გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N3/3323-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
06 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დავით წერეთელი
სხდომის მდივანი თამილა ახვლედიანი
მოსარჩელე - აკ--- სტ-------
წარმომადგენელი - გი------ კვ------–---–-
მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - მა----- ბე-----–-–---–-
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს მოსარჩელე აკ--- სტ-------ს აუნაზღაუროს მისი გათავისუფლების დღიდან - 2014 წლის 23 სექტემბრიდან, აღდგენის დღემდე - 2019 წლის 23 იანვრამდე, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დავალებული და აუნაზღაურებელი თანამდებობრივი დანამატი - 15 900 ლარის ოდენობით (2014 წლის სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი - 1500 ლარის და 2015-2017 წლები - 14 400 ლარის ოდენობით);
1.2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს აკ--- სტ-------ს აუნაზღაუროს მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობისთვის გათვალისწინებული დანამატის ანაზღაურების დაყოვნებისთვის, დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტის ანაზღაურება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2019 წლის 23 იანვრიდან (აღდგენის დღიდან) თანხის სრულად ანაზღაურებამდე.
2.1. მოპასუხე საქართველოს სასაზღვრო პოლიციის პოზიცია
მოპასუხე - თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. საქმეში წარმოდგენილი, კანონიერ ძალაში შესული საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 04 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა აკ--- სტ-------ს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის ახალგაზრდობის საქმეთა მონიტორინგის განყოფილების უფროსის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ, ასევე, მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისრა აკ--- სტ-------ს სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის ახალგაზრდობის საქმეთა მონიტორინგის განყოფილების უფროსის ტოლფას თანამდებობაზე აკ--- სტ-------ს აღდგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 04 ოქტომბრის გადაწყვეტილების (საქმე Nბს-610-610(კ-18)) საფუძველზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 23 იანვრის ბრძანებით, მოსარჩელე აკ--- სტ------- აღდგენილი იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის ორგანიზაციული და ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის (განყოფილების უფროსი) თანამდებობაზე და აუნაზღაურდა იძულებითი განაცდური ხელფასი მხოლოდ თანამდებობრივი სარგოს ყოველთვიური ოდენობით.
აკ--- სტ-------ს მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობისთვის ქ. თბილისის მერის 2013, 2014, 2015, 2016, 2017 წლების ადმინისტრაციული აქტებით განსაზღვრული იყო დანამატები, რაც აკ--- სტ-------ს დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან - 2014 წლის 23 სექტემბრიდან, აღდგენის დღემდე - 2019 წლის 23 იანვრამდე ჯამში შეადგენდა - 15 900 ლარს.
საქმეში წარმოდგენილი, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის 2019 წლის 11 აპრილის წერილით, აკ--- სტ-------ს ეცნობა, რომ სასამართლოს მიერ მიღებული არცერთი გადაწყვეტილება არ ითვალისწინებდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის აკ--- სტ-------ს მიმართ დანამატის ანაზღაურების დავალებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 04 ოქტომბრის გადაწყვეტილება (ს.ფ. 46-54);
- ,, აკ--- სტ-------ს თანამდებობაზე აღდგენის შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 23 იანვრის ბრძანება Nბ01.0-------- (ს.ფ. 72);
- აკ--- სტ-------ს სასარგებლოს სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხის ანაზღაურების დამადასტურებელი ქვითრები (ს.ფ. 122-123);
- ქ. თბილისი მერიის მიერ გაცემული განკარგულებები ,,ქ. თბილისის მერიის ორგანოების საჯარო მოსამსახურეებზე დანამატების გაცემის შესახებ“ (ს.ფ. 93-121);
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის 2019 წლის 11 აპრილის წერილი N1------------ (ს.ფ. 71);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების შეფასების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აკ--- სტ-------ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის I დამატებითი ოქმი, "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის, პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის, პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავება პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.
შესაბამისად, სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობიდან მოსარჩელის მოთხოვნა აუნაზღაურებელი თანამდებობრივი დანამატის - 15 900 ლარის ოდენობით ანაზღაურების თაობაზე და ასევე, ანაზღაურების დაყოვნებისთვის, დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტის ანაზღაურება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2019 წლის 23 იანვრიდან (აღდგენის დღიდან) თანხის სრულად ანაზღაურებამდე.
6.2. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება.
სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების ძირითადი უფლებით დაცული სფეროს განუყოფელი ნაწილია ასევე პირის მოთხოვნის უფლება, რომელიც კანონმდებლობით წარმოეშობა მას და იგი ისეთივე დაცვის ღირსი ობიექტია, როგორც მთლიანად საკუთრების უფლება.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლითაც კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლება სწორედ ასეა განმარტებული (იხ. თუნდაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება №1/14/184,228 საქმეზე სააქციო საზოგადოებები - „საქგაზი“ და „ანაჯგუფი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, გვ.5) კერძოდ, აღნიშნულ გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებული საკუთრების უფლება პირველ რიგში გულისხმობს საკუთრების უფლების ყველასათვის თანაბრად აღიარებასა უზრუნველყოფას, იმისაგან დამოუკიდებლად, თუ რა სახით ვლინდება საკუთრების უფლება - ფიზიკურ ნივთებზე უშუალო საკუთრების უფლებით, თუ მოთხოვნის უფლებაზე საკუთრებით. იქვე, საკონსტიტუციო სასამართლო უთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე, რომლის მიხედვითაც მოთხოვნის უფლება, ასევე შეიძლება განხილულ იქნეს როგორც საკუთრების უფლება.
ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, საკუთრების ცნება, ასევე მოიცავს მოთხოვნის უფლებას და იგი კონვენციის პირველი დამატებითი ოქმით გარანტირებული საკუთრების უფლებით დაცული სფეროს განუყოფელი ნაწილია (იხ. თუნდაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე კლაუს და იური კილაძეები საქართველოს წინააღმდეგ საჩივრის №7975/06 გვ. 16). აღნიშნულ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ამ მხრივ საჭიროა იმის შეხსენება, რომ მოცემულ სფეროში ჩამოყალიბებული პრეცედენტული სამართლის მიხედვით, „ქონების“ ცნება შეიძლება მოიცავდეს, როგორც „ამჟამინდელ ქონებას“, ისე ქონებრივ ღირებულებებს, მათ შორის, ვალებს, რომლებზე დაყრდნობითაც მომჩივანს შეუძლია პრეტენზია ჰქონდეს სულ ცოტა „ლეგიტიმური მოლოდინის“ ქონაზე, მიიღოს სარგებელი საკუთრების უფლებიდან.
6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადების შესაბამისად, საჯარო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით, ხოლო კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.
სასამართლო განმარტავს, რომ კონსტიტუციის აღნიშნული დანაწესი გულისხმობს, მათ შორის თვითმმართველობის ორგანოს მიერ, უკანონოდ - არამართლზომიერი, მიზეზ-შედეგობრივად დაკავშირებული გადაწყვეტილების საფუძველზე, პირისათვის ბრალეულად მიყენებული ზიანის სრულად და უპირობოდ ანაზღაურებას. შესაბამისად, აღნიშნული პირობების არსებობისას, ზიანის ანაზღაურება გულისხმობს იმ მატერიალური და ფინანსური გასაცემლების სრულად ანაზღაურების ვალდებულებას, რომელსაც პირი მიიღებდა, რომ არ არსებულიყო ადმინისტრაციული ორგანოს არამართლზომიერი - კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებაში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საქმის ნომერი: 2/3/630), საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტით, საჯარო მოხელეთათვის განსაზღვრული გარანტიის პირობებში წარმოიშობა გონივრული მოლოდინი, რომ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში მოხელე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულებათა შესრულების სანაცვლო ანაზღაურებით. საკონსტიტუციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას, რომლის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ასანაზღაურებელი ზიანის კონკრეტული ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელს მიანდობს. კონსტიტუციის ხსენებული დებულება იმპერატიულად ადგენს მიყენებული ზარალის სრულად ანაზღაურების ვალდებულებას. მისი მოქმედება არ შემოიფარგლება რომელიმე კონკრეტულ სფეროში მიყენებული ზარალის ანაზღაურების საკითხის მოწესრიგებით და მისი რეგულირების სფეროში ექცევა ნებისმიერი ზარალი, რომელიც გამოწვეულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და თვითმმართველი ერთეულების თანამდებობის პირთა ქმედებით. საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული ზარალის სრული ანაზღაურების ვალდებულება გულისხმობს არა კონკრეტული სუბიექტის (თუნდაც კანონმდებლის მიერ) მიერ წინასწარ დადგენილი ზღვრული ოდენობით, არამედ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში პირისათვის რეალურად მიყენებული ზარალის სრული მოცულობით ანაზღაურების ვალდებულებას.
6.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონის 57-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, მოხელეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომის ანაზღაურება. მოხელის შრომის ანაზღაურება მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, საკლასო დანამატს, სახელფასო დანამატს და ფულად ჯილდოს. ამავე კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ამრიგად, სასამართლო განმარტავს, რომ კანონი, სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნილი პირის, სასამართლოს მიერ აღდგენის შემთხვევაში, ითვალისწინებს განაცდური თანამდებობრივი სარგოს და დანამატის მისთვის ანაზღაურებას.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ აკ--- სტ-------ს მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობისთვის ქ. თბილისის მერის 2013, 2014, 2015, 2016, 2017 წლების ადმინისტრაციული აქტებით განსაზღვრული იყო დანამატები, რაც აკ--- სტ-------ს დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან - 2014 წლის 23 სექტემბრიდან, აღდგენის დღემდე - 2019 წლის 23 იანვრამდე ჯამში შეადგენდა - 15 900 ლარს.
საქმეში ასევე წარმოდგენილია, კანონიერ ძალაში შესული საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 04 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისრა აკ--- სტ-------ს სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის ახალგაზრდობის საქმეთა მონიტორინგის განყოფილების უფროსის ტოლფას თანამდებობაზე აკ--- სტ-------ს აღდგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე. შესაბამისად, სასამართლოს მოცემულ გადაწყვეტილებაში მითითებული იძულებითი განაცდური, "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 57-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გულისხმობს, როგორც თანამდებობრივ სარგოს, ისე ყველა იმ დანამატს, რომელსაც პირი მიიღებდა სამსახურში ყოფნისას, რომ არ არსებულიყო ადმინისტრაციული ორგანოს არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 04 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე აკ--- სტ-------სათვის იძულებითი განაცდურის, მხოლოდ თანამდებობრივი სარგოს სახით ანაზღაურების ვალდებულების განსაზღვრის შემთხვევაშიც კი, მოსარჩელე არ არის შეზღუდული მოცემული სამართალწარმოების ფარგლებში მოითხოვოს ზიანის სახით მიუღებელი დანამატის ანაზღაურება იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია სადავო პერიოდში შესაბამისი დანამატის არსებობა და სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით იქნა უკანონოდ ცნობილი ის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოსარჩელე აკ--- სტ------- გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. შესაბამისად, სადავო დანამატს მოსარჩელე მიიღებდა, რომ არ არსებულიყო მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
სასამართლოს მიერ, ასევე, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 04 ოქტომბრის გადაწყვეტილების (საქმე Nბს-610-610(კ-18)) საფუძველზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 23 იანვრის ბრძანებით, მოსარჩელე აკ--- სტ------- აღდგენილი იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის ორგანიზაციული და ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის (განყოფილების უფროსი) თანამდებობაზე და აუნაზღაურდა იძულებითი განაცდური ხელფასი - თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, თუმცა მას უარი ეთქვა თანამდებობრივი დანამატის ანაზღაურებაზე.
ამრიგად, საქმეში არსებული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 04 ოქტომბრის გადაწყვეტილებით განსაზღვრული იძულებითი განაცდური, ასევე გულისხმობს განაცდური დანამატის სრულად ანაზღაურების ვალდებულებას და მოპასუხის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც სასამართლომ უკანონოდ ცნო, მოსარჩელე აკ--- სტ-------ს მიადგა ზიანი - მიუღებელი დანამატის სახით.
6.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
ამრიგად, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე აკ--- სტ-------ს თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილება და მისი სამსახურიდან დათხოვნა სასამართლოს მიერ უკანონოდ და შესაბამისად ბათილად არის ცნობილი, ამასთან, იგი აღდგენილია გათავისუფლებამდე მის მიერ დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სასარჩელო მოთხოვნა გათავისუფლების დღიდან - 2014 წლის 23 სექტემბრიდან, აღდგენის დღემდე - 2019 წლის 23 იანვრამდე, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დავალებული და აუნაზღაურებელი თანამდებობრივი დანამატის - 15 900 ლარის ოდენობით (2014 წლის სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი - 1500 ლარის ოდენობით და 2015-2017 წლები - 14 400 ლარის ოდენობით) ანაზღაურების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.6. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს აკ--- სტ-------ს აუნაზღაუროს მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობისთვის გათვალისწინებული დანამატის ანაზღაურების დაყოვნებისთვის, დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტის ანაზღაურება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2019 წლის 23 იანვრიდან (აღდგენის დღიდან) თანხის სრულად ანაზღაურებამდე, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი.
ამრიგად, სასამართლო განმარტავს, რომ დასაქმებულისათვის ნებისმიერი ანაზღაურების დაყოვნების შემთხვევაში, დაყოვნებული ყოველი დღისათვის ანაზღაურების ვალდებულებას ითვალისწინებს საქართველოს შრომის კოდექსი.
სასამართლო მიუთითებს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმად, მოხელეზე საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ მოქმედება ვრცელდება ამ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში.
სასამართლო განმარტავს, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მითითებული ნორმა გულისხმობს, საჯარო სამსახურთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის დროს საქართველოს შრომის კოდექსის მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოყენებას, როდესაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი ამას პირდაპირ ითვალისწინებს.
ამრიგად, გამომდინარე იქედან, რომ მოსარჩელე, წარმოადგენს პროფესიულ საჯარო მოხელეს, რომლის თანამდებობაზე დანიშვნა, გათავისუფლება, აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება და ა.შ. წესრიგდება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, რომელიც არ ითვალისწინებს ანაზღაურების დაყოვნების შემთხვევაში, დაყოვნებული ყოველი დღისათვის ანაზღაურების ვალდებულებას, საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული დანაწესის გამოყენება უსაფუძვლოა, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს აკ--- სტ-------ს აუნაზღაუროს მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობისთვის გათვალისწინებული დანამატის ანაზღაურების დაყოვნებისთვის, დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტის ანაზღაურება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2019 წლის 23 იანვრიდან (აღდგენის დღიდან) თანხის სრულად ანაზღაურებამდე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, საფუძველზე, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, 13-ე 24-ე, 331-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. აკ--- სტ-------ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს აკ--- სტ-------ს აუნაზღაუროს მისი გათავისუფლების დღიდან - 2014 წლის 23 სექტემბრიდან, აღდგენის დღემდე - 2019 წლის 23 იანვრამდე, აუნაზღაურებელი თანამდებობრივი დანამატი - 15 900 ლარის ოდენობით;
3. სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
4. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, გრ. რობაქიძის გამზირი N7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მდებარე ქ.თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, N6) სააპელაციო საჩივრის წარდგენის გზით.
მოსამართლე დავით წერეთელი