გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2/3449-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
06 ივნისი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ელისო ტუკვაძე
სხდომის მდივანი თეონა როსტომაშვილი
მოსარჩელე - შპს „----------------
წარმომადგენელი - პ-------–---–----ე
მოპასუხე - შპს „--------------------------ი“
წარმომადგენელი - ნ------------–---–ი, უ--------------–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე შპს „--------------------------ი“-სათვის მოსარჩელე შპს „-----------------ს სასარგებლოდ 18 435 ლარის გადახდის დაკისრება.
1.2. მოპასუხე შპს „--------------------------ი“-სათვის მოსარჩელე შპს „-----------------ს სასარგებლოდ საადვოკატო მომსახურების საფასურის 1 000 ლარის გადახდის დაკისრება.
(მტკიცებულება: 21.02.2019 წლის სარჩელი; 06.06.2019 წლის სასამართლო მთავარი სხდომის ოქმი).
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელე შპს „---------------- მოპასუხე შპს „-------------------------ს“ აწვდიდა სხვადასხვა სახის სამედიცინო დანიშნულების საქონელს. განხორციელებული მიწოდებების საფუძველზე მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ წარმოეშვა ფულადი დავალიანება, რომელმაც 2018 წლის 19 ნოემბერს გაფორმებული შედარების აქტის მიხედვით შეადგინა - 18 435 ლარი. მოსარჩელის მხრიდან, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მოპასუხე თავს არიდებს დავალიანების გადახდას და დღემდე, 18 435 ლარი წარმოადგენს გადაუხდელ თანხას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი წერილობითი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ნამდვილად არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა, კერძოდ, მოპასუხე შპს „--------------------------ი“ მოსარჩელეს პერიოდულად აწვდიდა სამედიცინო დანიშნულების საქონელს, მაგრამ ხელშეკრულებით არ იყო გათვალისწინებული შესაბამისი მომსახურების გადახდის ვადა. 2019 წლის 06 ივნისს გამართულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე 18 435 ლარის განწილვადებაზე.
(მტკიცებულება: 25.03.2019 წლის შესაგებელი; 06.06.2019 წლის სასამართლო მთავარი სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე შპს „---------------- მოპასუხე შპს „-------------------------ს“ გარკვეული დროის განმავლობაში აწვდიდა სხვადასხვა სახის სამედიცინო დანიშნულების საქონელს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- 19.11.2018 წლის შედარების აქტი.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოპასუხე შპს „-------------------------ს“ 2018 წლის 19 ნოემბრის მდგომარეობით, მოსარჩელისათვის მიწოდებული საქონლის ღირებულება - 18 435 ლარის ოდენობით არ აუნაზღაურებია.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში, კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა, მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მისი მოთხოვნის მართებულობა, ამ მხრივ მხარეს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, მიუთითოს ნებისმიერ ფაქტსა თუ მოვლენაზე, რაც, მისი აზრით, ადასტურებს მისივე მოთხოვნის კანონიერებას.
საქმის განხილვასა და მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებაში მართლმსაჯულების როლი შეზღუდული არ არის, პირიქით, სასამართლოს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, განსაზღვროს მტკიცებულებათა შესაბამისობა-განკუთვნადობის საკითხი, როგორც პროცესუალური, ისე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით და სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტით უნდა გამოარკვიოს, თუ რამდენად მართებულად და დასაბუთებულად აყენებს მხარე ამა თუ იმ მოთხოვნას. აღნიშნული კვლევისას სასამართლო უმთავრესად ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XIII თავით, რომლის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებულია ნუსხა, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები, ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
მოპასუხემ განმარტა, რომ ვინაიდან, მხარეებს შორის არ იყო გათვალისწინებული გადახდის ვადა, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა არ არის ვადამოსული და მოპასუხეს ნებიესმიერ დროს შეუძლია დაფაროს დავალიანება.
სასამართლო მიუთითებს, სამოქალაქო კოდექსის 365-ე მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია ვალდებულების შესრულება შესრულებისათვის გათავლისწინებული ვადის არარსეობისას, თუ მხარეთა შეთანხმებით ფულადი ვალდებულების შესრულების ვადა დადგენილი არ არის და იგი არც სხვა გარემოებებიდან ირკვევა, ასეთ შემთხვევაში, ნასყიდობის სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, მოვალემ ვალდებულება კრედიტორის მოთხოვნისთანავე უნდა შეასრულოს, ხოლო მოვალე უფლებამოსილია, იგი დაუყოვნებლივ შეასრულოს.
ვინაიდან, საქონლის მიწოდების ფაქტი უდავოა, სასამართლო თვლის, რომ თანხის გადახდის მტკიცების ტვირთი, მითითებული ნორმის შესაბამისად, მთლიანად მოპასუხეს უნდა დაეკისროს. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ნასყიდობის ფასის გადახდის ვადასთან დაკავშირებით მოპასუხის მხრიდან სათანადო მტკიცებულება წარმოდგენილი არ ყოფილა. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- 19.11.2018 წლის შედარების აქტი.
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 365-ე, 427-ე, 477-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ვალდებულება შეიძლება წარმოიშვას ხელშეკრულების საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის ნაწარმოებია ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან (სამოქალაქო კოდექსის - 317.1 მუხლი). ამდენად, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს - ორი ან მეტი პირის შეთანხმება (ხელშეკრულება), რომელიც მიზნად ისახავს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას, რაც გამოიხატება ხელშემკვრელი მხარეების მზაობაში - დათმონ საკუთარი თავისუფლების ან ქონების ნაწილი ე.ი. ორმხრივად შეიბოჭონ თავი.
სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით.
სამოქალაქო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, თუ ვალდებულების შესრულებისათვის არ არის განსაზღვრული დრო და იგი სხვა გარემოებებიდანაც არ ირკვევა, მაშინ კრედიტორს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს მისი შესრულება, ხოლო მოვალეს შეუძლია იგი დაუყოვნებლივ შეასრულოს.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. შპს „---------------------------მა“ ვერ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რაც საფუძვლიანს ხდის მოსარჩელის მოთხოვნას მოპასუხისათვის - 18 435 ლარის სრულად დაკმაყოფილების შესახებ.
6.2. გადაწყვეტილების აღსრულების განწილვადება
6.2.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით გადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს გადაწყვეტილების აღსრულება, აგრეთვე შეცვალოს მისი აღსრულების საშუალება და წესი. დასახელებული ნორმა ითვალისწინებს სასამართლოს შესაძლებლობას, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე და ორივე მხარის კანონიერ ინტერესთა ურთიერთშეჯერების შედეგად ერთჯერადად, არა უმეტეს 3 თვისა გადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს მის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება, ასევე შეცვალოს გადაწყვეტილებით დადგენილი აღსრულების პირობები და საშუალება. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ითხოვს მიღებული გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის ერთ წელზე გადანაწილებას, ვინაიდან ამ ეტაპზე მოპასუხეს არა აქვს ფინანსური შესაძლებლობა. სასამართლო მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების აღსრულების განაწილება ხდება მაშინ, როცა მოპასუხე სარწმუნოდ დაასაბუთებს იმ შემოსავლებს, რომლის საფუძველზეც თანხის გადანაწილების შემთხვევაში აღსრულდება საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ იშუამდგომლა გადაწყვეტილების განაწილვადების შესახებ, თუმცა მას არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
აღსრულების განაწილვადება ნიშნავს სასამართლო გადაწყვეტილების ეტაპობრივად აღსრულების დადგენას. სასამართლომ უნდა განსაზღვროს ზუსტი კალენდარული დრო, რომელშიც უნდა მოხდეს აღსრულება და რა მოცულობით. სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადებისას ითვალისწინებს როგორც კრედიტორის, ასევე მოვალის ინტერესებს და მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების განაწილვადება უნდა ემსახურებოდეს გადაწყვეტილების აღსრულებას და იგი დასაშვებია, თუ არსებობს ამისათვის გონივრული საფუძველი.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის შუამდგომლობა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების 12 თვეზე განაწილვადების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 553.05 ლარი.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, შესაბამისად, მოპასუხე შპს „-------------------------ს“ მოსარჩელე შპს „-----------------ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ - 553.05 ლარის ანაზღაურება
მოსარჩელე შპს „-----------------მ ასევე მოითხოვა საატვოკატო მომსახურების საფასურის 1 000 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.
მოპასუხე შპს „-------------------------ს“ მოსარჩელე შპს „-----------------ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საადვოკატო მომსახურების საფასურის - 737.4 ლარის გადახდა (დავის საგნის ღირებულების - 18 435 ლარის 4%).
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება
8.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
განსახილველ საქმეში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „-----------------ს სარჩელი მოპასუხე შპს „--------------------------ი“-ს მიმართ დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე შპს „-------------------------ს“ მოსარჩელე შპს „-----------------ს სასარგებლოდ დაეკისროს 18 435 ლარის გადახდა;
3. მოპასუხე შპს „-------------------------ს“ მოსარჩელე შპს „-----------------ს სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ - 553.05 ლარის ანაზღაურება;
4. მოპასუხე შპს „-------------------------ს“ მოსარჩელე შპს „-----------------ს სასარგებლოდ დაეკისროს საადვოკატო მომსახურების საფასურის 737.4 ლარის ანაზღაურება.
5. უარი ეთქვას მოპასუხეს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადებაზე.
6. გადაწყვეტილების აღსრულების გადანაწილებაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილება საჩივრდება კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში გადაწყვეტილების გადაცემიდან 12 დღის ვადაში.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში (თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ელისო ტუკვაძე