცრად გათვალისწინებულ შემთხვევაში, მაგ.: თუ მოწმე გარდაიცვალა, საქართველოში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა; 2. სსსკ-ის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ მოწმე გამოცხადდა სასამართლოში ჩვენების მისაცემად ანუ სასამართლოს აძლევს ჩვენებას (არ სარგებლობს მისთვის სსსკ-ის 50-ე მუხლით მინიჭებული პრივილეგიით - არ მისცეს ჩვენება) და მხარე მოითხოვოს გამოკითხვის ოქმის ან მოწმის მიერ ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების მთლიანად ან ნაწილობრივ საჯაროდ წაკითხვას, აგრეთვე ამ ჩვენების აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენას (დემონსტრირებას).

 

3.10. ამდენად, ვინაიდან დაზარალებულმა - კ------------ამ და მოწმე - შ--–-------–----მა სასამართლოს არ მისცეს ჩვენება და სახეზე არ არის სსსკ-ის 243-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას გამოიყენოს დაზარალებულ - კ------------ასა და მოწმე - შ--–-------–----ის მიერ გამოძიების დროს გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაცია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

 

3.11. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დარღვევა დაადგინა ისეთ ვითარებაში, როდესაც სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვის ჩვენება, რომელიც ვიდეოჩანაწერის სახით იქნა სასამართლოში წარდგენილი და რომელიც ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება იყო, არ იყო საკმარისი ბრალდებულის მსჯავრდებისათვის, იმის მიუხედავად, რომ იგი გამყარებული იყო ფსიქოლოგის წერილობითი მოსაზრებით, რომელსაც მსხვერპლი გაენდო (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2007 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე A.H. v. Finland, პარ. 6, 10, 43-45). ბრალდებულს საშუალება უნდა ჰქონდეს დააკვირდეს მოწმის დაკითხვისას მის ქცევას, გააპროტესტოს მოწმის ჩვენებები და ეჭვქვეშ დააყენოს მათი სანდოობა (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე P.S. v. Germany, პარ. 26). ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 (d) პუნქტი დაირღვა საქმეზე P.S. გერმანიის წინააღმდეგ (P.S. v. Germany), სადაც განსასჯელს ბრალი ედებოდა რვა წლის გოგონას მიმართ გარყვნილ ქმედებაში და ეროვნული სასამართლოები ბრალის დადგენისას მეტწილად დაეყრდნენ გოგონას ჩვენებებს, თუმცა ის მოსამართლეს არ დაუკითხავს და განმცხადებელს არ ჰქონდა მისი სარწმუნოობის შემოწმების შესაძლებლობა (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე P.S. v. Germany, პარ. 28).

 

3.12. ამდენად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ზემოაღნიშნული პრეცედენტებიდან გამომდინარე სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას გამოიყენოს გამოძიების ეტაპზე შედგენილი დაზარალებულ - კ------------ას და მოწმე - შ--–-------–----ის გამოკითხვის ოქმები და საფუძვლად დაუდოს მ-----------–----ის მიერ დაზარალებულზე სავარაუდოდ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტის დადგენას.

 

3.13. რაც შეეხება ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს, კერძოდ: მოწმეების - ბ--------–-----ისა და უ–--------------ის გამოკითხვის ოქმებს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, ამოღების ოქმსა და ექსპერტიზის დასკვნას მხარეებს სადავოდ არ გაუხდია, მიუხედავად აღნიშნულისა სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს აღნიშნული მტკიცებულებების შინაარსზე და განმარტავს, თუ რომელი ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ერთობლივად და ინდივიდუალურად აღნიშნული მტკიცებულებები.

 

3.14. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმე - ბ--------–-----ი არის დაზარალებულის ოჯახის ნათესავი, რომელიც 2018 წლის 5 ნოემბერს შეესწრო კ------------ასა და მ-----------–----ს შორის არსებულ მხოლოდ სიტყვიერ კონფლიქტს. მას არ დაუდასტურებია, რომ მ-----------–----ს ხელში ეჭირა დანა და დაემუქრა კ------------ას. უ–--------------ი არის პოლიციის თანამშრომელი. აღნიშნული მოწმე ადასტურებს იმ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედების მართებულობას, რომელიც მის მიერ იქნა ჩატარებული ან რომელშიც მიიღო მონაწილეობა. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს, რაც მხარეთა მიერ ეჭვქვეშ არ დამდგარა. აღნიშნული მოწმეები არ არიან ფაქტის უშუალო შემსწრეები, მათ მიერ მიცემული ჩვენებები პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული გარემოებების (სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტის შესახებ) მიმართ ან საერთოდ არ არის რელევანტური ან წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს (ჩვენებებს, რომლებიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას).

 

3.15. 2018 წლის 5 ნოემბრის ამოღების ოქმის თანახმად, შსს ძ---–-------–-----------------–-------------------–---- გამომძიებელმა ვ----–------–--ემ ქ. თბილისი, ე.ზ---------------------ში მდებარე კ------------ას საცხოვრებელი ბინის მაგიდიდან ამოიღო დანა.

 

3.16. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 7 ნოემბრის ექსპერტის N2----–- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ქ. თბილისი, ე. ზ---------------------ში კ------------ასაგან ამოღებული დანა, დამზადებულია ქარხნული წესით, არის მჩხვლეტავ-მჭრელი და განეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.

 

3.17. 2018 წლის 5 ნოემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, გარეშე პირის და ექსპერტების მონაწილეობით საქართველოს სსკ-ის 129-130-ე და 135-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩატარდა მოწმე კ------------ასგან მიღებული ჩვენების შესამოწმებლად.

 

3.18. სასამართლო აფასებს დაზარალებულ კ------------ას მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების - საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს და აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად, მიღებული ინფორმაციის (ჩვენების) და გამოძიების პროცესში წარმოშობილი ვერსიის შესამოწმებლად მხარეს უფლება აქვს, ჩაატაროს საგამოძიებო ექსპერიმენტი. ამდენად, საგამოძიებო ექსპერიმენტი ტარდება ორ შემთხვევაში - 1. ინფორმაციის (ჩვენების) შესამოწმებლად; 2. საგამოძიებო ვერსიის შესამოწმებლად. სსსკ-ის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საგამოძიებო ექსპერიმენტი მაქსიმალურად უნდა იყოს მიახლოებული იმ ვითარებასთან, რომელშიც ხდებოდა აღსადგენი შემთხვევა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულის ჩვენება და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი რაოდენობრივად ორი სხვადასხვა მტკიცებულებაა, თუმცა ცალსახაა, რომ ორივე შემთხვევაში ინფორმაციის მომწოდებელი წყარო არის ერთი და იგივე პირი. საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების საფუძველი მოცემულ შემთხვევაში იყო დაზარალებულ კ------------ას გამოკითხვის ოქმი, რომლის შესამოწმებლადაც ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი. შესაბამისად, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ფაქტობრივად (შინაარსობრივად) არის დაზარალებულის (მოწმის) ჩვენების, მოწოდებული ინფორმაციის შემოწმება, რომელიც ასახულია გამოკითხვის ოქმში. სასამართლო აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა - კ------------ამ ისარგებლა სსსკ-ის 50-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და საქმის არსებითი განხილვისას ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა, მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ვერ განიხილება, როგორც დამოუკიდებელი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. საკითხის საწინააღმდეგოდ შეფასების შემთხვევაში, ფაქტობრივად საქართველოს სსსკ-ის 50-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლება - საქმის არსებითი განხილვისას ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარი თქმის შესახებ, დაკარგავს აზრს და ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის სახით ფაქტობრივად სახეზე იქნება პირდაპირი მტკიცებულება (მათ შორის ხელოვნურად შექმნილი საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი), რაც შინაარსობრივად მცდარია და ცალსახად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და სსსკ-ის მე-13 მუხლით მე-2 ნაწილის იმპერატიულ მოთხოვნას - გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობის სავალდებულოდ არსებობის შესახებ.

 

3.19. ამდენად, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას მოწმეების - ბ---------–-----ის, უ–--------------ის გამოკითხვის ოქმების, ამოღების ოქმის, ექსპერტიზის დასკვნისა და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის საფუძველზე, დაადგინოს თუ რა მოხდა 2018 წლის 5 ნოემბერს, ქ. თბილისი, ე. ზ---------------------ში, განახორციელა თუ არა მ-----------–----მა დედის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა.

 

3.20. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ბრალდებულმა საქმის არსებითი განხილვის დროს გამოიყენა დუმილის უფლება და სასამართლოს არ მისცა ჩვენება. საქართველოს სსსკ-ის 38-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ბრალდებულს შეუძლია ნებისმიერ დროს გამოიყენოს დუმილის უფლება. თუ ბრალდებული ირჩევს დუმილის უფლებას, ეს არ შეიძლება შეფასდეს მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად. ამდენად, ბრალდებულის მიერ დუმილის უფლებით სარგებლობა ვერ იქნება გამოყენებული მის წინააღმდეგ და ვერ შეფასდება მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად.

 

3.21. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მიუხედავად ბრალდების მხარის მტკიცებისა, იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა კ------------ამ და მოწმე შ--–-------–----მა უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე, სისხლის სამართლის საქმეში არ დარჩა არცერთი უტყუარი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, რომლის შინაარსიდან გამომდინარე შესაძლებელი იქნებოდა უტყუარად დადგენილიყო, რომ მ-----------–----ი დედას დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია მუქარისთვის, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარას, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამ დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ მუქარა მიმართული იყოს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურებისაკენ. ქმედების მუქარად დაკვალიფიცირებისათვის გადამწყვეტია, რომ მუქარის ადრესატს გაუჩნდეს საფუძვლიანი შიში, რომ მუქარა რეალურად განხორციელდება.

 

4.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლით განსაზღვრულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, რაც განმარტებულია, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 125-ე, 126-ე, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−151-ე, 160-ე, 171-ე, 253-ე, 255-ე, 2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით.

 

4.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ მ-----------–----ი და კ------------ა არიან ოჯახის წევრები (მ-----------–----ი არის კ------------ას შვილი), თუმცა ბრალდების მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი არცერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება (არა თუ მტკიცებულებათა ერთობლიობა), რომელიც დაადასტურებდა მ-----------–----ის მიერ კ------------ას მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტს.

 

4.4. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

4.5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 2.).

 

4.6. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 77.). უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება(იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15.).

 

4.7. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

4.8. სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გააჩენს გონივრულ კითხვებს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

4.9. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე დადგენილია ერთი სტანდარტი - ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი (უტყუარი) მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები. მაგალითად, საკითხის იმგვარად შეფასება და გადაწყვეტა, რომ ოჯახური ძალადობის კატეგორიის საქმეებზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დადგინდეს უფრო დაბალი მტკიცებულებითი სტანდარტი, ვიდრე ამას საქართველოს კონსტიტუცია და საპროცესო კოდექსი მოითხოვს, არსობრივად მცდარია. არასაკმარისი, არადამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების გარეშე პირის მსჯავრდება დაუშვებელია და არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტებს.

 

4.10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქმეზე არ მოიპოვება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა მ-----------–----ის საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, რის გამოც იგი წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

4.11. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე მ-----------–----ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა სრულად შეესაბამება ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ამ კატეგორიის საქმეებზე დადგენილ პრაქტიკას. იმ პირობებში, როდესაც ბრალდებულის ოჯახის წევრმა - სავარაუდო დაზარალებულმა არ მისცა ჩვენება სასამართლოს და საქმეში არ მოიპოვება სხვა პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ქვედა ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელ განაჩენებზე პროკურორების მიერ წარდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნა ცნობილი (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 15 დეკემბრის N380აპ-17 განჩინება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 25 ოქტომბრის N258აპ-17 განჩინება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ).

 

5. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

5.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულების ბედი, კერძოდ: დისკი შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით; დანა სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-ე, 271-ე, 272-ე, 275-276-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მ-----------–----ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

2. მ-----------–----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, მ-----------–----ს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

4. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:

 

§ დისკი შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

§ დანა სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ალექსანდრე იაშვილი